დაბეჭდილია გაზეთში “მადლი”, 1991. 27. IX.
ქრისტიანობა საქართველოში გაავრცელეს თვით წმიდა მოციქულებმა თანახმად ქართული ეკლესიის წმიდა მამებისა; ამასთანავე ჩვენ ვიცით, რომ ქართველთა განმანათლებელია ღირსი დედა ნინო. შეიძლება დაისვას კითხვა: თუ ქართველი ხალხი მოაქციეს (გააქრისტიანეს) წმიდა მოციქულებმა, რაღა საჭირო იყო წმიდა ნინოს ქადაგება. ამ კითხვაზე პასუხი ძველთაგანვე არსებობდა, რამაც ასახვა ჰპოვა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში (1103), სადაც კერძოდ ნათქვამია – “ანდრია პირველწოდებული, ძმა მოციქულთა თავისა პეტრესი, ჩვენამდეც მოვიდა, სახარება იქადაგა საქართველოს ყოველ კუთხეში (დედანშია – “ყოველსა ქვეყანასა საქართველოსასა”), ხალხის ურიცხვი რაოდენობა განაშორა ეშმაკს, ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტესა და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა, მაგრამ ქართლის (ე. ი. საქართველოს) ერის უმრავლესობამ დიდი დროის განმავლობაში დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცდურს დაუბრუნდა… გავიდა 300 წელი კონსტანტინეს გამეფებამდე. კონსტანტინე გახდა პირველი ქრისტიანი მეფეთა შორის… ამავე დროს მაღლით გამოგვხედა ჩვენ აღმოსავალმა, ვინმე ტყვე დედაკაცმა, რომელსაც ნუნნა კაპადოკიელს უწოდებენ, ჩვენში არსებული საეკლესიო მოთხრობები, მიიზიდა ქართველთა სრული მოდგმა”.1÷
ანდრია მოციქულის მიერ ქართული ეკლესიის დაარსების შესახებ XI ს-ის დასაწყისში განუცხადა გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქს – “წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავსა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო: ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისასა მწოდებელისა ნაწილი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი: და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სიმონს ვიტყვი კანანელსა, ქვეყანა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს აღარა უარ გვიყოფიეს”.2
გიორგი მთაწმინდელის აზრს იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ჩვენში უწყვეტად არსებობდა, არქეოლოგია და წერილობითი წყაროებიც ადასტურებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლების არქეოლოგიური აღმოჩენები. საქართველოს მრავალ კუთხეში აღმოჩნდა I-II-III საუკუნეთა სამარხები, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულნი არიან ქრისტიანული წესით (გულაღმა გაშოტილი თავით დასავლეთისაკენ).
I-II საუკუნეებს განეკუთვნება 1978 წელს მცხეთაში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეული სამარხი. “დაკრძალულთა პოზა, დამხრობა, ნივთიერი მასალის სიმცირე, სანეკე ბეჭედი, სარდიონის თვალ-ინტილიოთი – ერთ მხარეს მიმართული ორი თევზისა და ღუზის გამოსახულებით, მიგვანიშნებს, რომ სამარხი ქრისტიანისათვის გაუმართავთ”.3
მიცვალებულთა ქრისტიანული წესით დაკრძალვის ნიშნები აღმოჩნდა დიდი მცხეთის სხვა სამაროვანზეც – “კერძოდ, ქრისტიანული სამკვდრო წესების მეტ-ნაკლები დაცვით გაუპატიოსნებიათ მიცვალებულები სამთავროს სამაროვანზე, 1938-1940 და 1976-1983 წლებში გათხრილი სამარხების ერთ ნაწილზე”.4
თ. ბიბილურის თანახმად მცხეთა-ქალაქში, სვეტიცხოვლის მიდამოებში შესწავლილი სამარხების ერთ ჯგუფში, რომელნიც ზოგადად II-III საუკუნეებს განეკუთვნება, მიცვალებულები მეტ-ნაკლებად ქრისტიანული წესების დაცვით არიან დაკრძალულნი.5
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ I-III საუკუნეების ქრისტიანული წესების დაცვით დაკრძალული მიცვალებულების სამარხები აღმოჩნდა არა მარტო დიდი მცხეთის ტერიტორიაზე, არამედ, საერთოდ, საქართველოს ცენტრალურ პროვინციებში – მცხეთიდან ვიდრე მოდინახესა და რგანამდე (დასავლეთ საქართველოს სოფლებამდე).
