საქართველოს საეკლესიო გეოგრაფია
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
- შესავალი
საეკლესიო გეოგრაფია ნაწილია ისტორიული გეოგრაფიისა, მისი სრული სახელია „ეკლესიის ისტორიული გეოგრაფია“.
საზოგადოდ, მისი შესწავლა უმეტესად დაკავშირებულია წმიდა მიწის საეკლესიო წარსულთან, ძველი და ახალი აღთქმის უკეთ შემეცნების მიზნებთან, რომელსაც ეწოდება „წმიდა მიწის საეკლესიო გეოგრაფია“.
მის მსგავსად ჩვენ ვიკვლევთ საქართველოს საეკლესიო გეოგრაფიას. წინა წლებშიც ამ თემის ირგვლივ გამოვეცით მრავალი ნაშრომი, რომელთაგან ნაწილს ვაზიარებთ ამ წიგში.
ისტორიული გეოგრაფიის მიზანია ამა თუ იმ ქვეყნის ძველი საზღვრების დადგენა. მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, ქალაქების მდებარეობისა და სავაჭრო-საჭაპანო გზების მოძიება და სხვა.
შესაბამისია საქართველოს საეკლესიო გეოგრაფიის მიზანიც, კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებს ქართლისა და აფხაზეთის, ასევე კახეთის საქორეპისკოპოსოს, კახთა და რანთა სამეფოს, ტაოს ქართველთა სამეფოს, საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოსა და მისი დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოებრივი ერთეულების საზღვრები, რადგანაც ეკლესია ვალდებული იყო თავისი იურისდიქციის საზღვრების დადგენისას გაეთვალისწინებინა ამ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ერთეულთა საზღვრები.
თავდაპირველად განსასაზღვრია ქართლის სამეფოს საზღვრები მეფე ფარნავაზისა და მისი გვიანდელი პოლიტიკური მემკვიდრის მეფე მირიანის ეპოქაში, რადგანაც წმიდა ნინოს მიერ ორგანიზებული ქართლის ანუ მცხეთის ეკლესიის საზღვრები ემთხვეოდა ქართლის სამეფოს საზღვრებს.
წმიდა ნინოს ღვაწლის აღწერისას მემატიანე მრავალჯერ ეხება მეფე მირიანის ანუ ქართლის სამეფოს საზღვრებს. მეფე მირიანი სამეფოში, მემეტიანის დაბეჯითებული მითითებით აღმოსავლეთთან ერთად ასევე შედიოდა დასავლეთ საქართველო (ეგრისი, ეგური).
ქართლის სამეფოს საზღვრების ზუსტი დადგენა გვეხმარება, რათა დავადგინოთ ქართული ანუ ქართლის ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები, წმიდა ნინოს მიერ დაფუძნებულ ეკლესიას თავდაპირველად ერქვა ქართლის ეკლესია, მისი საზღვრები კი თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არასწორად გადმოიცემა, მაშინ როცა ძველი ქართული ისტორიოგრაფია მას სიზუსტით გადმოცემდა.
ძველი ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად, სახელი „ქართლი“ (ქართლის სამეფო) ქუჯი-ფარნავაზის ეპოქიდან ანუ დაახლოებით, ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ვიდრე მე-8 ს. შუა წლებამდე, მურვან ყრუს შემოსევამდე (735-737) ერქვა ვრცელ მიწაწყალს შავი ზღვიდან და მდინარე ეგრისწყლიდან ვიდრე სომხეთ-ალბანეთის საზღვრამდე, ანუ ქართლი ერქვა ქვეყნის ორივე გეოგრაფიულ ნაწილს ერთად ანუ დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს.
ქართლის სამეფოს საზღვრები უფრო გაფართოვდა ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც ქართლის სამეფოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის საზღვრი დაიდო და მიჯნად განისაზღვრა მდინარე კლისურა (კელასური) აფხაზეთში.
ეს ქართლის ამეფო, ანუ პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო, რომელსაც საფუძველი დაუდეს მეფე ფარნავაზმა და ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ, როგორც აღინიშნა დაიშალა არაბთა შემოსევების გამო მურვან ყრუს დროს. ასეთია ჩვენი წყაროების მტკიცებანი. ეს იყო პირველი ქართლის სამეფო.
მეორე ქართლის სამეფო ჩამოყალიბდა, შემდგომში (მე-15 საუკუნიდან).
ამის შემდეგ სახელი ქართლი (ქართლის სამეფო) ერქვა მცირე მიწაწყალს ლიხის ქედიდან ვიდრე საგურამოს ქედამდე,
მეორე ქართლის სამეფო აღნიშნულ საზღვრებაში (ლიხიდან-საგურამომდე) წარმოიშვა მას შემდეგ რაც 1490 წელს ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაშლილად გამოცხადდა და ჩამოყალიბდა ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები.
მაშასადამე, გვაქვს ორი ქართლი, ორი ქართლის სამეფი, პირველი ქუჯი-ფარნავაზიდან ვიდრე მურვან ყრუს დროინდელ მეფე მირამდე და წმ. მეფე არჩილამდე და მეორე, 1490 წლიდან გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოყალიბებამდე, ანუ ერეკლე მე-2-მდე.
მე-20 საუკუნის ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია არ ცნობს პირველი ქართლის სამეფოს არსებობას შავი ზღვიდან სომხეთ-ალბანეთამდე, რადგანაც, მას ქართული წყაროების (ქართლის ცხოვრებისა და მოქცევაი ქართლისაისა) შესაბამისი ცნობები არასანდოდ მიაჩნია.
ჩვენი კვლევით, საბჭოთა ისტორიკოსების შეცდომას ტერმინ „ქართლის“ (იბერიის) მიმართ აჩვენებს სტრაბონის ცნობები.
სტრაბონი მიწაწყალს ლიხის ქედიდან ვიდრე საგურამოს ქედამდე უწოდებს არა ქართლს (იბერიას), არამედ ხმარობს ტერმინს – „შუა იბერია“.
სტრაბონისაგან განსხვავებით, ახალი ანუ საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის „ქართლი“ ეწოდება მცირე მიწა-წყალს ლიხის ქედიდან საგურამოს ქედამდე, ანუ იმ ტერიტორიას, რომელსაც ძველი წყაროებით ერქვა „შიდა ქართლი“, მაგრამ ამ ტერიტორიას სტრაბონი უწოდებს „შუა იბერიას“. სტრაბონის ეს ცნობა არსებითია ამ საკითხის განხილვისას.
სტრაბონი წერს, რომ კავკასიონის ქედიდან გამოდის ორი ქედი მიმართული სამხრეთისაკენ და მათ შუა მდებარე ქვეყანა არის შუა „იბერია“ (ანუ არა მთლიანი იბერია, არამედ მხოლოდ მისი ერთი ნაწილი „შუა იბერია“).
სტრაბონი წერს „შუა იბერიის“ შესახებ – „Некоторые отроги горы выдаются по направлению на юг; они охватывают середину Иберии, соприкасаются с Армянскими и так называемыми Мосхийскими горами, а также со Скидисом и Париадром“.
https://ancientrome.ru/antlitr/t.htm?a=1260110000#02-15
ანუ კავკასიის ქედიდან გამოყოფილი ორი, სამხრეთისაკენ მიმართული ქედები გარს ეკვრიან „შუა იბერიას“ „охватывают середину Иберии“, ანუ ამ ქედებს შორის მდებარეიბს „შუა იბერია“ (середина Иберии).
ეს სამხრეთისაკენ მიმართული ქედები საბოლოო ჯამში უერთდებიან მოსხის მთებს,
ამ სამხრეთისაკენ მიმართულ ქედებს ამჟამად ეწოდება ლიხისა და საგურამოს ქედები, ანუ მათ შუა მდებარე ქვეყანა არის შუა იბერია.
სტრაბონის ეს ბრწყინვალე ცნობა ამჟამად უგულებელყოფილია არა მხოლოდ საქართველოს მეცნიერთა, ასევე საერთაშორისოდაც.
აღსანიშნავია, რომ ს. ჯანაშიამ მიაქცია ყურადღება სტრაბონის ამ ცნობას, მაგრამ ის ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ სტრაბონის მიერ ნაგულისხმევი „შუა იბერიის“ მარცხენა მხარეს მდებარე „დასვლეთ იბერია“ იყო არა დასავლეთ საქართველო, არამედ მცირე მიწაწყალი ლიხის წედიდან ვიდრე შორაპნამდე.
საზოგადოდ, „შუა ქვეყანა“ თავისი ფართობით უნდა ეთანადებოდეს მის სხვა ნაწილებს, რომელთა შედარებითაც მას ეწოდება :შუა“, ანუ დასაველთ იბერია, შუა იბერია და აღმოსავლეთ იბერია ერთმანეთის მიმართ თანაბარი ტერიტორიების მომცველი ოლქები უნდა ყოფილიყო, ამიტომაც, თანაფარდობის პრინციპიდან გამომდინარე, სტრაბონის შუა იბერიას ანუ შიდა ქართლს ტერიტორიის ფართობით უნდა ეთანადებოდეს სხვა ნაწილები.
მართლაც „შუა იბერიას“ ფართობით ეთანადება დასავლეთ საქართველო, და „აღმოსავლეთ იბერიას“ კი კახეთი, მიწაწყალი არაგვიდან მტკვარ-ალაზნის შესართავამდე.
სტრაბონის ცნობა „შუა იბერიის“ შესახებ სავსებით ეთანადება ქართლის ცხოვრებისა და სხვა ქართული წყაროების ცნობებს, რომ ქართლი ანუ იბერია ერქვა ვრცელ ქვეყანას შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთამდე,
შესაბამისად, ტერიტორია მოქცეული ლიხის ქედიდან ვიდრე საგურამოს ქედამდე იყო მხოლოდ მისი ერთი ნაწილი, შუა იბერია ანუ შიდა ქართლი.
ანუ დასავლეთ იბერია ერქვა მიწა-წყალს ლიხის ქედიდან ვიდრე შავ ზღვამდე, ხოლო აღმოსავლეთ იბერია ერქვა მიწა-წყალს საგურამოს ქედიდან ვიდრე ალაბანეთამდე .
აღმოსავლეთის მიმართულებით იბერია აღწევდა ალაბანეთთან სასაზღვრო მდინარემდე, ანუ გიშისწყალამდე ანდა იქვე გამდინარე მდინარე ალიჯანჩაიმდე.
ეს უკანასკნელი (მდ. ალიჯანჩაი) გამოედინება კავკასიის ქედიდან და უერთდება დაბლობში მდინარე მტკვარს, ის არის პლინიუსის მდ. ოკაზანი, რომელიც პლინიუსის ცნობით გამოედინებოდა კავკასის ქედიდან და დაბლობში უერთდებოდა მტკვარს, ამ რეგიონში ასეთია მხოლოდ ალიჯანჩაი და ტურიანჩაი.
ჩვენი კვლევით, რომელიც გამოქვეყნებულია, პლინიუსის ოკაზანი ანუ სასაზღვრო მდინარე იბერიასა და ალბანეთს შორის იყო მდ. ალიჯანჩაი.
ანუ, მდ. ალიჯანჩაი იყო საზღვარი იბერიასა და ალაბანეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ ეს მდინარე საუკუნეთა მანძილზე და ბოლო დრომდე, მე-17 საუკუნემდე იყო კახეთის სამეფოს საზღვარი, ხოლო პლინიუსის დროს ყოფილა საზღვარი იბერიასა და ალბანეთს შორის.
შესაბამისად, მიწა-წყალი საგურამოს ქედიდან (არაგვიდან) ვიდრე ალიჯანჩაიმდე იყო აღმოსავლეთ იბერია ანუ აღმოსავლეთ ქართლი.
შესაბამისად, ისტორიული ქართლი (იბერია) შედგებოდა სამი ნაწილისაგან – დასავლეთ იბერია ანუ დასავლეთ საქართველო, შუა იბერია ანუ შიდა ქართლი, და აღმოსავლეთ იბერია ანუ მიწა-წყალი არაგვიდან ალიჯანჩაიმდე.
ასეთი დასკვნა წარმოადგენს ქართული წყაროებისა და სტრაბონ-პლინიუსის ცნობების შეჯერების შედეგს და მთლიანად განსხვავდება ამჟამინდელი არასწორი დოგმებისაგან.
ძველ ქართველ ისტორიკოსთა (მემატიანეთა) დაბეჯითებული მტკიცებით მეფე მირიანის (ანუ ქართლის) სამეფოში შედიოდა დასავლეთ საქართველო, ასევე, ვახტანგ გორგასლისა და სხვა მეფეების დროსაც, ვიდრე მე-8 ს. მეფე მირამდე და წმ. არჩილ მეფეებამდე (ანუ მე-8 ს. შუა წლებამდე), როდესაც, წყაროს მიხედვით, პირველად დაიშალა ფარნავაზ-ქუჯის მიერ ჩამოყალიბებული ქართლის სამეფო.
მატიანეებიდან შეიძლება გავიგოთ – მტერმა მე-8 ს. შუა წლეში არაბული საამირო ჩამოაყალიბა საქართველოს გულში, ანუ ქართლში, თბილისის საამიროს სახით, ამის საპირწონედ ქართველმა ნაციამ შეძლო მტრისათვის შედარებით მიუწვდომელ ქართულ ოლქებში VIII-X საუკუნეებში ჩამოეყალიბებინა ეროვნულ-ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულები, ესენია, აფხაზთა სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამეფო, რანთა და კახთა სამეფოები და სხვა.
საბოლოოდ, მე-10 ს. ბოლოსა და მე-11 ს. დასწყისში ბაგრატ მე-3-ის დროს ისინი გაერთიანდნენ და ამით რესტავრირდა ჯერ კიდევ მეფე ფარნავაზისა და ერისთავ ქუჯის მიერ დაარსებული საქართველოს ერთიანი სახელმწიფი ანუ ძველი ქართლის სამეფო.
ერთიანი სამეფო შემდგომში კვლავ დაიშალა მე-15 ს. ბოლოს დარბაზის განჩინებით, ამის გამო კუთხეებში უკვე მეორეჯერ ჩამოყალიბდა ეროვნულად ქართული სამეფო-სამთავროები, ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, სამეგრელ-გურია-აფხაზეთისა და სხვა.
მაშასადამე, ქართულ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდა საუკუნეთა მანძილზე, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეკლესიის ისტორიის მწერალმა.
გასათვალისწინებელია ასევე ჩრდილოკავაკასიაში თემურ ლენგის შემდეგ ქრისტიანობის დამარცხების გამო მთიელი ტომების გაწარმართება და მათი „ჩამოწოლა“ საქართველოს რეგიონებში.
ამ რეგიონებში ამის შედეგად (ე.წ. მთის ჩამოწოლის გამო) დაკნინება ეროვნულ-ნაციონალური და საეკლესიო თვითშემეცნებისა, ეს შეეხება საქართველოს ჩრდილოეთ მხარეებს.
სამხრეთ საზღვრებზე კი დამანგრეველი შედეგი ქართველთა გამაჰმადიანებისა, ასევე, ამის თანმდევი, უცხო იმპერიების მიერ თავსმოხვეული ქართველთა არმენიზაციის პროცესი.
საზოგადოდ, დასადგენია ქრისტიანობის პირველ IV-VIII საუკუნეებში ძველი ქართლის სამეფოს საზღვრები, რადგანაც მის ფარგლებში ახორციელებდა მცხეთის ანუ ქართლის საკათალიკოსო თავის იურისდიქციას, აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე, ანუ თითქმის მე-9 ს-მდე.
თუმცა კი, ამჟამად ქართულ ისტორიოგრაფიაში სადავოა ძველი ქართლის სამეფოს საზღვრები.
როგორც აღინიშნა, ეროვნული წყაროები ცნობენ ორ ქართლის სამეფოს, პირველი დაარსდა მეფე ფარნავაზის დროს და, როგორც ითქვა, დაიშალა მე-8 ს-ში, ხოლო მეორე ქართლის სამეფო დაარსდა 1490 წელს.
მათი საზღვრები სხვადასხვაა, პირველი ქართლის სამეფოს საზღვარი დასავლეთის მიმართულებით იყო შავი ზღვა და მდ. ეგრისწყალი და შემდეგ კლისურა, ხოლო ახალი ქართლის სამეფოს დასავლეთი საზღვარი ლიხის ქედზე გადიოდა. სხვაობა არის არსებითი, მემატიანეთა მიერ მოცემული ამ მტკიცების არგათავლისწინება სავალალო შედეგის მომტანია ეკლესიის ისტორიის შესწავლისას.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ძველი ისტორიოგრაფიის თანახმად, აღნიშნულ საუკუნეებში ქართლის სამეფოს დასავლეთ საზღვარს წარმოადგენდა შავი ზღვა და მდინარე ეგრისწყალი (მე-5 საუკუნიდან მდ. კლისურა), აღმოსავლეთის საზღვარს _ სომხეთი და ალაბანეთი.
ამ საკითხის მიმართ ახალი ქართული ისტორიოგრაფიის მტკიცება განსხვავებულია. IV-VIII საუკუნეებში, მისი აზრით, ქართული ეკლესია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს მოიცავდა, ლიხის ქედიდან თელავამდე. მისი მტკიცებით კახეთის უმეტესი ნაწილი თელავის გულგულადან ვიდრე შაქამდე თითქოსდა ალაბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა, ხოლო დასავლეთ საქართველო _ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში.
ამ და სხვა სადავო საკითხებს იხილავს საეკლესიო გეოგრაფია.
- განიხილება ძირითადი ქართული ქრისტიანული ოლქების (საკათალიკოსოების) საზღვრები, ასევე მათი საეკლესიო ცენტრების ადგილმდებარეობა, ასეთები იყო ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები, ასევე ხუნძეთისა და ტაოს ეფემერული საკათალიკოსოები, რომელნიც მხოლოდ დროის მცირე პერიოდებში არსებობდა.
- ყურადღება ექცევა, რომ წყაროთა თანახმად, თავდაპირველად ქართლის საკათალიკოსო მოიცავდა დასავლეთ საქართველოსაც აღნიშნულ საზღვრებში (კლისურადან ლიხამდე), შემდეგ კი, მე-8 , უფრო კი მე-9 ს-დან (830 წლიდან) ქართლის საკათალიკოსომ, სამეფო ხელისუფლებასთან ერთად, ერთიანი ქართული ეკლესიის ადმინისტრაციული მმართელობის გაადვილების მიზნით, ჩამოაყალიბა აფხაზეთის საკათალიკოსო და მას გადასცა მიწ-აწყალი ლიხის ქედიდან ვიდრე მდ. კლისურამდე („ამან ბაგრატ (მეფემ) განაჩინა კათალიკოსი აფხაზეთს“).
- დიდი ყურადღება ეთმობა საკათალიკოსოთა საზღვრების გარდა ქართველი და სხვა ხალხების, ეთნიკური ჯგუფებისა თუ ტომების განსახლების საზღვრების დადგენას. ასევე, მოციქულთა და წმიდა ნინოს გზებს, მისიონერთა მოღვაწეობას, მომლოცველობას, ქრიტიანული ცენტრების ლოკალიზაციას და სხვა. შქმნილია შესაბამისი რუკები.
- დაინტერესებული საზოგადოება იღებს პრობლემათა შესახებ ცოდნას სხვადასხვა წერილობითი და არქეოლოგიური წყაროის ურთიერთ- შეჯერებით.
- მკითხველს, ძველქართული ქრისტიანული კულტურის სამყაროს შეცნობით და ქართული ქრისტიანული ტრადიციების შესწავლით, უვითარდება მყარი სამოქალაქო ცნობიერება, უმტკიცდება საეკლესიო თვითშემეცნება.
- საბოლოოდ, საქართველოს საეკლესიო გეოგრაფია, როგორც დისციპლინა, მკითხველს ანდა სტუდენტს უადვილებს ანტიკური საქართველოსა და შუა საუკუნეთა ქართული ქრისტიანული სამყაროს შემეცნებას.
- დიდი და მცირე კოლხეთის გეოგრაფია
(კოლხური კულტურის არტეფაქტები რეგიონების მიხედვით)
ჩვენამდე მოღწეული წყაროების ანალიზი უფლებას იძლევა ითქვას, რომ არსებობდა „დიდი კოლხეთი“ და „მცირე კოლხეთი“, მათ შორის მრავალსაუკუნოვანი წყვეტილია.
დიდი კოლხეთი ერქვა მიწა-წყალს გვიან ბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქაში (ანუ ძვ, წ. II ათასწლეულის შუა წლებიდან I ათასწლეულის შუამდე).
დიდი კოლხეთის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ბრინჯაოს ეპოქის არქეოლოგიური, ე.წ. „კოლხური კულტურა“.
რაც შეეხება „მცირე კოლხეთს“, ის იყო ელინისტური ეპოქის (უფრო სტრაბონის ხანის) კოლხეთი, მცირე და ვიწრო ზღვისპირა ქვეყანა ჭოროხის ხეობიდან ვიდრე ამჟამინდელ თურქულ ქალაქ ხოფამდე, ანუ ხუფათადე.
ვინაიდან, დიდ კოლხეთის არსებობა ივარაუდება დაახლოებით ქრისტეშობამდე 1500 წლიდან ძვ. წ. 500 წლამდე, და ის მოიცავთა დიდ მიწაწყალს, რომელზეც შემდგომ ისტორიული საქართველოს სახელმწიფო დაეფუძნა, ხოლო მცირე კოლხეთი, სხვა რეგიონში, ჭოროხიდან ტრაპეზუნტის მიმართულებით არსებობდა, ამიტომ დიდი კოლხეთის სახელმწიფოებრივი მემკვიდრედ ძველი წყაროების თანახმად, გვევლინება ეგრისის ერისთავ ქუჯისა და მეფე ფარნავაზის მიერ დაარსებული სახელმწიფო – შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთამდე, ამასთანავე ქრონოლოგიებიც თავსებადები არიან – დიდი კოლხეთი ძვ. წ. 1500-500 წლებში და ქუჯი-ფარნავაზის სახელმწიფო დაარსებული ძვ. წ. 400-300 წლებში.
დიდი, ანუ ბრინჯაო-ადრერკინის ეპოქის კოლხეთის გეოგრაფია
კოლხური არქეოლოგიური ანუ დიდი კოლხეთის კულტურა ზოგადქართული კულტურის მტკიცე საფუძველია და ის მოიცავდა არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას, რაზეც კოლხური კულტურის არტეფაქტები მიუთითებს.
ამის აღნიშვნა აუცილებელია, რადგანაც ამჟამად არასწორადაა დანერგილი თვალსაზრისი, თითქოსდა, კოლხური კულტურა მხოლოდ დასავლურქართულია, რომ, თითქოსდა, ჩვენს ქვეყანაში იმთავითვე არსებობდა ორი კულტურა – აღმოსავლურქართული და დასავლურქართული, რაც არასწორია.
დიდი კოლხეთის დროს, ანუ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ეპოქაში ძვ. წ. მე-2 ათასწლეულის შუიდან, ვიდრე თითქმის ძვ. წ. 1 ათასწლეულის შუამდე, მისი კულტურა მოიცავდა თითქმის თანამედროვე სრულ საქართველოს თბილის-დიღომიდან, გორ-ცხინვალიდან, ჯავა-თრიალეთიდან, ლორე-ლალვარიდან ვიდრე თურქეთის ორდუმდე, აფხაზეთის გაგრამდე და ურეკამდე ჭოროხის ხეობისა და რაჭა-ლეჩხუმის ჩათვლით.
მტკიცებანი, რომ კოლხურ ეპოქაში არსებობდა ორი კულტურა, ე.წ. დასავლურქართული და აღმოსავლურქართული არ დასტურდება არც წერილობითი წყაროებით და არც არქეოლოგიური მასალით, არტეფაქტები ერთიანი კულტურის არსებობას მიუთითებს.
მაგალითად, დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილს შეადგენს მისი ბარი ანუ რიონის ხეობა ქუთაისიდან ვიდრე შავ ზღვამდე, რომელზეც კოლხური კულტურის არტეფაქტები გაცილებით მცირეა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა კი ისაა დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილი.
პირიქით, კოლხური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი იყო დასავლეთ საქართველოს მთიან მხარეები, აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად.
ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ის, რომ დაბლობში ქუთაისიდან ზღვამდე, მდ. რიონი ქმნიდა გადაულახავ ჭაობებს, რომელიც მხოლოდ მე-20 საუკუნეში უდიდესი ძალისხმევით დააშრო მსოფლიოს უდიდესმა იმპერიამ სსრკ-მ.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ დაბლობზე, ანუ დასავლეთ საქართველოს ცენტრში, სოფლებისა და ქალაქების წარმოქმნა.
ჩვენი წყაროებიც მიუთითებს თვით ქუთაისის სანახებში უვარგისი ჰაერის შესახებ მე-12 საუკუნეშიც, უფრო ადრე ამას მიუთითებდა გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც აქ სამონასტრო ადგილიც კი ვერ შეარჩია უვარგისი ჰაერის გამო.
თავისთავად დაჭაობებული გარემო ნიშნავდა მალარიით დაავადებას, სიცოცხლის შემოკლებას.
რიონის ვაკის დაჭაობების გამო ისტორიულ გურიასა და ეგრისს არ ამ დაბლობზე გააჩნდა კულტურის ცენტრები, არამედ ასეთი კერები იყო მთიან ზოლში, ჭყონდიდიდან ვიდრე მდინარე ეგრისწყლამდე (და მე-5 ს. შემდეგ კი, მდინარე კლისურამდე), რომელიც მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა.
ამ დაჭაობების გამო ეგრისის მთიან რეგიონში მეტად აღმოჩნდა კოლხური კულტურის არტეფაქტები, დაბლობში კი, მხოლოდ ორიოდ ბორცვზე.
რიონის ამ დიდი ჭაობის გამო, გურიასა და ეგრისს ერთმანეთთან არ გააჩნდათ სახმელეთო პირდაპირი კავშირი, ისინი ერთმანეთს მთლიანად მოწყვეტილნი იყვნენ რიონის დაჭაობებული დაბლობით.
ეგრისიდან გურიაში მიმავალ მგზავრს ჯერ იმერეთი უნდა გაევლო და შემდეგ შესულიყო გურიაში, შეასაბამისად, არც გურიის რიონისპირა ველზე და არც სამეგრელოს რიონისპირა ველზე (უფრო სწორად, ჭობებში) აღმოჩენილა კოლხური კულტურის არტეფაქტები ურეკის გარდა, ის იყო ზღვისპირეთი, მაგნეტიტით ანუ რკინით ჭარბი ადგილი, ამიტომაც შესაძლოა აქვე ამზადებდნენ კიდეც შესაბამის არტეფაქტებს.
ანუ, კოლხური კულტურის არტეფაქტები მცირეა რიონის ხეობის სამეგრელოსა და გურიის ნაწილებში, ანუ ე.წ. ცენტრალურ კოლხეთში, და მეტია სამეგრელოს, აჭარის, გურიის, რაჭისა და ლეჩხუმის მთიანეთში, ჭოროხის ხეობასა და აფხაზეთში.
გაცილებით მეტი და მდიდარი კოლხური კულტურის არტეფაქტებია მოპოვებული ქართლში (გორი, დიღომი, თბილისი, თელოვანი, ცხინვალი, სასირეთი, ლალვარი და სხვა), ვიდრე სამეგრელოს ბარსა (ცაიში, მუხურჩა, ერგეტა) და გურიის ბარში (ურეკი).
მკვლევართა მიერ აფხაზეთში გამოკვლეულია შემდეგი კომპლექსები კოლხური კულტურის ძეგლებისა და არტეფაქტების სახით – ეშერა (1934), გაგრა (1971), კულანურხვა და ზვანდრიპში (1969), ზემო ეშერა (1953), გალის განძი, ქვემო ეშერა(1969), ბამბორა (1940), სოხუმი, გუდაუთა (1960) და სხვა (ყველა აფხაზეთში).
დ.ქორიძის ქრონოლოგიაში საუკუნეთა მიხედვითაა მოცემულია შემდეგი გამოკვლეული განძები –
ძვ.წ . XVIII—XVI სს. – ურეკი (გურია)
ძვ.წ . XVI—XIV ს._ ქვიშარა (რაჭა),ს. განთიადი (აფხაზეთი), გაგრა,ბიჭვინთა, ლიხნი (ყველა აფხაზეთი); ერგე (აჭარა), ჭოროხი და ქობულეთი (ყველა აჭარა), ლაილაში (ლეჩხუმი), მელექედური (გურია), დიმი (იმერეთი), ფარცხანაყანევი (იმერეთი), გორი (ქართლი);
ძვ.წ . XIII-XII სს. – ზენითი (ქობულეთი) (1935), სასირეთი (ქართლი), დიღომი (ქართლი), ორდუ (თურქეთი) , უდე (სამცხე);
ძვ.წ . XII-XI სს. – ვაკიჯვარი(ოზურგეთი, გურია), შრომა (ოზურგრთი), ართვინი (თურქეთი), ჩაისუბანი (ხელვაჩაური, აჭარა), ბობოყვათი (ქობულეთი, აჭარა), ზენითი (ქობულეთი (1926 г.), ციხისძირი (ქობულეთი), მაკვანეთი (ოზურგეთი), ოფშკვითი (წყალტუბო) საქარა და სიმონეთი (იმერეთი), დარკვეთი (იმერეთი), ლაილაში (ლეჩხუმი), თელოვანი (ქართლი);
ძვ.წ . IX-X სს. — ერგე (აჭარა), ლაილაში (ლეჩხუმი), ცხინვალი (ქართლი), ახალქალაქი (ჯავახეთი), ბაჟათუბანი (ხარაგაული, იმერეთი), ცაგერი (ლეჩხუმი), გუტური (ჩოხატაური), დიდი ვანი, ბუგეული, თხმორი (რაჭა), თაგილონი (გალი, აფხაზეთი);
ძვ.წ . X-VIII სს. — ოყურეში (ცაგერი, ლეჩხუმი), ხვიშარა (რაჭა),ლუხვანო (ლეჩხუმი), პერევი (იმერეთი), ცოისი (ცხინვალი, ქართლი), ლესიჭინე (ჩხოროწყუ, სამეგრელო), სურმუში (ცაგერი, ლეჩხუმი), ხევი, , სინათლე (ამბროლაური, რაჭა), მეჩხისციხე, ოჯოლა (ტყიბული, იერეთი), ჭალა, ჯვარი, დღნორისა, ბათუმი, ტოლა, საფუძვრები (ქართლი) ,
ძვ.წ . VII-VII სს. — ურეკი-კაპროვანა (გურია), ბზვანი (იმერეთი), შუახევი (აჭარა), კურზუ (მარტვილი, სამეგრელო)
А.Ю. Скаков, К изучению хронологии колхидской культуры. Российская археология. 2005. № 3. с.16-24 https://ru.wikipedia.org/wiki/Колхидская_культура
- Учеными исследованы следующие клады, проводимые в хронологии по Д. Л. Коридзе[4] :
XVIII–XVI вв. — Уреки
XV–XIV вв. — Квишара, Пиленково, Гагра, Пицунда, Лыхны, Эрге, Чорохи, Кобулети, Лайлаши, Эрге (Земо-Кочо), Мелекедури, Дими, Парцханаканеви, Гори;
XIII–XII вв. — Зенити (2 находки 1935 г.), Сасирети, Дигоми, Орду, Удэ;
XII–XI вв. — Вакиджвари, Шрома, Артвин, Кара-дере, Чаисубани, Бобоквати, Зенити (1926 г.), Цихисдзири-Самеба, Макванети, Опшквити, Сакара, Земо-Симонети, Дарквети, Лайлаши (ГЭ), Теловани;
IX–X вв. — Эрге, Лайлаши, Цхинвали, Ахалкалаки, Бежатубани, Цагери, Гутури, Диди Вани, Бугеули, Тхмори, Тагилони;
X–VIII вв. — Окуреши, Квишара, Лухвано, Переви, Цоиси, Лесичине, Сурмуши, Хеви, Синатле, Мехчис-Цихе, Оджоли, Чала, Джвари, Дгнориса, Калвата, окрестности Батуми (1914 г.), Тола, Сапудзвреби
VIII–VII вв. — Уреки (Капровина), Бзвани, Шуахеви, Курзу;
Установленные очаги обработки металлов (локальные фрагменты культуры):
— бассейн р. Чорохи, Аджария
— район Рачинского хребта
— район Лечхумского хребта
Большинство ученых отмечают, что Колхидская культура имеет много общего с кобанской культурой[1], особенно по артефактам бронзолитейного производства.
აქედანაც ჩანს, რომ კოლხური კულტურის არტეფაქტებით თანაფარდად მდიდარია ქართლი თავისი სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილებით ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოს მთიანი ზოლი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ვაკეს, რომელსაც ამჟამად კოლხეთის დაბლობს უწოდებენ, აქ ძალზე მცირეა ანდა თითქმის არ არის (რამდენიმე ბორცვის გარდა) კოლხური კულტურის არტეფაქტები, კოლხეთის დაბლობზე შესაწავლილია ნასოფლარები დიხაგუძუბა (ა. ჟანტურია, ნ. ხოშტარია), ნაოხვამუ (გ. ნიორაძე), დაბლაგომი (ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია), ნოსირი (დ. ქორიძე), ჭალადიდი, მუხურჩა, ნამჭედური და სხვა. მართალია, მათი ზოგიერთი ფენა კოლხური კულტურის საფეხურს განეკუთვნება, შეიცავს ძალურ და თიხალესილ ნაგებობათა ნაშთებს, კერამიკას, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღსა და ხელსაწყოს, ცხოველთა ძვლებს და სხვა. ნაწარმთა ნარჩენებს, მაგრამ განძებისა და სამარხებისათვის დამახასიათებელი ნივთები ნამოსახლარებში იშვიათია, სამარხებში კი მცირეა ნამოსახლარისათვის ტიპური ჭურჭელი
შესწავლილია კოლხეთის დაბლობზე (პალურის (წალენჯიხა, სამეგრელო) , მუხურჩის (მარტვილი, სამეგრელო) ნიგვზიანის (ლანჩხუთი, გურია), გორაძირის (საჩხერე, იმერეთი) კოლექტიური სამაროვნები მეორადი დაკრძალვით (ან კრემაციით) და სხვა.
(კალანდაძე ა., სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები, სოხ., 1953; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
https://ka.wikipedia.org/wiki/კოლხური კულტურა
ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ კოლხური კულტურა თანაბრად მოიცავდა სრულიად საქართველოს და ის არ არის ლოკალური დასავლურქართული კულტურა, ის ზოგადქართული ანუ პროტოქართული კულტურაა და მიუთითებს ჩვენი წყაროების სიმართლეს, რომ საქართველოს მუდამ ერთიანი კულტურა მოიცავდა.
თვით ვანის ცნობილი საგანძურიც კი დღესდღეობით შეცდომით მიიჩნევა დასავლურქართულ კულტურად, სინამდვილეში, ისიც ზოგადქართულია, რადგანაც ახალგორის განძის თითქმის სრული ანალოგიაა.
ახალგორისა და ვანის განძები ერთი კულტურის ნაყოფია, ის აქემენიდების ეპოქის ხელოვნების ქართული გამოძახილია, აღსანიშნავია, რომ ვანში, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, მაზდეანური კულტთაყვანისცემის არტეფაქტებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს ამ აზრს.
ივანე ჯავახიშვილმაც გამოიკვლია, რომ ჯერ კიდევ წარმართობის დროს, ქრისტეშობამდე, მთელი ისტორიული საქართველოს მიწა-წყალზე, ქართულ ტომებს აერთიანებდათ საერთო წარმართული კულტი და მისი მსახურების საერთო ქართული ენა.
ეს ქართულენოვანი წარმართული კულტურა მოიცავდა სრულიად საქართველოს, განვრცობილი იყო მათ შორის სვანეთსა და სამეგრელოში, თანახმად ივ. ჯავახიშვილის კვლევისა.
ივანე ჯავახიშვილი ამ რეგიონებში საერთო ქართული წარმართული საკულტმსახურო ენის კვლევისას მიუთითებდა, რომ ყველა ქართულ ტომს, წარმართობის ეპოქაშიც კი, საერთო ქართულენოვანი კულტურა გააჩნადათ და ამით ისინი ეროვნული მთლიანობას უმთავრეს ნიშანს ატარებდნენ.
ამ მტკიცებას ადასტურებს კოლხური კულტურის არტეფაქტების განვრცობა როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან ნაწილებში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
როგორც ითქვა, დასავლეთ საქართველოს ცენტრში, რომელიც რიონის ხეობის ვრცელი ბარია, ნაკლებადაა მოპოვებული კოლხური კულტურის არტეფაქტები, უფრო უხვადაა სამეგრელოს, გურიის, რაჭის, აფხაზეთის, ლეჩხუმის, აჭარის მთიან რეგიონებსა და ქართლსა და მიმდებარე ვრცელ რეგიონებში.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ არასწორია ამჟამად საყოველთაოდ განვრცობილი მტკიცება, რომ კოლხური არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი- I ათასწლეულის I ნახევარი) მოიცავდა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, ვინაიდან კოლხური კულტურის ძეგლები და არტეფაქტები მრავლადაა აღმოჩენილი აღმოსავლეთ საქართველოსა და ზოგადად ქართველი ხალხის უძველესი საცხოვრისის მთელ მიწა-წყალზე – ამჟამინდლი თურქეთის ქ. ორდუდან და ართვინიდან ვიდრე სევანისტბისპირეთამდე, ლალვარამდე და ჩრდილოეთამდე (ჯავისა და ყაზბეგის რაიონების ჩათვლით).
მაგალითად, კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებთ გეოგრაფიული არეალის უკეთ დადგენის თვალსაზრისით, კოლხური კულტურის ძეგლები აღმოჩენილია – გორში, კასპის სასირეთში, თეთრიწყაროს საფუძვრებში, თბილისის დიღომში, მცხეთის თელოვანში, ჯავის წოისში, ცხინვალში, უდეში, ახალქალაქში, საერთოდ, მოიცავდა მთელ ისტორიულ საქართველოს და სცილდებოდა მის საზღვრებს (ორდუ, ართვინი, მეხჩისციხე თურქეთში).
დიღმის განძი, 1960 წლის მარტში დიღმის თეთრი დუქნის წინ, გზის გაფართოება-დადაბლების დროს, თვითმთხრელმა ამოყარა ბრინჯაოს სამი საომარი ცული, ე. წ. ჩუგლუგები,
ორდუს განძი, ორდუში აღმოჩენილ განძის ერთი ნაწილი (4 ცული) სტოკჰოლმის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული.
უდეს განძი, 1956 წ. სოფ. უდეში (ადიგენის რაიონი), მდ. ქვაბლიანის მარჯვენა სანაპიროზე მიწის სამუშაოების დროს 1.5 მ სიღრმეზე აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის ნივთების განძი (ასზე მეტი ნივთი). მასში შედის: 4 ცული.
ართვინის განძი აღმოჩენილია 1932 წ. ართვინის მახლობლად ერთ-ერთ მიტოვებულ მაღაროში. განძის შემადგენლობაშია: I სახეობის კოლხური ცულის ორი ეგზემპლარი.
ცხინვალის განძი დაცულია საქ. სახ. მუზეუმში. განძის შემადგენლობაში შემდეგი ნივთებია: კოლხური ცული 5 ცალი.
ახალქალაქის განძი (საქ. სახ. მუზეუმი, ინვ. 65-08) ნაპოვნი ყოფილა 1908 წ. გორის სოფ. ახალქალაქში.
წოისის განძი (ჯავის რაიონი) ძეგლის შემადგენლობაში ყოფილა კოლხური ცული 7 ცალი, ორი ცული, იმავე წელს ე. პჩელინას წაუღია ლენინგრადში.
მეხჩის ციხის (ახლანდ. თურქეთი) განძი.
საფუძვრების განძი. აღმოჩენილია 1959 წ. თეთრიწყაროს რაიონის სოფ. საფუძვრების მახლობლად, მდ. მზისწყაროს მარჯვენა სანაპიროსთა.
ყაზბეგის განძი ნაპოვნია 1874 წ. საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის დროს ს. სტეფანწმინდაში (ყაზბეგი), აღმოჩენის ადგილას არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია გ. ფილიმონოვს და სხვებს.
ზოდების განძი კალადან (სვანეთი). მოქ. რ. პირველს სოფ. კალაში შემთხვევით უპოვნია.
პატარა გარეჯვარის განძი (გორის რაიონი) დაცულია გორის მუზეუმში (ინვ. 18-39:1 –-პვ) და ძირითადად ზოდებისაგან შედგება (31 ზოდია).
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/498249/1/Kolxuri_Kulturis_Istoriisatvis_1965.pdf
დასკვნა
დიდი კოლხური ბრინჯაო-ადრერკინის კულტურა ზოგადქართული იყო. მოიცავდა ვრცელ არეალს და არ იყო კონკრეტულად ლოკალური, დასავლურქართული ადგილობრივი კულტურა,
კოლხური კულტურის ზოგადქართულობა მიუთითებს ჩვენი წყაროების სიმართლეს, რომ საქართველოს მუდამ ერთიანი კულტურა მოიცავდა.
რაც შეეხება ე.წ. მცირე ანუ სტრაბონის ეპოქის ელინისტური ხანის კოლხეთის გეოგრაფიას, ის, როგორც ითქვა მდებარეობდა ჭოროხსა და ტრაპეზუნტს შორის, ვინაიდან ასე აღწერს მას სტრაბონი. მისი ეპოქის კოლხეთი იყო, როგორც ითქვა ვიწრო ზღვისპირა ქვეყანა მოქცეული ზღვასა და ლაზისტან-არსიანის ქედს შორის ჭოროხიდან ტრაპეზუნტის მიმართულებით, რომაულ-ბიზანტიურ გამგებლობაში, დასახლებული ქართველური ტომებით.
ეს ტერიტორია, ოდესღაც წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ნაწილს, რომელიც უცხოელთა აგრესიის შედეგად დაიკარგა, ხოლო დიდი კოლხეთის მიწაწყალი გახდა საფუძველი ზოგადქართული სახელმწიფოებრიობისა.
ვინაიდან, ჩვენს მიერ გამოთქმული აზრი, განსხვავებული სიახლეა, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მას, რათა უფრო ნატელი გახდეს მკითხველისათვის.
ე.წ. მცირე კოლხეთს ასე აღწერს სტრაბონი-
მცირე კოლხეთის გეოგრაფია
(მცირე ანუ ელინისტური ხანის კოლხეთი)
ელინისტური ხანის კოლხეთი (ანუ მცირე კოლხეთი) ნაწილი იყო პონტოს იმპერიისა ანუ პონტოს სამეფოსი, ბერძნული ელინისტური სახელმწიფოსი (ძვ. 302-ახ.წ.62), რომელიც ევქსინის პონტოს ანუ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ჩამოყალიბდა. მისი საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით აღწევდა მდინარე ფაზისამდე, ბიზანტიის ცნობილი მკვლევარის შარლ დილის ცნობით.
მცირე კოლხეთი მდებარეობდა მდინარე ფაზისის მარცხენა სანაპიროს მხარეს და ის ოდნავ მოგვიანებით დაიპყრო პონტოს სამეფომ.
მცირე კოლხეთს შესანიშნავად აღწერს სტრაბონი, მისი ნაშრომიდან ნათლად ჩანს, რომ მცირე კოლხეთი იყო ზღვისპირას მდებარე გეოგრაფიულად წაგრძელებული ფორმის ქვეყანა, სიგრძით ხოფა-ხუფათიდან ვიდრე მდ. ფაზისამდე, სიგანით – ზღვიდან მაღალ მთებამდე, ესაა ამჟამინდელი ქობულეთ-ბათუმიდან რიზე-ათინამდე მდებარე მხარე.
მაშასადამე, სულ სხვა გეოგრაფიული ქვეყანა იყო დიდი კოლხეთი, რომლის კოლხური კულტურის არეალი ფარავდა ისტორიულ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს და მისგან სრულებით განსხვავდებოდა ელინისტური ხანის ე.წ. მცირე კოლხეთი, იქ მცხოვრებთა შესახებ ცნობებს სტრაბონის გარდა იძლევა ქსენოფონტე და სხვები.
ამ ეპოქის კოლხეთის ანუ ე.წ. „მცირე კოლხეთის“ შესახებ ბევრს წერს სტრაბონი, რაც გამოწვლილვით გვაქვს განხილული ჩვენს წიგნში „სტრაბონი კოლხეთის შესახებ“. სტრაბონის ცნობით, ამ ეპოქის კოლხეთი შედიოდა პონტოს სამეფოში, რომლის ცნობილი დედოფალი იყო პითადორიდა (ძვ. წ. 30-ახ.წ. 38). ის დედ-მამის მხრიდან იყო გამოჩენილი რომაელი კონსულისა და მდიდარი ბერძნის შთამომავალი, მეუღლე პოლემონის პონტოს მეფე პოლემონ 1-ისა. დაქვრივების შემდეგ გახდა პონტოს სრულუფლებიანი დედოფალი, წმინდა ანდრია მოციქულის მიმოსვლაში პონტო-ლაზიკის მხარეებში მგზავრობის დროს ხშირად ნახსენები ქვრივი დედოფალი, შეიძლება იყოს პითადორიდა. რადგანაც ის მეორეჯერაც დაქვრივდა მეორე მეუღლის კაბადოკიის მეფე არქელაეს გარდაცვალების შემდეგ. ის სიკვდილამდე ინარჩუნებდა ქვრივი მმართველი დედოფლის პატივს. პონტოსთან ერთად გარკვეულ წლებში ის კოლხეთის დედოფლადაც იწოდებოდა, რომელთაც მართავდა თავის ქალიშვილ, ასევე ქვრივ ანტონია ტრიფენასთან (Άντωνία Τρύφαινα 10-55 წწ.) ერთად, მისი (პითადორიდას) მმართველობის ბოლო წლებში უნდა მისულიყო მის ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული. ამ მოსაზრების ვარაუდს იძლევა მეორე მსგავსი ვერსია, რომ ხსენებული ანტონია ტრიფენა წმიდა მოციქულ პავლეს ქადაგებათა გავლენით გაქრისტიანდა (მცირე აზიის ქალაქ კიზიკში).
პითადორიდას კოლხეთი, რომელსაც სტრაბონი აღწერს, მდებარეობდა მდ. რიონის მარცხენა სანაპიროდან ტრაპეზუნტის მიმართულებით, და შესაბამისად, მას არ შეიძლებოდა ჰქონდა კავშირი ადიღეურ-აფსუა ტომებთან, როგორც ამჟამად მიიჩნევა. ამ კოლხეთის ქვეშ იგულისხმება არა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ეპოქის დიდი კოლხეთი, რომელიც მთელ ქართველურ სამყაროს მოიცავდა, არამედ აღნიშნული ელინისტური ხანისა, ის იყო გაცილებით მცირე ქვეყანა, მისი უმეტესი ნაწილი განლაგებული უმეტესად ჭოროხის (ფაზისის) შესართავთან. ის იყო ვიწრო ქვეყანა მოქცეული მაღალ კლდეებსა და ზღვას შუა ხუფათიდან (პეტრადან) ვიდრე მდ. სუფსამდე ანდა რიონამდე.
სტრაბონი კარგად აღწერს, რომ ის (კოლხიდა) იყო ვიწრო ზღვისპირა ზოლი მაღალ მთებსა და ზღვას შორის (ამჟამინდელი ბათუმიდან თურქეთის ხოფამდე), ანუ ის იყო ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, რომელიც დაიპყრო პონტოს სამეფომ (ე.წ. კლიენტ-ვასალის უფლებით).
მცირე კოლხეთის ადგილმდებარეობა
ამჟამად, სამწუხაროდ, როგორც რამდენჯერმე აღინიშნა, არასწორადაა წარმოდგენილი სტრაბონის ძვირფასი ცნობები კოლხეთის მიმართ, თითქოსდა ისინი ეხებიან დასავლეთ საქართველოს მთლიანობაში, სინამდვილეში სტრაბონის ცნობების გამოწვლილვით ანალიზი, ანუ მისი ყოველი წინადადების განმარტება, სრულად ნათლად ხატავს სურათს, რომ მისი ეპოქის კოლხეთი მოიცავდა არა დასავლეთ, არამედ ისტორიულ სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს. რადგანაც მისი მრავალგზისი მითითებით, კოლხიდა მდებარეობდა არა იბერიის დასავლეთით, არამედ მის სამხრეთ-დასავლეთით, ანუ მისი კოლხიდა ის ქვეყანაა, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება ჭოროხის შესართავის ჩათვლით. მის ეპოქაში კოლხიდა იბერიის სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობდა.
თუ სწორად მოვახდენთ სტრაბონის ცნობებში ნახსენები პუნქტების ლოკალიზებას, საფიქრებელია, მივალთ სწორ დასკვნამდე, მაგალითად მისი პუნქტი პიტიუნტი არის არა აფხაზეთის ბიჭვინთა, არამედ რიზე-ათინას რეგიონში მდებარე პუნქტი. მაგალითად, სტრაბონის ცნობით, კოლხიდის „სანაპირო ვრცელდება პიტიუნტიდან ტრაპეზუნტამდე“ (იქვე, თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბ. გეოგრაფია, გვ. 283).
პიტიუნტის ადგილმდებარეობა დღემდე სადავოა. კერძოდ, ნ. ადონცი და პ. ინგოროყვა პიტიუნტს (პიტიას) ათავსებდნენ რიზესთან ახლოს პუნქტ ოფთან. სხვა მოსაზრებებით კი, აქ იგულისხმება აფხაზეთის ბიჭვინთა. ზემოთ აღნიშნულიდან, რომ კოლხიდა – არმენიის გასწვრივაა, „ერთ ხაზზეა არმენიასთან“, უფრო სავარაუდოა, რომ სტრაბონის პიტიუნტი იყო ოფ-რიზეს რეგიონში.
სტრაბონი წერს – კოლხიდის გასწვრივ, „ერთ ხაზზე“ – არმენიაა,
ანდა ახდენს უფრო ზუსტ ლოკალიზებას – „კოლხიდა ამისოსთანაა“ (სამსუნთანაა).
მსგავსია სტრაბონის ცნობა, რომ იბერები ცხოვრობდნენ არა კოლხიდის მარჯვნივ, არამედ „ზემოთ ის წერს – „კოლხიდის ზემოთ მცხოვრები ალბანები და იბერები“.
ანდა სხვაგან წერს, რომ იბერები კოლხიდის „ზემოთ“ ცხოვრობდნენ – „იბერები დასახლდნენ კოლხიდის ზემოთ არაქსთან“.
სტრაბონის თვალსაზრისით, კავკასიაში იბერები გადმოსახლდნენ „დასავლეთის იბერიიდან“, ანუ ესპანეთიდან, და ისინი დასახლდნენ არა კოლხიდის გასწრივ მდებარე ადგილებში, არამედ – კოლხიდის ზემოთ, არაქსთან და მის იქით: „დასავლეთის იბერთა ნაწილი გადასახლდა პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში (იბერები, აპოლიდორეს მტკიცების თანახმად, არმენიას ესაზღვრებიან არაქსით, უფრო კი მტკვრით და მოსხური მთებით). ეგვიპტელთა ნაწილი ეთიოპიასა და კოლხებში გადასახლდა“ (სტრაბონი, I, 3, 21. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, გვ. 81).
მაშასადამე, აქაც იბერები კოლხიდის ზემოთ ცხოვრობენ მდ. არაქსის მიმართულებით. მაშასადამე, კოლხეთს სტრაბონი არ უწოდებს დასავლეთ საქართველოს, რადგანაც დასავლეთ საქართველოს „ზემოთ“ არაა მდ. არაქსი!
კოლხეთი – ტრაპეზუნტთან მდებარეობდა – ის წერს: „ტავრების მთიანეთში არის მთა ტრაპეზუნტი, თანამოსახელე იმ ქალაქისა, რომელიც მდებარეობს ტიბარანიასა და კოლხიდასთან“ (სტრაბ. VII, 4, 3).
ფაზისი – „არმენიის მდინარეა“
სტრაბონის ცნობით – სათავე მდინარე ფაზისისა (ე.ი. ჭოროხი) მოექცა არმენიაში და შესაბამისად ამ არმენიიდან იღებდა ის სათავეს (სტრაბ. XI, 2, 17).
ფაზისის სათავე არმენიაშია – „სათავე არმენიიდან აქვს, რომელიც ღებულობს გლავკოსსა და ჰიპოსს, მახლობელი მთებიდან გამომდინარეთ“ (იქვე, გვ. 123).
ჩვენში გავრცელებული აზრით გლავკოსი არის ყვირილა (იქვე, გვ. 275), ხოლო ჰიპოსი – ცხენისწყალი (იქვე, გვ. 301).
სტრაბონის ცნობით, გლავკოსისა და ჰიპოსის სათავეები არმენიის მთების მახლობელადაა, თუ ეს ასეა, ანუ მაშინ ცხენისწყლისა (ჰიპოსის) და ყვირილას (გლავკოსის) სათავეებიც არმენიის მახლობელ მთებში უნდა ვეძიოთ. ცხენისწყლის სათავეც არმენიაშია?
მაგრამ ჩანს, რომ გლავკოსი და ჰიპოსი არიან ფაზისის ანუ ჭოროხის შენაკადები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. რომელთა სათავეები არიან სპერ-არსიანის მთებში, რომელთა მახლობელი მიწა-წყალი მართლაც შედიოდა არმენიაში, რადგანაც, სტრაბონისავე ცნობით, იბერიისაგან იყო მიტაცებული.
მცირე კოლხეთი – პონტოს ერთი ნაწილი
როგორც ითქვა, სტრაბონის დროს კოლხეთს პითოდორიდა მართავდა, რომელმაც ორჯერ მოასწრო დაქვრივება. საერთოდ, ის იყო პონტოს დედოფალი. მეუღლე იყო პონტოს მეფის პოლემონისა, მისი გარდაცვალების შემდეგ შეირთო არქელაუსმა – კაპადოკია-სომხეთის ერთი ნაწილის მეფემ.
მითრიდატე პონტოელი უფრო ადრე ფლობდა კოლხეთს, სადაც გამგებლად თავისი მეგობარი მოაფრენი (სტრაბონის ბიძა) გაგზავნა. მითრიდატეს დაცემის შემდეგ კი კოლხეთი პოლემონს გადაეცა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე „მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკიაზე და ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებზე“ (იქვე, თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, 1957, გვ. 125). ფარნაკია – პონტოს ქალაქი იყო, ტრაპეზუნტის მადლობლად (იქვე, გვ. 298) თემისკარასთან ახლოს, მის მაღლა ცხოვრობდნენ ტიბარენები, ქალდები და სანები. მიიჩნევა, რომ ფარნაკია უფრო ქალდების (ე.ი. ხალიბების) მიწაზე მდებარეობდა (იქვე, გვ. 298). აქ ნახსენები „სანები“ ჩანს, რომ ჭანებია.
მაშასადამე, დედოფალი მართავდა პონტოსა და ტრაპეზუნტის რეგიონის მიწას, მათ შორის კოლხეთს, რომელიც ფაზისამდე (ე.ი. ჭოროხამდე აღწევდა). მაშასადამე, სტრაბონის ეპოქაში, კოლხეთი ერქვა მიწ-აწყალს ტრაპეზუნტიდან ფაზისამდე. და ის იყო პონტოს სამეფოს ერთი ნაწილი.
შესაბამისად, ეგრისის საერისთავო არ შედიოდა პონტოს სამეფოში.

რუკა: პონტოს სამეფოს მიერ დაკავებული ტერიტორია მითრიდატეს პირველი ომის შემდეგ
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/55/Pontus.png
აფხაზეთი პონტოში?
ოფიციალური რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ძვ.წ. მე-2 საუკუნისათვის აფხაზეთი და მთელი კოლხეთი შედიოდა პონტოს მეფის მითრიდატე ევპატორის დაქვემდებარების ქვეშ.В конце II века до н. э. Aбхазия, как и вся Колхида, находилась в подчинении понтийского царя Митридата VI Евпатора, https://ria.ru/20120814/722748974.html
ამ ცნობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია აფხაზეთი ყოფილიყო პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, რადგანაც პონტოს სამეფოს აღმოსავლეთი საზღვარი აღწევდა მხოლოდ მდ. ფაზისამდე ბიზანტიის გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსისი შარლ დილის კვლევით.
შავი ზღვისპირეთის მდ. ფაზისს კი ბერძნულ სამყაროში ძირითადად უწოდებდნენ მდ. ჭოროხს, თუნდაც მდ. რიონი რომ იყოს ფაზისი, როგორც ამჟამად მიიჩნევა, მაინც, რადგანაც პონტოს სამეფო აღწევდა მდ. ფაზისამდე, აფხაზეთი, თუნდაც სამეგრელოს ჩათვლით, არ შედიოდა პონტოს სამეფოში, ასეთ შემთხვევაში მეტ დამაჯერებლობას იძენს ქართული წყარო, რომელიც მიიჩნევს, რომ რიონის მარჯვენა ვრცელი სანაპიროს მხარე, არგვეთი, ეგრისი ვიდრე მდ. ეგრისწყლამდე (ოჩამჩირემდე) შედიოდა საერთოქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ანუ ამ მიმართულებით ქართლის სამეფოს საზღვარი გადიოდა მდ. ეგრისწყალზე. მხოლოდ ამჟამინდელი ოჩამჩირედან ჩრდილოეთით მოიკიდა ფეხი ბერძნულმა კოლონიზაციამ.
მართალაც, ქართული წყაროების შესაბამისია რეალური ფაქტი იმისა, რომ ბერძნული კოლონიები მართალაც მდ. ეგრისწყლის ჩრდილოეთით მდეარეობდნენ ზღვის პირას, ანუ გიენიოსი (ოჩამჩირის), დიოსკურიის, პიტიუნტის, ჰერაკლიას (ანაკლიას) ბერძნული კოლონიები აღნიშნული მდინარის ეგრისწყლის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ რადგანაც მდ. ფაზისი იყო მდ. ჭოროხი, ფაზისის ბერძნული კოლონიაც ჭოროხის ზღვის შესართავთან მდებარეობდა, აქვე იყო პუნქტი ბათისი ამჟამინდელ ბათუმთან.
გარდა ფაზისის, დიოსკურიის, პიტიუნტისა ასევე ბერძნებს ჰქონდათ კოლონიები : აფსარ(სარფი), იკონია(გონიო), ჰერაკლეა( ანაკლია),გიენოსი(ოჩამჩირე), ბათის.
ყველა ქართული წყაროს ცნობით ძვ. წ. მე-3 საუკუნედან ვიდრე ვახტანგ გორგასლამდე ქართლის სამეფოს საზღვარი გადიოდა მდ. ეგრისწყალზე, ეს მტკიცება არ ეწინააღმდეგება ბერძნულ წყაროებს.
შეცდომას უშვებენ თანამედროვე მეცნიერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თითქოსდა, მთელი დასავლეთ საქართველო შედიოდა პონტოს სამეფოში. როგორც ითქვა, პონტოს სამეფოს საზღვარი აღწევდა მდ. ფაზისამდე, ანუ მდ. ფაზისის მარცხენა სანაპირომდე, ხოლო ქართულ წყაროების ყურადღების ქვეშაა ამ მდინარის მარჯვენა სანაპირო და მიაჩნიათ, რომ მთელი ეს ქვეყანა მდ. ეგრისწყლამდე შედიოდა ქართლის სამეფოში.
ძველბერძენი კოლონისტები აფხაზეთში
რაც შეეხება ბერძენ კოლონისტებს ან ბერძნულ ქალაქებს დასავლეთ საქართველოში, ქართული წყაროები აქაც მართლდებიან, რადგანაც ცნობებით ბერძნები ანუ ბერძენი კოლონისტები თავიანთ პუნქტებს და კოლონიებს აფუძნებდნენ მდინარე ეგრისწყლის იქით ანუ ეგრისწყლის ჩრდილოეთის მიმართულებით, თანამედროვე სახელდებით ოჩამჩირედან სოჭის მიმართულებით.
ქართული წყაროები ასახელებენ საუკუნეებსაც, ანუ ეპოქას, რომელიც მთლიანად ეთანადება ქალაქ მილეტის გააქტიურებას ამ მიმართულებით, როცა ის თავის კოლონიებს აარსებდა ამ მხარეში ეგრისწყლის იქით, ეს ყოფილა ე.წ. „მამასახლისობის ეპოქა“ ანუ ძვ. წ.VI-IV საუკუნეები.
პუნქტების არასწორი ლოკალიზაცია
წყაროებში მოცემული პუნქტების სწორად ლოკალიზებას განსაკუთრებით შეუშალა ხელი ნ. მარმა, როდესაც მან დასავლეთ საქართველოს ტოპონიმები მიაკუთვნა აფხაზ-აფსუათა წინაპრებს. ამასთანავე, მან ქართული წყაროები „სრულებით უვარგისად“ გამოაცხადა დასავლეთ საქართველოს მიმართ.
Н. Марр, топонимы в западной Грузии (Аджария, Гурия, Сванети, Рача) приписывал якобы жившим здесь около 5000 лет назад предкам абхазов.
https://www.dzeglebi.ge/rus/statiebi/istoria/abxazia_danie_pred.html
ნ. მარმა, დასავლეთ საქართველოს ტოპონიმები (გურია-აჭარაში, სვანეთსა თუ რაჭაში) მიაკუთვნა აფხაზთა წინაპრებს, რომელნიც აქ თითქოსდა 5000 წლის წინ ცხოვრობდნენ. საბჭოთა დროს ეს კონცეფცია განავრცეს დ. გულიამ,ს. ჯანაშიამ, ი. ჯავახიშვილმა და სხვებმა იმ საფუძველზე, თითქოსდა, მდინარეთა სახელწოდებანი და საკუთარი სახელები „აფხაზურ-ადიღეური ეტიმოლოგიისა“ იყო, წერს ვებგვერდი.
https://www.dzeglebi.ge/rus/statiebi/istoria/abxazia_danie_pred.html
В советское время эту концепцию развили Д. Гулия, С. Джанашиа, И. Джавахишвили и др. На основании названий рек и личных имен с «абхазо-черкесской этимологией»
Д. Гулия, как уже отмечалось, объявил весь Западный Кавказ, Армению и Турцию исторической территорией предков абхазского народа.
შეიძლება დავასკვნათ – ზოგადეროვნული კულტურა, რომელიც ამჟამად ცნობილია „კოლხური კულტურის“ სახელით, იყო არა ლოკალური კულტურა დასავლეთ საქართველოში, არამედ ის ფარავდა სრულიად ისტორიული საქართველოს ტერიტორიას და ქართველთა განსახლების ტერიტორიას.
საბჭოთა ისტორიოგრაფიის იდეოლოგია „ორი კულტურის“ შესახებ
ნაშრომის მიზანია აჩვენოს, რომ იდეოლოგია,თითქოსდა, ანტიკურ პერიოდში საქართველო ორ ნაწილად იყო დაყოფილი ორი განსაზღვრული იდენტობით – იბერიულად და კოლხურად – არის საბჭოთა ეპოქის თეორია.
მის უარსაყოფად დაიწერა ჩვენი კვლევა, კიდევ ერთხელ ორიოდე მაგალითც კი აჩვენებს , რომ ის არასწორია,ამ პერიოდის ბერძენ-რომაელი ავტორები, მაგალითად, სტრაბონი, სრულიად ნათლად წერს თავის ნაშრომში, რომ ამ ეპოქის კოლხიდა მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არა იბერიის მარცხნივ, არამედ „იბერიის ქვემოთ, არმენიის გასწვრივ“, ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ტრაპეზუნტიდან ჭოროხის ხეობის ჩათვლით), ამიტომაც ის ხშირად მიუთითებს, რომ „იბერია კოლხეთის მაღლა“ მდებარეობდა, რომ კოლხიდას აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა არა იბერია, არამედ არმენია, ხოლო იბერიის დასავლეთით ცხოვრობდნენ ჰენიოხები დ სხვა ქართული ტომები. ამის შესახებ იხ. სპეციალური გამოკვლევა „სტრაბონი კოლხეთის შეასახებ“.
ანდა, ბრილის საგანძურის კვლევა, ის აჩვენებს, რომ მის შემქმნელს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილისა და ქართლის სამხრეთ ნაწილის ანუ თრიალეთის მოსახლეობასთან და არა დასავლეთ საქართველოს ოლქებთან, ანუ ეს კულტურა ზოგადქართულია და კულტურის ერთიანობაზე მიუთითებსა და არა დასავლეთ საქართველოს განყენებულ კულტურაზე, რაზეც აპელირებენ ამჟამად, ანუ ბრილის კულტურა არა მხოლოდ დასავლურქართულია, არამედ ზოგადქართული – მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალანდელი დიგორის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.
https://oni.gov.ge/?page_id=5435
თუ არას ვიტყვით ქორიძის ზემოთ ნაჩვენებ სიასთან კოლხური კულტურის განძების ისტორიული საქართველოს უდიდეს ნაწილზე მისი განფენით და არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. ასეთი არქეოლოგიური ფაქტები და წერილობითი წყაროები მრავალია.
მსგავსადვე, ვანის საგანძური თითქმის იგივეა, რაც ახალგორის იმავე ეპოქის საგანძურისა, რასაც საგულდაგულოდ მალავენ შესაბამისი არქეოლოგები, ამიტომ თუ არსებობდა კოლხეთის სამეფო, ის ზოგადქართული იყო, რადგანაც ვანში აღმოჩენილი კულტურა იდენტურია ახალგორისა და მცხეთის კულტურებისა.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, კოლხური კულტურა ზოგადქართველური ანდა წინარექართველური კულტურაა, ამის თქმის უფლებას იძლევა ყველაზე უძველესი წყარო კოლხების შესახებ, ცნობა (ფრაგმენტი 188), რომ „მოსხები კოლხური ტომია“, ესაა კოლხების შესახებ არსებული ერთ-ერთი ყველაზე უძველესი წყარო, თანაც მისი ავტორი პირადად იცნობდა კოლხურ სამყაროს.
ამ მნიშვნელოვან ცნობაში ნათქვამი, რომ „მოსხები კოლხური ტომია“, იგივეა, რაც „კოლხები მოსხური ტომია“ ნიშნავს, რომ ძვ.წ. მე-3 ს–ში საერთო ქართული ანდა ე.წ. ზანურ–ქართული ენა ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ დაშლილი, ასევე ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას იძლევა ის ფაქტიც, რომ კოლხური კულტურის განძი მოპოვებულია თურქეთში, ქ. ორდუში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა თუ მთიანეთში, იმჟამად ქართლში შემავალ სევანის ტბისპრეთში და სხვა, რომელიც იმჟამად (კოლხური კულტურის ხანაში) ჯერ კიდევ ერთიან პროტოქართულ რეგიონში შედიოდა.
თუ ასეა, ამ შემთხვევაში არასწორია ოფიციალური ზოგადად მიღებული დასკვნა, რომ კოლხური კულტურა დასავლეთ საქართველოს კულტურაა (Колхидская культура (груз. კოლხური კულტურა) — археологическая культура на территории Западной Грузии[1], одними из носителей которой были колхи — древние западно-грузинские племена).
ასეთი საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრი არასწორია.
მაშასადამე, ბრინჯაოს ეპოქის არქეოლოგია ადასტურებს წერილობით წყაროს, რომ მესხები კოლხური ტომია, ანდა პირიქით, მოსხები და კოლხები ერთიანი კულტურის მატარებელი თემებია.
ქართულ მეცნიერებაში უსაფუძვლოდაა გაბატონებული დოგმა, რომ კოლხური კულტურა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტომებისა და მოსახლეობის კულტურაა, ხოლო აღმოსავლურქართული ისტორიულად სხვაა, ასეთმა თეორიამ ჩამოაყალიბა მტკიცება, თითქოსდა, ისტორიულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა (თავისი ენითა და კულტურით) სხვა ეთნიკურ ერთობას წარმოადგენდა, აღმოსავლური კი სხვა, ანუ ისტორიული საქართველოს მიწა-წყალზე არსებობდა ორი სხვადასხვა კულტურა, ორი ეთნოსი და ორი ხალხი. ასეთი მტკიცება დევს კიდეც სამთავრობო საიტზე
აქ, ამ ოფიციალურ საიტზე ნათქვამია –
„ქვეყნის სახელწოდება – საქართველო, მომდინარეობს ისტორიული მხარის – ქართლის სახელიდან. გეოგრაფიულად საქართველო იყოფა ორ ნაწილად _ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. ვითარებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი კულტურა, დასავლეთ ქართული – კოლხური და აღმოსავლეთ ქართული – იბერიული. ფარნავაზმა ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე შექმნა პირველი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო – ქართლის სამეფო”.
https://www.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=193%E2%80%A626.11.2020.##4
ამ მცდარი თეორიისაგან განსხვავებით სულ სხვას ამტკიცებდა ძველი ქართული ისტორიოგრაფია, კერძოდ, „მოქცევაი ქართლისაის“ ავტორი, მასთან ერთად, ლეონტი მროველი, ჯუანშერ ჯუანშერიანი, არსენ ბერი, სხვადასხვა მოღვაწე, მათ შორის დიდი ჭყონდიდელები (საუკუნეთა მანძილზე), იოანე ლაზი, იოანე მინჩხი, სხვა უამრავი მოღვაწე დასავლეთ საქართველოდან, იქაური ყოველი ძეგლი, წიგნი თუ წარწერა, მათ გარდა, სახელოვანი ისტორიკოსები_ ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე და ბოლოს დიდი ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი, რომ ისტორიულად საქართველოში არსებობდა არა ორი, არამედ ერთი ქართული კულტურა, რომელიც საფუძვლად დაედო ქართველი ერისა და პირველი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მეფე ფარნავაზისა და ქუჯი ერისთავის დროს ძვ. წ. IV-III საუკუნეებში.
ორი კულტურის თეორია შლის, ხოლო ძველქართული ამთლიანებს საქართველოს.
დასკვნა
დიდი და მცირე კოლხეთი სხვადასხვა გეოგრაფიული ერთეულები იყო, ამასთანავე სხვადასხვა ეპოქისა.
პირველი, ბრინჯაო-ადრერკინის კოლხური კულტურა მოიცავდა პროტოქართველური სამყაროს ვრცელ გეოგრაფიულ არეალს ამჟამინდელი თურქეთის ორდუდან, ვიდრე სომხეთის ლალვარამდე და ამჟამინდელი რუსეთის კავკასიისპირა ზოგიერტ ოლქამდე,
ხოლო, მცირე ანუ ელინისტური ეპოქის კოლხეთი, აღწერილი სტრაბონისა და სხვა ავტორების მიერ, ვიწრო ზღვისპირა ზოლი იყო ჭოროხსა და ტრაპეზუნტს შუა, უმეტესად ლაზებით დასახლებული.
შესაბამისად, დიდი კოლხეთის არქეოლოგიური კულტურა ფარავდა ისტორიულ საქართველოს ანუ ის ზოგადქართული კულტურა იყო და გაქრა დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნისათვის, მისი არეალი, ეროვნული წყაროების ცნობით, ძვ. წ. IV-III სს.-ში შეავსო ქუჯი-ფარნავაზის პირველმა ერთიანმა ქართულმა სახელმწიფომ, ხოლო მცირე კოლხეთი სტრაბონისა და სხვა უცხოელი ავტორების ცნობებით მოიცავდა მიწა-წყალს ჭოროხის ხეობიდან ვიდრე ამჟამინდელ თურქეთში მდებარე ხოფამდე (ხუფატამდე), თანაც ისინი სხვადასხვა ეპოქებს მოიცავდა, დიდი კოლხეთი_ ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას, ხოლო მცირე კოლხეთი _ ელინისტურ პერიოდს.
დიდი კოლხეთი ერქვა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური არქეოლოგიური კულტურის მქონე ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა ქართველი ხალხის განსახლების მთელ არეალს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს (ამ კულტურის ძეგლების აღმოჩენების შესაბამისად).
მისი განვითარება შეწყვიტა კიმერიელთა და ჩრდილოკავკასიის მომთაბარეთა შემოსევებმა, ძვ. წ. VIII-VII სს.-ში ძვ. წ.მე-6 საუკუნის შემდეგ, ვიდრე ძვ. წ. მე-4 ს-მდე, დასავლეთ საქართველო შედიოდა მცხეთის სამამასახლისოში ქართული წყაროების, მათ შორის ვახუშტის ცნობებით.
მცხეთელი მამასახლისი სათავეში ედგა სახელმწიფოებრივ სტრუქტურას (მცხეთის სამამასახლისოს), რომელშიც ასევე დასავლეთ საქართველოც შედიოდა.
ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მცხეთელი მამასახლისის სახლისშვილისა და მის ქვემდებარე, ანუ მცხეთელი მამასახლისის მოხელის ეგრისელი ქუჯის შეკავშირების შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი პირველი ქართული სახელმწიფო – ქართლის სამეფო.
მცხეთელი მამასახლისი უფლად ანუ ზემდგომად ითვლებოდა სხვა რეგიონების მმართველთათვის, ამიტომაც ეგრისის მმართველს ფარნავაზმა – მცხეთელი მამასახლისის მემკვიდრემ ასე მიმართა –
მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: “მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა … მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: “აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან”.
მაშინ ფარნავაზ … მივიდა ქუჯის თანა და რქუა მას ქუჯი: “შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”. მაშინ შეიერთნეს.
https://www.amsi.ge/istoria/qc/qarTlis_cxovreba_1_3.html
ქუჯის სიტყვები – „შენ ხარ უფალი ჩვენი და მე მონა შენი“ საბჭოთა ისტორიკოსებს არასწორად ესმით, აქ გამოყენებულია არა მონათმფლობელური ტერმინოლოგია, არამედ აქ სიტყვა „უფალით“ ქუჯი გამოხატავს იქამდე არსებული მმართველობითი სამამასახლისო სისტემის აღიარებას, ანუ ფარნავაზი რადგანაც მცხეთელი მამასახლისის მემკვიდრეა, შესაბამისად, ისაა უფალი (იქამდეც მცხეთელი მამასახლისები სამამასახლისო სისტემის მეთაურები ანუ „უფალნი“ იყვნენ).
სამამასახლისო სისტემის ერთ-ერთი ქვემდებარე მოხელე ქუჯი აქ ნახსენები სიტყვით „მონა“ გამოხატავს, რომ ის არის მოხელე ანუ „ჩინოსანი“ თავისი უფლის განკარგულების ქვემდებარე.
ის, ვითარცა მოხელე, ვალდებულია დაემორჩილოს სისტემის მეთაურს – უფალს, ანუ ამ შემთხვევაში, მცხეთელი მამასახლისის უფლებრივ მემკვიდრე ფარნავაზს.
ქუჯისა და ფარნავაზის მიერ დაფუძნებული ქართლის სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ, ამ საერისთავოთა შორის ერთ-ერთი იყო ეგრისის საერისთავო.
ქართლის სამეფოში ეგრისის გარდა ასევე შედიოდა დასავლეთ საქართველოდან მარგვეთისა და ოძრხის საერისთავოები.
როგორც ითქვა, მცირე კოლხეთი ქართლის სამეფოს გარეთ მდებარეობდა მდ. ჭოროხიდან ხუფათამდე, სტრაბონი კარგად აღწერს მის მდებარეობას, რაც მოცემულია პირველ ტომში.
ჩანს, ეს მიწა-წყალი უკან დაიბრუნა ქართლის სამეფომ, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ქართლის მეფე ვარაზ ბაქარმა 380-იან წლებში დაკარგა. „კლარჯეთი, ბოლო კლარჯეთისა, შევიდა ჯერ რომის, შემდეგ ბიზანტიის სფეროში, ამ მიწა-წყალს უწოდებდნენ ისინი კოლხეთს, ანუ ესაა ელინისტური ხანის მცირე კოლხეთი, მდებარე ჭოროხის ხეობიდან ხუფათამდე.
„ქართლის ცხოვრება“ და ძველი სომხური გეოგრაფია ეგრის ქვეყნისა და ეგრისის შესახებ
სამხრეთ ეგრისი და ჩრდილოეთ ეგრისი
ქართული წყაროების მიხედვით ეგრისი ერქვა დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს, რომელიც შედიოდა ქართლის სახელმწიფოს შემადგენლობაში მეფე ფარნავაზიდან ვიდრე ვახტანგ გორგასლის შვილებამდე, აღმოჩნდა, რომ არსებობდა ასევე მეორე ეგრისიც, რომელიც ჩვენში შედარებით ნაკლებ იყო ცნობილი, თუმცა მის შესახებაც მოიპოვებოდა ცნობები. მაგალითად, ტრაპეზუნტის სანახებს ჩვენს ძველ წყაროებში X ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში ერქვა „სოფელი მეგრელთა”, „სამეგრელო”, ვახუშტი ჭოროხის შესართავთან მდებარე მხარეს რამდენჯერმე „ეგრსს” უწოდებს.
VII ს. „სომხური გეოგრაფია” „ეგრივს” უწოდებს ტრაპეზუნტის სანახებს ჭოროხის შესართავამდე და მისთვის უცნობია რიონისპირა ეგრისი. სომხური წყაროს მიხედვით ეგერთა ქვეყანა ოთხ ნაწილად იყოფოდა. ესენი იყვნენ: მანრალია, ეგრივი, ლაზივი და ჭანიკი (მანრილი, ეგრევიკი, ლაზივი, ჭანეთი)
სად მდებარეობდნენ ეს ქვეყნები? სწორედ მათი მდებარეობის განსაზღვრით მივიღებთ სწორ სურათს, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ეპოქის ქართული ისტორიოგრაფია ამ სომხური წყაროს ეგრივის შემადგენელ ოლქებს არ საზღვრავდა სისწორით, ამიტომაც უშვებდა უმძიმეს შეცდომებს, რომელმაც არასწორი გზით წარმართა საქართველოს ისტორიის კვლევა. კერძოდ, მიიჩნევდნენ, რომ მანრალია თითქოს იყო არგვეთი. არასწორად საზღვრავდნენ მის (მანრალიის) ადგილს და იღებდნენ არასწორ სურათს.
