დაბეჭდილია ჟურნალში “ჯვარი ვაზისა” #1, 1993 წელი
მეათე და მეთერთმეტე საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო გაერთიანდა, რისთვისაც საუკუნეთა მანძილზე იღვწოდა იბერიის ეკლესია. სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების გაერთიანებამ ერთიან მძლავ სახელმწიფოდ გამოიწვია საქართველოს ჰეგემონობა მთელ კავკასიაში. აღმოსავლეთის ეკლესია განსაკუთრებით სავალდებულოდ ხდიდა სამოქალაქო-საერო დაყოფის გადაღებას საეკლესიოში, ასე რომ, ყოველ ცვლილებას საეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა საეკლესიოში. ამიტომაც სახელმწიფოს გაერთიანებას თან მოჰყვა ქართული ეკლესიის გაერთიანება. აქამდე აფხაზეთის სამეფოში არსებობდა “აფხაზეთის საკათალიკოსო”, ქართლის სამეფოში კი – “ქართლის საკათალიკოსო”. სამეფოთა გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა ეკლესიებიც და ერთიან ქართულ სახელმწიფოში წარმოიქმნა ერთიანი ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს სახელწოდებით. საქართველოს საპატრიარქო, გარდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოებისა, შეიცავდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში შემავალ ჩრდილო კავკასიის ქრისტიანებს, აგრეთვე სომხეთისა და ყოფილი ალბანეთის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ჩრდილო კავკასიის ქრისტიანები უშუალოდ საქართველოს პატრიარქს ექვემდებარებოდნენ, რასაც მოწმობს ეპიგრაფიკული მასალა, ხოლო XV საუკუნისათვის ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთით შექმნილი იყო ხუნძეთის საკათალიკოსო, რომელიც ჩვენს საპატრიარქოში შედიოდა. საქართველოს საპატრიარქოში შევიდა სომხეთის სამიტროპოლიტო, რომელიც ისტორიული საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარეობდა – სომხეთის (ანისის) ყოფილ სამეფოში. საქართველოს საპატრიარქოს შექმნის შემდეგ საკათალიკოსოები არ გაუქმებულან, ისინი არსებობას განაგრძობდნენ, ისე როგორც ბიზანტიურ საპატრიარქოში არსებობდნენ სამიტროპოლიტოები. როგორც წესი, პატრიარქი იმავე დროს მცხეთის ანუ ქართლის კათალიკოსიც იყო, მას სვეტიცხოვლის პატრიარქიც ეწოდებოდა სასაყდრო ტაძრის მიხედვით.
საქართველოს საპატრიარქო კავკასიის მასშტაბით ძალზე დიდი ეკლესია იყო. ის მოიცავდა არა მარტო კავკასიის მართლმადიდებლობას, არამედ ძალზე სცილდებოდა კავკასიის საზღვრებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთით საქართველოს საპატრიარქოს ესაზღვრებოდა ვანის ტბა და ტერიტორიები, რომელიც დავით კურაპალატმა შეიყვანა ქართველთა სამეფოში. აქაურ მოსახლეობაში ქართველები მრავლად იყვნენ. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით “…მდინარე არაქსის (ანუ ფასისის) მარცხენა მხარე იბერიისაკენ მიპყრობილი ეპყრათ იბერებს…”, XI საუკუნისათვის საქართველოს საპატრიარქოს თავისი საეპისკოპოსო მდინარე არეზის (რახსის) სამხრეთითან (მარჯვენა მხარესაც) ჰქონდა – ვალაშკერტში. მდინარე არეზის აქეთა მხარესა და არზრუმის მიდამოებს დიდხანს შემორჩა ქართული მოსახლეობა. XVII ს. არზრუმის მიდამოებში გამოვლილმა არქანჯელო ლამბერტიმ რამდენიმე ქართული სოფელი ნახა, რომელთაც არზრუმელად წოდებული ქართველი მწყემსმთავარი ეჯდათ არზრუმში. XVII ს. ანტიოქიელი პატრიარქი მაკარიც, რომელმაც თითქმის მთელი მესხეთი ფეხით მოიარა, ადასტურებს, რომ ადრე საქართველოს სამხრეთი საზღვარი იყო მდინარე ევფრატი და ევფრატის აქეთა ტერიტორიები სულ საქართველოდ ითვლებოდა, რომ საქართველოს საზღვარი ევფრატამდე ჩადიოდა, ამას მოწმობს ჩელებიც (შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, 1975, გვ. 257).