“ქრისტიანობის ოფიცალურ რელიგიად გამოცხადებამდე საქართველოში ქრისტეს სჯულის მიმდევართა არსებობაზე მიგვითითებს იოანე საბანისძე თავის “აბო თბილელის წამებაში”. IV საუკუნემდე ქართლში ქრისტიანთა არსებობას ვარაუდრობდნენ ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, გ. ლომთათიძე, პ. ინგოროყვა, გ. გოზალიშვილი, ა. ბოგვერაძე. ვფიქრობთ ამ ვარაუდს მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე მთელ რიგ რაიონებში (მცხეთა, ერწო, ახალი ჟინვალი, არაგვისპირი, ზღუდერი, მოდინახე) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქრისტიანული სამარხები, რომლებიც II-III საუკუნეებით თარიღდება”.6
როგორც აღინიშნა, II-III საუკუნეებში, თანახმად არქეოლოგიური აღმოჩენებისა, ქრისტიანები ცხოვრობდნენ არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ საქართველოშიც. ზემო იმერეთში მომუშავე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დააფიქსირა II-III საუკუნეთა ქრისტიანული სამარხები, სამაროვანზე წარმართების გვერდით ქრისტიანებსაც კრძალავდნენ – “დაკრძალვის წესიც მეტ-ნაკლებად წარმართულია – მიცვალებულები მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე წვანან მოკრუნჩხულ პოზაში… ზოგიერთ სამარხში ქრისტიანული დაკრძალვის წესიც დაფიქსირდა, ეს დიდმნიშვნელოვანი ფაქტია”.7
არა თუ ქრისტიანული სამარხები, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს II-III საუკუნეთა ქრისტიანული ეკლესიის ნაშთი სოფელ ნასტაკისში.
ჩვენი ეროვნული ეკლესიის ისტორიისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა არქეოლოგთა მიერ II-III საუკუნეების საეკლესიო შენობის საფუძვლის აღმოჩენა ნასტაკისის ნაქალაქარზე – “ნასტაკისის ველზე უფრო ძლიერი დასახლებაც ყოფილა შუა საუკუნეებში, რასაც ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილ ნაგებობათა ნაშთები მოწმობს. საცხოვრებელი ნაგებობანი მრავალი ოთახისა და ერთი დიდი დარბაზისაგან შედგებოდა. ამგვარ ნაგებობაში ერთი ოთახი მცირე ეკლესიას წარმოადგენდა, მკვეთრად გამოყვანილი აბსიდითა და ნართექსით. ამ პერიოდში ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული ოფიციალურ სახელმწიფო სარწმუნოებად, არალეგალურ მდგომარეობაშია და თავშეფარებული ჩანს საცხოვრებელ ნაგებობაში. ამ ფაქტს კი დიდი მნიშვნელობა აქვს ქართლის სამეფოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის შესასწავლად”.8
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა ძველქართულ წყაროთა მტკიცებანი იმის შესახებ, რომ ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში იქადაგებოდა I საუკუნიდანვე.
ქართული წყაროების მიხედვით ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოსულა მეფე ადერკის დროს, რომელიც თანახმად გ. მელიქიშვილისა, მეფობდა “ჩვენი ერის I ს-ის დასაწყისში, 30-იანი წლების შუამდე” საქართველოში შემდგომი მოგზაურობის დროს წმიდა ანდრიას თან შემოყოლია მოციქულები მატათა და სიმონ კანანელი, რომელნიც საქართველოშივე გარდაცვლილან და აქვე არიან დაკრძალულნი, თანახმად ბერძნული წყაროებისა.