სამხრეთის ეგრისის, ე.ი. ეგრივის დიდი ნაწილი მდებარეობდა არა ზღვის პირზე, არამედ თეოდოსიოპოლის ანუ არზრუმის მიმართულებით და მოიცავდა ვრცელ რეგიონს, კერძოდ, ნ. ადონცი, რომელიც უკეთ იცნობდა სომხურ წყაროებს და სომხეთის მიმდებარე ოლქებს, წერდა, რომ მარდალია და მანრალია მდებარეობდნენ ზიგანა-ბიზანის მხარეებისაკენ, მაშასადამე, არზრუმის ოლქის სიღრმეებში.
ბერძნები, რომლებიც შავი ზღვისპირის კოლონიზაციას ეწეოდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ცხადია, პირველ რიგში, გაეცნენ არა ჩრდილოეთ ეგრისს (ე.ი. რიონისპირეთს), არამედ სამხრეთ ეგრისს (ტრაპეზუნტ-ჭოროხის რეგიონს), უფრო მეტიც, იკვეთება, რომ ბერძნული მითები და ამბები კოლხიდის შესახებ ეხება ასევე სამხრეთ ეგრესს.
სამხრეთ ეგრისი იყო ის კოლხიდა, რომელსაც იცნობდა და უმღეროდა ბერძნული პოეზია. „ჩქარი და მშფოთვარე ფასისი” არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მდინარეს ერქვა! სამხრეთ ეგრისის რეგიონში ერთი დიდი მდინარე გაედინებოდა ასევე ფასისის სახელით ცნობილი, ეს იყო არაქსი. აღსანიშნავია, რომ არაქსს ასევე ერქვა – ეგრი (ე.ი. არაქსს ერქვა ფაზისი და ეგრი). სახელწოდება და ტოპონიმი ეგრი არაქსის ხეობაში გვიანობამდე დარჩა.
არაქსთან ახლოს მდებარეობდა მანრალია (და მარდალია) – ეგრის ანუ სამხრეთ ეგრისის ოლქი სომხური გეოგრაფიის მიხედვით.
სამხრეთის ეგრისი მდებარეობდა იმ საერთაშორისო გზაზე, რომელიც ტრაპეზუნტს სპარსეთთან აერთებდა. ამ გზაზე მდებარეობდა სამხრეთის ეგრისის რეგიონი ჭანეთი (ქალდეა), ასევე აღნიშნული მანრალია და მარდალია. სამხრეთის ეს რაიონები ისტორიული იბერიის პროვინციების ხორძენას, პარიადრეს ან გუგარქის ნაწილი უნდა ყოფილიყო.ისინი, სტრაბონის ცნობით, არმენიამ ჩამოაჭრა იბერიას. მათ უკან დასაბრუნებლად ამ მხარეებისაკენ ილაშქრა ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით კურაპალატმა, გიორგი I-მა. ამ რეგიონის ერთი ნაწილი შემდეგ შედიოდა სამცხე-საათაბაგოში, ნაწილი კი გურიაში.
როგორც ითქვა, სამხრეთის ეგრისი მოიცავდა არზრუმის სამხრეთით მდებარე მხარეებს ვიდრე ტრაპეზუნტამდე და ჭოროხის შესახვევამდე. ამ მიწა-წყალს ვახუშტი მიიჩნევდა „ზემო ქართლის” ნაწილად და ათავსებდა კლარჯეთში.
ვახუშტი, როგორც აღინიშნა, კლარჯეთს უწოდებდა არა მიწა-წყალს არტანუჯ-ლიგანისას, არამედ უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებს თორთომიდან – გურჯი ბოღაზამდე, ტრაპეზუნტამდე და ჭოროხის შესართავამდე, ისპირისა და ჭანეთის ჩათვლით. ასე რომ, „ზემო ქართლის” ნაწილი, ვახუშტისეული კლარჯეთი იგივე სამხრეთ ეგრისია, კლარჯეთი ვახუშტის მიერვე მიიჩნეოდა აზონის მამისეულ ქვეყნად ანუ არიან-ქართლის ნაწილად. არიან-ქართლი – იგივე მეორე ქართლია, როგორც იყო ორი გეოგრაფიული ქართლი, ერთი მცხეთის ქართლი, მეორე კი არიან-ქართლი, ასევე იყო ორი გეოგრაფიული ეგრისი _ რიონის ეგრისი და მეორე – სამხრეთის ანუ ტრაპეზუნტის ეგრისი. „სამხრეთის ეგრისის”, საჭირო ახალი ცნების შემოტანა – სიახლეს შეიტანს საქართველოს ნამდვილი ისტორიის დაწერის საქმეში.
მაშასადამე, ვახუშტის კლარჯეთი იგივე სამხრეთ ეგრისია, სულ სხვა გზით იგივეს ამბობდა ნ. მარი. მისი აზრით, კლარჯეთის თავდაპირველი მოსახლეობა იყო მეგრელ-ჭანური (თუბალ-კაინური), რომელიც, თითქოსდა, შემდგომ გასომხდა.
სომხური გეოგრაფიის ეგრევიკს (ანუ ეგრივს) ასევე ლაზიკას უწოდებდნენ, სადაც განლაგებული იყო ზიგანასა და ლაზთა სხვა საეპისკოპოსოები შემდეგდროინდელი გიუმუშხანეს მხარეს.
“ძველი სომხური გეოგრაფია”
„ეგრის ქვეყნის” ადგილმდებარეობის შესახებ
“ეგრის ქვეყნის” ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს „ძველი სომხური გეოგრაფიიდან” ერთი ადგილის სწორად თარგმნას. კერძოდ, სომხური გეოგრაფიის შესაბამის ადგილს სხვადასხვაგვარად თარგმნიან ცნობილი მეცნიერები – პ. ინგოროყვა, ს. ჯანაშია, დ. მუსხელიშვილი და ბოლოს ნ. ადონცი.
VII საუკუნით დათარიღებული სომხური გეოგრაფიის რამდენიმე რედაქცია არსებობს.
- სომხური გეოგრაფიის „მოკლე რედაქციაში” დ.მუსხელიშვილის სიტყვით შემდეგს ვკითხულობთ – „კოლხეთი არის იგივე ეგრისი… შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”.
ვრცელი რედაქცია ამავე წყაროსი უფრო დაწვრილებით ცნობებს იძლევა. ისიც ჩამოთვლის ზემოხსენებულ პროვინციებს:
“მანვილი (ვარიანტი – მანრილი), ეგრევიკი ანუ საკუთრივ ეგრისი, რომლის კიდეზე არის მდ. ფაზისი, თანამოსახელე ქალაქითურთ და ჭანივი, იგივე ხალდები… აქვს ხუთი ქალაქი: იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა და რიზონი და სხვა ბევრი ემპორიონები, ანუ ზღვისპირა დაბა-ქალაქები, რომელთა შორისაა ტრაპიზონი” – ასე თარგმნის დ. მუსხელიშვილი სომხურ გეოგრაფიას VII საუკუნისა, რომელიც თავის მხრივ რუსულად უთარგმნია და გამოუცია ქ. პატკანოვს 1877 წელს (დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, 2003, გვ. 101).
დ. მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ სომხური გეოგრაფიის მანრილი „უნდა ნიშნავდეს ქართულ მარგვის – არგვეთს, ხოლო ეგრევიკი საკუთრივ ეგრისს – ანუ ქართული წყაროების „შიდა ეგრისს” (იქვე, გვ. 102). აქედან ჩანს, რომ დ. მუსხელიშვილი არაა დარწმუნებული, რომ „მანრილი” არის არგვეთი, და წერს – „უნდა ნიშნავდეს”, მიუხედავად ამისა, შემდგომში ის დაბეჯითებით ავითარებს აზრს, რომ თითქოსდა სომხური გეოგრაფიის ეგრი – დასავლეთ საქართველოა.
- პ.ინგოროყვა დარწმუნებულია ამ საკითხში და ის შესაბამისად თარგმნის კიდეც აღნიშნულ ადგილს:
“კოლხეთი, ე.ი. ეგრი არის ქვეყანა აზიისა და მდებარეობს პონტოს ზღვიდან სარმატიამდე და მდინარე დრაკონიდან ვიდრე კავკასიის მთამდე და მის შტოებამდე, რომელიც ჰყოფს მას ივერიიდან… და იგი განიყოფა ოთხ მცირე ქვეყნად: ა) მარ[გ]ველი-ვი, ბ) ეგრევიკი, რომელ არს საკუთრივ ეგრი, ფასისის მდინარის მოსაზღვრედ, ამავე სახელწოდების (ფასისის) ქალაქითურთ, გ) ლაზივი, დ) ჭანივი, რომელიც არის ხალტეთი (ხალდია), აქვეა ხუთი ქალაქი, იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა, რიზონი და სხვა მრავალნი ნავსადგურნი, ე.ი. ზღვის სანაპირო დაბა-ქალაქნი, რომელთა შორის არის ტრაპეზუნტი” (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 212). პ. ინგოროყვამ მიუთითა 1881 წელს გამოცემული სომხური გეოგრაფია.
აქედან ჩანს, რომ პ. ინგოროყვამ თავისებურად გაიგო წყაროს „მანრილი” და უწოდა მას „მარგველივი”, რისთვისაც მას დასჭირდა სიტყვა „მანრილში” ერთი ასოს – „გ” – განის ჩამატება და „ნ”-ს ამოშლა, რის შედეგადაც მანრილი იქცა მარგველივად ანუ მარგვეთად. ამ მეთოდით გასაგები ხდება, თუ რატომ უწოდა მანრილს პ. ინგოროყვამ მარგვეთი, ვფიქრობ დ. მუსხელიშვილმა გაიმეორა პ. ინგოროყვას თვალსაზრისი, თუმცა ის არ ხსნის, თუ რატომაა წყაროს მანრალი არგვეთი.
- სხვაგვარია ნ. ადონცის განმარტება იმისა, თუ სინამდვილეში სად მდებარეობდა „ეგრის ქვეყნის მხარე მანრალია”.
მანრალია, ნ. ადონცის სიტყვით, მდებარეობდა მდ. ჭოროხის სამხრეთით და მოიცავდა ზღვისპირეთს და მთიან ნაწილებს, მდ. ჭოროხის სათავის მხარეს (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, с. 20).
ადონცის თვალსაზრისი სრულიად განსხვავდება ქართველი მეცნიერების მოსაზრებისაგან, ამასთანავე, უნდა ითქვას ის, რომ საქმე ეხება სომხურ წყაროს, რომელსაც უკეთ იცნობდა ნ. ადონცი, აღიარებული მეცნიერი სწორედ ისტორიული გეოგრაფიის სფეროში, მით უმეტეს შავი ზღვისპირეთისა.
- ამ ზემოთ მოყვანილ ორ თარგმანთან შედარებით, ვფიქრობ, უფრო რეალისტურია ს. ჯანაშიას თარგმანი აღნიშნული ადგილისა – „კოლხეთი, ე.ი. ეგერი, იმყოფება პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს, და ივერიისა და დიდი სომხეთის თანამოსაზღვრეა. ეგერი ოთხ პროვინციად იყოფა: მანრილი, ეგრევიკი, ლაზივი, ჭანეთი, ე.ი. ხალდები” (ს. ჯანაშია, ისტორიული სიმართლის დამახინჯება, 1946, გვ. 22).
აქედან ჩანს, რომ სომხურ გეოგრაფიაში აღნიშნულ მხარეს ერქვა მანრილი და არა მარგველივი, ასევე სომხურ გეოგრაფიაში განხილულ მხარეს ერქვა ეგრი და არა ეგრისი, მის ერთ-ერთ კუთხეს ერქვა ეგრევიკი და არა შიდა ეგრისი.
ნ. ადონცი დაბეჯითებით წერს, რომ ეგრი მდებარეობდა ჭოროხის შესართავთან და მოიცავდა ჭოროხის მარცხენა სანაპიროს მხარეს. რადგანაც, მისი მსჯელობიდან გამომდინარე, სომხური გეოგრაფიის „ფაზისი” ჭოროხია.
ასევე, ექვთიმე მთაწმიდელი და სხვა ძველი მამები „ფაზისს” ჭოროხს უწოდებდნენ.
ამ წყაროში (ძველი სომხური გეოგრაფიია) „სარმატიის” ქვეშ იგულისხმება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი, ხოლო მისი „კავკასიის მთა” – კარჩხალის მთიანეთია (ისტორიულ ოლქ – „საკავკასიძეოსთან” ახლოს), რომლისაგან გამოსული არსიანის ქედი „ეგერიას გამოყოფდა იბერიისაგან”. ამ წყაროში იბერია კოლა-არტაანთან იწყებოდა.ეს წყარო კლარჯეთს ეგერიაში ათავსებდა, ხოლო არტაანს იბერიაში, მათ (ე.ი. ეგერიასა და იბერიას) ერთმანეთისაგან მართლაც ჰყოფს კარჩხალის მთიანეთისაგან გამოსული არსიანის ქედი.
როგორც აღნიშნა ნ. ადონციმ მანრალია მდებარეობდა ჭანეთის მახლობლად, კერძოდ, კარინიდან, იგივე კარნუ-ქალაქიდან 40 კმ დაშორებით.
მისი აზრით, სომხური გეოგრაფიის ქვეყანა ეგრი მოიცავდა ვრცელ მხარეს მდ. ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარეს, ქ. ტრაპეზუნტის ჩათვლით. ამ მხარეს ეკუთვნოდა ჭანეთი და თეოდოსიოპოლისის მხარეები, ანუ ეს იყო ერთიანი შეკრული მხარე. საზოგადოდ არსებობდა ორი ისტორიული მხარე – ერთს ერქვა ეგრისი, მეორეს კი ეგრი. ეგრისი დასავლეთ საქართველოში, ხოლო ეგრი – ტრაპეზუნტთან მდებარეობდა. ეგრს ხშირად ეგრისსაც უწოდებდნენ, ისაა სამხრეთის ეგრისი.
სად მდებარეობდა კოლხეთი აზიაში თუ ევროპაში?
სტრაბონის ცნობით, აზიასა და ევროპას ერთმანეთისაგან ჰყოფდა მდ.ფაზისი – მის მარჯვენა სანაპირო მხარეს ერქვა – ევროპა, ხოლო მარცხენა სანაპირო მხარეს – აზია.
კითხვა ასე დგას – კოლხეთი ფაზისის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა თუ მარცხენა მხარეს?
ამ კითხვის პასუხს გვაძლევს აღნიშნული VII ს-ის სომხური გეოგრაფია, სადაც ნათქვამია – „კოლხეთი ე.ი. ეგრი არის ქვეყანა აზიისა მდ.ფაზისის ნაპირზე”.
მაშასადამე, კოლხეთი ფაზისის მარცხენა სანაპიროს, „აზიის ქვეყანა” იყო, აზია კი ფასისის მარცხენა სანაპიროდან იწყებოდა.
თუ ფაზისი რიონი იყო, მაშინ ზღვისპირა კოლხეთი ანუ ეგრი თანამედროვე გურია ყოფილა,ხოლო თუ ჭოროხი, მაშინ მისი მარცხენა სანაპიროს ქვეყანა ტრაპეზუნტის მიმართულებით.
ვახუშტის ცნობით, ეგრი ერქვა მხარეს ჭოროხის შესართავთან. მაშასადამე, კოლხეთი ერქვა „სამხრეთ ეგრისის” ქვეყანას ჭოროხიდან ტრაბზონის მიმართულებით.
სომხური გეოგრაფია, როგორც ითქვა, წერს – „კოლხეთი, ე.ი. ეგრი არის ქვეყანა აზიისა და მდებარეობს პონტოს ზღვიდან სარმატიამდე და მდინარე დრაკონიდან ვიდრე კავკასიის მთამდე და მის შტოებამდე, რომელიც ჰყოფს მას ივერიიდან”.
აქ გასაგებადაა აღნიშნული, რომ აზიის ქვეყანა კოლხეთი (ეგრი) სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდ.დრაკონით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიის მთით, რომლის განშტოების იქითაც იბერია მდებარეობს, მის დასავლეთით პონტოს ზღვაა, ჩრდილოეთით სარმატია.
ინტერნეტით გავრცელდა ბ. არუთიუნიანის რუსულენოვანი რუკა – „სომხეთი „აშხარაცოიც”-ისა და სხვა წყაროთა მიხედვით” (კარტოგრაფი ვ. მხიტარიანი, ინტერნეტვერსია – რ. მაჩკალიანისა). ესაა სომხური გეოგრაფიის მიხედვით შექმნილი რუკა, მაგრამ, თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, უფრო ქართიზაციის თეორიის გამოყენებით. კერძოდ, ავტორის მიერ სიხარულითაა გაზიარებული თვალსაზრისი, რომ „მარლინკი” (ე.ი მანრილი, მარლინი) არის არგვეთი – იმერეთი, რომ მდ.დრაკონი მდ.ენგურია, შესაბამისად, ძალზე ჩრდილოეთით გადმოწია რუკის ავტორმა ისტორიული სომხეთის საზღვრები. ამ რუკაზე სომხეთი მოიცავს აჭარას, შავშეთს, სამცხეს, ჯავახეთს, თრიალეთს-მანგლისის ხეობის ჩათვლით, ზედ თბილისამდე.
მაგრამ, თუკი გაზიარებული იქნება ჩემი თვალსაზრისი (სინამდვილეში კი ის ცნობები, რაც მოცემულია სომხურ გეოგრაფიაში), მაშინ სომხეთის საზღვრები საკმაოდ მცირდება, მის დასავლეთით კი აღმოჩნდება სამხრეთ ეგრისის ვრცელი ქართული ქვეყანა, რომელიც აღნიშნული რუკის ავტორმა ბატონმა მხიტარიანმა სომხეთს მიაკუთვნა ისე, რომ სიტყვა „ეგრისი” არც კი უხსენებია.
ვფიქრობ „ქართიზაციის თეორია” ძვირფასი საფუძველი აღმოჩნდა სომეხ მეცნიერთა ხელში ისტორიული სომხეთის საზღვრებში საქართველოს კუთხეთა მოსაქცევად.
მაგალითად, „გეოგრაფიის” მიხედვით მდ.დრაკონი მდებარეობდა ეგრის ქვეყნის სამხრეთით და არა ჩრდილოეთით. მართლაც, ამავე რუკაზე ჩანს ქალაქი დრაკონისი, ის მდებარეობს სამხრეთით, კერძოდ, ტრაბზონის სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი დრაკონისი მდებარეობდა ზიგანას უღელტეხილის ახლოს მდებარე ციხესიმაგრე არგიოკასტორის დასავლეთით. ამ ქალაქთან გაედინებოდა ერთ-ერთი შენაკადი მდ.გაილკეტისა. აი, ეს შენაკადი უნდა იყოს „გეოგრაფიის” მდ.დრაკონი. მის მახლობლად (სამხრეთით) მდებარეობდა ქალაქი „ეგარ” ფუძის მქონე – „ეგეგარიჩი” ამავე რუკის მიხედვით. ამ რეგიონში მრავალი ტოპონიმია „ეგრ” ფუძის მქონე. ამ სამხრეთის მდ.დრაკონიდან ჭოროხამდე და არსიანამდე იყო განვრცობილი სამხრეთის ეგრისი. ხოლო ჩრდილოეგრისი ყუბანამდე და არა ენგურამდე.
რატომ უწოდებს სომხური გეოგრაფია ჩრდილოეთ ეგრისს – სარმატიას?
საქმე ისაა, რომ ვახტანგ გორგასლის შემდეგ აზოვისპირა ჩრდილოური ტომები ბიზანტიამ დაძრა ლაზიკისაკენ, რათა მათ ებრძოლათ სპარსელებთან VI საუკუნესა და VII საუკუნის დასაწყისში. წყაროთა ცნობით, ეს ტომები იყვნენ ალანები, საბირები და ასევე სარმატულად მიჩნეული სხვა ტომები. ბიზანტიის დახმარებით მათ ხელში ჩაიგდეს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სიმაგრეები, ებრძოდნენ დასავლეთ საქართველოს ქართულ ტომებს (მისიმიელებსა და სხვებს). ამიტომაც ჩანს, VII საუკუნის სომხური წყარო ამ საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს სარმატიას უწოდებდა.
არაბთა შემდეგ ბიზანტიის დასუსტებამ ჩრდილოკავკასიაში ასპარეზი გაუხსნა ხაზარებს, რომელნიც ალანებს მტრობდნენ. მათი ზეწოლის შედეგად მომთაბარე ალანებმა მიატოვეს დასავლეთ საქართველოს სიმაგრეები VII ს. ბოლოს.
ეგრს ჰქონდა ხუთი ქალაქი, იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა, რიზონი, მრავალი ნავსადგური, ე.ი. ზღვის სანაპირო დაბა-ქალაქი, რომელთა შორის იყო ტრაპეზუნტი. ეგრს ეკუთვნოდა ქ.ფაზისი, მდებარე მდ. ფაზისის (ჭოროხის) შესართავთან მის მარცხენა სანაპიროზე.
ყველა ეს ქალაქი თუ ნავსადგური ფაზისის ანუ ჭოროხის მარცხენა სანაპიროს მხარეს მდებარეობდა, რადგანაც ეგრი აზიის ქვეყანა იყო.
ამიტომ მანრილი, ეგრევიკი, ჭანეთი და ლაზივი ჭოროხის მარცხენა სანაპიროს ქვეყნები იყო. სად მდებარეობდნენ ისინი?
ჭანეთის ადგილმდებარეობას თვითონ გვამცნობს წყარო – ჭანები ხალდები (ქალდები) ყოფილან. ქალდეა ზიგანასა და სხვა მეზობელ კუთხეებს მოიცავდა რიზე-ტრაბზონის სამხრეთის მთიანეთის რეგიონში.
ეგრის (ეგერის) ნაწილი იყო მანრილი. როგორც ითქვა, ის მდებარეობდა ამ მთიანეთსა და თეოდოსიოპოლისს (არზრუმს) შორის.
ეგრი-ეგერის ყველაზე ჩრდილო ნაწილი იყო ეგრევიკი, უშუალოდ ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე.
სად მდებარეობდა ლაზივი-ლაზიკა? – რადგანაც ტრაბზონიც ეგრის ქალაქი იყო, ჩანს, ზღვისპირი ტრაბზონიდან ეგრევიკამდე ლაზივად იწოდებოდა (საფიქრებელია ხუფათამდე, რადგანაც ის იუსტინიანეს მეფობის ერთ პერიოდში სასაზღვრო პუნქტი იყო).
ყველა ეს პატარა მხარე (მანრილი, ლაზივი, ჭანიკა-ჭანეთი და ეგრევიკი) ქმნიდა ერთ დიდ ქვეყანას ეგრს ანუ ეგერ-კოლხეთს. ეს მხარეები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდნენ ჭოროხის მარცხენა სანაპიროდან ტრაპეზუნტის ჩათვლით და აღნიშნული ქალაქებიც – იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა და რიზონიც იქვე მდებარეობდნენ.
მანრალიის ადგილმდებარეობა ნ. ადონცის მიხედვით
“თავის საცხოვრებელ გარემოში ვითარდება ყოველი ეროვნება, ყალიბდება ხალხის ინდივიდუალური სახე და ისაზღვრება თავისებურება მის მიერ განვილილი გზისა. ამის გამო გარემოს ანალიზი წინ უნდა უძღოდეს ყველა სახის კვლევას ისტორიისა” – წერს ნ. ადონცი (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, გვ.1).
“სასაზღვრო ხაზი ბიზანტიურ (რომაულ) და სპარსულ არმენიას შორის გადიოდა თეოდოსიოპოლისის (არზრუმის) ჩრდილოეთით და ნიზიბინის სამხრეთით (თეოდოსოპოლისი რომაულ არმენიაში, ხოლო ნიზიბინი სპარსულში იყო მოქცეული).
ნიზიბინის ახლოს, ჩრდილო მხარეს, ბიზანტიურ ნაწილში მოქცეული იყო ქალაქი დარა, იმპერატორ ანასტასის დროიდან გამაგრებული ციხე-ქალაქი (მას ეწოდებოდა კიდეც ანასტასიოპოლისი, დაბა ნიზიბინიდან 98 სტადიონით იყო დაშორებული), ბიზანტია-სპარსეთის საზღვარზე მდ. ნიმფაზე მდებარეობდა მარტიროპოლისი – ის მდებარეობდა სოფანენაში (იგივე არქსინა), ამიდის ჩრდილოეთით „ერთი დღის გზაზე, რაც უდრის 210 სტადიონს”. დაახლ. 36-37 კმ.
“ხოსრომ გაიარა დარადან არმენიაში და შევიდა ვასპურაკანის ქვეყანაში” (გვ. 8). პროკოფის აღწერით, მარტიროპოლისთან იყო ადგილი ფეისი სოფანენაში (არმენია), ნახევარი დღის გზაზე (ე.ი. 210/2) – დაახლოებით 8 მილზე – იქ გაუვალი ქედები ერთმანეთს უახლოვდებიან და ქმნიან ორ უღელტეხილს, რომელნიც ერთმანეთთან ახლოს არიან და იწოდებიან კლეისურებად. თუ კაცი მიემართება პერსარმენიიდან სოფანენაში, ამ გადასასვლელებით უნდა ისარგებლოს. ერთ-ერთს უწოდებენ ილირისს, მეორეს საფხაზს” (III, გვ. 250). იუსტინიანემ გაამაგრა ფეისი და კლეისურები.
ევფრატის ვაკეზე თეოდოსიოპოლისის მხარეს სპარსულ-ბიზანტიური ოლქები ხორძიანას ემიჯნებოდა, მდ. გაილთან (ახლანდელი კეგი). ხორძიანა იყო მეოთხე არმენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში. ხორძიანას დასავლეთით პალნატუნი მდებარეობდა. მის სამხრეთით იყო ბალახვიტი ტიგროსის სათავეებში.
ხორძიანის მეზობლად მდებარეობდნენ კანტონები მარდალიქი და მანალიქი, რომელთა სახელები თავისი შემადგენლობით უახლოვდება არტალიქ-არტალის-არტალესონს, (ე.ი. მარდალიქიდან-არტალესონი, მანალიქიდან-მანარილ-მანრალია).
მარდალია – განფენილი იყო კარინამდე. მახლობლად იღებს სათავეს არაქსი, რომელსაც ამჟამად ეგრი ანუ არაზი ჰქვია და იქვეა მანრალია (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908 გვ.. 20).
[მაშასადამე, არაქსს ერქვა ფაზისი, შემდეგ ეგრი, იქ მის სათავესთან იყო მანრალია].
მანრალიის გეოგრაფია
“მარდალიას ხალხალის ქედი ჰყოფდა პერსარმენიისგან. ხალხალის ქედს კუთხით ესაზღვრებოდა დასავლეთის მხრიდან – მანრალია” (იქვე).
ხალხალის ქედს ესაზღვრებოდა ხორძიანა, მანრალია და მარდალია, რომელიც ძველად არტალიად (არტალესონად) იწოდებოდა (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 20). მანრალი მდებარეობდა მხარე ხორძიანასთან «В гору Халхал упирались углом с запада Манралия, с юга Хордзиана» (იქვე). ეგერის ერთ-ერთი მხარე „მანრალიის” შესახებ ნ. ადონცი წერს: «Нам кажется, что часть Хордзианы, примыкавшая при горе Халхаль к Манралии и Мардалии, носила родственное им имя Арталიя, Арталик»(იქვე).
იმ ოლქს, რომელსაც ნ. ადონცი მანრალიას უწოდებს, ზემოთ აღნიშნულ ბ. არუთუნიანის არმენიის VII ს. რუკაზე ეწოდება „მანანაღი”. ამ ოლქს (მანანაღს) უშუალოდ ესაზღვრება ოლქი „მარდაღი” (მარდალია).
რუკაზე ამ ოლქს შორისაა ქედი „მეგედუგხი”. ადონცის ცნობით, მანრალიასა და მარდალიას შორის მოთავსებულ ქედს ებჯინებოდა ოლქი ხორძიანა, მართლაც, ამ რუკაზე ქედი „მეგედუგხი” ერთმანეთისაგან ყოფს ხორძიანას, მანანაღისა და მარდაღის ოლქებს.
მაშასადამე, მარდალია არის ამ რუკის ოლქი მარდაღი (მარდაგი), ხოლო მანრალია ამ რუკის მანანაღი (მანანაგი), რომლებიც ესაზღვრებიან ხორძიანას, სამივე ეს ოლქი, როგორც ითქვა, ებჯინება მეგედუგხის ანუ ხალხალის მთებს, რომელსაც თურქულ რუკაზე „კარაგიოლის მთები” ეწოდება, ერზრუმის სამხრეთით.
აღსანიშნავია, რომ ბ.არუთუნიანის რუკაზე „მანრილკი” ჰქვია მხარეს ქვემო იმერეთში, შორაპანთან, „არგუელკის (მარგუელკის)” ქვემოთ (იგულისხმება არგვეთი). რუკაზე ისინი დატანილია ქართველი ისტორიკოსების გავლენით, ამით რუკის ავტორებს სომხეთის ტერიტორიის გაზრდის საშუალება მიეცათ. ამავე დროს რუკის ლეგენდაში „არგუელკ” (არგვეთი) გამოცხადებულია, როგორც „სატომო კავშირი” (“პლემენნიე სოიუზ”), მაშინ, როცა სინამდვილეში, არგვეთი ქრისტეშობამდე მესამე საუკუნიდან იბერიის სამეფოს ნაწილს შეადგენდა.
“არტალესონი (ხორძიანაში) იხსენიება ხოსროს 576 წლის ლაშქრობის გზაზე, როცა მან არმენიაში ბასიანი გაიარა და რომის საზღვრებში შეიჭრა თეოდოსიოპოლისის მხრიდან (მენანდრე). არტალესიონთან ახლოს მდებარეობდა კიტარიზომი” (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, გვ. 21).
542 წლის ხოსროს ლაშქრობას ნ. ადონცი უწოდებს Двинский поход – დვინის ლაშქრობა (ნ. ადონცი, არმენია გვ. 21). ამ წელს რომაული ჯარი იდგა კიტარიზში, ხორძიანში (არტალესში) და მესამე – ფისში.
კიტარიზი უნდა ყოფილიყო სირიასა და არმენიას შორის. ჩრდილოეთით სასაზღვრო ხაზი ბიზანტია-სპარსეთს შორის გადიოდა მარდალიის იქით თეოდოსიოპოლისის რაიონში, მიჰყვებოდა ქედს, გადაჭიმულს თეოდოსიოპოლისიდან ჭოროხამდე. ეს ქედი ჯერ ერზრუმის მარჯვნიდან მიემართება ჩრდილოეთით დავაბიუნსკიადან, შემდეგ კარგაბაზრის მთებში, რომელიც დასავლეთისაკენ გადაიხრება და უერთდება დუმლის ქედს. კარგაბაზრის ქედის მწვერვალი კანდილი (10230 ფუტი) – ყველაზე მაღალი წერტილია მთათა ამ ჯაჭვისა (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, გვ. 22).
დუმლის ქედი ერზრუმის ქვემოთაა გადაჭიმული და მიემართება ჭოროხის სანაპიროსკენ სპერის მაღლა. ამ სასაზღვრო ხაზზე ბასიანი და ტაიქი (თავისი კანტონებით ბუხა და ოკალით) სპარსულ ნაწილში შედიოდა, რომაულში კი კარინი და შალაგომი იყო. ზედ საზღვარზე, კარინსა და ბასიანს შუა, იყო სოფელი დუ (იქვე, გვ. 23). ასევე აქვე იყო სოფელი ვარდიშენი – ბასიანთან და კარინთან (გვ. 23).
სოფელი დუ ერზრუმიდან ახლოს ახლაცაა. ეს იმითაა საინტერესო, რომ სოფელი დუვი დავით და ტირიჭანის ცხოვრების ადგილია.
ახლა ამ სოფელს ტუია ეწოდება.
კანდილის მწვერვალთან, ზედ საზღვარზე იყო სოფელი ცაგკი, უფრო მაღლა, მდ. თორთომის ვაკეზეა სოფელი გეგიკი და ვარდიშენი, აქ იყო რომაული კანტონი შალაგომი – კარინსა და სპერს შუა. საპირისპირო სპარსულ მხარეს ბასიანში, თეოდოპოლისთან, იყო ბოლის ციხე ვალაშკერტის ახლოს (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, с. 24).
მანრალია – ლაზიკა
სომხური გეოგრაფია, როგორც ითქვა, წერს – „კოლხეთი, ე.ი. ეგერი იმყოფება პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს და ივერიისა და დიდი სომხეთის თანამოსაზღვრეა. ეგერი ოთხ პროვინციად იყოფა: მანრილი, ეგრევიკი, ლაზივი და ჭანეთი, ე.ი. ხალდები” (ს. ჯანაშია, ისტ. სიმართლის დამახინჯება, 1946, გვ. 222).
ნ. ადონცის მიხედვით, მანრალია მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ხალხალის მთასთან, ძველი ტრაპეზუნტისა და თეოდოსიოპოლისს (არზრუმს) შორის. მარდალიის გვერდით. მართალია, მანრალიის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ის მარდალიასთან მდებარეობდა, მარდალიის ადგილმდებარეობა კი ცნობილია – ის თეოდოსიოპოლთან ახლოს იყო, ხალხალის მთასთან.
ნ.ადონცი წერს – „არზრუმიდან 40 კმ-ის დაშორებით აღმართულია ხალხალის მთა, რომელიც საზღვრავს ხორძიანას ჩრდილოეთიდან.
ხორძიანადან გაედინება მდ. გაილი. ხორძიანა, სომხური გეოგრაფიის ცნობით, შედიოდა ე.წ. IV არმენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ხალხალის მთა, ამასთანავე, წარმოადგენდა საზღვარს სპარსულ არმენიასა და მარდალიას შორის. ამავე ხალხალს ებჯინებოდა დასავლეთიდან მანრალია. ნ. ადონცის სიტყვით, ხორძიანას ნაწილს, რომელიც მანრალიასთან მდებარეობდა, ძველად არტალია ერქვა, ციხე-სიმაგრე არტალესონის თანამოსახელე (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, გვ. 20). (იხ. პროკოფი, „შენობათა შესახებ”, 2006, გვ. 101).
ასე რომ, „მანრალია” და ქართული ეგრისი სულ სხვადასხვა ქვეყნებია. სომხური გეოგრაფიის ცნობით, კოლხეთი ანუ ეგერი (ანუ ლაზიკა) მდებარეობდა ტრაპეზუნტსა და არზრუმს შორის (მასში შედიოდა თანამედროვე გიუმიშხანე, ბაიბერდი, კელკიტი, აშკალე, მაშასადამე, ქვეყანა მოქცეული თანამედროვე ტრაპიზონსა, არზრუმსა, ისპირსა და ერზინჯანს შორის. აღსანიშნავია, რომ აქ იყვნენ განლაგებულნი ნოტიციების „ლაზიკის” ქვეყნის ეპარქიები, ნ.ადონცის ცნობით.
აღსანიშნავია, რომ ორი განსხვავებული წყარო – „სომხური გეოგრაფია” და ბერძნული „ნოტიციები” თანხვედრილია ლაზიკის გეოგრაფიის საკითხში.
“პრავოსლავნაია ენციკლოპედიას” – ПЭ-ს ე.წ. სომხურ-ქალკედონური ეპარქიების უმეტესობაც ამ რეგიონშია მითითებული.
სომხური გეოგრაფიის „სარმატია” არის დასავლეთ საქართველო. ის არის „ლაზიკის” ერთი საზღვარი, მეორეა – ივერია, მესამე – „დიდი სომხეთი”. სომხური გეოგრაფიით, „დიდი სომხეთი” ეწოდებოდა ე.წ. სპარსულ არმენიას. ის ესაზღვრებოდა ე.წ. დასავლეთ არმენიას, ანუ ბიზანტიურ არმენიას. მაშასადამე, ლაზეთი მოიაზრება არმენიის ქვეყნად, რომელიც აღნიშნულ საზღვრებშია.
ეგრი და მანრალია
მდ. არაქსს ასევე ერქვა სხვა სახელებიც, ფაზისი, ეგრი და არაზი. ცხადია, იგულისხმება არაქსის ზემოწელი, ამ არეალში მდინარის სახელწოდება ეგრი ნიშნეულია იმით, რომ იქვეა ოლქები მანრალია და მარდალია. მარდალიას ეჭირა ოლქი მდინარეებს არაზს, ლიჩიკსა და ტუზლას შორის ხალხალის ქედთან, ხოლო „მანრალიას” ოლქი, ასევე, ემიჯნებოდა ხალხალის ქედს. იქვე იყო ხორძიანის ოლქი, ნ. ადონცის აზრით, ისინი ძველად არტალიის, არტალესონის სახელით იხსე¬ნიებოდნენ დასავლეთ ანუ ბიზანტიურ არმენიაში, პერსარმენიასთან ახლოს (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 20).
როგორც ითქვა, კანდილის (შდრ. სკანდა) მთის ჩრდილოეთით მდ. თორთუმის ხეობაში იყვნენ სოფელი ვარდიშენი და გეგიკი – კარინს და სპერს შუა.
ხოლო თეოდოსიოპოლისი ბასიანის ოლქშია.
პუნქტი ფარანგია, სადაც ოქრო მოიპოვებოდა, იყო ჭანიკის საზღვართან, სადაც იღებს სათავეს მდ. ბოა (ვოა), ესაა მდ. ჭოროხის ზემო დინება (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 25).
აღნიშნული ფარანგიონი – სპერშია (სისპირისში).
ჭანიკას ასევე ქალდეა (ხალდეა) ერქვა. ის იყო ხალდების (ჭანების) ქვეყანა (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 26). – პარხარის ქედზე, ჭოროხის ხეობაში. ჭანიკა ტაოს ესაზღვრებოდა ფარანგიონ-ისპირიდან თუხარისამდე (ამჟამინდელი ხერესი) (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 26). გუგარენას კანტონამდე (გვ. 26) და კლარჯეთამდე.
შემდეგ მდ. ჭოროხი შედიოდა ეგრ-ეგერიაში, როგორც წერს სომხური გეოგრაფია (ნ. ადონცი, არმენია იუსტინიანეს ეპოქაში გვ. 26). ჯერ ჭოროხი გაივლიდა კანტონებს ნიგალს, მრულს და მრიტს და შედიოდა ზღვაში.
ნ. ადონცის აზრით, სახელწოდება ეგერი, ეგერია ამჟამად შემონახულია ფორმით აჭარა (აჭარია) – ხორხისმიერი „გ”-ს პალატურ „ჭ”-ში გადასვლის გამო (ნ. ადონცი, არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, გვ. 26). ჭოროხის აღმოსავლეთი სანაპირო – ტაო და კლარჯეთი სპარსელებს ეჭირათ.
ჭანეთს ეგერთან ერთად გარკვეული თავისუფლება ჰქონდა, თუმცა „რომაულ მიწად” იწოდებოდა, მაგრამ მხოლოდ იუსტინიანეს დროს იქნენ დაპყრობილნი და ვალდებულნი გახდნენ ეცნოთ იმპერატორის ხელისუფლება, რომელმაც ააგო პეტრას ციხე ლაზიკის ბოლოში, ზღვისპირზე, ჭოროხის შესართავთან (გვ. 27). პეტრა – იყო ლაზიკის ბოლო და ასევე იმპერიის ბოლო, იმპერიის საზღვარი იუსტინიანეს ეპოქაში (გვ. 27).
ე.ი. ნიზიბინიდან ჭოროხამდე, რომაელთა თვალსაზრისით, სომხური მიწები ორად – დასავლეთად და აღმოსავლეთად, რომაულ სომხეთად და პერსარმენიად იყვნენ გაყოფილნი (გვ. იყო, 27). ხოლო ლაზიკის უკიდურესი ჩრდილოეთი პეტრას ციხე იმპერიის ბოლო იყო.
ეგერ–ეგრისი
ზაქარია რიტორი თავისი შრომის ბოლო თავში, ნ. ადონცის სიტყვით, წერს იმ 5 მორწმუნე ხალხის ქვეყნების შესახებ, რომლებიც „ჩრდილოეთში” ცხოვრობდნენ. მათ შორისაა „ქვეყანა გურზანი”. ნ. ადონცი განმარტავს – „გურზანი, ე.ი. იბერია. არანი, ე.ი. ალბანია” (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 219).
ნ.ადონცი წერს ჭოროხის შესართავის მიმდებარე მხარის სახელის შესახებ – „შემდეგ მდინარე ჭოროხი შედის ეგერში, ეგერიაში, როგორც აღწერს სომხური გეოგრაფია, რომელიც იქამდე გაივლის ნიგალის, მრულისა და მრიტის კანტონებში და ჩაედინება ზღვაში” (იქვე, გვ. 26). ასევე წერს – „ნიგალის სახელი შემოინახა, როგორც გვეჩვენება, მდ. მურღულის სახელმა, რომელიც ჭოროხს მარცხნიდან უერთდება ართვინის ქვემოთ. ერთ-ერთ შენაკადს მდ. აჭარისა ეწოდება მარატი, მსგავსი მრუტისა, ხოლო მრული შეიძლება შევადაროთ იმერხევს – „მერული” (იქვე, გვ. 26). მაშასადამე, „ეგერის” ოლქი ერქვა ჭოროხის შესართავთან მდებარე მხარეს.
ნ. ადონცის სიტყვით, როგორც ითქვა, სახელწოდება „ეგერი, ეგერია” შემონახულია ამჟამად „აჭარის” ფორმით, რადგანაც ხორხისმიერი „გ” პალატურ „ჭ”-ში გადაიზარდა.
ტერმინი „ეგერია” სომხურ გეოგრაფიაში უფრო ფართო აზრით გამოიყენება და აღნიშნავს მთელი შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროს აფხაზეთიდან – ტრაპეზუნტამდე, ჭანეთის ჩათვლით.
VI ს-ში, ჭოროხის აღმოსავლეთი სანაპირო, ე.ი. ტაო და კლარჯეთი, იყო სპარსელების ხელში – წერს ნ. ადონცი (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 27) და შემდეგ განაგრძობს – „ჭანიკა და მთელი ეგერია, აღნიშნული ფართო აზრით რომ ვთქვათ, შედარებით თავისთავადი იყო” (იქვე, გვ. 27); ე.ი. სპარსელთა და რომაელთა მიერ ქვეყნების გადანაწილების დროს შედარებით თავისთავადობით სარგებლობდნენ (ჭანიკა და ეგერია).
ე.ი. ჭოროხის შესართავს, ნ. ადონცი ეგერიას უწოდებს, მაგრამ ის შედიოდა ლაზიკაში, კერძოდ, მისი აზრით, პეტრა – ლაზიკის სანაპიროზე იყო აშენებული (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 27).
პეტრა, ნ.ადონცის აზრით, ლაზიკის ჩრდილოეთით, ჭოროხის შესართავთან მდებარეობდა (და არა ლაზიკის სამხრეთით – როგორც ამჟამადაა მიღებული). ამასთანავე, პეტრა იმპერიის საზღვარს წარმოადგენდა (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 27), ანუ აქ ეხებოდა ერთმანეთს ბიზანტიის იმპერატორისა და სპარსეთის შაჰების გავლენის სფეროთა ხაზები, მთელი საუკუნის მანძილზე ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს ამ მხარის დასაუფლებლად.
როგორც ავღნიშნეთ, ტრაპეზუნტის მხარეს ქართველები „სოფელი მეგრელთა” სახელს უწოდებდნენ, ხოლო ქართველი მემატიანეებისთვის ეგრისი ერქვა საქართველოს ზღვის სანაპიროს.
ეგერია ნ. ადონცის მიხედვით
“ჭანიკა ანუ ხალდია” – ჭანების ანუ ხალდების ქვეყანას ეჭირა მთიანი მხარე, რომელსაც ქმნის პარხალის ქედი მდ. ჭოროხსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლს შორის ტრაპეზუნტამდე.
ჭოროხის ბარში ჭანიკას ესაზღვრებოდა ტაო – ფარანგიონისპირიდან თუხარისის ციხე-სიმაგრემდე, შემდეგ ჭანიკა ესაზღვრებოდა გუგარენას კანტონს და კლარჯეთს მდ. არტანუჯზე.
“შემდეგ მდ. ჭოროხი შედის ეგერში – ეგერიაში, როგორც „სომხური გეოგრაფია აღწერს”, იქამდე კი გაივლის ნიგალის და მრულის (მრილის) კანტონებს და ჩაედინება ზღვაში” (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 26).
ნიგალის სახელი, ნ.ადონცის აზრით, შეინარჩუნა მდინარე მურღულმა, რომელიც ჭოროხს უერთდება ართვინის ქვემოთ მარცხენა მხრიდან.
VI ს-ში, როგორც ითქვა, ჭოროხის აღმოსავლეთი მხარე, – კლარჯეთი და ტაო, ეკუთვნოდა სპარსელებს, ხოლო ჭანიკა და, საერთოდ, ეგერია, თუმცა რომაულ მიწებზე მდებარეობდნენ, სარგებლობდნენ თავისუფლებით. მათ მხოლოდ იუსტინიანეს ეპოქაში აღიარეს საიმპერატორო ხელისუფლება. იუსტინიანემ ლაზიკის ბოლოში ააგო პეტრას ციხე, ზღვისპირას, ჭოროხის ჩრდილო შესართავთან.
ნ.ადონცი წერს, VI ს-ში, პეტრა შეიძლება ჩავთვალოთ იმპერიის საზღვრად, რომელიც აცალკევებდა იმპერატორისა და სპარს მეფეთა გავლენას. სინამდვილეში, მათ შორის ომი იყო გაჩაღებული ამ მხარის დაუფლებისთვის მთელი 100 წლის მანძილზე”.
მაშასადამე, „სომხური გეოგრაფიის” მხარეები – მანრილი, ეგრევიკი, ლაზივი და ჭანეთი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპეზუნტის მხარეს ჭოროხამდე (Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, 1908, ც. 26-27).
ერგეს ქვეყანა – ვახუშტის მიხედვით
ერგე, ანუ ეგრი, როგორც მრავალჯერ აღინიშნა, ერქვა მიწა-წყალს ჭოროხის შესართავთან. მას მოიხსენიებს VII საუკუნის სომხური გეოგრაფია, ასევე ბატონიშვილი ვახუშტი.
ვახუშტის ცნობიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ერგე მდებარეობდა ჭოროხის შესართავთან იმ ადგილთან ახლოს, სადაც ჭოროხს უერთდება აჭარისწყალი.
ჭოროხი „დის ფრიად ჩქარად, ქვიანსა, კლდიანსა და ხრამოვანსა შინა, სასმისად შემრგო, გემოიანი, სხვებრ ურგები, ვინაიდგან არა რაი კეთდების ანუ ირწყვის თვინიერ ერგეს, გონიას და ბათომს, არამედ ვინაითგან აღვსწერენით ბათომი, გონია და ერგე გურიასა ზედა, აწ ერგეს ზეიდამ ვიწყებთ, აჭარისწყლის შესართავიდამ” (ვახუშტი, ქ.ც. IV, გვ. 676). არიანეს, სტრაბონის, პროკოფისა და სხვა ავტორთა ცნობით მდ.ფაზისი ასევე იყო სასმელად ვარგისი და გემრიელი, ის მიედინებიდა კლდეთა შორის დიდი სიჩქარით ხმოვანებით. იმავეს წერს ვახუშტი ჭოროხის შესახებ, რაც შეეხება მდ.რიონს ის ქუთაისიდან ზღვამდე არა კლდეთა შორის, არამედ ვაკეზე მიედინებოდა დაუსრულებელ ჭაობებში, ამიტომაც, როგორც სხვა ყველა ჭაობის უვარგისი იყო სასმელად.
ვახუტი წერს – „ლიგნის ხეობისათვის”: – „ართვინის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე ჭოროხის ხეობის იმიერი და ამიერი იწოდების ლიგნის ხეობად და არს ეს ლიგნის ხეობა თვინიერ სივიწროვისა ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმონით, ზეთისხილით, ბროწეულით, ლეღვით, ვენახით, ხილით შემკობილი და ქებულნი ბუნებურნი ყოველივე. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებს” (ქ.ც, IV, გვ. 680).
ვახუტი ასევე წერს: „გურიისათვის”… „ზღვის შესართავზედ და ჭოროხის ჩრდილოეთ კიდურზედ არს ბათომი… ამას ზეით, ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესსა ზედა არს ერგე” (იქვე, გვ. 792).
“და ბათომს, გონიას და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი და ზღვის კიდესაცა” (იქვე, 793). ერგე და ლიგანია ის ყოველმხრივ ნაყოფიერი მოხირისი, რომლის შესახებაც წერდა პროკოფი.
სომხურ გეოგრაფიაში (VII ს. ჭოროხის შესართავს ეწოდება „ეგრი”, ვახუშტისთან „ერგე”.
“ერგე” ეტიმოლოგიურად ახლოა სიტყვებთან „არგვეთი”, „მარგალი” და სხვა. „ეგრი” კი სიტყვებთან „ეგრისი”, „გურია” და სხვა.
როგორც ითქვა, ვახუშტის „ლიგნის ხეობა” თავისი უხვნაყოფიერებით წააგავს პროკოფი კესარიელის მიერ აღწერილ ქვეყანა „მოხირისს”.
ვახუშტის ჭოროხი, სიჩქარით და გემოიანობით მიაგავს პროკოფი კესარიელის მიერ აღწერილ მდ. ფასისს. პროკოფის კლდოვანი ლაზიკა უნდა იყოს კლარჯეთი, ხოლო მოხირისი – ერგე-ლიგანი.
ეგრი – ჭოროხის ხეობა ივ. ჯავახიშვილის მიხედვით
აჭარაში, ბათუმთან ახლოს, მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ამჟამადაც არის პუნქტი „ერგე” (იქვეა სოფლები – მახო და აჭარისწყალი). ეს უკანასკნელი ჭოროხისა და მდ. აჭარისწყლის შეერთების ადგილასაა, ოღონდ მარჯვენა სანაპიროზე, ოდესღაც VI საუკუნეში აჭარისწყლისა (დოკონისისა) და ჭოროხის (ფასისი) შეერთების ადგილას ყოფილა პუნქტი „ნესოსი”.
ივ. ჯავახიშვილი წერს – „რაკი ქართულ წყაროებში სრულებით გარკვევით წერია, რომ კლარჯეთი ზღვამდის აღწევდა, ამიტომ ისე გამოდის, რომ „ხევი ნიგალისა” (სუმბატის უწყება), ანუ „ნიგალი” (მატიანე ქართლისა) კლარჯეთის ერთი ნაწილთაგანია” (ივ. ჯავახიშვილი, ტ. II, გვ. 63). მაშასადამე, ისტორიულად, ლიგანი (ლივანა) იყო ნაწილი კლარჯეთისა.
ეტიმოლოგიურად ახლოა არტაანში მდებარე სოფელი „მგლოვანი” და ნიგალი. იყო ასევე სოფელი „მგლინავი”, ხოლო შავშეთში სოფელი „ნორგიალი”. ამავე ფუძისაა სტრაბონის მდ.გლავკოსი, ფაზისის შენაკადი.
კლარჯეთის ნაწილი ყოფილა ასევე ნიგალსა და ზღვას შუა მდებარე „ეგრი”, ანუ „ერგე”. ვახუშტის დროსაც აქ იყო „ერგე”.
ივ. ჯავახიშვილი წერს – „სომხური უსახელო გეოგრაფიიდან ჩანს, რომ კლარჯეთის გვერდით „ეგრი” მდებარეობდა. ეგრზე მიმდინარეობდა ჭოროხი (იქვე, გვ. 63).
შუა საუკუნეებში ბათუმსა და ნიგალს ანუ ლიგანს აქეთ მდებარე სანაპირო გურიად იწოდებოდა (ქვემო გურია), ეტიმოლოგიურად „ეგრი” „ერგე” და გურია ახლოა ერთმანეთთან და ერთი ფუძე „გრ” და „რგ” აქვთ.
ლაზიკის ლოკალიზაცია ძველი ავტორების მიერ
“სომხური გეოგრაფიის” ჭანიკა და ლაზიკა ტრაპეზუნტთან მდებარე ერთიანი ქვეყნის ნაწილებია, ერთმანეთს ზოგჯერ ფარავენ კიდეც. ისინი და იქვე, ტრაპეზუნტის ოლქში მდებარე ეგერია – კოლხიდის ნაწილებია.
ქვეყანა ეგრი განიყოფა ლაზიკად და ჭანიკად და ის ტრაპეზუნტთან მდებარეობს – ასე იკითხება „სომხური გეოგრაფია” VII-IX საუკუნეებისა, ასევე იგებს მას ი. მანანდიანიც – «В Армянской географии» Джаник, Т. Е. страна цанов, или что то же – Лазов, находившийся в районе Трапезунтской области, был составной частью Егерии – Колхиды» (Я. Манандян, Маршруты персидских походов Императора Ираклия, Византииский Вестрик, Т. III, 1950, стр. 148).
სომხური გეოგრაფიით ჭანიკა, ლაზიკა და კოლხიდა ტრაპეზუნტის ოლქში მდებარეობდნენ და მათ ყველას ერთად ეგერია ეწოდებოდათ – მანანდიანის კვლევით.
მთაწმიდიდან გამოსული წყაროს ცნობით – ჰერაკლე „მიიწია ტრაპეზუნტედ, სანახებთა მათ სამეგრელოსათა” (გეორგიკა, IV, ნაწ. II, გვ. 208, 422).
მაშასადამე, ტრაპეზუნტი – სამეგრელოა, სომხური წყაროს – ეგერიაა.
ამასვე წერს ექვთიმე მთაწმიდელის ეპოქის წმ.ანდრიას ცხოვრება – წმ. მოციქული მივიდა „ტრაპეზუნტში სოფელსა შინა მეგრელთასა”.
მაშასადამე, ტრაპეზუნტი – მეგრელთა ქვეყანაა, სამეგრელოა, ანუ ეგერიაა.
როგორც ორი იყო ქართლი (არიან-ქართლი და მცხეთის ქართლი), ისე ორი იყო ეგრისი (ეგერი) – დასავლეთ ქართლის ეგრისი და ბიზანტიის, ანუ ტრაპეზუნტის ეგრი, ეგერია.
მემატიანეები „სოფელი მეგრელთას” შესახებ
ჩვენი მემატიანეები ტრაპიზონის შემოგარენს ძირითადად მოიხსენიებდნენ ორგვარად – „ხალდია” და „სოფელი მეგრელთა”, კერძოდ, „მატიანე ქართლისა” წერს – ბასილი II-მ „დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობლად ქალაქსა ტრაპიზონთასა” (ქ.ც. I, გვ. 285).
ხოლო ლეონტი მროველი წერს – „მოვიდა ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა” (ქ.ც. I, გვ. 39).
მაშასადამე, „ქალდეა” და „სოფელი მეგრელთა” ქართული აზროვნებისთვის სინონიმებია.
მართლაც, „ქალდეა” ეთანადება შემდეგდროინდელ ჭანეთს. აქ აღსანიშნავია ის, რომ სიტყვა „ქალდ” ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, ის ფუძეა, რომლისგანაც წარმოიშვა სიტყვა „ქართლი” და „ქართული”. მაშასადამე, სიტყვა ქალდ საერთო ქართული ერთობის (ქართველურ ენათა დაშლამდე, ანუ ზანურ-ქართული ენობრივი ერთობის) დროინდელი ფუძეა.
ჰერაკლე კეისრის იბერია-სპარსეთში ლაშქრობასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ ის პირველად მივიდა ქვეყანასა „ქალდეისასა” და შემდეგ შევიდა ქართლსა და თბილისში. ქალდეა-ტრაპიზონიდან მას
“კლარჯეთის გზით” შეეძლო თრიალეთში შესვლა.
კოლხეთი და არმენია
ძველი ავტორები, როგორც წესი, ძალზე ხშირად ერთად ახსენებენ კოლხეთსა და არმენიას.
ქსენოფონტეს ცნობით, ტირიბაზი იყო დასავლეთ არმენიის მმართველი და ამავე დროს ლაშქრობის დროს ფასიანებისა და ესპერიტების უფროსი (IV,1,4), აქედანაც ჩანს, რომ ფასიანები, კოლხების უშუალო მეზობლები, არმენიის გვერდით ცხოვრობდნენ, ანუ ერთ რეგიონში.
მითრიდატე ევპატორმა მცირე არმენიას, კოლხეთსა და სოფენაში ააგო 75 ციხე-სიმაგრე, სტრაბონის სიტყვით, რადგანაც მცირე არმენია და სოფენა კოლხეთთან ერთად იხსენიება, აქედან ჩანს, რომ კოლხეთი მათი მომიჯნავე ოლქი იყო.
ეგრისი, როგორც აღინიშნა, ერქვა არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს, არამედ ტრაპეზუნტის მიმდებარე მხარეებსაც. სამხრეთ ეგრისი აღწევდა ჭოროხის შესართავამდე, ხოლო ჩრდილო ეგრისი აქედან (ჭოროხის შესართავიდან) იწყებოდა.
სამხრეთ ეგრისს, ანუ კოლხეთს ესაზღვრებოდა არმენია და ის ზოგჯერ შედიოდა კიდეც „რომაულ არმენიაში”, ხოლო ჩრდილო ეგრისი იბერიაში.
მ. ბერძნიშვილის სიტყვით, როცა 456 წელს რომაელებმა „დაიწყეს ომი ლაზებთან”, ბიზანტიის იმპერატორის კარზე ბჭობდნენ ომში გასამარჯვებლად არმენიის გზით შესეოდნენ კოლხეთს, თუ ტრადიციული გზით ეომათ (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფაზისის ისტორიისთვის, გვ. 80-81). გუბაზ I-ის კოლხეთში ერთ-ერთი გზა არმენიიდან შედიოდა, რადგანაც არმენიის მეზობლად მდებარეობდა.
პონტო-კოლხეთის დედოფლის პითადორიდას ვაჟი, სტრაბონის სიტყვით, დიდი არმენიის მეფედ დაადგინეს. მისი მეორე ვაჟიც გამეფდა არმენიაში არტაქს III-ის სახელით, კოლხეთის ეს ქვრივი დედოფალი იყო მეუღლე პონტოს მეფისა პოლემონის. მისი ვაჟები, როგორც აღინიშნა, არმენიის მეფეებად დაადგინა რომმა ახ.წ. დასაწყისში. (მ. ბერძნიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 134). აქედან ჩანს, კოლხეთ-პონტო-არმენიის ურთიერთმეზობლობა.
თეოფანე ჟამთააღმწერელის სიტყვით – „არმენიელები შეიჭრნენ ლაზიკაში” არაბობის დროს (მ. ბერძნიშვილი, დასახ. ნაშრ გვ. 187), რადგანაც ე.წ. დასავლეთ არმენიას კოლხეთი, ტრაპეზუნტის ოლქები ესაზღვრებოდა.
ამიტომაც წერდა VII საუკუნეში „პასქალური ქრონიკის” ავტორი „არმენიის ქალაქი კოლხისი” (მ. ბერძნიშვილი, დასახ. ნაშრ იქვე, გვ. 183). მისი გამონათქვამი და ასევე VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის თვალსაზრისი „ეგრის” ქვეყნის მდებარეობის შესახებ ერთმანეთის მსგავსია.
სკვითია და იბერები
კოლხეთის ბოლო პუნქტად სკილეს კარიანდელთან, სკიმნოს ქიოსელთან და დიონისიოს პერიეგეტთან მიჩნეულია აფსაროსი, რომელიც კოლხეთის ჩრდილოეთი წერტილი იყო შავ ზღვაზე. მის შემდეგ უკვე მოდიოდა სკვითია, ანუ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი (ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, I, 1967, გვ. 43).
დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთსა და კოლხეთს შორისაა მათი გამყოფი პუნქტი აფსაროსი.
როგორც ცნობილია აფსაროსი ხოფასთან ახლოს, ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა.
ამ ავტორების ცნობით აფსაროსის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალს კოლხეთი ერქვა, ჩრდილიეთით მდებარე ტერიტორიას (ე.ი. დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთს) კი „სკვითია”.
თანამედროვე დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ „სკვითური ტომები” აქეელები, კერკეტები და გელონები (ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, I, 1967, გვ.46).
ხერსონესის აქეთ, „შემდეგ ისევ სკვითები არიან, მათ ქვეყანაში შემდეგი ელინური ქალაქებია – თეოდოსია, კუტაია და ნუმფარა” (იქვე, გვ. 44).
ეს ავტორები მუდამ აღინიშნავენ, რომ ამ სკვითების გვერდით უშუალო მეზობლად იბერიაა (იხ. ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, I, 1967. გვ.43).
ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები აქეელები, კერკეტები და გელონები იყვნენ არა სკვითური არამედ ქართული ტომები.
კერკეტები საბჭოთა ისტორიკოსების მიერ უსაფუძვლოდ ჩერქეზების წინაპრებად იქნა მიჩნეული, თუმცა ეტიმოლოგიურად კერკეტი – გერგეტთან ანუ გეორგიასთან უფროა ახლო (კერკეტი – გერგეტი (გერგ-გეორგ).
ორივე სატომო სახელის (გელონი, კერკეტი) ფუძე-ძირები თითქმის იდენტურია (გელ-გერ, კერკ-გერგ) – გერ-გერგ, რომელთაგანაც შესაძლოა მივიღოთ სახელები – ეგრისი, გურია, არგვეთი.
რატომ იყვნენ ეს ტომები მიჩნეულნი სკვითებად? ბერძნული თეორიით მსოფლიოს კიდეები განსახლებული იყო ოთხი ხალხით – ჩრდილოეთის ყველა ხალხი სკვითებად იწოდებოდა, ამიტომაც მათთვის ჩრდილოეთით მცხოვრებ ქართულ ტომებსაც ზოგჯერ სკვითებს უწოდებენ.
აქეელების, კერკეტების და გელონების შესახებ სხვა მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ეტიმოლოგიური დაკვირვებით უნდა დავკმაყოფილდეთ. სიტყვა გელონის ფუძ-ძირი უნდა იყოს „გელ”, იგივე „გერ”, რომლიდანაც ალბათ შესაძლებელია სიტყვა ეგერ-ეგრისის მიღება (გელონები-გელ-გერ-ეგერ), სიტყვა „კერკეტის” ფუძე-ძირი უნდა იყოს „კერკ”, იგივე „გერგ”, რომლიდანაც ალბათ შესაძლებელია სიტყვა – გეორგ-გეორგიის მიღება (კერკეტები-კერკ-გერგ-გეორგ)
ტოპონიმები
თეოდოსიოპოლიდან (არზრუმიდან) აღმოსავლეთით განფენილ ვრცელ მიწა-წყალზე, თითქმის ვიდრე ვანის ტბამდე გვხვდება მრავალი ტოპონიმი თუ ჰიდრონიმი, რომელნიც მეორდებიან დასავლეთ საქართველოში. კერძოდ აქ გაედინება მდინარე ფაზისი (არაქსსა და ევფრატს ზემო წელში ასევე ფაზისი ერქვა), არის შესაბამისი სახელის მქონე ქალაქიც, ამ რეგიონში, პროკოფი კესარიელის ცნობით მდებარეობდნენ „კლისურები” (ან „კლისურა”), ასევე ადგილი სახელწოდებით – „საფხაზი”, ამავე რეგიონში გაედინებოდა მდინარე ეგრი, ამჟამადაც კი ერთერთ ქალაქს „აგრი” ჰქვია. ამავე რეგიონის მომცველ ქვეყანას, ბიზანტიის იმპერიამ ერთ დროს უწოდა „იბერიის თემი”.
საქართველოს კუთხეებსა და ლაზიკეში, როგორც ითქვა, მრავალი ერთნაირი ტოპონიმი და ჰიდრონიმი იყო. მაგალითად, ეგრისწყალი (აფხაზეთში (ბედიასთან) და „ეგრეს-სუ ანუ ეგრისწყალი ტრაპიზონის მხარეს (ივ. ჯავახიშვილი, 1983, ტ. II, გვ. 123), კლისურა (ცხუმთან) და „კლასური” (ტრაპიზონისაკენ) (იქვე, გვ. 23). „პიტია” – „ტრაპიზონთან”, „პიტიუნტი” ცხუმთან, სებასტოპოლისი, ტრაპიზონის ოლქში და აბაზგიაში. „ზეგანა” (“ზეგანთა სოფელი”) XI ს-ში შიდა ქართლში (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 33) და „ზიგნა” ქალდიაში (ტრაპიზონის მხარე), ასევე ზიგინევი (აფხაზეთში), ზეგანი სოფ. კლდეეთთან, ზესტაფონში. ქ. ფაზარი (იგივე ფაზისი), (ძველი ათინა ტრაპიზონთან) (გეორგიკა II, 1965, გვ. 102) და ფაზისი. „ბოასი” ერქვა ჭოროხს ან მის შენაკადს პროკოფი კესარიელის მიხედვით, ასევე როგორც ზოგიერთი ფიქრობს მდ. ყვირილასაც. ფაზისი ერქვა ჭოროხსაც და ასევე რიონსაც. მაგალითად, პროკოფი კესარიელი ლაზიკას ასე აღწერს – „ლაზიკე ყოველგან, მდინარე ფაზისის როგორც აქეთა, ისე იქეთა მხარეზე გაუვალია. ქვეყნის ორსავე მხარეს უზარმაზარი კლდეებია რომლებიც იქ ვიწრობებს ქმნიან, ასეთ გზებს რომაელები „კლისურებს” უწოდებენ” (გეორგიკა II, 1965, გვ 102). მდ. რიონთან დასავლეთ საქართველოს ბარში კლდეები არსადაა, არამედ კლდეები არის მხოლოდ ჭოროხის სანაპიროებზე, ისტორიულ ლაზიკეში. პროკოფი გარკვევით წერს – „მდ. ბოასი გამოდის ჭანეთის საზღვრის მახლობლად არმენიელთა ადგილებში, რომლებიც ფარანგიონის გარშემო ცხოვრობენ. თავში ის კარგა მანძილზე მარჯვნივ მიმდინარეობს. თხელია … ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც მარჯვნივ იბერთა საზღვრები არის, ხოლო პირისპირ კავკასიის მთა თავდება, მის შემდეგ რაც ეს მდინარე მიაღწევს იმ ადგილს, სადაც კავკასიისა და იბერიის საზღვრებია, აქ, რადგან მას ბევრი სხვა წყალიც ემატება, ის იზრდება ძალიან და ნაცვლად ბოასისა, ამიერიდან ფაზისად წოდებული, განაგრძობს მდინარებას ნაოსნობისათვის გამოსადეგი, ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე, სადაც მისი შესართავია და მის ორივე მხრით ლაზიკე არის „ (გეორგიკა, II, გვ. 100). ჭანეთის მახლობლად ჭოროხი გამოედინება. მას ერქვა სათავეში „ბოასი” (ნ.ადონცის კვლევითაც). ბოასი ანუ ჭოროხი სათავეში, მართლაც თხელია ანუ წყალმცირეა, ვიდრე კარჩხალის მთებამდე(აქ პროკოფის აზრით კავკასიის მთა თავდებოდა და აქვე იყო კოლა-არტაანის ანუ იბერიის საზღვრები), კარჩხალთან მართლაც ჭოროხს რამდენიმე მდინარე ემატება, მათ შორის წყალუხვი იმერხევი, აქ ბოასს სახელიც ეცვლებოდა, უკვე „ფაზისად” იწოდებოდა და მისი სანაპიროს ქვეყანას „ლაზიკა”ერქვა.
ასე,რომ ლაზიკა რამდენიმე მხარეს ერქვა ტრაპეზუნტის რეგიონში, ასევე ფაზისი ანუ ეგრი ერქვა არანაკლებ წყალუხვ და ცნობილ მდინარეს იქვე მაღლა ზეგანზე გამდინარეს-არაქსს.
არაქსისს ეგრი ერქვა იმის გამო, რომ მისი სათავე ისტორიული ეგრის ქვეყანაში გაედინებოდა მანრალია-ჭანეთ-ქალდეასთან ახლოს.
ორი ეგრისი
მ. ბერძნიშვილის კვლევით, „პირველი ცნობა კოლხებზე ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებიდან გვხვდება. შემდეგ ცნობები წყდება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.
“ძვ.წ. IV საუკუნე და მისი მომდევნო ხანა ოდნავადაც არაა აღბეჭდილი ისტორიაში” (მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის, გვ. 69).
ძველი წელთაღრიცხვის IV ს-დან I საუკუნემდე ისტორიაში კოლხების შესახებ ცნობები არ მოიპოვება (იქვე, გვ. 71).
რომთან მეომარი მითრიდატეს დროს ცნობები კოლხეთის შესახებ ახლდება. მითრიდატე VI ევპატორის ეპოქაში (120-63) კოლხეთი სამეფო არ იყო.
კოლხეთი „სკეპტუხიებად” იყო დანაწილებული. სკეპტუხია დაახლოებით ქართული საერისთავოს მსგავსი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულია კოლხეთი პონტოს მეფემ დაიმორჩილა. ცნობილია, რომ ქრისტეშობამდე 89 წელს მითრიდატე უკვე ფლობდა კოლხეთს (იქვე, მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის გვ. 71) და მას მართავდა თავისი მოადგილეების მეშვეობით. ერთი, მაგალითად, იყო მითრიდატეს მეგობარი მოაფრენი (სტრაბონის დედის ძმა), მეორე კი მითრიდატეს შვილი, ასევე მითრიდატეს სახელის მქონე. მას პონტოს მეფემ „მეფის პატივი უწყალობა. ცხადია, ის არაა ნამდვილი მეფე, არამედ მხოლოდ სახელის მქონე. მითრიდატეს კოლხეთი აინტერესებდა საზღვაო საქმიანობისთვის, აქედან, მისდიოდა გემების ეკიპაჟი და გემთსაშენი მასალა” (მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის, გვ. 73). რომთან 85 წელს დამარცხებულ მითრიდატეს კოლხები განუდგნენ. თავისი შვილი მაშინ დაუდგინა „მეფედ” კოლხებს, რომელსაც შემდეგ ჯერ ოქროს ბორკილები დაადო, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა.
სტრაბონის სიტყვით, მცირე არმენიასა, სოფენენესა და კოლხეთში მითრიდატემ 75 ციხე-სიმაგრე ააგო და თავისი ქონების დიდი ნაწილი ამაში ჩაყარა (მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის გვ. 74). აღნიშნული ოლქები, ცხადია, ერთმანეთს ემეზობლებოდნენ, საერთო საზღვრები ჰქონდათ. მითრიდატეს დამარცხების შემდეგ პომპეუსი აკონტროლებდა კოლხეთს, მეფე ოროზის და სკეპტუხოს ოლთაკეს შემდეგ იქ დაადგინა არისტრახოსი. საკვლევია ის „ბოსფორელების და კოლხების მეფედ”, თუ მხოლოდ „კოლხეთის მეფედ” იწოდებოდა. ცხადია, არისტახოსი არ იყო სუვერენული მმართველი, არამედ რომაელთა მიერ დადგენილი.
48 წლისათვის ბოსფორის მეფე ფარნაკმა (მითრიდატეს ვაჟმა) კოლხეთი და მთელი არმენია დაიმორჩილა (იქვე, მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის გვ. 77). მაგრამ 47 წელს ის ავგუსტოს კეისარმა დაამარცხა.
ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლო წლებში კოლხეთს ფლობდა პონტოს მმართველი პოლომენი. მისი სიკვდილის შემდეგ (ახალი წელთაღრიცხვის 14 წელს) – პონტოს „სამეფო” ტახტზე ავიდა მისი ქვრივი პითოდორიდა, რომელიც კოლხეთს 38 წლამდე მართავდა. მისი შვილები არმენიის მეფეები გახდნენ.
იმპერატორ ტრაიანეს (92-117) დროს კოლხეთი რომის ქვეშევრდომი იყო. შესაძლოა, მის მმართველს „მეფის” ტიტული ჰქონდა. ამის შემდეგ წყდება კოლხეთის შესახებ ცნობები კვლავ რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
IV ს. მეორე ნახევრიდან კვლავ ჩნდება ბუნდოვანი ცნობები (იქვე, გვ. 79), მათგან ზოგიერთში კოლხები რომს ხარკის ყოველწლიურად გადახდას პირდებიან (იქვე, გვ. 80).
ეპისკოპოს თეოდორიტეს (390-457) სხვა ამბავთან დაკავშირებით, მაგალითის სახით მოჰყავს ამბავი, რომ „ლაზები, საბები და აბაზგები და სხვა ბარბაროსები თუმცა რომაელთა ბატონობას ემორჩილებიან, მაგრამ ერთმანეთში არ სდებენ ხელშეკრულებას რომაული კანონების თანახმად” (იქვე, მ. ბერძნიშვილი, ფასისის ისტორიისათვის გვ. 80).
ვფიქრობ, ყოველივე ზემოთ აღწერილი არ ეწინააღმდეგება ქართული წყაროების მონაცემებს, ქრისტეშობამდე VI-V საუკუნეებში კოლხეთს მეფე არ ჰყოლია და, ჩანს, ტერიტორიულად ის არ მდებარეობდა დასავლეთ საქართველოში, არამედ – ტრაპეზუნტის მხარეს.
ე.წ. „კოლხეთის სამეფო” მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენდა პონტოს მეფე მითრიდატეს ვრცელი სამფლობელოსი, და ჩანს, მას მითრიდატიანები მართავდნენ კიდეც, აქ უნდა გავიხსენოთ მოვსეს ხორენაცი, რომ პონტოსპირა იბერებს მიჰრდატიანები მართავდნენ.
მითრიდატიანები, ანუ მირჰდატის შთამომავლები, ხორენაცის თქმით, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან მართავდნენ პონტოსპირა იბერებს, ანუ იმ ხალხს, რომელიც ნაბუქოდონოსორმა პონტოს ზღვის პირას გადაასახლა. პონტოსზღვისპირეთიდან შემდეგ ეს ხალხი გამრავლების გზით განივრცო თანამედროვე საქართველოში და მათ შორის გუგარქშიც, ასეთია ხორენაცის ცნობა.
ბერძნულ-რომაული წყაროებითაც კოლხეთში მითრიდატე თავის შვილს ნიშნავს „მეფედ”. ეს სამეფო შემდეგ უმეტესად რომის ქვეშევრდომია, ანუ ის მხოლოდ სახელს ატარებს სამეფოსას და, ჩანს, ის მდებარეობდა ჭოროხის აუზში. სამხრეთ ეგრისად ჩვენს მიერ წოდებულ ერგე-ლიგან-ჭანეთ-კლარჯეთს ვახუშტის სიტყვით მართავდნენ მირდატიანები.
ამ ქვეყანას სომხური გეოგრაფია VII ს-ისა „ეგერს” უწოდებს, ვახუშტი „ერგეს”. ამავე ვახუშტის მიხედვით, ჭოროხის ხეობის და მისი სათავეების ზოგადი სახელია „კლარჯეთი”. მდინარე ჭოროხის აღწერისას თავის თხრობას ვახუშტი ასე იწყებს – „ხოლო აწ ვიწყებთ კლარჯეთს და ამ ქვეყანასა შინა უდიდესი მდინარე არს ჭოროხი, რომელი გამოდის ირიჯლუს მთასა და დის სამხრიდან ჩრდილოთ… ხვარამზეს ხიდამდე… მიერთვის ბათომს ქვევით შავს ზღვასა… დის ფრიად ჩქარად ქვიანსა, კლდიანსა და ხრამოვანსა შინა… სასმისად შემრგო… ირწყვის ერგეს, გონიას და ბათომს” (ქ.ც. IV, გვ. 676). სად იყო ერგე? ჩანს, გურიასა და ლიგანის ხეობას შორის – „ართვინის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე ჭოროხის ხეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგნის ხეობად და არს ეს ლიგნის ხეობა, თვინიერ სივიწროვისა ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმნით, ზეთისხილით, ბროწეულით, ლეღვით, ვენახით, ხილით შემკობილი და ქებულნი ბუნებით ყოველივე” (იქვე, გვ. 680). ასევე, ნაყოფიერია ერგეც, ამიტომაც კლდოვან კლარჯეთში ერგე და ლიგანი მოგვაგონებს პროკოფი კესარიელის მიერ აღწერილ მსგავსად ნაყოფიერ მოხორისს კლდოვან ლაზიკაში.
ბათუმს ზევით, ვახუშტის აღწერით, „ჭოროხის ჩრდილოსვე კიდესა ზედა არს ერგე” (ქ.ც. IV, გვ. 792).
კლარჯეთი მოიცავდა ერგეს გარდა მთელ ისტორიულ სამხრეთ საქართველოს ოძრახოსისა და ჯავახოსის წილის გარდა (იქვე, გვ. 691) ესაა ქვეყანა ერგედან და იმიერ ტაოდან სპერისა და ჭანეთის ჩათვლით.
სომხური გეოგრაფიითაც ეგრის ქვეყანა მოიცავდა ჭანეთს, საკუთრივ ეგრს, ჭანიკას, მანრალიასა და ლაზიკას. ასე რომ, სომხური ეგრი და ვახუშტის მიერ აღწერილი კლარჯეთი ერთსა და იმავე რეგიონებს მოიცავდნენ.
პროკოფის მიერ აღწერილი ლაზიკა – კლარჯეთის მსგავსია თავისი კლდოვანობით, სწრაფი მდინარით, რომელიც გემრიელია.
სომხური წყაროების ეგრი, ქართული კლარჯეთი (ჭანეთთან ერთად) და ბერძნული ლაზიკე ერთი და იგივე უნდა იყოს. ესაა ჩვენს მიერ სამხრეთ ეგრისად წოდებული ქვეყანა, სხვა იყო ჩრდილო ეგრისი – დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი. მისი მთავარი მდინარე რიონი გავაკების შემდეგ არ არის ისე ჩქარი, როგორც აღწერს პროკოფი ფაზისს, არამედ ნელი და მდორე, სასმელად უვარგისი, შლამიანი, უგემური. ხოლო სასმელად ვარგისი ფაზისი კი ჩქარი მთის მდინარეა და აჩქარებული ერთვის ზღვას, ხოლო რიონი პირიქით, ვრცელ ვაკეზე დამდორებული.