XVIII საუკუნის შუა წლებში ტ. გაბაშვილმა გიუმიშხანეში დაადასტურა არა მარტო ქართული ეკლესიის არსებობა, არამედ მოსახლეობაში შემორჩენილი ხსოვნაც, რომ ადრე იგი საქართველოდ ითვლებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს დაარსებისთანავე XI საუკუნეში თავისი მრევლი და საეპისკოპოსოები ჰქონდა ყოფილი პონტოს დიოცეზის მარჯვენა მხარეს. საპატრიარქოში შესული იყო ისტორიული ქართული მიწები: მტკვრისა და ჭოროხის აუზი მთლიანად, ამას გარდა “მესხეთის ძირეულ ნაწილს შეადგენდა მცირე მოცულობის სექტორები მეზობელი არაქსისა და დასავლეთ ევფრატის ხეობებისა” (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე. გვ. 297). ეს ტერიტორიები პონტოს დიოცეზის საკმაო ნაწილს წარმოადგენდა, პონტოს დიოცეზი კი თავისი “ბარბაროსებით” ქალკედონის მსოფლიო კრების 28-ე კანონით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. ამიტომაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და საერთოდ, ბიზანტიური საპატრიარქოები არ აპატიებდნენ საქართველოს საპატრიარქოს თავისი კანონიერი იურისდიქციის გავრცელებას ქართულ მიწაზე. მართლაც, XI საუკუნეში საქართველოს საპატრიარქოს დაარსების შემდეგ, ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო ქართული ეკლესიისა და ქართველი ბერების ტოტალური დევნა და რბევა. მითუმეტეს, რომ საქართველოს საპატრიარქომ თავისი იურისდიქცია არა მარტო “პონტოს დიოცეზის” ერთ ნაწილზე, არამედ პონტოს დიოცეზის იურისდიქციაში შემავალ “ბარბაროსებზეც” “სკვითიაზე და ალანიაზე” განახორციელა ჩრდილო კავკასიაში. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთით ყოფილი პონტოს დიოცეზის კესარია – კაპადოკიელი მისიონერების მიერ მოქცეული ქრისტიანები “ბარბაროსები” კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პონტოს დიოცეზში შემავლად მიაჩნდა და მასზე იურისდიქციას ახორციელებდა. ჩრდილო კავკასიელი ქრისტიანები კი თვით ხერსონესამდე და კაფამდე საქართველოს საპატრიარქოში შედიოდა. XV საუკუნეშიც კი ქართული ეკლესიის იურისდიქციის ჩრდილო საზღვარი კაფამდე (ხერსონესთან) და რუსეთამდე აღწევდა. XVI საუკუნით დათარიღებულ “ბიჭვინთის იადგარშია” – აფხაზეთის (ქვემო იბერიის) “კათალიკოზის საკურთხი არის, სამწყსო – ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის სამზღვარსა და ჭანეთს შუა” (ქართ. სამართლ. ძეგლ. II. გვ. 180). კაფა ჰქვია ნავსადგურსა და ნახევარკუნძულს ხერსონესთან, ეს არის ისტორიულ სკვითიაში. არქანჯელო ლამბერტის თანახმად, ხერსონესი 500 მილით იყო დაშორებული კოლხეთიდან. XVI საუკუნისათვის რუსეთი ჯერ კიდევ არ აღწევდა კავკასიამდე და დაახლოებით ასეთი მანძილით იყო დაშორებული საქართველოდან. ისტორიული “ალანია”, ჩერქეზეთ-ოსეთ-ჩეჩნეთ-ინგუშეთ-დაღესტანი საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შევიდა. ამას მოწმობს როგორც ჩრდილო კავკასიაში აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალრიცხოვანი ეკლესიები ქართული წარწერებითა და კედლის მხატვრობით, აგრეთვე წერილობითი მონაცემებიც. 