ეპიფანე კონსტანტინეპოლელის (VIII ს.) თანახმად, რომელიც იყენებდა ძველ წყაროებს, მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია ნიკოფსიაში, ხოლო ეპიფანე კვიპროსელის (IV ს.) თანახმად, საქართველოში მეორე მოციქულიცაა დაკრძალული – მატათა ანუ მატათია, რომელიც მოციქულად არჩეული იქნა ნაცვლად იუდა ისკარიოტელისა – “მატათიამ… იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში, სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და სვისის ნავსადგური… იგი გარდაიცვალა და დამარხულია (გონიოში) დღემდე”.9
აფსარი, რომელსაც დღეს ეწოდება გონიო (ბათუმის ახლოს), წარმოადგენდა მნიშვნელოვან პუნქტს, სადაც რომაელთა დიდი გარნიზონი, ხუთი კოჰორტა იდგა.
ქართულ წყაროთა თანახმად ანდრიასა და სხვა მოციქულებს არა მარტო ხალხი გაუქრისტიანებიათ, საფუძველი ჩაუყრიათ ქართული საეკლესიო ორგანიზაციისათვის, კერძოდ, მათ დაუარსებიათ საქართველოში პირველი საეპისკოპოსო იმდროისათვის დიდ ქალაქ აწყურში (“ქართ. ცხოვ.” I, გვ. 41). უკურთხებიათ სასულიერო პირები – დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსი (იქვე).
აღნიშნულთა გარდა, სხვა მოციქულებსაც უქადაგნიათ საქართველოში. ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში სხვებთან ერთად იქადაგა მოციქულმა ბართლომემ. არქანჯელო ლამბერტიც, ჩანს, ლათინურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა – “დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორი მოციქულის (ანდრია პირველწოდებულისა და ბართლომეს) ქადაგებით დაინერგა სარწმუნოება ამ ქვეყანაში”.10
XVI ს. სლავური წყაროს თანახმად – “ადგილი მოციქულ თომასი არის ივერიის საყდარი”.11
ჩვენი ეკლესიის ისტორიის მკვლევარების მ. კელენჯერიძისა და ც. ნიკოლაძის თანახმად, მცირე აზიასა და კაპადოკიაში მცხოვრებ ქართველთა შორის, უქადაგნიათ მოციქულებს – პეტრეს, პავლესა და იოანეს.
არა მარტო 12 მოციქულთაგან, 70 მოციქულთაგანაც ყოფილან იბერიაში და უქადაგნიათ.
“მ. თამარაშვილმა შეისწავლა და დაამუშავა მანამდე სხვათათვის ხელმიუწვდომელი დიდძალი მასალა ლათინურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე, მკითხველს გააცნო რამდენიმე ქართველი მოღვაწე… ასეთებია ევაგრე, მარკიონი, ორენტიუსი, ჰეროისი, ფარნაციო, ფირმანი, ფირმა, კირიაკე და ლონგინი. ისინი ქართველი მეომრები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმილიანეს ემსახურებოდნენ I საუკუნეში. შემდგომში ისინი გაიტაცა ქრისტიანულმა მოძრაობამ, რისთვისაც იმპერატორმა თავიანთ ქვეყანაში, კოლხიდაში გააძევა. ეს ქართველები თავ-თავიანთ სოფლებში დასახლდნენ ცალ-ცალკე… ერთობ საინტერესოა, რომ პირველი ათეისტი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა და საქვეყნოდ გახდა ცნობილი, ქართველი ყოფილა, მისი სახელია მარკიონი. ის ჩვ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდა, თითქმის ქრისტეს თანამედროვე იყო. განათლებით სასულიერო პირი ყოფილა – კოლხეთის ეპისკოპოსი. მამამისიც პალმოსიც ეპისკოპოსი იყო… პალმოსმა ურწმუნო თეორიის ქადაგებისათვის საჯაროდ დაწყევლა შვილი და ეკლესია წაართვა. მარკიონი კოლხიდიდან საგანგებოდ წავიდა რომის პაპთან ანიკიტესთან შესავედრებლად, მაგრამ მან უარი უთხრა, რადგან მამის წყევლის მოხსნა არ შეეძლო… რომაელი ავტორის ირენეიოსის ცნობით ეპისკოპოსმა პალმოსმა და მისმა მეგობრებმა კოლხიდაში 70 ეკლესია-მონასტერი ააშენა”.12