არქანჯელო ლამბერტის სიტყვით, „რიონი წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა, დღეს კი წყალშია ჩანთქმული” (მ. ბერძნიშვილი, ფაზისის ისტორიისათვის, გვ. 180).
შარდენიც ეძებდა ფოთთან „ქალაქ სებასტიის ნიშან-კვალს”, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, „ვერაფერი იპოვა” (იქვე, გვ. 180).
მაშასადამე, ფაქტია, რომ არსებობდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ორი ეგრისი, ერთი მდებარეობდა ბერძნულ-რომაული და სომხური გავლენის სფეროში, მეორემ კი, ჩრდილო ეგრისმა, საფუძველი დაუდო ძველი ქართული კულტურის ჩამოყალიბებას, ვითარცა ზოგად ქართული ქვეყნის ერთ-ერთმა რეგიონმა.
ვახტანგ გორგასალი ისტორიულ სამხრეთ იბერიის
მიწა–წყალზე (სამხრეთ ეგრისში)
ვახტანგ გორგასალმა ილაშქრა ისტორიული სამხრეთ იბერიის მიწა-წყალზე (იგულისხმება სამხრეთ ეგრისი), მსგავსად ფარნავაზისა. ჩანს, ვახტანგის მიზანი იყო იბერიისათვის დაებრუნებინა ის მიწა-წყალი, რომელიც სტრაბონის ცნობით ძვ.წ. II საუკუნეში არმენიამ ჩამოაცალა იბერიას (გოგარენა, ხორძენე და პარიადრეს კალთები). ქართლის ცხოვრების ცნობით ფარნავაზმა ქრისტეშობამდე III საუკუნეში ილაშქრა „აზონის მამულ” კლარჯეთში. ვახუშტის ცნობით, როგორც ითქვა, კლარჯეთი მოიცავდა არა მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ უვრცელეს რეგიონს ქალდეა-ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე. მემატიანე საბერძნეთთან იბერიის საზღვარს ათავსებს ანძიანძორასთან (იგივე ანძორეთთან) – „წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა და ეკლეცით შემოიქცა” (ქ. ც. I. გვ. 23).
სად მდებარეობდა ანძიანძორა? გ. მელიქიშვილი ამასთან დაკავშირებით წერს – „ქართლის სამეფოს ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით განვცობას ეთანხმება წყაროს ცნობა ფარნავაზის მიერ მცირეაზიული ოლქების ანძიანძორისა და ეკელეცის (ანტიკ. წყაროების აკილესენა, სოფენას ჩრდილოეთით ევფრატზე მდებარე ოლქი) დალაშქვრაზე (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ. 455). მაშასადამე, წყაროს ცნობით ფარნავაზის დროს იბერიის (ქართლის სამეფოს) საზღვარი გადიოდა ანძიანძორასთან, ისტორიულ ხორძენესთან, ამით ჩვენი წყარო (ქ.ც.) ამართლებს სტრაბონის ცნობას, რომ ძვ.წ. II საუკუნემდე იბერიაში (ე.ი. ფარნავაზის სამეფოში) შედიოდა ხორძენე, გოგარენა და პარიადრეს კალთები. ფარნავაზის შემდგომ მალევე იბერიის სამეფოს დაუკარგავს ეს ტერიტორიები, მაგრამ მათ დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდებოდა. ამას მიუთითებს ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა იქ – „წარემართა ვახტანგ შესვლად საბერძნეთად და მიიწივნეს სომხითს და მოერთნეს… ერისთავნი სომხითისანი… ტაროვნელი ამაზასპ გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ ნათესავისაგან, დიდისა თრდატის. და მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქვა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი… წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა” (ქ. ც. I. გვ. 160).
ტექსტიდან ჩანს, რომ ვახტანგის დროს აღნიშნული ადგილები უკვე სომხეთსა და პონტოშია, მაშინ როცა ფარნავაზის დროს ქართლის სამეფოს „საზღვარი” „საბერძნეთთან” ანძიანძორასთან გადიოდა. მაშასადამე ეს ტერიტორიები იბერიას დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა ვახტანგის დროს, მაგრამ იქაურ (ე.ი.ხორძენესა და პარიადრეს კალთების) მოსახლეობას ქართული ეთნოიდენტობა და ქართული ენის ცოდნა ჯერ კიდევ შენარჩუნებული რომ ჰქონდა სხვა გამოკვლევებიდან ჩანს.
VII ს. სომხეთის რუკაზე ოლქი სახელწოდებით „ხორძიანა” (ეს უნდა იყოს „ხორძენე”) მდებარეობდა კარინთან (კარახპოლ-კარნუქალაქ-არზრუმთან), მის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებოთ 70 კმ. დაშორებით.
ხორძიანასა და კარინს შუა მდებარეობდა მანანაღის (მანრალის) ოლქი მარდაღის (მარდალიის) გვერდით.
ხორძიანასთან ახლოს, მის სამხრეთ დასავლეთით დაახლოებით 40 კმ.-ში მდებარეობდა ოლქი სახელწოდებით-ანძიტი (ანდზიტ). ეს უნდა იყოს ქართული ანძორეთი-ანძიანძორა (სადაც ილაშქრეს ფარნავაზმა და ვახტანგმა). პროვინცია ანძიტში ცოვკის ტბასთან ახლოს იყო ციხე-სიმაგრე ეგეღი(ეგერი). ამავე სახელის ქალაქი ეგეგი (ეგერი) კარინ-არზრუმთანაც იყო. ამ ქალაქის სახელი (ეგეგი) ეგრისის სახელს უნდა ირეკლავდეს.
ოლქ ხორძიანაში გაედინებოდა ამავე „ეგრ” სახელის მქონე მდინარე „ეგეგიკი” (მიუს გაილი). ხორძიანაში იყო ცნობილი პუნქტი – არტალესი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელ თურქეთში ძველი ოლქის ანძიტის ადგილას მდებარეობს ადმინისტრაციული ოლქი-ელაზიგი. ეს სახელი ელაზიგი არ არის შემთხვევითი. სიტყვაში „ელაზიგი (ელაზიღი)” ვფიქრობ შესაძლებელია გამოიყოს ფუძე-ძირი „ლაზი”. სახელი „ლაზი”, ამ მხარეებისათვის უცხო არ იყო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია XI ს. დასაწყისში ამ მხარეებსაც მოიცავდა. აქ ახლოს იყო კერჩანისის, ხახის, ბიზანასა და სხვა საეპისკოპოსო კათედრები.
ბიზანასა და არზრუმს შორის მდებარეობდა ოლქი მანანაღი ანუ მანრალია (მანარალი), მას ამ რუკაზე მარდაღის (მარდალის) ოლქისაგან ყოფს „მეგედუხგის მთები”, ამ მთებს ნ. ადონცი ხალხალის მთებს უწოდებს, რომელიც მანრალიასა და მარდალიას ერთმანეთისაგან ჰყოფდა.
როგორც ჩანს ამ მხარეებში ეგულებოდა ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ავტორს „საფლავი დიდი მოძღვრისა გრიგოლისა”, აღნიშნულ რუკაზე ბიზანას ოლქს ეწოდება – „ეკეგიაცი”, ეს უნდა იყოს ვახტანგის ცხოვრების ეკლეცი. ამ ოლქში რუკაზე მონიშნულია ეკლესია სახელწოდებით – „სურბ გრიგორ”, ალბათ აქ ეგულებოდა ავტორს საფლავი წმ. გრიგორისა. რომელი იყო ეს წმიდანი გრიგოლ განმანათლებელი თუ გრიგოლ ნაზიანზელი?
ხორძენა, როგორც ითქვა, სტრაბონს იბერიის ისტორიულ ნაწილად მიაჩნდა, რომელიც არმენიამ მიიტაცა. იქაური მკვიდრი იბერების არმენიზაციას ხელი განსაკუთრებით შეუწყო ამ მხარეში სომხური ეკლესიის გაძლიერებამ. საბედნიეროდ ვახტანგის დროს ქართული თვითშემეცნება ჯერ კიდევ ძლიერი ყოფილა ამ მხარის სასულიერო პირთა შორისაც კი, რაც კარგად ჩანს ვახტანგის ცხოვრებაში. სხვათა შორის, ხორენაცის ისტორიაშიც არის გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ხორძენასა და ტარონის სამღვდელოებამ იცოდა ქართული ენა. მაგალითად, მოვსეს ხორენაცი წერს – „რაც შეეხება მესროპს, იგი წავიდა ქართველთა ქვეყანაში და მადლის ზეგარდამო მინიჭებით მათაც შეუქმნა ანბანი ვინმე ჯალასთან ერთად, რომელიც ბერძნული და სომხური ენებიდან თარგმნიდა. ხელს უწყობდნენ იმათი მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი. მან შეარჩია ბავშვები, გაჰყო ისინი ორ ჯგუფად და მოძღვრებად დაუტოვა თავისი ორი მოწაფეთაგანი – ტერ ხორძენაცი და მუშე ტარონაცი” (მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 224). მაშასადამე, ქართველი ბავშვები დაყვეს ორ ჯგუფად, რათა მათ შეესწავლათ ქართული ანბანი ქართული წმიდა წერილის საკითხავად. მათ ქართული ენის მცოდნე მასწავლებლები ესაჭიროებოდათ, ასეთნი კი ყოფილან ხორძენელი მღვდელი (ტერ ხორძენაცი) და ტარონელი მუშე.
ხორძენე-ტარონის ახლო მხარეებში ქართული ენის ცოდნას ისიც მიუთითებს, რომ ვ.გოილაძის კვლევით იქვე, არც თუ დაშორებით, ქ. ედესა-ურჰაში ყოფილა დიდი ქართული კოლონია თავისი საგანმანათლებლო კერებით. აღნიშნულ რუკაზე ქალაქი ედესია-ურჰა მდებარეობს ოლქ ანდზიტთან ახლოს, მის სამხრეთით 70-80 კმ. დაშორებით. საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ არმენიის მიერ მიტაცებულ მხარეებში დიდხანს დარჩა ქართული ენის ცოდნა და ქართული ტოპონიმები (ეგრი-ეგრისი, იბერია და სხვა).
სახელმწიფო საზღვრები ქართული წყაროების მიხედვით
ქართლის სამეფოს საზღვარი “მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით
(ეგრისწყლიდან ალბანეთ–სომხეთამდე)
`მოვიდა ალექსანდრე მეფე ყოვლისა ქვეყანისა… და თანა–ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოY, ძე არიან ქართლისა… მეფისა და მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხითი და მთა ცროლისა და წარვიდა~ (`მოქცევაY ქართლისაY~, ძვ. ქართ. აგიოგრ. ლიტ. ძეგლ., I, 1964, გვ. 81).
თარგამოსიანთა ქვეყნების საზღვრები
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით
ლეონტი მროველის ცნობით თარგამოსმა _
1) ქართლოსს მისცა ქვეყანა ასეთ საზღვრებში:
`მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდრუჯისი, დასავლით ზღვა პონტოსი, სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდრუჯის მდინარისა თავსა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდამოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკვარსა, რომელი მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღვამდის, ჩრდილოთ ღადო მთა მცირე… აწ ჰქვიან ლიხი;
2) ხოლო ბარდოსს მისცა მტკვრის სამხრით, ბერდრუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბიან მტკვარი და რახსი, ამან ბარდოს აღაშენა ბარდავი და დაეშენა მუნ;
3) ხოლო მოვაკანს მისცა მტკვრის ჩრდილოთ, მცირისა ალაზანისა შესართავიდგან ვიდრე ზღვამდე.
4) ხოლო ჰეროსს მისცა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზანისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და უწოდა სახელი თავისი ჰერეთი… და აწ ამას ადგილსა ჰქვიან ხორანთა~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 5);
5) `ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი, აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით ზღვა, ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწვდების წვერი კავკასიისა, ამან ეგროს აღაშენა ქალაქი _ ეგრისი და აწ ჰქვიან ბედია~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 5);
6) `ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 5);
7) `კავკასს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულამდე კავკასიის დასავალით~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 6).
ქართლის სამეფოს საერისთავოების საზღვრები ფარნავაზისას
(ქრისტეშობამდე IV-III სს.)
მეფე ფარნავაზმა ინება `ქართლის სამეფოს~ დაყოფა საერისთავოებად ასეთი სახით:
(ფარნავაზმა) … `განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი:
1. ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღვადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენი _ შორაპანი და დიმნა;
2. მეორე კახეთისა ერისთავად, და მისცა არაგვითგან ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი;
3. მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი;
4. გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთის მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი;
5. გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფარავნითგან ვიდრე თავადმდე, მტკვრისა, რომელ არს კოლა და არტაანი;
6. გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტისისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა;
7. მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღვამდე;
8. მერვე ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა; ფარნავაზმა „მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე–გოჯი;
9. ერთი დაადგინა სპასპეტად, და მისცა ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარამდე, რომელ არს შიდა ქართლი. ეს სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა~ (ქ. ც., 1955, I, გვ. 24).
ქართლის სამეფოს საერისთავოების საზღვრები მეფე ადერკის დროს
(I ს.)
პირველ საუკუნემდე სახელმწიფოს ადმინისტრაციული დაყოფის ეს სახე არ შეცვლილა, მაგრამ მეფე ადერკის, რომელმაც `დაიპყრა ყოველი ქვეყანა: _ ქართლი და ეგრისი~ (ქ.ც., I, გვ. 35) უნებებია თავისი სამეფოს ორ ნაწილად გაყოფა _ `ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქვა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქვეყანა თვისი
1) მისცა ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მტკვარსა შიდა ქართლი, მუხრანით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკვარსა ჩრდილოეთი _ ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა _ ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თვისსა;
2) ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკვარსა სამხრით ქართლის ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკვრისა და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს _ ძესა თვისსა~. (ქ. ც., I, გვ. 43).
მაშასადამე, I საუკუნეში ქართლის სამეფო ეგრისწყლიდან ჰერეთამდე ორად გაიყო. წარმოიქმნა ორი სამეფო, ერთს პირობითად ვუწოდოთ _ `მცხეთის ქართლის სამეფო~, მეორეს კი _ `არმაზის ქართლის სამეფო~. ეგრისი – მცხეთის ქართლის სამეფოში შედიოდა (ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ეგრისისა), კლარჯეთი კი არმაზის ქართლის სამეფოში (ვიდრე ჰერეთითგან თავადმდე ქართლისა).
გამყოფი ხაზი გადიოდა მდ. მტკვარზე, კერძოდ მცხეთის ქართლის სამეფოში შევიდა კახეთის საერისთავო, ეგრისის საერისთავო და მარგვეთის საერისთავო, ხოლო არმაზის ქართლის სამეფოში შევიდა _ კლარჯეთის, ოძრხის, წუნდის, ხუნანის და სამშვილდის საერისთავოები სრულად, ხოლო სასპასპეტო ანუ შიდა ქართლი ორ ნაწილად გაიყო _ ერთი მტკვრის ჩრდილოეთი _ მცხეთის ქართლს გადაეცა, მეორე მტკვრის სამხრეთი _ არმაზის ქართლს.
მცხეთის ქართლი მოიცავდა ტერიტორიას ჰერეთიდან ეგრისის თავამდე ანუ ეგრისწყლამდე, მისი სამხრეთ-დასავლეთი სასაზღვრო წერტილი ასევე იდო ზღვისპირზე _ ეს იყო აჭარის მთისწინეთი (`თავი ქართლისა~).
არმაზის ქართლის სამეფო არამდგრადი პოლიტიკური ერთეული იყო, კერძოდ კი ის არმენიის სამეფოს გავლენის სფეროში მოექცა და ასე იყო სტრაბონის ეპოქაშიც.
ამ დროს სტრაბონის ცნობით იბერიის სამეფოს საზღვარი მდ. მტკვარი იყო.
მაშასადამე, სტრაბონი `იბერიის სამეფოს~ უწოდებდა `მცხეთის ქართლის სამეფოს~. სტრაბონისთვის უცნობი ყოფილა `არმაზის ქართლის სამეფოს~ არსებობა, რადგან ის არმენიის გავლენის სფეროში შედიოდა, ამიტომაც სტრაბონის მიერ არმენიად მიიჩნეოდა.
აქედან გამომდინარე, `ქართლის ცხოვრება~ საზღვრების გადანაწილების დროს ჩანს, აღგვიწერს არა I საუკუნის ამბებს ახალი წელთაღრიცხვისა, არამედ ძველი წელთაღრიცხვისა. `ქართლის ცხოვრების~ ავტორიც აღიარებს, რომ ქართლის ეს მეფეები `იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა~. (ქ.ც. I, 44).
(უფრო მეტიც, არმაზელ მეფეს სომეხთა მეფემ ტერიტორიებიც კი გამოგლიჯა _ `ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტაანი მტკვრამდე… ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი და მოკვდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 44).
ტერიტორიების დასაბრუნებლად მათმა შვილებმა დაიწყეს ომი სომხებთან, ჩრდილოკავკასიელთა მხარდაჭერით, საბოლოოდ სომხებმა `უკუმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტაანი~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 49). ერთ-ერთი შებრძოლება მოხდა იორთან _ ქართველთა და ჩრდილოკავკასიელთა ჯარი შევიდა სომხეთში ვიდრე ბასიანამდე და ნახჭევანამდე, იქიდან ალაფით დატვირთულნი: `გამოვლეს გზა ფარისოსისა … განსრულ იყვნეს მტკვარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანს, და დაებანაკეს იორსა ზედა~ (იქვეI, გვ. 45). აქ არშიაზე გადამწერს წაუწერია `კამბეჩანი – ქისიყია~ (იქვე).
მაშასადამე, XVII-XVIII სს-ში უკვე აღარ იცოდნენ სად იყო `კამბეჩოანი~.
`კამბეჩოანი~ იყო არა უშუალოდ ქიზიყი, არამედ, იქვე, მის გვერდით იორ-ალაზნის შესართავის მარჯვენა მხარე, სადაც ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავია. მთა-გორთა შუა მოქცეული გრძელი ველი. ეს ველი, ანუ კამბეჩოანი გაუვლია ჯარს, შემდეგ კი იორის სანაპიროზე დაბანაკებულა).
ქართლის სამეფოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საერისთავოთა ჩამონათვალი
(III-IV სს.)
`ამაზასპ უწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავლისანი: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, ერისთავი სამშვილდისა და შემოკრბეს მხედარნი სპასპეტისანი და ვიდრე მოსვლამდე დასავლეთისა ერისთავისა მოვიდეს ოვსნი~ (ქ.ც., I, გვ. 55).
`მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა~( იქვე, გვ. 57).
ქართლის სამეფოს დასავლეთის ერისთავებია _ ეგრისის ერისთავი, არგვეთის (მარგვის) ერისთავი, ოძრხის, კლარჯეთისა და წუნდის ერისთავებთან ერთად, ხოლო აღმოსავლეთის ერისთავებია – კახეთის,ხუნანისა და სამშვილდის ერისთავები.
ქართლის სამეფოს საერისთავოები ვახტანგ გორგასლის დროს
(V ს.)
ვახტანგ გორგასლის ერისთავები:
1. ჯუანშერ, სპასპეტი მპყრობელი შიდა ქართლისა.
2. დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა.
3. გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა.
4. ნერსარან, ერისთავი ხუნანისა.
5. ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა.
6. სამნაღირ, ერისთავი შიდა ეგრისისა და სუანეთისა.
7. ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკვერისა.
8. არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა.
9. ნასარ, ერისთავი წუნდისა.
10. ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა.
11. საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი (ქ. ც. 1,გვ. 185).
[კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი ვახტანგ გორგასლის დროს]
`დასუეს პეტრე კათალიკოსად
1. და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსა.
2. დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს ეკლესიასა ახიზისასა.
3. ერთი არტანს, ერუშეთს.
4. ერთი ჯავახეთს, წუნდას.
5. ერთი მანგლისს.
6. ერთი ბოლნისს.
7. ერთი რუსთავს.
8. ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარს.
9. ერთი ჭერემს.
10. ერთი ჩელეთს.
11. ერთი ხორნაბუჯს.
12. ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით~ (გვ. 199).
ზემონი და ქვემონი ერისთავნი
(VI ს.)
`შეითქუნეს ყოველი ერისთავნი ქართლისანი – ზემონი და ქვემონი – წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავისაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერთოსა შეუცვალებლად კეისარმან. . . მოსცა მეფედ დისწული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსა ერქუა გურამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს~ (ქ.ც. გვ. 218).
ქართლის `ზემო ერისთავები~ არიან აღნიშნული `აღმოსავლეთის ერისთავები~ _ ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა და ერისთავი სამშვილდისა,ხოლო `ქვემო ერისთავები~ არიან `დასავლეთის ერისთავები~- ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა.
ისტორიულად `ზემო ქვეყანა~ ერქვა აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო `ქვემო ქვეყანა~ _ დასავლეთს, შესაბამისად, `ზემო ივერია~ _ აღმოსავლეთს, `ქვემო ივერია~ დასავლეთს.
ქართლის სამეფოს ერისთავები მეფეების მირისა და წმ. არჩილის დროს
(VIII ს.)
ერისთავები, რომელთაც შერთეს მირ მეფის ქალიშვილები:
1) `ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცნა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი.
2) მეორე მისცა პიტიახშსა, ნათესავსა ფეროზისასა, რომელ მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს.
3) მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა.
4) მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა და ორთავე ამათ განეყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი.
5) მეხუთე მისცა ვარაზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდისხევამდე. იყო ესე ვარაზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელ იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა.
6) მეექვსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელ-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისათა, და მისცა ჯუარი და ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ხევი და თბილისი.
ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგადებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ხევთაგან… ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა.
7) ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა `კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ… აწ უწყიეს შენება კლისურითგან აღმართ, წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათვის რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა~.
ხოლო ლეონ რქუა: `მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნით თქვენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის: შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს~.
`მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გვირგვინი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთვის. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩიდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 242).
ე.ი. `კლისურიდან აღმართი~ ქვეყანა _ ლიხის მთიდან კლისურამდე – ქართლის მეფეთა ოჯახის `საუხუცესო~ მიწა-წყალი იყო, ამიტომ არაბთა შესუსტების შემდეგ აქ, ციხე-გოჯსა და ქუთაისში ტახტი დაიდო არჩილმა აფხაზეთიდან უკან დაბრუნების შემდეგ, ეს ქვეყანა მეფის ქალიშვილ გურანდუხტსა და არჩილს ხვდათ წილად (დანარჩენ ქალიშვილებს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო ხვდათ წილად). ლეონ I-ის მამული იყო კლისურიდან ყუბანამდე მდებარე ქვეყანა. მას შერთეს გურანდუხტი, ამიტომაც არჩილის კახეთში გადასვლის შემდეგ ერისთავ ლეონისა და მეფის ქალიშვილ გურანდუხტის ოჯახმა გააერთიანა მიწა-წყალი ლიხიდან ყუბანამდე, რომელსაც შემდგომ აფხაზთა სამეფო დაერქვა, ამით აფხაზი მეფეები ქართლის მეფეთა ლეგიტიმური მემკვიდრეები გახდნენ.
საზღვრები რეგიონებისა
მარგვეთი
მარგვეთი შემდეგ საზღვრებშია _ „მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე, რიონს ზემოთ“ (ქ. ც., ტ. I, გვ. 24).
აქ `რიონს ზემოთ~ ეწოდება რიონის მარცხენა სანაპიროს.
თუ ინფორმაციის მომწოდებელი ჭყონდიდის ქვეყნიდან იყო, მისთვის `რიონს ზემოთ~ იქნებოდა რიონის მარცხენა სანაპირო ზღვამდე (ე.ი. შემდგომი გურია), ხოლო „რიონს ქვემოთ” იქნებოდა სწორედ ჭყონდიდის ქვეყანა (ე.ი. მარჯვენა სანაპირო).
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ქართლის ცხოვრების ეს ინფორმაცია, რომ `მარგვეთი რიონს ზემოთა ქვეყანაა ზღვამდე~ არ საჭიროებს კორექტირებას. შესაბამისად, მარგვეთის პროვინცია მოიცავდა რიონის მარცხენა სანაპიროს ქვეყანას _ ლიხის მთიდან ვიდრე ზღვამდე. ესენია შემდგომი იმერეთი და გურია ერთად აღებული. ეს ორი ქვერეგიონი (ე.ი. მარგვეთი და გურია) _ ერთ დროს ქმნიდა ერთ რეგიონს _ `მარგვეთს~.
ამჟამად, ქართლის ცხოვრებაში თანამედროვე მეცნიერთა მიერ ჩამატებული სიტყვები `ზღურამდე ეგრისისა~ _ არასწორია. რადგანაც `რიონს ზემოთ~ მოქცეული ტერიტორია მოიცავდა შემდგომ გურიას ვიდრე თითქმის ჭოროხამდე (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ტ. II, 1983, გვ. 51).
გურია _ არ ჩანს ძველ წყაროებში. ის იქამდე მარგვეთის საერისთავოში შედიოდა, რომელიც `რიონს ზემოთ ზღვამდე~ მდებარეობდა, ე.ი. იქამდე გურია მარგვეთის საერისთავოს ნაწილს შეადგენდა.

რუკა: ქართლისს სამეფო წყაროთა მიხედვით მეფე ფარნავაზიდან მეფე მირიანამდე
ეგრისი
“ქუეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა, ვიდრე მთადმდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი” (ქ.ც. I, გვ. 24).
ეს საზღვრები მთლიანად გასაგებია – ეგრისწყალი ერქვა მდინარეს ქ. ბედიასთან, იქიდან – რიონამდე იყო ეგრისი, ამ პროვინციაში შედიოდა ასევე ქვერეგიონი – `სვანეთი~, ისევე, როგორც `მარგვეთის~ პროვინციაში შედიოდა ქვერეგიონი, რომელსაც შემდგომ `გურია~ ეწოდა, ეტიმოლოგიურადაც ამ პროვინციათა სახელებში ერთი ფუძე (გურ, რგუ, გრ) ფიგურირებს_
გურ-ია
მა-რგუ-ეთი
ე-გრ-ისი
VIII საუკუნეშიც, ჯუანშერის ცნობით, ბიზანტია აღიარებდა ქართლის საზღვარს ეგრისის პროვინციაში – თავის ერისთავს აფხაზეთში ლეონს ბიზანტიის იმპერატორმა მისწერა _ “კეთილად პატივსცემდი ერთა და მეფეთა ქართლისათა, ამიერიდან ნუღასამცა ხელგეწიფების ვნებათ მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა” (ქ.ც. I, 1955, გვ. 240).
ხოლო V ს-დან ქართლის სამეფოს საზღვარი ეგრისში მდ. კლისურაზე დაიდო, ვახტანგ გორგასალის შემდეგ.
VIIIს-ში, აფხაზეთში მირ მეფე ამბობს – “უწყიეს შენება ადგილთა ჩვენთა კლისურითგან აღმართ, წარმავალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს” (ქ.ც. I, გვ.242).
ეგრისი – იყო “ბარი და ტფილი”.
I ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ბარი ჭაობიანობის გამო უვარგისი იყო საცხოვრებლად – ივ. ჯავახიშვილი წერს _ “ზაფხულში დიდი სიცხე და ამ ქვეყნის ნოტიო ნიადაგი მეტად მავნებელი იყო მცხოვრებთათვის”.
აფხაზეთისა (დასავლეთ საქართველოს) “მიწასა ზედა… სულისაგან ხორშაკისა მაკვდინებელისა” ადამიანი შეწუხებული იყო იოანე საბანისძის ცნობით VIII საუკუნეში.
ასეთივე ვითარება იყო XI საუკუნეში _ “ქვეყანა ესე ხორშაკეულ არს” (გიორგი მცირის ცნობა).
XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ჩივის, რომ დასავლეთ საქართველო საერთოდ (და ასევე ქუთაისიც) – `თვითოსახეთა სენთა მიერ განცდილთასა~ იყო აღმატებული, ამის გამო ბევრ ღვინოს სვამდნენ (ივ. ჯავახიშვილი, ტ. II, გვ. 53).
ეგრის ქვეყანა დასავლეთ საქართველოს გარდა, ასევე, ტრაპეზუნტის რეგიონსაც ერქვა კლარჯეთთან ერთად.
“ანდრეა მოვიდა ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა” (ქ.ც. I. გვ. 39).
[ტრაპიზონი მდებარეობდა ქვეყანაში, რომელსაც ერქვა `სოფელი მეგრელთა~, ის სამხრეთ ეგრისში მდებარეობდა, ხოლო ჩრდილოეთ ეგრისი იყო დასავლეთ საქართველო]
ქალაქი ფუთი, ღევონდის ცნობით, ეგრისს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ეგრისი იყო ე.წ. “სამხრეთ ეგრისი”, კერძოდ, ჩანს, ეს ფუთი იყო ისტორიულ სამხრეთ ეგრისში მდებარე დღევანდელი ქალაქი ფატსა.
ძველი ეგრისის ნაწილი იყო შემდგომი აფხაზეთი – “გიორგი III ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინთამდე”. იქ იყო ნიკოფსი და აფშილეთის ქალაქი ცხუმი. მასში შედიოდა `ალანია~, ვრცელდებოდა ეგრისწყლამდე (იქვე, გვ. 52). [აფსილთა ეგრულ-სვანური ტომი წინა საუკუნეებში უფრო ქვემოთ ცხოვრობდა, ლაზიკაში სპარსელთა და ბიზანტიელთა ომებისა და ჰერაკლეს ლაშქრობათა შემდგომ, ჩანს, ჩრდილოეთით გადაინაცვლა).
უხტანესი, X ს. ისტორიკოსი, თავისი დროის აფხაზეთზე წერდა, რომ მისი მოსახლეობა იყო ის ივერიელი ხალხი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა პონტოს ზღვის პირზე, ე.ი. დასავლეთ საქართველოში დაასახლა _ ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი, და მათ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება, ადრე ივერიელებს უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ (უხტანესი, განყოფისა ქართველთა სომეხთაგან, 1975, გვ. 67).
უხტანესის ცნობით, აფხაზეთი ივერიელებით ანუ ქართველებით იყო დასახლებული. ჩანს, ამის გამო ბიზანტიელი ისტორიკოსები, მაგალითად, ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები დოსითეოსი და ქრისანთო აფხაზეთს (დასავლეთ საქართველოს) _ `ქვემო ივერიას~ უწოდებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს კი `ზემო ივერიას~, ლევან მეორე დადიანსაც რუსეთის ხელმწიფე `ივერიის მეფეს~ უწოდებდა.
აფხაზეთის ერთი ნაწილი იყო ალანია – გიორგი III-ის ისტორიკოსი წერს _ `ალანთა ქვეყანა, რომელ არს აფხაზეთი~.
გიორგი I-ის ძე დემეტრე `დარჩა ანაკოფიასა შინა ოვსთა მეფის ასულისა, მეორე ცოლსა თანა… და წარვიდა სამეფოთა მიმართ ბერძენთა მეფისა და წარუტანა თანა ანაკოფია აფხაზთა მეფეთა~ (ქ.ც. I. გვ. 295).
ე.ი. ანაკოფია იყო აფხაზეთის ალანიაში, ის სავარაუდოდ მდებარეობდა ახალ ათონთან.
ტყეტბა-გულგულა (გოლგოლა) – საზღვარი კახეთსა და ჰერეთს შორის
გულგულას ადგილსამყოფელი უცნობი ყოფილა უკვე ლეონტი მროველის დროს, მით უმეტეს მისი ადგილსამყოფელი დაზუსტებით არ ცოდნია ვახუშტისაც _ ივ. ჯავახიშვილის კვლევით.
ამჟამად მიჩნეულია, რომ ტყეტბა-გულგულა მდებარეობდა თელავთან ახლოს, რაც ეეჭვებოდა ივ. ჯავახიშვილს.
ის წერს – `ტყეტბა, როგორც საგეოგრაფო სახელი უკვე ლეონტი მროველის დროს აღარ არსებობდა თურმე და იგი უხსნის თავის მკითხველს, რომ ამ ადგილს `აწ ჰქვიან გოლგოლა~, ახლა გულგულად გამოითქმის. ამ ადგილის (ტყეტბას) მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საზღვრების გამორკვევისათვის და სხვადასხვა მოსაზრებათა გამო ეჭვი გვებადება, ლეონტი მროველი ხომ არ სცდება, როდესაც ძველი ტყეტბა მერმინდელ გოლგოლად იცნა? გოლგოლას სამხრეთით მდებარეობდა თელავი~ (ივ. ჯავახიშვილი, ტ.II, 1983, გვ.46).
თუ თვით ლეონტი მროველის დროს უკვე აღარ იცოდნენ, თუ სად მდებარეობდა ტყეტბა-გოლგოლა, მით უმეტეს ვახუშტი ბატონიშვილის დროს, ხოლო ივ. ჯავახიშვილს, როგორც ითქვა, ძალზე ეეჭვებოდა ამჟამად აღიარებული მოსაზრება, რომ ეს პუნქტი თელავთან მდებარეობდა.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, თელავის ახლოს (მის ჩრდილოეთით) მდებარე პუნქტი – გულგულა – არ შეიძლებოდა ყოფილიყო საზღვარი ჰერეთისა, რადგანაც მატიანეები კახეთის ქალაქებად აცხადებდნენ მის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მრავალ ქალაქს – ნეკრესს, კუხეთის სოფელ ბოდინს (`ბოდინი – სოფელი კოხეთისა~ – წერდა მატიანე ქართლისა). კახეთში შედიოდა წმ. არჩილ მეფის ცხოვრების მიხედვით დღევანდელი საინგილოს ტერიტორია VIII საუკუნეში და სხვა. მოვსეს კალანკატუაცის ცნობა აჩვენებს, რომ ქართველთა ქვეყნის საზღვარი მდებარეობდა პუნქტ ხალხალასთან (მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, 1985, გვ. 60);
ლეონტის სიტყვა `გოლგოლა~ და მოვსეს `ხალხალა~ ეტიმოლოგიურად ძალზე ახლოა ერთმანეთთან. რომელ საზღვართან მდებარეობდა პუნქტი ასეთი სახელის მქონე? ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით 1923 წელს გამოცემულ ძველი საქართველოს ისტორიულ რუკაზე საქართველოსა და ალბანეთს შორის საზღვარზე მართლაც აღნიშნულია პუნქტი სახელწოდებით ხილხალა. პუნქტი ხილხალა საქართველოსა და ალბანეთს შორის საზღვარზე იდო. აქედან იწყებოდა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია. ეს პუნქტი შაქსა და კაბალას შორისაა. ისტორიულ შაქს ამჟამად `ნუხა~ ეწოდება და ქმნის აზერბაიჯანის ნუხის რაიონს. ისტორიულ კაბალას ამჟამად `გაბალა~ ეწოდება და ქმნის აზერბაიჯანის გაბალის რაიონს. ამ ორ რაიონს შორის მდებარეობს ისტორიული ვარდთაშენის რაიონი, სადაც აღნიშნული რუკის მიხედვით გადიოდა საქართველო-ალბანეთის საზღვარი, აქ რუკაზე აღნიშნულია `ხილხალა~. ქალაქ ვართაშენს ამჟამად `ოგუზ~ ეწოდება და ქმნის აზერბაიჯანის ოგუზის რაიონს. მართლაც, ამ, ყოფილ ვართაშენის რაიონში ამჟამადაცაა სოფელი აღნიშნული სახელის მქონე _ `ფილფილა~. ეტიმოლოგიურად სიტყვები გოლგოლა-გულგულა-ხილხალა-ფილფილა ერთი წარმომავლობისაა. ის ფაქტი, რომ ყოფილ სასაზღვრო ოლქში ამჟამადაც არსებობს სოფელი ფილფილას სახელწოდებით მნიშვნელოვანი მომენტია გულგულას რეალური ადგილმდებარეობის დადგენისას, და უფლებას იძლევა ის ისტორიულ ტყე-ტბა გოლგოლად მივიჩნიოთ.
`ტყეტბა-გოლგოლა~ იყო არა თელავთან მდებარე `გულგულა~, არამედ ნუხპატოსთან მდებარე პუნქტი _ `ხილხალა~, რომელიც ასევე ახლოს იყო პუნქტ ყაბალასთან _ ვარდთაშენის რეგიონში, რომელთანაც (ქართლის სამეფოს დაშლამდე) მუდამ ქართველთა ქვეყნის საზღვარი გადიოდა. როგორც ითქვა, ეს ხილხალა ვარდთაშენის რეგიონში კარგად ჩანს 1923 წლის ივ. ჯავახიშვილის რუკაზე.
ეტიმოლოგიურად სიტყვა ხალხალ-ხილხალიდან შესაძლებელია სიტყვა ხულხულას, და ასევე ფილფილას, იგივე გულგულას მიღება.
მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, ხალხალი იყო `ქართველთა საზღვრები~ ალბანეთსა და ჩორის რეგიონს შორის.
მას აქვს ორი ცნობა ამის შესახებ _
მოვსეს კალანკატუაცი წერს:
ა. `ქართველთა საზღვრები მახლობლად ქალაქ ხალხალისა~ (მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, 1985, გვ. 60);
ბ. `მეორე რაზმი ჩააბარა ზორავარ ვარდანს, რათა ქართველთა საზღვრებთან შებრძოლებოდა ჩორის მარზპანს, რომელიც წამოსული იყო ალვანთა ეკლესიების დასანგრევად~ (იქვე, გვ. 60).
მაშასადამე ქართველთა საზღვრებთან მდებარე ხალხალა მდებარეობდა ალბანეთისა და ჩორის შემაერთებელ გზაზე. ჩორი _ კასპიის ზღვისპირას მდებარე დერბენდის მახლობელ რეგიონს ერქვა. მოვსეს კალანკატუაცის დროს სპარსელები და არაბები ალბანეთს `არანს~ უწოდებდნენ, არანი ქართული წყაროების რანია _ შემდგომში განძის ოლქად სახელდებული. სპარსულ და არაბულ წყაროებში, როგორც ითქვა, ალბანეთი არანად იწოდება, მხოლოდ სომხურ გეოგრაფიაში მტკვარსა და კავკასიონის ქედს შორის მოქცეულ ტერიტორიას ეწოდება ალბანეთი. ამ ტერიტორიას ქართულ წყაროებში ჰერეთი ეწოდება. ჰერეთი და ალბანეთი კი სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ, ერთმანეთის მეზობლად მდებარენი, თუმცა ისინი ზოგჯერ ერთიანდებოდნენ კიდეც. დაახლოებით ამავე ეპოქის ქართულ წყაროში (არსენ საფარელის `განყოფისათვის~) ჰერეთს ალბანეთი ეწოდება. ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ის, რომ მის დროს ალბანეთი და ჰერეთი გაერთიანებულნი იყვნენ, ალბათ, ამიტომვე ამავე ეპოქის სომხური გეოგრაფია, როგორც ითქვა, ალბანეთს უწოდებს ტერიტორიას მტკვარსა და კავკასიის ქედს შორის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყაროს ავტორი…_ მოვსეს კალანკატუაცი ალბანეთს რანს ანუ არანს უწოდებს. ალბანეთსა და ჩორის შემაერთებელ გზაზე ხალხალი მდებარეობდა, ის, როგორც ითქვა, ჩორისა და ალბანეთის შემაერთებელ გზაზე უნდა ყოფილიყო, შექთან და კაბალასთან, იქ სადაც აღნიშნულ რუკაზე პუნქტი `ხილხალა-ფილფილა~ მდებარეობს, იგულისხმება დარუბანდისა და განძის შემაერთებელი კავკასიის ქედზე გამავალი ხაზი.
მოვსეს კალანკატუაცი ხალხილას მიიჩნევდა საზღვრად ქართველთა და ალბანელების ქვეყნებს შორის, ქართულ წყაროში კი _ ამ საზღვარზე მდებარე პუნქტს ჩანს გულგულა ეწოდება. მაშასადამე, ხილხილა (ხალხალა) და გულგულა ერთი და იგივე პუნქტია. ხოლო ხალხალას ადგილსამყოფელი ცნობილია, ის თანამედროვე სოფელი ფილფილაა.
ჰერეთი
ჰერეთია – `ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა თვითგან, ვიდრე ტყეტბამდინ, რომელსაც აწ ჰქვიან გოლგოლა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 5).
ჰეროსმა – `აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთა და უწოდა სახელი თვისი _ ჰერეთი და აწ ჰქვიან ხორანთა~ ( იქვე).
`მცირე ალაზნის თავი~ უნდა იყოს `შესაკრებელი ორთავე ალაზანთა~ ანუ იორ-ალაზნის შესართავი, აქედან ტყეტბამდე, რომელსაც, როგორც ითქვა, ამჟამად ფილფილა ეწოდება, ხოლო ძველად გოლგოლა ერქვა, გადიოდა ჰერეთის აღმოსავლეთი საზღვარი, ჰერეთის სამხრეთ საზღვრის შესახებ წყარო წერს – `მტკვრისა ჩრდილოთ~ ანუ ჰერეთის სამხრეთი საზღვარია მტკვარი.
მაშასადამე, ჰერეთი ერქვა შემდეგდროინდელ შაქ-ყაბალას რეგიონს მტკვარ-ალაზნის შესართავიდან მტკვარ-არაქსის შესართავამდე. აქ მტკვარს მარცხენა მხრიდან უერთდება მდინარე `თეთრწყლები~, რომელსაც ამჟამად `აღსუ~ ჰქვია, იქ ამჟამადაცაა ქალაქი აღსუ, აქ გადიოდა ჰერეთის აღმოსავლეთი საზღვარი.
შაქ-ყაბალას რეგიონი და რანი შემდგომ საუკუნეებშიც ხშირად ერთიანდებოდნენ და ერთ პოლიტიკურ ერთეულს ქმნიდნენ. ჩანს, ასევე ყოფილა რანი და შაქი გაერთიანებელი V საუკუნეშიც, როცა ქალაქი ცურტავი ჰერეთის ქალაქად ითვლებოდა. როგორც რანი, ისე შაქი _ ისტორიული საქართველოს ქვეყნები იყო ზოგჯერ ალბანეთის სახელმწიფოში შემავალნი. მტკვრის იქით, მის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორია თეთრწყლამდე – ახსუმდე _ ქართველთა ისტორიული ტერიტორია რომ იყო ეს ჩანს სტრაბონიდანაც. სტრაბონი წერს – `არმენიელებმა იბერებს წაართვეს შემდეგი რეგიონები – პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენა – მტკვრის იქით~ (სტრაბონი, XI, 14, 5), ანუ გოგარენა – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო. ესაა შემდგომი შაქი-კაბალა ვიდრე შამახიის მთებამდე (მდ. აღსუმდე). აქედან გამომდინარე, სხვა ქვეყანა იყო გუგარქი და სხვა გოგარენა.
ტყე-ტბა გულგულა-ხილხალა, როგორც ჩვენ თეორიული გამოკვლევიდან ვაჩვენეთ, მდებარეობდა არა თელავთან, არამედ, ქ. ნუხპატოს აღმოსავლეთით, რომელსაც 1923 წელს ივ. ჯავხიშვილის რედაქტორობით გამოცემულ რუკაზე `ხილხალა~ ეწოდება _ ამჟამად მის ადგილზე იმავე ეტიმოლოგიის სახელის მქონე სოფელი _ ფილფილა მდებარეობს აზერბაიჯანის ოგუზის (ვართაშენის) რაიონში, ქ. კაბალა-ყაბალას დასავლეთით.
X საუკუნისათვის ჰერეთი (შემდგომი შაქი და ყაბალას რეგიონი) ძლიერ სამეფოდ გადაიქცა და შესაბამისად, თავისი საზღვრებიც გააფართოვა. ჰერეთის სამეფოს ისტორიული კახეთის საქორეპისკოპოსოსათვის წაურთმევია ნეკრესის აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთი ადგილები, მათ შორის ვეჟინის ციხე (ამიტომაც შემდგომში მის გათავისუფლებას ცდილობდნენ კახელები აფხაზთა მეფეებთან ერთად), ასევე ლაგოეთი, კატეხის ეკლესია, კაკი და გიში. იქამდე, ეს იქიდან ჩანს, რომ VIII ს-ში, წმ. არჩილ მეფის ცხოვრების მიხედვით, ეს ადგილები კახეთში შედიოდა.
(შაქი-ყაბალას ხილხალას გარდა, მეორე ხილხალა, უფრო პატარა პუნქტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც იყო).
კახეთი
მატიანეთა მიხედვით _ კახეთი ქართლის სამეფოში შედიოდა და მისი აღმოსავლეთის რეგიონი იყო. ამ რეგიონის (და შესაბამისად, ქართლის სამეფოს) მოსაზღვრედ ჰერეთი მდებარეობდა – ჰერეთი `ქართლის~ მოსაზღვრე იყო.
აქედან გამომდინარე, კახეთი მდებარეობდა ჰერეთსა და შიდა ქართლს შორის, არაგვიდან ჰერეთამდე იყო კახეთის ქვეყანა. ჰერეთის ჩრდილო საზღვარი, როგორც ითქვა, ეწოდებოდა ხაზს გავლებულს იორ-ალაზნის შესართავიდან გოლგოლმდე ანუ ხილხალამდე (ფილფილამდე).
კახეთში შედიოდა ნეკრესი _ `კახეთს ქალაქსა ნელქარისასა, რომელ არს ნეკრეს~ (ქ.ც. I, გვ. 24).
კახეთში იყო `ავჭალა~ და `ლოჭინი~, კახეთის ქალაქი იყო რუსთავი – `რუსთავის ქალაქი~ (საეპისკოპოსო), უჯარმა _ ნინოწმიდის საეპისკოპოსო.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით – `ლეონტის წიგნში კახეთის საზღვრები არეულია~ (ივ. ჯავახიშვილი, II, 1983, გვ. 38). მაგრამ თუ ზემოაღნიშნულ საზღვრებს გავითვალისწინებთ ლეონტის ცნობა მაშინ გამართლდება –
`კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავამდე მთისა კახეთისასა და მტკვარს შუა, ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვითგან ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა~ (ქ.ც. I, გვ. 24).
ჩვენ ვთქვით, რომ საზღვარი ჰერეთისა გადიოდა შაქი-ყაბალას ხილხალა-ფილფილასთან, ეს იყო გოლგოლა, ამ პუნქტიდან იორ-ალაზნის შესართავამდე იდო საზღვარი ჰერეთსა და კახეთის შუა.
შაქი-ყაბალას ხილხალა-გოლგოლადან არაგვამდე მიწა იყო კახოსისა ანუ ისტორიული კახეთი.
კახოსსა და კუხოსს შორის ანუ კახეთსა და კუხეთს შორის საზღვრები ასე გადანაწილდა _ მათ შუა იდო გომბორის ქედი, რომელსაც ლეონტი `კახეთის მთას~ უწოდებს. ამ მთის სამხრეთ მწვერვალს ლეონტისთან ჰქვია `თავი კახეთისა~. ანუ კახეთსა და კუხეთს ერთმანეთისაგან ყოფდა გომბორის ქედი. ორივეს სამხრეთით იდო ჰერეთი.
კახეთის საზღვარი გადიოდა კავკასიის ქედზე. კახეთიცა და კუხეთიც არაგვიდან იწყებოდა. მდ. იორი – კუხეთის მდინარე იყო, ალაზანი _ კახეთისა. სამხრეთი საზღვარი, როგორც ითქვა, იდო გოლგოლა-ტყეტბასა და იორ-ალაზნის შესართავიდან გავლებულ ხაზზე. ანუ შაქის ხილხალადან – იორ-ალაზნის შესართავამდე.
`კახეთის მთას~ გომბორის ქედს უწოდებდნენ, ის კახეთსა და კუხეთს ერთმანეთისაგან ყოფდა.
ამ საზღვრებში კახეთსა და კუხეთს აღიარებდა ძველი ქართული საისტორიო გეოგრაფია ვიდრე XX საუკუნემდე, ვიდრე პატკანოვ-მარის ქართიზაციის თეორიის მომხრეებმა არ შეიტანეს ეჭვი ამ საზღვრებში და ჰერეთის საზღვარი თელავამდე მოიტანეს.
ძველი ქართული საისტორიო გეოგრაფია აღნიშნულ საზღვრებს რომ აღიარებდა XX ს-მდე, ეს ჩანს თვით იაკობ გოგებაშვილის წიგნიდან, რომელშიც ყმაწვილებს უხსნიდა – `ცივ-გომბორის მთა კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს: იქითა, აღმოსავლეთის ნაწილს, `შიგნით კახეთი~ ჰქვია, აქეთას – დასავლეთისას – `გარეთ კახეთი~, უწინდელს დროში პირველს `საკუთრივ კახეთს~ უწოდებდნენ, მეორეს `კუხეთს~ ეძახდნენ. შიგნით კახეთს ალაზანი რწყავს, გარეთ კახეთს იორი~ – წერდა გოგებაშვილი, რომელიც იმეორებდა ძველი ქართული საისტორიო ისტორიოგრაფიის ათასწლოვან თვალსაზრისს.
როგორც ითქვა, XX ს. საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიამ არ ცნო ეს საზღვარები, მან კახეთის მიწა-წყალი თელავამდე – ჰერეთში შეიყვანა, თუმცა, ივ. ჯავახიშვილის სიტყვით – `კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრები ზოგჯერ ერთმანეთში ირევა~ (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ. 41).
კახეთ-ჰერეთის საზღვრები ისაზღვრებოდა `იმისდა მიხედვით, თუ რომელი კუთხე ჰეგემონობდა ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში და თავის საზღვრებს აფართოებდა, მაგალითად, ერთ პერიოდში (IX-X სს.) ჰერეთი – კახეთსაც მოიცავდა, და პირიქით, კახეთში ჰერეთის ნაწილიც შედიოდა~ (იქვე, გვ. 41).
ასეთი მიზეზების გამო `ვახუშტის ჰერეთისა და კახეთის საზღვრების შესახებ მასალები არ ჰქონია~ (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ. 41).
წმიდა ნინოს განსასვენებელი ბოდბე, რომელსაც ძველად ბოდი (ბოდინი) ერქვა საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიის მიხედვით ალბანეთში ანუ ჰერეთში შედიოდა, რადგანაც გულგულას თელავთან ათავსებდნენ.
ამ თვალსაზრისითაა მიღებული ალბანეთის საკათალიკოსოს იურისდიქციის საზღვრების რუკა მოსკოვში დასტამბულ – `პრავოსლავნაია ენციკლოპედიაში~. აქ ალბანეთის საზღვრებში შედის ბოდბე და ალბანეთის საზღვარი მცხეთის სიახლოვესაა გავლებული. მაშინ, როცა წმიდა ნინოს ცხოვრებისა და `მოქცევაი ქართლისაი~-ს მიხედვით ბოდბე იყო `ქვეყანა კახეთისა~, ხოლო მეორე ხელნაწერით `ქვეყანა კუხეთისა~ (კოხეთისა, კხოეთისა) და არა ჰერეთისა. ნეკრესი არაა ჰერეთის ქალაქი, არამედ კახეთისა, ამიტომაც გულგულა, რომელიც მის ჩრდილოეთითაა, ცხადია, კახეთს ეკუთვნოდა.
როგორც ითქვა, ჰერეთის სამეფოს X საუკუნისათვის თავისი საზღვრების გაფართოების დროს კახეთის ზოგიერთი მოსაზღვრე სოფელ-ქალაქი მიუერთებია – ლაგოეთი, კატეხის ეკლესია, კაკი და ზიარი (მელქისედეკის სიგელით), პირიქითაც ხდებოდა, როდესაც კახეთი ფართოვდებოდა მისი საზღვრებიც იზრდებოდა – `კახეთი თავის საზღვრებში ზოგჯერ ქსანსაც კი აქცევდა – მუხრანი, ხერკი და ბაზალეთი ამ დროს კახეთად ითვლებოდა (ლეონ აფხაზთა მეფის ეპოქაში). ასევე კახეთში იყო ლოპოტი, ხოლო დიდოეთი – კახეთის მთიულეთში შედიოდა~ (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ. 44).
საერთოდ, რადგანაც ჯუანშერის ცნობით კახეთი `კლდეებით მოზღუდული ქვეყანა იყო~ – ის, მართლაც კავკასიასა და გომბორის ქედთა შორის იდო.
კავკასიის `კლდეებით~ მოზღუდული თანამედროვე საინგილოც კახეთში შედიოდა და არა ჰერეთში, რადგანაც წმ. არჩილის ცხოვრების მიხედვით საინგილო კახეთს ეკუთვნოდა VIII ს-ში.
არჩილ მეფე VIII ს-ში არაბობის გამო საცხოვრებლად გადავიდა კახეთში – `მოვიდა არჩილ კახეთად… აღაშენა ეკლესია სამძორს… დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს – ორთა წყალთა შუა, ხოლო ნუხპატელნი… იძულებით მონათლნა არჩილ~ _ წერს ჯუანშერი (ქ.ც., ტ. I, გვ. 244).
ე.ი. ქართლის მეფის არჩილის საბრძანებელში შედიოდა კახეთის უკიდურესი აღმოსავლეთი მხარე თუშეთიდან ნუხპატამდე. ამასთან ერთად, წუქეთი – ხუნძეთით მისი გავლენის სფეროში შედიოდა ჯუანშერის თხრობით (იქვე). ნუხპატი, შაქის რეგიონის აღმოსავლეთით, ციხე-ქალაქად უქცევია ქართლის მეფეს. ამის გადმოცემისას ნახსენებია პუნქტი – `ორთა წყალთა შუა~ – ე.ი. იორ-ალაზნის ურთიერთშერთვის ადგილი და ასევე გულგულა ანუ შემდგომი შაქისა და კაბალას რეგიონში მდებარე პუნქტი ხილხალა. აქამდე აღწევდა ქართლის სამეფოს საზღვარი.
აქედან გამომდინარე, თანამედროვე საინგილო შედიოდა არა ჰერეთში (ალბანეთში), არამედ კახეთში, ე.წ. `შიგნით კახეთში~. ასე მიიჩნევდა ძველი ქართული საისტორიო გეოგრაფია საბჭოურ პერიოდამდე.
კამბეჩანი, ხორნაბუჯი და შაკიხი (შაქი)
კამბეჩანი მდებარეობდა არა იორის ვაკეზე, არამედ იქ, სადაც ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავია, რადგანაც ქართლის ცხოვრების მიხედვით კამბეჩანის `შიგნით მინდორნი ყოფილა გორებით იყო შემოზღუდული~ (ივ. ჯავახიშვილი, II, 1983, გვ. 43), ამასთანავე კამბეჩანი `კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი იყო~ (იქვე, გვ. 43). რადგანაც ჩვენი გამოკვლევით კახეთის სამხრეთი საზღვარი გადიოდა იორ-ალაზნის შესართავიდან შაქის ხილხალა-გულგულამდე, ამიტომაც მის `სამხრეთ-აღმოსავლეთით~ სწორედ გორებით შემოზღუდული ვრცელი ვაკე-მინდორიანი ადგილი იყო, რომელიც ამ გორებით შემოზღუდულობის გამო კარგი საშუალება აღმოჩნდა დიდი წყალსაცავის (`ზღვის~) შესაქმნელად. ათეულ (70) კილომეტრზე გადაჭიმული მინგეჩაურის ამჟამინდელი წყალსაცავი გორათა შუა დაგუბებული წყალია, ხოლო იორის ვაკე არ არის გორებით მოზღუდული. მინგეჩაურის წყალსაცავის სიგრძე 70 კილომეტრია, ხოლო სიგანე 18 კმ. მის მიერ დაკავებულ ფართობში შესაძლებელია მისი მიმდებარე ორი რაიონის მოთავსება, რადგანაც ერთი რაიონის სიგრძე დაახლოებით 30-35 კილომეტრია. მაშასადამე, მინგეჩაურის წყალსაცავის ადგილზე მდებარე კამბეჩანი დიდი რეგიონი ყოფილა თავისი ქალაქებითა და სოფლებით.
ჯუანშერის ცნობით `ქალაქი კამბეჩანისა არის ხორნაბუჯი~ იორ-ალაზნის შესართავთან. არსებულა `ქალაქნი კამბეჩანისანი~ და ის სომხური გეოგრაფიით `მტკვრის სანახებთან~ ყოფილა (იქვე, გვ. 44). ასეთი ადგილია აღნიშნული მინგეჩაურის წყალსაცავი, რომელიც ბუნებრივი შესაკრებელია იორ-ალაზნისა და მტკვრის წყლებისა. როგორც ითქვა, იორ-ალაზნის შესართავთან მდებარე `ქალაქი კამბეჩანისა არის ხორნაბუჯი~.
ლეონტის ცნობითაც ხორნაბუჯი ყოფილა `შესაკრებელთა ორთავე ალაზანისა~, ხოლო ვახუშტის, რომელსაც ივ. ჯავახიშვილის სიტყვით არ ჰქონია ზუსტი ცნობები ჰერეთის საზღვრების შესახებ, წერს – `ყარაღაჯის სამხრით, სადაც დასტყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი~ (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ. 48).
ლეონტის `კახეთის მთა~ – ვახუშტის `ჰერეთის მთაა~ – ესაა ცივ-გომბორის ქედი. ასე რომ, კამბეჩანი და მისი ქალაქები, ჩანს, მინგეჩაურის წყალსაცავის მიერაა დაფარული და მისი შემოგარენია.
შაკიხში ანუ შაქში ბაგრატიონების ჩასახლების შესახებ მოგვითხრობს ჯუანშერი, რომ ეს ტერიტორია (შაქი) არჩილ მეფის გავლენის სფეროში შედიოდა და მან იქ მამულები მისცა ტარონიდან შემოსულ სამ ბაგრატიონ ძმას, ადარნასე ბრმის ნათესავებს.
შაქში დამკვიდრებული ბაგრატიონების ტერიტორიის საზღვარი გადიოდა – შაქის გულგულა-ხილხალა-ფილფილასთან, რომელზეც უკვე ქართლის სამეფოში შემავალი კახეთი იდო.
შემდგომ ტარონიდან ჩამოსულმა ამ ბაგრატიონებმა შაქისა და კაბალას რეგიონში თავიანთი გავლენის გავრცელება შეძლეს, რადგანაც კავკასიის მთისწინეთი ვიდრე რანამდე გაუკაცრიელებული იყო. არჩილთან მისული ტარონელი ძმები შემდგომ, ჩანს, იწოდნენ ჰერეთის ბაგრატიონებად, რომელთაც თავიანთი გავლენა განავრცეს ვიდრე შემახიის მთებამდე. ჰერეთი, შესაბამისად, დინარა დედოფლამდე მონოფიზიტური ყოფილა, ანუ VIII ს-დან X ს-მდე.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, მემატიანის მიერ ნახსენები გულგულა მდებარეობდა შაქ-კაბალას რეგიონში, ხოლო ჰერეთი გულგულა-ფილფილას მარჯვნივ მდებარეობდა.
კავკასიის მთისწინეთის მიწა-წყალი ჰერეთის ბაგრატიონებს ეკუთვნოდათ უკვე VIII ს-დან. როგორც ითქვა, ჰერეთის ფილფილა-გულგულას მარცხნივ იდო კახეთი, შაქის რეგიონი ტარონელი ბაგრატიონების თავდაპირველი მამული იყო არჩილის დროიდან.
ბაგრატიონების მეთაურობით ჰერეთი გაძლიერდა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამეფოდ და შეძლო კახეთის სხვა ზოგიერთი პუნქტის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, მათ შორის, როგორც ითქვა, შედიოდა ლაგოდეხი (ლაგოეთი) და სხვა პუნქტები.
ჰერეთის სამეფოს მიერ მიტაცებულ კახურ მიწებს დროებით ჰერეთი ეწოდათ ამ მპყრობელობის გამო. ვითარება კახეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ შეიცვალა და ეს ადგილები კვლავ კახეთს დაუბრუნდა. ისინი მალევე კვლავ კახეთად იქცნენ.
უნდა ითქვას, რომ ეტიმოლოგიურად სიტყვები კახეთი, შაკიხი, კუხეთი თუ კხოეთი ერთი წარმოშობისაა.
მაგალითად, `შაკიხი~ შეიძლება ასე დაიყოს `შა-კიხი~. `შა~ – შეიძლება იყოს სადაურობის აღმნიშვნელი პრეფიქსი `სა~, მაშინ `შაკიხი~ იქნება `სა-კიხი~ ანუ `სა-კახო~, ან `სა-კუხო~. ასეთი ეტიმოლოგიური თანხვედრობა აჩვენებს, რომ შაკიხის (შაქის) და კახეთის მოსახლეობა ერთი ეთნიკური სფეროს ნაწილები იყვნენ.
შაკიხში (შაქში) ბაგრატიონების ერთი შტოს დამკვიდრების შესახებ მემატიანე წერს – `ხოლო ძმისწული ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თვალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი და დაემკვიდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისათა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი, უმკვიდრო ქმნილ იყო… დაემკვიდრნეს სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის~ (ქ.ც., I, გვ.244).
აქედანაც ჩანს, რომ გულგულა არ შეიძლება იყოს პუნქტი თელავთან, რადგანაც შაკიხელი ბაგრატიონები არჩილ მეფემ გადასვლის შემდეგ დაასახლა კახეთის ერთ-ერთ კუთხეში და თუკი ისინი დაეპატრონენ კახეთის ტერიტორიას ვიდრე თელავამდე, მაშინ გამოდის, რომ მათთვის არჩილს თავისი სამეფოს ძირითადი და უმეტესი ტერიტორია მიუცია, მაგრამ ეს ასე რომ არ იყო იქიდანაც ჩანს, რომ არჩილ მეფე ნუხპატის ციხე-ქალაქში დამკვიდრდა.
შაკიხი (შაქი) იქცა ნაწილად ჰერეთისა, რომელიც იქამდე ხილხალა-გულგულადან აღმოსავლეთით, ვიდრე შამახიის მთებამდე ვრცელდებოდა.
შაკიხიც და კახეთიც იმ დროს (VIII ს-ში) ჭალა-ტყეებით ყოფილა დაფარული.
კახეთის ქორეპისკოპოსი წანარეთიდან ყოფილა წარმომავლობით და ალბათ ამიტომ, ჩანს, კახეთის სამმართველო ხელისუფლება წანარების ხელში ყოფილა, შესაბამისად, კახეთის ჯარებსაც წანარებს უწოდებდნენ ხოლმე.
შაქელებისა და ამ წანარების ლაშქარი საქართველოს მეფის გვერდით იდგნენ, განსაკუთრებული კრიზისების დროს, მაგალითად, ბასილი II-ის შემოჭრისას – გიორგი I-ს ამ დროს `მოუვიდნენ მეშველნი წანარნი და შაქნი~. რაც ერთიან ეროვნულ თვითშემეცნებაზე მიუთითებს.
ერთი სიტყვით, ჰერეთისა და კახეთის საზღვარი გადიოდა იორ-ალაზნის შესართავთან შაქის გულგულა-ხილხალამდე. ჰერეთი ამ ხაზიდან ვიდრე შემახიის მთებამდე (მდ. თეთრწლამდე) ვრცელდებოდა. მისი დასავლეთი ნაწილები იყო კამბეჩანი (მინგეჩაურის წყალსაცავის ადგილას) და შაკიხი (მის ჩრდილოეთით).
ჩანს, VIII საუკუნიდან იქ დამკვიდრებული ტარონელი ბაგრატიონების ხელშეწყობით სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ დათრგუნა ჰერეთის ქალკედონიტური ქრისტიანობა და სპარს და არაბ დამპყრობელთა ნებით, რომელნიც სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას უჭერდნენ მხარს _ ჰერეთი ალბანეთთან ერთად სომხური ეკლესიის გავლენის სფეროში შეიყვანა, ვიდრე დინარა დედოფლამდე (X ს.).
ამ ეპოქაში, ჰერეთს ალბანეთის ნაწილადაც მიიჩნევდნენ და ამ ეპოქის აღმწერი ზოგიერთი ქართული წყარო ალბანეთს – ჰერეთს უწოდებს. მაგალითად, არსენ საფარელი თავის თხზულებაში _ „განყოფისათვის სომეხთა და ქართველთა“. ჩვენს მიერ ჰერეთად სახელდებულ ქვეყანას სხვა ტერიტორიებთან ერთად, ჩანს, სომხური გეოგრაფია ალბანიას უწოდებს – ივ. ჯავახიშვილი წერს – `სომხური უსახელო გეოგრაფია ალბანიას მდ. მტკვარსა და კავკასიის მთებს შუა ათავსებს და კამბეჩანისათვის მტკვრის სანახები აქვს მიკუთვნებული~ (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ.44).
კამბეჩანი სომხური გეოგრაფიით მტკვრის სანაპიროზე ყოფილა, რასაც ჩვენი გამოკვლევაც ადასტურებს. ამიტომაც არ მართლდებიან XX საუკუნის ქართველი ისტორიკოსები, რომლებიც კამბეჩანს უფრო ჩრდილოეთით, იორის ხეობაში ათავსებენ.
სამშვილდის ქვეყანა
სამშვილდის საერისთავო თბილისის მდ. ვერედან ტაშირ-აბოცამდე იყო გადაჭიმული – `სკორეთისა მდინარითგან ვიდრე მთადმდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი~.
სკორეთის მდინარე – `აწ წოდებული ვერედ~ (ვახუშტი).
სამშვილდის საერისთავოში შედიოდა გარდაბნის ანუ გაჩიანის ქვეყნის ნაწილი.
გარდაბანის ქვეყანა გარდაბოსის ნაწილი იყო, რომელიც მას ქართლოსმა მისცა სამმართველოდ – `გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვრად აღმოსავლით მდინარე ბერდრუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი და სამხრით – მთა პირველ ხსენებული (ქართლის სამეფოს საზღვარი) და ჩრდილოთ მტკვარი~.
თითქმის იმავე საზღვრებში მისცა ფარნავაზმა ხუნანის ერისთავს სამართავად რეგიონი – `ერთი გაგზავნა ხუნანის ერისთავად და მისცა ბერდრუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი~ – ორთავე შემთხვევაში ერთი და იგივე საზღვრებია დასახელებული (ივ. ჯავახიშვილი, II, გვ.31).
`ხუნანის ანუ გარდაბნის საერისთავო ჩრდილოეთით ისაზღვრებოდა მტკვრითა და თბილისით, სამხრეთით სომხითის მთებით, აღმოსავლეთით მტკვრითა და ბერდრუჯის, ხოლო დასავლეთით ქალაქ გაჩიანით~ (იქვე, გვ.31). `გაჩიანი მტკვრის პირზე ყოფილა …სადღაც სომხითს, ბარდავასა და ივრისპირს შუა… გაჩიანის მდებარეობა არც ვახუშტის სცოდნია~ (იქვე, გვ.31).
`გაჩანის ანუ გაჩიანის ქვეყანას ეკუთვნოდა სამშვილდის საერისთავო~ – წერს ივ. ჯავახიშვილი, ნაწილი გაჩიანისა ასევე სამშვილდის საერისთავოში შედიოდა.
სვანეთი
სვანეთია მიწა-წყალი `დიდოეთიდან ეგრისამდე~ (ლეონტი).
თითქოსდა, ვახუშტის ამ ცნობას ეთანადება ისტორიული დიდოეთის მახლობელ მთებში დღემდე არსებული ფოლკლორი _ `ხევსურეთში მთიბავები დღემდე ერთმანეთს ასე ეხუმრებიან: `სვანელებო, სვანელებო, თქვე პირდაუბანელებო~ (მთქმელი ლევან ზვიადაური), თითქოსდა, ხევსურები ერთმანეთს `სვანელებს~, სვანებს უწოდებენ.
ივ. ჯავახიშვილი წერს სვანეთზე _ `სვანებს თავდაპირველად უეჭველად ეხლანდელზე მეტი მიწა-წყალი უნდა სჭეროდათ, მრავალი სხვა საბუთებიც სვანეთსა და კახეთს ერთმანეთს უახლოვებს~ (ივ.ჯავახიშვილი, ტ. II, გვ.51).
მაგრამ, უფრო ადრე, პირველი ათასწლეულის დასაწყისში, ჩანს, დასავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილსაც სვანეთს უწოდებდნენ, ამას მიუთითებს წყარო ანდრია პირველწოდებულის შესახებ:
ანდრეამ `გადალახა ჭოროხი (ფაზისი) და შევიდა სვანეთში~. `ეგრისი სვანეთია~ ( ქ.ც., ტ. I, გვ. 27, სქოლიო 2). ეგრისი დასავლეთ საქართველოს ერქვა, მაგრამ ქრისტეშობამდე დასავლეთ საქართველოს ასევე ერქვა `სვანეთი~, ამიტომაც აღნიშნა ქართლის ცხოვრების გადამწერ-კომენტატორმა ფარნავაზის შემდგომი ხანის აღწერისას ხელნაწერის არშიაზე _ `ეგრისი სვანეთია~, როცა ის განმარტავდა წინადადებას _ `დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სვანეთი~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 27).
საქართველოს სახელმწიფო საზღვრები მეფეთა მმართველობისას
პირველი მეფე ფარნავაზი
`ალექსანდრე მაკედონელმა პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი, შუა ქართლ: წუნდა, ხერთვისი, ოძრხე, თუხარისი (მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვია ჭოროხი), ურბნისი, კასპი და უფლის ციხე, ქალაქი დიდი მცხეთა (და უბანნი მისნი – სარკინე, ციხედიდი, ზანავი, უბანიურიათა) და რუსთავი და დედაციხე – სამშვილდე, მტვერის ციხე (რომელ არს ხუნანი) და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხარაზნი~ (ქართლის ცხოვრება, I, 1955. გვ. 18).
ქუჯი ჰპირდება ფარნავაზს:
`ხვასტაგითა შენითა განგიმრავლე სპანი, გამოვჩნდეთ მტრად აზონისა, მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა.
ეგრისით შეკრბეს ურიცხვნი სპანი და მომართეს აზონს.
ფარნავაზ დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა.
წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა _ ანძიანძორა
და ეკელეცით შემოიქცა, მოვიდა კლარჯეთს
და დაიპყრა კლარჯეთი
და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა.
ხოლო ეგრისს წყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა~ (ქ.ც. I. გვ. 24).
ეგრისწყალი ქართლის სამეფოს საზღვარია. `ეგრისწყალს ქვემოთ~ მდებარე ქვეყანა _ არის ეგრისწყლის (ღალიძგას) მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქვეყანა ეგრისწყლიდან ვიდრე ყუბანამდე (მცირე ხაზარეთის მდინარემდე). ის იმჟამად `ბერძენთა~ მიერ ყოფილა დაპყრობილი, ხოლო ეგრისწყლის მარცხენა სანაპიროს ქვეყანა ეგრისწყლიდან ვიდრე ჰერეთამდე ქართლის სამეფოში შედიოდა, შესაბამისად, იქ მისი საერისთავოები მდებარეობდა.
ფარნავაზმა `მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა ზღუითგან მთამდე რომელსა შინა არს ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ და ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი~.
[ე.ი. ეგრისის საერისთავო მდებარეობს ზღუითგან მთამდე ანუ შავი ზღვიდან კავკასიონამდე, ესაა მისი სიგანე, ხოლო სიგრძეა ეგრისწყლიდან რიონამდე]
ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა მცირით მთითგან რომელ არს ლიხი ვიდრე ზღუადმდე ეგრისისა რიონს ზემოთ. ფარნავაზ აღაშენა შორაპანი და დიმნა.
[წყაროში საზღვრად ოთხჯერ იხსენიება `ზღვა~, ესაა ბუნებრივი საზღვარი, ამიტომ მისი იგნორირება არ შეიძლება. მარგვეთის საერისთავოც ამ საზღვრებშია. მისი სიგრძეა ლიხის მთიდან ვიდრე ზღუადმდე ეგრისისა, ხოლო სიგანეა რიონიდან ისევ ბუნებრივ საზღვრამდე, აქ იგულისხმება კავკასიონის ქედი.]
გააგზავნა მეორე კახეთისა ერისთავად და მისცა არგვითგან ვიდრე ჰერეთამდე რომელ არს კახეთი და კუხეთი.
[ქართლის სამეფოს საზღვარი ამ დროს იყო ჰერეთი _ წყაროში ნათქვამია _ `ვიდრე ჰერეთამდე~].
მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარიდან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთადის რომელ არს გარდაბანი.
[ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საზღვარი მდინარე ბერდუჯია _ `ბერდუჯის მდინარიდან~]
მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე რომელ არს ტაშირი და აბოცი.
[ქართლის სამეფოს სამხრეთი საზღვარი ტაშირ-აბოცის მთებია _ `ვიდრე მთამდე რომელ არს ტაშირი და აბოცი~].
მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკვრისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.
[ვიდრე თავადმდე მტკვრისა].
მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.
[საზღვრად მესამეჯერ იხსენიება ზღვა, ამჯერად ოძრხესთან დაკავშირებით _ `ზღუამდის~]. აღსანიშნავია,რომ ვახუშტის სხვა საზღვრებში აქვს მოცემული კლარჯეთი და ოძრხე, მისი ცნობა უფრო დამაჯერებელია, ჩანს უფრო ძველი წყაროდან არის ამოღებული].
მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთვად და მისცა არსიანითგან ზღუამდე
[მეოთხეჯერ ზღვა კლარჯეთის საზღვართანაა დაკავშირებული `ზღუამდე~].
და მერვე ქუჯი იყო ერისთავი ეგრისისა.
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისიდან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 24).
მეორე მეფე საურმაგი
`საურმაგ წამოიყვანა ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი და დასხნა მთიულეთს დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სვანეთი~ (`ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 27)
[`დიდოეთითგან ეგრისამდე არს სვანეთი~].
მეოთხე მეფე ფარნაჯომი
ამან `იწყო შენებად კახეთის ქალაქისა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი~. მეცხრე მეფე არშაკმა `განაშვენა ნელქარ ქალაქი კახეთისა რომელ არს ნეკრესი~ (გვ. 33)
ფარნაჯომის შემდგომი მეფეების დროს ქართლის სამეფო მთლიანობას ინარჩუნებდა, ვიდრე ადერკი მეფემდე.
მეათე მეფე ადერკი
სამეფოს ორად გაყოფა მეფე ადერკის მიერ
ქართლის ცხოვრება წერს – ადერკიმ `“დაიპყრა ყოველი ქვეყანა – ქართლი და ეგრისი~ (გვ. 35).
ადერკი მეფემ შემდეგ თავის შვილებს გაუყო ქართლის სამეფო _ `მისცა ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მტკვარსა – შიდა ქართლი და ყოველი ქართლი მტკვარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა – ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძო ქალაქი მტკვარსა სამხრით ქართლი ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკვარისა და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თვისსა~ (გვ. 43).
სასაზღვრო წერტილები აქ არის `ქართლის თავი~ და `ეგრისის თავი~.
სამეფო ორად გაიყო. მათ შორის ძირითად საზღვრად იქცა მდ. მტკვარი. მისი მარცხენა სანაპიროს ქვეყანა ჰერეთიდან ეგრისის თავამდე ერთ-ერთ მეფე-შვილს მიეცა, მისი სამეფო ქალაქი მცხეთა იყო, ხოლო არმაზში მჯდომ მეორე მეფე-შვილს მიეცა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ქვეყანა ხუნანიდან ქართლის თავამდე და მტკვრის სათავემდე, კლარჯეთის ჩათვლით.
ჩანს, „ქართლის თავი“ ერქვა ჭოროხის შესართავს, ხოლო „ეგრისის თავი“ მდ. ეგრისწყლის შესართავს ზღვასთან. ე.ი. გაჩნდა ორი სამეფო _ მცხეთის ქართლი (ეგრისის ჩათვლით) და არმაზის სამეფო (კლარჯეთის ჩათვლით). აღსანიშნავია, რომ მცხეთის ქართლმა შეძლო დამოუკიდებლობა-სუვერენობის შენარჩუნება, და ის უცხოელთა მიერ იბერიის სამეფოდ იწოდებოდა, ხოლო არმაზის ქართლი ერთხანს არმენიის გავლენის სფეროში იყო. დაიწყო ომები არმენიასთან არმაზის ქართლის სუვერენობის აღსადგენად.

რუკა: ორად გაყოფილი იბერია. პომპეუსის ლაშქრობათა მარშრუტი იბერიასა და ალაბანეთში
მეთორმეტე მეფეები ფარსმან და კაოს
სომხეთმა `მოუღო (საზღვარსა ქართლისასა) _ ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე~ (გვ. 44).
მეცამეტე მეფეები აზორკ და არმაზელი
`შევიდეს ესენი სომხითის უგრძნეელად წარმოსტყუენეს შირაკუანი და ვანანდი – ბაგრევანამდე და ბასიანამდე და გამოვლეს გზა ფარისოსისა, განსრულ იყვნეს მტკვარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანის და დაებანაკათ იორსა ზედა~.
`და იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი არმაზელისი და მას შეეწეოდეს მეგრელნი. და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა ქვეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო. სომეხთა უკუმოსცეს საზღვარი ქართლისა ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა ჯავახეთი და არტაანი~ (გვ. 49).
მეთხუთმეტე მეფენი ფარსმან ქველი და მირდატი
ფარსმან ქველს (არმაზელ მეფეს) და მის ვაჟს ერთგულობენ _ `მეგრნი დაადგეს ერთგულობასა ფარსმანის ძისასა~ (იქვე, გვ. 53).