1310 წლის ერთ-ერთი სახარების მინაწერიდან ჩანს, რომ საქართველოს საპატრიარქოს თავისი საეპისკოპოსოები ჰქონდა კასპიის ზღვის სიახლოვეს, როგორც ამიერკავკასიაში, ისე იმიერკავკასიაში (ხუნძახის, ანწუხისა და წახურისა). ამასვე მოწმობს სინას მთის ერთ-ერთი ხელნაწერი, ხოლო ჩრდილო კავკასიაში მდებარე იმიერკავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ძეგლზე – ტყობა-იერდის ეკლესიაზე არის მოხსენიება, რომელშიც საქართველოს პატრიარქს მელქისედეკ I-ს (XI ს.) ეწოდება “აღმოსავლეთის პატრიარქი”.
საქართველოს საზღვრებს გარეთ აღმოჩენილი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს პატრიარქს უწოდებენ არა საქართველოს ანდა კავკასიის პატრიარქს, არამედ საერთოდ აღმოსავლეთის პატრიარქს, ადასტურებს, რომ აღმოსავლეთის ქრისტიან-მართლმადიდებლებისათვის ქართული ეკლესია წარმოადგენდა ძალზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ეკლესიას, რომლის მეთაურსაც მთელ აღმოსავლეთზე ჰქონდა გავლენა.
საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა ქართული ეკლესიის მეთაურის ღირსების ბიზანტიელ იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ამიტომაც ალბათ ქართულ ეკლესიაში დიპტიხი არ გამოიყენებოდა, ვითარება შეიცვალა საპატრიარქოს შექმნის შემდეგ. ახალმა მდგომარეობამ წარმოშვა საკითხი თუ პატრიარქთა რიგში რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ, ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ უნდა ეხსენებინათ ახალი პატრიარქი – ქართული ეკლესიის მეთაური. მართალია, იმ დროს ზოგიერთი არამართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ჰქონდა პატრიარქის ტიტული, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მხოლოდ ხუთი პატრიარქი არსებობდა, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებებიც ადასტურებდა. იმ დროს გადახედეს არსებული პატრიარქების რიგს და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი – რომის პაპის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შესდგა ქართული ეკლესიის დიპტიხი. ქართული ეკლესიის დიპტიხი უკვე არსებობდა საეკლესიო განყოფამდე რომსა და კონსტანტინეპოლს შორის და ამიტომაც ამ განყოფამდე უკვე არსებული დიპტიხი საუკუნეების მანძილზე უცვლელად გადადიოდა საბუთიდან საბუთში. XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიხია დაცული: “…ჩვენცა, გლახაკი ქრისტეს მიერ, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა… სვეტიცხოვლის მეექვსისა პატრიარქისა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წარვწერ…” (ქართ. სამართლ. ძეგლ. II, გვ. 66).
აქედან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს დიპტიხის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არც ერთი პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია.