ერთი ცნობა ასეთია – “იბერიის იმ ნაწილმა, რომელიც პონტოს ზღვასთან მდებარეობს და კოლხიდად იწოდება, სახარება ჯერ კიდევ იმპერატორ ტრაიანეს დროს მქადაგებელი პაპის წმიდა კლიმენტის შემწეობით მიიღო. წმ. კლიმენტი იმ მხარეში იყო გადასახლებული”.13
როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, I-II საუკუნეებში საქართველოში ორი საეპისკოპოსო ყოფილა, რომელთაგან ერთი მესხეთში (აწყურში) მდებარეობდა, მეორე კი კოლხეთში იყო. აქ ეპისკოპოსად პალმოსი იყო გამორჩეული.
ჩვენმა დიდმა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ პირველმა ძველი მასალების გადამუშავების შედეგად აღწერა II ს-ის დასაწყისში წამებული ქართველი ქრისტიანების ცხოვრება.
თანახმად ანტონისა, II საუკუნეში წამებული 19 ქართველი ქრისტიანის ხსენებას ჩვენი ეკლესია აღნიშნავდა საუკუნეთა მანძილზე. ის წერს – “მამათგან გაჩენილი იგი ხსენებაი: თქმულთა მოწამეთა სათანადო იქმნა ჩვენდა არა დატოვებად”, ვინაიდან წერილ არს – “ნუ სცვალებ საზღვარსა, რომელი დამტკიცეს მამათა შენთა”.14
ანტონი ასე აღწერს ამ ამბავს – “ძმა უფლისა” მოციქული იუდა ედესის სამთავროში შეხვდა საბერძნეთიდან გამოგზავნილ ხრისოსა და მის თანმხლებთ, დაიმოწაფა ისინი. ხრისოს მღვდლად კურთხევის შემდგომ იუდა მოციქული აღესრულა. ხრისო და მისი უკვე ნათელღებული თანმხლებნი დაემკვიდრნენ – “მარტოებით” ევფრატის სათავეებში. აღსანიშნავია, რომ ევფრატის სათავეები წარმოადგენდა ქართველთა ისტორიულ საცხოვრისს. თვით XVII საუკუნეშიც კი ევფრატის სათავეებში ანტიოქიელი პატრიარქის მაკარიოსის ცნობით ქართველი მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ. ხრისოს და მის “მოყვასთ” მალე დაუწყიათ ქადაგება, მათ ევფრატშივე მოუნათლავთ სომხეთის სამეფო კარზე სტუმრად მყოფი “ალვანელი აზნაურნი” – “ამათ, რომელთაცა ნათელ იღეს, იხილეს ქრისტე ბორცვსა ზედა”, ისინიც იქვე დაემკვიდრნენ და 44 წელი “მძოვარნი” მოღვაწეობდნენ განდეგილნი. ამ ხნის მანძილზე კანი გაუუხეშდათ და ექცათ ტყავად, რომელიც თმით დაეფარათ, რასაც ისინი დაუცავს სხეულის სნეულებათაგან. მათი სახელები ყოფილა – სუქიოს, ლუკანოს, პოლიევქტოს, კონდრატოს, ივქირირიონ, მიმიანოს, ფოკა, ნერანგიოს, დომენტიოს, ანდრიანოს, ზოსიმოს, ვიკტარიოს, თალალოს, იორდანოს, ანასტასიოს, იაკობოს, თეოდორიტოს. მათი სამშობლოში დაბრუნება ვითარც წარჩინებულებისა და აზნაურებისა მოუთხოვია “ალვანის” მეფეს, ასევე მოუთხოვია მათგან ქრისტიანობის უარყოფა, რაზედაც უარი მიიღო. რის გამოც მეფის მიერ გაგზავნილებმა წამებით დახოცეს ქრისტიანობის დამცველნი. მათი განუხრწნელი გვამები 230 წლის შემდეგ მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინე დიდის (გარდ. 337 წ.) დროს უნახავთ. მაშასადამე, მესუკაველებს მოღვაწეობა ევფრატის სათავეებში დაუწყიათ 67 წელს, ხოლო აღსრულებანი, როგორც აღინიშნა, 44 წლის შემდეგ ანუ 107 წელს. ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფიის თანახმად ისინი იყვნენ “ქართველნი მოწამენი”.15
უნდა დავასკვნათ, რომ მოციქულთა ქადაგებას საქართველოში უნაყოფოდ არ ჩაუვლია.