მეთვრამეტე მეფე ამაზასპ
(კვლავ გაერთიანება)
`ამაზასპ უწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავლისანი: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, ერისთავი სამშვილდისა და შემოკრბეს მხედარნი სპასპეტისანი და ვიდრე მოსვლამდე დასავლეთისა ერისთავისა მოვიდეს ოვსნი~ (გვ. 55)
`მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა~ (გვ. 57)
[ქალაქი ხილახილა – საზღვარი სომხითისა]
მეფე მირიანის წინაპრების დროს ერთ-ერთი სპარსი მთავარი `მივიდა საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა ჰქვიან ხილახილა~ (გვ. 61).
ოცდამეოთხე მეფე მირიანი
(საზღვრების გაფაროება მეფე მირიანის დროს. მოემატა _ სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი)
სპარსეთმა აღიარა, რომ მირიანი იყო ხელმწიფე ქართლისა, სომხითისა, რანისა, მოვაკანისა და ჰერეთისა. `მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი~ (გვ. 64).
`მეფობდა მირიან ქართლს, სომხითს, რანს, მოვაკანს და ეგრს~ (გვ. 65).
მირიან მეფე მუდამ იცავდა დარუბანდს.
მირიანს სპარსეთის სახელმწიფომ გადასცა: `ჯაზირეთი, შამის ნახევარი და ადრაბადაგანი~ (გვ. 67).
საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის
იმპერატორმა კონსტანტინემ `განუჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქვეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან რახსა, ესე ქვეყანანი თრდატის კერძად დაყარნა და რომლისა ქვეყანისა მდინარენი ჩრდილოით დიან და მიერთვიან მტკვარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა~ (გვ. 70).
ქართლის სამეფოს საზღვარი ეგრისწყლამდე
`მეფობდა მირიან: ქართლს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და აქუნდა ეგრისიცა ვიდრე ეგრისწყლამდე~ (გვ. 70).
საუფლისწულო
`მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი და დასვა იგი უჯარმას~ (გვ. 71).

რუკა: წმიდა ნინოს ქადაგებათა მარშრუტი სხვადასხვა წყაროს შეჯერებით
ოცდამეხუთე მეფე ბაქარი (მირიანის ძე)
[ბაქარმა რანის ერისთავს ფეროზს გაუცვალა ტერიტორია და ამის შემდეგ რანს თვითონ მართავდა (ბაქარ მირიანის ძე)].
(რანი არის ქვეყანა ხუნანითგან ბარდავამდე მტკვარსა ორივე კერძი (ქ.ც. I. გვ. 68).
ფეროზს, იქამდე `აქუნდა რანი ბარდავამდის~- `მისცა მის წილად ქვეყანანი სამშვილდითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 131).
აქედან ჩანს, რომ რანი შედიოდა ბაქარის სამეფოში.
ოცდამეექვსე მეფე მირდატ ბაქარის ძე (მირიანის შვილიშვილი)
`აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა და მუნ დაადგინა მღვდელნი მოძღვრად კლარჯთა~ (იქვე, გვ. 131) _ [კლარჯეთი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა].
ოცდამეშვიდე მეფე ვარაზ-ბაქარ, ძე მირდატისი
(საზღვრების ცვლილება-შემცირება)
ვარაზ-ბაქარის დროს (დაიკარგა რანი, მოვაკანი და კლარჯეთი. ქართლის სამეფოს დარჩა ჰერეთი, ეგრისი და მათ შუა მდებარე ტერიტორია).
ამ მეფეს სპარსეთმა ჩამოართვა რანი და მოვაკანი (გვ. 136).
დაკარგა ლაზიკა, ანუ კლარჯეთი.
`ამისა შემდგომად განდგეს კლარჯნი ვარაზ ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა: თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითგან არსიანთამდე და დარჩა ვარაზ ბაქარს ქართლი (თვინიერ კლარჯეთისა) და ჰერეთი და ეგრისი~ (გვ.137).
[კლარჯეთია -თუხარისიდან და ზღვიდან არსიანამდე].
ოცდამერვე მეფე მირდატ, ძე ვარაზ ბაქარისა
`ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს საზღვარსა ქართლისასა~ (გვ. 138).
[Vს. ლაზიკის სამეფოს წარმოქმნა კლარჯეთის საერისთავოს საფუძველზე]
მას შემდეგ, რაც `განდგეს კლარჯნი ვარაზ ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა: თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითგან არსიანთამდე~ _
ამ მიტაცებულ კლარჯეთში ბიზანტიამ განადიდა სეპარატისტი ადგილობრივი ქართველი ხელისუფალი, მიანიჭა მას ბასილევსის (მეფის) წოდება (კლარჯეთს ბერძნები ლაზიკას უწოდებდნენ), შემდეგ მალევე, კლარჯეთი აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ, კლარჯეთის ყოფილი ერისთავი, ახლა უკვე `ლაზიკის მეფე~ გუბაზ I კონსტანტინოპოლში დაიბარეს, ის აიძულეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც კლარჯეთი ანუ ლაზიკის სამეფო ორად გაიყო, საზღვარი გავლებული იქნა ხუფათზე.
ამ შეთანხმების ძალით ტერიტორია დაახლოებით ოფიდან ხუფათამდე უშუალოდ შეიერთა ბიზანტიამ, ხოლო დაახლოებით ხუფათიდან ფაზისამდე (ჭოროხის ქვემო წელამდე) დარჩა ლაზიკის მეფე გუბაზ I-ს.
წყარო ამის შესახებ წერს: `დადვეს საზღვრად ციხე ხუფათი და აღუთქვეს ურთიერთას მშვიდობა და სიყვარული~ (კ. კეკელიძე, დანიელ მესვეტის ცხოვრება, ეტიუდები, VII, 1961, გვ. 5).
ე.ი. ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ, 465 წელს გუბაზი იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. აქ იმპერატორმა ლევ I-მა (457-474) სხვადასხვა ხერხით აიძულა გუბაზ I დათანხმებოდა, რათა მას თავისი სამეფოს დიდი ნაწილი უშუალოდ ბიზანტიისათვის გადაეცა, ამის შედეგად გაყვეს გუბაზის ქვეყანა და `დადვეს საზღვრად ციხე ხუფათი და აღუთქვეს ურთიერთას მშვიდობა და სიყვარული~ (იქვე).
ბიზანტიას დარჩა ტერიტორია ოფიდან ვიდრე ხუფათამდე, სპერის ჩათვლით.
`კახეთის ხევი~ დარჩა ქართლის სამეფოში.
მეფე მირდატი სპარსელებმა შეიპყრეს ომის დროს ბრძოლისას. `ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩეს ხევსა კახეთისასა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 139).
ოცდამეცხრე არჩილ I (Vს.) ძმისწული მირდატისა, თრდატის ძე
[მის სამეფოში აღარ შედის რანი და მოვაკანი, ილაშქრა რანში. რანის ერისთავი იყო ბარზაბოდ].
მდ. ბერდუჯი არის `საზღვარი ქართლისა და რანისა~ _ (ქ.ც., ტ. I, გვ. 140).
არჩილ I-ის ძე მირდატ გამეფებამდე იჯდა სამშვილდეში, ცოლად ჰყავდა ბარზაბოდის ასული საგდუხტი, ამან აღაშენა სამშვილდის სიონი, იმპერატორ ლეონ-ლევ I–ის (457-474) დროს. მათი ძე იყო ვახტანგი.
ოცდამეცამეტე ვახტანგ გორგასალი (V ს.)
(ვახტანგ გორგასლის მეფობის დასაწყისში)
`გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხვნი – მოტყუნეს ქართლი თავითგან მტკვრისათ ვიდრე ხუნანამდე და დარჩეს წარუტყუენელად ხევნი ქართლისანი: კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, ჩავლეს რანსა და მოვაკანსა, წარტყუენეს იგიცა და განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ოვსეთს გამარჯვებულნი~ (ქ. ც., ტ. I, გვ. 146).
[ქართლის ხევებია: კახეთი, კლარჯეთი და ეგრისი, რადგანაც მტერს დარჩა `წარუტყვენელად ხევნი ქართლისანი _ კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი~].

რუკა: ვახტანგ გორგასლის ლაშქრობები კლარჯეთისა და ეგრისის გასათავისუფლებლად
[ეგრისწყლიდან ციხე-გოჯამდე ქართლის სამეფოს ტერიტორიის დაპყრობა ბერძენთა მიერ]
`მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდათ ეგრისწყალს ქვემოთ კერძი ყოველი და დაიპყრეს ეგრისწყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე, მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა~… (გვ. 146).
როდესაც მტერმა დაიპყრო ტერიტორია ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე, ამას გლოვობდა ქართლის სამეფოს მთელი მოსახლეობა, ყოველი ოჯახი და ყოველი პიროვნება _ `მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა~.
[ვახტანგის ლაშქარი ჩრდილოკავკასიაში, `ოვსებში~ შევიდა და დარიალის იქითა გზას გაჰყვა (თერგს გაჰყვნენ)- `ოვსეთის ველამდე~ (ერთი მთისაგან გამომავალ მდინარეებს ერთი და იგივე სახელი ერქვათ _ `ქართლის არაგვი~ და `ოვსეთის არაგვი~ (გვ. 151)].
ვახტანგ მეფის ოვსეთში გაიმარჯვების შემდეგ _ `განვიდეს პაჭანიკეთს (რამეთუ მაშინ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო, შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა).
და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი
და შეიქცა და მოადგა ოვსეთსავე… წარმოგზავნა დაი მისი მირანდუხტ და ტყუე იგი ყოველი გზასა დარიალისასა
და თვით სპითა დიდითა ქართლისაითა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა, რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა და ვერ შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე.
და მივიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას~ (გვ. 157).
ე.ი. ჩრდილოკავკასიაში _ `ოვსეთში~ გამარჯვების შემდეგ, ვახტანგმა თავისი ლაშქრით გზა გააგრძელა. ის ჩრდილოკავკასიიდან, ჯიქეთის მხრიდან მიადგა აფხაზეთს, სამი წელი ებრძოდა აფხაზეთისა და ეგრისის დამპყრობელს. სბმოლოოდ მათგან გაათავისუფლა ქვეყანა და ციხე-გოჯის გზით მცხეთაში დაბრუნდა.
[ე.წ. `პაჭანიკეთი~ თავდაპირველად _ ალანიის ზემოთ, დონ-დნესტრთან მდებარეობდა, V საუკუნეში აქვე ყოფილა ჯიქეთი (ზიხია). შემდეგ მათ ადგილი იცვალეს. კერძოდ, ჯიქები გადმოსახლდნენ აფხაზეთისაკენ, ალბათ, VII-IX სს-ში].
[ქართლის სამეფოს უძველესი, ყოფილი საზღვარი ანძიანძორთან]
`წარემართა ვახტანგ შესვლად საბერძნეთად და მიიწივნეს სომხითს და მოერთნეს პეროჟა-კაფას (სადა იგი ციხე აეგო ფეროზს) ერისთავნი სომხითისანი _ სივნიელი არევ, ასფურაგნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან… და მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქვა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი და ბრძოდეს მას, ხოლო ვერ შეუძლეს დაპყრობად…
წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა და ბრძოდეს სამ თუე… ვახტანგ… რქუა:
`მამისა მამა ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა… იძლივნეს… მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩვენ ქართველთაგან, აღმოსვლით ზღვისა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდის მოძღვრისა გრიგოლისი და მუნით იოტნეს მეფენი ჩვენნი~ (გვ. 160).
აღსანიშნავია, რომ ანძიანძორასთან საქართველო-საბერძნეთის საზღვარი ყოფილა ფარნავაზის დროსაც, სადაც ფანავაზმა ილაშქრა კიდეც _ `წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა~ _ ანძიანძორა, ასევე, ვახტანგ გორგასლის სიტყვით ამ საზღვრის დასაცავად ულაშქრია მეფე მირიანს, მაგრამ ამაოდ _ ამ მხარეში საქართველოს ტერიტორია ბიზანტიას დაუპყრია _ `მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა… იძლივნეს… მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩვენ ქართველთაგან, აღმოსვლით ზღვისა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს~, შემდეგ აქ ვახტანგ მეფემ ილაშქრა, ასევე ამაოდ: `ანძიანძორს, არს საფლავი დიდის მოძღვრისა გრიგოლისი~.
[საზღვარი ქართლისა და საზღვარი საბერძნეთისა]
`და უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითგან არსიანთადმდე და ხევნი, რომელნი მოსდგმანან ღადოთა
და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანა ზღვის პირის, რომელ არს აფხაზეთი და რქუა ესრეთ: ეგრისწყლიდან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა – ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელ აწ შენ მიგიღია მკლავითა შენითა ჩვენგან, აწ იგი უკუ მოგვეც და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქუეყანა~
და დაუწერა ეგრისწყალსა და კლისურას შუა ქვეყანა მზითვად
და სხვა აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა
და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, მოიწია თუხარისად… წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქვა არტანუჯი… არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა და მონასტერი, რომელ არს ოპიზა და სამნი ეკლესიანი: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა და განაახლა ციხე ახიზისა~ (გვ. 178).
ვახტანგის დროს, „დასავლეთ ქართლისა“ ერქვა – მიწაწყალს მდ. ეგრისწყალსა და მდ. კლისურას (კელასურს) შორის, რადგანაც შევიდა ქართლის სამეფოში ვახტანგ გორგასლის დროს.
ტერიტორია ეგრისწყალსა და კლისურას შუა, ვახტანგის ანდერძით:
რქვა ძესა თვისსა დაჩის: `შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მომიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდიდან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე.
საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურასა შუა იგი თვით ძმათა შენთა დედისა არს, იგი აქუნდეს მათ და იყვნენ შენდა ერისთავად.
მოუწოდა ნასარს, ერისთავსა წუნდისასა და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა და მათ მიათვალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქვა ლეონ და მირდატ და შეავედრა მათ სამთავე ერისთავთა ცრემლითა და შეხვედრებითა ღმრითისათა~ (ქ. ც., ტ. I, გვ. 204).
`და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი. ხოლო ცოლი და ორი ძენი ვახტანგისნი წარიყვანეს სამთა მათ ერისთავთა და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა რომელი მისცა ვახტანგ~ (იქვე).
იქამდე მეფე ვახტანგმა ანდერძით დაუბარა მეფე დაჩის და უთხრა – `საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურას შუა, იგი თვით ძმათა შენთა დედისა არს, იგი აქუნდეს მათ~ (ქ. ც., ტ. I, გვ. 203). ე.ი. კლისურასა და ეგრისწყალს შუა მდებარე ტერიტორია მისცა ვახტანგმა თავისი მეორე ცოლის შვილებს. აქ გადავიდნენ კიდეც ისინი საცხოვრებლად ერისთავების დახმარებით. ამ ტერიტორიას უწოდებს მემატიანე `დასავლეთი ქართლისა~, რადგანაც ის ქართლის სამეფოს უკიდურესი დასავლეთი ნაწილი იყო. შემდეგ მათ ეს ტერიტორია გადაუცვალეს დაჩი მეფეს და თვითონ გადასახლდნენ ჯავახეთში – `და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის და ზამთრის იყვნიან ოძრხეს~. შემდეგ მემატიანე უფრო გამოწვლილვით აღწერა ამ ამბავს:
`ხოლო ორთავე მათგან ძეთა ვახტანგისითა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკვდა რომელსა ერქვა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი: მეფემან გაუცვალა ქვეყანა და აღიღო მირდატისაგან ეგრის-წყალსა კლისურასა შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკვრამდე.
დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარიდან ვიდრე ზღუამდე სპერისა და ერისთავობდა მუნ და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თვისისა~ (`ქართლის ცხოვრება~, ტ. I, გვ. 205).
[ტერიტორია ეგრისწყალსა და კლისურას შუა, ე. ი. `დასავლეთი ქართლისა~ – გადაიქცა სამეფო დომენად _ მას უშუალოდ მეფე დაჩი განაგებდა, რადგანაც, საერთოდ ეგრისი `საუხუცესო~ (სამეფო ოჯახის) ტერიტორია იყო].
საზღვრები სამეფოს დაშლის შემდეგ
ქართული წყაროების მიხედვით ისტორიული საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც წყრაოები „ქართლის სამეფოს“ უწოდებდნენ ორჯერ დაიშალა:
I ქართლის სამეფო –
1 (პირველი) ქართლის სამეფო, ფაფუძნებული მეფე ფარნავაზისა და ერისთავ ქუჯის მეიერ, რომელიც აერთიანებდა საქართველოს ორივე გეოგრაფიულ ნაწილს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, ჩამოყალიბდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში, იარსება მრავალი საუკუნე და დაიშალა VI-VIII საუკუნეებში, სპარსთა და არაბთა შემოსევების გამო.
ამის შემდეგ, VIII-X საუკუნეებში, პერიფერიებში ჩამოყალიბდა ადგილობრივი სახელმწიფოები (აფხაზთა და ქართველთა სამეფოები, კახეთის საქორეპისკოპოსო და შემდეგ სამეფო, რანთა და კახთა სამეფოები, რომელნიც მე-10 ს. ბოლოდან თანადათანობით გაერთიანდენენ და შეადგინეს ერთიანი საქართველოს სახელმწიფო.
II ქართლის სამეფო –
XV ს. ბოლოს დარბაზმა საქართველოს სახელმწიფო დაშლილად გამოაცხადა 1490 წელს, ამავე წელსვე ჩამოყალიბდა „მეორე ქართლის სამეფო“, ის მოიცავდა მცირე ტერიტოტიას ლიხის ქედიდან, ვიდრე დაახლოებით საგურამოს ქედამდე. მან იარსება 1744/5 წლამდე, როდესაც ერთიანი ქართლ-კკახეთის სამეფო შეიქმნა.
პიველი და მეორე ქართლის სამეფოები სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები იყვნენ, სხვადასხვა საზღვრებით, პირველი ქართლის სამეფო, როგორც ითქვა მოქცეული იყო საზღვრებში შავიზღვიდან და მდ. ეგრისწყლიდა (მე-5.ს.დან – მდ კლისურიდან), ვიდრე ალბანეთამდე, ხოლო მეორე ანუ ახალი ქართლის სამეფო, მხოლოდ ლიხის ქედიდან, ალბანეთამდე.
მე-20 ს. ისტორიკოსები არ აღიარებენ წყაროთა დაბეჯითებულ მითითებებს პირველი ქართლის სამეფოს საზღვრების შესახებ, და მიიჩნევენ, რომ ის მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ ნაწილს მოიცავდა, რაც მათი შეცდომაა.
როგორც აღინიშნა, პირველი ქართლის სამეფოს ანუ ქუჯი-ფარნავაზის სამეფოსა და მისი საზღვრების შსახებ მუდამ წერენ მატიანეები.
საინტერესოა წყაროს მითითება, რომ მე-6 საუკუნეშიც კი ასეთი საზღვარი ჯერ კიდევ არსებობულა – კერძოდ, VI ს. ცნობიდან, ჩანს, რომ ქართლის სამეფოს საზღვარი (ბიზანტიასთან) კვლავ გადიოდა „ავაზგიის საზღვართან“, ანუ მდ. კლისურაზე.
ჩვენი წყაროები და ვახუშტი, მიწაწყალს კლისურიდან ვიდრე ბზიბისწყლამდე (კაპოეტისწყლამდე), უწოდებს „ალანიას“ (აფხაზეთის ალანიას), ანუ „ოსეთს“,
აქ ბიზანტიელთა წინააღმდეგ ამხედრებულა „ხასკუნთა“ ტომი, ამიტომაც, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა სამხედრო ღონისძიება გაატარა ამ საზღვრის იქით თავის ხელდებულ ტერიტორიაზე, მას დაეხმარა ქართლის მეფე თავისი ჯარით.
ამის შესახებ წყარო წერს – „ჟამსა მას ოდეს თვითმპყრობელი იუსტინიანოს, მეფე ბერძენთა ბრძოდა კერძოთა ოვსეთისათა, საზღვარსა ავაზგიასსა, ნათესავსა ხანსკუნთასა, რამეთუ ექმნა მათ განდგომილება, მაშინ მოძღუანა ნიჭი დიდი იუსტინიანოს ფარსმანს, ქართველთა მეფესა და ევედრა, რათა შეეწიოს მხედრობასა მისსა, ყოვლითა ძალითა თვისითა და ბრძოლა უყოს ხასკუნთა, ისმინა უკუე ფარსმან ვედრება ბერძენთა მეფისა და დაუტევა ევაგრე, მცველ სამეუფოსა თვისსა, ხოლო თვით უკუე წარვიდა და შეწევნითა ღვთისათა დაიმორჩილა ნათესავი იგი ხასკუნთა და მთავარნი მათნი ყოველნი შეპყრობილნი წარავლინნა წინაშე იუსტინიანესსა. მერმე მოიქცა თვისადვე სამეფოდ~ (`ქართლის ცხოვრება~, ტ. I, გვ. 214).
რანი – ალბანეთი
[ალბანეთი რანია _ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ქვეყანა, ხოლო ჰერეთი _ მის მოპირდაპირედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქვყანაა.
V-VI საუკუნეებში სპარსელები, ხოლო VII საუკუნიდან არაბები ალბანეთს არანს (რანს) უწოდებდნენ, ჰერეთი და რანი ხშირად ერთიანდებოდნენ, ერთიან ტერიტორიულ ერთეულს ქმნიდნენ].
„ვარსქენი სპარსთა მეფემან წარმოგზავნა ნიჭითა დიდითა ერისთავად რანისა“.
[შუშანიკის ცხოვრებაში ის ჰერეთის ერისთავია]
ვარსქენი შეიპყრო ქართლის მეფემ ბაკურ ფარსმანის ძემ, იქ სადაც მდინარე ანაკერტისა მიერთვის მტკვარს, ხოლო „გვამი წმინდისა შუშანიკისა წარმოიღეს დიდითა პატივითა და დაფლეს ცურტავ“. „ცურტავი ახპატის პირისპირაა“ (ვახუშტი).
სპარსთა მეფემან სხვა ერისთავი „წარგზავნა რანს და მოვაკანს“ (`ქართლის ცხოვრება~, ტ. I, გვ. 217).
„მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს და განდგეს ყოველნი ნოპატელნი“ (ქ.ც., ტ. I, გვ. 205).
ნოპატო (ნოხპატო) – კახეთის მთიულეთშია (ქ.ც. I, გვ. 415). წყაროს ეს ცნობა მიანიშნებს, რომ ნოპატო(ნოხპატო) არა ჰერეთში, არამედ კახეთის მთიულეთში შედიოდა.
VI ს. ბოლოს შვილი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა, (იგულისხმება ბაკურ III).
არაბთა შემოსევებამდე და არჩილ მეფემდე ჰერეთი, კუხეთი და კახეთი ქართლის მეორე სამეფო შტოს მიერ იმართებოდა (ქ.ც., ტ. I, გვ. 219).
`შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისანი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გურამ კურაპალატისა~ (იქვე).
[ე.ი. კახეთი, კუხეთი და ჰერეთი VI საუკუნეში იმართებოდა ვახტანგის შთამომავლების მიერ (ხოსროიანების მიერ) ქართლის მეფე გურამ კურაპალატ ბაგრატიონის მორჩილების ქვეშ. კახეთ-კუხეთ-ჰერეთის მმართველთა მთავარი ქალაქი იყო უჯარმა].
სამეფო დინასტიათა ცვლა _ ბაგრატიონების 7 ძმა
(ბაგრატიონების 7 ძმა ჯერ მივიდნენ სომხეთის ქვეყანა ეკლეცში, აქედან, შემდეგ 4 ძმა წავიდა ქართლში, მათგან ერთი დარჩა შიდა ქართლში, ხოლო სამი გადავიდა კახეთსა და კამბეჩოანში:
`ოთხნი ესე ძმანი _ გუარამ, საჰაკ, ასამ და ვარზავარად წარმოემართნეს ქართლს… ხოლო სამნი იგი ძმანი ამის გუარამისანი წარვიდეს კახეთს (და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესისა), ხოლო ასამ და ვარზავარდ წარვიდეს კამბეჩოანს, გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა სპარსთასა და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი~ (სუმბატის ქრონიკიდან) ქ. ც., ტ. I, გვ. 220).
ე.ი. ეს ოთხი ბაგრატიონი ძმა, რადგანაც „ქართლში წარმოემართეს“, ქართლის ბაგრატიონებად განიხილებოდნენ, შესაბამისად, მათ ხელში მოქცეული კახეთი და ასევე კამბეჩოანი ქართლის ნაწილად ითვლებოდა.
VII ს.ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე ქართლში
ჰერაკლე „წარმოემართა სპარსეთად, ძებნად ძელისა ცხოვრებისა და მივიდა პირველად ქართლს“ (ქ.ც., გვ. 224).
მივიდა თბილისში, ბაგრატიონებს ჩამოართვა მეფობა და დაუბრუნა კახეთში დარჩენილ ფარნავაზიანების დინასტიის წევრს – ადარნასე (ბაკურის ძე) ერისთავს.
„მაშინ კვალად წარიღეს ბერძნებმა საზღვარი ქართლის: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი და შვილნი სტეფანოზისნი (ბაგრატიონისა, გურამის ძისა) დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა, სხვა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემ მთავრობით~ (გვ. 226)
[იქამდე ქართლის საზღვრებში შედიოდა სპერი და ბოლო კლარჯეთისა – ზღვისპირი, ეს ტერიტორიები ჰერაკლემ მიიტაცა].
ჰერაკლე კეისრის – „ქართლის გზა“
`ქართლის ცხოვრების~ მიხედვით ჰერაკლე სპარსეთში შევიდა და უკან დაბრუნდა ქართლის გზით „ხოლო ერეკლე მეფე შევიდა სპარსეთს და მოკლა ხუასრო მეფე და წარიღო ბაღდადი და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა, უკუმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდესა წელსა რაითგან ჩაევლო… მაშინ ერეკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელიც მოცემულ იყვნეს კონსტანტინესაგან მირიანისადა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 227).
„გზა რანისა“
არაბთა შემოსევების შემდეგ ბიზანტიამ მიატოვა “შუამდინარეთი და ფილისტიმი~ და „რანის გზით“ ჰერაკლე კეისარი მეორედ შემოვიდა ქართლში
„და აღმოვლო ერეკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად“ (ქ.ც., ტ. I, გვ. 231).
საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის იურისდიქცია VII ს-ში
„ქრისტეს აქეთ ქ-ნკ იქმნა კრება მეექვსე [680-681]… ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსთვის რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი საპატრიაქონი. და იყოს კათოლიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს… სამწყსოსა თვისსა ქართლსა გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით-წარმოვლით მთისა ადგილისათა სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის, სრულად ოვსეთსა და ყოველსა ზემო ქართლსა და სამცხე-საათაბაგოსა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 233).
[ე.ი. მე-7 საუკუნის იურისდიქციაში შედის ქართლი, გამოღმა-გაღმა კახეთი, შაქი, შირვანი და მიდგმით-წარმოვლით მთისა ადგილნი (ჩეჩნეთ-დაღესტანი) სვანეთისა და ჩერქეზის საზღვრებამდე, სრულიად ოვსეთი (ჩრდილოკავკასია) და ყოველი ზემო ქართლი სამცხე-საათაბაგო (ე.ი. მიწა წყალი ტრაპეზუნტამდე ვალაშკერტის ჩათვლით)].
აფხაზეთის საკათალიკოსოს საზღვრები VIII-XVIII სს.
„ყოვლისა ქვემოისა ივერიისა“ (ასეა აფხაზეთის საკათალიკოსოს დოკუმენტებში) საზღვრები ასეთი იყო:
„ჭოროხსა აქათ, ოვსეთსა აქათ, ზღვაი პონტოსა აქათ, სადა დიდისა ბიჭვინტისა სამზღვარი მიაწევს“ (მცნებაი სასჯულოი, XVI ს.).
„ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის სამზღვარსა და ჭანეთს შუა“ (ბიჭვინტის იადგარი).
VIIIს-ში ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიას ადასტურებს ცნობა იოანე გუთელი ეპისკოპოსის შესახებ, რომელმაც ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის გამო ხელდასხმა ქართლში მიიღო იოანე ქართლის კათალიკოსის მიერ – `მცხეთას~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 227).
„საქართველოს საზღვარი“ ბიზანტიასტან მდ. კლისურაზე მურვან ყრუს დროს
VIII ს.
„შევლო ყრუმან კლისურა, რომელ მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი და მოადგა ციხესა ანაკოფისასა“(ქ.ც., ტ. I, გვ. 235).
სობღის ციხე _ აფხაზეთისა და ოვსეთის საზღვარზე
(იმჟამად ოსეთს უწოდებდნე ე.წ. კავკასიის ალანიას, დაა ასევე „აფხაზეთის ალანიას“)
(ოვსეთი _ ალანია-აფხაზეთის საზღვართან მდებარეობდა იმჟამად).
„ერისთავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა~ (ქ.ც., გვ. 236).
არაბთა შემოსევისას ქართლის მთავარმა სტეფანოზმა თავისი სამეფოს საგანძური გაყო ორ ნაწილად. ერთი ნაწილი „ანუ ნახევარი განძისა“ წაიღო ეგრისში, რომლის მმართველიც თვითონ იყო, იქვე წაიყვანა თავისი პირმშო ვაჟი მიჰრი.
ხოლო საგანძურის მეორე ნახევარი სტეფანოზის მეორე ძემ არჩილმა გადამალა კახეთსა და გორში,
საეკლესიო საგანძური დაფლა მცხეთაში სვეტიცხოვლის ქვეშ, ამ დროს სვეტიცხოველს უწოდებდნენ „დიდ სიონს“.
ეგრისში გარდაიცვალა ქართლის მთავარი სტეფანოზი და „მის წილ მეფე იქმნა ძე მისი მირ“ (`ქართლის ცხოვრება~, ტ. I, გვ. 232-233).
[მურვან ყრუს შემოსევა]
მურვან ყრუმ „დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა… და ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა… და ვითარცა შევლო ყრმამან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი და მოაგდა ციხესა ანაკოფისასა… მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ, ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა. და ერისთავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 235).
აფხაზეთში ანაკოფიის ციხე-ქალაქთან ბრძოლის წინ ქართლის მეფეები მირი და არჩილ იხსენებენ, რომ მურვან ყრუს შემოსევის გამო სახელმწიფო საგანძური, კერძოდ კი ვახტანგ გორგასლის ორი სამეფო გვირგვინი (ჩამოტანილი ინდოეთიდან და ჩინეთიდან) დაფლეს უჯარმაში, ხოლო ასევე ორი გვირგვინი _ ერთი მეფე მირიანისა და ერთი ვახტანგ გორგასლისა (რომელიც სპარსთა მეფემ მიუძღვნა) დაასვენეს ქუთაისსა და ციხე-გოჯში (ქართლის ცხოვრება, გვ. 236).
მურვან ყრუმ „დაიბანაკა პიტიოტას, ზღვის პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქვიან ცხუმი~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 238).
გზა გურიისა
მურვან ყრუმ `შემოვლო გზა გურიისა და განვლეს სპერისა… დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიხისაგან ვერ ითრევდეს~ (იქვე).
ღვთის შეწევნით აფხაზეთში ქართლის მეფეების მიერ მურვან ყრუს ლაშქრის დამარცხებით გახარებულმა ბიზანტიის იმპერატორმა „წარმოსცა ორი გვირგვინი და გუჯარი მირსა და არჩილს“ (ქ.ც., ტ. I, გვ. 239).
„საზღვარი ქართლისა“ ბიზანტიასთან აფხაზეთში (VIII ს. დასაწყისში)
(ქართლის სამეფოს საზღვარი აფხაზეთში მდ. კლისურა )
აფხაზეთში ქართლის მეფეთა მიერ მურვან ყრუს ლაშქრის დამარცხებამ გაახარა ბიზანტიის იმპერატორი და ამიტომაც თავის ერისთავს აფხაზეთში გაუგზავნა შემდეგი ბრძანება: „ყოველდღე საზღვართა ქარლისათა ჩვენგან ქმნილ არს ვნება… არამედ კეთილად პატივს ცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა და ამიერითგან ნუღარამცა ხელგეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 240).
აქვეა ნახსენები ტერმინი „ქართლის ერი“, რაც ნიშნავს, რომ ქართლის სამეფოში (ვიდრე მდ. კლისურამდე) მცხოვრებ მოსახლეობას ერქვა სახელი – „ქართლის ერი“, ანუ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა, იმ დროს „ ქართლის ერად“, ანუ ქართლის ხალხად იწოდებოდა.
ქართლის სამეფოს ტერიტორიების დანაწილება მირ მეფის მიერ
სიკვდილის წინ უძეოდ დარჩენილმა მეფე მირმა სახელმწიფოს ტერიტორიის ნახევარი დაუტოვა თავის ძმას არჩილს, ხოლო მეორე ნახევარი გადასცა თავისი ასულების ქმრებს, თავის სიძეებს. კერძოდ, მან დაიბარა ასეთი ანდერძი – „ნახევარი შენ და ნახევარი მათ. ხოლო საუხუცესოდ რომელ მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სვანეთი, თაკვერი, არგვეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა~ (ქართლის ცხოვრება, გვ. 241).
ქუთაისის გამოცხადება ქართლის სამეფოს დედაქალაქად თბილისის არაბთა მიერ დაპყრობის გამო
მეფე მირის ანდერძით მურვან ყრუს ლაშქართან შებრძოლების დროს სასიკვდილოდ დაჭრილმა მეფე მირმა ბრძანა `მამაცა ჩვენი (სტეფანოზი) მოკვდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძვალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებლად სამკვიდროსა ჩვენისა~ (ქართლის ცხოვრება, გვ. 241).
არჩილ მეფე ეგრისში
მეფე მირის ანდერძით ქართლის სამეფო გაიყო ორ ნაწილად. შუა ნაწილი, კლარჯეთი და მთიულეთი გადაეცათ მირ მეფის სიძეებს, ხოლო ეგრისი და კახეთი, ვითარცა საუხუცესო და საუფლისწულო მიწა-წყალი გადაეცა მირ მეფის ძმას მეფე არჩილს. მირის გარდაცვალების შემდეგ არჩილი გადავიდა ეგრისში _ `წარმოვიდა არჩილ და დაემკვიდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და აღაშენა ციხე საზღვარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისა. და წარხდა ამათ შინა წელიწადნი თორმეტი და იწყო შენებად ქართლმან. ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით და დაჯდა ნაციხარსა ხიდრისასა~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 243).
ბაგრატიონები
არჩილ მეფესთან მივიდა კლარჯეთში მცხოვრები ერთ-ერთი ბაგრატიონი (კლარჯეთში ასევე ცხოვრობდა გურამ კურაპალატის ოჯახში) და თხოვა არჩილ მეფეს მიეცა ქართლის სამეფოს მკვიდრობის უფლება და რომელიმე რეგიონი. არჩილ მეფემ მას მისცა შულავერი და არტაანი.
`მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელ იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისაგან და რქუა `უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკვიდრი შენი, მომეც ქუეყანა~ და მისცა შულავერი და არტანი~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 243).
არჩილ მეფე კახეთში
არჩილ მეფე გადავიდა თავის საბრძანებელში _ კახეთში, აქ შეირთო ცოლი და რეზიდენცია ჰქონდა წუქეთში. ააშენა ქალაქი კასრი და ლაკუსტის ხევში ააშენა ციხესიმაგრე. ამის შემდგომ მან ააშენა ერთ-ერთი ციხე-ქალაქი ნუხპატში.
`ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა. და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი, და ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა, ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მხეცის ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი~ (ქართლის ცხოვრება, გვ. 244). [წუქეთი და ნუხპატო – კახეთში შედიან]
(ბაგრატიონების 7 ძმა ჯერ მივიდნენ სომხეთის ქვეყანა ეკლეცში, აქედან შემდეგ 4 ძმა წავიდა ქართლში, მათგან ერთი დარჩა შიდა ქართლში, ხოლო სამი გადავიდა კახეთსა და კამბეჩოანში _ `ოთხნი ესე ძმანი _ გუარამ, საჰაკ, ასამ და ვარზავარად წარმოემართნეს ქართლს… ხოლო სამნი იგი ძმანი ამის გუარამისანი წარვიდეს კახეთს (და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესისა), ხოლო ასამ და ვარზავარდ წარვიდეს კამბეჩოანს, გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა სპარსთასა და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი~ (სუმბატის ქრონიკიდან) ქ.ც., ტ. I, გვ. 220).
როგორც აღინიშნა, ეს ოთხი ბაგრატიონი ძმა, რადგანაც `ქართლში წარმოემართნეს~, ქართლის ბაგრატიონებად განიხილებოდნენ, შესაბამისად, მათ ხელში მოქცეული კახეთი და ასევე კამბეჩოანი ქართლის ნაწილად ითვლებოდა.
შაქი (შაკიხი)
ქართლის ცხოვრების მიხედვით ბაგრატიონების (ბაგრატონიანების) ერთ-ერთი წინაპარი – დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი (ნათესავი) ადარნასე (რომელიც იყო ძმისწული ადარნასე ბრმისა) ბერძენთა მიერ დადგენილი იყო სომხეთში ერისთავად.
ადარნასე ბრმის მამა ყოფილა ბაგრატიონების მძახალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადარნასე ბრმის მამის ქალიშვილი შეურთავს ერთ-ერთ ბაგრატონიანს: შემდეგ ამ ოჯახის ერთი ნაწილი, კერძოდ კი ადარნასე ბრმის ძმისწულები მისულან შაქის ქვეყანაში ტარონიდან. რადგანაც შაქის ქვეყანა ეკუთვნოდა არჩილ მეფეს, ამიტომაც ამ ძმებს დასჭირდათ არჩილ მეფის ნებართვა, რომ მათ თავიანთი გამგებლობის ქვეშ მიეღოთ სამართავად შაქი. არჩილს მათთვის გადაუცია შაქი ვიდრე გულგულამდე. გულგულა ჩვენი კვლევით ხილხალასთან მდებარეობდა და არა თელავთან, რადგანაც იორ-ალაზნის შესართავიდან თელავამდე მოქცეული იყო კახეთის დიდი ნაწილი, რომელიც არჩილმა თავის ტაძრეულს გადასცა სამემკვიდრეოდ (ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი), ანუ კახეთი უმკვიდრო არ იყო (როგორც შაქი და რანი, არამედ საკუთარი მკვიდრები ჰყავდა კახეთის აზნაურების სახით). როგორც ითქვა, `ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი უმკვიდრო ქმნილ იყო~, ამიტომაც არჩილმა შაქში დაამკვიდრა ტარონიდან მოსული ბაგრატიონები:
`განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა, დაეპყრათ გაზირი და სომხითი, ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა. ხოლო ძმისწულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თვალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკვიდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი უმკვიდრო ქმნილ იყო, ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკვიდრნეს სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 244).
ტარონელ ბაგრატიონებს არჩილმა სამკვიდროდ შაქი გადასცა _ ე.ი. ქვეყანა იორ-ალაზნის შესართავიდან ვიდრე გულგულამდე, ანუ ხილხილამე, ამ პუნქტს ამჟამად `ფილფილა~ ჰქვია და ერთ-ერთი სოფელია აზერბაიჯანის ვართაშენის (ოგუზის) რაიონში. 1310 წლის ცნობით, ეს რეგიონი (შაქი, ვართაშენი, კაბალა) ყოველთვის ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა.
პიტიახშები ტაოსა და წუქეთში
მურვან ყრუს შემოსევისას, როგორც სხვებმა, პიტიახშებმა გადაწყვიტეს თავი შეეფარებინათ კლარჯეთში, მაგრამ ისინი იქ არ შეუშვეს, ამიტომაც მათი ერთი ნაწილი გადასულა ტაოში და იქ კალმახში ციხესიმაგრე აუშენებიათ, ხოლო მეორე ნაწილი გადასულა კახეთში. მათ არჩილ მეფემ უბოძა წუქეთის რეგიონი და ქალაქი კასრი (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 244).
წმინდა მოწამე არჩილ მეფის გარდაცვალების შემდეგ მისი ორი ვაჟი იოანე და ჯუანშერი გადავიდნენ ეგრისში და თან გადაიყვანეს დედამისი და თავისი ორი დაი, ხოლო ჯუანშერი და სხვა ორი დაი დარჩნენ ქართლსა და კახეთში.
ჯუანშერმა შეირთო ადარნასე ბაგრატიონის ასული ლატავრი (ქ.ც., ტ. I, გვ. 252).
აფხაზეთი
`რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისად მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი, ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იუანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ და შემდგომად ამისა ჯუანშერიცა მიიცვალა~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 251).
მიზეზი ამისა იყო ისიც, რომ არაბთა შემოსევების გამო `იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხოასროანთამან.
პირველად უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქვეყანა ჟამითი ჟამად რბევასა და ოხრებასა… და უკეთუ ვინმე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისითა, რომელიმცა ღირს იყო მეფედ, იქნის შემცირებულ სარკინოზთაგან, რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფელად თვისად~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 250).
კლარჯეთი და კახეთი ვიდრე ქსნამდე
`არამედ სიცოცხლესავე ჯუანშერისასა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა, და ქვემოსა ტაოსა… და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკვდა… შემდგომად სიკვდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა, ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა… განდიდნა აშოტ კურაპალატი… და გრიგოლი მთვრობდა კახეთს… და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე (შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტმა და გრიგოლ~ (გვ. 251-253).
საზღვრები IX ს-ში
მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს ეკლესიასა შინა… `ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქვეყანასა მას შინა, და სახლად მისსა იყო ბარდავი და ტფილისი და ჰქონდა მას ქვეყანა, რომელ არს გარემო მისსა… ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა~ (სუმბატის ქრონიკიდან) (ქ.ც. I. გვ. 253).
`მას ჟამს შეითქვნეს გარდაბნელნი (გარდაბანი ალაზნის გაღმართ ჩაყოლება) და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი (ძე იოანე ქუაბულის ძისა) და შემდგომად ამისა დასვეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური~ (ქ.ც., ტ. I, გვ. 254).
აფხაზეთის კათალიკოსი
`ხოლო ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ-ლ (830)~ (ბაგრატ ძე აშოტ კურაპალატისა) (ქ.ც., ტ. I, გვ. 255).
სარაპანა უცხოური წყაროებით
„დანარჩენ კოლხეთს რაც შეეხება, მისი დიდი ნაწილი ზღვასთანაა, კოლხიდის გავლით მიედინება მდინარე ფაზისი, დიდი მდინარე, რომლის სათავე არმენიაშია. ის იღებს შენაკადებს გლავკოსისა და ჰიპოსისა, მახლობელი მთების მდინარეებისა. ფაზისი გემთმავალია სარაპანამდე. ესაა სიმაგრე, რომელსაც შეუძლია მთელი ქალაქის მოსახლეობა დაიტიოს. აქ გამავალი საურმე გზით ფეხით ოთხ დღეში მიდიან კირამდე. მდ. ფაზისზე დევს იმავე სახელის მქონე კოლხების სავაჭრო ქალაქი, რომელიც ერთი მხრიდან მდინარით, მეორედან კი ტბითა და მესამედან ზღვითაა შემოსაზღვრული. აქედან ამისომდე და სინოპამდე ცურვას სჭირდება 2-3 დღე, რადგან ზღვის ნაპირას მიწა ჭყაპიანია, ხოლო მდინარეთა შესართავები ჭაობიანი“ (სტრაბ. XI, II, 17).
აღსანიშნავია, რომ ჭოროხს გემთმავალ მდინარედ მიიჩნევდნენ ცნობილი მკვლევრები დ. ბაქრაძე, ე. ვეიდენბაუმი და გ. ყაზბეგი. ისინი წერენ, რომ ართვინამდე ჭოროხზე 200-მდე სავაჭრო ნავი დაცურავდა XIX საუკუნეშიც. ამ ნიშნით ჭოროხისა და ფაზისის აღწერები მსგავსია, რადგანაც ართვინის მსგავსად `სარაპანამდე ფაზისი გემთმავალი~ იყო.
წყაროთა ცნობები და მკვლევართა აღწერები უფლებას იძლევა სტრაბონისეული `სარაპანა~ შემდეგდროინდელ ქ. ართვინის რეგიონთან მდებარედ მივიჩნიოთ. მართლაც, ართვინიდან მტკვრამდე დაახლოებით `ოთხი გზის გზა~ ანუ 60-70 კმ-ია. ეს უძველესი, ჭოროხ-მტკვრის მაკავშირებელი გზა, რომელსაც წყაროებში `გზა კლარჯეთისა~ ეწოდება და ის პირველ საუკუნეებშიც არსებობდა. ამ გზით უსარგებლია ანდრია პირველწოდებულს, ვახტანგ გორგასლს და სხვებს. ამ საერთაშორისო სავაჭრო გზაზე მდებარე არტანუჯი, კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით, X ს-ში ვაჭრობდა სირიასთან, სპარსეთთან, არმენიასთან და იბერიასთან. ამ გზით მათი საქონელი შავ ზღვაზე გადიოდა და ამით მის სავაჭრო წრეში აფხაზეთი და ბიზანტია ერთვებოდა. ჭოროხ-ართვინ-არტანუჯ-არტაან-მტკვრის გზა გაივლიდა არსიანის ქედის მაღალ უღელტეხილს, სადაც 2600 მეტრ სიმაღლეზე დაახლოებით ამჟამინდელ სოფელ ბაგდასენთან (იმჟამინდელ იბერიაში) მდებარეობდა სკანდას ციხე-სიმაგრე, VI საუკუნისათვის პროკოფის სიტყვით.
იბერიის „ქვეყანაში არის ოთხი შესასვლელი (გზა). ერთი მოდის კოლხთა სიმაგრე სარაპანიდან და მისი მახლობელი უღელტეხილიდან. აქედან ფაზისი ხმაურიანი ზათქითა და მღელვარე სწრაფი ნაკადით მიემართება კოლხეთში. ამ მდინარეზე 120 ხიდია, ეს ადგილები დახრულია დიდი წვიმების დროს წარმოქმნილი მთის ნაკადულებით. ფაზისის სათავე იბერიის მაღლა მდებარე მთებშია, სადაც ის ივსება მრავალი წყაროთი, დაბლობზე კიდევ მრავალ მდინარეს იმატებს, მათ შორის გლავკოსსა და ჰიპოსს. გავსილი შენაკადების წყლებით და სანაოსნოდ გამზადებული ეს მდინარე ვარდება პონტოში. მის შესართავში მდებარეობს ამავე სახელის მქონე ქალაქი, რომლის მახლობლადაც არის ტბა. ასეთია კოლხეთიდან იბერიაში შესასვლელი, ჩახერგილი კლდეებით, სიმაგრეებითა და ძალზე სწრაფი მდინარეებით~ (სტრაბ. XI, III, 4).
ე.ვეიდენბაუმის ცნობით, ჭოროხის შესართავის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვისპირზე, რამდენიმე ტბა იყო გონიოს ახლოს. აქ უნდა ვეძიოთ ქ. ფაზისი. მდ. ფაზისი კი, როგორც აღინიშნა, მდინარე ჭოროხია, რომლის სათავე, მართალია, იბერიის მაღლა მთებში იყო, მაგრამ არმენიის მიერ იყო ხელდებული სტრაბონის ეპოქაში, მსგავსია აღწერაც ფაზისისა.
პროფ. გურამ გრიგოლია
ლაზიკის ადგილმდებარეობის შესახებ
შესავალი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდეგ მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების მთლიანობას.
საეკლესიო სეპარატისტები იბრძვიან, რათა ქვეყნის მთლიანობის რღვევას თან დაურთონ საეკლესიო მთლიანობის შებღალვის დაკანონება საერთაშორისო საეკლესიო ხელისუფალთა მიერ.
აფხაზმა ე.წ. `მიტროპოლიტმა~ დ. დბარმა მსოფლიო პატრიარქსა და მსოფლიოს ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს დაუგზავნა საჩივარი და მოთხოვნა `აფხაზეთის მართლმადიდებელთა საეკლესიო კრების~ სახელით.
დ. დბარი ზოგიერთ მეცნიერთა (და მათ შორის ქართველ XX ს-ის ისტორიკოსთა) ნაშრომებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შეყვანილია საეკლესიო კანონების, კერძოდ მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 და სხვა მრავალ კანონთა დარღვევით.
თუ ერთი ეკლესია შეიჭრება მეორე ეკლესიის იურისდიქციაში, მიიტაცებს და გააუქმებს იქამდე არსებულ საეპისკოპოსო კათედრებს, აღნიშნულ კანონთა ძალით ვალდებულია დატოვოს მიტაცებული იურისდიქცია (თუნდაც საუკუნეთა გასვლის მიუხედავად), აღადგინოს თავდაპირველი სტატუსკვო, ანუ თავდაპირველი საეკლესიო იურისდიქცია.
დ. დბარმა საერთაშორისო არხების აქტიური გამოყენებით გაავრცელა და ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკლესიამ თავდაპირველი ავტოკეფალია მოიპოვა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებში, შემდგომ საუკუნეებში კი ის საეკლესიო კანონების დარღვევით დაეუფლა დასავლეთ საქართველოს.
დ. დბარი უცხოეთის საპატრიარქოებში გაგზავნილ წერილებსა და ინტერნეტ გამოცემებში ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკლესიამ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებში მიიღო ავტოკეფალია, ამის შემდგომ კი მან IX-X საუკუნეებში უკანონოდ განახორციელა საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, მაშასადამე, აფხაზეთშიც.
ამასთანავე, XX ს-ის ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილის დაბეჯითებული მტკიცებით ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ IV-X საუკუნეებში, მთელი 500-600 წლის მანძილზე დასავლეთ საქართველო (ე.ი. აფხაზეთიც) თითქოსდა, იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში და იქ მდებარეობდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ბერძნული საეპისკოპოსო კათედრები ზიგანევისა (გუდაყვისა), საისინისა (ცაიშისა), როდოპოლისისა (ვარციხისა) და პეტრასი (ციხისძირისა), რომელნიც, თითქოსდა, 500-600 წლის შემდეგ გააუქმა საქართველოს ეკლესიამ და მათ ნაცვლად ქართული დააარსა.
როგორც აღინიშნა, ამ მტკიცებებით ისარგებლეს საეკლესიო სეპარატისტებმა და ამჟამად არწმუნებენ საეკლესიო საერთაშორისო წრეებს ქართული ეკლესიის პროზელიტიზმში. თითქოსდა, ქართულმა ეკლესიამ თავისი პროზელიტური ქმედებების შედეგად კონსტანტინოპოლის 500-600- წლოვანი იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში უკანონოდ გააუქმა, რადგანაც ავტოკეფალიის მიღების დროისათვის ამ რეგიონს ქართული ეკლესია არ ფლობდა. ის, მხოლოდ შემდგომ, პროზელიტური ქმედებით გასცდა თავის კანონიკური იურისდიქციის საზღვრებს და სხვისი საეკლესიო იურისდიქცია შებღალა.
მართლაც, სამწუხაროდ, XXI საუკუნის დასაწყისში დ. დბარმა მოახერხა აფხაზეთის საეკლესიო საკითხებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაინტერესება.
ამის შედეგად, აფხაზეთის საეკლესიო საკითხების შესასწავლად საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმ. სინოდის დელეგაცია, მაღალი იერარქების მონაწილეობით. ბოლოს, საკითხის დასარეგულირებლად თვით საქართველოს უწმიდესი პატრიარქი ილია მეორე ეწვია კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქსა და წმ. სინოდს, თავის დელეგაციასთან ერთად.
კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) აფხაზეთის საეკლესიო საკითხი, მისი უწმიდესობის მიმართ უდიდესი პატივისცემის გამო, დროებით მოგვარდა, მაგრამ ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია შემდგომი კვლევა.
საქართველოს ეკლესიის ისტორიისათვის ამჟამად მნიშვნელოვანია კვლევა იმისა, ნამდვილად მდებარეობდა თუ არა დასავლეთ საქართველოში ბერძნული კათედრები IV-V საუკუნიდან, ანუ იმის შემდეგ, რაც ქართული ეკლესია დაარსდა და ატოკეფალია მიიღო.
საკითხი ასე დგას, იმყოფებოდა თუ არა დასავლეთ საქართველო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში მისი დაარსებისა და ავტოკეფალიის მიღების დროისათვის, თუ ის კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდა?
ამ კითხვას ჯერ კიდევ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ გასცა პასუხი, როცა თავის დადგენილებაში დაწერა, რომ I-IV საუკუნეებში დასავლეთ საქართველო (და ქართველთა ყველა სხვა რეგიონი) ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა, ამასთან დაკავშირებით ამ კრების დადგენილებაში, `ძეგლისწერაში~ ნათქვამია _
`წმიდა ანდრია მოციქულმა იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოYსასა, ხოლო წმიდა ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა~, ანუ მათ ეპოქაში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა მთლიანი ისტორიული საქართველო და მთელი ქართველი ერი, და შესაბამისად, ამ საზღვრებში მიიღო მან ავტოკეფალია.
დასავლეთ საქართველო წმ. ანდრიას სამოღვაწეო არეალი იყო, რომელიც `ძეგლისწერის~ ამ მტკიცებით `ყოველი საქართველოს~ ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა, ამიტომ ანდრიამ დასავლეთ საქართველოში ქადაგებით _ `ყოველსა ქვეყანასა საქართველოYსასა~ იქადაგა.
ძველი ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად, IV-V საუკუნეებში, წმ. ნინოსა, წმ. მოციქულთასწორ მეფე მირიანისა და წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ქართველ ერს ჰქონდა ერთიანი სახელმწიფო, რომელშიც შედიოდა დასავლეთ საქართველო. `ქართლის ცხოვრება~ და `მოქცევაY ქართლისაY~ დაბეჯითებით მიუთითებენ, რომ ქრისტეშობამდეც ქართველთა ერთიანი სახელმწიფო (იბერია ანუ `ქართლის სამეფო~) მოიცავდა დასავლეთ საქართველოსაც.
სამწუხაროდ, ძველი საეკლესიო და ასევე, ძველი ქართული საისტორიო წყაროების იგნორირება მოხდა XX საუკუნის ოფიციალური ისტორიოგრაფიის მიერ.
საქართველოს რეალური ისტორიის კვლევა ეფუძნება ქართულ და უცხოურ წყაროებს.
ქართული წყაროების დაბეჯითებული მტკიცებით, როგორც აღინიშნა, დასავლეთ საქართველო მუდამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილს შეადგენდა. ქრისტეშობამდეც, აზო-ფარნავაზ-ქუჯის პერიოდიდან ვახტანგ გორგასლის შთამომავლებამდე ის იბერიის ანუ ქართლის სამეფოს ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა.
ახალი, XX საუკუნის ისტორიკოსთა ერთი ნაწილის თანახმად კი, ქართველ ერს ერთიანი სახელმწიფო ამ პერიოდში (ე.ი. IV-V სს-ში) არ ჰქონია, რადგანაც ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების ცნობებით ლაზიკა იბერიაში არ შედიოდა. ამიტომაც, მათი აზრით, ამ პერიოდის აღმწერელი ქართული და ბერძნული წყაროები არ ეთანადებიან ერთმანეთს, მათგან კი უპირატესობა უნდა მიეცეს ეპოქის თანადროულ ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებს, ხოლო ქართული წყაროები ამ საკითხთან დაკავშირებით სანდონი არ არიან.
მაშასადამე, უაღრესი მნიშვნელობა ენიჭება ლაზიკის ლოკალიზაციის საკითხს. მისი (ლაზიკის) საკითხია სათავე აღნიშნულ წინააღმდეგობათა და გაუგებრობათა.
სად მდებარეობდა ლაზიკა?
თუ ლაზიკა მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, მაშინ ბერძნულ და ქართულ წყაროთა შორის წინააღმდეგობა ნამდვილად არსებობს, ხოლო თუ ლაზიკა მდებარეობდა უფრო სამხრეთით, ასეთ შემთხვევაში, ამ წყაროთა ცნობები ერთმანეთს არათუ შეეწინააღმდეგებიან, არამედ ჰარმონიულად შეავსებენ კიდეც.
XX საუკუნის ისტორიოგრაფია ლაზიკას ათავსებს დასავლეთ საქართველოს ცენტრში, რიონის დაბლობზე, რიონის ხეობაში.
მართლაც, თუკი ლაზიკა იყო დასავლეთ საქართველოს შუაგული, მაშინ ქართული წყაროების ცნობები დასავლეთ საქართველოს მიმართ ეწინააღმდეგება ბერძნულს, ამის გამო XX საუკუნის ისტორიკოსები მას ლეგენდარულად და მცდარად მიიჩნევენ დასავლეთ საქართველოს მიმართ, რომელსაც არავითარი სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია.
მაგრამ, თუკი დამტკიცდება, რომ ლაზიკა არ მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს ცენტრში, არამედ უფრო სამხრეთით, მაშინ გამართლდება ქართულ წყაროთა ცნობები და ის გადაიქცევა ამ საკითხში მთავარ წყაროდ. ამ შემთხვევაში ქართული და ბერძნულ ბიზანტიური წყაროების ცნობები ერთმანეთს დაემთხვევა და ისინი ერთმანეთს გააძლიერებენ და შეავსებენ.
მართლაც, აღმოჩნდა, რომ ლაზიკის მთავარი მდინარე ფაზისი ძირითადად იყო არა რიონი, არამედ ჭოროხი. ეს მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარეს პროფ. გურამ გრიგოლიამ, აკად. ნანა ხაზარაძემ და სხვებმა, რითაც ავტორიტეტი დაუბრუნეს ქართულ, მათ შორის საეკლესიო წყაროებს.
თუ ფაზისი იყო ჭოროხი, მაშინ ფაზისის ნაპირების მომცველი ლაზიკა უფრო სამხრეთით მდებარეობდა, და ამ შემთხვევაში ღირებულება უბრუნდება ქართულ წყაროებს.
არქეოლოგი და ისტორიკოსი პროფ. გურამ გრიგოლია მრავალი ათეული წელი წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელია საქართველოს ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტებისა. ის აღიზარდა ცნობილი მეცნიერის, ისტორიკოსის კონსტანტინე გრიგოლიას ოჯახში და თვითონაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე გამოჩენილ ისტორიკოსთა წრეში ტრიალებდა, შრომობდა და იღწვოდა. ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა სიღრმისეულად ჩასწვდომოდა დღეისათვის ამოუხსნელ მრავალ იმ პრობლემას, რომელთაც ჩიხში შეიყვანეს საქართველოს ისტორიის გამოკვლევის საქმე.
გურამ გრიგოლია ლაზიკის სეპისკოპოსოების ლოკალიზაციის შესახებ
(ჭოროხსა და ტრაპეზუნტს შორის)
პროკოფი კესარიელის მიერ გარემოს ზუსტი აღწერა
გ. გრიგოლიას აზრით, პროკოფი კესარიელსა და ბერძნულ-ლათინურ წყაროებს უნდა გამოუცხადოთ მეტი ნდობა, რადგანაც მათში გეოგრაფიული გარემო ზუსტად აღიწერება _
`შეიძლება მოხდეს დიდი ცვლილებები ხალხთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, დროთა განმავლობაში მოისპოს და გაჩნდეს ახალი სახელმწიფოები, დადგინდეს ახალი საზღვრები, `მაგრამ სრულიად უცვლელი რჩება გეოგრაფიული ერთეულები, მთები, ზღვები, მდინარეები და სხვა, რომელთა ლოკალიზაცია უტყუარი ამოსავალია მისამართდაკარგული პუნქტების ადგილმდებარეობის დასადგენად~
(გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, 1994 წ., გვ. 31).
პროკოფის მდ. ფაზისი – ჭოროხია, იბერია – არტაანია,
კავკასია-კავკასორის ქედია, საკავკასიძეოსთან
გ. გრიგოლიამ ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროთა მიმოხილვით დაადგინა, რომ მდინარე ფაზისი ძირითადად არის არა მდინარე რიონი, არამედ მდინარე ჭოროხი. მაგალითად, ის იხილავს პროკოფის ნაშრომს მდინარე ფაზისთან დაკავშირებით და წერს, რომ პროკოფი მდინარე ჭოროხს სათავეში უწოდებს ბოასს, ხოლო შუაწელიდან ფაზისს. ფაზისი (ბოასი) მის დროს გამოდიოდა ჭანეთის ახლო მდებარე `არმენიელთა ადგილებიდან~, იქვე ყოფილა პუნქტი ფარანგიონი. ეს მდინარე სათავეში ყოფილა თხელი წყალი, ფონების მქონე, ვიდრე იმ ადგილებამდე, `სადაც მარჯვნივ იბერთა საზღვრები არის, ხოლო პირისპირ კავკასიის მთა მთავრდება~. გ. გრიგოლიას აზრით, სათავეებიდან ჭოროხის კალაპოტი ფართოა და დინებაც შედარებით მდორეა დიდ მანძილზე. `ართვინთან კი იგი ექცევა ვიწროებში, მთებთან _ აჯირახსა და მეზლასთან იცვლის მიმართულებას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩრდილო- დასავლეთისაკენ და დიდი სისწრაფით მიექანება ზღვისაკენ~ (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, 1994 წ., გვ. 33).
გ. გრიგოლიას კიდევ სხვა მრავალი რეალურად არსებული ფაქტი უმტკიცებს თვალსაზრისს იმისას, რომ პროკოფისეული ფაზისი არის მდინარე ჭოროხი, მაგალითად, პროკოფის ცნობა, რომ `ლაზიკე ყველგან მდინარე ფასისის, როგორც აქეთა, ისე იქეთა მხარეზე გაუვალია, რადგან ქვეყნის ორსავე მხარეს უზარმაზარი კლდეებია, რომლებიც იქ დიდ მანძილზე ვიწროებს ქმნიან~ აფიქრებინებს, რომ ამ ცნობაში ნამდვილად ჭოროხი იგულისხმება და არა რიონი. რადგანაც რიონის სანაპიროებზე მდინარის მთელ პერიმეტრზე ვიდრე ზღვამდე კლდეები არ არის, ხოლო ჭოროხის ნაპირებზე დიდ მანძილზე ნამდვილად წარმომართულია უზარმაზარი კლდეები, რომლებიც იქ ნამდვილად ქმნიან ვიწროებს. პროკოფის ცნობით, ასეთ გზას რომაელები კლისურებს უწოდებენ.
კვლევის შედეგად გ. გრიგოლიამ დაასკვნა, რომ პროკოფის მიერ ნახსენები ბოას-ფასისის მარჯვნივ მდებარე იბერია არის კლარჯეთ-კოლა-არტაანი და წერს `როგორც ჩანს, სწორედ ართვინთან გულისხმობს პროკოფი იბერიის საზღვრებს და სწორედ აქედან მოყოლებული ღებულობს ფაზისის სახელს ჭოროხი ანუ ბოასი. იგი წყალუხვია და ართვინიდან ქვემოთ მდინარეზე მთელი წლის მანძილზე მიმოდიან დიდი ზომის ნავები ანუ კიუკები, გარდა ზაფხულის დამდეგისა, როდესაც იწყება წყალდიდობა~ (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, გვ. 33).
პროკოფის ფრაზა _ `აქ ფაზისს სხვა ბევრი წყალიც ემატება და ნაცვლად ბოასისა, ამიერიდან ფაზისათაა წოდებული~ _ გ. გრიგოლიას აზრით, გულისხმობს ართვინის სანახებს და წერს, რომ ართვინამდე ჭოროხს ერქვა ბოასი, ხოლო ართვინის ქვემოთ ფაზისი, ხოლო პროკოფის მიერ ნახსენები `კავკასიის მთა~ გულისხმობს კარჩხალის მთიანეთს და იქვე მდებარეობდა პროკოფის მიერ ნახსენები `კავკასიისა და იბერიის საზღვრები~.
პროკოფი წერს: `ნაოსნობისათვის ფაზისი გამოსადეგია ვიდრე ზღვამდე და მის ორივე მხრით ლაზიკე არის, მაგრამ მარჯვნივ ის ვიდრე იბერიის საზღვრებამდე დასახლებულია ადგილობრივი მოსახლეობით. ლაზთა სოფლები ხომ აქ მდებარეობს მდინარისაქეთა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველთაგანვე აქ აუშენებიათ. მათ შორის არის არქეოპოლისი, სებასტოპოლიც არის აქ და პიტიუნტის სიმაგრეც, ხოლო სკანდა და სარაპანი იბერიის საზღვრებისაკენ. ყველაზე ღირსშესანიშნავი ქალაქები კი აქ არის _ როდოპოლისი და მოხირისი. მდინარის მარცხნივ ერთი დღის სავალზე ლაზიკის საზღვარია. ეს მხარე ნაკლებ დასახლებულია და ამ მხარის მეზობლად რომაელები ცხოვრობენ, რომელთაც პონტოელები ეწოდებათ~ (გეორგიკა II, გვ. 100-102). გ. გრიგოლიას კვლევით, ამ ფრაზაში იგულისხმება მდ. ჭოროხის სანაპიროები. კერძოდ, მარცხენა სანაპირო ისტორიულად, მართლაც, თითქმის დაუსახლებელი იყო, და ამ მხარეს მხოლოდ ზღვისპირა ციხესიმაგრე ხუფათი ანუ პეტრა მდებარეობდა, ხოლო ჭოროხის მარჯვენა სანაპირო, მართლაც, მჭიდროდ იყო და ახლაც არის დასახლებული, რადგანაც ამ მხარესაა უხვმოსავლიანი ხელვაჩაურისა და ბათუმის რაიონები.
გ. გრიგოლიას კვლევით, მდინარე აკამფსისი ეწოდებოდა ზღვისპირთან ჭოროხის მდინარე აღმოსავლეთ ტოტს (გეორგიკა, II, გვ. 122-123).
გ. გრიგოლია წერს, რომ პროკოფისმიერი ფასის-ბოას-აკამფსისის აღწერილობა სავსებით წააგავს XIX საუკუნის მოგზაურების ოსმან ბეისა და დ. ბაქრაძის ცნობებს ჭოროხის შესახებ (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, გვ. 32).
ლაზიკის ქალაქები
პიტია-პიტიუსი ოფ-რიზესთან მდებარეობდა
გ. გრიგოლია ეთანხმება პ. ინგოროყვას, რომ პითია-პიტიუნტი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ბერძენ-რომაელი ავტორები, სინამდვილეში მდებარეობდა რიზესთან (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, გვ. 89).
გ. გრიგოლია კვლავ უბრუნდება პ. ინგოროყვას თვალსაზრისს, რომ პითია რიზესთან მდებარეობდა და ეთანხმება მას _ `დამაჯერებლად გამოიყურება პ. ინგოროყვას ვარაუდი პითიას შესახებ, რომ პტოლემაიოსის მიხედვით პითია მდებარეობდა ტრაპეზუნტსა და რიზეს შუა და ერქვა პიტიუსი _ იგი ოფის ნავსადგურს უნდა ემთხვეოდეს~ (იქვე, გვ. 122).
V ს-ის ძეგლის ნოტიცია დიგნიტატუმის (`ნუსხა ყველა თანამდებობისა და მმართველობისა, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედროსი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეებში~) მიხედვით _ `არმენიის სარდალს ექვემდებარება პონტოს სასაზღვრო ხაზი _ ტრაპეზუნტი, პითია, ისულმენი, კენიე პარამბოლე, სებასტოპოლისი და სხვა~ (იქვე, გვ.120).
თუ პითია ბიჭვინთაა, ხოლო სებასტოპოლისი _ ცხუმი (როგორც ამჟამად მიიჩნევა), მაშინ ისინი (ბიჭვინთა და სოხუმი) არმენიაში ყოფილან მოქცეულნი ამ წყაროს მიხედვით.
გ. გრიგოლიას მიაჩნია, რომ IV საუკუნის ბოლოსათვის აფხაზეთის პიტიუნტი _ ბიჭვინთა აღარ წარმოადგენდა სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს (არქეოლოგიური მასალების მოწმობით, იქ, სადაც იყო გარნიზონის მთავარი სადგომი, IV ს-ში გაუმართავთ კერამიკული ქურა). ამის გამო გ. ლორთქიფანიძე საერთოდ გამორიცხავს V საუკუნეში ბიჭვინთაში ბიზანტიური გარნიზონის ყოფნას (იქვე, გვ. 121).
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით IV-V სს-ში დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ იდგა ბიზანტიური გარნიზონები (იქვე, გვ. 122).
გ. გრიგოლია იმოწმებს ნ. ადონცს, რომ ნოტიციას შედგენისას აფხაზეთის პიტიუნტი და სებასტოპოლისი არ ეკუთვნოდათ რომაელებს, საერთოდ სხვაა აფხაზეთის პიტიუნტი და სებასტოპოლისი და სხვა, ნოტაცია-ს პითია და სებასტოპოლისი (იქვე, გვ. 122).
სად მდებარეობდა პითია-პიტიუსა-პიტიუნტი?
გ. გრიგოლია წერს: `დამაჯერებლად გამოიყურება პ. ინგოროყვას ვარაუდი პითიას შესახებ, რომ პტოლემაიოსის მიხედვით პითია მდებარეობდა ტრაპეზუნტსა და რიზეს შუა და ერქვა პიტიუსა (პიტიუსი) _ იგი ოფის ნავსადგურს უნდა ემთხვეოდეს _ (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, გვ. 122; პ. ინგოროყვა, გ. მერჩულე, გვ. 253).
`ამ ვარაუდის სისწორეს მხარს უბამს IV ს-ის ავტორის ამიანე მარცელინეს ცნობა: ტრაპეზუნტის გვერდით არსებობს სახელოვანი ქ. პიტიუნტი~ _ (გ. გრიგოლია, გვ. 123).
მაშასადამე, ამ ლაზიკის პიტიუნტიდან იყვნენ მიწვეულნი ეპისკოპოსები I მსოფლიო კრებაზე და არა აფხაზეთიდან, ბიჭვინთის საეკლესიო სიდიადე მხოლოდ ქართულ ეკლესიასთანაა დაკავშირებული და არა ბერძნულთან.
პეტრა ერქვა ხუფათს (ხოფას)
გ. გრიგოლიას კვლევით, პეტრა ერქვა არა ციხისძირს, არამედ ხოფას (ხუფათს). ეთანხმება პტოლემაიოსს, რომ სებასტოპოლისი იყო აფსაროსსა და ფაზისს (ჭოროხს) შუა და ამავე აზრისა იყო პ. ინგოროყვაც (გ. გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, გვ. 96).
გ. გრიგოლია წერს, რომ `პეტრას კათედრა პირველად ს. ყაუხჩიშვილმა დაუკავშირა პეტრას ციხე-ქალაქს~ (იქვე, გვ. 15).
ასეთი დაკავშირება საფუძვლიანი არ იყო, რადგანაც ბიზანტიურ სამყაროში, როგორც წესი, საეპისკოპოსო კათედრები არსდებოდა მხოლოდ ხალხმრავალ, მნიშვნელოვან ქალაქებში (და არა ისეთ ადგილას, სადაც იყო მოსახლეობის სიმცირე). პეტრას ციხე, თვით პროკოფის ცნობით, იუსტინიანემდე უკაცურ, დაუსახლებელ ქვეყანაში მდებარეობდა (ფასისის მარცხენა დაუსახლებელ სანაპიროზე), აქ ციხე-ქალაქი დააარსა იუსტინიანემ 530-იან წლებში, მაგრამ რამდენიმე წელიწადში თვითონ ბერძნებმა დაანგრიეს, ამიტომაც, ბიზანტიური წესების შესაბამისად, ის არ იყო საეპისკოპოსო კათედრისათვის შესაფერისი ადგილი.
პეტრას ციხესიმაგრე ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ პეტრას საეპისკოპოსო კათედრად, არამედ ეს კათედრა შეიძლება ვეძიოთ სხვაგან, პეტრას კათედრის მდებარეობა არ არის სავალდებულო ზღვის პირას, რადგანაც წყაროები ამის შესახებ არ მიუთითებს, აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზანტიასა და ლაზიკაშიც მრავალი პეტრა, პეტრონი თუ პეტროღალი არსებობდა.
საფიქრებელია, რომ იუსტინიანეს ნოველაში 535 წელს ნახსენები პეტრა იყო მხოლოდ ციხესიმაგრე და არა საეპისკოპოსო ცენტრი (მაშასადამე, პეტრას სიმაგრე სხვაა, ხოლო პეტრას კათედრა სულ სხვაგან მდებარეობდა). როგორც ვთქვით, პეტრას ციხესიმაგრე მხოლოდ ორიოდე ათეული წელი არსებობდა. ამ მიზეზთა გამო ნ. ადონცი პეტრას საეპისკოპოსო ცენტრს ქ. ბაიბურდთან ათავსებდა ისტორიული ლაზიკის მაღალმთიან და კლდოვან რეგიონში.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, II საუკუნეში რომის იმპერიამ ლაზიკას ჩამოაჭრა ტერიტორია სამხრეთიდან და ის შეიყვანა კაბადოკიის პონტოს შემადგენლობაში _( იქვე, გვ. 130).
დანიელ მესვეტის ცხოვრების მიხედვით, V ს-ში საზღვრად იმპერატორ ლეონ I-ის (457-474) დროს ბიზანტიასა და ლაზიკას (`მეგრელთა აფხაზეთის სამეფოს~) შორის ციხე ხუფათი იყო დადგენილი (მეფე გუბაზ I-ის დროს) (იქვე, გვ. 138).
ხუფათი დღევანდელი ხოფაა, მაშასადამე, აქ გადიოდა საზღვარი ლაზიკასა და ბიზანტიას შორის (იქვე).
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, სწორედ ხუფათში აუშენებიათ ბიზანტიელებს (VI საუკუნეში) ქ. პეტრა.
ციხესიმაგრე პეტრა _ ბიზანტიის იმპერიის ჩრდილოეთის კარი ყოფილა (იქვე, გვ. 25), მდებარეობდა საშინელ კლდოვან-ქარაფოვან ადგილას, რომელსაც კარგად აღწერს გ. გრიგოლია პროკოფი კესარიელზე დაყრდნობით. ამიტომაც მიიჩნევს, რომ პეტრა არ არის ციხისძირი, მისი აზრით, როგორც ითქვა, პეტრა _ ხოფაა, ძველი ხუფათია, რომლის კლდეები ერთგვარი გეოგრაფიული საზღვარია ტრაპეზუნტიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმართულ დადაბლებული არესაკენ. ამიტომაც ამ ბუნებრივ ჩამკეტ საზღვართან იჯდა იოანე-ციბე _ სავაჭრო მონოპოლისტი, რომელმაც პეტრას მეშვეობით ხელში ჩაიგდო მთელი ჭოროხის ხეობის (იმჟამინდელი ბერძნული ლაზიკის) მონოპოლია.
გარდა სტრატეგიული მდებარეობისა, პეტრა უნდა ყოფილიყო სავაჭრო გზის ჩამკეტიც, არა უბრალო, არამედ საერთაშორისო გზისა. ის აკონტროლებდა `ჩვენ ლაზიკას~, რომლის ათვისების შემდეგ `არაჩვენი ლაზიკის~ დაპყრობის დროც უნდა დამდგარიყო, ეს ჩანს, მართლაც, ასე მოხდა ბიზანტიელების ჭანეთში ლაშქრობათა დროს.
გ. გრიგოლიას დასკვნით, პეტრას ომები იმართებოდა არა ყვირილა-რიონის, არამედ ჭოროხის ხეობაში, ხუფათთან (გ. გრიგოლია, დასახ. ნაშრ., გვ. 56). `ჩვენ ლაზიკაში~ შედიოდა მესხეთის ერთი ნაწილიც _ ისტორიული კლარჯეთი.
ზიგანა, მოხორა და არდასი – ჭანეთში, გუმუშხანესთან მდებარეოდნენ
გ. გრიგოლია ეთანხმება ნ. ადონცს, რომ ნოტიციის ზიგანა ტრაპეზუნტიდან არდასაში მიმავალ გზაზეა _ ესაა ზიგანას უღელტეხილის (6640 ფუტი) სამხრეთ გვერდზე მდებარე ზიგანა, რომელსაც დღესაც ასე ეწოდება. ხოლო მოხორა _ ზიგანას აღმოსავლეთით მდებარე სოფელია დღესაც (გ. გრიგოლია, დასახ. ნაშრ., გვ. 122, ნ. ადონცი, `არმენია იუსტინიანეს ეპოქაში~, 1908. გვ. 100).
გ. გრიგოლიას აზრით, ზიგანა და მოხორა ისტორიულ ჭანეთშია (გ. გრიგოლია, დასახ. ნაშრომი, გვ. 122) და არა დასავლეთ საქართველოში.
კერძოდ, თუკი ზიგანა რომელზეც წერენ ძველი ავტორები მდებარეობდა ტრაპეზუნტთან, ცხადია, ზიგანას (`ზიგანევის~) საეპისკოპოსოც იქვე იყო და არა დასავლეთ საქართველოში.
გ. გრიგოლია არ ეთანხმება დღემდე არსებულ, ძირითადად ს. ყაუხჩიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს, რომ ზიგანა (ზიგანეოსი), პიტია, სებასტოპოლისი და სხვა პუნქტები მდებარეობდნენ ცხუმთან, მოხორა _ ქუთაისთან.
გ. გრიგოლია ეთანხმება ნ. ადონცს (ნ.ადონცი, არმენია არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, გვ. 100), რომ ნოტიციის ზიგანა ტრაპეზუნტიდან არდასაში მიმავალ გზაზეა, ზიგანას უღელტეხილთან (6640 ფუტ სიმაღლეზე), რომელსაც დღესაც ასე ეწოდება. ხოლო მოხორა _ ზიგანას აღმოსავლეთით მდებარე სოფელია დღესაც (გ. გრიგოლია, დასახელებული ნაშრომი, გვ. 31, გვ. 122). უთითებს ნ. ადონცის.
აქედან გამომდინარე, ცხადია, ბერძნული საეპისკოპოსოებიც არ უნდა ვეძიოთ დასავლეთ საქართველოს შესაბამის პუნქტებში.