დიპტიხში ქართველ პატრიარქს VI ადგილზე XI საუკუნის დასაწყისშივე რომ აყენებდნენ, ეს შემდეგიდან ჩანს: საქართველოს საპატრიარქო შეიქმნა მსოფლიო ქრისტიანობის კათოლიკებად და მართლმადიდებლებად გაყოფამდე, რაც 1054 წელს მოხდა, ამის შემდეგ ქართული ეკლესია მარად მართლმადიდებელთა დიდი ოჯახის წევრი იყო, ამიტომაც გაყოფის შემდგომ შედგენილ ქართულ საბუთებში რომის პაპი აღარ იხსენიებოდა მართლმადიდებლობასთან და მართლმადიდებელ პატრიარქებთან კავშირში. გამონაკლისია ქართული ეკლესიის დიპტიხი, მასში რომის პაპის სხვა აღმოსავლელი პატრიარქების გვერდით დაყენება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ეკლესიის დიპტიხი შედგენილია საეკლესიო განხეთქილებამდე, ხოლო შემდგომი საუკუნეების საბუთებში დიპტიხის შეუცვლელად გადატანა მიუთითებს საეკლესიო ტრადიციულობაზე, რომელიც განსაკუთრებით იყო დაცული ქართულ ეკლესიაში. გარდა ამისა, ქართული ეკლესია მუდამჟამს ერთგული იყო საეკლესიო კრებათა კანონებისა, განსაკუთრებით კი ქალკედონის კრებისა. ქალკედონის კრებამ კი თავის 28-ე კანონში დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი უნდა მდგარიყო არა პირველ ადგილზე, არამედ მეორე ადგილზე. პირველი ადგილი რომის პატრიარქს უნდა დაეკავებინა, კონსტანტინეპოლი “…მეორე იყო შემდგომად მისა…” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 275). იგივე დაადასტურა იუსტინიანემ თავის 131-ე ნოველაში, კერძოდ, – “საეკლესიო კანონების განსაზღვრების თანახმად უწმიდესი პაპი ძველი რომისა იყო პირველი ყველა მღვდელმთავართა შორის. ახალი რომისას კი ექნება მეორე ადგილი ძველი რომის წმიდა სამოციქულო საყდრის შემდეგ, მაგრამ ადგილს დაიჭერს სხვა საყდრების მაღლა” (დას კორპუს იურის ცივილის…, ნოვ ელემ, ლეიპციგ, 1833. ს. 648-649). ტრულის საეკლესიო კრების 36-ე კანონმაც გაიმეორა ძველი კანონები და საპატრიარქოთა ადგილები ასე განსაზღვრა – “…განვასაზღვრებთ რაითა საყდარსა კონსტანტინეპოლისასა სწორი პატივი აქუნდეს ძველი რომისა საყდრისა და ვითარცა-იგი განდიდნების საეკლესიოთა შინა საქმეთა მეორე იყოს შემდგომად მისსა, რომლისა შემდგომად იყავნ ალექსანდრიელთა დიდისა ქალაქისაი და შემდგომად მისსა იერუსალიმელთა ქალაქისაი” (დიდი სჯულისკანონი, 1975, გვ. 386). ტრულის კრებამ, გაიმეორა რა კონსტანტინეპოლის საყდართან დაკავშირებით მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი და 28-ე კანონი მეოთხე მსოფლიო კრებისა, განსაზღვრა, რომ პირველი ყოფილიყო რომის საყდარი, მეორე კონსტანტინეპოლისა, მესამე – ალექსანდრიისა, მეოთხე – ანტიოქიისა და მეხუთე იერუსალიმისა.
მცხეთის (საქართველოს) საპატრიარქო საყდარი დადგა იერუსალიმის საყდრის შემდეგ. ქართული დიპტიხის შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეორე მსოფლიო კრების მესამე, ქალკედონის 28-ე, ტრულის 36-ე კანონები და მიიღო ასეთი სახე:
- რომის საყდარი,
- კონსტანტინეპოლის საყდარი,
- ალექსანდრიის საყდარი,
- ანტიოქიის საყდარი,
- იერუსალიმის საყდარი,
- მცხეთის (სვეტიცხოვლის) საყდარი.
ქართული დიპტიხის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მეთაურს სხვა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურთა რიგში ეჭირა მე-6 ადგილი.
ქართული ეკლესიის მეთაურის მე-6 ადგილზე მოხსენიებას ქართულ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ისტორიულ-ტრადიციული მნიშვნელობა და ისევე შეუცვლელად ითვლებოდა, როგორც საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები.