ირინეოსი თვლიდა, რომ ქართველებმა (იბერებმა), რომლებიც იწოდებიან კოლხებად (გეოგრაფიული ადგილის მიხედვით) ქრისტიანობა ჯერ კიდევ რომის იმპერატორ ტრაიანნემდე (98-117) მიიღეს. იმავე ცნობით იმ ქართველებმა, რომლებიც კასპიის ზღვისაკენ კავკასიის მთებთან ცხოვრობენ (იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა) ქრისტიანული სარწმუნოება უფრო გვიან მიიღეს. ეს ცნობა სრულებით ეთანხმება “ქართლის ცხოვრებას”, რომლის მონაცემებითაც ქართველთაგან ქრისტიანობა პირველებმა მიიღეს მეგრელებმა (კოლხებმა) და კლარჯებმა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა).
საქართველოში ქრისტიანობას საზოგადოების მორალსა და ზნეობაზე მოუხდენია თავისი დადებითი გავლენა II-III საუკუნეებში, როგორც ამას უჩვენებს მეფე რევ მართალის (გარდ. 213) რეფორმა. ამ ქართველ მეფეს ჰქონია “სიყვარული ქრისტესი” – “ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რამე სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და აქუნდა სიყვარული ქრისტესი. მან აღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კვლავ, რომელსა ამისა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირავდეს მსხვერპლად ყრმათა და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარავინ კლავდა ყრმათა კერპთათვის, არამედ ცხვრისა და ზროხისა შეწირვა განუწესა, ამისათვის ეწოდა მას რევ მართალი” (ქ. ცხ. I. გვ. 58).
“თავისთავად ცხადია, რომ ასეთ რადიკალურ რეფორმას მეფე ვერ მოახდენდა, თუ რომ წარმართულ სარწმუნოებას ძველი გავლენა და მნიშვნელობა საკმაოდ შერყეული არა ჰქონოდა, თუკი უწინდელი მსოფლმხედველობის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში ფეხი არ ჰქონოდა მოკიდებული… ქართული საისტორიო წყაროს მითითება იმაზე, რომ რევი იცნობდა ქრისტეს სახარებას, მაინცდამაინც მერმინდელ ჩანართად არ უნდა მივიჩნიოთ, სრულიად ბუნებრივად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანობა, როგორც ახალი მსოფლმხედველობითი მოძღვრება, როგორც ახალი რელიგიურ-ზნეობრივი სისტემა, ჯერ არა როგორც სახელმწიფოებრივ-სარწმუნოებრივი სისტემა, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ცნობილი იყო საქართველოში, არა მხოლოდ მეფეთა და წარჩინებულთათვის, არამედ მოსახლეობის ნაწილისათვისაც”.16
“იბერიას ძალზე მჭიდრო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ კულტურულ მსოფლიოსთან. რომისა და შემდეგ ბიზანტიის იმპერიები მისი უშუალო მეზობლები იყვნენ. საქართველოს ერთი ნაწილი მცირე აზიის გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობდა. მცირე აზია და სირია უკვე II-III საუკუნეებში ქრისტიანულ რეგიონს წარმოადგენდა ქრისტიანთა სიმრავლის გამო. III საუკუნესა და IV ს-ის დასაწყისში რომის იმპერიის აღმოსავლეთი მხარე განსაკუთრებით კი მცირე აზია – მჭიდროდ იყო დასახლებული ქრისტიანებით”.17