მაშასადამე, ზიგანას საეპისკოპოსო, რომელსაც ს. ყაუხჩიშვილი ზიგანევისას უწოდებს, მდებარეობდა არა ცხუმთან (გუდაყვაში), როგორც მიჩნეულია ს. ყაუხჩიშვილის შემდეგ, არამედ ტრაპეზუნტთან.
გ. გრიგოლია არ ეთანხმება ს. ყაუხჩიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს, რომ მაგალითად, ზიგანა იყო _ გუდაყვა, პითია _ ბიჭვინთა, სებასტოპოლისი და დიოსკურია _ ცხუმი, მოხორა კი _ მუხურისი.
თურქეთის ქალაქ გუმუშხანეს ტურისტული ბუკლეტების მიხედვით, შთამბეჭდავი კათედრალები, საეპისკოპოსო ეკლესიები დღესაც დგანან ზიგანას უღელტეხილის რეგიონში, მათ ამჟამადაც ასევე უწოდებენ კიდეც `სამიტროპოლიტო კათედრები~ (ასეთი სულ ორია) და დღესაც იქ ტურისტული მარშრუტები გადის, ზიგანას უღელტეხილი კი ისტორიულ კოლხიდაში, ლაზიკაში მდებარეობდა თავის დროზე, ტრაპეზუნტიდან 70 კმ დაშორებით.
აფსარუ-აფსაროსი-არქაბე –ათინასთან
გ. გრიგოლია იმოწმებს პროკოფის ცნობას, რომ `აფსარუ~ მდებარეობდა ათინასთან, ხოლო აფსარუს (აფსაროსის?) გვერდით არქაბი მდებარეობდა. არქაბი დღესაც ეწოდება პუნქტს რიზესთან. პროკოფი ახსენებს კიდეც რიზეს _ `ტრაპეზუნტელთა საზღვრები ვრცელდება დაბა სუსარმენამდე და რიზემდე, რომელიც ორი დღის საზღვაო გზითაა დაშორებული ტრაპეზუნტს… რიზეს მოსდევს მიწა-წყალი ერთი ხალხისა, რომლებიც რომაელებსა და ლაზებს შორის მოსახლეობენ. იქ მდებარეობს ათინა, არქაბე და აფსარუ (სამი დღის გზითაა დაშორებული რიზეს), ის ძველად აფსურტად იწოდებოდა~ (გეორგიკა, II, გვ. 121-123, იქვე, გვ. 58).
1 სებასტოპოლის-პიტიუნტი ტრაპეზუნტსა და ხუფათს შორის
პროკოფის მიხედვით, სებასტოპოლის-პიტიუნტი ლაზიკაში ფაზისთან ახლოს მდებარეობდა (გ. გრიგოლია, დასახ. ნაშრ., გვ. 30).
სებასტოპოლისს პიტიუნტთან ახსენებს იუსტინიანე, ოღონდ მას ეს ქალაქები შეჰყავს პოლემონოს პონტოში და არა ლაზიკაში, მისი სიტყვით, ლაზიკა პიტიუნტისა და სებასტოპოლისის იქით მდებარეობდა.
იუსტინიანე წერდა _ პოლემონოს პონტოს ქალაქებია _ ნეოკესარია, კომანა, ტრაპეზუნტი, კერასუნტი, პოლემონიონი, პიტიუნტი და სებასტოპოლისი _ `მათ შემდეგ მდებარეობს ჩვენი ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა, რომელიც ჩვენ ვაქციეთ ქალაქად და დავარქვით ჩვენი სახელი _ იუსტინიანე~ (გეორგიკა, II, გვ. 33-35).
ე.ი. `ლაზიკე~ მდებარეობდა პიტიუნტ-სებასტოპოლისის შემდეგ, ჯერ არის სებასტოპოლისი და შემდეგ ლაზიკა. `მათ შემდეგ მდებარეობს ჩვენი ლაზიკე~ _ წერდა ის.
მეორე სებასტოპოლისი – აფსაროსთან
ჩანს, არსებობდა სხვა სებასტოპოლისიც. კლავდიოს პტოლემაიოსის წიგნში _ `გეოგრაფიული სახელმძღვანელო~, წიგნი V, თავი VI _ ჩამოთვლილია კაბადოკიის ადგილები, კერძოდ, მდ. აფსაროსისა და მისი შენაკადი ლიკოსის შემდეგ დასახელებულია სებასტოპოლისი. ის დასახელებულია ქალაქების ჩამონათვალთა ბოლოში _ ის, ჩანს, ითვლება კაბადოკიის უკიდურეს სასაზღვრო პუნქტად (გ. გრიგოლია,დასახელებ. ნაშრომი, გვ. 128).
ცხუმის სებასტოპოლისი შეუძლებელია ყოფილიყო კაბადოკიის სასაზღვრო პუნქტი.
პტოლემაიოსის მიხედვით მდ. აფსაროსი არაა მდ. ფაზისი, თუმცა ორივეს ერთი და იგივე დასახელების შენაკადი აქვს, ის აფსაროსსა და ფასისს შორის ათავსებს ქ. სებასტოპოლისს (იქვე, გვ. 141).
სებასტოპოლისი, პტოლემაიოსის მიხედვით, მდებარეობდა კოლხეთის სამხრეთით. კოლხეთი მდებარეობდა კაბადოკიის შემდეგ, იწყებოდა დიოსკურია-სებასტოპოლისით და მთავრდებოდა მდ. ფასისით. ჩრდილოეთიდან `კოლხეთი მთავრდება ფაზისით~, `სამხრეთიდან ესაზღვრება კაბადოკიის პონტო და მისი მომდევნო დიდი არმენიის ნაწილი~ (იქვე, გვ. 128).
კასტორიუსის რუკის ანუ ტაბულა პევტენგერიანას (სეგმენტი XI-XII) უფრო სამხრეთით მდებარე გზა, რომელიც არმენიის ქალაქ არტაშატს კაბადოკიის ჩრდილო ნაწილთან აერთებდა, რომლის მახლობლადაც მდებარეობდა კოლხიდის სამხრეთში მდებარე მეორე სებასტოპოლისი. შესაძლოა, არტაშატის დედაქალაქობის დროს ლაზიკა ჯერ კიდევ ფლობდა ოფ-რიზესაკენ მდებარე მიწებს, ხოლო V საუკუნეში მისი ტერიტორია შემცირდა და ბიზანტიასთან მისი საზღვარი ხოფა-ხუფათთან განისაზღვრა.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, კასტორიუსის რუკის ანუ ტაბულა პევტენგერიანას მიხედვით (სეგმენტი XI-XII) მნიშვნელოვანი გზა სომხეთის ძველ დედაქალაქ არტაშატიდან მიემართებოდა სებასტოპოლისაკენ. ი. მანანდიანის მიხედვით, ეს გზა გაივლიდა ფარავნის ტბასთან სოფელ ფოკას (პაგას), აქედან აბულის მთას (აპულუმ), სოფ. ხოსპიოს (ჩასპია), შემდეგ უცნობ პუნქტ `ად მერცურიუმ~-ს, შემდეგ `ად ფონტენ ფელიცემ~-ს და შედიოდა სებასტოპოლისში (გ. გრიგოლია, გვ. 106).
დაშორება ასეთი იყო: ად ფონტენ ფელიცემიდან სებასტოპოლისამდე იყო 90 კმ ანუ 60 რომაული მილი (იქვე).
ჩვენი ქართველი ისტორიკოსების მითითებით ად ფონტენ ფელიცემ _ არის ვარციხე (როდოპოლისი), მაგრამ ვარციხე სებასტოპოლისად მიჩნეულ ცხუმს არა 90 კმ-ით, არამედ სამჯერ მეტი მანძილითაა 165 კმ დაშორებული! _ წერს გ. გრიგოლია.
ე.ი. ვარციხის განსაზღვრება არასწორია _ აქედან გამოსავალს ი. მანანდიანი ხედავს იმით, რომ ემხრობა პროფ. ერემიანის აზრს (კიპერტზე დაყრდნობით) _ `ქ. ფასისი ტრაიანეს დროიდან (98-117) სებასტოპოლისად იწოდება~ (იქვე, გვ. 107).
ზოსიმეს ცნობით (გეორგიკა I) იმპერიის საზღვარი აღწევდა მდ. ფასისამდე, აქვე, მახლობლად მდებარეობდა, გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, სებასტოპოლისი-ციხისძირი. ფასისი _ სებასტოპოლისია (ერემიანი) (იქვე, გვ. 107).
ქ. ფაზისს ერთ პერიოდში დაერქვა სებასტოპოლისი, ასევე მას პიტიუნტიც ეწოდა (ზღვისპირას რამდენიმე პიტიუნტი და სებასტოპოლისი მდებარეობდა, ოღონდ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში).
არქეოპოლისი, როდოპოლისი, მოხირისი,
კუტაია და სხვა ქალაქები – ჭოროხთან
კასტორიუსის რუკის ანუ ტაბულა პევტენგერიანას მიხედვით (სეგმენტი XI-XII) მნიშვნელოვანი გზა _ მაგისტრალი გ. გრიგოლიას სიტყვით, არ შედის ნოქალაქევში, რომელიც `ეგრისის დედაქალაქი~ იყო რუკის შედგენის დროს (III-IV სს-ში), გ. გრიგოლიას აზრით `ძნელი წარმოსადგენია, რომ გზას გვერდი აევლო დედაქალაქისათვის და კასტორიუსს იგი გამორჩენოდა~ (გ. გრიგოლია, გვ. 108).
გ. გრიგოლიას თქმით, რუკაზე ფოთშიც არ შედის გზა და ასევე გზაზე არ ჩანს კუტაია _ ქუთაისი (იქვე, გვ. 109).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტაბულა პევტენგერიანას რუკის გზები ასახავს არა დასავლეთ საქართველოს მონაკვეთს, არამედ გზას არტაშატიდან _ ჭოროხის შესართავის რეგიონის ქალაქებისაკენ, სადაც უნდა ვეძიოთ არქეოპოლისი, კუტაია და სხვა ქალაქები.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, სებასტოპოლისი არის ციხისძირი, აქ შედიოდა ტაბულა პევტენგერიანას გზა (გ. გრიგოლია, იქვე, გვ. 113).
გ. გრიგოლია მიიჩნევს, რომ ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან იბერიამდე მდებარე ადგილები (ანუ პროკოფის სიტყვით, ფასისის აქეთა ნაპირას მდებარე) მოიცავდნენ დასავლეთ საქართველოს სიღრმეებს, მაგრამ თვითონვე წერს, რომ პროკოფი ამ შემთხვევაში იბერიას უწოდებდა შემდეგდროინდელ ართვინ-არტანუჯ-არტაანის მიმდებარე მხარეებს. აქედან გამომდინარე, ლაზიკის ის ცნობილი სოფლები და ქალაქები, რომლებიც მდინარე ფასისის მარჯვნივ იბერიამდე იყვნენ განლაგებულნი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოს სიღრმეებში, არამედ ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე კოლა-არტაანის მიმართულებით, შესაბამისად, პროკოფის მიერ აღწერილი ცნობილი ქალაქები როდოპოლისი და მოხირისი მდებარეობდნენ ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ერგე-ლივან-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ასევე, პროკოფის მიერ ნახსენები `იბერიის საზღვრებისაკენ~ მდებარე სკანდა და სარაპანი უნდა ვეძიოთ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ არტანუჯ-არტაანის შემაერთებელ გზაზე. ეს გზა ჭოროხის ანუ ფასისის შესართავს აკავშირებდა იბერიის (ანუ არტაანის) გავლით სომხეთსა და სპარსეთთან. სწორედ ამ გზის დასაცავად იყო აგებული აღნიშნული ციხეები_ სკანდა და სარაპანა.
უმოკლესი გზა სომხეთსა და ლაზიკას შორის
(ერთმანეთს აკავშირებდა ქ. დვინსა და ჭოროხის ხეობას)
ხოფადან ჭოროხისაკენ და აქედან აღმოსავლეთით იბერიისაკენ, არმენიასა და პერსარმენიისაკენ მიმავალი გზა ძველთაგანვე არსებობდა, ამის შესახებ არაერთ ცნობას ვხვდებით ქართლის ცხოვრებაში.
ხუფათიდან იბერიისაკენ გამავალი გზა მიემართებოდა ჭოროხის ხეობაში და იმდენად ყოფილა გაკვალული, რომ ზამთრის პერიოდშიც კი არ ფერხდებოდა მასზე ხალხთა დიდი მასების მოძრაობა. `ასეთი იყო ეს გზა განვითარებულ შუა საუკუნეებში და ასეთივე უნდა ყოფილიყო უფრო ადრეც, პროკოფის დროსაც. ამ გზის ერთ ბოლოში მდებარეობს ხოფა, სადაც ჩვენ პეტრას არსებობას ვვარაუდობთ~ (გ. გრიგოლია,დასახელებული ნაშრომი, გვ. 65).
ჭოროხის გზასთან დაკავშირებით გ. გრიგოლია იმოწმებს ახ.წ. V ს-ის ავტორს პრისკე პანიონელს და ასკვნის, რომ სომხეთსა და ლაზიკას შორის უფრო ადრეც არსებობდა უმოკლესი გზა (იქვე, გვ. 126).
პრისკე პანიონელი თავის ისტორიაში, 433-474 წლების ამბების აღწერისას, შეეხო რომაელების უშედეგო ლაშქრობას ლაზიკაში, მათ უკან დაბრუნებისას გადაწყვიტეს დაეგეგმათ ლაზიკაზე ახალი თავდასხმა _ `ბჭობაში იყვნენ, თუ რა გზით ელაშქრათ: იმავე გზით თუ სპარსეთის მეზობელი ქვეყნის, არმენიის გზით დაეწყოთ ომი, ზღვით კი შეუძლებელი იყო ცურვა, რადგან კოლხიდა უნავსადგურო იყო და ძნელსავალი ადგილები ჰქონდა მისადგომად (იქვე, გვ. 127).
პრისკე პანიონელის ცნობათა ანალიზის შედეგად გ. გრიგოლიამ დაასკვნა: 1) კოლხეთი (ლაზიკა) `უმოკლესი გზით~ უერთდებოდა არმენიას; 2) ლაზიკა და არმენია მეზობლები იყვნენ, საერთო საზღვარი ჰქონდათ; 3) კოლხეთის ზღვისპირი იყო კლდოვან-ქარაფოვანი.
გ. გრიგოლიას დასკვნით, კოლხეთის ქვეშ პრისკე პანიონელი არ გულისხმობს თანამედროვე დასავლეთ საქართველოს.
პრისკე პანიონელის მიერ ნახსენები კოლხიდის, ე.წ. `არმენიის გზა~ უნდა იყოს ართვინ-არტანუჯ-არტაანის დამაკავშირებელი გზა, რომელიც არტაანიდან უშუალოდ შედიოდა სომხეთში და მიემართებოდა დვინისაკენ. მის ერთ მონაკვეთს ქართულ წყაროებში `გზა კლარჯეთისა~ ერქვა.
ესაა დვინი-ართვინის დამაკავშირებელი უმოკლესი მაგისტრალი (იქვე, გვ. 127).
ეს გზა ბიზანტიურ სამყაროს აერთებდა სპარსულთან.
გზა იწყებოდა ხოფა-ხუფათში, რომელსაც გ. გრიგოლია პეტრად მიიჩნევს.
გ. გრიგოლია წერს: `ხოფა უმოკლესი გზით უკავშირდება ჭოროხის ხეობას სოფ. ფორჩხასთან. ჭოროხის ზემო წელიდან მიმავალი გზა ართვინთან იყოფა ორად, ერთი ტოტი ყარსისა სომხეთისაკენ მიემართება, ამ გზით წაიყვანეს ლაზებმა მეფე ხოსრო ანუშირვანი პეტრას წინააღმდეგ. როგორც პროკოფის ცნობიდან ვგებულობთ, სპარსელებმა გადალახეს ბოასი (ჩვენი გაგებით, ჭოროხის ზემო წელი) `…და ისე მივიდნენ პეტრაში, რომ ფასისი მარჯვნივ ჰქონდათ~. ჩვენი ვარაუდით, სპარსელებს ჭოროხი უნდა გადაელახათ ართვინის ზემოთ, 10-15 კმ მოშორებით, იქ, სადაც იმერხევისა და ჭოროხის შესართავია. შემდეგ ფასისის მარცხენა ნაპირით ქვემოთ ეშვებიან ფორჩხამდე და აქედან, უმოკლესი გზით უღელტეხილის გადავლითა და მდ. ხოფას ხეობით, მიდიან პეტრაში. ჩანს, რომ იგივე გზა გაიარეს ლაზიკაში მეორედ შემოსულმა სპარსელებმა, ამჟამად უკვე მერმეროეს მთავარსარდლობით რომ მიემართებოდნენ რომაელების მიერ ალყაშემორტყმული პეტრას დასახმარებლად. პროკოფის ცნობით, `იმან (მერმეროემ _ გ. გ.) არ მოინდომა ლაზიკის სოფლებზე გაეარა სადმე, რათა მას რაიმე დაბრკოლება არ შეხვედროდა~, და ისე იარა პეტრამდე, რომ `ფასისი მარჯვნივ ჰქონდა~. ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჭოროხის სახით გაგვაჩნია ის მყარი, საიმედო ნიშანსვეტი, რომელიც საძიებო ქალაქ პეტრას არსებობას ხოფას სანახებში მიგვითითებს~, _ წერს გ. გრიგოლია.
გ. გრიგოლიას დასკვნა:
გ. გრიგოლია იმოწმებს ნ. ადონცს, პ. ინგოროყვას, ვ. ლექვინაძეს, ნ. ლომოურს და ასკვნის, რომ ნოტიციის 11 პუნქტიდან ათი მდებარეობდა არა თანამედროვე დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპეზუნტთან. კერძოდ, ტრაპეზუნტსა და სატალას შუა მდებარეობდნენ ზიგანა, ხაძანა, სილუანა, მოხორა და ავიძა, ხოლო ტრაპეზუნტის ჩრდილოეთით ჭოროხის შესართავამდე _ ჰისის ნავსადგური (სურმენე), პითია (პიტიუსი), კენე პარამბოლე (ახალი ბანაკი), ვალენტია (აფსაროსი), ხოლო მეთერთმეტე _ სებასტოპოლისი კი, მისი აზრით, არის ციხისძირი (იქვე, გვ. 123).
`ამრიგად, არმენიის სამთავარსარდლოში ნოტიციის მიხედვით დასახელებული 11 პუნქტიდან ხუთი _ ზიგანა, ხაძანა, სილუანა, მოხორა და ავაძა _ თავსდებიან ტრაპიზონის სამხრეთით, ტრაპიზონსა და სატალას შორის. დანარჩენი ხუთი _ ტრაპიზონი, ჰისის ნავსადგური (სურმენე), პითია (პიტიუსი), კენე პარამბოლე (ახალი ბანაკი) და ვალენტია (აფსაროსი) _ ტრაპიზონიდან ჩრდილოეთით _ სამხრეთ შავი ზღვისპირზე (იქვე, გვ. 123).
გ. გრიგოლიას დასკვნები ცვლის ამჟამად არსებულ წარმოდგენებს დასავლეთ საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის შესახებ, ისინი ძალზე მნიშვნელოვანია ეკლესიის ისტორიისათვის, ეწინააღმდეგება XX ს-ში ჩვენში გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ კონსტანტინოპოლის ფასისის სამიტროპოლიტოს საეპისკოპოსოები, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოში მდებარეობდნენ.
გ. გრიგოლიას დასკვნით, ამჟამად გაბატონებული თვალსაზრისი ეყრდნობა პროკოფი კესარიელისა და სხვა ძველი ავტორების ცნობებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და არ შეეფერებოდა სინამდვილეს.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისი ეთანადება ძველ ქართულ ისტორიოგრაფიას, რომელიც საერთოდ არ იცნობს დასავლეთ საქართველოში ბერძნული საეპისკოპოსოების არსებობას, ნ. ადონცი ლაზიკის საეპისკოპოსოების მდებარეობას ტრაპეზუნტისაკენ მიუთითებდა.
გ. გრიგოლიას კვლევით, ცნობილი პიტია, პიტიუნტი მდებარეობდა არა აფაზეთში ქართველთა უძველეს ქვეყანაში, არამედ ქართველთა მეორე, უფრო სამხრეთით მდებარე ისტორიულ მხარეში, ლაზიკაში, თანამედროვე რიზე-ათინასთან.
პიტიუნტის ადგილმდებარეობის შესახებ ასევე ფიქრობდნენ დიდი პავლე ინგოროყვა და ცნობილი მეცნიერი პროფ. ნ. ადონცი. ეს მტკიცება იმითაა საინტერესო, რომ მთლიანად არღვევს სეპარატისტთა მიერ `მოძიებულ~ მტკიცებებს ე. წ. `აფხაზეთის ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საფუძვლების~ შესახებ.
აფხაზი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ პიტია-პიტიუსის საეკლესიო კათედრა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძველია და ეს კათედრა იმდენად ავტორიტეტული იყო, რომ მისმა ეპისკოპოსმა სტრატოფილემ 325 წლის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მიიღო მონაწილეობა, იმ დროს, როცა ქართული ეკლესია ჩამოყალიბებულიც კი არ იყო.
პროფ. გ. გრიგოლიას, პროფ. ნ. ადონცისა და პ. ინგოროყვას აზრით კი, ისტორიული პიტიუნტი მდებარეობდა ლაზიკაში, რიზესთან ახლოს, ეს მტკიცება მთლიანად ეთანადება გელასი კესარიელის IV საუკუნის ცნობას, რომ ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ მოაქცია არა მარტო იბერები, არამედ ლაზებიც, ე.ი. მთელი ქართველი ერი _ `ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა~, როგორც წერს რუის-ურბნისის კრება.
წმიდა ნინომ რომ მოაქცია ლაზიკა და ამასთანავე დააარსა კიდეც ლაზიკის მთავარი საეპისკოპოსო კათედრა ოფ-რიზეს რეგიონში, ამის შესახებ წერდა ლაზიკის XVII საუკუნის მიტროპოლიტი გერმანე რუსეთის მეფისათვის გაგზავნილ ცნობაში. აქედან იყო რიზესთან მდებარე პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა, რომლის ეპისკოპოსი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, და არა აფხაზეთის პიტიუნტიდან.
მართალია, აფხაზეთში მდებარეობდა ბიჭვინთის ცნობილი საეკლესიო ცენტრი, მაგრამ ის დაარსებული იქნა ქართული ეკლესიის მიერ ცოტა მოგვიანებით, ის ქართული ეკლესიის ერთ-ერთ უმთავრეს სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა მუდამ, თავისი ისტორიის მანძილზე, და არა ბერძნულისა.
ასევე, გ. გრიგოლიას კვლევით, აფხაზეთის სებასტოპოლისი (ცხუმთან) სხვაა, ხოლო ბიზანტიური წყაროების სებასტოპოლისი სხვა. თუ ეს ასეა, მაშინ აფხაზ საეკლესიო სეპარატისტთა კიდევ ერთ მტკიცებას ეცლება საფუძველი ე.წ. სებასტოპოლისის (აბაზგიის) ავტოკეფალურ ეკლესიასთან დაკავშირებით.
ბიზანტიურ წყაროთა ცნობებით, სებასტოპოლისი მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ლაზიკაში, აფსაროსთან.,
კლავდიოს პტოლემაიოსის წიგნში _ `გეოგრაფიული სახელმძღვანელო~ წიგნი V, თავი VI _ ჩამოთვლილია კაბადოკიის ადგილები, კერძოდ, მდ. აფსაროსისა და მისი შენაკადი ლიკოსის შემდეგ დასახელებულია სებასტოპოლისი. ის დასახელებულია ქალაქების ჩამონათვალთა ბოლოში _ ის, ჩანს ითვლება კაბადოკიის უკიდურეს სასაზღვრო პუნქტად _ (გ. გრიგოლია, `ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები~, გვ. 128).
ცხუმის სებასტოპოლისი შეუძლებელია ყოფილიყო კაბადოკიის სასაზღვრო პუნქტი.
პტოლემაიოსი აფსაროსსა და ფასისს შორის ათავსებს ქ. სებასტოპოლისს (იქვე, გვ. 141). (პტოლემაიოსის მიხედვით, მდ. აფსაროსი არაა მდ. ფაზისი, თუმცა ორივეს ერთი დ აიგივე დასახელების შენაკადი აქვს).
სებასტოპოლისი, პტოლემაიოსის მიხედვით, მდებარეობდა კოლხეთის სამხრეთით.
კოლხეთი მდებარეობდა კაბადოკიის შემდეგ, იწყებოდა დიოსკურია-სებასტოპოლისით და მთავრდებოდა მდ. ფასისით. ჩრდილოეთიდან `კოლხეთი მთავრდება ფაზისით~, `სამხრეთიდან ესაზღვრება კაბადოკიის პონტო და მისი მომდევნო დიდი არმენიის ნაწილი~ (იქვე, გვ. 128).
გ. გრიგოლია იხილავს ცნობილ Notitia Dignitatum-ს რომელსაც ქართულად ეწოდება _ `ნუსხა ყველა თანამდებობისა და მმართველობისა, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედროსი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეებში~ (გ. გრიგოლია, `ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები~, გვ. 120).
ეს არის V საუკუნის ძეგლი, რომლის მიხედვითაც `არმენიის სარდალს ექვემდებარება პონტოს სასაზღვრო ხაზი _ ტრაპეზუნტი და პითია, ისულმენი, კენე პარამბოლე, სებასტოპოლი, ზიგანა, მოხორა~.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, არმენიის სარდალს ექვემდებარებოდა არა აფხაზეთის სებასტოპოლისი, პითია და ზიგანა, არამედ ტრაპეზუნტის ოლქისა.
საქართველოს ისტორიოგრაფიაში არსებულ პრობლემებს სარკისებურად ასახავს დღეისათვის ფაქტობრივად არსებული ვითარება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას წინ უძღოდა იდეოლოგიური დამარცხება თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიისა საერთაშორისო ასპარეზზე.
ჯორჯ ჰიუტიმ ლაკმუსის ქაღალდივით წარმოაჩინა, რომ რუსული ოკუპაციის პერიოდში, XIX-XX საუკუნეებში ჩამოყალიბებულ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიას უნარი არ შესწევს შექმნას მტკიცე მეცნიერული საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის დასაცავად.
მაგალითად, ჰიუტი, საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული სამეცნიერო აპარატის გამოყენებით ამტკიცებდა, რომ ისტორიულად აფხაზეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქართველოსთან, რომ აფხაზეთი, და საერთოდ მთელი დასავლეთ საქართველო, თითქოსდა, ქართველებმა IX-X საუკუნეებში დაიპყრეს ე.წ. ქართიზაციის პროცესის შედეგად.
მისი მსჯელობები ეყრდნობოდა ქართიზაციის თეორიას, რომელიც თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის საძირკველია.
ანუ ჰიუტი იმეორებდა იმას, რაც მასზე წინ XX ს-ის ქართულ ისტორიკოსებს უკვე თეორიულად ჰქონდათ ჩამოყალიბებული, კერძოდ, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო თავიდანვე ადიღეური ტომებით იყო დასახლებული და შემდეგ გაჩნდა იქ ქართული ელემენტი, ხოლო, გაქრისტიანების შემდეგ, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო თითქმის 600 წლის მანძილზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და მხოლოდ IX-X საუკუნეებიდან გავრცელდა იქ ქართული ეკლესიის იურისდიქცია ქართიზაციის პროცესის შედეგად, რასაც აფხაზთა სახელმწიფოს გაქრობა და აფხაზთა შევიწროება მოჰყვა შედეგად. ქართიზაციის თეორიამ ქართველი ერი სხვის დამპყრობლად და მოძალადედ წარმოაჩინა საერთაშორისო ასპარეზზე.
გ. გრიგოლიას დასკვნით, ამჟამად გაბატონებული თვალსაზრისი ეყრდნობა პროკოფი კესარიელისა და სხვა ძველი ავტორების ცნობებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და არ შეეფარდებოდა სინამდვილეს.
გ. გრიგოლიას დასკვნები ცვლის ამჟამად არსებულ წარმოდგენებს დასავლეთ საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის შესახებ, ისინი ძალზე მნიშვნელოვანია ეკლესიის ისტორიისათვის.
XX ს-ში ჩვენში გაბატონებულ თვალსაზრისი, რომ კონსტანტინოპოლის ფასისის სამიტროპოლიტოს საეპისკოპოსოები, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოში მდებარეობდნენ მოითხოვს მკაცრ სამეცნიერო რევიზიას, მაგრამ ამ საკითხის შესახებ თავისი მტკიცება დადგენილების სახით გამოაქვეყნა საქართველოს ეკლესიის მმართველმა წმიდა სინოდმა.
ლაზიკის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიების იურისდიქცია ვრცელდებოდა იმ მიწა-წყალზე, რომელსაც კონსტანტინოპოლში „ლაზიკას“ უწოდებდნენ, ამჟამად კი ლაზისტანი ეწოდება, ესაა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, რომელიც ისუსტინიანეს დროს ბიზანტიამ დაიქვემდებარა და ამიტომ აქ დაარსდა კიდეც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის კათედრები.
ლაზიკის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრას უპირველესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლისათვის, ლაზიკის ზუსტი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია პირველი ათასწლეულის საქართველოს ეკლესიის ისტორიის დაწერა.
ლაზიკის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ არსებობს რამდენიმე განსხვავებული თვალსაზრისი.
ამჟამინდელი ოფიციალური საისტორიო თვალსაზრისით, ლაზიკა ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს, რაც არასწორია, შსაბამისად, ამიტომაც, უმართებულოა მტკიცება, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო ეკლესიურადაც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა, რადგანაც წყაროებით ლაზიკაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რამდენიმე ეპარქია ჰქონდა.
ლაზიკის ადგილმდებარეობის შესახებ სულ სხვა თვალსაზრისისა იყვნენ ეკლესიის წმიდა მამები და ძველი ქართული ისტორიოგრაფია.
ბერძნული წყაროების საუკეთესო მცოდნე ათონელი მამების, კერძოდ კი, ექვთიმე მთაწმიდელის თვალსაზრისით, ფაზისი მდინარე ჭოროხს, ხოლო ლაზიკა – მდინარე ჭოროხიდან ტრაპეზუნტისაკენ მიმდებარე სანახებს ერქვა, მას „სოფელი მეგრელთას“ უწოდებდნენ (წმიდა ათონელი მამები თავიანთ თხზულებებში სიტყვა „ლაზიკას“ თარგმნიდნენ ასე – „სოფელი მეგრელთა“).
საერთოდ, არსებობდა როგორც სამხრეთ ეგრისი, ასევე ჩრდილოეთ ეგრისი, ქართველი ძველი ისტორიკოსები და ეკლესიის მამაები სამხრეთ ეგრისს ასევე „მეგრელთა სოფელს“ ანუ ქვეყანას უწოდებდნე, ესაა ტრაპეზუნტის რეგიონი, რომელსაც ზოგადად „ლაზიკა“ ერქვა, ხოლო ჩრდილოეთ ეგრისი მდებარეობდა რიონის მარჯვენა სანაპიროს მხარეს, მას ძველი ისტორიკოსები „ეგრისის საერისთავოს“ უწოდებდნე, ის როგორც მოქცევაი ქართლისაის, ასევე, ქართლის ცხოვრების ცნობებით, წარმოადგენდა ქუჯი-ფარნავაზის მიერ დაარსებული სახელმწიფოს ნაწილს. მისი დედაქალაქი იყო ქალაქი ეგრი ანუ ბედია, მდინარე ეგრისწყალზე, ამჟამინდელ აფხაზეთში.
ბიზანტიური წყაროების „ლაზიკის“ შესახებ ძველი მამების საეკლესიო თვალსაზრისს ვადასტურებ და მივიჩნევ, რომ ლაზიკა იმთავითვე ერქვა ტრაპეზუნტის მიმდებარე რეგიონს (ჭოროხიდან ზიგანა-გუმუშხანეს მიმართულებით), ანუ ისტორიული სამხრეთ ეგრისის ვრცელ მხარეს.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოსაზრების დასამტკიცებლად გამოწვლილვით ვიხილავთ პირველწყაროებს: სტრაბონის, პროკოფი კესარიელის, აგათია სქოლასტიკოსის, თეოფილაქტე სიმოკატას და ბერძენ-რომაელ სხვადასხვა ავტორთა შესაბამის შრომებს, ასევე ძველ სომეხ ისტორიკოსთა (მოვსეს ხორენაცის, უხტანესის, არისტაკეს ლასტივერტეცისა და სხვათა ნაშრომებს) და ცხადია, ძველ ქართულ ისტორიოგრაფიას („მოქცევაი ქართლისაი“, „ქართლის ცხოვრება“ და სხვა).
ჩემი თემისათვის უაღრესად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილების (ძეგლისწერის) განსაზღვრება დასავლეთ საქართველოში თავდაპირველადვე საქართველოს (მცხეთის) ეკლესიის იურისდიქციის განვრცობის შესახებ (და არა კონსტანტინოპოლისა, რასაც ქვემოთ ვეხებით).
ჩვენმა ძიებამ, როგორც ითქვა, ჩამოგვიყალიბა თვალსაზრისი, რომ ლაზიკა იმთავითვე მდებარეობდა ჭოროხამდე მდებარე შემდეგდროინდელ პონტოს (ტრაპეზუნტის) რეგიონში, ე.წ. „სამხრეთ ეგრისში“ (იგივე „სოფელი მეგრელთა“), (ეს თემა ქვემოთაა განხილული).
ლაზები არიან პირდაპირი შთამომავლები ხალიბებისა ანუ ქალდებისა, ეს მოსაზრება ჩამოგვიყალიბა ქსენოფონტეს შრომებმა (რომელნიც ქვემოთაა განხილული), სტრაბონის ცნობებმა (მაგალითად, სტრაბონის ცნობით, ხალიბებს (ქალდებს) ასევე ჰქონდათ ეთნონიმი – „ალაზონები“, მათ ქვეყანას შემდეგში „ალაზონია“ (ლაზონია, ლაზია) ერქვა, სიტყვებში „ალაზონია“ და „ლაზონი“ – ფუძეა „ლაზ“-ი) და სხვა წყაროთა მონაცემებმა. აღნიშნულთა გარდა ასევე ვიყენებთ მრავალ სხვა წყაროს.
ლაზიკაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქიების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას, ცხადია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა გამოვარკვიოთ, სად მდებარეობდა ლაზიკა.
როგორც ითქვა, თითქოსდა, ეს საკითხი თეორიულად გარკვეულია ჩვენს ისტორიოგრაფიაში, რომლის მიხედვით, ლაზიკა ერქვა დასავლეთ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გვაეჭვებს ეს თეორია, უფრო მეტიც, მისი გაურკვევლობა ხელს გვიშლის ჩვენი ამოცანის გადაჭრაში.
გამოსავალი ალბათ ისაა, რომ მოვახდინოთ კონსტრუირება იმისა, თუ რა სახის, როგორი ბუნებისა და გეოგრაფიული გარემოს ქვეყანას გადმოგვცემს ლაზიკის აღწერისას სხვადასხვა ავტორი და მათ შორის ამ საკითხზე საგანგებოდ მომუშავე პროკოფი კესარიელი.
ამოცანა უფრო კონკრეტდება – ჩვენ გვაინტერესებს განვსაზღვროთ ლაზიკის ადგილმდებარეობა VI საუკუნეში, ანუ პროკოფი კესარიელის ეპოქაში.
„მეცნიერული დაკვირვების პროცესში ბუნება დამკვირვებელს ეძლევა პრაქტიკის ფორმით, მკვლევარი გამოყოფს ბუნებაში ობიექტების გარკვეულ ნაკრებს, აფიქსირებს ყოველ მათგანს მკაცრად განსაზღვრული ნიშნებით და იყენებს მას ექსპერიმენტისა და დაკვირვების სახით“ (ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი, საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ, 2009, გვ. 279).
დავსვათ კითხვა – რა სახისა იყო პროკოფის მიერ აღწერილი ლაზიკის გეოგრაფიული გარემო, ბუნება?
1) პროკოფის ცნობით, ლაზიკის ქვეყნის ზღვის მთელი სანაპირო იმდენად კლდოვანი იყო, რომ ის აჩერებდა ზღვის დენას. ლაზიკის ზღვისპირა სანაპირო მთელი ლაზიკის ტერიტორიაზე იყო კლდოვანი – „ლაზიკაში კი მიწა ყოველგნით ზღვიდანაა წარმოჩენილი და მის დენას აფერხებს, აქ შემოქმედს ზღვისთვის საზღვარი დაუდგენია, აქ ზღვა თავის ნაპირებს ეხეთქება, ის ვერც წინ მიიწევს და ვერც უფრო მაღლა აწევას ახერხებს, არამედ უკან იხევს და კვლავ თავის ადგილს უბრუნდება, იცავს მიჩენილ საზღვარს“ (გეორგიკა, 2, 1965, გვ. 142). დასავლეთ საქართველოს ზღვისპირი ჩაქვიდან ბიჭვინთამდე კლდოვანი არ არის, პირიქით, ვრცელი ტერიტორია ჩაქვიდან ბიჭვინთამდე და ქუთაისიდან ფოთამდე, რომელსაც ამჟამად ლაზიკას უწოდებენ, წარმოადგენს უვრცელეს ვაკეს. აქ ზღვისპირას კლდეები არ არის. ეს რეალური ფაქტი პროკოფის ცნობას ეწინააღმდეგება. პროკოფის ცნობით ხომ ლაზიკის ზღვის სანაპიროს მთელ სიგრძეზე კლდეები იყო გადაჭიმული, რადგანაც „აქ შემოქმედს ზღვისთვის საზღვარი დაუდგენია, აქ ზღვა თავის ნაპირებს ეხეთქება, ის ვერც წინ მიიწევს და ვერც უფრო მაღლა აწევას ახერხებს“. 8 რეალობასა და პროკოფის ცნობის შეუსაბამობის გამო ისმის კითხვა: სადაა საქართველოს ზღვისპირა დაბლობზე კლდოვანი სანაპირო? აქ კლდოვანი სანაპირო არ არის, მაგრამ კლდოვანია სანაპირო ბათუმ-ხოფას მიმართულებით, მაშასადამე აქ, ბათუმ-ხოფას მიმართულებით, შეიძლება ვეძიოთ პროკოფის ლაზიკა.
2) საერთოდ, პროკოფის სიტყვით, ლაზიკა იყო არა ბარის, არამედ მთიანი და კლდოვანი (დაქანებული ფერდების მქონე) ქვეყანა (პროკოფის შესაბამისი ნაშრომი საგანგებოდ ქვემოთაა განხილული). დასავლეთ საქართველოს უმეტესი ზღვისპირა ნაწილი არაა მთიან-კლდოვანი, პირიქით, ის უვრცელესი ვაკეა. ეს ფაქტი და წყაროს ცნობა ერთმანეთს არ ეთანადება.
3) კლდოვანობისა და მაღალმთიანობის გამო ლაზიკის მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთში (მოხირისში) მოდიოდა მოსავალი (ხორბალი, ღვინო), დანარჩენი მისი ადგილები უმოსავლო იყო (კლდიან-მთებიანი იყო, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი კი, როგორც აღინიშნა, უვრცელესი ვაკეა, აქ სუბტროპიკული მოსავალიც კი მოდის).
4) ლაზიკის მდინარე ფაზისი ზღვის შესართავთან ძალზე სწრაფი იყო (მაგ., მას შეეძლო 30- კაციანი ნავის (კატარღის) იმდენად დიდი სიჩქარით წაღება, რომ ისტორიკოსის ცნობით, მისი მართვა ამ 30 მეომარს, ანუ ღონიერ მენავეს, ძალზე უჭირდა). რეალურად კი ზღვის შესართავთან მდ. რიონი არაა ჩქარი. ფაქტი და წყაროს ცნობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს და სხვა ფაქტები უფლებას გვაძლევს მდ. ფაზისი სხვაგან ვეძიოთ.
5) პროკოფის მიერ აღწერილი ლაზიკის ციხესიმაგრეები სარაპანა და სკანდა, მდებარეობდნენ მაღალმთიან ანუ უმოსავლო ადგილებში, სადაც არ მოდიოდა მარცვლეული (პურეული) და ყურძენი (ე.ი. უვენახო ადგილი იყო), სადაც კლდოვანებისა და მაღალმთიანობის გამო სურსათ-სანოვაგე ზურგით აჰქონდათ. რეალურად კი იმერეთის შორაპანი და იმერეთის სკანდე არ მდებარეობენ ასეთ უმოსავლო და მაღალმთიან ადგილებში. ისინი ზღვის დონიდან 170–250 მეტრში მდებარეობენ, რაც იდეალური პირობაა მევენახეობის განვითარებისათვის. შორაპანში საბჭოთა პერიოდში მევენახეობის სახელოვანი, ე.წ. საბჭოთა მეურნეობა არსებობდა. რეალობა და წყაროს ცნობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
6) პროკოფის ცნობით, არა მარტო ლაზიკის ზღვის მთელი სანაპირო, არამედ მდ. ფაზისის მთელი სანაპიროც სათავიდან ზღვამდე კლდოვანი იყო. თუ რიონი ფაზისია, მაშინ რიონს თავის ვრცელ დაბლობში კლდოვანი ნაპირები უნდა ჰქონდეს. ეს კი ასე არაა, პირიქით, ქუთაისიდან ფოთამდე რიონი უვრცელეს ვაკეზე მიედინება ყოველგვარი კლდოვანი ნაპირების გარეშე. ეს ფაქტი პროკოფის ცნობებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულთა გარდა, არსებობს სხვა მრავალი ერთმანეთის საწინააღმდეგო რეალურად არსებული ფაქტი და წყაროს ცნობა. დასავლეთ საქართველოს ბარში არსებული რეალური გეოგრაფიული ფაქტებისა და პროკოფის (ასევე სხვა წყაროთა) ცნობების შეუთავსებლობამ, უფლება მოგვცა განგვეცხადებინა, რომ ლაზიკა სხვა გეოგრაფიულ გარემოში უნდა ვეძიოთ. ერთი სიტყვით, ლაზიკა იყო ზემოაღწერილი ნიშნების მქონე, ანუ მაღალმთიან-კლდოვანი ქვეყანა.
ასეთი ნიშნების მქონე ლაზიკის ადგილმდებარეობის მოძიებისთვის ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევამოწმოთ ისტორიული საქართველოს რომელი მხარეა ასეთი მკაცრი და კლდოვანი ბუნებისა, ეს დასავლეთ საქართველოს გავაკებული ქვეყანაა, რიონის დაბლობის ბარი, თუ კლდოვან-ხრიოკი ჭოროხის ხეობა? რა გვეხმარება ამ ამოცანის გადაჭრაში? თითქოსდა, ჩვენს დასახმარებლად წინასწარ იზრუნა თვით პროკოფი კესარიელმა, მისი სიტყვით, ეს არის ბუნების ანუ გეოგრაფიული გარემოს უცვლელობა ათასწლეულთა მანძილზე. პროკოფი კესარიელი ლაზიკისა და მდ. ფაზისის შესახებ წერს: „საკითხი ეხება არა მოჩვენებით რაიმეს, არამედ მდინარეს და ქვეყანას, რომლის შეცვლა და რამენაირად დაფარვა შეუძლებელია, მხედველობაც საკმაო საბუთად გამოდგება და არაფერი შეუშლის ხელს იმას, ვისაც ჭეშმარიტების გამოკვლევა აქვს განზრახული“ (გეორგიკა, 2, 1965, გვ. 140). თუ სამყაროს ათასწლეულთა მანძილზე ჩამოყალიბებული ფიზიკური სურათი (სახე) უცვლელია, ეს საშუალებას გვაძლევს ავაგოთ ძველი თეორიების დასასაბუთებლად ახალი თეორიული სქემა. ამისთვის კი საჭიროა თავდაპირველად შეიქმნას ჰიპოთეზური მოდელი, რომელიც შემდეგ დასაბუთდება ცდებით. მაგალითად, ნაშრომში – ჩვენ ჯერ შევქმენით ჰოპოთეზური მოდელი, რომ პროკოფისეული სკანდა უნდა ვეძიოთ ისეთ გარემოში, რომელშიც იმყოფებოდა ეს ციხესიმაგრე პროკოფის აღწერით, კერძოდ, ის მდებარეობდა მაღალმთიანეთში, სადაც გადიოდა იბერია-ლაზიკის დამაკავშირებელი ძალზე მნიშვნელოვანი გზა, და ამასთანავე, მაღალმთიანობის გამო არ მოდიოდა ხორბალი და ღვინო, მაშასადამე, ჩვენ უნდა ვეძიოთ მაღალმთიანეთში გამავალი რეგიონების დამაკავშირებელი გზა, სადაც ძველი ციხესიმაგრეა, რომლის სახელი ეტიმოლოგიურად „სკანდ“ ფუძე-ძირთანაა დაახლოებული. ჩვენ, შესაბამისად, სკანდის ძიება დავიწყეთ არსიანის ქედზე, იმ გზის პირას, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა ჭოროხის ხეობას (კლარჯეთს) და ისტორიული იბერიის კოლა-არტაანის მხარეს. ამის შემდეგ მოვამზადეთ საგანგებო ექსპედიცია, რომელმაც ადგილზე გამოკითხვის გზით, თურქ მკვიდრებისგან მოისმინა, რომ საძიებელ ადგილას, არსიანის ქედზე 2000 მ. სიმაღლეზე, ისტორიული კლარჯეთისა და არტაანის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზის პირას, ძველ ციხესიმაგრესთან (სოფელ ბაგდასენთან) ერთ ადგილზეა თავმოყრილია „სკანდ“ ფუძის მქონე პუნქტები, ესენია: კანრიდი, კანდილი, ქანოტამალი, ქინძის ციხე და პუნქტი ასკანი. იქვეა დიდ ციხეთა ნანგრევები, რომელთა შუა გადიოდა კლარჯეთ-არტაანის დამაკავშირებელი ძველი გზა და იქვეა ახალი გზა (ექსპედიციის მუშაობის შედეგი ქვემოთაა გადმოცემული). ესაა ალპური ზონა და არ მოდის მოსავალი. მაშასადამე, ჩვენი ჰიპოთეზური მოდელი (რომ სკანდა არსიანის ქედზე შეიძლება ყოფილიყო) – დადასტურდა (დასაბუთდა) ცდით (უფრო გამოწვლილვითი ანალიზი იხილეთ ქვემოთ). მაშასადამე, ობიექტთა ემპირული შესწავლიდან ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ მათ თეორიულ ათვისებაზე. ექსპერიმენტები ამის საშუალებას იძლევა. ჩვენს ნაშრომში მოცემულია რამდენიმე ასეთი ექსპერიმენტის განხილვა. როგორც ცნობილია, ემპირიული კვლევა ეყრდნობა მკვლევრის უშუალო პრაქტიკულ მოქმედებას შესასწავლ ობიექტთან. იგი გულისხმობს დაკვირვების განხორციელებას და ექსპერიმენტულ მოღვაწეობას (იქვე, გვ. 257). მაგალითად, ჩვენთვის თეორიულად ცნობილია, რომ სტრაბონის აღწერით, სარაპანასთან ფაზისი არის ძალზე სწრაფი, იმდენად სწრაფი, რომ იგი აქ „ღრიალით და დიდი მქუხარებით“ (ამ ადგილიდან) მიემართება კოლხიდაში. ჩვენ ეს ცნობა შეგვიძლია შევამოწმოთ ექსპერიმენტით. ამისთვის საჭიროა სარაპანასთან დავაკვირდეთ მდინარეს – ძალზე სწრაფია ის თუ არა, და აქვს თუ არა მას მქუხარე, მგრგვინავი და მჭექარე ხმა ამ ადგილას. ამჟამინდელი ოფიციალური მეცნიერული ცოდნით სარაპანა არის იგივე შორაპანი, დაბა ზესტაფონთან. აქ მის სანაპიროზე ჩამოედინება მდინარე ძირულა. ჩვენი მეცნიერების მტკიცებით, ძირულა იგივე ფაზისია სათავეებში. დავაკვირდეთ ამ ადგილას ძირულას, არის თუ არა ის აქ, შორაპანთან, „ძალზე სწრაფი და მქუხარე“, როგორც აღწერს სტრაბონი. ჩვენ ეს თვალითაც შეგვიძლია დავინახოთ და მოვუსმინოთ კიდეც მის ხმას. ასეთი მარტივი, მაგრამ ძალზე საჭირო ექსპერიმენტები მრავლადაა მოცემული ჩვენს შრომაში, აქვე, ალბათ, შეიძლება კიდეც ითქვას, რომ შორაპანთან არსებული რეალური გეოგრაფიული ფაქტი განსხვავებულია, კერძოდ, აქ მდ. ძირულა არის არა თუ ჩქარი, არამედ არის მდორე, ძალზე ნელი, სარკული ზედაპირის მქონე. ის აქ უფრო ნაკადულია და ძნელია ის აღიქვა ისეთ მდინარედ, რომელზეც დიდი ნავები დაცურავენ, თანაც, შორაპანთან ძირულა უხმაურო და ჩუმია. ამ არეალზე მეორე, მის ახლოს გამდინარე წყალს – მართლაც, თითქოსდა საგანგებოდ, „დუმილაც“ კი ეწოდება, რადგანაც შორაპანთან (და მის ახლომახლო) მიწის ზედაპირი თითქმის ვაკეა, ამიტომაც აქ გამავალი მდინარეები არ ხმაურობენ. ამ რეალური ფაქტისაგან განსხვავებით, პროკოფის მიერ აღწერილი სარაპანას და სკანდას ციხეები იმდენად მაღალ მთაში მდებარეობდნენ, რომ იქ სურსათ-სანოვაგე საჭაპანო პირუტყვითაც ვერ აჰქონდათ და მას მებარგული კაცები ზურგით ეზიდებოდნენ. თანაც, პროკოფისავე თქმით, ამ 11 მაღალ მთაში, როგორც აღინიშნა, ხორბალი და ვენახი ვერ ხარობდა დიდი სიმაღლის გამო. შევადაროთ და ჩვენი თვალით ვნახოთ, რომ, როგორც ითქვა, ზესტაფონის შორაპანი არა მაღალ მთაში, არამედ სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს, ამიტომაც აქ ამჟამად გაშენებულია ვენახის პლანტაციები და სუბტროპიკული ხეხილი. ეს ექსპერიმენტი, წყაროების ანალიზთან ერთად, უფლებას გვაძლევს გამოვთქვათ ეჭვი, რომ პროკოფის მიერ აღწერილი ციხესიმაგრე სარაპანა და ზესტაფონის შორაპანი შეუძლებელია იყოს ერთი და იგივე პუნქტი, ამიტომ სტრაბონის სარაპანა უნდა ვეძებოთ სხვაგან, წყაროში აღწერილის შესაბამის გეოგრაფიულ გარემოში. როგორც ითქვა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დავადგინოთ კონსტანტინოპოლის ეპარქიების ადგილმდებარეობა ლაზიკაში. მაშასადამე, თუ პროკოფის მიერ აღწერილი ლაზიკა დასავლეთ საქართველოა, ეს ეპარქიები აქ უნდა ვეძიოთ, ანდა ისინი უნდა ვეძიოთ სხვაგან, ისტორიული საქართველოს შესაბამის მხარეში. ამ ძიების დროს უმთავრესია თავიდან ავირიდოთ სუბიექტური მომენტი. ჩვენი ამოცანის პასუხმა ობიექტური ახსნა უნდა მოუძებნოს ძველ და ახალ მასალას. უნდა მოიძებნოს ფაქტების შესაბამისი თეორიული ახსნა. ფაქტების ფორმირებაში მონაწილეობს თეორიული ცნობები, რომლებიც წარსულში დამოუკიდებლად იყო შემოწმებული. მაგალითად, ამჟამინდელ ისტორიოგრაფიაში დოგმად არის მიღებული შემდეგი თვალსაზრისი: იმის გამო, რომ ფაზისი იყო სანაოსნო მდინარე, ის არ შეიძლება იყოს მდ. ჭოროხი, რადგან, თანამედროვე ისტორიკოსის მტკიცებით, „ჭოროხი არ იყო სანაოსნო მდინარე“ (ო. ლორთქიფანიძე, არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, 1986, გვ. 46). იყო თუ არა ჭოროხი სანაოსნო მდინარე?
უნდა დავძლიოთ ამჟამად სამეცნიერო წრეებში გაბატონებული თეორია, რომელიც უარყოფს, რომ ჭოროხი სანაოსნო მდინარე იყო („ამიტომაც ის არაა ფაზისი“).
მაშასადამე, თუკი დამტკიცდება, რომ ჭოროხი სანაოსნო მდინარე იყო, ამ შმთხვევაში ის შიძლება ჩაითვალოს ფაზისად.
იყო თუ არა ჭოროხი სანაოსნო მდინარე?
ამისათვის საჭიროა ექსპერიმენტის ჩატარება, ანდა ამის შესახებ უკვე დავიწყებული სხვა მეცნიერული ცოდნის მოძიება.
ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ გვაქვს ძველთაძველი ცოდნა, რომელიც წარსულში დამოუკიდებლად იყო შემოწმებული. მაგალითად, ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ პირველი ცნობა განეკუთვნება VIII საუკუნეს, მატიანეში აღნიშნულია, რომ აშოტ კურაპალატის მკვლელებს შეხება ჰქონდათ ჭოროხის ერთ-ერთ ნავსაყუდელ ადგილთან, რომლის სახელი იყო – „სანავე“, ამასთანავე, ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ წერდნენ XVII ს. თურქი (ჩელები), XIX ს. რუსი (ვეიდენბაუმი,) და ქართველი (ყაზბეგი, ბაქრაძე) ისტორიკოსები და სხვები.
მაშასადამე, ჩვენ გვაქვს შემოწმებული თეორიული ცოდნა ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ახალი ფაქტის ფორმირებისას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ახალი თეორიული იდეებისა და წარმოდგენების განსავითარებლად.
მაშასადამე, თუ ჭოროხზე ნაოსნობა ძველთაგანვე იყო, ეს ფაქტი უფლებას გვაძლევს დავუშვათ ხელახლა აღორძინებული იდეა, რომ ჭოროხი – ფაზისია და წყაროები განვიხილოთ ამ კუთხით.
ცნობილი ჰ. შლიმანი ჭოროხის ქვემოწელზე ათავსებდა კოლხეთის ცენტრს და ამიტომ შლიმანი „ძველი საბერძნეთისა და კოლხეთის მძლავრ ურთიერთკავშირს ბათუმის რეგიონში ვარაუდობდა“ (ო. ლორთქიფანიძე, არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, 1986, გვ. 44). ახალი თეორიული მოდელის მისაღებად განვიხილოთ ძველი თეორიული კონსტრუქცია, მაგალითად, სტრაბონის ცნობით, მდ. ფაზისზე გადებული იყო 120 ხიდი. ფაქტია, რომ მდ. რიონის დაბლობზე (ქუთაისიდან ფოთამდე) წარსულში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამდე, შეუძლებელი იყო 120 ხიდის აგება გრუნტის სირბილის, ადგილის ღრმა დაჭაობების, მდინარე რიონის კლაკნილობისა და მისი კალაპოტის ხშირი ცვლილების გამო. მეორე მხრივ, ტექნოლოგიურად შეუძლებელია ბარში რიონზე 120 ხიდის გადება, ამჟამადაც, XXI ს-ში, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მდ. რიონზე სულ რამდენიმე ხიდია გადებული (იგულისხმება ქ. ქუთაისიდან ფოთამდე). საქმე ისაა, რომ მდ. რიონის კალაპოტი ძალზე განიერია, დატოტვილია, ძველად არასდროს ჰქონდა ერთი კალაპოტი, რადგანაც ხშირად იცვლიდა მას, მაგრამ მდ. რიონის დაბლობზე მდ. რიონზე 120 ხიდის გადება შეუძლებელი იყო უპირველესად ტექნიკური მიზეზების გამო: ფოთიდან თითქმის ქუთაისამდე რიონის სანაპიროები ხიდის ბურჯებისათვის არ შეიცავს მყარ გრუნტს, ამიტომაც საჭიროა ხიდის ბურჯების ასაგებად მნიშვნელოვანი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება. ძველ დროს ხიდის ბურჯებს აყრდნობდნენ კლდოვან ქანებს ანდა მყარ გრუნტს, რომელსაც გარკვეულწილად აძლიერებდნენ, ამიტომაც ხიდების აგებისათვის შესაბამისი გრუნტის სანაპიროს მოძებნა იყო საჭირო. რიონის ვაკე-დაბლობის ჭაობები, განსაკუთრებით კი სანაპიროები, არც ახლა და მით უმეტეს 2000-1500 წლის წინ, ამის საშუალებას არ იძლეოდა. ჭაობის ლია, ანუ წყლით გაჯერებული მიწა – განიერი მდინარისათვის საჭირო გრძელი ხიდის მძიმე ბურჯებს ვერ დაიჭერდა. ამისათვის ძველ დროს, როგორც ითქვა, კლდოვან სანაპიროებს იყენებდნენ. კლდეებზე, როგორც წესი, ძველი ტექნოლოგიების შესაბამისად იდგმებოდა ხიდის ბურჯები. მდ. რიონის დაბლობზე კი კლდეები არ არის. რიონის ბარში ქუთაისიდან ფოთამდე არც ერთი ასეთი ძველი თაღოვანი ხიდი არც რიონზე და არც მის შენაკადებზე არაა და ეს ბუნებრივიცაა, ასეთი ხიდების გადება რიონის ბარში შეუძლებელია. მდ. რიონის ერთი სანაპიროდან მეორეზე გადადიოდნენ არა ხიდებით, არამედ ბორნებით – გაჭიმული იყო ბაგირები, რომელებზეც ტივები ან ნავები იყო გამობმული და ერთ სანაპიროს აერთებდნენ მეორესთან – ეს იყო ბუნებრივი წესი გეოგრაფიული გარემოდან გამომდინარე. მაშასადამე, სტრაბონის ცნობის დასამტკიცებლად საჭირო იყო ძიება ახალი თეორიული კონსტრუქციისა, ანუ ძიება ისეთი მდინარის უცვლელი, კლდოვანი კალაპოტისა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა 120 ხიდის აგება. ნამდვილად იყო თუ არა მდ. ფაზისზე ასი ან მეტი ხიდი? უნდა ვიგულისხმოთ, რომ იყო, მაგრამ არა მდ. რიონზე, არამედ მდ. ჭოროხსა და მის შენაკადებზე. პროკოფი ხშირად წერს – „მდ. ფაზისის ორივე სანაპირო არის კლდოვანი და ამიტომ მისი კალაპოტი უცვლელია“, სწორედ ამ მდინარისპირა კლდეებზე იდგმებოდა ხიდის ბურჯები, რომლებზეც, ძველი ტექნოლოგიების შესაბამისად, დგამდნენ თაღოვან ხიდებს. მართლაც, მდ. ჭოროხის ხეობაში, შენაკადებზე, დღემდეა მოღწეული ათეულობით უძველესი თაღოვანი ხიდი, გადებული ღრმა მდინარეებზე. ჭოროხსა და მის შენაკადებზე შესაძლოა 120 ხიდის აგება, რადგანაც ის და მისი შენაკადები მიედინება კლდეთა შორის, ამის გამო მისი კალაპოტი მუდამ უცვლელია. მისი სანაპიროები კლდოვანობის გამო მყარი საყრდენია მძიმე კონსტრუქციებისათვის და მათზე შეიძლებოდა ხიდის ბურჯების დაყრდნობა (მართლაც, ჭოროხსა და მის შენაკადებზე, ამჟამადაც, უამრავი ძველი თაღოვანი ხიდია შემორჩენილი, მაშინ როცა რიონის დაბლობზე, როგორც ითქვა, ძველი ხიდების ნაშთებს ვერ შეხვდებით. (ბაქრაძის ცნობით, მის დროს, ჭოროხზე 300-ზე მეტი ხიდი იყო). ასეთი ფაქტისა და წყაროს ცნობის ერთმანეთთან შეუსაბამო მაგალითი მრავალია. მაშასადამე, საჭიროა თეორიის მორგება რეალიებთან. ამ რეალიებმა კი შეიძლება გვიბიძგოს იმისკენ, რომ შევცვალოთ ამჟამად მიღებული ფუნდამენტური თეორიული სქემა – რომ ლაზიკა დასავლეთ საქართველოა.
სინამდვილეში, ლაზიკის აღნიშნული საეპისკოპოსოები მდებარეობდნენ ტრაპეზუნტის ოლქში – ქალაქ ზიგანას რეგიონში, იქვე იყო როდოპოლისის კათედრაც. ამის შესახებ მიუთითებს არა მხოლოდ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი ნ. ადონცი, არამედ, ამჟამად, საბერძნეთში დაბეჭდილი ზოგიერთი საეკლესიო რუკაც.
ქართული წყაროების დაბეჯითებული მტკიცებით, მუდამ, ფარნავაზ მეფის დროიდანაც, დასავლეთ საქართველო ყოველთვის შედიოდა ქართლის სამეფოს საზღვრებში ვიდრე მდ. ეგრისწყლამდე და ვახტანგ გორგასლის შემდეგ ვიდრე მდ. კლისურამდე. ამიტომაც მიიჩნეოდა, რომ ამ სასაზღვრო მდინარეების აქეთ, დასავლეთ საქართველოში, კონსტანტინოპოლს არასოდეს იურისდიქცია არ გააჩნდა, მხოლოდ ამ მდინარეების იქით მდებარე ტერიტორია შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში, VIII ს-მდე. მაგრამ ეკლესიურად ისიც ქართულ ეკლესიაში შედიოდა. ამის მიზეზს გვიხსნის „ქართლის ცხოვრების“ ჩანართი, რომლის მიხედვითაც, VI მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით (ე.ი. VII საუკუნიდან) მთელი მართლმადიდებლური კავკასია (ჩრდილო და სამხრეთი) საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა.
რუსულ „პრავოსლავნაია ენციკლოპედიაში“, დასავლეთ საქართველოს მსგავსად, სამხრეთ საქართველოც არაქართულ ქვეყნადაა გამოცხადებული, სადაც, თითქოსდა, ქართული ეკლესიის გაბატონების შემდეგ მოხდა მკვიდრი „სომხების“ გაქართველება. „სომხების“ გაქართველების „თვალსაზრისი“ იმდენადაა გავრცელებული, რომ მან უკვე ქართულ საეკლესიო გამოცემებშიც შეაღწია. მაგალითად, ცნობილი ავტორი წერს: კირიონ I კათალიკოსმა, ქვემო ქართლში „არაქართული მოსახლეობის გასაქართველებლად მარჯვედ გამოიყენა პოლიტიკური ვითარება“ (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, თბ., 2000, გვ. 28).
მსგავსადვე, დბარი ამრავლებს და წიგნებისა და მიმართვების სახით ხშირად აგზავნის კონსტანტინოპოლისა და სხვა საპატრიარქოებში მტკიცებას, თითქოსდა, ქართული ეკლესია იმთავითვე პროზელიტურ-მწვალებლური ბუნებისა იყო, რადგანაც ის, თითქოსდა, მე-9 და მე-10 საუკუნეებში შეიჭრა კონსტანტინოპოლის საპატრარქოს იურისდიქციაში, გააძევა იქედან ბერძნული სამღვდელოება და იერარქია, აკრძალა ბერძნული და ასევე აფხაზურენოვანი ღვთისმსხურება და შემოიღო მათ ნაცვლად ქართულენოვანი.
შეუძლებელია, საქართველოს წმიდა ეკლესია პროზელიტური ყოფილიყო იმიტომ, რომ „პროზელიტური“ ისეთ ეკლესიას ეწოდება, რომელიც იჭრება სხვა ეკლესიის სამრევლოში მისი მისაკუთრების მიზნით. ასეთი ქმედება კი მსოფლიო საეკლესიო კანონებით მიუღებელი იყო და არის. მაგალითად, მოციქულთა 35-ე კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ხელდასხმა თავისი სამრევლოს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის ეკლესიას. ხოლო თუ იგი მხილებული იქნება, უნდა განიკვეთოს ისიც და მის მიერ ხელდასხმულებიც“ („დიდი სჯულისკანონი“, 1974, მოციქულთა კანონები).
26 მოციქულთა ამ კანონს კიდევ უფრო ამტკიცებს 381 წელს კონსტანტინოპოლში მოწვეული II მსოფლიო კრების მე-2 კანონი: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონის თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს… პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი – მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს. ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამთავროს ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის“ („დიდი სჯულისკანონი“ 1974, II მს. კრების მე-2 კანონი).
III მსოფლიო კრების მამებმა კიდევ უფრო დაბეჯითებით დამოძღვრეს ეკლესიათა მეთაურები, არ დაემორჩილებინათ სხვისი სამწყსო: „ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობის ქვეშ, ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს სხვის ეპარქიას იძულებით, განთავისუფლებული უნდა იყოს იგი, რათა არ დაირღვეს მამათა კანონები“ (III მსოფლიო კრების მე-8 კანონი).
იმავეს წერს და აღნიშნავს სხვა საეკლესიო კანონებიც.
თუ ქართული ეკლესია პროზელიტური იყო და მას ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს ერთი ნაწილის, სამხრეთ საქართველოს სამწყსოები, ქართულმა ეკლესიამ კი მიითვისა ისინი, ამით დაურღვევია მსოფლიო საეკლესიო კანონები, კერძოდ, მოციქულთა 35-ე, II მსოფლიო კრების მე-2, III მსოფლიო კრების მე-8, კართაგენის 74-ე და სხვა კანონები, და განა კანონდამრღვევი ეკლესია შეიძლება ყოფილიყო მართალი და მართლმადიდებლური, რომლითაც ამაყობდნენ საქართველოს ეკლესიის წმიდა მამები?
ამის თაობაზე შესანიშნავად მიუთითებდა პროკოფი კესარიელი, „რომ ქართველები მართლმადიდებლობის წესებს ყველაზე უკეთ იცავდნენ“.
სომეხი იერარქები წერდნენ, რომ ქართველები ამაყობენ თავიანთი სარწმუნოებრივი სიწმიდით და თავიანთი საეკლესიო უპირატესობით.
დ. დბარი თავის ცილისწამებას ქართული ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ აყრდნობს ქართული ისტორიოგრაფიის იმავე არასწორ მტკიცებას, რაც ქართულმა ენციკლოპედიამაც გაიმეორა-
„ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ სიტყვით, საქართველოს ეკლესია, თურმე, არღვევდა უმთავრეს საეკლესიო კანონებს და სხვის იურისდიქციაში იჭრებოდა, ის წერს: „დასავლეთ საქართველოში გაბატონდა ქართული ეკლესია და მღვდელმსახურებაც ქართულ ენაზე სრულდებოდა, რამაც დიდად შეუწყო ხელი დასავლეთ საქართველოში „ქართიზაციის“ პროცესს“ (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, „საქ. სსრ“, 1981 წ., გვ. 61).
ქართული ეკლესიის „გაბატონებამდე“ დასავლეთ საქართველოში, ჩვენი ისტორიკოსების მტკიცებით, თურმე არსებობდა ეგრისისა და აფხაზეთის ეკლესიები, რომლებიც იმყოფებოდნენ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, ისინი შემდგომ გაერთიანებულან კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშივე, მაგრამ IX ს-ში მცხეთის საკათალიკოსოს „გაბატონების“ შედეგად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუკარგავს მთელი დასავლეთ საქართველოსმომცველი ეს მნიშვნელოვანი სამიტროპოლიტოები და საეპისკოპოსოები.
საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსი წერს: „ეს საეკლესიო გამოყოფა, როგორც ვთქვით, ერთბაშად არ მომხდარა. ჯერ ხორციელდება ეგრის-აფხაზეთის ეკლესიების გაერთიანება, როგორც კონსტანტინოპოლის სამწყსოში შემავალი ეპარქიისა, რომელსაც სათავეში აფხაზთა კათალიკოსი ედგა (VIII ს-ის ბოლო ან IX ს-ის დასაწყისი); შემდგომ IX ს-ის მანძილზე (საფიქრებელია, უფრო მის პირველ ნახევარშივე) დასავლეთ საქართველოს ეკლესია გამოეყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მცხეთის ტახტს უერთდება, ხოლო აფხაზთა კათალიკოსი სრულიად საქართველოს კათალიკოსს ექვემდებარება. კონსტანტინოპოლიდან გამოყოფის შემდეგ იწყება ბერძნული კათედრების მოშლა და მათ საპირისპიროდ ქართული საეპისკოპოსო ცენტრების დაარსება“.
ეს საეკლესიო რეფორმა, ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, საბოლოოდ X ს-ში სრულდება (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973).
„ქართული ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში რეაქციული შეჭრის“ შესახებ თვით აკადემიურ წიგნში „საქართველოს ისტორიის ნარკვევების მე-2 ტომში“ წერია: „ქართველები აქედან სდევნიან ბერძნულ ენას, ბერძნულ ვიწრო ეროვნულ კულტურას, შემოაქვთ და ავრცელებენ საკუთარ, ქართულ ენას, ქართულ ღვთისმსახურებას და ქართულ საეკლესიო-სამონასტრო წესებს. ქართულ კულტურას თან მოჰქონდა ქართული პოლიტიკური შეგნება და იდეალი, ასე რომ მცხეთა ჯერ ენობრივად (ეთნიკურ ელემენტებზე დაყრდნობით) შეიჭრა ლიხთ-იმერეთში, ხოლო შემდეგ, როგორც ჩანს, ეს საინტერესო ფორმულა წამოაყენა თავისი ორგანიზაციული გაბატონების დასაფუძნებლად – „ქართლია“ იქ, სადაც მღვდელმსახურება ქართულ ენაზეა (მხოლოდ „კვირიელეისონი“ შეიძლება ბერძნულად). მირონის კურთხევა „ქართლს“ განეწესება. მაშასადამე, ქართლს ნაკურთხი მირონი სავალდებულოა ყველა იმ ეკლესიისათვის, სადაც მღვდელმსახურება ქართულ ენაზეა. ცხადია, მცხეთის საკათალიკოსოს მხრივ ეს არის კანონიკური საფუძვლების დაცვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ლიხთ-იმერეთის ეკლესიაზე ორგანიზაციულად გაბატონების მიზნით“ (თ. პაპუაშვილი – ადრეფეოდალური ხანის ქართული ლიტერატურა და საისტორიო მწერლობა, წიგნში: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. II, თბ., 1973).
მსგავს ნაკვლევებს ეყრდნობა აფხაზი საეკლესიო სეპარატისტი დ. დბარი და წერს: IX-X სს-ში „აფხაზური ეკლესია და აფხაზური სახელმწიფო ქართველმა აგრესორებმა ქართული ეკლესიის წინამძღოლობით დაიპყრეს და აფხაზური ეკლესია ჩაკლეს“ (Иеромонах Дорофей (Дбар). «Краткий очерк истории Абхазской Православной Церкви», Новый Афон, 2005 г., с.10).
დ. დბარი იმეორებს „ნარკვევებისა“ და ქსე-ს შემდეგ მთავარ დასკვნებს: „კონსტანტინოპოლიდან გამოყოფის შემდგომ იწყება ბერძნული კათედრების მოშლა და მათ საპირისპიროდ ქართული საეპისკოპოსო ცენტრების დაარსება“ (ნარკვ., II, გვ. 427). „დასავლეთ საქართველოში გაბატონდა ქართული ეკლესია და მღვდელმსახურებაც ქართულ ენაზე სრულდებოდა, რამაც ხელი შეუწყო დასავლეთ საქართველოს ქართიზაციის პროცესს“ (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე), ტ. „საქ. სსრ“, 1981 წ., გვ. 61). – „ეს არის კანონიკური საფუძლების დაცვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ლიხთ-იმერეთის ეკლესიაზე ორგანიზაციულად გაბატონების მიზნით“ (საქ. ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 1973, გვ. 586) და სხვა.
ეს აფხაზი სეპარატისტი სიამოვნებით იმეორებს და თავისი ნაშრომის მთავარ „სამხილად“ წარმოადგენს ჩვენი მეცნიერების „მტკიცებებს“ იმის შესახებ, რომ, თურმე, ქართული ეკლესია შეჭრილა სხვა ეკლესიის (კონსტანტინოპოლის) იურისდიქციაში (დასავლეთ საქართველოში ანუ აფხაზეთში), იქ გაუუქმებია ბერძნული კათედრები და დაუარსებია საკუთარი. თითქოსდა, საქართველოს ეკლესიამ ქართული ენა დასავლეთ საქართველოში გაავრცელა IX–X სს-ში, ამასთანავე, განდევნა იქიდან ბერძენი ეპისკოპოსები და თვითონ „გაბატონდა“. დ. დბარმა ეს საბჭოური სამეცნიერო დოგმა გაავრცელა მთელ მსოფლიოში, კერძოდ, თავდაპირველად, ვითომდა, „აღადგინა უკანონოდ გაუქმებული ე.წ. აფხაზეთის სამიტროპოლიტო“, შემდეგ კი მისი სახელით მიმართვები გაუგზავნა მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, მოწოდებით, რომ მათ ცნონ „ქართველების მიერ უკანონოდ გაუქმებული აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესია“. სამწუხაროდ, ამ მიმართვებს გამოხმაურებაც მოჰყვა. საბჭოთა კავშირის საზღვრების ჩაკეტილობის გამო ბერძნულ სამყაროში და, მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც XX საუკუნის ბოლოსაც არ იცნობდნენ იქამდე სრულიად ახალ საბჭოთა „საისტორიო თეორიას“ ქართული ეკლესიის პროზელიტიზმისა და „მისი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის შესახებ“ (საბჭოთა ისტორიკოსების სიტყვებია). ცნობილი ბერძენი კანონისტის – მიტროპოლიტ მაქსიმეს 1966 წელს გამოცემული წიგნი „საქართველოს ეკლესია და მისი ავტოკეფალია“ არ შეიცავს ცნობებს აღნიშნულთან დაკავშირებით. შეიძლება დაისვას კითხვა, რა პრობლემები შეექმნება საქართველოს ეკლესიას სამომავლოდ, თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ან უცხოეთის რომელიმე ეკლესია ოფიციალურად აღიარებს აღნიშნულ თეორიას, ქართული ეკლესიის შეჭრის შესახებ იქამდე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მყოფ დასავლეთ საქართველოში, ეს თეორია ხომ არ შეუქმნით მათ მყარ სამართლებრივ საფუძველს, რათა ცნონ და აღიარონ სეპარატისტული ეკლესიები აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში. მეორე მხრივ, ეს თეორია იძლევა კარგ საშუალებას და მასზე დაყრდნობით დაინტერესებული მხარეები უკვე აქეზებენ ამ კუთხეთა სეპარატისტ მოაზროვნეებს, რათა დედაეკლესიად აღიარონ არა საქართველოს წმიდა ეკლესია, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. აღნიშნული „საეკლესიო თეორია“ ყველაზე უფრო მეტად გაიტანა და გაავრცელა რუსულმა „პრავოსლავნაია ენციკლოპედიამ“. არასოდეს, არც ერთ საუკუნეში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ გამოუთქვამს არავითარი თვალსაზრისი ან შენიშვნაც კი დასავლეთ საქართველოს მის ეპარქიებში ქართული ეკლესიის შეჭრის შესახებ. ეს რომ ასე ყოფილიყო, ქართულ-ბერძნული ათასწლოვანი საეკლესიო ურთიერთობების დროს ამის შესახებ ერთხელ მაინც გამოითქმებოდა თუნდაც მცირე შენიშვნა. საქმე ის არის, რომ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მყოფი ფაზისის სამიტროპოლიტო და მისი ოთხი საეპისკოპოსო, რომლებიც, თითქოსდა, ქართული ეკლესიის მიერ იყვნენ გაუქმებულნი, სინამდვილეში, მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველი ერის უძველეს ქვეყანაში, რომელსაც ტრაპიზონის ოლქი ეწოდა. იქამდე კი მას ერქვა „ქალდეა“, „სოფელი მეგრელთა“. იქ ტრაპიზონის ოლქში მდებარე ჭოროხის ანუ ფასისის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდნენ ფასისის სამიტროპოლიტო და მისი საეპისკოპოსოები – როდოპოლისისა, საისინისა, პეტრონისა და ზიგანასი, როგორც ეს კარგად არის გარკვეული ნ. ადონცის მიერ. კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ჩრდილოეთით მოქცეული მიწა-წყალი ხუფათ-ჭოროხიდან ვიდრე მდინარე ეგრისწყლამდე (ვახტანგ გორგასლის შემდგომ მდინარე კლისურამდე), და „მცირე ხაზარეთის მდინარემდე“ (ყუბანამდე) – ძველთაგანვე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. დასავლეთ საქართველო ეკლესიურად ოდესმე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში რომ ყოფილიყო, ამის შესახებ უთუოდ შემორჩებოდა პირდაპირი ან ირიბი ცნობები თვით ბერძნულ წყაროებშივე, ან რაიმე საყვედურნარევი მინიშნება მაინც იქნებოდა ბერძენი იერარქებისა, ასეთი კი არ არსებობს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი ძალზე თბილ და მეგობრულ წერილებს წერდა აფხაზთა მეფეს გიორგი II-ს X საუკუნის შუა წლებში, როცა საბჭოთა ისტორიკოსების აზრით, მის სამეფოში „ბრძოლა იყო გაჩაღებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ“, ასე რომ ყოფილიყო, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი როგორმე მოახერხებდა პროტესტის გაცხადებას აფხაზთა მეფის – გიორგი მეორისადმი (922–957 წწ.), [პატრიარქ მისტიკოსის წერილები გიორგი II-სადმი; გეორგიკა, IV, ნაკვეთი II]; ერთი სიტყვით, წყაროები არ ადასტურებს საბჭოურ ეპოქაში მიღებულ თვალსაზრისს. შუა საუკუნეებში, მას შემდეგ რაც კათოლიკე და სხვა მისიონერები საქართველოთი დაინტერესდნენ, მათ, ჩემი მოსაზრებით, შეცდომით, ევროპაში პირველად გაავრცელეს თვალსაზრისი, რომ ისტორიაში ჩაკარგული კოლხეთი მდებარეობდა რიონის რეგიონში. რომ მდ. ფაზისი რიონი იყო. ეს მოსაზრება XIX- XX სს-ში ჩვენშიც დამკვიდრდა, XX ს-ში კი განმტკიცდა თვალსაზრისი, რომ რიონის დაბლობში („ლაზიკაში“) 500–600 წლის მანძილზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ავრცელებდა თავის იურისდიქციას. ეს მოსაზრება ეწინააღმდეგებოდა ქართულ წყაროებს – შესაბამისად, ქართულ წყაროებს გამოეცხადა სრული უნდობლობა, რადგანაც მათი ცნობებით დასავლეთ საქართველო მუდამ ქართლის სამეფოსა და ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა. ეს მოსაზრებანი მთლიანად ეწინააღმდეგება რუის-ურბნისის კრების წმიდა მამებისა და სხვა ძველი ქართველი ისტორიკოსების მტკიცებებს. იმდენად სახიფათო სახე მიიღო ამგვარმა მტკიცებებმა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა წმიდა სინოდმა და შესაბამისი დადგენილებაც მიიღო. ზემოთ აღნიშნულ წმიდა სინოდის განჩინებებში დასავლეთ საქართველოს გარდა ნახსენებია საქართველოს სხვა ძირძველი კუთხეები, რომელნიც სადავოდ აქცია ქართიზაციის თეორიამ, მაგალითად, კახეთის უმეტესი ნაწილი: უნდა ითქვას, რომ კახეთის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ჰერეთად მიიჩნევენ, როგორც აღინიშნა, ქართიზაციის თეორიის შესაბამისად, ალბანეთის საკათალიკოსოს მიაკუთვნეს.