დიპტიხის ზემოთ მოყვანილი სახე მიუთითებს იმაზე, რომ ის შედგენილია საეკლესიო განყოფამდე.
ბიზანტიის იმპერიაში გაბატონებული იყო “პენტარხიის თეორია”, მსოფლიოში ხუთი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის შესახებ. ეს თეორია იყო გამონაგონი ბიზანტიური საიმპერატორო და საპატრიარქო კარისა. თვით იმპერიაშივე არსებობდა მეექვსე ავტოკეფალური ეკლესია კვიპროსისა, ხოლო იუსტინიანემ დააარსა ახალი ავტოკეფალური ეკლესია “პირველი იუსტინიანეს” სახელწოდებით, ხოლო იმპერიის გარეთ ძველთაგანვე იბერიის (საქართველოს) ავტოკეფალური ეკლესია არსებობდა, მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიებში და მათ შორის საქართველოშიც იცნობდნენ პენტარხიის თეორიას და მასში კორექტივიც შეჰქონდათ. ქართული წყაროების თანახმად, ქართველი პატრიარქი იდგა “ხუთ” მსოფლიო პატრიარქის შემდგომ.
საქართველოში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ხუთი მსოფლიო პატრიარქის შემდგომ იდგა საქართველოს ანუ მცხეთის კათალიკოს-პატრიარქი. საქართველოს საპატრიარქოს დაარსებიდან მცირე ხნის შემდეგ 1057 წელს მეფე ბაგრატ IV-ის შეწირულების სიგელს შიომღვიმისადმი აქვს მინაწერი ქართული ეკლესიის მეთაურისა, რომლის თანახმადაც ის დგას მეექვსე ადგილზე მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ. ვინც ეს სიგელი დაარღვიოსო, წერს ის – “…კრულმცა არიან… ხუთთა პატრიარქთა ჯვარითა… და ჩემ გლახაკისა ჯვარითა” (ქართ. სამართლ. ძეგლ. გვ. 28).
1245-1250 წლების დაწერილს შიომღვიმისადმი აქვს მინაწერი – “…ხუთთა პატრიარქთა ჯვარითა. წმიდისა და სამოციქულოისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა და რაოდენი მას შინა წმიდანი ქართლისა კათალიკოზნი სხდომილ არიან და დასხდებიან მათ ყოვლითა ჯვარითა” (იქვე, გვ. 41). წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია იყო ქართული ეკლესიის სახელწოდება, და ყოველთვის ამ ფორმულით მოიხსენიებოდა ის. ეს სიგელიც ხუთი მსოფლიო საპატრიარქო საყდრის შემდეგ ქართულ ეკლესიას ასახელებს.
1259 წლის შეწირულების დაწერილს რკონის მონასტრისადმი ამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მეთაური – “…ჩვენცა შემდგომად ხუთთა პატრიარქთა… მეექვსისა პატრიარქისა… ვამტკიცებ…” (იქვე, გვ. 66).
ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, რომ უკვე მეთერთმეტე საუკუნეშივე, საქართველოს საპატრიარქოს ჩამოყალიბებისთანავე, საქართველოს პატრიარქს მართლმადიდებლურ დიპტიხში ეჭირა მეექვსე ადგილი ხუთი პატრიარქის შემდეგ.