საქართველოში IV ს-ის დასაწყისში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად ქცევა ყოფილა არა მოულოდნელი, შემოტანილი ანდა თავსმოხვეული აქტი, არამედ ეფუძნებოდა ქრისტიანობის ადგილობრივ საუკუნოვან ტრადიციას – “შეუძლებელია ლაპარაკი ამა თუ იმ ქვეყანაში ქრისტიანობის უბრალო შემოღებაზე, განსაკუთრებით უსაფუძვლოა აზრი, რომელიმე სახელმწიფოში ქრისტიანობის შეტანისა და მის იქ გაბატონებაზე. ქრისტიანობის გავრცელება მხოლოდ მისი პროპაგანდის, ქადაგების შედეგი არ შეიძლება იყოს, რასაკვირველია, პროპაგანდის, ქადაგების როლის უარყოფა არ შეიძლება. ქრისტიანობის ქადაგება რომის იმპერიაში საუკუნეების მანძილზე წარმოებდა” (იქვე, გვ. 21).
ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, წმიდა ნინო ვერ შეძლებდა მთელი ქართველი ხალხის გაქრისტიანებას, საქართველოში წმიდა მოციქულებსა და მქადაგებლებს ქართველი ხალხი შემზადებული რომ არ ჰყოლოდა ქრისტიანობის საჯარო აღიარებისათვის. ამ თვალსაზრისმა ასახვა ჰპოვა კიდეც წმიდა ნინოს “ცხოვრებაში”, სადაც უფალი უცხადებს წმიდა ნინოს – რომ საქართველოში “სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკი მცირე”, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოციქულთა მიერ დათესილ სახარების მარცვალს ნაყოფი გამოუღია – ხალხი მოუმზადებია საერთო სახალხო – მონათვლისათვის.
წმიდა ნინო საქართველოში შემოსულა დიოკლეტიანეს მიერ ატეხილი დევნის დროს – “303” წელს, როგორც ეს გაარკვია ვ. გოილაძემ: წმ. ნინოს თანამგზავრები სომხეთის მეფე თრდატმა დიოკლეტიანეს მითითებით სიკვდილით დასაჯა. მალე 305 წ. 1 მაისს, დიოკლეტიანეს გადადგომის შემდეგ, ქრისტიანთა დევნა შეწყდა (კერძოდ, იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში გალერიუსის მიერ 311 წლის 30 აპრილს ნიკომიდიაში გამოცემული ედიქტით).
303-306 წლებში წმ. ნინო ფარულად ლოცულობდა – “სამ წელ”. წმიდა ნინოს შემოსვლიდან 14-15 წლის შემდეგ ქართლი მოუქცევია. ე. ი. 317-318 წლებში. “ქართლის სამეფო კარის მიერ (ასევე სომხეთის) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება 318 წლით უნდა დათარიღდეს”.18
“ერთი საქმეა მოქცევა, გაქრისტიანება ხალხისა… სხვა საქმეა მონათვლა უკვე მოქცეული ხალხისა, რიტუალის შესრულება” (კ. კეკელიძე)… “ასეთი აქტისათვის მხოლოდ 324 წელს, კონსტანტინეს მიერ გამოცემული ედიქტის შემდეგ, შეიქმნა ხელსაყრელი პირობები… ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების წინა 324 წლის ბოლო თვეები ყველაზე ხელსაყრელი იყო სომხეთისა და ქართველის ეკლესიათა მეთაურების ოფიციალური კურთხევისათვის” (იქვე).