დასკვნა
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიების იურისდიქცია ვრცელდებოდა იმ მიწა-წყალზე, რომელსაც ამჟამად კი ლაზისტანი ეწოდება, ის, ისუსტინიანეს დროს ბიზანტიამ დაიქვემდებარა და ამიტომ აქ დაარსდა კიდეც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის კათედრები.
მოძველებული თეორია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიების იურისდიქცია ვრცელდებოდა დასვლეთ საქართველოში, არასწორია, რომელიც ამჟამად სეპარატისტების მიერ გამოიყენება საქართვეოლოს ეკლესიის დაშლა-დანაწილების მიზნით.
ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ლაზიკეში
(ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე)
ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს ლაზიკის კათედრები მოიცავდნენ ვრცელ მიწაწყალს ტრაპეზუნტიდან ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე, უმეტესად კი ბიზანტიურ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულ „იბერიის თემს“.
ამჟამად აღიარებული, მაგრამ არასწორიაზრით, ის დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა, მაგრამ უპირველესი წყაროს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხების, ე.წ. ნოტიციების მონაცემები არ ეთანხმება ამ თვალსაზრისს.
კერძოდ, ნოტიციების უმრავლეს ნუსხაში ჩამოთვლილია ლაზიკაში მდებარე ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს შემდეგი კათედრები: 1. ხერიანი; 2. ხამაძური (ხამუზური, ხამაზრი, ხამატოზური); 3. ხახეი (ხალი, ხაიონი, ხალხევი); 4. პაიპერტი (პაიპერი); 5. კერამევი; 6. ლერიონი; 7. ბიზანა (ბიზანტი); 8. ხავიძიტი; 9. ხანძიორძი; 10. ოლნუტი; 11. ფასიანი; 12. (ტო)სერმანძი; 13. ანდაკი; 14. ზარინაკი (გეორგიკა, IV, ნაწილი II, 1952, გვ. 185).
მაშასადამე, მიწა-წყალზე, რომელსაც კონსტანტინოპოლი უწოდებდა ლაზიკას, განლაგებული იყო ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო თავისი 14 კათედრით და ჩვენი განხილვის საგანია მოვიძიოთ ამ კათედრების გეოგრაფიული მდებარეობა.
როგორც ცნობილია, ბიზანტიურ სამყაროში საეპისკოპოსო ცენტრები ხალხმრავალ ქალაქებში არსდებოდა. შესაბამისად, ლაზიკის ჩამოთვლილი კათედრები, ალბათ, მნიშვნელოვან ქალაქებში მდებარეობდნენ.
აღნიშნულ ცხრილებში (ნოტიციებში) უცვლელად მეორდება ისეთი კათედრების სახელწოდებები, როგორიცაა ლერიონი, ოლნუტი, ანდაკი და სხვა.
ამ სახელის მქონე ქალაქების ადგილმდებარეობა ცნობილია. კერძოდ, ლერიონი იყო ტრაპეზუნტის მთიანეთში, მისგან დაახლოებით 70 კმ-ით დაშორებული. ანდაკი თეოდოსიოპოლისსა და კარს (ყარსს) შუა იყო, ხოლო ოლნუტი არაქსისა და ევფრატის სათავეებთან ახლოს. ყველანი ისინი განლაგებულნი იყვნენ იმ ქვეყანაში, რომელიც მალე მოიცვა იბერიის თემმა, მაგრამ მას ასევე რომაელები უფრო მეტად არმენიას უწოდებდნენ, მაგრამ იქვე, არაქსის იქით მიუთითებდნენ იბერიის საზღვარს. ერთი სიტყვით, ისინი მდებარეობდნენ ვანის ტბასა და ტრაპეზუნტს შორის. ხომ არ იყო ამ რეგიონში სხვა საეპისკოპოსოებიც ლაზიკის ეპარქიისა?
ცხადია, აღნიშნული საეპისკოპოსოები ქალკედონურნი იყვნენ, ამავე დროს, არმენიად სახელწოდებულ ქვეყანაში მდებარეობდნენ. ამის გამო ჩვენმა ძიებამ მოითხოვა გავცნობოდით ისტორიულ სომხეთში ქალკედონური საეპისკოპოსოების განლაგებას, რაც აღმოჩნდა მოსკოვში დასტამბულ „პრავოსლავნაია ენციკლოპედიის“ III ტომში.
მართლაც, ამ სტატიაში „სომეხი ქალკედონიტები“ ჩამოთვლილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოში შემავალი ეპარქიები, მათ შორის აღნიშნული ლერიონისა და სხვა კათედრები და აღნიშნულია, რომ ისინი მდებარეობდენენ „სომხურ მიწებზე“, აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის ნოტიციებში, ანუ წყაროებში, მათ უწოდებდნენ „საეპისკოპოსოებს ლაზიკაში“, სტატიაში კი მათ ეწოდებათ „სომხურ-ქალკედონიტური საეპისკოპოსოები სომხურ მიწებზე“. სტატიას თან ახლავს რუკა, რომელზეც თითქმის ყველა იმ საეპისკოპოსოს მდებარეობაა აღნიშნული, რომლებიც ნოტიციებში „ლაზიკის სამიტროპოლიტოში“ იყვნენ (Прав. Энц., Т. 3, M. 2001).
რუკაზე, როგორც ითქვა, აღნიშნულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის, ასევე ეკელესენის, ხორძენესა და ტარონის სამიტროპოლიტოების, ასევე ანტიოქიის საპატრიარქოს თეოდოსიოპოლისის (კარინის) ეპარქიის მართლმადიდებლური (ქალკედონური) კათედრები. რუკაზე აღნიშნულია ნოტიციებში ჩამოთვლილი ლერიონის, შარიანის (ხერიანის), ბიზანას, ბაიბერდის (პაიპერტის), ოლნუტის, ანდაკის, ხახის (ხახეის), ხანძიორძის (ხორძენა?) და სხვა საეპისკოპოსოები, და ისინი განლაგებულნი არიან ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე.
ერთი სიტყვით, IX-X სს-ში (X ს-ის დასაწყისიდან) ეკლესიური თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი ლაზიკას უწოდებდა ვრცელ მხარეს ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე, სადაც აღნიშნული საეპისკოპოსოები იყვნენ განლაგებულნი. ისმის კითხვა – რატომ უნდა ეწოდებინა ამ ვრცელი ტერიტორიისთვის კონსტანტინოპოლს ლაზიკა? (ვანის ტბის მომიჯნავე ქვეყნებიდან ტრაპეზუნტის ჩათვლით).
მართლაც, აღნიშნულ მიწა-წყალზე მრავალი მართლმადიდებლური საეპისკოპოსო იყო, მათ შორის ისეთებიც, რომელნიც მცხეთის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ. მაგალითად, არც თუ შორს ვანის ტბიდან, იყო ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალ ანდაკის კათედრიდან არც თუ მოშორებით იყვნენ ანისისა და კარის ქართული საეპისკოპოსოები.
შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიური თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი „ლაზიკას“ უწოდებდა ვრცელ ტერიტორიას, რომელნიც ქართულ წყაროებში მოიხსენებიან ვითარცა „ზემონი ქვეყანანი“, ეს ქვეყანა ბასილი კეისრის (ბულგართმმუსვრელის) იბერიაში (ანუ ამ მიწაწყალზე) ლაშქრობის შემდეგ მოიცვა ბიზანტიურმა „იბერიის თემმა“.
ქართულ „ზემო ქვეყნებსა“ და მიმდებარე მიწა-წყალს რომ მოიცავდა კონსტანტინოპოლის სამიტროპოლიტო ლაზიკაში, იქიდანაც ჩანს, რომ აქაა განლაგებული მისი საეპისკოპოსოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, ანდაკის კათედრა – მდინარე არაქსზე (მის ზემო წელში), მანასკერტთან ახლოს, ევფრატის სათავეში მდებარე ოლნუტის კათედრა. თითქმის „ზემო ქვეყნების“ მიწა-წყალზე მდებარეობდნენ ბიზანასა და ხორძენეს საეპისკოპოსოები, ხოლო ბაიბერდის, ხახის, კერჩანისისა, ხერიანისა და ლერიონის საეპისკოპოსოები ისტორიულ სპერსა, ჭანეთსა და მიმდებარე მიწებზე მდებარეობდნენ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული „ზემო ქვეყნები“, ანუ ტაოსა და ვანის ტბას შორის მოქცეული მიწა-წყალი ბიზანტიამ ჩამოართვა საქართველოს, მეფე გიორგი I-ის დროს, იქ (ანუ იბერიის თემის სამხრეთით მდებარე მხარეები) ჩამოყალიბებულ მართლმადიდებლურ სამიტროპოლიტოსთვის „ლაზიკის ეპარქია“ უწოდებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მის ოდნავ ჩრდილოეთით ჩამოაყალიბეს ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“, ანუ ის მიწები, რომლებიც არაბობამდე „არმენიად“ იწოდებოდა, X ს-ის შემდეგ ლაზიკად და იბერიად იხსენიება – ვანის ტბიდან ტრაპეზუნტ-ტაომდე.
საჭიროა ახსნა იმ საკითხისა თუ რატომ ეწოდა ამ მხარეების არმენია, ხოლო, შემდგომ ბიზანტიურ წყაროებში, იბერია ან იბერიის თემი.
ნიკო მარის შემდგომ სომეხი და ზოგირერთი ქართველი ავტორი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი იყო, თითქოსდა აქაური მკვიდრი, ანუ სომხური მოსახლეობის გაქალკედონიტება, და ამის შედეგად გაქართველება.
სინამდვილეში, აქ პირიქითა პროცესი იყო, ანუ ამ ვრცელი ოლქების მკვიდრი ქართული მოსახლეოება გასომხდა ანუ არმენიზებულ იქნა სომხური ეკლესიის მიერ, ისევე, როგორც გასომხდა სომხური ეკლესიის მიერ ალბანური მოსახლეობა.
იბერების მიწების არმენიზაციის შესახებ მიუთითებს თვით სტრაბონი.
ჩვენ მრავალ წიგნში აღვწერეთ ეს პროცესი, ამიტომ მოკლედ გავიმეორებთ სტრაბონის სიტყვებს, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში სარდლები არტაქსია და ზარიადრე, როგორც სტრაბონი ამბობს, იმჟამად პატარა ქვეყანა არმენიის მეფეები გახდნენ. მათ თავიანთი ბრძოლებით მეზობელ ხალხებს, მათ შორის იბერებს წაართვეს ვრცელი მიწაწყალი -პარიადრეს მთიანეთის კალთები (ლაზისტანის ქედი), მტკვარს იქით-გოგარენა, და ამათ შორის მდებარე ხორძენა. აქაური იბერების არმენიზაცია მყისვე დაიწყო, რადაგანაც სტრაბონი წერს, რომ სომეხთა მიერ დაპყრობილ ამ ქვეყნებში, უკვე მის დროს სომხური ენა ისმოდა, შესაბამისად, ამ მიტაცებულ იბერიულ მიწაწყალს უცხოელებმა არმენია უწოდეს, მკვიდრი იბერები კი არამენიზაციის პროცესში შევიდნენ.
სომხეთის გაქრისტიანების შემდეგ, აქაური არმენიზაციის პროცესში შესული იბერები სომხურ ეკლესიას დაუქვემდებარეს, ანუ მათი არმენიზაცია უფრო გაღრმავდა, მაგარამ ამ რეგიონის მთიან მხარეებში, იგულისხმება ტაო და თეოდოპოლის-არზრუმისა და ბასიანი-აიარარატის მიწაწყალი – არმენიზაციის პროცესი ვერ დასრულდა, ამიტომაც აქაური იბერები ჯერ კიდევ ფლობდნენ ქართულ ენას, მაგრამ ეკლესიებში მათ ასმენინებდდნენ სომხურენოვან წირვა-ლოცვას, რასაც ისინი არ ეგუებოდნენ. ამიტომაც ისინი , განსაკრებით მანასკერტის 726 წლის სომხური საეკლესიო კრების შემდეგ, ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ სარწმუნოებრივად განსხვადებოდნენ სომხური ეკლესიის მიერ დადგენილი ანუ მონოფიზიტური კურსისაგან, ისინი, ანუ არმენიის იბერები მტკიცე ქალკედონიტები იყვნენ, ხოლო სომხების ძირითადი ნაწილი-მონოფიზიტი (მიაფიზიტი).
ამ იბერების ერთმა ნაწილმა ანტიოქიის საპატრიარქოს თხოვა დახმარება, მისმა პატრიარქმა (ანტიოქიური ქრონოგრაფისა და მიქაელ ბრეკის ცნობებით), ეს იბერები გაათავისუფლა სომხური ეკლესიის ბატონობისაგან, ერთერთ იბერ ბერს ხელი დაასხა და იბერთა (ანუ ტაოს იბერიის) კათალიკოსად დანიშნა, ასევე, ამ იბერებს, ნება დართო სოხურენოვნების ნაცვლად, თავიანთ ეკლესიებში ქართულად ელოცათ, ანუ ტაოს იბერი გათავისუფლდა სომხური ეკლესიის ბატონობისაგან, მაგრამ ტაოს გარეთ, ე.წ. არმანიის ქვეყანაში, ანუ, ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე, უამრავი იბერი მკვიდრობდა, მათ ეკლესიებში დანერგილ სომხურენოვნებას ისინი შეეგუენ და თავი დაიხსნენ სოეხი კათალიკოსის ბატონობისაგან, ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოში გაერთიანდნენ. ასე, რომ ის ხალხი, რომელიც ამჟამად ე. წ. სომეხ-ქალკედონიტებად იწოდება, სინამდვილეში ეთნიკუური ქართველები იყვნენ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხს ზერელედ უყურებენ ქართველი ისტორიკოსები ნიკო მარის დიდი ავტორიტეტის გამო.
ლაზიკის გეოგრაფია
ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო IX-X სს–ში ლაზიკას უწოდებდა ვრცელ მხარეს ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე, სადაც ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები იყო განლაგებული. ამ ვრცელი მიწა-წყლის შუაგულში სათავეს იღებს ისეთი ცნობილი მდინარეები, როგორიცა არაქსი და ევფრატი. ეს მიწა-წყალი ისტორიულად ქართული ტომებით იყო დასახლებული, სწორედ ამის ანარეკლი, ანდა რეალური ვითარების გადმოცემის შედეგია ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „ლაზიკა“ უწოდა აღნიშნულ მიწა-წყალს, ამით ხაზი გაესვა მის მცხოვრებთა ეთნიკურ ვინაობას. სახელწოდებები „ლაზიკის ეპარქია“ და „იბერიის თემი“ აღნიშნულ დროს წარმოაჩენს იმ რეალურ სურათს, რომ ბიზანტიამ ცნო ვანის ტბიდან (ჩრდილოეთით) ანისამდე და (დასავლეთით) ტრაპეზუნტამდე მკვიდრი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობა – მათი ქართველობა, რადგანაც იქამდე, კერძოდ კი არაბობამდე, ამ მიწა-წყალს ბიზანტია ოფიციალურად „არმენიას“ უწოდებდა. არაბთა შემოსევების ეპოქაში, როცა სომხურ ეკლესიას უნარი აღარ შესწევდა თავისი ზეწოლა განეხორციელებინა მკვიდრ ქართველებზე, IX-X სს-ში, გამოცოცხლდა იქამდე შესუსტებული ეთნიკური თვითშემეცნება მკვიდრი ქართველებისა. ამიტომაც არაბებისაგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე ბიზანტიელებს დახვდა სხვა სურათი – მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მცხოვრებნი ევფრატისა და არაქსის სათავეებში, ვიდრე ვანის ტბამდე და ანისამდე, მკვეთრად აცხადებდა, რომ ეთნიკურად იყვნენ არა სომხები, არამედ ქართველები. იყო თუ არა ამისათვის საფუძველი? საქმე ისაა, რომ აღნიშნული მიწა-წყალი იმთავითვე ქართული იყო. მისი ისტორიული წარსულის შესახებ წერს პავლე ინგოროყვა – „ანტიკური ხანის საისტორიო წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ანტიკურ ხანაში, ვიდრე III სს-მდე ძვ.წ.აღ-ისა, ქართული ტომებით დასახლებული იყო არა მხოლოდ მტკვრისა და ჭოროხის ხეობები, არამედ ქართველ ტომებს ეჭირათ აგრეთვე არაქსისა და ევფრატის ხეობათა ზემოწელი, სახელდობრ, ხორძენე, პარიადრის მთიანეთი (მარდალიის ზონა), ბასიანის მხარენი, არაქსის სასპერეთი… კარინი, დერჭანი, აკილესენი, მუძური (ანტიტავროსის მხარე, იხ. სტრაბონი, წიგნი XI, თავი XVI, 5; ქსენოფონტე, ანაბასისი, წიგნი IV, თავი VI, 5, VII, 8, 25). … სტრაბონის ცნობით, უმრავლესობა ამ პროვინციებისა საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად II-I სს-ში ძვ.წ.აღ-ისა, როდესაც სომხეთმა გაავრცელა თავისი გავლენა ევფრატისა და არაქსის ხეობათა ამ სექტორებზე. თუმცა საშუალო საუკუნეთა დასაწყისში (ყოველ შემთხვევაში VII ს-მდე, როგორც ეს ირკვევა წყაროებიდან) ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ ჰქონიათ შერჩენილი ქართული სახე. საქართველო არ შერიგებია ამ მხარეთა დაკარგვას და საშუალო საუკუნეთა მანძილზე საქართველო ცდილობდა შემოეერთებინა არაქსის და ევფრატის ხეობებში მდებარე ეს ადრინდელი ქართული მხარეები. ეს არის სწორედ ის «ზემონი ქვეყანანი», რომლის შემომტკიცებასაც ცდილობდა ქართველთა სამეფო X-XI სს-ში და რომლის გამოც ქართველთა სამეფოს კონფლიქტი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან“ (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 517).
იბერიის სამეფოს გაძლიერების ეპოქაში, I-II სს-ში, აღნიშნული მიწა-წყალი (რომელზეც X ს-თვის განლაგებული იყო ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები) დასახლებული იყო ქართული ტომებით, მართალია, შემდგომში ისინი მოექცნენ არმენიაში, შესაბამისად, იქაური მკვიდრი ქართველობა (იგულისხმება ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე მცხოვრები მოსახლეობა) განიცდიდა ეროვნულ და ენობრივ შევიწროებას და დაწყებულა კიდეც მათი არმენიზაცია, მაგრამ პ. ინგოროყვას კვლევით, მათ VII ს-მდე შეუნარჩუნებიათ ქართულენოვნება. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ქართული მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა კიდევ უფრო დიდხანს შეინარჩუნა საკუთარი ეროვნება. ამას მიუითებს 1. კონსტანტინე პორფიროგენეტის ხაზგასმითი მითითებანი, რომ თეოდოსიოპოლისის (კარინის) მოსახლეობა (ქალაქი და მისი შემოგარენი) დიდ წინააღმდეგობას (თითქმის ნახევარი საუკუნე) უწევდა ბიზანტიურ ჯარებს, ქართველები კი მათ იცავდნენ, არ ანებებდნენ მკვიდრი მოსახლეობის ქალაქებისა (და სოფლების) ბლოკადას, როცა ბიზანტიელები მოითხოვდნენ მათ ფაქტობრივად შიმშილით ამოხოცვას და სხვა, რომელსაც სხვა ადგილასაც ვეხებით; 2. აღნიშნულ მიწა-წყალზე ქართული საეპისკოპოსოების დაარსება; 3. ამ ადგილებიდან გამოსული ქართველი ბერების მუდმივი მითითებები იმის შესახებ, რომ ისინი ეთნიკურად არიან ქართველები, რომ ისინი არ არიან სომხები (მაგალითად, გიორგი მთაწმიდელის ეპოქაში ანტიოქიის პატრიარქს მოახსენეს ქართული მონასტრის ბერების შესახებ – „არა ვუწყით ქართველნი არიან თუ სომეხნი“); 5. ქართული ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების ბოლო დრომდე არსებობა; 6. აღნიშნული მხარეებიდან გამოსული ქართველების დიდი ძალისხმევა, რომ სომხურიდან რედაქტირების ყოველგვარი ნაკვალევი აღმოეფხვრათ ქართული წმიდა წიგნებიდან; 7. ძლიერი ქართულენოვანი სამრევლოების არსებობა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, თუ რა დიდი გავლენა და წონა ჰქონდა ვალაშკერტელ ეპისკოპოს ზაქარიას, რომ ის ბიზანტიის სამეფო კარზე იცავდა ქართველთა უფლებებს იმით, რომ ცდილობდა ბიზანტია-საქართველოს მორიგებას. ვალაშკერტის ქართული მრევლი რომ არ ყოფილიყო მრავალრიცხოვანი და ძლიერი, მისი მღვდელმთავარიც არ იქნებოდა ისეთი გავლენის მქონე, როგორიც იყო ზაქარია. ანდა ანისის ქართული მრევლის სიძლიერე. ანისში ქართული მრევლი მრავალრიცხოვანი რომ იყო და მოიცავდა მოსახლეობის დაბალ ფენებსაც, ჩანს ამ ქალაქის ეკლესიის კედლის წარწერიდან. ქართლის კათალიკოსი არ ჩათვლიდა საჭიროდ უმნიშვნელო მრევლისა და მისი სამღვდელოების მორიგებას. ამასთან, მან ამ რეგიონში მრავალი სხვა ეკლესიაც აკურთხა. მართალია, ანისი დაშორებულია ვალაშკერტს, მაგრამ აქ შეიძლება გავიხსენოთ ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობები, რომ იბერიელებსა და არმენიელებს ერთ დროს არაქსი ჰყოფდათ, მაშასადამე, არაქსის მარცხენა სანაპიროზე, მათ შორის ანისში, ქართული მოსახლეობის ცხოვრება ბუნებრივად უნდა ჩაითვალოს. ალბათ ამიტომ შეიყვანა ბიზანტიამ ანისი იბერიის თემში, ხოლო მისი სამხრეთი – ლაზიკის საეკლესიო თემში.
საბჭოთა პერიოდში სხვა თვალსაზრისი ჩამოყალიბდა. თითქოსდა, მე-9-10სს. მოხდა ქართიზაცია – გაქართველება მთელი ამ მხარეების, კლარჯეთისა და ტაოსი, (მათი აზრით, ვალაშკერტის, ყარსისა და ანისის მოსახლეობისაც), ასევე მთელი დასავლეთ საქართველოსი (იმჟამინდელი აფხაზეთისა) და ჰერეთ-ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბების საამიროს სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა მასზე 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო დიდ მხარეებში კლარჯეთიდან ვალაშკერტ-ვანის ტბამდე, ლიხიდან ნიკოფსიამდე და ბოდბედან შამახამდე მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ-ქართული თვითშემეცნება.
სამხრეთის იბერია და სამხრეთის ლაზიკა
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო „ლაზიკა“ თავის იურისდიქციას ახორციელებდა შავი ზღვისპირეთიდან ვიდრე ვანის ტბამდე, რადგანაც მისი უმთავრესი საეპისკოპოსო კათედრები _ ლერიონი, პაიპერტი (ბაიბერდი), ბიზანა, ოლნუტი, ანდაკი და სხვანი აღნიშნულ ტერიტორიაზეა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლაზიკის ეპარქია X ს-თვის მოიცავდა ჭოროხისა და ევფრატის სათავეებს ვანის ტბამდე. ჩვენი აზრით, ამ სამიტროპოლიტოს მიწა-წყლისთვის „ლაზიკის“ სახელწოდების მიცემა გამოწვეული უნდა ყოფილიყო მისი მოსახლეობის, ანუ ამ სამიტროპოლიტოს მრევლის ქართული წარმომავლობით. „ლაზიკის სამიტროპოლიტოს“ თითქმის ეთანადებოდა „იბერიის თემი“.
ბიზანტიის ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი’’, ანუ იბერიის საკატეპანო შეიქმნა ოდნავ მოგვიანებით, XI ს-ის დასაწყისში ტაოს მეფის დავით III კურაპალატის გარდაცვალების (1001) შემდეგ. მასში შედიოდა ჩვენთვის საინტერესო არაქს-ევფრატის აუზში მდებარე ვრცელი ტერიტორია, რომელიც ეთნიკურად არაერთგვაროვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. იბერიის თემში არაქს-ევფრატის სათავეების აუზის გარდა შედიოდა იმიერ ტაო, ჩრდილობასიანი, ოლთისი, შავშეთი, თორთომი, კოლა, არტაანი, იბერიის თემშია კონსტანტინე X მონომაქოსის დროს (1042-55) – შირაქის სამეფო, თავისი მთავარი ქალაქით ანისით. ქ. ანისი იბერიის თემის დედაქალაქად იქცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იბერიის თემის და ლაზიკის ეპარქიის ტერიტორიები თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ, ცხადია, ეს დამთხვევა ზუსტი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვსის საინტერესო ჭოროხისა და ევფრატის სათავეებისმომცველი ქვეყნები, ვიდრე ვანის ტბამდე, თითქმის ერთსა და იმავე დროს შედიოდა როგორც ლაზიკის ეპარქიაში, ისე იბერიის თემში. რატომ უწოდეს მას ლაზიკა და იბერია ერთდროულად? როგორც ვთქვით, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქართული ეთნიკური თვითშემეცნების გამოცოცხლებით აღნიშნულ რეგიონში – ანისიდან და ვალაშკერტიდან ვიდრე ანდაკამდე და კარინამდე (არზრუმამდე), ასევე ჭოროხისა და ევფრატის სათავეებში. ამ გამოცოცხლების შედეგი იყო, როგორც ითქვა, მცხეთის საპატრიარქოს ქართული საეპისკოპოსოების არსებობა ანისსა და კარში (ყარსში), ვალაშკერტსა და ბაიბერდში (პაიპერტში). იქამდე, საუკუნეთა მანძილზე, სომხური ეკლესიის მიერ შევიწროებული ქართული ენა უკვე აღარ იდევნებოდა საყოფაცხოვრებო დონეზე, ანუ ქართულენოვან გლეხებსა და აზნაურებს მეზობლები ვეღარ უკრძალავდნენ მშობლიური ენის მოხმარებას, თუმცა მალევე კონსტანტინოპოლისადმი დაქვემდებარებული კათედრები ბერძნულენოვანნი გახდნენ.
აკად. გრ. გიორგაძე მიუთითებს ქართველური ტომების უძველესი კერების არსებობის შესახებ მდ. ჭოროხისა და ზემო ევფრატის სათავეებში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე XII ს-ში, რადგანაც მისი აზრით, ასურული წყაროების მუშქაიას და დაიაენის (დიაოხის) ქვეყნები იქ, ევფრატ-ჭოროხის სათავეებთან არსებობდნენ. იქ მცხოვრებთ ბერძნული „მოსხოის“ სახელით იცნობდნენ (ვ. გოილაძე, ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, 2002, გვ. 20).
ვ. გოილაძე წერს – ძვ.წ. XII ს-ში მუშქების პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდ. მურად სუს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ იქ ალზისა და ფურულუმზის ქვეყნები დაუპყრიათ. როგორც ი. დიაკონოვი წერს, ესენი იყვნენ «აღმოსავლეთის მუშქები». მათი განსახლების ძირითადი ცენტრი ზემო ევფრატთან მდ. არცანიის (მურად სუ) შესართავთან მდებარე ალზის სამეფო იყო. ასურული წყაროები, დასძენს დიაკონოვი – ალზის უწოდებდნენ აგრეთვე „მუშქთა ქვეყანას“. ი. დიაკონოვის თანახმად, ძვ.წ. X-IX სს-ში აღმოსავლეთის მუშქები უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, მდ. ტიგროსის ჩრდილოეთ შენაკადების სათავეში მდებარე მთებიდან ზემო ევფრატის ველის დასავლეთით მდებარე ტავრის მთებამდე უნდა ყოფილიყვნენ განსახლებულნი. გრ. გიორგაძის თანახმად, „მუშქთა ძირითადი ტერიტორია ისტორიული სამხრეთ საქართველო იყო“ (ვ. გოილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 21).
მაშასადამე, ლაზიკის ეპარქია – ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ყოფილა. ჩვენ ქვემოთ კიდევ მრავალჯერ შევეხებით, რომ ლაზიკის ეპარქია მოიცავდა ისტორიული ალზის მიწებს, ხოლო თვით ამ ეპარქიის არსებობის ეპოქაში იქ მდებარეობდა „ალზნიკის“, იგივე არზანენას ოლქი, რომელიც კორდუენას (კორჩაიკის) ოლქს ესაზღვრებოდა. შეუძლებელია ეტიმოლოგიურად ერთმანეთთან არ დავაკავშიროთ „ალზ“ და „ლაზ“. ასევე „კორდუ“ და „ქართუ“. ნ. ადონცის მოსაზრებით, არმენიელების მოსვლამდე აღნიშნული მიწა-წყალი, კორდუენადან ვიდრე კავკასიის მთებამდე, ქართველებით იყო დასახლებული, შემდეგ მოსულ არმენიელებს ეს ქართული მოსახლეობა ორ ნაწილად გაუყვია – სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქართველებად, ხოლო მათ შუა თვით არმენიელები დასახლებულან. მართლაც, „კორდუენა“ ანუ „კორდუს ქვეყანა“ – მიგვანიშნებს ივ. ჯავახიშვილის თავდაპირველ „ქართუ“ – „კარდუ“ ქვეყანას, საიდანაც გამოსულა ყველა ქართული ტომი, მათ შორის მეგრულ-ჭანურიც. ნ. ადონცი დაბეჯითებით, რამდენჯერმე აღნიშნავს თავის ნაშრომში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“, რომ სომეხი ხალხის ჩამოყალიბების საქმეში ქართველებს მიუღიათ მონაწილეობა იმით, რომ მომხდარა ქართული ტომების ტრანსფორმირება არმენიელებად. თუ ეტიმოლოგიურად „ლაზიკა“ – „ლაზი“ დაკავშირებულია „ალზთან“, უნდა ვიფიქროთ, რომ გასაგები ხდება, თუ რატომ ეწოდა „ალზის ქვეყნის“ მომცველ ეპარქიას „ლაზიკისა“. თუმცა სხვა მოსაზრებაც შეიძლება არსებობდეს.
ნ. ადონცი კორდუენას ქვეყანას აკავშირებდა ქართველებთან და აკრიტიკებდა ერთ-ერთი მეცნიერის შეხედულებას, რომელიც კორდუენას ქურთებთან აკავშირებდა. ეს მოსაზრება განხილულია შესაბამის ადგილას. ისტორიულ კორდუენადან თეოდოსიოპოლისამდე ოდესღაც ქართველთა საცხოვრისი ყოფილა, მათი ნაშთი კიდევ მძლავრად არსებობდა IX-X სს-ში და ქვეყანასაც ივერაის (იბერიას) უწოდებდნენ, ხოლო თეოდოსიოპოლისიდან ტრაპეზუნტამდე ქალდეას ქვეყანა, ანუ სამხრეთის ლაზიკა (ეგრი) მდებარეობდა, ჩრდილოეთის ეგრისი კი დასავლეთ საქართველო იყო.
მიწა-წყალი ლაზიკის ეპარქიისა
(დამატება)
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ლაზიკეში, როგორც გაირკვა, მდებარეობდა მიწა-წყალზე ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე, რადგანაც აქ იყო მისი კათედრები ანდაკისა, ოლნუტისა, ხორძენასი, ბიზანასი, პაიპერტისა (ბაიბერდისა), ლერიონისა და სხვა. როგორც თვით სამიტროპოლიტოს სახელი „ლაზიკა“ უჩვენებს, კონსტანტინოპოლს მიაჩნდა, რომ აღნიშნული მიწა-წყალი ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული. რამდენად შესაძლებელია, რომ ტრაპეზუნტიდან ვიდრე ვანის ტბამდე არეალი ქართველთა საცხოვრისი ყოფილიყო? პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ „საქართველოს ინტერესები ამ მხარეთა მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ „აღმოსავლეთის“ ეს ტერიტორიები („ზემონი ქვეყანანი“), მდებარე ევფრატისა და არაქსის ხეობათა ზემო ნაწილებში (კარინი-თეოპოლისის მხარე, ბასიანი და მიმდგომი თემები) ანტიკურ ხანაში საქართველოსთან იყო დაკავშირებული, ქართული ტომებით იყვნენ დასახლებულნი, ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები მიზნად ისახავდნენ საქართველოს ძველი ისტორიული ტერიტორიების გაერთიანებას ქართველთა სამეფოს ფარგლებში“ (პ. ინგოროყვა, გ. მერჩულე, 1954, გვ. 65).
„აღმოსავლეთის ქვეყნებზე“, ანუ ტერიტორიებზე – თეოდოსიოპოლისიდან (არზრუმიდან) ვანის ტბამდე, ბიზანტია რომ აღიარებდა ქართველთა უფლებებს, მიუთითებს ის ხელშეკრულებები, რომლებიც იდებოდა ბიზანტიასა და საქართველოს შორის, რომლის მიხედვითაც იბერიელებს შეეძლოთ არაბების მიერ დაჭერილი თეოდოსიოპოლისის და „აღმოსავლეთის“ ყველა იმ ქალაქების დაჭერა, რომელთაც გაათავისუფლებდნენ (იქვე, გვ. 65).
მალე ქართულმა ლაშქარმა დიდ წარმატებას მიაღწია, რადგანაც თვით კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით, აღნიშნული მიწა-წყლის ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა ქართულ ლაშქარს ყოველმხრივ ეხმარებოდა, ხოლო ეს მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიზანტიურ ჯარს. საბოლოოდ, ბიზანტიამ დაადგინა საზღვარი საქართველოსთან კონსტანტინე პორფიროგენეტის ეპოქაში (X ს-ის შუა წლებში). ის გადიოდა მდ. არაქსზე. იმპერატორი თვითონვე წერს – „საზღვრად ბასიანის (ფასიანის) მხარეში დადგენილია მდინარე არაქსი ანუ ფასისი; იბერიელების სამფლობელოდ რჩება მარცხენა (ჩრდილოეთი) ნაწილი, რომელიც აკრავს იბერიას, ხოლო მარჯვენა ნაწილი (სამხრეთი), რომელიც აკრავს თეოდოსიოპოლისს, თავისი ციხეებითა და სოფლებით უერთდება ჩვენს საბრძანებელს (ბიზანტიას). ასე რომ, მდინარე დადგენილია საზღვრად ამ ორ სამფლობელოს შორის“ (იქვე, გვ. 66). მაგრამ ქართული მხარე ამით არ დაკმაყოფილდა და ეძებდა საშუალებას, რათა ვანის ტბის მიმდებარე ქვეყნებიც გაეთავისუფლებინა. ეს მიმართულება საოცნებო და სანეტარო იყო ქართველებისათვის, რადგანაც იქაურ მკვიდრ მოსახლეობას გაუმძაფრდა ეროვნული თვითშემეცნება, მათ უკვე ეძლეოდათ საშუალება დაუფარავად განეცხადებინათ, რომ ეთნიკურად და ეროვნულად ქართველები იყვნენ. ამიტომაც ქართულ ლაშქარსა და ქართულ სახელმწიფოს აქ ყველა გზა ეხსნებოდა მკვიდრი მოსახლეობის მხარდაჭერის გამო. ბიზანტიამაც გადაწყვიტა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს მხარეები გადაეცა საქართველოსათვის. კერძოდ კი, გადასცა დავით დიდ კურაპალატს – ქართველთა მეფეს. „სახელდობრ, საქართველოს X ს-ის ბოლოს შემოუერთდა შემდეგი პროვინციები: 1. თვით თეოდოსიოპოლი ანუ კარინი (თანამედროვე არზრუმი) თავისი თემით, რომელიც დასავლეთ ევფრატის ხეობაში მდებარეობს; 2. ციხე ხალტოი-არიჭი და მასთან მდებარე კლისურა ამავე დასავლეთ ევფრატის ხეობაში; 3. ჩორმაირის თემი – მდინარე ჭოროხის სათავეებთან; 4. სამხრეთ ბასიანის თემი მდინარე არაქსის ხეობაში; 5. ციხე სევუკი თავისი თემით (მარდალიის კანტონი) მდინარე არაქსის სათავეებთან; 6. ჰარქისა და 7. აპაჰუნის პროვნციები აღმოსავლეთ ევფრატის (არაწანის) ხეობაში (იხ. ასოღიკი, 1883, გვ. 192)“.
978-990 წლებში, ჩანს, იმის გამო, რომ ვალაშკერტისა და ბაგრევანდის ვინაობაგამოღვიძებულმა ქართველობამ მიიპატიჟა, საქართველომ შემოიერთა აღმოსავლეთ ევფრატის ხეობის მიწები.
990 წელს ამავე ხეობაში ქართველებმა აიღეს ქალაქი მანასკერტი და აქედან მუსლიმანები განდევნეს, ქალაქი არა მარტო სომხებით, არამედ, ადგილობრივი ქართველებითაც დაუსახლებიათ. ტაოდან, კლარჯეთიდან და, მით უმეტეს, შიდა ქართლიდან ისეთ დაშორებულ ვანის ტბასთან მდებარე ქალაქში ქართველებს ვერ ჩამოასახლებდენენ, ამიტომაც ასოღიკის ცნობა, რომ ქართველთა სამეფომ ქალაქი მანასკერტი ქართველებით დაასახლა, უნდა მიანიშნებდეს მიმდებარე პროვინციებში მკვიდრი ქართველი მოსახლეობის შესახებ, თუმცა იქვე, ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსოს არსებობა ამ ფაქტს ადასტურებს, მით უმეტეს, რომ ეს საეპისკოპოსო მრავალი საუკუნე არსებობდა, რაც მიუთითებს, რომ მისი მრევლი მახლობელ ქალაქებსა და სოფლებშიც ცხოვრობდა.
„X ს-ის 90-იან წლებში ქართველთა სამეფოს საზღვრებმა ვანის ტბამდე მიაღწია. 997 წელს ქართველებმა ალყა შემოარტყეს ვანის ტბის ნაპირას მდებარე მნიშვნელოვან ქალაქ ხლათს, 998 წელს ქართველებმა უკუაქციეს მუსლიმანთა დიდი კოალიცია და ქართველთა სამეფოს საზღვარი მიიტანეს ქალაქ არჭეშის სანახებამდე (ვანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირომდე) (იქვე, გვ. 68).
ქართულმა ჯარმა X ს-ში გმირულად გაათავისუფლა დამპყრობლებისაგან ეროვნული ტერიტორიები ვანის ტბამდე, მაგრამ ეს მოუთმენელი აღმოჩნდა ბიზანტიისათვის. მალე, მეფე გიორგი I-ის დროს, მან არაბებისაგან გათავისუფლებული აღნიშნული მიწა-წყალი საქართველოს ჩამოართვა და თავის იმპერიაში შეიყვანა, რამაც ასახვა ჰპოვა საეკლესიო იურისდიქციაშიც, კერძოდ, როგორც აღინიშნა, ამ მიწა-წყალზე დაარსებული იქნა კონსტანტინოპოლის ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს კათედრები (ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე). კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რომ აღიარა ამ მიწა-წყლის მრევლის ეთნიკური ქართველობა, იქიდან ჩანს, რომ მან ამ ეპარქიას უწოდა „ლაზიკა“, ანუ „ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ლაზიკაში“.
საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ სახელწოდება „ლაზიკა“ მიუთითებს აღნიშნული რეგიონის მრევლის ქართველობის შესახებ.
ორი იურისდიქცია ვანის ტბამდე
ბერძნული წყაროების თანახმად, VI ს-ის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველო იყო სპარსეთის ხელში. ჩვენს მიერ გარკვეულია, რომ სპარსეთის მეფე ხოსროს დასავლეთ საქართველოში არ ულაშქრია. ის პეტრას მიადგა არა ლიხის ქედის მხრიდან, არამედ არტაანი-არტანუჯის გზით, თეოდოსიოპოლის-დვინის მხრიდან. იგი მიადგა არსიანის ქედს, რომელიც გადალახა არტანუჯის გზით და შემდგომ ჭოროხის გაყოლებით მიადგა პეტრას. ეს გზა უმოკლესია იმ მიმართულებით, სადაც იდგა პეტრას ომის წინ სპარსეთის ლაშქარი. (იდგა ქ. დვინთან).
ჯარისთვის არა მხოლოდ უსარგებლო იქნებოდა შორი ლიხის ქედის და მთელი დასავლეთ საქართველოს გავლით შესულიყო პეტრაში, არამედ არარაციონალურიც. ამას ვერც აიტანდა სპარსული ლაშქარი, თუნდაც დასავლეთ საქართველოს ჭაობების ციებ-ცხელების გამო. ცნობილია, რომ ქვეყანა პეტრასთან, რომელიც სპარსულმა ლაშქარმა გაიარა, ლაზიკად იწოდებოდა. პროკოფი კესარიელის დაბეჯითებული ცნობებით, ეს იყო კლდოვანი მხარე, როგორიცაა, მართლაც, არტაან-არტანუჯ-ჭოროხის ის მხარეები, სადაც გაიარა, ჩვენი აზრით, ხოსრომ და სწორედ ეს მხარე იწოდებოდა ლაზიკად სამხრეთით მიმდებარე (ხუფათ რიზე) მხარესთან ერთად. ნ. ადონცისა და პ. ინგოროყვას კვლევითაც, აღნიშნული მხარე (ე.ი. კლარჯეთი და ე.წ. „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“) ლაზიკას ეკუთვნოდა.
V ს-ში ვახტანგ გორგასალმა აღნიშნული არტანუჯ-არტაანის გზით ისარგებლა, X ს-ში კი არტანუჯი ამ გზის წყალობით, რომელიც შავიზღვისპირეთს აერთებდა არმენიასთან და იბერიასთან – კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, დიდ ქალაქად იქცა. ვახტანგ გორგასალის დროს საზღვარი ბიზანტიასა და საქართველოს შორის, ხუფათზე იდო (ხოფთან), რადგანაც „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“ საქართველოში შემოდიოდა. საქართველოს მეორე ჩრდილოეთის საზღვარი კი იდო მდინარე კლისურაზე (ცხუმთან). VI ს-ში, როცა სპარსეთმა იბერია დაიპყრო, მთელი იბერია მის ხელში აღმოჩნდა აღნიშნულ საზღვრებამდე. იუსტინიანეს მეფობის დასაწყისში ბიზანტიის საზღვარი, ნ. ადონცის ცნობით, გადიოდა რიზეს ახლოს. იუსტინიანეს დასჭირდა ომი და ძალისხმევა, რათა ბიზანტიის საზღვარი გადაეტანა ჭოროხის შესართავამდე, სადაც მან პეტრას ციხე ააგო.
ყოველივე აღნიშნული გვესაჭიროება ლაზიკის ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის. იქამდე, ანუ იუსტინიანეს მეფობის დასაწყისში, როცა იმპერიის საზღვარი რიზე იყო, ლაზიკა ერქვა ტერიტორიას ტრაპეზუნტის მაღლა – ზიგანადან რიზემდე. ეს იყო ძველი ლაზიკა. მაგრამ იუსტინიანეს დროს გაჩნდა ახალი ლაზიკა. ეს იყო რიზედან ჭოროხამდე მოქცეული ახლადდაპყრობილი ტერიტორია კლარჯეთის ჩათვლით. ერთი სიტყვით, ლაზიკა დაერქვა ახალ მიწებსაც პეტრას ციხის სამხრეთით. ეს ჩანს იუსტინიანეს ნოველიდანაც, სადაც ის ლაზიკისა და ჭანეთის შესახებ ამბობს. სწორი იყო ნ. ადონცი, რომ „ლაზიკეში“ ფაზისის მიტროპოლიტის საეპისკოპოსოები – როდოპოლისის, საისინისა, პეტრასი და ზიგანასი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპეზუნტის მთიანეთში, ცნობილ ქალაქ ზიგანას რეგიონში. ამ ქვეყანას ერქვა კიდეც იმჟამად ლაზიკა, ე.ი. მხარეს ზიგანას ჩათვლით რიზეს გასწვრივ. ხოლო მას შემდეგ, რაც იუსტინიანემ რიზეს ჩრდილოეთი ვიდრე ჭოროხამდე მიუერთა თავის იმპერიას – ამ ახალ მიწებსაც „ლაზიკის“ სახელი მიეკუთვნა (ეს მიტაცება მიწისა სპარსეთმა თავის წინააღმდეგ მიმართულ საქმედ მიიჩნია, რადგანაც იბერიის პოლიტიკური მემკვიდრეობა დასაკუთრებული ჰქონდა. იბერიის საზღვარი კი ბიზანტიასთან, როგორც აღინიშნა, ხუფათთან (ხოფთან) გადიოდა. მისი გადალახვა სპარსეთის საწინააღმდეგო ქმედება იყო. არაბების შემოსევის შემდეგ ბიზანტიამ დაკარგა ტერიტორიები ე.წ. „მაღალ არმენიასა“ და, საერთოდ, „დიდ არმენიაში“. დასავლეთ არმენიაში გაერთიანებული იყო ძველი ქართული მიწები. არაბებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ვრცელი მიწა-წყალი ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე, ეკლესიური თვალსაზრისით „ლაზიკად“ იწოდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მიტროპოლიტი „ტრაპეზუნტისა ლაზიკაში“ თავისი კათედრებით ამ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განფენილი (ტრაპეზუნტიდან თითქმის ვანის ტბამდე). მაშასადამე, ეკლესიური თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი ლაზიკას უწოდებდა ვრცელ ტერიტორიას ჭოროხის შესართავიდან ტრაპეზუნტამდე და ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე. ამ ერთგვარი რკალის შიგნით მოქცეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საეპისკოპოსოები. მაშასადამე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჭოროხის შესართავიდან ტრაპეზუნტამდე და ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე, ხორციელდებოდა ორი მართლმადიდებლური იურისდიქცია – კონსტანტინოპოლისა და მცხეთისა, ანტიოქიასაც, როგორც მიიჩნევა, აქ რამდენიმე ეკლესია ეკუთვნოდა.
ლაზიკა – ე.წ „სომხეთში“
პ. ინგოროყვასა და მ. ჩხარტიშვილს განხილული აქვთ ის არეალი, სადაც იქადაგეს წმიდა გრიგოლ განმანათლებელმა და წმიდა ნინომ.
კერძოდ, გრიგოლის ცხოვრებაში მოხაზულია არეალი, სადაც იქადაგა წმიდა გრიგოლმა ტაოდან – კასპიის კარამდე, ასევე, მოვსეს ხორენაცის მიერ მოხაზულია წმიდა ნინოს ქადაგების არეალი – კლარჯეთიდან მასქუთებამდე, ანუ კასპიის კარამდე.
ეს ორი არეალი ერთმანეთს არ კვეთს, თუმცა ერთმანეთს უშუალოდ ემიჯნებიან. კერძოდ, განსაზღვრულია წმიდა ნინოს სამწყსო. ესაა კლარჯეთის ჩრდილოეთით, უფრო ზუსტად, იმ ხაზის ჩრდილოეთით მოქცეული მხარე, რომელიც იქმნება კლარჯეთისა და მასქუთეთის შეერთებით, მის სამხრეთით მდებარე არეალი, ანუ ტაოდან იგივე მასქუთეთამდე, ანუ კასპიის კარამდე – გრიგოლის არეალია.
ასე რომ, განსაზღვრული იყო სამწყსო ქართული ეკლესიისა -კლარჯეთიდან ვიდრე მასქუთებამდე.
ამჟამად, ჩვენთვის საინტერესოა, რომ კლარჯეთის ჩრდილოეთით მდებარე მხარე, დასავლეთ საქართველო, ვისი მოქმედების არეალშია, წმიდა ნინოსი თუ წმიდა გრიგოლისა. ამ სქემის მიხედვით დასავლეთ საქართველო არ შეიძლება იყოს წმიდა გრიგოლის მოქმედების არეალში, რადგან ის მდებარეობს კლარჯეთის ჩრდილოეთით (ჩრდილო-დასავლეთით), ე.ი. ის წმიდა ნინოს არეალია.
ცნობილია, რომ წმიდა გრიგოლის ცხოვრების მიხედვით – წმიდა გრიგოლმა ლაზეთში გააგზავნა თავისი ესპიკოპოსი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ლაზეთი არის არა დასავლეთ საქართველო, არამედ კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მხარე, ანუ ჭანიკა-ტრაპეზუნტის რეგიონი, მართლაც, სომხური წყაროების ეგრის ქვეყანა მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ მოიცავდა ტრაპეზუნტის მხარეებს.
იმავე წყაროებით ეგრი, ჭანივი, მანრილი და ლაზივი – თეოდოსიოპოლის-ტრაპეზუნტს შუა მდებარეობდა და არა დასავლეთ საქართველოში.
არაბებისა და სომხური საეკლესიო უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ, ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე განივრცო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი ლაზიკის სამიტროპოლიტო, რომლის მრევლი იყვნენ ეთნიკური ქართველები, რომელთაც ამჟამად, არასწორად ე.წ. სომეხ-ქალკედონიტებს უწოდებენ
შესაბამისად, ლაზიკის საეპისკოპოსოები იყო არა სომეხი ქალკედონიტებისა, როგორც ამჟამად მიიჩნევს „ПЭ“, არამედ ეთნიკური ქართველებისა.
11.11.08.

არქეოპოლისის ლოკალიზაციისათვის
ნოქალაქევის არქეოლოგია
პროკოფი კესარიელის თქმით, არქეოპოლისი იყო “მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაში” (პროკოფი, გეორგიკა II, 1965, გვ. 182). ამასთანავე, “ძალიან გამაგრებული” (იქვე, გვ. 101). მდებარეობდა ფაზისის მარჯვენა სანაპიროს ქვეყანაში, “მეტად ქუშ სერზე და მას ჩამოუდის მდინარე, ქალაქის ზემოთ აღმართული მთებიდან” (იქვე, გვ. 188), ერთი დღის სავალი გზით იგი დაშორებულია მოხირისიდან. XIX-XX სს. მკვლევართა უმეტესობის აზრით, არქეოპოლისი იყო ამჟამინდელი პუნქტი ნოქალაქევი, სენაკთან (ყოფილ ცხაკაიას რაიონში). საბჭოთა ეპოქაში ნოქალაქევს უკვე უწოდებდნენ “ლაზიკის ანუ მთელი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქს”.
არის თუ არა არქეოპოლისი იგივე ნოქალაქევი ყველაზე მეტად უნდა გაარკვიოს არქეოლოგიურმა შესწავლამ.
მართლაც, ნოქალაქევში პირველი გათხრები ჩატარდა 1930-31 წლებში.
1973 წელს დაიწყო ე.წ. “სტაციონარული გათხრები”.
1987 წელს შეჯამდა 10 წლის გათხრების შედეგები.
ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა კრებული “ნოქალაქევი – არქეოპოლისი” (თბ., 1987) მიძღვნილი “ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს (დასავლეთ საქართველო) დედაქალაქის ციხე-გოჯი – ნოქალაქევი – არქეოპოლისის შესწავლისადმი” (იხ. აღნიშნული წიგნის ანოტაცია).
ნოქალაქევის არქეოლოგიურმა შესწავლა, შეიძლება ითქვას, დიდ საგონებელში ჩააგდო პატიოსანი მკვლევარი არქეოლოგები.
აღმოჩენილმა ძალზე მწირმა მასალამ მართლაც გააოგნა ჯერ კიდევ პირველი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი 1930-31 წლისა, ცნობილი არქეოლოგი ლ. მუსხელიშვილი.
ის წერდა: “ნოქალაქევის საკითხი ლამის ისეთივე ბნელითაა მოცული დღესაც, როგორც გათხრების დაწყებამდე… საერთოდ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მოსახლეობის კვალი ამ ძველს ქალაქში ან მთლად წარხოცილა დროთა განმავლობაში, ან არაა და სულაც არაფერი კვალი არ ყოფილა. ეს მეტად საკვირველი მოვლენაა. სხვა არა იყოს რა, მეექვსე საუკუნის ნაშთები მაინც მრავლად უნდა აღმოჩენილიყო – ჩვენ კი შედარებით მცირეოდენი თიხის ნატეხების გარდა არა გვიპოვია რა. პროკოფი არქეოპოლისს მრავლადდასახლებულს და კოლხეთის უდიდეს და უპირველეს ქალაქს უწოდებს. პროკოფის კი უნდა სცოდნოდა რა არის ქალაქი. ქალაქი ხის სახლებით იყო გაშენებული, ხე დალპა, რაც გასაკვირი არ არის სამეგრელოს ნესტიანი ჰავისათვის, მაგრამ, ნუთუ, იმდროინდელ მოსახლეობას, გარდა ქოთნებისა, სხვა რამ ნივთები არა ჰქონია, სამკაული, იარაღი, ლითონის ჭურჭელი და სხვა? – სად დაიკარგა ყველა ეს? ამ კითხვას პასუხის გაცემა უნდა” (ნოქალაქევი-არქეპოლისი, 1987, გვ. 304).
ლ. მუსხელიშვილი წერს: ფაზისზე გემები სარაპანამდე დადიოდა, გემებს კი ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა, ამასთანავე ფაზისზე სტრაბონის მოწმობით 120 ხიდი ყოფილა გაშენებული,ამასთანავე “მდინარეს სისტემატურად სწმინდავდნენ, ამიტომ პირველ საუკუნეშივე “კოლხეთს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონია უცხოეთთან”, IV ს-ში თემისტე კოლხეთს “ელინური კულტურისა და მუზათა სადგურს უწოდებდა”, ხოლო VI ს-ში პროკოფისა და აგათიას ცნობებით “კოლხეთი მდიდარი, დაწინაურებული, მჭიდროდ დასახლებული და დაბა-ქალაქებით სავსე ქვეყანა” იყო, ამიტომაც ეს “ელინური კულტურის” სიმდიდრის, გაცხოველებული აღებ–მიცემობის კვალი უთუოდ უნდა აღმოეჩინათ არქეოლოგებს “არქეოპოლისში”, მაგრამ არა არქეოლოგიამ სულ სხვა სურათი აჩვენა, – ნოქალაქევის მოსახლეობას “მწირი კერამიკის გარდა არა მოეპოვებოდა რა” (იქვე, გვ. 304).
ამ ფაქტმა, როგორც ითქვა, გააოგნა პატიოსანი მკვლევარ-არქეოლოგი ლ. მუსხელიშვილი. აქედან გამომდინარე, მას რომ დასცლოდა, ალბათ, მივიდოდა დასკვნამდე, რომ არქეოპოლისი ეძია სხვა რეგიონში.
[ჩვენი აზრით, არქეოპოლისი ჭოროხის ანუ ფაზისის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა, ალბათ, სადღაც თანამედროვე ბათუმისა და ციხისძირის მახლობლად, მაგალითად, ქობულეთთან, ფიჭვნარში ბოლო წლებში აღმოჩნდა უმდიდრესი არტეფაქტები].
ლ. მუსხელიშვილის ექსპედიციას, უცხოელი მეცნიერის ა. შნაიდერის ხელმძღვანელობით არ დაუკლია ცდა, როგორმე ნოქალაქევში აღმოეჩინათ საქალაქო ცხოვრების შესაბამისი მონაპოვარი, მაგალითად, წერს, რომ ექსპედიციამ “ზღუდის შიგნით, ვაკეზე, მთის ფერდობზე და ზევით აკროპოლისში, 40-მდე საცდელი ორმო გავთხარეთ, ზოგიერთი საკმაოდ ღრმად (2-3 მეტრამდი), მაგრამ ყველა უშედეგოდ” (იქვე, გვ. 304). ე.ი. ამ ორმოებში საქალაქო ცხოვრების შესაბამისი კულტურული ფენა არ აღმოჩნდა.
ექსპედიციას ამ კრახის შემდეგ იმედი დაესახა, რომ ზღუდის გარეთ ეძებნათ ძველი ქალაქის ნაშთები. “თვითეულ ეზოს ზღუდის გარეთ თავისი ჭა აქვს. ზოგან სიღრმით 3 საჟენამდე. და, ადგილობრივთა თქმით, არასოდეს არაფერი აღმოჩენილა” (იქვე, გვ. 304).
ექსპედიციის დასკვნა ასეთი იყო – “ქალაქი ვერ ვნახეთ”.
მათ იმედი ჰქონდათ, რომ გააგრძელებდნენ კვლევას და რაიმეს იპოვნიდნენ ნოქალაქევის დედაქალაქობის დასადგენად.
საბოლოოდ იმჟამად 1930-31 წლის ექსპედიციამ დაასკვნა – “არსად არ აღმოჩნდა ძველი სასაფლაო და არც ძველი სამოსახლოს ფენები. ამიტომ ექსპედიციის ხელმძღვანელს შნაიდერს საერთოდ შეეპარა ეჭვი, რომ ნოქალაქევი იყო ცნობილი არქეოპოლისი.
დასკვნაში “ნოქალაქევის გათხრების შედეგები დოქტორ შნაიდერისა 1929-1930 წლები” კერძოდ, ნათქვამია – “ძველი გეოგრაფების ცნობებით ქალაქები იხსენიება მხოლოდ ზღვისპირას და ფაზისის გასწვრივ. ამ ქალაქთაგან უკვე პლინიუსის დროს (I საუკუნე) უმრავლესობა აღარ არსებობდა, აქედან ცხადია: საკუთრივ შიდა – ქვეყანა ბერძენ–რომაელთათვის უცნობი იყო და არც მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მაინც და მაინც ძველი ქალაქის ძებნა ნოქალაქევში ამაო იქნება” (იქვე, გვ. 297).
ნოქალაქევის პატიოსანი მკვლევარ-არქეოლოგის, დოქტორ შნაიდერის, ეს განცხადება ძალზე მნიშვნელოვანია.
დასავლეთ საქართველოს “შიდა ქვეყანა ბერძენ-რომაელთათვის უცნობი იყო და არც მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა”. ეს დასკვნა მთლიანად ეთანადება “ქართლის ცხოვრებისა” და “მოქცევაი ქართლისაის” დაბეჯითებულ ცნობებს, რომ მეფე ფარნავაზის დროიდან დასავლეთ საქართველო მდინარე ეგრისწყლამდე იმყოფებოდა არა ბერძენ-რომაულ, არამედ ქართლის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომ არა მხოლოდ ქუჯის დროს, არამედ უწყვეტად, შემდეგ მეფე ადერკამდე (I ს.) და მეფე მირიანამდე (IV ს.) ეგრისი ქართლის სამეფოს ნაწილი იყო.
შნაიდერისა და ქართული წყაროების დასკვნები თანმხვედრია და მთლიანად განსხვავდება XX ს. საბჭოთა ისტორიკოსების დასკვნებისაგან.
ნოქალაქევის გათხრები გაგრძელდა, როგორც ითქვა XX ს. 70-იან წლებში. ასე ვთქვათ, აქ იმუშავა არქეოლოგთა ორმა ჯგუფმა: პირველს შეიძლება ვუწოდოთ მკვლევარ-არქეოლოგები, ანუ ისინი, რომელნიც იმას აღწერენ, რასაც ფაქტობრივად პოულობენ, და მეორე, ასე ვთქვათ, ე.წ. “ქართიზაციის თეორიის” მომხრე – იდეოლოგ–არქეოლოგები, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არარსებულს – რეალურ ფაქტებად აცნობენ საზოგადოებას.
70-იანი წლების მკვლევარ-არქეოლოგები, მსგავსად ლ. მუსხელიშვილისა და დოქტორ შნაიდერის,ა ნოქალაქევის არქეოლოგიური კვლევის შედეგად მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ ნოქალაქევში ძალზე მწირია კულტურული ფენა, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ადგილს მიუთითებენ “ნოქალაქევის კულტურული ფენა განსაკუთრებით ღარიბია” (ნოქალაქევი-არქეპოლისი, 1987, გვ. 29), “მნიშვნელოვნად ღარიბია” (იქვე, გვ. 28), ანდა “ძალზე ღარიბია” (იქვე, გვ. 28) და სხვა. აღმოჩენილი მასალების მიხედვით ნოქალაქევი მცირედ იყო დასახლებული (იქვე, გვ. 30), “სამარხები მცირეა IV-VII საუკუნეებისა” (გვ. 30) და სხვა.
მაშასადამე, ნოქალაქევის 1970-80 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა:
- ნოქალაქევი და მისი მიდამოები იყო მცირედ დასახლებული (ნოქალაქევი-არქეოპოლისი, გვ. 30);
- აქ IV-VII სს. სამარხები მცირეა – (იქვე, გვ. 30);
- აქ კულტურული ფენა ღარიბია – (იქვე, გვ. 30);
- არქეოლოგიური მონაპოვარი უჩვენებს, რომ ქალაქს არ ჰქონდა საკუთარი ეკონომიკა – (იქვე, გვ. 31, 30);
- “გრანდიოზული თავდაცვითი ნაგებობები” არ შეესაბამება ქალაქის ცხოვრების ინტენსივობას”, ე.ი. იყო არა ქალაქი (მით უმეტეს, დედაქალაქი), არამედ ციხე-სიმაგრე, რომელშიც ხანდახან ერისთავ-დიდებულები ცხოვრობდნენ და აქ სასახლეები ჰქონდათ, როგორც ეს მიღებული წესი იყო შუა საუკუნეებში) – (იქვე, გვ. 27);
- ნოქალაქევიდან ადრეფეოდალური ხანის საიუველირო ნაწარმი პრაქტიკულად ძალზე ცოტაა, დედაქალაქში მეტი უნდა ყოფილიყო (იქვე, გვ. 27);
- აკროპოლისის (ქვედა ქალაქის) ცენტრალურ ნაწილში არქეოლოგიური მასალა (მონაპოვარი) “თითქმის სულ არაა” (იქვე, გვ. 29);
- “უსახური და უფორმო ფრაგმენტები” არქეოლოგიურ მასალისა აღმოჩნდა სამხრეთ გალავანთან (იქვე,გვ. 29). ესაა კერამიკული ჭურჭლის (დოქების) ნატეხები! – (იქვე, გვ. 30).
ამ დასკვნისათვის პატიოსან არქეოლოგებს ნ. ლომოური სასტიკად აკრიტიკებს, ფაქტების მიუხედავად ნ. ლომოურმა დაასკვნ,ა რომ ნოქალაქევი იყო არქეოპოლისი და ეს აზრი დანერგა მეცნიერებაში.
ნ. ლომოური იძულებული გახდა, დაეწყო კრიტიკა პირველხარისხოვანი წყაროებისა და მათი ავტორებისა, კერძოდ, ნ. ლომოური აკრიტიკებს პროკოფი კესარიელს!
ნ. ლომოური პროკოფის მიიჩნევს “არასანდო” ავტორად, წერს – “ყოველთვის როდი შეიძლება მისი ნდობა” (ნოქალაქევი-არქეოპოლისი, 1987, გვ. 30), ამასთანავე წერს, “ცნობილია, რომ პროკოფის ლაზიკის დახასიათებისას ხშირად მოსდის უზუსტობანი” (იქვე,გვ. 31). ასევე წერს – “სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ლაზიკი, ე. ი. დასავლეთ საქართველოს პროკოფისმიერი დახასიათება არ შეეფერება რეალურ სინამდვილეს. პროკოფის მთელ ლაზეთზე გავრცელებულია ის ცნობა, რომელიც მას ერთ-ერთი ჩამორჩენილი კუთხის შესახებ ჰქონდა” (გვ. 31), აქ იგულისხმება პროკოფის ცნობა – “ლაზიკაში არსად არის მარილი, არც ხორბლეული მოდის, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე” (პროკოფი, ომი სპარსელებთან, II, 28).
ჩემი აზრით კი, პროკოფის ცნობები საოცრად ზუსტი აღმოჩნდება, თუ მის ლაზიკას ჭოროხის ხეობაში მოვათავსებთ.
ნ. ლომოურს არ მოსწონს პროკოფის ცნობა, ამიტომ აკრიტიკებს და წერს – ნოქალაქევი “მჭიდროდასახლებული უნდა ყოფილიყო, ამას მოწმობს აქ ორი აბანოს, სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა და მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალის – საოჯახო და სამზარეულო ჭურჭლის აღმოჩენა”. (გვ. 31). თუმცა ნოქალაქევის (ე.წ. დედაქალაქის) არქეოლოგიურ მასალის სიმწირე, კულტურული ფენის სიღარიბე, მონეტების სიმცირე და ფაქტი, რომ ქალაქს არ ჰქონდა საკუთარი ეკონომიკა, მას არაფერს ეუბნება (იქვე, გვ. 31, 32).
საფიქრებელია, რომ აღმოჩენილი “ორი აბანო და ჭურჭელი” ეკუთვნოდა ნოქალაქევში, საკურორტო მოსასვენებელში დროებით 1-2 თვის მანძილზე მაცხოვრებელ სამეგრელოს მთავრებსა და დიდებულებს. უფრო ადრე აქ, ასევე დროებით, უცხოვრიათ ქართლის მეფე-ერისთავებსაც, მათაც, ცხადია, აბანოები და ჭურჭელი ესაჭიროებოდათ.
XX ს. ქართულმა ისტორიოგრაფიამ დასავლეთ საქართველოს ისტორიის ორი განსხვავებული თეორია ჩამოაყალიბა:
პირველის მიხედვით, შავი ზღვისპირეთი და დასავლეთ საქართველო თავდაპირველად დასახლებული იყო აფხაზურ-ადიღეური ტომებით, რომელთაც აქ შემდგომ “აფხაზთა სამეფო” ჩამოაყალიბეს VIII ს-ში, შემდეგ კი მცხეთის ეკლესიამ დაიწყო ამ მხარის “ქართიზაციის” პროცესი, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში, თითქოსდა, X ს-დან გავრცელდა ქართული ენა და კულტურა, აფხაზთა სამეფო კი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ეს თეორია მიიჩნეოდა უეჭველ ჭეშმარიტებად, ამიტომაც ის ასახულია როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე საენციკლოპედიო ცნობარებში. ამ თეორიას ეჭვის თვალით შეხედეს აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობის დაწყების შემდეგ, XX ს. 70-80-იანი წლებიდან.
ამის შემდეგ უკვე ოფიციალურ თეორიად გადაიქცა თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების “ლაზიკის სამეფო” მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს და მისი დედაქალაქი იყო არქეოპოლისი, რომელიც, თითქოსდა, ნოქალაქევის ძველი სახელი ყოფილა. დაიწყო ნოქალაქევის თხრა, გამოქვეყნდა ამ თეორიის შესაბამისი არქეოლოგიური დასკვნები. ნ. ლომოურის გავლენით ლაზიკის სამეფოს უწოდეს ეგრისის სამეფო, მაშინ, როცა პროკოფის, აგათია სქოლასტიკოსისა და სხვა ბიზანტიელი ავტორების ლაზთა სამეფო მდებარეობდა ჭოროხის ხეობაში, სუფსადან ხუფატამდე (ხოფამდე, ანუ პეტრას ციხესიმაგრემდე. აღნიშნული ბიზანტიელი ავტორების შესაბამისი ნაშრომები განხილულია ამ წიგნის 1-ელ ტომში), ხოლო ქართული წყაროების ეგრისის საერითავო სულ სხვა მხარეს მდებარეობდა, ცხენისწყლიდან ვიდრე ეგრისწყლამდე, ხოლო მე-5 ს. შემდეგ ვიდრე კლისურამდე.
ქარტიზაციის თეორიის მიხედვით დასავლეთ საქართველოშივე მდებარეობდა ფასისის სამიტროპოლიტოს საეპისკოპოსოები: როდოპოლისისა (როგორც ითქვა,მიიჩნევა, რომ ეს სახელი ვარციხეს ერქვა), საისინისა (ცაიშად მიიჩნევა), ზიგანასა (მას რატომღაც “ზიგინევისას” უწოდებენ და მის ადგილსამყოფელად გუდაყვას მიიჩნევენ აფხაზეთში) და პეტრასი (ციხისძირად მიიჩნევა).
სინამდვილეში, აღნიშნული საეპისკოპოსოები კონსტანტინოპოლისა მდებარეობდა ტრაპეზუნტის რეგიონში ანუ ჭანიკა-ლაზიკაში, გუმუშხანედან (სადაც მდებარეობდა ზიგანას კათედრა), ვიდრე ამჟამინდელ სუმელას მონასტრამდე (სადაც იყო როდოპოლისის კათედრა), პეტრას კათედრა იყო არა ზღვისპირა პეტრაში(ხუფათში), არამედ მაღალ მთიან-კლდოვან ქვეყანაში – ბაიბურდთან. ფაზისის საეკლესიო ცენტრი – პოლემენიონი უნდა ყოფილიყო დღევანდელი ფატსა, ტარაპეზუნტთან ახლოს, ამიტომაც ეწოდება ტრულის კრებაზე ტრაპეზუნტელ ეპისკოპოსს ფაზისელი, ხელმოწერის მიხედვით.
ქართიზაციის თეორიის მიხედვით, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები გაუქმდა “ქართიზაციის” პროცესის შედეგად.
ისმის კითხვა, თუკი სამიტროპოლიტო ცენტრი იყო ფაზისი (თითქოსდა, ფოთი), რატომ მდებარეობდა ამ რეგიონის დედაქალაქი არქეოპოლისში? საქმე ისაა, რომ სიტყვა “მეტროპოლისი” აღნიშნავს “დედაქალაქს”, ხოლო საეკლესიო კანონების მიხედვით, “სამიტროპოლიტო ოლქის” მეთაური მეტროპოლისში ანუ დედაქალაქში უნდა მჯდარიყო. ასე რომ, თუ ფოთი იყო ფაზისის სამიტროპოლიტოს ცენტრი, მაშინ პოლიტიკური დედაქალაქიც ფოთი უნდა ყოფილიყო და არა არქეოპოლისი. მაგრამ პროკოფი კესარიელის ცნობით, ლაზიკის დედაქალაქი არქეოპოლისი იყო. თუ ეს ასეა, მაშინ ფაზისის მეტროპოლიის ცენტრი სხვაგან უნდა ვეძიოთ.
როდის აშენდა ნოქალაქევი? თუ ის ციხე-გოჯია, ქართლის ცხოვრების მიხედვით, მას საფუძველი დაუდო ქართლის სამეფოს ეგრისის საერისთვოს მეთაურმა ქუჯიმ.
ნოქალაქევი მეორედ აშენდა დასავლეთ საქართველოდან არაბების განდევნის შემდეგ – აფხაზეთში გადასულმა ქართლის მეფე მირმა ბრძანა:
“უწყიეს შენებად ადგილთა ჩვენთა კლისურითგან აღმართ,წარვალ და დავეშენები ციხე–გოჯისა და ქუთათისს”(ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 242).
ე.ი. ნოქალაქევი მეორედ აშენდა VIII საუკუნეში (ისევე, როგორც ქუთაისი), არაბთა თავდასხმების II ტალღის შესაჩერებლად.
ამ დროს ნოქალაქევში კარგი ციხე-ციტადელი აშენებულა, იმდენად, რომ ქართლის მეფის ერთ–ერთი გვირგვინი აქ დაიდო შესანახად, მეორე კი ქუთაისში – ამ წყაროს მიხედვით, ანუ ციხ-გოჯი ქუთაისთან ერთად ქართლის სამეფოს ცენტრად იქცა არაბების მიერ თბილისის საამიროს დაარსების შემდეგ.
შემდგომ საუკუნეებში ნოქალაქევი ანუ ციხე-გოჯი იყო საზაფხულო რეზიდენცია ეგრისის ერისთავებისა და სამეგრელოს მთავრებისა.
ასე რომ, ნოქალაქევს ნაკლები შეხება ჰქონდა ბიზანტიურ სამყაროსთან, ამიტომ ვერც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა აქ შესაბამისი რაოდენობის ბიზანტური მონეტები, აღმოჩნდა სულ რამდენიმე (ექვსი მონეტა, მათგან მხოლოდ ორია სახელწარწერილი). ნოქალაქევი რომ ყოფილიყო ლაზიკის დედაქალაქი არქეოპოლისი, აქ მონეტების სიუხვე უნდა ყოფილიყო, ვითარცა სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრში.
არქეოლოგების, ვ. ლექვინაძისა და ლ. ხვედელიძის თვალსაზრისით, ფაქტი იმისა, რომ ნოქალაქევში მონეტები “ძალზე მცირე რაოდენობისა აღმოჩნდა, და ასევე ფაქტი იმისა, რომ ვარდციხეში მონეტები ჯერჯერობით საერთოდ არაა მიკვლეული, მეტყველებს იმის შესახებ, რომ “ლაზიკაში ფულადი მიმოქცევა სუსტად იყო განვითარებული” (ნოქალაქევი-არქეოპოლისი, 1987, გვ. 32).
ჩემი აზრით, რადგანაც პროკოფის ეპოქაში ლაზიკა ერქვა ძირითადად ჭოროხის ხეობასა და ერგე-ლიგანს, არქეოლოგებმა აქ უნდა ჩაატარონ შესაბამისი კვლევა, ხოლო ვარციხესა და ნოქალაქევში არქეოლოგიური მასალების (მათ შორის მონეტების არარსებობა და სიმცირე) მიუთითებს, რომ ვარციხე არ იყო როდოპოლისი და ნოქალაქევი არ იყო არქეოპოლისი – ე.ი. ცნობილი ბიზანტიური პუნქტები.
ერთი სიტყვით, ციხე-გოჯში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა არაა საკმარისი მის არქეოპოლისად გამოსაცხადებლად.
ამავე თვალსაზრისისა უნდა იყვნენ არქეოლოგები ვ. ლექვინაძე და ლ. ხვედელიძე, რომელთაც აკრიტიკებს ნ. ლომოური.
არქეოლოგიური მონაპოვრის უკმარისობის მიუხედავად ის (ნ. ლომოური) მტკიცედ დგას თვალსაზრისზე, რომ ნოქალაქევი არის არქეოპოლისი და მას უწოდებს – “ეგრისის ანუ ლაზიკის – მთელი დასავლეთ საქართველოს მომცველი სახელმწიფოს დედაქალაქს”.
მას, ისევე, როგორც მრავალ სხვას, ასევე არ აოცებს თუნდაც ფაქტი იმისა, რომ ვარციხეში (ე.ი. მათი თვალსაზრისით როდოპოლისში) არ აღმოჩნდა ბერძნულ-ბიზანტიური მონეტები, და საერთოდ, ვარციხეში ბიზანტიური მონეტა არ აღმოჩნდა!
პროკოფის ეპოქის წყაროებით, არქეოპოლისში იდგა ბიზანტიური სამხედრო ნაწილი, მრავალი ათასი მხედრისაგან შემდგარი.
როგორც წესი, ყველგან, სამხედრო ნაწილის სადგომ პუნქტში მრავლად მოიპოვება მონეტები, რადგანაც მხედრებს ანაზღაურებას მონეტებით უხდიდნენ.
გარდა ამისა, ყველგან სადაც კი ასეთი ჯარი მუდმივად ბანაკდებოდა, მკვიდრი მოსახლეობა კარგად დაცულობის გამო აწყობდა ბაზრობებს, შენდებოდა შესაბამისი შენობები, აღებ-მიცემობა ყვაოდა, ფული ტრიალებდა, როგორც წესი, არა ერთი და ორი თვით, არამედ წლობით და ზოგჯერ ათეულწლობით და საუკუნეობით, ამის გამო სამხედრო ნაწილების სადგომ პუნქტებში მრავლად პოულობენ მონეტებს. აღნიშნულის გარდა, ასეთი პუნქტები, როგორც წესი, თანდათანობით ქალაქებად იქცეოდა ხოლმე, რასაც ხელს უწყობდა ინტენსიური დაცული ვაჭრობა. თუ ასეთივე ქალაქი იყო როდოპოლისი, თანაც საეპისკოპოსო ცენტრით, თავისი კათედრით. ნუთუ ასეთ ქალაქში მონეტები არ უნდა აღმოჩენილიყო? ნუთუ ეს ფაქტი არ აეჭვებთ მეცნიერთ – ბიზანტიურ სახელმწიფოში ხომ საეპისკოპოსო კათედრებს არა უბრალო ქალაქებში, არამედ მნიშვნელოვან ცენტრალურ ქალაქებში აარსებდნენ! ასეთი იყო საეკლესიო წესი ბიზანტიურ სამყაროში.