მართალია, ქართული ეკლესიის დიპტიხში ქართველ პატრიარქს ეჭირა მეექვსე ადგილი, მაგრამ სცნობდნენ თუ არა ამას მსოფლიოს სხვა საპატრიარქოები, აღიარებდნენ თუ არა ისინი ქართველი მამამთავრის საყდარს მეექვსე ადგილზე? ჩვენ დაბეჯითებით უნდა ვთქვათ, რომ როგორც რომის პაპები, ისე აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი სცნობდნენ იბერიის ეკლესიის ადგილს მეექვსე ადგილზე იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ. ამას მიუთითებს ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების დიპტიხი. ამ კრებაზე ქართულ ეკლესიას ეჭირა VI ადგილი რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საყდრების შემდეგ. ეს რომ შემთხვევითი არ იყო და ეკლესიათა ადგილების განაწილებას ამ კრებაზე ისე, როგორც “XII მსოფლიო” კრებაზე, საგანგებო ყურადღება ექცეოდა, იქიდანაც ჩანს, რომ ფლორენციის კრებამ 1438 წელს უნიის შესახებ დეკრეტში დაადგინა: “კონსტანტინეპოლის პატრიარქი იქნება მეორე წმიდა რომის პაპის შემდეგ, ალექსანდრიელი მესამე, შემდეგ მეოთხე ანტიოქიელი და მეხუთე – იერუსალიმელი…” (ა. კარტაშევი, მსოფლიო კრებები, 1963, გვ. 425). მართალია, ამ კრებას არ გამოუცია დოკუმენტი თუ როგორ უნდა განაწილებულიყო შემდეგი ადგილები, რადგანაც კრება ეხებოდა არა დიპტიხის საკითხს, არამედ სარწმუნოების საკითხს, მაგრამ საერთოდ ეკლესიათა (კათედრათა) ადგილების განაწილებას ძალზე დიდი ყურადღება რომ ექცეოდა, ზემოთ მოყვანილი დადგენილებიდანაც ჩანს.
ქართული ანუ იბერიის ეკლესიის წარმომადგენელს ამ წარმომადგენლობით კრებაზე ეჭირა VI ადგილი. 1438 წლის 5 თებერვალს ფერარაში გახსნილ და ფლორენციაში გაგრძელებულ “მსოფლიო” საეკლესიო კრებას, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის წარმომადგენლები და რომლის აქტებსაც აღმოსავლეთის საპატრიარქოებმა ხელი მოაწერეს, – “თანაბარი უფლებით ესწრებოდა იბერიის მიტროპოლიტი” (ჰეინრიხ., სტორია გენერალე დელლე მისსიონიკატოლიშე… ტორინო, 1846, პ. 13; წიგნიდან ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის წიგნსაცავებსა და არქივებში, I, გვ. 101).
“იბერიის მიტროპოლიტი იჯდა მართლმადიდებელთა მხარეს მეხუთე ადგილზე კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის წარმომადგენლების შემდეგ. – “პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი… პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ… იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი მენზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი” (იქვე, გვ. 102).
კრების მონაწილენი ისხდნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ცენტრიდან თანაბარ მანძილზე იდგა ორი ტახტი – რომის იმპერატორისა და ბერძენთა იმპერატორისა. სასულიერო პირები განლაგებულნი იყვნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ერთ მხარეს ისხდნენ ლათინთა წარმომადგენლები, მეორე მხარეს ისხდნენ მართლმადიდებელთა წარმომადგენლები. ჩვენთვის საინტერესო მართლმადიდებელთა რიგი იყო შემდეგი სახისა: მართლმადიდებელთა რიგში პირველად იდგა – 1. კონსტანტინეპოლის პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი ამ სხდომას არ ესწრებოდა); პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ: – 2. ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი – არქიეპისკოპოსი; 3. ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი – არქიეპისკოპოსი; 4. იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი – არქიეპისკოპოსი; 5. იბერიის პატრიარქის (დოკუმენტშია – “მეფის”) წარმომადგენელი – მიტროპოლიტი. ამის შემდეგ დიპტიხის მიხედვით ისხდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები.
“ნაწყვეტი ფლორენციის წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმიდან… სასულიერო პირების განლაგების შესახებ… პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი, შეუძლოდ ყოფნის გამო, იმ დღეს კრებას ვერ ესწრებოდა)… პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ – ჰერაკლიის არქიეპისკოპოსი, რომელსაც ალექსანდრიის პატრიარქის კანონიერი მანდატი ჰქონდა და მისი ადგილი ეკავა; ანტიოქიის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი ეფესიის არქიეპისკოპოსი; იერუსალიმის პატრიარქის წარმოგზავნილი მენზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი – იბერიის მიტროპოლიტი; ამათ შემდეგ ისხდნენ ტრაპეზუნტის, რიზეს, ნიკეის… არქიეპისკოპოსები… მიტროპოლიტები… ბერები, თავიანთი წესის მიხედვით” (იქვე, გვ. 214; ლათინური ტექსტი, გვ. 280).