უძველესი წყარო, რომელიც მოგვითხრობს ქართლის მოქცევის შესახებ, არის “მოქცევაი ქართლისაი”. მასში შედის საკითხავი წმიდა ნინოს ცხოვრებისა, ავტორია სალომე უჯარმელი, მოწაფე წმიდა ნინოსი. ამ ცნობის სისწორე დაადასტურა მ. ჩხარტიშვილმა თავისი კვლევის შედეგად. სალომე ყოფილა ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის ძის ცოლი. მას თავის თხრობის ნაწილი უშუალოდ წმიდა ნინოს კარნახით დაუწერია (ე. ი. 320-იან წლებში).
“IV ს-ის II ნახევარში ბიზანტიაში იმყოფებოდა სალომეს შვილიშვილი, მაშინ ჯერ კიდევ უფლისწული, შემდგომში ქართლის მეფე ბაკურ თრდატის ძე. მან ცნობილ ბიზანტიელ ისტორიკოსებს – გელასი კესარიელსა და რუფინუსს უამბო ქართველთა გაქრისტიანების ისტორია”.19
მ. ჩხარტიშვილის აზრით ბაკურის ნაამბობს გელასისა და რუფინუსისადმი საფუძვლად ედო წერილობითი წყარო – “დიდედა სალომეს ჩანაწერი წმიდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების შესახებ” (იქვე).
უნდა დავასკვნათ, რომ ქრისტიანული სარწმუნოება მეტ-ნაკლები სიძლიერით უწყვეტად არსებობდა საქართველოში ანდრია მოციქულიდან წმიდა ნინომდე, მაგრამ სახელმწიფო სარწმუნოებად ის მხოლოდ წმიდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად იქცა.
- “დიდი სჯულისკანონი”, 1975, გვ. 545, იხ. “ეკლ. კალენდარი”, 1987, გვ. 464.
- გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართ. ლიტ. ძეგლები, 1978, გვ. 310.
- თ. სურგულაძე, თ. ბიბილური, მ. ძნელაძე, ადრეული ქრისტიანობის სიმბოლო მცხეთიდან. საქ. მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. 101, გვ. 741-742.
- თ. ბიბილური, საინტერესო სამარხეული კომპლექსი მცხეთიდან, ძეგლის მეგობარი #62, 1983, გვ. 94.
- თ. ბიბილური, ქრისტიანული რელიგიის საწყისები საქართველოში “მნათობი”, 1987, #6, გვ. 142.
- ი. მგალობლიშვილი, ქრისტიანული ქართლი IV-V სს-ში, მაცნე, ენისა და ლიტ. სერია, 1988, #1, გვ. 105.
- ჯურხა ნადირაძე, რგანის საგანძური, გაზ. “კომ.” 22. XII. 1989, #293.
- ა. ბოჩხაძე, ძალისი და ნახტაკისი, გაზ. “კომ.” 1988, 28. VIII.
- ვ. ვასილევსკი, “მოციქულ ანდრიას მიმოსვლა”, 1909, იხ. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე.
- ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, 1984; ტ. I. გვ. 56.
- კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, 1978, ტ. I, გვ. 40.
- ნათელა ფოფხაძე, მ. თამარაშვილის არქივის იტალიური ფონდის სიახლეები, “ცისკარი”, #11, 1988, გვ. 149.
- ი. ტაბაღუა, დასახ. ნაშრ. გვ. 17.
- მ. საბინინი, საქ. სამოთხე, 1882, გვ. 622.
- მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 621-629.
- გ. გოზალიშვილი, ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური, 1975, გვ. 39.
- გ. გოზალიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 25.
- ვ. გოილაძე, “წმიდა ნინოს”… მნათობი, #2, 1986 წ. გვ. 153.
- მ. ჩხარტიშვილი, “წმიდა ნინოს ცხოვრების”… ქართ. ჰაგიოგრაფია. 1987, გვ. 149.