მსგავსადვე, შეუძლებელია ლაზიკის “დედაქალაქში” – არქეოპოლისში ასეთი მწირი არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩენილიყო, ჩივილი, რომ კულტურული ფენები წყალმა გადარეცხა, დასტურია მხოლოდ იმისა, რომ ნამდვილად ნოქალაქევში არ აღმოჩნდა შესაბამისი არქეოლოგიური მასალა.
ასევე, ძალზე ნიშნეულია, რომ არ აღმოჩნდა ბერძნული წარწერები ნოქალაქევსა და ვარციხეში, როგორც ამბობენ -– “ბიზანტიის იმპერიაში შემავალი ლაზიკის სამეფოს დედაქალაქსა და ბერძნული საეპისკოპოსო ცენტრში შეუძლებელია, არ აღმოჩენილიყო სათანადო არტეფაქტები და ასეთი სტატუსის მქონე ქალაქებში არ აღმოჩენილიყო ბერძნული წარწერები, თუკი ვინმე იტყვის, რომ დროთა მსვლელობამ ისინი გააქრო, შეიძლება მას შევეკითხოთ, მაშ რატომ აღმოჩნდა ნოქალაქევთან ძალზე ახლოს (ნოჯიხევში) იმავე ეპოქის ქართული წარწერები?
ნ. ლომოურის აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი ბერძნული საეპისკოპოსო კათედრა IV საუკუნიდანვე იდგა ნოქალაქევ-არქეოპოლისში (ნოქალაქევი-არქეოპოლისი,1987, გვ. 40).
ცხადია, მისი ეს განცხადება სრულიად უსაფუძვლოა. ემყარება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ნოქალაქევში აღმოჩნდა ერთი ძველი ეკლესიის ნაშთი, რომელიც მან IV საუკუნით დაათარიღა, შემდეგ კი მიღებული შტამპის შესაბამისად ჩათვალა, რომ მისი ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლის იურისდიქციას ექვემდებარებოდა.
ის წერს – “ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია დავუშვათ, რომ ბიზანტიურ წყაროებში დამოწმებულია ეგრისის საეკლესიო წყობილება, რომლის მიხედვით დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მეთაურია კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამწყსოში შემავალი ფასისის მიტროპოლიტი, მისდამი დაქვემდებარებული ოთხი ეპისკოპოსით (ზიგანევის, პეტრას, როდოპოლისის და ცაიშის), შედარებით გვიან შექმნილი სისტემაა. თავდაპირველად ერთ-ერთი საეკლესიო კათედრა სწორედ ნოქალაქევში იმყოფებოდა” (ნ. ლომოური, ნოქალაქევის გათხრების მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის შესწავლისას, ნოქალაქევი – არქეოპოლისი, 1987, გვ. 40).
ნ. ლომოური რიხით წერს “ბიზანტიურ წყაროებში დამოწმებული ეგრისის საეკლესიო წყობილების” შესახებ, მაშინ, როცა არცერთ ბიზანტიურ წყაროში არავითარი მოწმობა არ არსებობს “ეგრისის ეკლესიის”, მით უმეტეს, “მისი წყობილების” შესახებ.
საერთოდ ბიზანტიურ წყაროებში სიტყვა “ეგრისის ეკლესია” არ ფიქსირდება. ბიზანტიურ წყაროებში ნახსენები “ლაზიკის ეპარქია”, რომლის საეპისკოპოსოებიც მდებარეობდა ქართველთა უძველეს ქვეყანაში, ტრაპეზუნტის რეგიონში, ისტორიულ კოლხეთ-ლაზიკაში (უღელტეხილ ზიგანასთან ახლოს) ქართველმა ისტორიკოსებმა უხეში შეცდომით ჩათვალეს დასავლეთ საქართველოს (ეგრისის) კათედრებად.
მათ ეს თავიანთი შეცდომა – ოფიციალურ საისტორიო დოგმად გადააქციეს.
ნ. ლომოურის აზრით, ნოქალაქევ-არქეოპოლისში უფრო ადრე იჯდა (IV ს-დანვე) ბერძენი ეპისკოპოსი, ვიდრე ბიზანტიელები ეპარქიებს დააარსებდნენ ფოთ-ვარციხე-ცაიშში.
ეს მოსაზრება უნდა დაადასტუროს არქეოლოგიურმა მონაპოვარმა. კერძოდ, უნდა აღმოჩენილიყო ბერძნული საეკლესიო წარწერები. როგორც ითქვა, ბიზანტიურ სამყაროში ეპისკოპოსი იჯდა დიდ ქალაქში. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი არქეოპოლისში, ცხადია, ბერძნულენოვანი იქნებოდა, ბერძნული წირვა-ლოცვით, შესაბამისად, რაიმე ბერძნული წარწერა მაინც უნდა აღმოჩენილიყო ნოქალაქევში, მაგრამ ასეთი არ აღმოჩნდა. მსგავსადვე, რატომ არ აღმოჩნდა ბერძნული საეკლესიო წარწერები ვარციხეში, რომელიც როდოპოლისის საეპისკოპოსო კათედრად მიიჩნევა?
როგორც ითქვა, ქართიზაციის თეორიის მომხრე არქეოლოგები ნოქალაქევში ეძებდნენ ბერძნულ საეკლესიო წარწერებს და აღმოაჩინეს – ქართული წარწერები ნოქალაქევთან ათიოდ კილომეტრში – ნოჯიხევში.
ნოჯიხევში, სადაც გაითხარა უძველესი ეკლესია, აღმოჩნდა ქართული ასომთავრული წარწერები.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, თუ ნოქალაქევის ბერძნული საეკლესიო წარწერები დრომ გააქრო, რატომ არ გააქრო დრომ თითქმის იმავე ეპოქის, იქვე მდებარე ნოჯიხევის ტეტრაკონქის ქართული წარწერები?
ნ. ლომოური წერს – “ნოქალაქევ-გეგეჭკორის მონაკვეთზე ექსპედიციამ სხვა ხასიათის სამუშაოებიც ჩაატარა, აქ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია გეგეჭკორის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, აბაშისპირა ჭალაში ნაგებობათა კომპლექსის აღმოჩენა – V-VI საუკუნეების აბანო და მისგან ოციოდე მეტრის დაშორებით აღმოჩენილი ამავე ეპოქის ოთხაფსიდიანი ეკლესია, ე.წ. ტეტრაკონქის ტიპისა… აღნიშნული აბანოსა და ტეტრაკონქის გვერდით შენახულია გვიანდელი ხანის პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები… გვიანდელი ეკლესიის ქვეშ ექსპედიციამ აღმოაჩინა საერთოდ საქართველოსთვის იშვიათი ტიპის ეკლესია – რვააფსიდიანი საყდარი… კარგად გათლილი ქვით ნაგები ეკლესიის გარშემო აღმოჩნდა არაერთი არქიტექტურული დეტალი და რაც მთავრია შესანიშნავად ამოკვეთილი დიდი ზომის (15X22) ასომთავრული ასოები. მართალია, წარწერის წაკითხვა ვერ ხერხდება, რადგან ასოები ცალკე ქვებზეა ამოკვეთილი და გაფანტული იყო ირგვლივ, მაგრამ უდავოა, რომ ამ ეკლესიის გუმბათს ამკობდა ასომთავრული წარწერა. პ. ზაქარაია წინასწარულად ეკლესიას X საუკუნით ათარიღებს და ამდენად, ეს წარწერა ერთ-ერთი ადრეულია დასავლეთ საქართველოს ქართულ წარწერათა შორის. ვფიქრობ, ძნელია ამ აღმოჩენის მნიშვნელობის გადაფასება” (იქვე, გვ. 42).
ნოჯიხევის რვააფსიდიანი ტეტრაკონქის ქართული წარწერები თვით ქართიზაციის თეორიით ხელფეხშეკრულმა მეცნიერებმა X საუკუნით დაათარიღეს. ეს იმ საუკუნედ ითვლება, რაც თითქოსდა, დაიწყო დასავლეთ საქართველოს “ქართიზაცია”. მაგრამ ვინც ენდობა ძველქართულ წყაროებს მისთვის ეს ტეტრაკონქი და მისი წარწერები გაცილებით ადრინდელია, ალბათ, VI-VII საუკუნეებისა, რადგანაც ჩვენში სწორედ ამ საუკუნეებში აგებდნენ ტეტრაკონქის ტიპის სატაძრო ნაგებობებს.
ვფიქრობ, საეკლესიო მკვლევრებისათვის უფრო მყარი საფუძველი უნდა იყოს ძველი ქართული წყაროები, მათ შორის რუის-ურბნისის ძეგლისწერის ცნობები, ვიდრე შემდეგ შემუშავებული ე.წ. “ქართიზაციის თეორია”.
ჩვენი მემატიანეებისა და მამებისათვის XI საუკუნეებიც კი (თუ უფრო ადრე არა) საერთოდ უცნობი იყო დასავლეთ საქართველოში ბერძნული საეკლესიო იურისდიქცია, ამის არქეოლოგიურ დასტურად უნდა ჩაითვალოს ნოჯიხევის ტეტრაკონქის ქართული წარწერები, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, დუმილია სამეცნიერო წრეებში, თუმცა კი მადლობელი უნდა ვიყოთ ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციისა და ნ. ლომოურისა, რომელთაც აღმოაჩინეს და გამოამზეურეს ნოჯიხევის ქართული წარწერა.
ბრძოლები არქეოპოლისთან (ისტორია და ნუმიზმატიკური მასალა)
არქეოპოლისი მიიჩნეოდა ბიზანტიური ჯარების დიდ სიმაგრედ, აქ სპარსეთთან ომის დროს მრავალათასიანი სამხედრო კორპუსი იდგა. მაგალითად, ერთ-ერთი ბრძოლის დროს სპარსელთა სარდალმა მერმეროემ მიიყვანა ჯარი იმდენად დიდი რიცხვისა, რომ არქეოპოლისთან მას ბიზანტიელებმა 4.000 მეომარი მოუკლეს. ბიზანტიელთა ჯარი კი ამ დროს არქეოპოლისის ციხეში იდგა და თავს იცავდა. სპარსელების ჯარში სხვებთან ერთად იყვნენ დაქირავებული მეომრები სხვადასხვა ეროვნების, მაგალითად, პროკოფი აღწერს, რომ არქეოპოლისთან ბრძოლისას სპარსელთა მიერ დაქირავებულმა საბირთა ტომის ჯარისკაცებმა მოამზადეს საომარი, ე. წ. კრიოს მანქანები, რათა ციხის კედლები დაელეწათ, იქვე იყვნენ დოლომიტთა ტომის ჯარისკაცები, რომლებიც ისრებსა და შუბებს უშენდნენ მეომრებს. პროკოფი არქეოპოლისის ბრძოლის აღწერისას ამბობს – “თითოეული მათგანი ატარებს მახვილსა და ფარს, ხელში სამი ხელშუბი უჭირავს… მერმეროე მთელი ჯარით წაუძღვა კრიოს მანქანებსა და სპილოებს”, სპილოებით, ჩანს, ათი ათასი კაცი მაინც იბრძოდა, რადგანაც 4.000, როგორც ითქვა, კედლებთან დაიღუპა, შემდეგ მერმეროემ სამი ათასი კაცი ქუთათისის ციხეში დატოვა და ასევე ჯარები სხვა სამ ციხეში განალაგა.
ამ ამბის აღწერით იმის თქმა გვსურს, რომ ყველა ეს მეომარი დაქირავებული იყო და მათ მონეტები თან უნდა ეტარებინათ უცხო ქვეყანაში, სახლებიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულთ, მონეტები, ცხადია, თვით უქემერიონის ციხის ბიზანტიულ მცველებსაც ჰქონოდათ. ამიტომაცაა, რომ არქეოლოგები ასეთ ადგილებში მონეტებს მრავლად პოულობენ.
ბიზანტია-სპარსეთის ომი ამ მხარეში მთელი საუკუნე გრძელდებოდა, არქეოპოლისი ყოველთვის მთავარი სამიზნე იყო. ამიტომაცაა გასაკვირი, და ეს აოცებდათ თვით მკვლევარ-სპეციალისტებს, ნოქალაქევში აღმოჩენილი არტეფაქტებისა და ბიზანტიური მონეტების სიმცირე.
მაგალითად, თ. აბრამიშვილი, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ მოპოვებული მონეტები ასკვნის – “ნოქალაქევის გათხრების შედეგად გამოვლენილი მცირე ნუმიზმატიკური მასალა აძნელებს რაიმე კატეგორიული დასკვნების გამოტანის საშუალებას” (თ. აბრამიშვილი, ნოქალაქევის მონეტები, იქვე, გვ. 279).
ის წერს – “როგორც ვხედავთ, ნოქალაქევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალა ერთობ მცირე და მოკრძალებულია” (იქვე, გვ. 275).
კერძოდ, აღმოჩნდა სულ 6 სპილენძის ბიზანტიური მონეტა, თუმცა უფრო ადრე აღმოჩნდა იუსტინე I (518-527) ერთი სპილენძის მონეტა და მავრიკ ტიბერიოსის (582-602) ოქროს მონეტების განძი. ეს რაოდენობაც “მცირედ და მოკრძალებულად” ითვლება. რუსულ დასკვნაშიც თ. აბრამიშვილი იგივეს აღნიშნავს, რომ “ნოქალაქევის ნუმიზმატიკური მასალა ძალზე მცირერიცხოვანია” (იქვე, გვ. 286).
საქმე ისაა, რომ ნოქალაქევის ირგლივ – სამეგრელო-გურიის რეგიონის სოფლებშიც (საფლავებსა და ეკლესიის გარშემო) არქეოლოგები იმავე სიხშირისა და ოდენობის ნუმიზმატიკურ მასალას პოულობენ (ნუმიზმატიკური განძებსა თუ ერთეულ მონეტებს) – არქეოპოლისად მიჩნეულ ნოქალაქევში მათი რიცხვი ძალზე სოლიდური უნდა ყოფილიყო. როგორც ითქვა, ვარციხეში მონეტა საერთოდ არ აღმოჩნდა (და მერე სად – ბიზანტიური სამყაროს ქალაქ როდოპოლისში, სადაც რომაული ჯარი იდგა და ეპისკოპოსის კათედრაც იყო). ეს რეალურად არსებული ფაქტი მეტყველებს იმის შესახებ, რომ არა ვარციხესა და ნოქალაქევში, არამედ სხვაგან უნდა ვეძიოთ როდოპოლისი და არქეოპოლისი.
ერთი სიტყვით, ნოქალაქევსა და მის ახლომახლო ადგილებში არქეოლოგებმა ბერძნულ წარწერათა ნაცვლად ქართული აღმოაჩინეს.
იგივეს თქმა შეიძლება ფოთის შესახებაც.
ჩვენში ტენდენციაა, ფოთი გამოაცხადონ ცნობილ ფაზისად, შესაბამისად, აქ გაფაციცებით ეძებდნენ ბერძნულ წარწერებს, მაგრამ აღმოაჩინეს რა? – ქართული წარწერები, კერძოდ, გამოუწვავ აგურსა და მსგავს მასალაზე დასადები სატვიფრავი, რომელზეც არის ქართული ასომთავრული ასო-ნიშნები, და ასევე უკვე მზა აგურები ქართულივე ასო-ნიშნებით. რატომღაც ეს ფაქტი დავიწყების ბურუსს გადაეცა, რადგანაც საერთოდ არ ჯდება შემუშავებულ სტერეოტიპში და უცნაურად გამოიყურება ქართიზაციის თეორეტიკოსებისათვის.
აღსანიშნავია, რომ XX ს. 70-80-იანი წლების არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (30-იანი წლების ექსპედიციის მსგავსად) ნოქალაქევში აღმოჩენილი არქეოლოგიური (IV-XI საუკუნეების) მასალიდან მასიურად მოიპოვა მხოლოდ კერამიკა. ესენია ძირითადად ქვევრები, ჯამები და დოქები, თანაც ადგილობრივი წარმოებისა, აღსანიშნავია რომ მოპოვებული საცეცხლურებიც კი (ე.ი. საეკლესიო ნივთი) ადგილობრივაა დამზადებული თიხისაგან.
ვ. ლექვანაძე წერს – “ნახევრად სფეროსებრი ფორმის ადგილობრივი სასაკმევლე საცეცხლურები ორი ნახვრეტით – ზემოთკენ და ძირზე” (ნოქალაქევი-არქეოპოლისი, გვ. 238).
ეს იმითაა საინტერესო, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი არქეოპოლისის – მნიშვნელოვანი ცენტრისა და დედაქალაქის ეკლესიაში არა ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლებით შემკული სასაკმევლით მსახურებდნენ ბერძენი ღვთისმსახურები, როგორც მიღებულია დედაქალაქების ეკლესიებში, არამედ თიხის ადგილობრივი სასაკმევლით – რაც ძნელი წარმოსადგენია. როგორმე ბერძენი ღვთისმსახურები შესაფერისი ბიზანტიური ნივთებით შეამკობდნენ ეკლესიებს, როგორც მიღებული იყო იმჟამად, ნოქალაქევი არქეოპოლისი რომ ყოფილიყო.
ნოქალაქევში თითქმის ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისაა. განსაკუთრებითაა აღსანიშნავი ასევე, ერთი ფაქტი:
აქამდე ჩვენი არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ მრავლად მოპოვებული ჭურჭელი იყო იმპორტული ამფორების ნაშთები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ისინი ადგილობრივი ჭურჭელი იყო.
ამასთან დაკავშირებით ვ. ლექვინაძე წერს – “დასავლეთ საქართველოში არქეოპოლისის თანადროული ძეგლის ვარდციხის (როდოპოლისის) მასალის გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ეს ფრაგმენტები სინამდვილეში მიეკუთვნება დიდი ზომის ადგილობრივ ფართოყელიან დოქებს, რომელთა ფორმაზე გავლენა იქონია ამფორათა გარეგნულმა ფორმამ (იქვე, გვ. 239). ე.ი. ეძებდნენ ბერძნულ–რომაულს და აღმოუჩენიათ კი, ასე ვთქვათ, იმერული ჩაფებისა და დოქების ფრაგმენტები.
ვასკვნით – არქეოლოგიური მასალა თვალნათლივ აჩვენებს, რომ დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც რაიონის დაბლობს მიეკუთვნება არ უნდა ვეძიოთ ბერძნულ-ბიზანტიური დედაქალაქები, თავიანთი საეპისკოპოსო კათედრებით, არამედ უნდა ვერწმუნოთ ეროვნულ წყაროებს, რომ დასავლეთ საქართველო შედიოდა ზოგადქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიაში თავისი ყოფით, კულტურით, ადათ-წესებით, სიმდიდრითა თუ სიღარიბით.
11.01.10
მაშ, სად მდებარეობდა არქეოპოლისი? როგორც ითქვა, მისი სამყოფელი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ბათუმსა და ციხისძირს შორის.ანდა ქობულეთის ფიჭვნარის გრანდიოზული ნაქალაქარი.
წყაროს ცნობით, “ქალაქ არქეოპოლისის გარეუბანი იყო ონოგურისი ანუ წმიდა სტეფანე”, ამჟამადაც ბათუმის რეგიონში არის დასახლებულ პუნქტი სახელწოდებით – “სტეფანოვკა” (ესაა ბათუმის გარეუბანი, აეროპორტის გზატკეცილთან მიმდებარე ტაბიძის ქუჩასთან, ალბათ, ძველი სახელი სტეფანე რუსულ ეპოქაში სტეპანოვკად გადააკეთეს).
მოხირისი
ბათუმ-აჭარისწყლის რეგიონში “მახ” ფუძის მქონე ტოპონიმების ერთობლიობა-თავმოყრა საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრება,რომ ამავე ფუძის მქონე “მოხ-ირ-ისი” აქ (ბათუმ-აჭარისწყლის რეგიონში) მდებარეობდა და არა ქუთაისის რეგიონში.
აჭარაშია – პუნქტი “მახო” (ჭოროხის მარცხენა სანაპირო)
მისი გაგრძელებაა პუნქტი მახვილაური (მარჯვენა სანაპირო)
ახლოა პუნქტი მახინჯაური და ხელვაჩაური. იქვე, აჭარისწყალზეა პუნქტი მახუნცეთი და მთა მახუნცორი 1386 მ. ზღვის დონიდან.
- ს. მახო არის ქ. ხელვაჩაურის გაგრძელება მდ. ჭოროხის მარცხენა მხარეს, ახლოა ერგესთან (ეს პუნქტი ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა);
მდ. “მახოსწყალი” (ჭოროხის მარცხენა მხარეს);
“მახოს უბანი” (ბათუმსა და ერგეს შუა);
- მახვილაური ხელვაჩაურის გაგრძელებაა მარჯვენა მხარეს ბათუმის მიმართულებით;
- მახინჯაური – ამავე რეგიონშია, ზღვისპირას, ბათუმის ჩრდილოეთით 3-5 კმ-ში;
- “მახუნცეთი” (პუნქტი აჭარისწყალზე);
- “მახუნცორი” (მთა აჭარისწყალთან, ახლოა ერგესთან).
მოხ-ირისი
მახ-ო
მახ-ვილაური
მახ-ინჯაური
მახ-უნცეთი
მახ-უნცორი
ერგედან ვიდრე თითქმის ზღვამდე ჭოროხის მიმდებარე საკმაოდ ვრცელი რეგიონის სოფლების, მდინარისა და ადგილების სახელებში ჩანს ფუძე-ძირი “მახ”,რაც სიტყვა მოხირისის ნაშთი უნდა იყოს.
ეს ფაქტი საშუალებას იძლევა გამოითქვას მოსაზრება,რომ მოხირისი ერქვა ერგე-ლიგანის რეგიონს და არა თანამედროვე ქუთაისის სანახებს. აქ ხილიც შესანიშნავი მოდის და ვაზიც კარგად ხარობს.
როდოპოლისის არქეოლოგია
(ვ. ჯაფარიძე – “ვარდციხის ნაქალაქარი”, 1989 წელი, გამომცემლობა მეცნიერება).
არქეოლოგი შესავალშივე წერს, რომ ასეთი ქალაქი უცნობი იყო ქართული წყაროებისათვის – “ქართული წაროები თითქმის სრულებით არაფერს გვამცნობენ ვარდციხის ძველი ისტორიის შესახებ” (ვ. ჯაფარიძე, ვარდციხის ნაქალაქარი, 1989, გვ. 3).
ვ. ჯაფარიძე, ისე როგორც სხვა არქეოლოგები, ვარდციხეს უწოდებს ბაღდადის რაიონში ერთ-ერთ ნაციხარს – ვარციხეს. იქაური მოსახლეობისათვისაც კი სახელი “ვარდციხე” უცნობია.
სავარაუდოდ, სახელ “ვარციხის” ეტიმოლოგია ისეთივეა, როგორც ვარძიისა, ვარიანისა, ვარკეთილისა და სხვ.
ვარციხის ძველ სახელად მიიჩნევა ვარდციხე, რადგანაც 1737 წლის იმერეთის რუკაზე ერთ-ერთ ახალ ციხეს, “ვარდის ციხე” ეწოდება და ის მიიჩნევა XVII საუკუნეში აშენებულად.
ვ. ჯაფარიძე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეჭვმიუტანლად მიიჩნევს, რომ ვარციხე არის ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების ქალაქი როდოპოლისი.
535 წლის კეისარ იუსტინიანეს ცნობით “არქეოპოლისი და როდოპოლისი უდიდესი და ძველი სიმაგრეებია ლაზეთში” (გეო, II, 1965, გვ. 35-36).
პროკოფი კესარიელის მიხედვით, როდოპოლისი “ყველაზე უწინარეს ხვდებოდა გზაზე იბერიიდან კოლხეთში შესულთ” (იქვე, გვ. 186).
ბიზანტიურ კათედრათა ნუსხებში, ე.წ. ეკთეზისებში როდოპოლისში იყო ბერძნული საეპისკოპოსო კათედრა.
ვ. ჯაფარიძე ეჭვმიუტანლად აცხადებს, რომ ის შედიოდა ფოთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, მაშასადამე მიიჩნევს, რომ ცნობილი ფაზისის ბერძნული სამიტროპოლიტო ფოთია, ხოლო ვარციხე – როდოპოლისი. შესაბამისად უდგება თავის არქეოლოგიურ კვლევას – ვარციხის გათხრისას ფიქრობდა, რომ თხრიდა როდოპოლისს, მაგრამ მან ვერ მოიპოვა სათანადო არქეოლოგიური მასალა.
საეპისკოპოსო ქალაქში გათხრის შედეგად შესაბამისი მასალა უნდა აღმოჩენილიყო კიდეც. ის ბიზანტიის იმპერიის საეპისკოპოსო ცენტრს თხრიდა, ამიტომ ქალაქის, ანდა საქალაქო ცხოვრების დამადასტურებელი ნაშთი უნდა აღმოეჩინა, მით უმეტეს, რომ იუსტინიანეს თქმით, როდოპოლისი უდიდესი და ძველი ციხ-სიმაგრე იყო, ამიტომ მისი კედლები თუ არა, საძირკველი მაინც უნდა აღმოჩენილიყო.
არაფერი მსგავსი ვ. ჯაფარიძეს არ აღმოუჩენია.
მან მხოლოდ შუა საუკუნეთა მომცრო ქართული ეკლესიის ნაშთი და ასევე შუა საუკუნეთა ციხის ნაკვეთები აღმოაჩინა.
თავის აღნიშნულ წიგნში ის თითქმის ყოველ მეორე გვერდზე წერს – “ჭრილის გასუფთავებამ ქვედა დონეზეც კი მკვეთრად გამოხატული კულტურული ფენა ან რაიმე ერთეული მონაპოვარი არ დაადასტურა” (ვ. ჯაფარიძე, ვარდციხის ნაქალაქარი, 1989,გვ. 14).
გათხრების შედეგად მან დაადგინა: “ამ ციხე–ქალაქის ტერიტორია არ შეიცავს ახ. წ. პირველი საუკუნეების არათუ კულტურულ ფენას, არამედ ამ ხანის რაიმე ერთეულ მონაპოვარს” (მაშასადამე, ვარციხე არ შეიძლება იყოს სტრაბონის რადოპოლისი!).
საბოლოოდ კი დაასკვნა – “VI ს. მომდევნო ხანის მკვეთრად გამოხატული კულტურული ფენა ციხე–ქალაქში არ გამოვლენილა, ყოველ შემთხვევაში, მისი გამოყოფა ჯერჯერობით არ ხერხდება” (იქვე, გვ. 17). მაშასადამე, არც პროკოფის ეპოქის როდოპოლისია.
მაგრამ არქეოლოგი მაინც IV-VI საუკუნეებით ათარიღებს “ციხის შიდა ფართობის კულტურულ ფენებს და საფორტიფიკაციო ნაგებობებს”.
რუსულ რეზიუმებში ვ. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე ქრისტიანობამდელი ფენა არ დადასტურდა (იქვე, გვ. 146),მაგარამ არც ბიზანტიური ეპოქისა აღმოჩენილა.
რაც აღმოჩნდა არის არა იმპორტული (ბერძნულ-რომაული სამყაროს პროდუქციის ნაშთი), არამედ ადგილობრივი, და მხოლოდ “მცირე ჯგუფი იმპორტისა” (ვარდციხის ნაქალაქარი, 1989,გვ. 147), შემდეგ განმარტებულია, რომ ის მოპოვებული ნაშთები, რაც იმპორტული ამფორებისა ეგონათ, აღმოჩნდა იმერული დიდი ზომის დოქების (ჩაფების) ყელ-სახელურები.
რამდენადაა შესაძლებელი, რომ ბერძნულ ქალაქში “ადგილობრივი” (მე ვიტყოდი იმერული) ნაწარმი მოეხმარათ? ყოველ შემთხვევაში, როგორც ტაბულებიდან ჩანს, მოპოვებული მასალა ადგილობრივია (ესაა ძირითადად გვიანდროინდელი იმერული დოქები). ამასთან დაკავშირებით, როგორც ითქვა, ვ. ლექვინაძე წერს – “დასავლეთ საქართველოში არქეოპოლისის თანადროული ძეგლის ვარდციხის (როდოპოლისის) მასალის გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ეს ფრაგმენტები სინამდვილეში მიეკუთვნება დიდი ზომის ადგილობრივ ფართოყელიან დოქებს, რომელთა ფორმაზე გავლენა იქონია ამფორათა გარეგნულმა ფორმამ”.
ვ. ჯაფარიძე თავიდანვე აღნიშნავს, რომ ვარციხე იყო მცირე დასახლება (ვარდციხის ნაქალაქარი, 1989, გვ. 159), ამიტომ იგი რომაული ჯარის სადგომი და ეპისკოპოსის სამყოფელი ვერ იქნებოდა,მაშასადამე, ვარციხე არ იყო როდოპოლისი.
ეტიმოლოგია (როდოპოლისი – ვარციხე – ვარდენიკი – არდაშენი – არდისუბანი)
პოლის – როგორც ცნობილია, ბერძნულად არის “ქალაქი”. აქედან გამომდინარე – როდოპოლისი – ვარდოვანი ანდა ვარდისქალაქია, თუმცა ვარციხეც ალბათ შესაძლოა როდოპოლისად თარგმნილიყო.
საქართველოსა და ლაზისტანში უამრავი როდოპოლისი და ვარდისციხე – ვარდოვანია.
მაგალითად, ერთ-ერთი ვარდციხე მდებარეობს აჭარაში, სხალთისწყლის ხეობაში ხიხაძირთან ახლოს, აქაა ნაეკლესიარი კვატია (სხალთის ეკლესიის აღმოსავლეთით). სიტყვა “კვატიას” ფუძე-ძირი კვატ იგივე კუტია. საინტერესოა, რომ პროკოფი ერთ რეგიონში მოიხსენიებს “ქუთათისსა” და “როდოპოლისს”, ასევე აქ, სხალთის რეგიონშიც ერთადაა კვატიას ნაეკლესიარი და ვარდისციხე.
ვ. კოტეტიშვილის განმარტებით, ფუძე “არდ” არის სიტყვაში “ვარდი”, ჩვენ ისტორიულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ტოპონიმები ამ ფუძით, მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონშია სოფელი “არდისუბანი”, ხოლო ლაზისტანშია “არდაშენი”, “ვარდოვანი”, “ვარდიშენი” – გვხვდება აზრუმთანაც.
როგორც ითქვა, ვარდციხე აჭარაშია, ვარციხე კი_ გეგუთთან. ის ჩანს, გეგუთის ციხე-დარბაზის მცველი ერთ-ერთი ციხე იყო, რომელიც ამავე დროს, ხანისწყლის გზას აკონტროლებდა.
“არდვანი” ანუ “ვარდვანი” უნდა ყოფილიყო თავდაპირველი სახელი ართვინისა, რომელსაც ძველ რუკებზე ართვანიც ეწოდება. ცნობილი სოფლები ვარდენიკი და ვარდაშენი იყო ტაოსთან.
ყველა ეს ქართული სახელი – არდაშენი, ართვინი, ვარდიშენი, არდისუბანი, თუ ვარდის ციხე, ბერძნულად ალბათ “როდოპოლისი” იყო, თუმცა როდოპოლისი უფრო ქალაქის სახელი უნდა ყოფილიყო.
ათენში დაბეჭდილ ლაზიკის ისტორიულ რუკაზე, როდოპოლისის სამიტროპოლიტო განლაგებულია ზიგანა-რიზეს მთიანეთში, მისი ცენტრი ზიგანასთან ახლოს ყოფილა (ამ რუკის მიხედვით), ხოლო ივ,ჯავახიშვილის 1923 წლის რუკის მიხედვით პუნქტი(ქალაქი) სახელწოდებით “ვარდა” რიზესთან ახლოსაა.
ისტორიულ ლაზიკაში რამდენიმე როდოპოლისი ყოფილა.
ერთ-ერთ ასეთ როდოპოლისს, ოღონდ არა საეპისკოპოსო ცენტრს, არამედ ციხე-ქალაქს, პროკოფი კესარიელიც ახსენებს ფაზისის ხეობაში. ჩვენი აზრით, ის ლიგანის ხეობაში უნდა ყოფილიყო, ჭოროხის სანაპიროზე.
ნ.ადონცი როდოპოლისის კათედრას მიიჩნევდა პაიპერტთან მდებარე ერთ-ერთ პუნქტად, თეოდოპოლისსა და პაიპერტს შორის.
ამ არეალზე მართლაც ძველ დროს მდებარეობდა სოფელი ვარდენიკი (ამჟამინდელი ტაშპინარ).
ჩემი აზრით კი, როდოპოლისის საეპისკოპოსო ქალაქი იყო პუნქტი “ვარდა”, რომელიც მდებარეობდა მდინარე კალაპოტამოსის ნაპირზე, ტრაპეზუნტის რეგიონში და არა ვარციხე, რომლის არქეოლოგია მიუთითებს, რომ იქ არასოდეს მდებარეობდა რაიმე ქალაქი.
როგორც ითქვა, 1923 წელს გამოცემული ტოპოგრაფ ევ. ბარამიძის მიერ შედგენილი რუკის მიხედვით, რომლის რედაქტორია ივ. ჯავახიშვილი, ქ. ოფის სამხრეთით (ოფსა და რიზეს შორის) მდ. კალაპოტამოსზე იყო ქალაქი (ან დიდი დაბა) სახელწოდებით “ვარდა”, თავისი ეკლესიით.
როდოპოლისის ლოკალიზება მხოლოდ მისი სახელწოდების მიხედვით ხდება. ვარციხესაც როდოპოლისი იმის გამო უწოდეს, რომ ის ერთ-ერთ რუკაზე “ვარდისციხის” სახელითაა აღნიშნული.
ჩვენი კვლევით კი, ისტორიული როდოპოლისის ეპარქია მოიცავდა ოფ-რიზეს მთიანეთს ვიდრე ამჟამინდელ გიუმიუშხანემდე. ჩვენს მოსაზრებას გვიმტკიცებს შემდეგი ფაქტი:
XIX ს-ში ბერძენმა სასულიერო პირებმა ახალ საეკლესიო ოლქს, რომელიც მათ აღადგინეს სწორედ ამ რეგიონში უწოდეს სახელი – “როდოპოლისის სამიტროპოლიტო”. ეს სამიტროპოლიტო სწორედ აღნიშნულ ოფ-რიზეს მთიანეთის რეგიონში მდებარეობდა ვიდრე 1920-იან წლებამდე (ამ დროისათვის თურქებმა ის გააუქმეს, რადგანაც მართლმადიდებელი მოსახლეობა ამ რეგიონიდან საბერძნეთში გადასახლდა), ეს როდოპოლისის სამიტროპოლიტო მდებარეობდა ოფ-რიზეს სამხრეთით და გადაჭიმული იყო გიუმიშხანემდე.
ტბები და მდინარეები ისტორიულ კოლხეთში
წყაროთა მიხედვით, მდ. ფაზისი სანაოსნო იყო, ამიტომაც ძიებისას, თუ რომელი მდინარეა ფაზისი, რიონი თუ ჭოროხი, ჩვენი გამოჩენილი ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ფაზისი არის რიონი, რადგანაც, მათი სიტყვით, რიონი სანაოსნო იყო, ხოლო ჭოროხი არა.
ჩვენ ქვემოთ ვიკვლევთ, რომ ჭოროხი მუდამ სანაოსნო მდინარე იყო მისი უცველლი კალაპოტის გამო, ხოლო რიონი, უფრო ნაკალებად, რადაგანც არ ჰქონდა მდგრადი კალაპოტი და ვრცელ ვაკეზე მუდამ იცვლიდა მიმართულებას ე.წ. ნარიონალებში, ამიტომაც, უფრო ჭოროხია წყაროთა ფაზისი.
ფასისი – ჭოროხია ექვთიმე მთაწმინდელის თვალსაზრისით
ისტორიკოსებისათვის ცნობილია, რომ ძველ ქართველ მთარგმნელებს, საქართველოს ეკლესიის წმიდა მამებს „ფასისი” ჭოროხად აქვთ გადმოცემული, რასაც მიუთითებს ს. ჯანაშია (ს. ჯანაშია, შრომები, VI, გვ. 254). მართლაც, ექვთიმე მთაწმიდელი წმიდა მოციქულის ანდრიას ცხოვრების აღმწერელი ბერძნული ტექსტის თარგმნისას სიტყვა „ფასისს” ჭოროხს უფარდებს. მაგალითად, შესაბამისი ადგილი ასე თარგმნეს – „ხოლო დიდებული ანდრეა სხვათა მათ თანა მოვიდოდეს ქალაქით-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა და ესრეთ მოიწინეს ქვეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა დაუცხრომლად ქადაგებდეს სახელსა ღმრთისასა” (მიმოსვლა ანდრია მოციქულისა, 2008, გვ. 189).
ექვთიმე მთაწმინდელს „იბერია” გადმოაქვს ვითარცა – „ქართლი”, „აბაზგია” – აფხაზეთი, „ალანიკე” – „ოვსეთი”, „ლაზიკე” – სოფელი მეგრელთა ანდა სამეგრელო, ამ წყებაშია სიტყვა „ფასისი”, რომელიც ითარგმნა – ჭოროხად (იქვე, გვ. 108).
ნაოსნობა ჭოროხზე გ. ყაზბეგის აღწერით
თავისი დროის გამოჩენილმა მკვლევარმა გიორგი ყაზბეგმა XIX ს-ის 70-იან წლებში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დავალებით იმოგზაურა და გამოწვლილვით აღწერა „თურქეთის საქართველო” ანუ კლარჯეთ-ლაზეთი. მან საკუთარი თვალით იხილა ჭოროხზე ნაოსნობა.
ჭოროხზე, მისი ცნობით, დაცურავდა 80 ნავი. „ართვინის ხიდის ქვეშ აქაური ნავების მისადგომია. ეს ნავები ვენეციურ გონდოლებს წააგავს და წაბლის ხისგან მზადდება. მათ ბრტყელი ფსკერი აქვთ, სიგრძე 25 ნაბიჯია, სიგანე სამი ნაბიჯი. ნავების ეს ფორმა გამოცდილებით გამომუშავდა და ძველი კოლხეთის დროიდან მოდის. ძველ მწერლებს აღწერილი აქვთ ეს ნავები, ახალი მეცნიერებიც ამას ეყრდნობიან და ასკვნიან, რომ ფასისი რიონი კი არა, ჭოროხია. როგორადაც არ უნდა იყოს, ამ ძველმა მონაპოვარმა კარგი სამსახური გაგვიწია – 2,5 საათში ჩვენ გავიარეთ თითქმის 30 ვერსი ართვინიდან ბორჩხამდე, მაშინ, როცა ძველი გზით გაგზავნილებმა ჩვენმა საპალნეებმა 9 საათი დაჰყვეს. ართვინის ხიდთან წყლის სიჩქარე 1 წუთში 200 ნაბიჯს უდრის …წყლის დინების ნებაზე მიშვებული ნავი საათში 8 ვერსს გაივლის, მაგრამ სამი ხოფის ძალით ეს სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება… ჭოროხის ლოცმანები იმდენად დახელოვნებულები არიან, რომ მათ სრულიად შეიძლება ენდოთ. ისინი ნავში 200 ფუთამდე ტვირთს ათავსებენ და თითქოს ცარიელიაო ისე მიჰყავთ ფარვატერის ზიგზაგებში. გამოუცდელი თვალისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მძიმედ დატვირთული ნავი ასეთ წინაღობებში, კლდეებს შორის გაატარო… უბედური შემთხვევები თითქმის არ გვხვდება და ეს არის ართვინელი მენავეების საუკეთესო რეკომენდაცია” (გიორგი ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, 1995, გვ. 114).
გიორგი ყაზბეგის აზრით, ართვინიდან ბათუმამდე ნავით მგზავრობას ესაჭიროებოდა 4-5 საათი, თუმცა იქვე ეთანხმება ერთ-ერთი ევროპელი მეცნიერის თვალსაზრისს, რომ ამისათვის საჭიროა 9 საათი (იქვე, გვ. 154). მაგრამ უკან დაბრუნებისათვის ბათუმიდან ართვინში, ნავებს ესაჭიროებოდათ 4 ანდა ზოგჯერ 5 დღე – „ამ შემთხვევაში ბათუმში დატვირთული ნავები დინების საპირისპიროდ საჭაპანო ლაფეტებით მიაქვთ”. ჭოროხის სამდინარო-სანაოსნო გზას XIX ს-შიც არ დაუკარგავს თავისი საერთაშორისო სავაჭრო მნიშვნელობა. გ. ყაზბეგი წერს – „მეორე წელია, რაც ინგლისელი ვაჭრების კომპანიამ დაიწყო ყარსის და შავშეთის პურის შესყიდვა და ბათუმში ტვირთის ჭოროხის გზით გაგზავნა” (გ. ყაზბეგი, დასახ. ნაშრომი , გვ. 115).
ინგლისელი ვაჭრები პურის მარცვალს ყიდულობდნენ ძირითადად ყარსის ოლქში, იქიდან სახმელეთო გზით გადაჰქონდათ ქ. ართვინამდე, აქედან კი უკვე სამდინარო გზით, ანუ ჭოროხის ნავებით ჩაჰქონდათ ბათუმში – „ართვინამდე პურის დიდი ნაწილი ქურთებს გადმოაქვთ საპალნე ჯორებითა და ცხენებით, შემდეგ კი ნავებით მიაცურებენ. მიმდინარე 1874 წელს ერთი კომპანიის აგენტმა ართვინიდან (ბათუმში ჭოროხის გზით) – 44 ათასი ფუთი ხორბალი გაგზავნა. ყარსიდან ბათუმამდე ერთი ფუთი ხორბლის ჩატანა მის ფასთან ერთად ერთი მანეთი ჯდება” (იქვე).
XIX ს-ში ქ. რიბინსკში (რუსეთი) ყოფილა პურით ვაჭრობის ცენტრი. გ. ყაზბეგი ართვინს ამ მნიშვნელობით ადარებს რიბინსკს და მიაჩნია, რომ „ართვინს პურით ვაჭრობაში რუსეთის რიბინსკის მნიშვნელობა აქვს” (იქვე). პურით ვაჭრობის გარდა, ართვინიდან ასევე სამდინარო გზით ბათუმში გადაჰქონდათ რეგიონის ხილი, განსაკუთრებით კი ზეთისხილი. ამასთანავე, ამავე ჭოროხის გზით ნავებით ეზიდებოდნენ ბათუმისაკენ დახერხილ ხე-ტყის მასალასა და ასევე მეთუნეობის ნაწარმს – აგურსა და კრამიტს – „ართვინიდან ბორჩხამდე ჭოროხი მიედინება კლდოვან კედლებს შორის, რომელთა გვერდით მოჩანს კარგი ტყეები და მრავალი სოფელი. მდინარის ნაპირზე ჩვენ დავთვალეთ 6 სახერხი და 6 აგურ-კრამიტის და ერთი კირის ქარხანა. ამ მასალების მთელ მარაგს ბათუმი ლიგანიდან ღებულობს” (გ. ყაზბეგი, გვ. 116).
ჭოროხის სამდინარო გზაზე გაჩაღებული საერთაშორისო ვაჭრობის გამო მთელი ადგილობრივი მოსახლეობა – ჭოროხის სანაპირო ქალაქების – ართვინისა და ბორჩხას მცხოვრებნი – ფაქტიურად მხოლოდ მენავეობას მისდევდნენ. არ ამუშავებდნენ მიწას, არ მოჰყავდათ მოსავალი, ამასთანავე არც მეცხოველეობას მისდევდნენ, ისინი ოჯახებს მხოლოდ მენავეობით არჩენდნენ – გ. ყაზბეგი წერს ქ. ბორჩხასთან დაკავშირებით:
“რქიანი პირუტყვი და ცხენი აქ სულ არ არის. ყველა მცხოვრები ნავთმშენებლობას, მენავეობას და თიხის ჭურჭლის დამზადებას მისდევს. მცხოვრებთაგან არავინ თესავს და მკის, რის გამოც პურის მთელ მარაგს ფულით ყიდულობენ. ყველა ოჯახს აქვს თავისი ნავი, რომელიც პირუტყვს ცვლის” (იქვე, გვ. 116).
გ. ყაზბეგი ეთანხმება აზრს, რომ ართვინიდან ბათუმამდე სამდინარო გზით არის 82 ვერსი. ჭოროხის სიგანე აჭარისწყლის ქვემოთ წყალდიდობის დროს 400-მდე ნაბიჯია (იქვე, გვ. 254).
სანაოსნო მდინარე ჭოროხი (ფასისი) დ. ბაქრაძის აღწერით
საბჭოთა ეპოქის მკვლევრების მტკიცებით მდ. ჭოროხი არ იყო სანაოსნო, რადგანაც „ჭოროხი მიუწვდომელი იყო ზღვიდან ნავის შესაცურებლად” (ო. ლორთქიფანიძე, „არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, 1986, გვ. 46). ჩვენი არქეოლოგები და ისტორიკოსები დარწმუნებით წერენ, რომ ჭოროხი არ იყო სანაოსნო და თითქოსდა, მხოლოდ რიონი იყო ასეთი (ე.ი. სანაოსნო). ეს არის მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც უკან სწევს ლაზიკის შესწავლის საქმეს. სინამდვილეს მეცნიერული სიღრმით გვამცნობენ გამოჩენილი მკვლევრები.
დ. ბაქრაძე წიგნში „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში” (1987 წ.) წერს: „ბათუმიდან ოთხ-ხუთ ვერსზე გაედინება მდინარე ჭოროხი. ის არის მდორე და უხმო. მასზე აღმა-დაღმა მიმოდიან დატვირთული ნავები. მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება ლაზისტანში ყველაზე საუკეთესო გზა. ეს გზა დოლოგნის ქვემოთ გადადის ჭოროხის მარცხენა ნაპირზე და გასდევს მდინარე ჭოროხს მარადიდამდე და გადავა კვლავ მარჯვენა ნაპირზე, გაივლის სოფ. ბორჩხას და შედის ქალაქ ართვინში, შემდეგ ქალაქ ბაიბურთში, შემდეგ შეუერთდება დიდ შარაგზას, რომელიც აერთებს არზრუმსა და ყარსს ერთმანეთთან.
მდინარე ჭოროხი სათავეს იღებს მთებში ლაზისტანსა და არზრუმის საფაშოების საზღვარზე. ჭოროხის აუზი ქმნის უზარმაზარ ტაფობს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოზღუდულია მაღალი ჭიუხებით.
ჭოროხის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადები მარჯვენა მხრიდან არის თორთომისწყალი, ოლთისწყალი, არტანუჯისწყალი, აჭარისწყალი და სხვები. მდინარე ჭოროხი მნიშვნელოვანი სანაოსნო არტერიაა. მასზე ართვინისა და ზღვის შესართავშივე დაცურავს ორასამდე ბრტყელძირა ნავი ანუ კაიუკი. ნაოსნობა მთელ წელიწადს შეიძლება, გარდა გაზაფხულისა, როცა დინება ძალზე სწრაფია. ნავები ახლომახლო მცხოვრებთ ეკუთვნით. აკეთებენ ნაძვის ან ფიჭვის ხისაგან, ღირს 1500 ყურუში. ნავის სიგრძე 50 ფუტია, განი 4-5 ფუტი. ჭოროხზე ნავებით ასვლა ზღვის შესართავიდან ბორჩხამდე 3-4 დღეში შეიძლება, ხოლო ქვევით ზღვამდე ნავით მგზავრობა შეიძლება 8-10 საათი. ერთი ნავი იტევს 300 ბათმანამდე ტვირთს. ამ ნავებით ეზიდებიან ყოველ ადგილობრივ ნაწარმს – ერბოს, ხილს, ტყავს, დახერხილ ფიცრებს, თიხის ჭურჭელს, კრამიტს. თიხის ჭურჭელი და კრამიტი მიაქვთ ბორჩხადან ბათუმში, ხოფაში და ტრაპიზონშიც (დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბილისი, 1987, გვ. 36).
დ. ბაქრაძის ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ ძველი ავტორების მდინარე ფაზისი ძირითადად არის არა მდინარე რიონი, არამედ მდინარე ჭოროხი, რადგანაც ძველი ავტორების ცნობებით მდინარე ფასისი იყო სანაოსნო და მასზე მდინარით გადაჰქონდათ მნიშვნელოვანი ტვირთები. მართლაც, როგორც ზემოთ მოყვანილი აღწერიდან ჩანს, ჭოროხის ხეობის მოსახლეობას თავისი სავაჭრო პროდუქცია ბრტყელძირა ნავებით გადაჰქონდა ბათუმში, რიზესა და ტრაპიზონში, ხოლო რაც შეეხება მდინარე რიონს, კალაპოტის ხშირი ცვლის გამო, უფრო მოუხერხებელი იყო ნაოსნობისათვის და მას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა ფაქტიურად ვერ იყენებდა. ხოლო მდინარე ჭოროხი ადგილობრივი მოსახლეობის აღებ-მიცემობის სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენდა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ძველი ავტორების მიხედვით მდინარე ფასისი უფროა მდინარე ჭოროხი. მდინარე ჭოროხზე ბორჩხის ხევთან ახლოს მდებარეობს მდინარე ლიგანისხევი.
განსაკუთრებულად აღვნიშნოთ, რომ ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობით, მდინარე ფაზისის ერთ-ერთი შენაკადი არის მდინარე გლავკი. ჩვენი აზრით, მდინარე ლიგანისხევი შეიძლება იყოს იგივე მდინარე გლავკი ეტიმოლოგიური მსგავსების გამო.
შეიძლება შენიშვნის სახით აღვნიშნოთ: სამხრეთ საქართველოში მდინარე მტკვარზე არის ადგილი სახელწოდებით ლიკანი.
სიტყვების ლიკანისა და ლიგანისხევის ეტიმოლოგიური მსგავსება გვავარაუდებინებს, რომ მდინარე გლავკი ფასისს უერთდებოდა სწორედ სამხრეთ საქართველოში და არა დასავლეთ საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ფასისი ჭოროხს ერქვა და არა რიონს. გარდა ამისა, ჭოროხის ხეობაში, კოლასა და არტაანის გვერდით, მდებარეობდა ქვეყანა, რომლის სახელი იყო ლივანი. დ. ბაქრაძის ცნობით, ლივანის სახელით ცნობილია ჭოროხის ხეობა აჭარისწყლის შესართავიდან ისპირის საზღვრამდე. ეს უნდა იყოს ვახუშტის ლიგანისხევი ანუ ქართული მატიანეების ლიგანი. ამ სიტყვებთან ლიგანის, ნიგალის ან ლიკანის ეტიმოლოგიური მსგავსება უდავოა, ამიტომაც ასეთი ეტიმოლოგიური დამთხვევები უყურადღებოდ არ უნდა იქნას დატოვებული ჭოროხისა და ფასისის იგივეობის მტკიცების დროს.
ძველი ავტორებისა და მათ შორის სტრაბონის ცნობით, მდინარე ფასისზე გადებული იყო ასზე მეტი ხიდი. ვისაც თავისი თვალით უხილავს მდინარე რიონი და იცის მასზე გადებული ხიდების რაოდენობა, წარმოუდგენლად მიიჩნევს, რომ მდინარე რიონზე ოდესმე ასი ხიდი ყოფილიყო გადებული. ამასთანავე, აღსანიშნავია ის, რომ მდინარე რიონი მუდმივად იცვლიდა კალაპოტს, ის მიედინება ვაკეზე, რომელიც ნულოვან ანუ ზღვის დონეზეა გადაჭიმული. ამის გამო რიონს უჭირდა თავისი წყლის ზღვაში შეტანა და მუდმივად იცვლიდა კალაპოტს, ნარიონალები ამის შედეგია. მდ. რიონს აქვს განიერი კალაპოტი და იცის ძალზე დიდი ადიდება, რომელიც დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენდა ძველად ხიდების მშენებლობისთვის, მით უმეტეს, იმ პერიოდის მშენებლობისათვის. მდინარე რიონისთვის უფრო იყო დამახასიათებელი მასზე გადებული ბორნები, რითაც ხალხი უკავშირდებოდა ერთი ნაპირიდან მეორეს. სტრაბონის ცნობა, რომ მდინარე ფასისზე 120 ხიდი იყო გადებული, არ გვაეჭვებს. ამის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ დ. ბაქრაძემ მართლაც ნახა თავისი თვალით მდინარე ჭოროხის მიმდებარე მქუხარე მდინარეებზე გადებული უძველესი საოცარი ხიდები. ეს ის ხიდებია, რომელსაც ჩვენი ხალხი უწოდებს თამარის თაღოვან ხიდებს. ასეთი ხიდების გადება შეიძლებოდა ვიწროკლდოვანი კალაპოტის მქონე იმ მდინარეებზე, რომელთა სანაპიროები მაღლა იყო აზიდული, ხოლო თვით მდინარე ღრმა ხევში მიედინებოდა. ამიტომაც ერთი კლდოვანი ნაპირიდან მეორე კლდოვან ნაპირზე კონსტრუქციულად შესაძლებელი იყო თაღოვანი ხიდის გადება. დ. ბაქრაძე წერს, რომ ასეთი ხიდები მას ყველგან ხვდებოდა. აჭარაში, კერძოდ, მას თაღოვანი ხიდები შეხვედრია ქედაში, ცხმორისში, დანდალოში, ჭვანასა და ფურტიოში. ასეთივე ხიდები, მისი ცნობით, აგებული ყოფილა თურქეთის, ე.ი. შავშეთ-კლარჯეთის სხვადასხვა ადგილას. საქართველოს მახლობლად ერთი ასეთი ხიდის საშუალო ზომა ყოფილა 40 არშინი. დ. ბაქრაძის ცნობით, ასეთი ხიდი კონსტრუქციულად წარმოადგენს წესიერ თაღს, გადებულს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე უბურჯოდ, შედუღაბებულია კირით და საუკუნეების მანძილზე დგას.
აღსანიშნავია, რომ დ. ბაქრაძემ თაღოვანი ხიდები ნახა კინტრიშის ხეობაში ხულოსა და ცხენმოლაში. ამ ხიდის სიგრძე ყოფილა 35 ნაბიჯი და სიგანე 5 ნაბიჯი. ასე რომ, ფასისის 120 ხიდი გადებული ყოფილა არა მდინარე რიონზე, არამედ მდინარე ჭოროხის ხეობის პირას გამავალი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე. ეს უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მდინარე ფასისში არ იგულისხმება მდინარე რიონი.
ძველი ავტორების ცნობით, მდინარე ფასისის ერთ-ერთი შენაკადი იყო მდ. ბოასი. ჩვენში გავრცელებული თვალსაზრისით, ბერძნული სიტყვა ბოასი აღნიშნავს ყვირილას და ამიტომაც ამ სიტყვას უცხოელები უწოდებდნენ მდ. ყვირილას. მართლაც, იმერეთის მდინარე ყვირილა უერთდება მდ. რიონს, მდინარე ყვირილას ახლოს ძირულას ნაპირზე მდებარეობს ძველი ციხესიმაგრე შორაპანი. მიუხედავად ასეთი დამთხვევებისა, ჩვენი აზრით, ძველი ავტორების ბოასი ანუ ყვირილა ერქვა არა იმერეთში გამავალ მდინარეს, არამედ მდ. ჭოროხის შენაკადს. გურიაშიც გაედინება მდინარე, რომლის სახელი არის „ყვირილისწყალი”. ეს მდინარე უერთდება მდინარე სუფსას და აღსანიშნავია, განსაკუთრებით ისიც, რომ მდინარე სუფსაზე შუა საუკუნეებში არსებობდა ციხესიმაგრე, რომლის სახელი იყო „შორაპანი”, იგივე გურიანთა. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გვქონდა ორი მდინარე ყვირილა და ორი ციხესიმაგრე შორაპანი., პროკოფის სიტყვით, მდ. ბოასი იყო ფასისის სახელი სათავეში. მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადებია მქუხარე მთის მდინარეები _ ფორჩხასწყალი, მურღული ან ხატილასწყალი, რომლებიც ართვინიდან გონიომდე უერთდებიან მდ. ჭოროხს. შავშეთშიც იყო მდ. ყვირილა.
ძველი ავტორები, განსაკუთრებით პროკოფი კესარიელი, აღწერენ ლაზეთის გზებს. მათი ცნობებით, გზები ლაზეთში გადიოდა მთებსა და მიუვალ ჭიუხებზე ძნელად გასავლელ ადგილებში, სადაც ზოგჯერ ვენახიცა და ხეხილიც კი არ იყო გაშენებული. თუ ლაზეთი არის იგივე რიონის ხეობა და მისი დაბლობი, მაშინ ძნელი ასახსნელია, თუ რომელ გზებს მოიხსენიებენ ძველი ავტორები, რადგანაც გზები რიონის დაბლობზე ძირითადად გადიოდა ჭაობებში. დაბლობში მდინარე რიონთან ჩვენ არსად არ გვხვდება კლდოვანი ადგილები და ისეთი ადგილები, რომელსაც აღწერს პროკოფი კესარიელი.
ჩვენი თვალსაზრისით, რიონის დაბლობზე ძველ დროს გზები ნაკლებ იყო გაყვანილი. ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო რიონის ხეობის დაჭაობების გამო იქ გავრცელებული ციება და მალარია. ეს დაავადება მუსრს ავლებდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ იცოდნენ უცხოელებმაც, ამიტომაც ყოველნაირად თავს არიდებდნენ რიონის დაბლობში მოძრაობას.
ზემოთ მოყვანილის გამო, რიონთან გზები გადიოდა არა დაბლობ-ვაკეში, არამედ მთებსა და მიუვალ ადგილებში, მაგალითად, ვისაც მისვლა უნდოდა ქუთაისში თუ ვანში, ის ზღვის მხრიდან კი არ მიადგებოდა აღნიშნულ პუნქტებს, არამედ გადაივლიდა აჭარა-გურიის ქედებს და ისე მივიდოდა იქ. ასე მოიქცა, მაგალითად, დ. ბაქრაძე, რომელმაც აღნიშნული მთის გზები განვლო, რათა მოეხილა გურიის ცნობილი ციხესიმაგრე ვაშნარი. დ. ბაქრაძე კიდევაც აღნიშნავს ამის შესახებ. ის, მაგალითად, წერს: „უღელტეხილზე ავედით თუ არა, თვალწინ გადაგვეშალა რიონის ხეობა მისი გაუვალი ჭაობებით, მალარიას რომ ავრცელებს მთელს რიონისპირა გურიაში” (დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, 1987, გვ. 210). აი, სწორედ ამ მალარიის გამო გზები არ გაჰყავდათ რიონის ხეობაში. მაშასადამე, რიონის ხეობა არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ძველი ავტორები ლაზეთს უწოდებდნენ, რადგანაც ლაზეთში გზები კლდეებზე გადიოდა, როგორც ეს აღვნიშნეთ. დ. ბაქრაძე თავის წიგნში სხვაგანაც აღნიშნავს რიონის მავნე ჰავის შესახებ, ის წერს: „გურიაში მავნე ჰავით გამოირჩევა როგორც შავი ზღვის სანაპიროები, ასევე განსაკუთრებით ჩოხატაურის ქედის ჩრდილო მთისწინეთები, რომელიც სავსეა ლიებითა და ჭაობებით და ხელს უწყობს ციების გავრცელებას. გურიის დანარჩენი ნაწილი აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთია, ამიტომ ჭაობს არ აჩერებს თავის ნიადაგში. დრო და დრო მძვინვარებს ციება, არ იციან როგორ დაიცვან თავი მეტისმეტად ტენიანი ჰაერისაგან. ვისაც აქაური წვიმები არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს მათ ძალასა და ხანგრძლივობას. კოკისპირული წვიმები გრძელდება დღეებითა და კვირაობითაც” (იქვე, გვ. 89). ასევე იყო ვაკე იმერეთსა და სამეგრელოში.
ციებას სხვა რეგიონშიც ვერ არიდებდნენ თავს, მით უმეტეს, რიონის ხეობაში, სადაც ჭაობისა და მუდმივი ტალახის გამო გზების გაყვანა შეუძლებელი იყო ძველ ეპოქაში. აქ გზები, ფაქტიურად, ახლაც არ არის გაყვანილი. ფოთი-სენაკისა და ფოთი-ურეკის დამაკავშირებელი გზები მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში იქნა გაყვანილი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების ძალისხმევით. ასე რომ, არც პროკოფი კესარიელი და არც ძველი ავტორები ლაზეთის გზების აღწერისას არ გულისხმობენ რიონის ხეობას. მათი ლაზეთი, როგორც ითქვა, კლარჯეთ-აჭარა-გურია და ტრაპიზონის რეგიონია.
სტრაბონის აღწერილ ფასისის 120 ხიდს მოგვაგონებს დ. ბაქრაძის აღწერილი ხიდები
“2 საათზე სხალთაში მივედი, სადაც ძველი თაღოვანი ხიდით გადავედით, რომელიც სხალთისწყლის ორივე ნაპირს აკავშირებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ხიდები აჭარაში ყველგან გვხვდება, სახელდობრ: საღორეთთან, ქედაში, ცხიმორისში, დონდალოში, ჭვანართასა და ფურტიოში და გარდა ამისა, გვხვდება ჩურუქსუს მთიან ნაწილშიც. ასეთივე ხიდები აღნიშნულია თურქული აზიის სხვადასხვა ადგილას… ყველა მათგანის კონსტრუქცია ფრიად ორიგინალურია: ეს სხვა არაფერია, თუ არა ლამაზი, წესიერი თაღები, გაბედულად გადატყორცნილი ერთი ნაპირიდან მეორეზე უმოაჯიროდ და უბურჯოდ… შედუღაბებული კირით… ისინი კარგადაა შენახული, საუკუნეების მანძილზე დგანან, როგორც ჩანს, სრულიად შეუკეთებლად” (დ. ბაქრაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 53).
ჭოროხი სანაოსნოა
“ბათუმიდან 4-5 ვერსზე გამოჩნდა მდინარე ჭოროხი, რომელიც მდორედ და უხმოდ მიაგორებდა მღვრიე წყალს და რომელზეც დატვირთული ნავები აღმა-დაღმა მიმოდიოდნენ. გზა, რომლითაც ჩვენ მივდიოდით, საუკეთესოა ლაზისტანის საფაშოში”. (იქვე, გვ. 35).
“ყველაზე მნიშვნელოვან შენაკადებს ჭოროხი მარჯვნიდან იერთებს, ეს არის თორთომისწყალი, ოლთისწყალი,. არტანუჯისწყალი, აჭარისწყალი და სხვა.
მდ. ჭოროხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ამბობენ, მასში 200-მდე ბრტყელძირა ნავი ანუ კაიუკი დაცურავს ართვინსა და ჭოროხის შესართავს შორის. ნაოსნობა მთელ წელიწადს შეიძლება, გარდა გაზაფხულისა, როცა თოვლი დნება და დინება ძალზე სწრაფია. ნავები ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებთ ეკუთვნის. მათ ნაძვის ან ფიჭვის ხისაგან აკეთებენ, ნავის სიგრძე 50 ფუტამდეა, განი – 4-5 ფუტი. ზევით სვლას (ართვინამდე) 3-4 დღე სჭირდება, ხოლო ქვევით ნავმისადგომამდე – 8-10 საათი, იტევს 300 ბათმანამდე ტვირთს. ამ ნავებით ეზიდებიან ყველა ადგილობრივ ნაწარმს: ერბოს, ხილს, ტყავს, ფიცრებს, ჭურჭელსა და კრამიტს. თიხის ჭურჭელი მიაქვთ ბათუმში, ხოფასა და ტრაპიზონში” ( იქვე, გვ. 36).
“ლივანის სახელით ცნობილია ჭოროხის ხეობა აჭარისწყლის შესართავიდან ისპირამდე. ესაა, ვახუშტის მიხედვით, ლიგანისხევი, ანუ ქართული მატიანეებით – ნიგალი.
ლივანის დასახლებული პუნქტებია: მარადიდი, ბორჩხა, ართვინი, არტანუჯი, ბერთა, ანჩა, პარხალი” (იქვე, გვ. 41). „ეს ხიდი თაღივითაა გადებული აჭარისწყალზე” (გვ. 43). ალბათ, ასეთი იყო ის 120 ხიდი, რომლებიც მდ. ფაზისზე იყო გადებული.
ნაოსნობა, ნავთმშენებლობა და ნავმისადგომები
მდ. ჭოროხზე ე. ვეიდენბაუმის აღწერით
საბჭოური ეპოქის სამეცნიერო წრეებში გამოთქმული იყო მოსაზრება, თითქოსდა, მდინარე ჭოროხი არ იყო სანაოსნო მისი ჩქარი დინების გამო. მკვლევარი წერს – „ცნობილია, რომ მდინარე რიონი შორაპანამდე სანაოსნოდ გამოსადეგი იყო და მისი მეშვეობით ხორციელდება სატრანზიტო საქონლის გადაზიდვა, რასაც ვერ გავიზიარებთ მდინარე ჭოროხზე, მისი ჩქარი დინებისა და მაღალი მთებიდან ქვა-ღორღის შავ ზღვაში ჩადინების მიზეზით” (კრებული „ცოტნეიდელი” ტ. II, 2008, გვ. 98). სინამდვილეში, ჭოროხი იყო თითქმის ერთადერთი არტერია მისი აუზის მიმდებარე რეგიონებისათვის, საიდანაც ამ მდინარის საშუალებით ნავებით გადაიზიდებოდა ხორბალი, პროდუქტები, ზეთისხილი, სამშენებლო მასალა (კრამიტი, აგური). ასევე ხის დახერხილი მასალა ბათუმისაკენ, ხოლო ბათუმიდან ისევ ნავებით ართვინისაკენ გადაიზიდებოდა ძირითადად ქსოვილები და ფუფუნების საგნები. ამის შესახებ კარგად აღწერენ დ. ბაქრაძე, ე. ვეიდენბაუმი და სხვები. ასე რომ, მდინარე ჭოროხი იყო სანაოსნო, მასზე არსებობდა ნავმისადგომები, ადგილობრივი მოსახლეობა კი საუკეთესო ნავთმშენებელნი და მენავენი იყვნენ. საბჭოთა ეპოქაში საზღვრის ჩაკეტვის გამო აიკრძალა ნავებით ცურვა ართვინიდან ბათუმამდე და ისეთი შთაბეჭდილება ჩამოყალიბდა, თითქოსდა, ჭოროხი საერთოდ არ იყო სანაოსნო. ამიტომაც საინტერესოა ე. ვეიდენბაუმის მონათხრობი ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ უკავშირდება საეკლესიო იურისდიქციის საკითხს. ამ კუთხით იყო თუ არა ნაოსნობა მდინარე ჭოროხზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც მდინარე ფაზისზე ნამდვილად იყო ნაოსნობა შესართავიდან 30 კმ. მანძილზე, პუნქტ სარაპანამდე. სად იყო სარაპანა, რომელი მდინარეა ფაზისი, ამ საკითხის კვლევისათვის, როგორც ვთქვით, საინტერესოა ე. ვეიდენბაუმის მონათხრობი.
1878 წელს რუსეთის ხელისუფლების დავალებით, თავისი დროის დაკვირვებულმა მეცნიერმა ევგენი ვეიდენბაუმმა ნავით (კაიუკით) იმოგზაურა ართვინიდან ბათუმამდე. სამდინარო გზა, რომლითაც იქამდე მნიშვნელოვანი ტვირთები გადაჰქონდათ ინგლისელ და სომეხ ვაჭრებს, რეგიონის შემოერთების შემდგომ რუსების ინტერესის საგნად იქცა. ე. ვეიდენბაუმი ასე აღწერს ამ სამდინარო გზას ჭოროხზე:
“ზუსტად 8 საათზე გავუდექით გზას. ნავში ექვსნი ვიყავით, თუ არ ჩავთვლით სამ მენიჩბეს. ნავი ბრტყელძირიანია, მისი ძირი ორ საჟენს უდრის, ცხვირი და კიჩო ერთნაირად მსხვილწვერიანი აქვს და კონსტრუქციით არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნავები მზადდება წაბლის ხისაგან, სოფელ მარადიდში. ერთ ნავს შეუძლია ზიდოს 100 ფუთიანი ტვირთი და იმისდამიხედვით, თუ რა რაოდენობისაა იგი ფრახტი ართვინიდან ბათუმამდე ღირს 10-დან 15 მანეთამდე. ჩვენ გადავიხადეთ 12 მანეთი. იმის გამო, რომ ნავი მთლად მყარი არ არის – მგზავრები თავსდებიან მის ძირში მჯდომარე ან დაწოლილ მდგომარეობაში. მის სამართავად ოთხი ადამიანია საჭირო – სამი ზის ნავის ცხვირზე, მოკლე ნიჩბებით ხელში, რომლებიც დამაგრებულია პალუბზე ლაფნის რგოლებით. ნიჩბების დანიშნულებაა, არა იმდენად ნავის მოძრაობის აჩქარება, რამდენადაც მისთვის სათანადო მიმართულების მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი შემოაბრუნებს მას დინების გარდი-გარდმო. ნიჩბების მოსმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადგილებში, სადაც ვიწრობი, ან ჩქერია და სადაც წყალი მკვეთრად უხვევს. ნავი მკვეთრად მიემართება გამოშვერილი კლდისკენ, რომელსაც დინება ეხეთქება. მარჯვე მესაჭე კლდისაგან გარკვეული მანძილის დაშორებით სწრაფად აბრუნებს საჭეს. მენიჩბეები მთელი ძალით აწვებიან ნიჩბებს და ნავი მიექანება დინების მიმართულებით ისე, რომ კლდეს ოდნავ ააცდენს კიჩოს. ზოგჯერ ეს ფანდები საკმარისი არ არის, დინება ისეთი სწრაფია და ისეთ მკვეთრ შემობრუნებას აკეთებს, რომ ნავი აუცილებლად შეეჯახებოდა კლდეს თუ არა მენიჩბეები. ისინი ჭოკებით, რომლებიც დაწყობილია ქიმის გაყოლებით, მოხერხებულად აიცდენენ ხოლმე შეჯახებას.
მესაჭე დგას კიჩოზე ხელში ნიჩბებით, რომლებიც ამყოფებს ნავს სათანადო მდგომარეობაში, ან ეხმარება მოხვევების დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ორი ნიჩაბი აუცილებელია, რათა ნავი უფრო სწრაფად მობრუნდეს. მესაჭე ერთი ნიჩბით უსვამს წინ, მეორეთი კი უკუმოძრაობას აკეთებს. ნავის მართვა ასეთ სწრაფ და მიხვეულ-მოხვეულ მდინარეებზე დიდ გაწაფულობას მოითხოვს, ზოგჯერ ისეთი ადგილებიც კი გვხვდება, რომ წარმოუდგენელია გავლა საფრთხის გარეშე, მაგრამ მესაჭის მოხერხებულობის, სიმამაცისა და მისი თვალის სიზუსტის წყალობით ასეთ ჩქერებს ისინი მშვიდობიანად უვლიან გვერდს. ამბობენ, რომ უბედური შემთხვევები აქ ძალიან იშვიათია.
ზოგჯერ საჭესთან ნავის მეპატრონე დგას, ხან დაქირავებული პირი, ისევე როგორც მენიჩბეები. ყველას ერთნაირი ანაზღაურება აქვს. მესაჭეს მთელი უპირატესობა კი ის არის, რომ მას არ უწევს საჭმლის მომზადება, ეს მენიჩბეთა მოვალეობაა.
ბათუმში მიმავალი მგზავრები იშვიათად გაივლიან მთელ გზას ჭოროხით, ე.ი. არ გადიან ზღვაზე, რადგან ეს გზა გრძელია და თანაც ნავს ზღვაში ცოტა უჭირს. ისინი გადმოსხდებიან კოპანდიბის საზღვართან, სოფელ ელგის ცოტა ქვემოთ და ბათუმამდე რჩება რაღაც 10 ვერსის მანძილი. ამ გზის გავლას ნავი ანდომებს შვიდ საათს. ჩვენი მენავე, რომელიც წარმოშობით ბორჩხადან არის, გვიმტკიცებდა, რომ წყალდიდობისას, ე.ი. აპრილსა და მაისში ის გადის ამ გზას მხოლოდ საათნახევარში. ამან ძალიან გაგვაკვირვა, მაგრამ არ გვქონდა არავითარი მიზეზი არ დაგვეჯერებინა მისი ნათქვამი. დიდ წყალში ნავები ასევე დადიან იმერხევის ხიდიდან ართვინამდე, იმერხევის ხიდის ზემოთ სანაოსნო კავშირი არ არის. ჩვენი მოგზაურობის დროს წყლის დონე ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყლის ფსკერს მხოლოდ ორ ადგილას ჩქერზე შეეხო.
ჭოროხზე დაღმა მოგზაურობა დიდ სიამოვნებას გვგვრის, თითქოს გაჰყურებ სწრაფად მოძრავ პანორამას. ნავი ხან ისრის სისწრაფით მიქრის ჩქერებზე და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ციგით ეშვები ყინულოვანი მთიდან, ხან კი ნელა მიდის წყალზე, სამაგიეროდ მდინარის აღმა მოგზაურობა ძალიან მომქანცველია, იგი გრძელდება (იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობითაა წყალი მდინარეში და როგორია ტვირთის მოცულობა) 4-5 დღეს, წყალდიდობისას კი მოგზაურობა საერთოდ შეჩერებულია, რადგან წარმოუდგენელია ამ დროს მდინარის დაძლევა. მენავეების შრომა აღმა ცურვისას, მართლაც რომ კატორღულია – ორი-სამი ფეხშიშველა ადამიანი, მუხლებამდე წყალში მიათრევს ნავს. ორი ან ერთი აწვება ნავს ჭოკით, რომ არ მისცეს მას ნაპირზე ამოვარდნის საშუალება. ჩვენ ბევრი ესეთი ნავი შეგვხვდა გზაზე. მათ დანახვაზე გაგვახსენდა ბურლაკები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ გაისმოდა მათი სევდიანი სიმღერა. ოთხისნახევარზე გავიარეთ აჭარისწყლის შესართავი, ოთხ საათზე მარცხენა მხრიდან სოფელი სიმორისი (რუკაზე, აჰმედ-ეფენდის თქმით – სიმონეთი), შემდეგ სოფელი ელგა და 4 საათსა და 20 წუთზე მივადექით ნაპირს კოპან-დიბის მახლობლად, სადაც წინასწარი შეთანხმებით ცხენები უნდა დაგვხვედროდა… და ბოლოს გამოჩნდა განათებული ბათუმი და შვიდის ნახევარზე მოგზაურობა დავასრულეთ. მანძილი ართვინიდან კოპან-დიბამდე, წყლით რომ გავიანგარიშოთ, რუკის მიხედვით უდრის 42 ვერსს. ჩვენი მოგზაურობა მდინარით, თუ არ ჩავთვლით შეჩერებებს, გრძელდებოდა 6 საათს. აქედან გამომდინარე, თუ მანძილზე რუკაზე სწორედ არის ნაჩვენები, ნავი მცირეწყლიან მდინარეში გაივლის დაახლოებით 7 ვერსს” (ე. ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 2005, გვ. 72-78).
ე. ვეიდენბაუმის ცნობით ართვინის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილას მდინარე ჭოროხზე არსებობდა ნავმისადგომი (ნავსადგური) და ასევე აშენებდნენ ნავებს. ადგილობრივი მოსახლეობა ნავთმშენებლობით იყო დაკავებული. ასეთი პუნქტები ართვინის გარდა ყოფილა ბორჩხასთან და მარადიდთან. ის წერს: „სოფელი ბორჩხა მდებარეობს იქ, სადაც ჩაირ-სუ ჩაედინება მდინარე ჭოროხში. ადგილობრივები ამ შენაკადს ჩხალის წყალს უწოდებენ. სოფელი ჭოროხის ნაპირიდან, სადაც მდებარეობს კაიუკების (ნავების) ნავმისადგომები, ამფითეატრივით მიემართება მთაში. ბორჩხელების მთავარი საქმიანობა აგურის, კრამიტის და დოქების კეთებაა. ამ ნაკეთობებით ამარაგებენ ჭოროხისა და ბათუმის სანაპიროებს. ხვნა-თესვას ნაკლებად ეტანებიან… ხნულები პატარაა, მდებარეობს ციცაბო მაღლობზე…
ბორჩხაში, როგორც აღვნიშნეთ, არის კაიუკების (ნავების) ნავსადგური. ყველანი ჭოროხზე ზემოთ და ქვემოთ დასასვენებლად მიმავალნი აქ ჩერდებიან. ამასთან დაკავშირებით აქ დუქნებიც კი არის სასმელებითა და ნუგბარით… ნავები (კაიუკები) ბორჩხიდან ბათუმამდე იღებენ 10 მანეთს, ხებადან ბორჩხამდე ნავები (კაიუკები) ანდომებენ 4 საათს” (იქვე, გვ. 58).
ე. ვეიდენბაუმის თქმით, კლდოვანების გამო ჭოროხის აუზში ურმის ან ეტლის სახეობები უცნობია, რადგანაც „წარმოუდგენელიც კი იქნება მათი გამოჩენა ვიწრო, ციცაბო და მაღალ ბილიკებზე, რომლებიც გზების როლს ასრულებენ” (იქვე, გვ. 60). ამიტომ აქ ყველა მგზავრობს ფეხით ან ნავით (კაიუკით) (იქვე, გვ. 61). ართვინში არ იყო ეტლი, სამაგიეროდ ჰქონდათ კატარღები.
ჭოროხის აუზის ერთ-ერთ უმთავრეს ქალაქ ართვინშიც კი „იმის გამო, რომ ქუჩები ვიწრო და ციცაბოა, ეტლით გავლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ურმებიც კი არ ჩანს ართვინის ქუჩებში. სამაგიეროდ დიდი გასავალი აქვთ კატარღებს, რომლებიც ძალიან ძვირი ფასობს” (ე. ვედენბაუმი დასახ. ნაშრომი, გვ. 67).