ფლორენციის კრებაზე არა მარტო ეკლესიათა წარმომადგენელი სასულიერო პირები ისხდნენ “წესის” ანუ დიპტიხის მიხედვით, არამედ საერო პირებიც ასევე “წესის” მიხედვით ისხდნენ.
ფერარა-ფლორენციის “მსოფლიო” საეკლესიო კრებიდან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეექვსე ადგილი მსოფლიო ეკლესიათა რიგში, ხოლო მეხუთე ადგილი მართლმადიდებელთა რიგში აღიარებული და ცნობილი იყო როგორც რომის პაპის, ასევე მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის და სხვა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ, თავისი დროისათვის ძალზე მნიშვნელოვან კრებაზე, რომელიც მსოფლიო ეკლესიის გაერთიანებას ისახავდა მიზნად, რომისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები ერთმანეთთან უთანხმოებაში არ შევიდოდნენ იბერიის ეკლესიის ადგილის ძიებისათვის. იბერიის ეკლესიის ადგილი დიპტიხში ძველთაგანვე ცნობილი იყო, ამიტომაც მან ამ “მსოფლიო” კრებაზე ყოველგვარი დავის გარეშე თავისი ადგილი დაიჭირა.
მეთხუთმეტე საუკუნის I ნახევრის დიპტიხი, დაცული ფერარა-ფლორენციის კრებაზე, ასეთია: 1. რომის პაპი, 2. მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქი, 3. ალექსანდრიის, 4. ანტიოქიის, 5. იერუსალიმის, 6. იბერიის, 7. ტრაპეზუნტის, 8. რიზეს, 9. ნიკეის, 10. ლაკედემონიის, 11. ნიკომედიის, 12. ტრივონიის, 13. ამასიის, 14. მიტილენის, 15. ტოლოზინოს, 16. სტავროპოლის, 17. ტუსტრიცის, 18. გარინის, 19. მელენტინის, 20. აქილის, 21. მულდულის პატრიარქები და არქიეპისკოპოსები (იქვე, გვ. 214-215; ლათინური ტექსტი, გვ. 280).
მართალია, ამ კრებაზე ასე ისხდნენ ეკლესიის იერარქები, მაგრამ მათგან ავტოკეფალურ ეკლესიად მიიჩნეოდა მხოლოდ ხუთი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და იბერიისა, ამიტომაც ამ ავტოკეფალურ ეკლესიათა წარმომადგენლებს ამ კრებაზე ეჭირათ განსაკუთრებული, სხვებისაგან განსხვავებული სკამები კრების მონაწილეთა პირველ რიგში. ხოლო იბერიის მეფის ელჩი, რომელსაც აგრეთვე ტრაპეზუნტის იმპერატორის მანდატი ჰქონდა, პაპის თანმხლები პირის პირდაპირ იჯდა (იქვე, გვ. 215).
ასეთი სახის დიპტიხი იყო “მსოფლიო” ეკლესიის დიპტიხი. მართლმადიდებლური დიპტიხიდან კი გავიდა რომის პაპის მოხსენიება, მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ქართული ეკლესიისათვის კანონიკურად მიჩნეულ მე-6 ადგილზე. კერძოდ, მართალია, მართლმადიდებლური დიპტიხიდან გავიდა რომის პაპის მოხსენიება, რამაც ვაკანტური ადგილი წარმოშვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა ექვსეულში, მაგრამ მალე ვაკანტური ადგილი დაიჭირა რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა საპატრიარქოთა გადაწყვეტილებით, რაც სცნო ქართულმა ეკლესიამ.
“კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გენადი სხოლარიმ (1453-1460) სხვა აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად სცნო რუსული ეკლესიის დამოუკიდებელი არსებობა და განსაზღვრა ჩათვლილიყო ავტოკეფალური რუსული მიტროპოლია თავისი ღირსებით იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, ესე იგი მეხუთე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხში” (Православний церковний календарь, 1985, გვ. 3).
აქამდე ქართულ ეკლესიას დიპტიხში ადგილი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ ეჭირა, ამის შემდეგ კი მან თავისი ტრადიციული VI ადგილი დაიჭირა რუსეთის ეკლესიის შემდეგ.
1589 წელს რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მისმა პატრიარქმა დიპტიხში მაღალი ადგილი დაიკავა. “როცა დიდმა კრებამ 1593 წელს განსაზღვრა მოსკოვის საპატრიარქოს მდგომარეობა, მას გამოეყო უფრო მაღალი ადგილი, ვიდრე მაშინ არსებულ არქიეპისკოპოსებს ავტოკეფალურ და თვითმმართველ ეკლესიებისა – არხიდიისას, კვიპროსისას, ივერიისას და პეკიისას, მაგრამ არა ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ, როგორც სურდა რუსეთის მეფეს, არამედ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ კრების მამებმა შესაბამის მიმართვაში განაცხადეს წმიდა მამათა კანონების შეუცვლელობა” (Вклад вселенского патриархата в разработке теми “диптихи”, გვ. 11).
რუსეთის მეფეს სურდა და აღმოსავლეთის საპატრიარქოებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი, რუსეთის პატრიარქს დიპტიხში დაეჭირა ადგილი ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ, მაგრამ რადგანაც წინა საუკუნეებში წმიდა მამათა მიერ დადგენილი იყო დიპტიხში ალექსანდრიის საპატრიარქოს შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა ხსენება, რაც დადასტურებული იყო ტრულის კრების კანონით, ამიტომაც აღმოსავლეთის პატრიარქებმა გადაწყვიტეს რუსეთის პატრიარქის ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში ყოფილიყო იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ. ეს ადგილი რუსეთის საპატრიარქომ მიიღო თავისი არა მარტო სიდიდისა და ეკონომიური სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროს მაჰმადიანურ ქვეყნებში არსებული აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი რუსეთის ქრისტიანულ სახელმწიფოს იმედის თვალით შესცქეროდა. ასევე იყო საქართველოშიც, ამიტომაც ქართულმა ეკლესიამ სცნო და აღიარა რუსეთის საპატრიარქოს ადგილი იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ. მაგრამ დიპტიხში VI ადგილზე კვლავ ქართული ეკლესია უნდა ყოფილიყო.
ქართულმა ეკლესიამ რუსეთის პატრიარქის ადგილი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ რომ აღიარა, ამას მიუთითებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ანტონის მიმართვა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედისადმი. 1757 წელს ანტონ I, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი წერდა: – “…ყოველსა, რასაცა აღიარებს და დაამტკიცებს, შეიწყნარებს და მიიღებს დღეს წმ. ეკლესია აღმოსავლეთისა, რომელ არს კონსტანტინეპოლისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა და იერუსალიმისა და ყოვლისა რუსეთისა – მეცა აღვიარებ…” (ევ. ნიკოლაძე, საქართველოს ეკლესიის ისტორია, 1918, გვ. 188). აქედან ჩანს, რომ უკვე XVII საუკუნის შემდგომ ქართული ეკლესიის დიპტიხი ასეთი იყო: 1. კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, 2. ალექსანდრიის, 3. ანტიოქიის, 4. იერუსალიმის, 5. რუსეთის საპატრიარქოები, 6. საქართველოს საპატრიარქო.
ამჟამადაც მართლმადიდებლურ დიპტიხში ქართულ ეკლესიას უჭირავს ისტორიულ-ტრადიციული VI ადგილი, რაც სრულებით კანონიერია.