ჭოროხის აუზში, როგორც ითქვა, გადაადგილება შეიძლებოდა ფეხით ან ნავით. ცხენებიც კი გ. ყაზბეგისა და ე. ვეიდენბაუმის დაკვირვებით აქ ძალზე ცოტა, შეიძლება ითქვას, არც კი იყო კლდიანობის გამო, ციცაბო და მაღალ ბილიკებზე (გზებზე) – „ცხენებიც კი თითქმის არ გამოიყენება არც ცხენოსნობისათვის და არც საპალნედ, ჩვენს მიერ გავლილ გზაზე ბათუმიდან ართვინამდე კახაბერთან მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა ორი ცხენი და ერთი სახედარი საპალნით აჭარიდან, საერთოდ ყველა ფეხით დადის, ზურგზე მოგდებული კალათებითა და თოფით… ისინი შესანიშნავი ფეხით მავალნი არიან… ყველა მათგანი რაღაცნაირად, თავისებურად დადის, თითქოს ოდნავ ჩაიმუხლებენ სიარულისას” (იქვე, გვ. 61). გ. ყაზბეგი იმასაც აღნიშნავს, რომ კლდოვანების გამო ჭოროხის აუზის რეგიონებში ნაკლებია ცხენების საკვები ბალახი. ამის გამო (ე.ი. კლდიანობის და უბალახობის გამო) ე. ვედენბაუმის ცნობით, აქ მესაქონლეობაც არ არის განვითარებული (იქვე, გვ. 63). ეს მომენტი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ეთანადება პროკოფი კესარიელის ცნობას – სპარსელებს ფაზისთან, კერძოდ კი არქეოპოლისთან 20 000 ცხენი დაეღუპათ უბალახობის ანუ ცუდი კვების გამო. როგორც ვიცით, რიონის ხეობაში ძალზე კარგი ბალახი იზრდება, ჭოროხის ხეობაში კი ე. ვეიდენბაუმის ცნობით პირიქით – ბალახი ცოტაა და მეცხენეობა ნაკლებ განვითარებულია უბალახობისა და კლდიანობის გამო.
ჭოროხზე ნავსაშენი და ნავმისადგომი ე. ვეიდენბაუმმა დააფიქსირა სოფელ მარადიდში, ის წერს – „ჩავუარეთ მთელს ქვემო მარადიდს, ჭოროხის მარცხენა მხარეს, სანაპიროს გასწვრივ. აქ შენდებოდა ნავები (კაიუკები). აქვე ნავმისადგომი” (იქვე, გვ. 49). ჭოროხის ძალზე ვრცელი აუზის ტვირთები, როგორც აღინიშნა, მდინარით გადაიზიდებოდა ბათუმისაკენ, კერძოდ, კრამიტი, სხვადასხვა პროდუქტი, ხორბალი, ზეთისხილი, აგური და სხვა. წინათ ხე-ტყის მასალა, კოჭები და ფიცრებიც გადაიზიდებოდაო, წერს ის, მაგრამ ახლა – „ჭოროხის აუზის მთელი ტყე, რომლის მოჭრაც კი შეიძლებოდა, დიდი ხანია მოჭრილი და დაცურებულია… ამიტომაც ძალიან ძვირია” (იქვე, გვ.38).
ჩანს, არა მხოლოდ XIX ს-ში, არამედ VI საუკუნეშიც ხომალდმშენებლობისათვის ანუ საზღვაო გემებისათვის საჭირო ხის მასალა ძნელად მოიპოვებოდა ჭოროხზე (შესაძლოა, კლდეებიდან მოჭრისა და გადმოგდების დროს ხის ტანი იბზარებოდა და ხომალდმშენებლობისათვის უვარგისი ხდებოდა). პროკოფის ცნობით, სპარსელებს შავი ზღვის ხომალდებისათვის საჭირო მასალა პეტრასაკენ შორი გზიდან მიუზიდავთ. ამ მხრივ ვეიდენბაუმისა და პროკოფის მონათხრობი ერთმანეთს ემსგავსება, ისევე, როგორც სხვა საკითხების აღწერის დროსაც. ასე რომ, ჭოროხი სამდინარო-სავაჭრო დიდი მაგისტრალი იყო XIX საუკუნეშიც, როგორც ფაზისი I-VI საუკუნეებში სტრაბონისა და პროკოფი კესარიელის ცნობებით.
ნ. ადონცი: ბოასი – ჭოროხია
“მდინარე ბოა სათავეს იღებს ფარანგიასთან ახლოს, არმენიის ქვეყანაში, ჭანიკასთან ახლოს. ბოა შეესიტყვება სომხური გეოგრაფიის ჭოროხს, მის ზემო დინებას, ჭოროხის შესართავები ისპირში ძევს. ძველი ცნობებით, სპირიდიტში იყო ოქროს საბადოები, რომლებითაც თვით ალექსანდრე მაკედონელი დაინტერესდა. ამ ნიშნებით, ფარანგია შეესაბამება სპერს, ანუ სისპირისს” (ნ. ადონცი „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში”,გვ. 26).
პროკოფი კესარიელის ცნობით, ბოასი ერქვა ფაზისს სათავეებში. ნ. ადონცის სიტყვით ბოა – ჭოროხია. აქედან გამომდინარ, ფაზისი ჭოროხს შეესაბამება.
ნ. ადონცის თვალსაზრისით, ბოასი ერქვა ჭოროხს არტანუჯისწყლამდე, ანუ რაც იგივეა მდინარე იმერხევამდე. მის ქვემოთ ზღვის მიმართულებით ბოასს უკვე ეწოდებოდა ფაზისი, ხოლო სათავეებთან იმავე ბოასს ადგილობრივი სახელი ერქვა – აკამფსისი.
როცა სპარსელებმა გადაკვეთეს ბოასი, დაუყვნენ მის მარცხენა სანაპიროს პეტრასაკენ. ამ ადგილებში ბოასს უკვე ფაზისი ერქვა და ის ჯარისკაცების მარჯვნივ მოექცა. ისე გადაკვეთეს ის, რომ ფაზისი მარჯვნივ ჰქონდა.
ფაზისი ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით
ამიანე მარცელინეს თხზულების კომენტირებისას ს. ყაუხჩიშვილი წერს, რომ ფაზისად ზოგჯერ ანტიკურ წყაროებში მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ მდ. ჭოროხს სათავეში, არამედ ფაზისს უწოდებდნენ დონსა და ყუბანს (გეორგიკა, I, გვ. 81).
ამიანე მარცელინე ფაზისს უწოდებს „ხმაურიანს”, რომელსაც აქვს დიდი სიჩქარე, ანუ „ხმაურიანი დენა” და იმ მონაკვეთზე, სადაც ფაზისს აქვს დიდი სიჩქარე (ხმაურიანი დენა) ცხოვრობენ კოლხები – ეგვიპტელების ძველი მოდგმა. ის წერს – „ფაზისი ხმაურიანი დენით ჩამოუდის კოლხებს, ეგვიპტელთა ძველ მოდგმას” (გეორგიკა, I, გვ. 112). ამიანეს თვალსაზრისით, ზღვის შესართავამდე ფაზისი ხმაურიანია ანუ ფაზისი სათავიდან შესართავამდე არის ჩქარი მთის მდინარე და მის ნაპირებზე კოლხები ცხოვრობენ სათავიდან შესართავამდე. ს. ყაუხჩიშვილი კომენტირებისას წერს, რომ აქ ამიანე ფაზისის ქვეშ გულისხმობს მდ. რიონს. ამ შემთხვევაში ძნელია დავეთანხმოთ ს. ყაუხჩიშვილს შემდეგი მიზეზის გამო. მდ. რიონი ჩამოედინება მთებიდან, ქუთაისის შემდგომ ის გაივაკებს და ფოთამდე მიედინება მდორედ, მძიმედ და ნელა, ამასთანავე ხმაურის გარეშე, ანუ უხმაუროდ და ასეთი სახით გადაჭრის მთელ დასავლეთ საქართველოს, ანუ რიონის ვაკეს. მაშასადამე, ამიანეს შეფასების (ფასისის ხმაურიანობის) გამო შეუძლებელია მდ. რიონი ფაზისად იწოდებოდეს. აქ „ხმაურა” ფაზისის გვერდით, თითქოსდა, ცხოვრობდნენ ეგვიპტელთა მოდგმის კოლხები. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, ასეთი შეფასება მწიგნობრული ტრადიციის გავლენაა, მაგრამ პროკოფი კესარიელი ფაზისის აღწერისას წერს, თუ სიჩქარის გამო როგორ გაიტაცა ჯარისკაცების ნავები ფაზისმა. არიანეს მიხედვით, ხმაურიანი ფაზისის შესართავთანაა ქ. ფაზისი (იქვე, გვ. 112) და დიოსკურია.
ფასისი პ. ინგოროყვას მიხედვით
“სახელწოდება მდინარისა ფასისი ქართული წარმოშობისაა. ძველ ქართულ დიალექტში სიტყვა „ფასი” ნიშნავდა წყალს. ამიტომ ფასისი ერქვა რიონს, ჭოროხს (აკამფსისი, ანუ კაკამ-ფასისი, იგივე კაკამ მდინარე), ასევე ფასისი რქმევია აგრეთვე არაქსს, მისი მდინარების ზემო ნაწილში, სადაც ქართული მოსახლეობა იყო” (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 519).
არაქსს ფასისი ერქვა როგორც ქრისტემდე V ს-შ, ქსენოფონტეს დროს, ასევე X საუკუნეში კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს. ამასთანავე, „ფასისი” არაქსის სახელი ყოფილა არა მხოლოდ უცხოელთათვის, არამედ მკვიდრებისთვისაც, მის განტოტებებსა და იქ მდებარე პუნქტებს ეს სიტყვა დღემდე შემოუნახავთ. „კონსტანტინე პორფიროგენეტი (X საუკუნე) ფასისს უწოდებს მდ. არაქსის ზემო ნაწილის დასავლეთ ტოტს, რომელიც იწყება დევებოინუს ქედთან, გაივლის დაბა ფასინლერს და შეუერთდება არაქსის ძირითად ტოტს. დასავლეთ ტოტს ამჟამად ეწოდება ფასი-დერე, ე.ი. ფასის-ხევი” (იქვე, გვ. 519). სახელი „ფასონი” გვხვდება წმ. დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაში – ნაწამები ძმები „შთაყარნენ მდინარესა მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი” (წმ. დავით და კონსტანტინეს წამება, 1979, გვ, 157). ავტორის სიტყვით, რიონს უცხოურად ერქვა არა ფაზისი, არამედ ფასონი. ყოველ შემთხევაში, ორივე სიტყვას (ფასონი, ფაზისი) ერთი ფუძე აქვს – „ფას”.
პავლე ინგოროყვამ გაარკვია: „მდ. ფასისის ანუ არაქსის ხეობაში მდებარე ბასიანის მხარეში მოსახლე ტომი „ფასიანნი” წარმოადგენდნენ მესხების ტომს” (იქვე, გვ. 520).
პ. ინგოროყვა წერს: „ფასისი არის არაქსის ძველი სახელწოდება მისი მდინარების ზემო ნაწილში. ეს სახელწოდება დღემდე აქვს შერჩენილი არაქსის ზემო ნაწილის დასავლეთ ტოტს, რომელიც მომდინარეობს დაბა ფასინლერის სექტორში. მას ამჟამად ეწოდება ფასის-ხევი, ფასი-დერე. არაქსის ამ ძველი სახელწოდებიდან (ფასისი) მომდინარეობს თვით სახელწოდებაც ამ მხარისა – ფასიანი” (პ. ინგოროყვა, დასახ. ნაშრომი, გვ. 66, შენიშვნა 1).
ქსენეფონტედან კონსტანტინე პორფიროგენეტამდე არაქსს ფასისი ერქვა, ხოლო ქვეყანას – ფასიანი. VII მსოფლიო კრების (787 წლის) აქტს ხელს აწერს „ქრისტეფორე ეპისკოპოსი ფაზისისა ანუ ტრაპეზუნტისა” (პ. ი. გვ. 212). ქსენეფონტე მდ. არაქსს უწოდებს „ფასისს” (ანაბაზისი, VI, 6,4). მაშასადამე, ანტიკურ ხანაშიც მდ. არაქსს ფასისი ერქვა (იქვე, გვ. 519). მის ხალხს „ფასიანებს” უწოდებს (ქსენეფონტე, ანაბასისი, IV, 6,5, VII, 8, 25).
“სახელწოდება მდინარისა ფასისი ქართული წარმოშობისაა. ძველ ქართულ დიალექტში სიტყვა „ფასი” ნიშნავდა წყალს (შდრ. „ფასი” და „ფშა”, „ფშანი”, „ფოსო”, „ფსელი”), ამიტომ არის რომ ეს სახელწოდება „ფასისი” მიემართება მთელ რიგ მდინარეებს საქართველოში. ფასისი რქმევია – არაქსს, მისი მდინარების ზემო ნაწილში, სადაც ქართული მოსახლეობა იყო. ფასისი არაქსს არა მხოლოდ ანტიკურ ხანაში ერქვა, არამედ შემდგომაც. მაგალითად, კონსტანტინე პორფიროგენეტი (მე-10 საუკუნე) „ფასისს” უწოდებს მდ. არაქსის ზემო ნაწილის დასავლეთ ტოტს, რომელიც იწყება დევაბოინის ქედთან, გაივლის დაბა ფასინლერს და შეუერთდება არაქსის ძირითად ტოტს სოფელ იაგანის ქვემოთ. არაქსის ამ დასავლეთ ტოტს ამჟამად ეწოდება ფასი-დერე, ე.ი. ფასის ხევი.
მხარის (ბასიანის) მთავარი მდინარის ამ სახელწოდებასთან (“ფასისი”) დაკავშირებულია მხარის სახელწოდება „ფასიანი” და სატომო სახელწოდება „ფასიანნი”, „ფასიანელები” (იქვე, გვ. 519). იხ. აგრეთვე (იქვე, გვ. 184-186).
პ. ინგოროყვას აზრით, ფუძე-სიტყვა ფსი (ფსა)=ფსისი, იგივე ფასი=ფასისი გვხვდება აფხაზეთში და მთელს დასავლეთ საქართველოში, ასევე ზემო არაქსის ხეობაში, სპერსა და კლარჯეთში. აფხაზეთში – ნიკოფსისა, ნიკოფსია (მდინარეების სახელებია), მდ. ლაგუმფსა, მდ. რიონის ისტორიული სახელწოდება პ. ინგოროყვას მიხედვით, არის ფასისი. ჭოროხს კი ნამდვილად ერქვა ფასისი. ძველქართული საისტორიო ცნობით, მაგალითად, ანდრია მოციქულის მიმოსვლის ძველქართულ თარგმანში ბერძნული დედნის ფასისი ქართულად გადმოცემულია როგორც ჭოროხი (ბერძნული ტექსტი, გეორგიკა, IV, 1. გვ. 58, ქართული ტექსტი – საქართველოს სამოთხე, გვ. 35). ჭოროხს ასევე ერქვა აკამფსისი (აკამ-ფასისი), გურიაში იგივე ფუძისაა – სუფსა. პ. ინგოროყვას ეტიმოლოგიით, „სურ-ფსა, ანუ სურების წყალი (ფსა – წყალი). ზემო არაქსის ხეობაში – „ბასიანი”-ს სახელწოდება წარმოშობილია მდ. არაქსის სახელიდან „ფასისი”. ფასისი ერქვა არაქსს ზემოწელში. ასე რომ, „ფასისი” ერქვა უამრავ მდინარეს ჩრდილოკავკასიიდან – ფსოუდან ევფრატის ხეობამდე, პ. ინგოროყვას აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ფასისი-ფსი აღნიშნავდა ცნებას „წყალი”, აქედანაა „ფშა”, „ფშანი” და სხვა (იქვე, გვ. 185). „ფას” სიტყვას ზოგჯერ დაერთოდა ბრუნვის ნაწილი „ისი” და მიიღებოდა ფასისი ან ბასისი. ასევე ზოგჯერ ერთვოდა ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი რიცხვის ნიშანი „თა” – „ფსთა”.
ფუძე „ფას”
ნ. მარს მიაჩნდა, რომ დასავლეთ საქართველოსა და ბასიანში ცხოვრობდა ხალხი „ფას” სახელის მქონე. ეს ფუძე „ფასი” გამოიყოფა სიტყვა „ფაზისიდან”, ჟღერს ისტორიული ოლქების სახელებში „ბასიანი”, რომელთაგან ერთი ტაოს სამხრეთით, მეორე კი დიდი კავკასიის მთიანეთში მდებარეობდა. ორივე ბასიანიდან გაედინებოდნენ მდინარეები „ფაზისის” სახელის მქონენი. ერთის მახლობლად არაქსი, მეორისა კი რიონი (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფაზისის ისტორიისთვის. გვ. 86).
პ. ინგოროყვას დაკვირვებით, ბასხი იგივე მესხია, ბასხი და ფასხი ერთი წარმოშობის სიტყვებია. ბასხისაგანაა მიღებული „აბასხი” ანუ „აბასგი”, აბასგი, მაშასადამე, იგივე მესხია (მესღი) (სხ=სღ=სგ). კოლხები – მესხური ტომია ჰეკატოს მილეტელის მიხედვით. შესაძლოა, სიტყვა მესხისგანაც იყო მიღებული ფასიანი – ბასიანი, მაშინ მისი თავდაპირველი ფორმა იქნებოდა ფასხიანი-ბასხიანი-მესხიანი. თუ მესხების მიგრაცია მართლაც მოხდა ჩრდილოეთით, როგორც ფიქრობენ და, ვთქვათ, „მცხეთა” სახელი მესხისაგანაა მიღებული, მაშინ არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ მესხები ამ მიგრაციის დროს რიონის ხეობაშიც დასახლდნენ და მისცეს თავისი სახელი – ფასი-ბასხი, ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე VI საუკუნის ცნობა, რომ ქართლის მეფეს იუსტინიანეს ეპოქაში ბრძოლა ჰქონია დასავლეთ საქართველოში ტასკუნთა ტომთან, ვფიქრობ, დედანში ეწერა არა ტასკუნი, არამენ ბასკუნი (“ტ” და „ბ” ძველ ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში იდენტური ასონიშნებია ერთნაირი თავებით, მხოლოდ ფეხის ვერტიკალური ხაზები აქვთ წანაცვლებული). ბასკუნები იგივე ბასხიან, ბასხ-ონ, ბასხ-უნები, ანუ მესხები უნდა იყვნენ, ალბათ, რომელნიც, ჩანს, ამ ეპოქაშივე რიონის ხეობიდან თანამედროვე აფხაზეთში გადავიდნენ საცხოვრებლად – ბასხი-ბასგი-აბასგი სიტყვები მესხი და ფასისი როგორღაც დაკავშირებულია ერთმანეთთან. თუმცა, ბერძნების აზრით, „ფასისი” ბერძნული სიტყვაა და ერქვა ჰელიოსის ვაჟს, რომელიც დაიხრჩო მდ. არქტურაში, რომელსაც შემდეგ მდ. ფაზისი ეწოდა ამ მოვლენის აღსანიშნავად (მ. ბერძნიშვილი, იქვე, გვ. 85).
მ. ბერძნიშვილი – „ფაზისი რიონია, ყვირილა ძირულასთან ერთად”
სტრაბონის ცნობით, შუა აზიიდან ინდოეთის საქონელი მდინარე ამუ-დარიით (ოქსუსით) ჩაჰქონდათ კასპიის ზღვაში, იქიდან კი მტკვრის გავლით შავ ზღვაში. მტკვარს (კირსა) და ფაზისს ერთმანეთს აკავშირებდა „ოთხი დღის სახმელეთო გზა”. კერძოდ, ეს გზა სარაპანის ციხიდან შედიოდა იბერიაში მტკვართან. „ეს გზა ყოფილა ფართო შარაგზა, ჩვენებური გამოთქმით – საურმე გზა” (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფაზისის ისტორიისთვის, გვ. 99).
იბერია-კოლხეთის ამ მაკავშირებელ გზაზე 120 ხიდი ყოფილა გადებული მ. ბერძნიშვილის აზრით. მართლაც, სტრაბონი წერს – „იბერთა ქვეყანაში ერთი შესასვლელი არის კოლხეთის ციხე სარაპანაზე და მის მეზობელ ხეობაზე. ამ ხეობაზე ფაზისი, რომელიც მიხვეულ-მოხვეულობის გამო გასავალი შეიქმნა 120 ხიდის მეშვეობით, მძაფრად და გაქანებით მიემართება კოლხეთში, ხრამავს რა წვიმიან დარში ამ მიდამოებს მრავალი ნაკადით. მას სათავე აქვს (იბერიის) ზემდებარე მთებში. ასეთია გასავალი კოლხეთიდან იბერიაში, შებრკოლებული კლდეებით, სიმაგრეებით და მდინარეებით, ხევებს რომ წარმოქმნიან (იქვე, გვ. 100).
ჩვენი ეპოქის მეცნიერებმა უეჭველ ფაქტად მიიჩნიეს, რომ სტრაბონის სარაპანა არის შორაპანი ზესტაფონთან, მაგრამ მათ ამ რწმენას წინ ეღობება ის, რომ სტრაბონის მიხედვით სარაპანა მდ. ფაზისზე მდებარეობდა (“ფაზისი გემსავალია, აღმა ვიდრე სარაპანას ციხემდე”). მაგრამ შორაპანი საკმაოდაა დაშორებული ჩვენი მეცნიერების მიერ ფაზისად მიჩნეულ მდინარე რიონს. ამიტომაც დაადგინეს, რომ ყვირილა, რომელიც ჩამოუდის შორაპანს, მდინარე ფაზისის ზემოწელი იყო, თუმცა დიდი ეჭვი იმისა, რომ ოდესმე მდ. ყვირილაზე შორაპნამდე შავი ზღვიდან გემები ამოდიოდა – უყურადღებოდ დარჩა. მდ. ყვირილა მდ. ფაზისის ზემოწელი მართლაც რომ ყოფილიყო, როგორც აღინიშნა, სტრაბონის ცნობა მაინც ძალზე გაურკვეველი დარჩებოდა, რადგანაც ყვირილას სათავეა ჭიათურა-საჩხერის რეგიონი და აღმოსავლეთ საქართველოს გადასავლელი მისგან ძალზე დაშორებულია. ამიტომაც მკვლევრებმა გამოსავალი მოძებნეს იმით, რომ ფაზისად მიიჩნიეს „ჯერ ყვირილა, შემდეგ კი ძირულას ხეობა”. წერს კიდეც ბერძნიშვილი – „სტრაბონი იბერიაში კოლხეთიდან გადასავალ გზასთან დაკავშირებით ამბობს ცოტა არ იყოს გაურკვევლად. საქმე ისაა, რომ აქ სტრაბონი აგვიწერს სარაპანის აღმოსავლეთით მდებარე და იბერიისკენ მიმავალ გზას, რომელიც მისი ცნობით, მიემართება სარაპანის მეზობელი ხეობით. ამ ხეობაზეო, განაგრძობს იგი, გზა გასავალია, ვინაიდან ფაზისზე – ფაქტიურად ნაგულისხმევია, ჩვენი ფიქრით, ჯერ ყვირილას, მერე ძირულას ხეობა – 120 ხიდია გაკეთებულიო” (მ. ბერძენიშვილი, გვ. 94). მაშასადამე, შორაპნიდან შიდა ქართლის გზაზე ყვირილასა და ძირულას ხეობაზე ოდესღაც 120 ხიდი ყოფილა გადებული. მათგან თუნდაც ერთი ხიდის ნაშთი მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო, ასეთი კი არ იძებნება. სამაგიეროდ, ძველი ქვის თაღოვანი ხიდები მრავლადაა დარჩენილი ამჟამადაც ჭოროხის შენაკადებზე, ლიგანსა, აჭარასა და შავშეთში. ჩანს, არა შორაპანს ერქვა სარაპანა სტრაბონის დროს, არამედ თანამედროვე ართვინს, რომლის აღმოსავლეთით არტანუჯის და შავშეთის ორი გზა მიემართება არტაანში, ანუ ძველი იბერიის ოლქში.
ფასისის შენაკადი მდ. რეონი გ. გრიგოლიას მიხედვით
(პეტრა, სებასტოპოლისი, კუტაია)
პროკოფის ცნობიდან ჩანს, რომ მდ. რეონი იყო ერთ-ერთი შენაკადი მდ. ფასისისა. წყარო სრულიად ნათლად აჩვენებს, რომ ფასისი და რეონი არის ორი სხვადასხვა მდინარე. არათუ ჩანს, პროკოფი კესარიელი წერს კიდევაც ამის შესახებ, – ცნობა ეხება სპარსეთის ჯარების მსვლელობის მარშრუტს, მერმეროეს სარდლობით. ის იბერიის მხრიდან შევიდა ლაზიკაში, მაგრამ გზაში აცნობეს, რომ პეტრა უკვე აიღეს რომაელებმა (ბესას მთავარსარდლობით) და მათ 551 წ. პეტრას ციხის კედლები მიწასთან გაასწორეს, რომ „მტერს კვლავ არ გაეჭირვებინა საქმე რომაელთათვის… მერმეროემ გაიგო ყველაფერი, რაც მოხდა და სრულიად შეცვალა ის გზა, რადგან იცოდა, რომ მდინარე ფასისის იქითა მხარეს ლაზებს პეტრას გარდა სხვა არც ერთი დასახლებული ადგილი არ მოეპოვებოდათ. ის გაბრუნდა და დაიჭირა იბერიიდან კოლხიდის ქვეყანაში გადასასვლელი ადგილები, სადაც ფასისის გადასვლა შეიძლება ფონით, გადალახა ეს მდინარე ფეხით, გადალახა აგრეთვე მეორე მდინარეც, სახელად რეონი – არც ეს არის აქ სანაოსნო – და ფასისის მარჯვენა მხარეს რომ აღმოჩნდა, წაიყვანა ჯარი ერთი ქალაქის არქეოპოლისის წინააღმდეგ, რომელიც არის მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაში” (გეორგიკა II, გვ. 180-182).
მაშასადამე, პროკოფი წერს: „მდ. ფასისის შემდეგ მერმეროემ გადალახა აგრეთვე მეორე მდინარეც სახელად რეონი”.
გ. გრიგოლია წერს, რომ პროკოფის შრომის ეს ადგილი დიდი ხანია მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კერძოდ კი, აკრიტიკებს ს. ყაუხჩიშვილს, რომლის აზრითაც იბერიიდან გადმოსულმა სპარსელებმა ჯერ მდ. ყვირილა გადალახეს, რომელიც მას ფასისად მიაჩნია და შემდეგ მდ. რიონი – „როგორც ვხედავთ მკვლევარი ეწინააღმდეგება ადრე გამოთქმულ თავისსავე მოსაზრებას ბოას-ფასისთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ყვირილა ბოასია და არა ფასისი” (გ. გრიგოლია „ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები”, 1994, გვ. 53).
თვით გრიგოლიას თვალსაზრისით კი სპარსელ-რომაელთა ომების პირველ ეტაპზე პეტრასთან დაკავშირებით, ფასისად იგულისხმება მდ. ჭოროხი, პეტრა მდებარეობდა, წყაროთა ცნობებით, ფასისთან ახლოს. პეტრა ფასისს პროკოფის ცნობით ერთი დღის სავალი (დაახლოებით 30 კმ) მანძილით იყო დაშორებული და მდებარეობდა ლაზიკის საზღვართან მდ. ფასისის მარცხნივ დაუსახლებელ ადგილას, „პონტოელთა მეზობლად”. პეტრას სიმაგრე იყო იმ ადგილს, სადაც ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ. უკაცრიელ ადგილას საეპისკოპოსო კათედრა ვერ დაარსდებოდა, თანაც აქ მუდამ ომები იყო. გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, არა კათედრა, არამედ პეტრას სიმაგრე – ხუფათთან მდებარეობდა ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე. ეს მდინარე ჭოროხი (ფასისი) გადაულახავს მერმეროეს თავისი სპარსული ჯარით და შემდეგ კი იქვე გამდინარე „მეორე მდინარე რეონი”, ანუ ჭოროხის შენაკადი, გადაულახავს და კვლავ ფასისის ანუ ჭოროხის მარჯვენა მხარეს გადასულა (“ფასისის მარჯვენა მხარეს აღმოჩნდა”) და ჯარი წაუყვანია ქალაქ არქეოპოლისისაკენ, რომელიც როგორც ჩანს, ისევ იქვე, მახლობლად, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზევე მდებარეობდა. ჩვენი მეცნიერების დაბეჯითებული მტკიცებით არქეოპოლისი არის ნოქალაქევი. თუკი ფასისი ჭოროხია, ხოლო რეონი არის არა მდინარე რიონი, არამედ ჭოროხის ერთ-ერთი შენაკადი, მაშინ არქეოპოლისიც იქვე უნდა ვეძიოთ. მართლაც, თუკი არქეოპოლისი იყო ნოქალაქევი, რომელსაც ჩვენი მეცნიერები „ლაზიკის დედაქალაქს” უწოდებენ, რატომ არ შედიოდა ტაბულა პევტენგერიანას რუკის საგზაო მაგისტრალი ნოქალაქევში? სახელმწიფოს დედაქალაქს განა გვერდს აუვლიდა სავაჭრო და სამხედრო გზა? ამასთან დაკავშირებით გ. გრიგოლია წერს – „ძნელი წარმოსადგენია, რომ გზას გვერდი აევლო დედაქალაქისათვის და კასტორიუსს იგი გამორჩენოდა” (გ. გრიგოლია, ეგრის ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, 1994, გვ. 108).
გ. გრიგოლია წერს, რომ კასტორიუსის რუკის ანუ ტაბულა პევტენგერიანას მიხედვით (სეგმენტი XI-XII) მნიშვნელოვანი გზა სომხეთის ძველ დედაქალაქ არტაშატიდან მიემართებოდა სებასტოპოლისისაკენ… ტაბულა პევტენგერიანას რუკის აღნიშნული მაგისტრალი არ შედის ნოქალაქევში, რომელიც „ეგრისის დედაქალაქი” იყო რუკის შედგენის დროს (III-IV საუკუნეებში). ასევე გზა არ შედის ფოთის მხარეს (რომელიც ქ. ფასისად მიიჩნევა), და რაც ასევე ძალზე საინტერესოა – გზაზე არ ჩანს კუტაია – ქუთაისი” (იქვე, გვ. 109).
როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ რომის იმპერიის უმთავრეს საგზაო რუკაზე არ დაეტანათ ნოქალაქევი, ქუთაისი და ფოთი, თუკი ისინი ნამდვილად იყვნენ ძველ სამყაროში ძალზე ცნობილი არქეპოლისი, კუტაია და ფასისი. მაგრამ, რადგანაც ამ ძველ მთავარ ქალაქებში არ შედის ამ რუკის გზები, უნდა ვიფიქროთ, რომ ძველი არქეოპოლისი არ არის ნოქალაქევი, კუტაია – თანამედროვე ქუთაისი და ქ. ფასისი არ არის ფოთი. გ. გრიგოლიამ ასე გადაჭრა ეს საკითხი კასტორიუსის რუკის აღნიშნული სეგმენტის უმთავრესი გზა არტაშატიდან მიემართება ქ. სებასტოპოლისისაკენ, და საერთოდ, გზის დამამთავრებელი ქალაქი არის სებასტოპოლისი, ხოლო გ. გრიგოლიას კვლევით ეს ქალაქი სებასტოპოლისი არის არა აფხაზეთის ქალაქი ცხუმი, არამედ ბათუმთან ახლოს მდებარე ციხისძირი. მაშასადამე, არტაშატიდან გზა მიემართება ციხისძირში – ერთ-ერთ საპორტო ქალაქში. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეს გზა ვერ გაივლიდა ქუთაისს, ფოთსა და ციხე-გოჯს.
სებასტოპოლისი თუ არის ციხისძირი, მაშინ სხვა ქალაქები მის სამხრეთით უნდა მდებარეობდნენ, რადგანაც ცნობილია ძველი წყაროებით, რომ სებასტოპოლისი უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა, შესაბამისად, გ. გრიგოლიას კვლევიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ციხისძირის ახლოს იყო ქალაქი არქეოპოლისი. სად შეიძლებოდა ყოფილიყო ის? უნდა ვიფიქროთ, რომ არქეპოლისი ბერძნულად იგივეა, რაც ლათინურად „პორტუს ალტუს” (პორტუს ალტუს), რაც ღრმა ანუ ძველ პორტს ნიშნავს ჩვენი მთარგმნელების აზრით. ძველად ალბათ მას „ძველი პორტის” ან „ძველი ქალაქის” მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბერძნულად – არქეპოლისია. ეს ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე ბათუმთან ახლოს. სებასტოპოლისი – ციხისძირის ახლოს უნდა ყოფილიყო.
გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, არსებობდა „ორი სებასტოპოლისი” (გ. გრიგოლია, დასახ. ნაშრ. გვ. 81), ერთი – აფსაროსსა და ფასისს (ჭოროხს) შუა (იქვე, გვ. 83), მეორე კი იყო ცხუმი (იქვე, გვ. 83). მისივე აზრით, იყო ორი პითია (პიტიუნტი), ერთი იყო რიზესთან (იქვე, გვ. 89) და სხვა, ალბათ მსგავსადვე, შესაძლოა თანამედროვე ქუთაისის გარდა სხვა პუნქტსაც ერქვა „კუტაია”, რომლის რეგიონში ჩაედინებოდა მდინარე „რეონი” (და არა რიონი). ის, როგორც წყაროდან ჩანს, მდებარეობდა ლაზიკის ქვეყნის მდიდარ რეგიონში, რომელსაც „მოხირისი” ერქვა. ჩვენი მეცნიერების თვალსაზრისით, ასეთი გამორჩეულად მდიდარი რეგიონი დასავლეთ საქართველოში არის ქუთაისის სანახები ცხენისწყლამდე. ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, რადგანაც დასავლეთ საქართველოში სხვა რეგიონებიც არანაკლებ მოსავლიანი და უფრო უხვმოსავლიანებიც კია, ხოლო თუკი ფასისი არის მდ. ჭოროხი, მისი ხეობა მართლაც თვალხილულად ვიწროა, კლდოვანია, ნაკლებმოსავლიანია და მხოლოდ ერთი გამორჩეული მხარეა ერგე-ლიგანი, რომელიც შეუდარებლად უხვმოსავლიანია. ერგე-ლიგანის უხვმოსავლიანობის და გამორჩეულობის შესახებ ვახუშტიც მიუთითებს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო „მოხირისის” მხარე, თავისი „რეონით” და კუტაია-ქუთათისით. პროკოფი კესარიელის „ქუთათისი-კუტაია” უნდა იყოს პუნქტები ჭოროხის ხეობისა, რომელიც შედარებით ახლოს იყო ზღვასთან, ვიდრე რიონის ქუთაისი. ზღვასთან შეერთების ადგილას პროკოფი მიუთითებს „ფასისის კლდეების” შესახებ, ეს ცხადი,ა არ არის რიონი (იქვე, გვ. 31), რადგანაც უზარმაზარი კლდეები და კლისურები რიონის ხეობაში არ გვხვდება. პროკოფის სიტყვით ,“კავკასიის” მთასთან ფასისი მიმართულებას იცვლის, გ. გრიგოლიას აზრით – „გაუგებრობაა „კავკასიის” ძიება ყვირილა-რიონის შესართავთან” (იქვე, გვ. 39). გ. გრიგოლიას დასკვნით, კავკასია ერქვა კლარჯეთის მთებს, ჰეროდოტეს ცნობით, კავკასია ვრცელდება არმენიიდან კოლხთა მხარემდე (იქვე, გვ. 39). როგორც ითქვა, აქ იყო (კლარჯეთში) – „საკავკასიძეო”, ამიტომაც „პროკოფის ფასისი რიონი არაა” (იქვე, გვ. 50).
პროკოფის სიტყვით, ფასისი კლდეთა შორის მიედინება, ამიტომაც მისი კალაპოტი უცვლელია, ხოლო „რიონი მეანდრებად დახვეული დანავარდობს ვაკეზე” (იქვე, გვ. 49) – წერს გ. გრიგოლია. მაშასადამე, პროკოფის ფასისი არის მდ. ჭოროხი – კლდეებში ჩაჭედილი. წინააღმდეგობას იმაში ხედავდნენ ჩვენი მეცნიერები, რომ ძველ ავტორთა ცნობით, ფასისი იყო სანაოსნო, ხოლო ჭოროხს რატომღაც არ თვლიან სანაოსნო მდინარედ. გ. გრიგოლიას სიტყვით კი ჭოროხი „ფორჩხიდან მაინც” ვიდრე ზღვამდე სანაოსნოა (იქვე, გვ. 49). მისი მსჯელობიდან ჩანს, რომ ჭოროხთან იყო არქეოპოლისი, სებასტოპოლისი, პიტიუნტი, ქ. ფასისი, მოხირისი, როდოპოლისი, სკანდე და სარაპანი (იქვე, გვ. 51). მისი დასკვნით, პეტრას ომები არ შეხებია ყვირილა-რიონის ხეობას (იქვე, გვ. 50). გ. გრიგოლიამაც მიაქცია ყურადღება პროკოფის ცნობას, რომ ცხენის საკვების სიმცირის გამო სპარსელები იძულებულნი გახდნენ უკან გაებრუნებინათ ლაზიკიდან 25 000-იანი ჯარი. დასავლეთ საქართველო და რიონის ხეობა რომ იგულისხმებოდეს პროკოფის „ლაზიკის” ქვეშ, ცხადია, უბალახობის გამო სპარსელებს ცხენები არ დაეხოცებოდათ, რადგანაც დასავლეთ საქართველო სწორედ ჭაობისა და ბალახის ქვეყანაა. მაგრამ ჭოროხის კლდიანეთში კი ნამდვილად ცოტა ბალახია – ციცაბო, დაკიდებული კლდეების გამო აქ ნამდვილად გაჭირდებოდა 25 ათასი ცხენის გამოკვება. ამიტომაც პროკოფის ლაზიკე – ჭოროხის ხეობაა (იქვე გვ. 54). ასევე ყურადღება უნდა მიექცეს, რომ შავშეთ-კლარჯეთში მრავალი ტოპონიმი შეიცავს ფუძე „მერ”-ს. ერთ-ერთი ასეთი უნდა ყოფილიყო „უქიმერიონი”. ის მდებარეობდა არა რიონის ქუთაისთან, არამედ ჭოროხის ერგეს ქვეყანაში, სადაც ვვარაუდობთ „კუტაიას” არსებობას. სპარსელებს ლაზიკის ომების დროს თავიანთი ცნობილი რვა საომარი სპილო უნდა შემოეყვანათ არტაან-ართვინის გზით, რომელნიც როგორც ცნობილია, აომეს არქეოპოლისთან და ფასისთან, ანუ სადღაც ჭოროხის შესართავთან მდებარე ქალაქებთან. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ცნობილი ქვეყნები – სვანია, სკვიმნია და აფშილეთი მდებარეობდნენ ჭოროხის ჩრდილოეთით, ანუ ჭოროხის მარჯვენა სანაპირო მხარეს, ჩანს, მოიცავდნენ თანამედროვე ქობულეთს, გურიას და მათ მთიანეთს. მართლაც, წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ცხოვრების მიხედვით, რაც მოციქულებმა გადალახეს ჭოროხ-ფასისი, ისინი, წყაროს ცნობით, შევიდნენ სვანეთში. ძველი ქართველი ავტორები, მათ შორის მთაწმიდელები, ფასისად ყოველთვის მდ. ჭოროხს მიიჩნევდნენ. სპარსელ-რომაელთა ომი იმას გამოუწვევია, რომ საზღვარი ხოფა-ხუფათიდან იუსტინიანეს უფრო ჩრდილოეთით გადაუტანია (იქვე, გვ. 71). გ. გრიგოლია, როგორც აღინიშნა, პეტრად მიიჩნევს შემდეგდროინდელ ხუფათს. აქ გაედინება მდ. პეტროღალი. პეტრა 551 წელს დაურბევიათ, ამიტომაც პეტრონის ცნობილი ეპისკოპოსი, რომელმაც თეოდორე ფასისელ ეპისკოპოსთან ერთად ხელი მოაწერა VII (692 წლის) კრებას, ჩანს, იჯდა არა სიმაგრე პეტრაში, არამედ რომელიღაც სხვა, მახლობელ ქალაქში, რომელსაც ასევე პეტრონი, პეტრა ერქვა. ასეთი ქალაქი არაერთი იყო. პ. ინგოროყვას ცნობით, ცნობილი პითია რიზესთან მდებარეობდა (იქვე, გვ. 89). გ. გრიგოლიას დასკვნით, ბათუმ-ციხისძირ-ურეკის რეგიონი იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური რეგიონი, შესაბამისად, მისი მომცველი იყო ჭოროხის ხეობასთან ერთად ლაზიკა (გვ. 93). ლაზიკაში კლარჯეთიც შედიოდა. ჩანს, კლარჯეთს მიიჩნევდნენ მესხეთის ერთ-ერთ ნაწილად. ძველი ავტორების ცნობით მესხეთი სამ ნაწილად იყო გაყოფილი – ერთი ნაწილი ეკავა იბერიას, მეორე არმენიას, მესამე კი ლაზიკას. ჩანს, იგულისხმება ის, რომ მესხეთის მხარეები სამცხე-არტაან-კოლა შედიოდა იბერიაში, ტაო და ბასიანი – არმენიაში, ხოლო კლარჯეთი – ლაზიკაში. გ. გრიგოლია არ ეთანხმება იქამდე არსებულ, ძირითადად ს. ყაუხჩიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს, რომ მაგალითად, ზიგანე იყო გუდაყვა, პითია – ბიჭვინთა, სებასტოპოლისი კი დიოსკურია – ცხომი, მოხორა – მუხურისი, მას მიაჩნია, რომ IV საუკუნის ბოლოსათვის აფხაზეთის პიტიუნტი – ბიჭვინთა აღარ წარმოადგენდა სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს (არქეოლოგიური მასალების მოწმობით), რადგანაც, მაგალითად, იქ სადაც იყო გარნიზონის მთავარი სადგომი, შემდეგში, კერძოდ IV საუკუნეში, გაუმართავთ კერამიკული ქურა. ამის გამო გ. ლორთქიფანიძე საერთოდ გამორიცხავს V საუკუნეში ბიჭვინთაში ბიზანტიური გარნიზონის ყოფნას (იქვე, გვ. 121). გ. გრიგოლიას თვალსაზრისით, IV-V საუკუნეებში დასავლეთ საქარ¬თველოში საერთოდ არ იდგა ბიზანტიური გარნიზონები (იქვე, გვ. 122), რომ ნოტიციას შედგენის დროს აფხაზეთის პიტიუნტი და სებასტოპოლისი არ ეკუთვნოდათ რომაელებს (იქვე, გვ. 122). გრიგოლია ეთანხმება ნ. ადონცს, რომ ნოტიციას ზიგანა მდებარეობდა ტრაპეზუნტის რეგიონში ზიგანას უღელტეხილთან, მაშასადამე, იქვე იყო ზიგანას საეპისკოპოსო, იქვე იყო მოხორა (გვ. 122). საერთოდ კი ლაზიკა და არმენია ერთმანეთს ემეზობლებოდნენ, საერთო საზღვარი ჰქონდათ. ამიტომაც გადიოდა ლაზიკაში ე.წ. „არმენიის გზა”, რომელიც ამ ორ ქვეყანას აერთებდა. ცხადია, იგულისხმება არტაან-ართვინის გზა, რომელიც არმენიაში გადიოდა.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გ. გრიგოლია, ასე ვთქვათ, ზოგჯერ გაორებულია. მაგალითად, ის მიიჩნევს, რომ სპარსეთ-რომაელთა ომების პირველ ეტაპზე მდ. ფასისი არის ჭოროხი (პეტრასთვის ომებისას), ხოლო მეორე ეტაპზე კი მდ. რიონი (არქეოპოლისის ომებისას). შესაბამისად, ფიქრობს, რომ არქეოპოლისი, კუტაია, სკანდა და სარაპანა მდებარეობდნენ იქ, სადაც ამჟამად მათ მდებარეობას მიუთითებენ სხვებიც. მაგრამ ამ შემთხვევაში გ. გრიგოლია ჩვენი თვალსაზრისით ცდება, რადგანაც ამ ომების დროს მდ. ფასისად ყოველთვის იგულისხმებოდა მდ. ჭოროხი, და მის მარჯვენა სანაპიროზე უნდა ვეძიოთ დასახელებული პუნქტები, კუტაია – ერგეში, სკანდა და სარაპანა კი კლარჯეთ-არტაანის საზღვარზე, რადგანაც კლარჯეთი იმ ეპოქაში ლაზიკას ეკუთვნოდა.
ჭოროხის ხეობა ო. დიდმანიძის მიხედვით
ბორჩხადან – აჭარისწყლის შესართავამდე ქვეყანას ერგვე – „ლივანა” ერქვა, აჭარისწყლის ქვემოთ კი – ერგე. ბორჩხაში საქონელი შედიოდა ართვინის ბაზრობიდან. ართვინში იმართებოდა ბაზრობა, ვაჭრები ყიდულობდნენ საქონელს, რომელიც ბორჩხაში გადაჰქონდათ, ბორჩხადან კი უკვე მარადიდელი მენავეები აგრძელებდნენ ტვირთზიდვას მახოს ხიდამდე. მოხუცი მარადიდელი, ნავის უკანმთრეველის სიტყვით, ნავს უკან მიათრევდა 3-4 მუშა „ჯოხებით”, საფიქრებელია, რომ მას სურდა ეთქვა, რომ ეს 3-4 კაცი მდინარის დინების მიყოლისას იყო ნავზე.
ო. დიდმანიძე მიიჩნევს, რომ სტრაბონის ფასისის ზღვასთან შესართავის აღწერა შეესაბამება ჭოროხის ზღვასთან შერთვის ადგილს – სტრაბონის ცნობა – „მიწა ზღვის სანაპიროზე შლამიანია და მდინარეთა შეერთების ადგილებში ჭაობიანი” (სტრაბონი, გეოგრაფია, ლ., 1964, გვ. 472) შეესაბამება ჭოროხის შესართავს, რადგანაც მკვლევრის სიტყვით – „მართლაც, ჩვენს მხარეში (გულისხმობს აჭარას) მიწა ზღვის სანაპიროზე შლამიანი და ჭაობიანი იყო კოლექტივიზაციის პერიოდამდე (ო. დიდმანიძე, სოფელი მარადიდი, ბათუმი, 2006, გვ. 21). „ქვეყანა განთქმული ნაყოფით გარდა თაფლისა, რომლის დიდი ნაწილი მწარეა” – სტრაბონის ეს ცნობაც, ო. დიდმანიძის აზრით, შეესაბამება ჭოროხის დელტის ქვეყანას. მართლაც, ჭოროხის ზღვასთან შერთვის ქვეყანა (ე.ი. ქვემო აჭარა) დიდად ნაყოფიერი ქვეყანაა, რასაც ვერ ვიტყვით მდ. რიონის შესართავის ქვეყნის მიმართ. სამტრედიიდან – ფოთამდე არა თუ წარსულში, ახლაც კი დაჭაობების გამო მოსავალი მოდის მხოლოდ ხელოვნურად დაშრობილ მიწებზე. სტრაბონის ცნობით, ფასისის ქვეყანა ასევე განთქმული იყო გემთმშენებლობისათვის საჭირო ყველა მასალით. აქ აწარმოებენ ბევრ ხე-ტყეს და აცურებენ მდინარეებით” (სტრაბონი, დასახელ. ნაშრომი, გვ. 472). ამ ცნობასთან დაკავშირებით მკვლევარი წერს: „ეს მხარე (ე.ი. ჭოროხის ხეობა) განთქმული იყო ნავთმშენებლობისათვის საჭირო ყველა მასალით, ამიტომაც აქვე ამზადებდნენ ნავებს, თითქმის ყველა მოგზაურ-მკვლევარი ამას საგანგებოდ აღნიშნავდა, რასაც ეთნოგრაფიული სინამდვილეც ადასტურებს. მარადიდი ხომ მთელ საქართველოში განთქმული იყო თავისი ნავთმშენებლობით, ისინი დაცურავდნენ აფხაზეთსა და რუსეთის მიჯნამდე, ხე-ტყეს რომ აცურებდნენ მდინარეებით, განსაკუთრებით აჭარისწყალსა და ჭოროხზე ამას არაერთი ავტორი აღნიშნავს” (ო. დიდმანიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 21).
სავარაუდოდ, რიონზე ხე-ტყეს არ აცურებდნენ მისი ნელი დინების გამო, აგრეთვე კალაპოტის ხშირი ცვლის გამო. შემდეგ სტრაბონი განაგრძობს ფასისის ხეობის დახასიათებას, ის დამატებით ამბობს შემდეგს: მოსახლეობა ამზადებს ბევრ სელის ტილოს, საბაწრე მასალას. ამუშავებენ თაფლის სანთელს და ფისს. ადგილობრივი წარმოების სელის ქსოვილი სარგებლობს აგრეთვე ფართო მოთხოვნილებით. ნამდვილად მათ გაჰქონდათ სელის ქსოვილები სხვა ქვეყნებში” (სტრაბონი, გეოგრაფია, ლ. 1964, გვ. 472).
მე არ ვიცნობ სელის ქსოვილების რაიონის დაბლობში დამამზადებელთა პირად საუბრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ. ასეთნი კი ჭოროხის ხეობაში სულ ახლახანს საქმიანობდნენ არც თუ შორეულ წარსულში. ამ კუთხის მკვიდრი წერს – „მარადიდი და საერთოდ ლივანის ხეობა განთქმული იყო სელის მოყვანით, რომელსაც ადრე იყენებდნენ ქსოვილების დასამზადებლად. ამზადებდნენ აგრეთვე საბაწრე მასალას, რაც ნავისათვის აუცილებელი იყო. ნავთმშენებლობისათვის გამოიყენებოდა აგრეთვე ფისი. ასე რომ, სტრაბონი როცა მოგვითხრობდა ყოველივე ზემოთქმულს, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა მარადიდი და მისი შემოგარენი” – წერენ ადგილობრივი მკვლევრები, რომელნიც თავიანთი თვალით ხედავდნენ ზუსტ იდენტურობას თავიანთი სოფლის ეთნოგრაფიულ ყოფასა, მათთან ჩამავალ მდინარესა და სტრაბონის მიერ აღწერილ ფასისთან დაკავშირებით (იხ. ო. დიდმანიძე, ს. გოგიტიძე, სოფელი მარადიდი, 2006, გვ. 21).
მათ ცნობებს უფრო ადრე ადასტურებენ უცხოელი მკვლევრები. მაგალითად, „ინგლისელი ჯ. პალგრევის მონაცემით, შალისა და სელის ქსოვილები დიდი რაოდენობით მზადდებოდა ბორჩხაში, მარადიდსა და წითურეთში. ქსოვილის ნაჭერი 50 პიასტრი ღირდა” (იქვე, გვ. 36).
დ. ბაქრაძის დახასიათებით, ლივანის ხეობაში მოჰყავდათ საუკეთესო ჯიშის სელი: „აქაური სელი ფუთი მანეთად გადის” (იქვე, გვ. 36) ასე, რომ სელის ქსოვილის წარმოება ჭოროხის ხეობაში რეალური, თვალხილული ფაქტია. რიონის ხეობაში მისი წარმოების შესახებ მხოლოდ მოსაზრებები არსებობს. სტრაბონის ცნობა ფასისის ხეობაში სელის წარმოების შესახებ უფრო ჭოროხის აუზს შეესაბამება. სხვათა შორის, ლივანში მოდიოდა ზეთისხილი, იგი ნავებით გადაჰქონდათ ბათუმში, ხოლო მოხირისის უხვმოსავლიანობის შესახებ ცნობა უფრო ლივან-ერგეს რეგიონს შეესაბამება. როგორც მრავალჯერ აღინიშნა, ო. დიდმანიძის ცნობით – „ლივანის სოფლებში, დაბლობ ადგილებში მოჰყავდათ ბრინჯი, სიმინდი, ყურძენი, თუთა, თაფლი, ღომი, ჭვავი, ლობიო” (იქვე, გვ. 36). კაკლის ხეებიც – ავეჯის მასალა – ასევე ნავებით გადაჰქონდათ, თუმცა კი ლივანში „ხეობის სივიწროვისა და ციცაბო მთების სიმრავლის გამო, ბათუმის ოლქში სხვა ხეობებთან შედარებით სახნავ-სათესი მიწა – ცოტაა” (იქვე, გვ. 36). ეს აღწერა მთლიანად იდენტურია პროკოფისეულ ლაზიკის აღწერასთან.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით, ბათუმის ოლქის მარადიდის მაზრაში შედიოდა გონიო, ერგე, კახაბერი, მახო, ჯოჯო და სხვა (იქვე, გვ. 35). მარადიდში ამზადებდნენ სახელგანთქმულ ჭოროხის ბრტყელძირა ნავებს. იყო 10-მდე სახელოსნო, აქვე იმართებოდა დიდი ბაზრობები (იქვე, გვ. 38). ასე, რომ მარადიდის მაზრა დიდი რაიონი იყო, მასში 1914 წლისათვის სარფიც შედიოდა (იქვე, გვ. 40). ე. ვეიდენბაუმმა ბათუმიდან ართვინამდე ფეხით იმოგზაურა, ხოლო უკან ნავით დაბრუნდა. ნ. შავროვის ცნობით, სოფელი ქვედა მარადიდი ითვლებოდა ბათუმის ოლქის მნიშვნელოვან სოფლად. იგი მდებარეობდა ჭოროხის მარცხენა მხარეზე, ფართო სანაპირო დაბლობზე. აჭარისწყლიდან 5 ვერსზე (იქვე, გვ. 45). ჩემი აზრით, მას პროკოფი „ქუთათისს” უწოდებს, რადგანაც, მისი უბანია „ქუთურეთი”, რომელიც ეტიმოლოგიურად „ქუთათისის” იდენტურია, რადგან ორივე სიტყვის ძირი – „ქუთ”, მით უმეტეს, რომ იქვე ვაკეზე ყოფილა ციხე „უქიმერიონი”. ამ სიტყვაშიც ფუძე – „მერე” ადგილობრივია და ნიშნავს „მდინარისპირა ვაკე ადგილს”. ასეთი იყო სწორედ ქვედა მარადიდი და მისი ვაკის ციხესაც ჩანს ეს სახელი „ვაკის” (უკის) ციხე, ე. ი. უკიმერე- უქიმერიონი ერქვა. „ჭოროხის ნავები ძლიერ განსხვავდება რიონში მოცურავე ნავებისაგან” (იქვე, გვ. 45).
გ. ყაზბეგის ცნობით, ბათუმიდან მარადიდამდე ორმოცამდე ვერსის გზაა, ხოლო მარადიდიდან ართვინამდე 30 ვერსი. მის დროს „გონიოს მუდირის რეზიდენცია მარადიდში იყო გადატანილი. მარადიდის დაბლობში მიედინება მდინარეები ბრევეთი და ღრემშიღელე” (იქვე, გვ. 55).
მდინარე „ღრემშიღელე”, მართალია, მხოლოდ ასოციაციურად, მაგრამ მაინც გვაგონებს მდინარე „რეონის” სახელს, რომელიც ქუთათისთან გაედინებოდა პროკოფი კესარიელის ცნობით. ჩვენი თვალსაზრისით, პროკოფის ქუთათისი ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა, რასაც თითქოსდა ადასტურებს მარადიდის ერთ-ერთი უბნის სახელი „ქუთურეთი”. ქუთაისთან გაედინებოდა მდ. რეონი. სახელი „ღრემშიღელე” შეიძლება იყოს „ღრემის ღელე” ანუ მისი ძირია „ღრემი”, „მი” არის სუფიქსი ისევე, როგორც „ონი”. ოდესღაც შეიძლება მდინარე „ღრემს” ერქვა „ღრეონი” ანუ ამღვრეული ანდა მყვირალა წყალი (ღრევა ან ღრიალი). თუ ეს ასე იყო და მისი სახელი იყო „ღრეონი”, ფუძეში მართლაც გვაქვს „ღრე” ან „რე”, ისევე, როგორც პროკოფის „რეონში”. საერთოდ კი მარადიდის „სოფლის დაბლობი მდინარეების ბრევეთის და ღრემშიღელეს ჭოროხთან შეერთებისას წარმოქმნილ დელტებს ეკავა” (იქვე, გვ. 55). აქ, ამ დაბლობში, ჭოროხის პირას უნდა ყოფილიყო პროკოფის „უქიმერიონის” ციხე, რადგანაც საერთოდ ადგილობრივ დიალექტში „მერე” მდინარისპირა ვაკეს ეწოდება, როგორც იწოდება ამჟამად სოფლის დაბლობი.
ადგილობრივი მკვლევარი წერს: „წარსულში ყველა ოჯახი მისდევდა სელისა და კანაფის მოშენებას, რომელიც იძლეოდა ძირითად ნედლეულს (ბოჭკოს) ადგილობრივი ტანსაცმლის წარმოებისათვის” (ო. დიდმანიძე, ს. გოგიტიძე, სოფელი მარადიდი, 2006, გვ. 59). ასე, რომ ოჯახები სადაც სელი მოჰყავდათ, ამჟამადაც ცოცხალია, რაც ადასტურებს სტრაბონის ცნობას ფასისის ხეობაში სელის მოყვანის შესახებ. სელი კი ჭოროხის სოფლებში მოჰყავდათ, რიონის სოფლებში ამჟამად მისი ხსენებაც კი არაა. მარადიდელებს ასევე ცოცხალი ეკონომიკური კავშირი ჰქონდათ ზღვისპირეთთან, მაგალითად. „კირნათ-მარადიდის მოსახლეობა ჭოროხის ზღვასთან შესართავის მარცხენა სანაპიროს დაბლობში, გონიოში, სასიმინდე ყანებს იჯარით იღებდნენ” (იქვე, გვ. 62), ჩვენი თვალსაზრისით, ამჟამინდელი გონიო არის პროკოფისა და სხვა ავტორების ქალაქი ფასისი, ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, ანუ ფასისის მარცხნივ.
ო. დიდმანიძის მიერ შეკრებილი ეთნოგრაფიული მონაცემებით ნავთმშენებლობა ჭოროხის ხეობაში ძველთაგანვე იყო დაწინაურებული. ნავებს აგებდნენ სპეციალიზებულ ცენტრებში – ართვინში, ბორჩხას და ქვედა მარადიდში. მარადიდული ნავები სიდიდითა და ტვირთამწეობით აღემატებოდა ბორჩხულს.
იმის გამო, რომ ჭოროხი არ არის ღრმა მდინარე და თანაც მისი სიღრმე მდინარის სხვადასხვა ადგილას ცვალებადია, ამიტომ აგებდნენ საგანგებოდ ამ მდინარეზე გამოსადეგ ბრტყელძირა ნავებს. ეს იყო რთული და უსაფრთხოების თვალსაზრისით საიმედო, ერთგვარი უნიკალური მცურავი საშუალება (იქვე, გვ. 74).
ნავების სიგრძე დამოკიდებული იყო წელიწადის დროზე, კერძოდ, მდინარის ადიდების დროს გამოიყენებოდა 18-20 მეტრიანი სიგრძის ნავები, ხოლო მდინარის მინიმალური დონის დროს 13-15 მეტრი სიგრძისა. მდინარემ ადიდება იცის 3-4 მეტრით. გადმოცემით, დღეში მდინარეზე 25-30 ნავი დაცურავდა ინტენსიური ნაოსნობის დროს XVIII-XIX სს-ში.
მდინარის საპირისპირო მიმართულებით ნავებს მიაცურებდნენ ჭაპანით. გ. ყაზბეგის ცნობით, ნავის საშუალო სიგრძე იყო 25 ნაბიჯი, სიგანე 3 ნაბიჯი. კავკასიის კალენდრის ცნობით ნავის სიგრძე იყო 50 ფუტი (1 ფუტი არის 30,5 სმ), სიგანე 4-5 ფუტი, ასეთი ნავით 6-8 ტონა ტვირთი გადაჰქონდათ. ართვინიდან ბათუმამდე ნავის ჩაყვანას სჭირდებოდა 8-10 საათი, უკან ნავის ჭაპანით აყვანას – 4 დღე (იქვე, გვ. 76). ნავს ასევე კაიუკი ეწოდებოდა. მისი ზომა ოდნავ განსხვავდებოდა – სიგრძე 15 მეტრამდე იყო, სიგანე კი 150-180 სმ-მდე, გვერდის სიმაღლე 1,4 მ.
ნავის მესაჭეს რეიზი ერქვა, მენავეს – ტაიფი. ეს უკანასკნელნი უკანა გზაზე ნავს ნაპირიდან, მხრით მიათრევდნენ. ნავის მართვას დიდი ოსტატობა ესაჭიროებოდა, უბედური შემთხვევები თითქმის არ ხდებოდა (იქვე, გვ. 84). სოფელ მარადიდში იყო რამდენიმე ნავთსაშენი, მათი რიცხვი 20-მდე აღწევდა.
თურქეთ-სსრკ-ს საზღვრის ჩაკეტვამ ჩაკლა ნაოსნობა. სოფელ მირვეთში ჭოროხზე ხიდის აგებამ ეს პროცესი დაასრულა XX ს. 50-70-იან წლებში.
საერთოდ, ჭოროხზე ნაოსნობა იწყებოდა ართვინიდან და გრძელდებოდა ბათუმამდე, სადაც XIX ს. დასასრულამდე არსებობდა ჭოროხის ნავების ნავთსაყუდელი. უგზოობის გამო მდინარე იყო ჭოროხის ხეობის მთავარი არტერია, პირველ რიგში, სავაჭრო, ეს იყო ერთადერთი სამიმოსვლო გზა. 1903 წელს დასრულდა ჭოროხისპირა კლდეებში გზატკეცილის გაყვანა, იქამდე მის ფუნქციას მდინარე ასრულებდა. ჟან მურიეს ცნობით, ართვინიდან ჭოროხის შესართავამდე დაახლოებით 75 ვერსია (1 ვერსი არის 1 კმ და 67 მეტრი ანუ 500 საჟენი ანუ 1500 არშინი), სხვა მონაცემებით კი ართვინიდან ჭოროხის შესართავამდე 60 ვერსია (იქვე, გვ. 91). დამკვირვებელი წერდა, რომ მენავეები იცნობდნენ ჭოროხის ყველა წყალქვეშა ქვას, ყველა მორევს, ამიტომ ნავები ოსტატურად დაჰყავდათ და მათთვის ნაოსნობა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა. არიან დახელოვნებულნი. ნავი იტევდა 300 ფუთს (1 ფუთი არის 16,4 კგ). როცა ჭოროხი ადიდებული იყო, ართვინიდან კაპანდიბამდე 3-4 საათში ჩადიოდნენ (ესაა დაახლოებით 50 კმ). ნავების უკან სვლა კაპანდიბადან იწყებოდა და უმეტესად ღამით ხორციელდებოდა. ამ დროს ნავში მხოლოდ რეიზი რჩებოდა, ტაიფები კი ნაპირიდან ნავს საბლით ეწეოდნენ. დ. ბაქრაძის ცნობით, ჭოროხზე 200-მდე ნავი დაცურავდა. ნავებით ბათუმში მიჰქონდათ შავშეთიდან პური, ლიგანის ხილეული. ვეიდენბაუმის ცნობით კი ართვინიდან ბათუმში ნავებით გადაჰქონდათ ყარსისა და ჯავახეთის ხორბალი. უკან მიჰქონდათ უმეტესად მარილი და ნავთი. ჟან მურიეს ცნობით, ჭოროხზე 300-მდე ნავი დაცურავდა (იქვე, გვ. 98). დინების მიმართულებით ნავს 5-7 ტონა ტვირთი გადაჰქონდა. კაპანდიბიდან ბათუმამდე მგზავრები ნავს ტოვებდნენ. ვეიდენბაუმის ცნობით, ეს მანძილი იყო 10 ვერსი. ტვირთები ართვინში შედიოდა ძირითადად არტანუჯიდან. თავის მხრივ კი არტანუჯში ტვირთები სხვადასხვა გზებიდან შემოდიოდა. ართვინის ტვირთი ძირითადად ბათუმში ან გონიოში შედიოდა. საერთოდ გონიო – მარადიდის გზატკეცილი არსებობდა, რასაც ადასტურებს ს. მახოს ტერიტორიაზე შემონახული ქვის ხიდი (თაღოვანი). ხიდი იყო ასევე მდინარე „დიდღელეზე” ს. მირვეთისაკენ. შ. ვარშანიძის აზრით, ასეთი ხიდები VI-VII საუკუნეებშია აგებული (იქვე, გვ. 103). ამ ხმელეთის გზებზე მგზავრებისათვის არსებობდა „სასვენიები”. ეს ტერმინი „სასვენია” ძალზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი სახელწოდებაა და შეესაბამება პროკოფის ცნობას ლაზიკის გზებზე მგზავრთა შესაჩერებელ-შესასვენებელი ადგილების შესახებ. პროკოფი ახსენებს ასეთ დასასვენებლებს და მათ „ანაპავლას” უწოდებს. ჭოროხზე ამ გზისათვის არსებობდა საბორნე გადასასვლელებიც. მათ შორის მარადიდთან და მირვეთთან.
ქვედა მარადიდი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია პროკოფისეულ ქუთათისად, თავისი უქიმერიონის (ე.ი. მდინარისპირა ვაკე ადგილის) ციხით – „წარმოადგენდა თავშეყრის, გაცვლა-გამოცვლის ხალხმრავალ ადგილს ჭოროხის ხეობაში” (იქვე, გვ. 104). აქ ამოდიოდა გზა გონიოდან და აჭარისწყლიდან. XIX ს-ში ამ გზით „ბრიჩკით”, ე.ი. ოთხცხენშებმული ფურგონით, ერგეში ეზიდებოდნენ სპილენძის მადანს. კერძოდ, სპილენძის მადანი მოიპოვებოდა სოფლებში კვარცხანაში, მერისში, უჩამბაში, ძანსულიში და ხოდაში. აქედან მადანს ადრე ეზიდებოდნენ ნავებით, შემდეგ უფრო ბრიჩკით ერგეს სპილენძსადნობ ქარხანაში. მას ქარხნის სახე მიუღია 1890 წელს (იქვე, გვ. 105). აქედანაც, ე.ი. სპილენძის მადნების სიმრავლიდანაც ჩანს, რომ ფასისი ჭოროხია (და არა რიონი, რომლის დაბლობში ქუთათისიდან ზღვამდე სპილენძის მადნები, შესაბამისად, ოქროც არ მოიპოვება). ადგილობრივი მკვლევრების დაკვირვებით მარადიდში ზღვიდან შედიოდა ორი გზა – ერთი იყო უძველესი თავის თაღოვანი ხიდებით, მეორე გზა ბათუმიდან (კერძოდ, ძველი ბათუმის თამარის ციხის მიდამოებიდან) შედიოდა ერგეში. შემდეგ აჭარისწყლის გამოვლით შედიოდა ჭოროხის ხეობაში. თავდაპირველად მიუყვებოდა ჭოროხის მარცხენა სანაპიროს ზედა მარადიდამდე, შემდეგ ისევ მარჯვენა ნაპირზე გადიოდა ართვინამდე. მარადიდში იყო სასტუმროები ანუ სასტუმრო ოდები. ერთი ასეთი „მეიდან ოდა” ყოფილა ქუთურეთის უბანში. ამ ტოპონიმის ძირი „ქუთ” ძალზე მნიშვნელოვანია იმით, რომ პროკოფის „ქუთათისის” ფუძეც არის იგივე „ქუთ”.
დ. ბაქრაძის ცნობით, მის დროს გზა გადიოდა აჭარისწყლიდან მარადიდამდე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეც. საერთოდ კი თანამედროვე სატრანსპორტო სახმელეთო გზები ჭოროხის ხეობაში გაკეთდა მხოლოდ XIX საუკუნეში. იქამდე კი კლდიანობის გამო ჭოროხისპირა გზები უფრო ბილიკებს მიაგავდა, თუმცა კი ხეობაში იყო ასეულობით ხიდი. გ. ყაზბეგის დაკვირვებით კლდიანობის გამო ბათუმიდან არტანუჯამდე 300 ქვის ხიდის აშენება იყო საჭირო და მის დროს შენდებოდა კიდეც ისინი. თუმცა კი შთამბეჭდავი იყო ძველი, ისტორიული ხიდების რაოდენობაც, მაგრამ ისინი, ჩანს, უკვე ვიწრო იყო ახალი ტრანსპორტისათვის. ისინი შეადგენდნენ ალბათ სტრაბონის ცნობილ 120 ხიდს. ამ ძველ ხიდებზე უფრო საპალნიანი საქონლით გადაჰქონდათ ტვირთი, ანდა ფეხით მოსიარულეთათვის გამოიყენებოდა. ახლა კი უკვე ფურგონების გამოყენება დაიწყეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტვირთის გადაზიდვის ისტორიული საშუალება – ნავები – უფრო იაფი უჯდებოდა მომხმარებელს, ამიტომაც მთელ XIX საუკუნეში უფრო ნავები გამოიყენებოდა ტვირთზიდვისათვის ართვინიდან ბათუმამდე და უკან. პური ანუ ხორბალი ესაჭიროებოდა ბათუმში დაბანაკებულ როგორც რუსის ჯარს, ისე უფრო ადრე ოსმალოს ჯარს, ასევე უკვე ქალაქებად ქცეული ადგილების მოსახლეობას შავი ზღვისპირზე. პურის ნამდვილი ბეღლები კი იმ დროისათვის იყო ყარსი, ახალციხე და ახალქალაქი. ამ რეგიონში მოჰყავდათ ძალზე იაფი პური. ამ მაზრით ისარგებლეს რუსმა, ინგლისელმა და ფრანგმა სოვდაგრებმა. ისინი პურს ეზიდებოდნენ ყარს-ახალციხე-ახალქალაქიდან არტაანში, იქიდან სახმელეთო გზით ართვინში, აქედან კი, ძირითადად ჭოროხის სამდინარო გზით, ბათუმისაკენ. მათთვის ეს ვაჭრობა ძალზე სარფიანი და მომგებიანი იყო. აღმოჩნდა, რომ სამდინარო გზით მთელი ამ სიმდიდრის გამოტანა ძნელდებოდა. ამიტომაც ჯერ ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო XIX ს-ის შუა წლებში ჭოროხისპირზე სახმელეთო გზის მშენებლობა, რაც შემდეგ გააგრძელა რუსეთის იმპერიამ, რომლის საზღვრებშიც აღმოჩნდა ჭოროხის ხეობა. გ. ყაზბეგი წერდა ამ გზის საჭიროების შესახებ – „ლივანის, შავშეთისა და ართვინის სიმდიდრე, ბათუმის გზის გარეშე, ვაჭრობისათვის მკვდარ კაპიტალად იქცა. ყარსი, ახალციხე და ახალქალაქი პურით მუქთად ამარაგებდა რუს, ინგლისელ და ფრანგ სოვდაგრებს. ეს გზა (ე.ი. ბათუმ-ართვინ-არტაან-ყარსი) სპარსეთსა და ევროპას შორის შესაძლოა სატრანზიტო მაგისტრალად გადაიქცეს. ამ გზაზე ბათუმიდან არტანუჯამდე საჭიროა 300 ქვის ხიდისა და გვირაბის აშენება” (იქვე, გვ. 107).
გ. ყაზბეგის მიერ ჭოროხის გზის საჭიროებისათვის დასახელებული 300 ხიდი ჩვენ გვაგონებს სტრაბონის მიერ ნახსენებ მდინარე ფასისის 120 ხიდს. რამ გამოიწვია ხიდების ასეთი კოლოსალური რაოდენობის დასახელება? საქმე ისაა, რომ რეალურად არსებული კლდიანობა მოითხოვდა ხიდებს ჭოროხის ხეობაში, ხოლო რიონზე, არა თუ I საუკუნეში, დღესაც კი, ხიდების რაოდენობა უმნიშვნელოა. ვფიქრობთ, ფოთიდან ქუთაისამდე რიონზე 10 ხიდიც არაა გადებული. გ. ყაზბეგის მიერ ნახსენები „სპარსეთის გზა” ჩვენ ასევე გვაგონებს იმპერატორ ბასილი ბულგართმმუსვრელის სიტყვებს, მიმართულს საქართველოს მეფის გიორგი I-ისადმი: „ნუ მეღობები სპარსეთის გზაზე”. ქართული პროვინცია ტაო ფლობდა მიწებს, რომელზეც რეალურად გადიოდა ბიზანტია-სპარსეთის დამაკავშირებელი გზები. ერთი უმთავრესი გზა ტრაპეზუნტიდან – თეოდოსიოპოლის (არზრუმის) გავლით მიემართებოდა ვანის ტბისაკენ (ე.ი. სპარსეთისაკენ), მეორე არანაკლები მნიშვნელობის გზა სწორედ ჭოროხის ხეობაზე გადიოდა და ართვინ-არტანუჯ-არტაანის გზით უკავშირდებოდა დვინ-სპარსეთს. ამ გზების გაკონტროლება სურდა ბიზანტიას, შემდეგ ოსმალეთს, ბოლოს კი, გ. ყაზბეგის დროს, რუსეთს. გ. ყაზბეგის დროს ბათუმ-ართვინ-არტანუჯ-არტაან-ყარსის გზის მშენებლობისათვის გაღებული კოლოსალური თანხები ემსახურებოდა იდეას, რომ ამ გზით შავი ზღვისპირეთი სპარსეთს დაუკავშირდებოდა. ამ გზის კონტროლი იყო მიზეზი VI საუკუნეში ბიზანტია-სპარსეთის ომისა, რომლის საბოლოო მიზანი პეტრას ციხის დაუფლება ანუ გზის ბოლო წერტილის კონტროლი იყო. 1896 წელს დაიწყო ბათუმ-ართვინ-არდაგან-ყარსის მიმართულებით გზის მშენებლობა (1903 წელს გაიყვანეს ბათუმ-ართვინს შორის, იქვე, გვ. 108). ხმელეთის გზით გაყვანამდე, როგორც ითქვა, ეს გზა მაინც ფუნქციონირებდა ძირითადად სამდინარო სახით, და ასევე საჭაპანო ცხოველების და ფეხითმავლებისათვის კლდეებში გამოჭრილი სახმელეთო გზების სახით.
ო. დიდმანიძე და ს. გოგიტიძე სხვადასხვა წყაროს და ეთნოგრაფიულ მასალის ურთიერთშეჯერებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ „უძველესი დროიდან მოყოლებული მდინარე ჭოროხზე გაივლიდა აბრეშუმის საქარავნო გზა. ინდოეთიდან მომავალი ვაჭრები გამოივლიდნენ ჭოროხის აუზის უძველეს ქალაქებს: ბანას, ოლთისს, არტანუჯს, შემდეგ ართვინისა და მარადიდის გამოვლით ბათუმსა და გონიოშო გამოდიოდნენ, აქედან კი ტრაპიზონის გავლით ევროპის ქვეყნებს უკავშირდებოდნენ. ზოგჯერ ამავე გზით გაივლიდნენ შავ ზღვაში ევროპიდან შემოსული ვაჭრები” (იქვე, გვ. 110).
ჭოროხის ხეობით ვაჭრობას თურმე ხელს უწყობდა მასში დიდი ქალაქებისა და მძლავრი მეტალურგიული კერების არსებობა (იქვე, გვ. 110). ქალაქებში იგულისხმება გონიო, ბათუმი (ბათუსი), ართვინი, არტანუჯი, ჭარნალის მეტალურგიული ცენტრი. ძველი კოლხური ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა ერგეში, მახოში, კირნათში და სხვაგან. ვაჭრობის განვითარებისათვის უმთავრესი იყო სამდინარო-სანაოსნო არტერიის არსებობა მდ. ჭოროხზე. იმპერიიდან მოვლენილი მოხელე არიანე აღნიშნავდა, რომ მდ. აკამფსისი იყო სანაოსნო. ასევე აკამფსისს სანაოსნოს უწოდებს პროკოფი კესარიელი (იქვე, გვ. 110). აკამფსისი იგივე ფასისია, ოღონდ ამ მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობა აკამფსისად იცნობდა, ბერძნები კი ფასისად. სიტყვა აკამფსისი ისევეა ნაწარმოები, როგორც სუფსა. „ფს” – გამდინარე წყალს ერქვა. უძველეს ქართლში მოხერხებული ნავმისადგომები იყო მოწყობილი ართვინში, ნაღვრევში, ბორჩხაში, ხებაში, მარადიდში, მირვეთში, კაპანდიბში. ისინი ასევე აღებ-მიცემობის, ე.ი. სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ.
ჟან მურიეს ცნობით, ბათუმიდან ლივანაში შედიოდა სხვადასხვა საქონელი, ინგლისიდან და შვეიცარიიდან შემოჰქონდათ ბამბის, ხოლო, დამასკოდან აბრეშუმის ქსოვილი, რუსეთიდან რკინეული, შალის ქსოვილები, დანარჩენი საქართველოდან (იქვე, გვ. 111).
გასაყიდად ბათუმში ჩაჰქონდათ წაბლის ყავარი (სახურავი), თიხის მილები, კეცები და სხვა, უმეტესად ბორჩხადან. უკან გაჰქონდათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნავთი, მარილი და სხვა.
ჰეროდოტეს (V ს.) ცნობით, კოლხური სელი საუკეთესო იყო, ქსენეფონტეს გადმოცემით, „ჭოროხის ხეობის სამხრეთით მოსახლე ქართველურ ტომს მუცლამდე სელის აბჯარი ჰქონდათ” (იქვე, გვ. 122). ის ასევე აღნიშნავს, რომ „სანადირო ბადეები კეთდება ფასისური (კოლხური) ან კართაგენული წმინდა სელისაგან”. სტრაბონის ცნობით, კოლხეთში ბლომად ამუშავებდნენ სელს და საექსპორტო საქონელს. მოსახლეობა ამზადებს ბევრ სელის ტილოს, საბაწრე მასალას. ამ ცნობებს ადგილზე, ჭოროხის ხეობის ეთნოგრაფიაზე დაკვირვებით, ადასტურებს ინგლისელი მკვლევარი ჯ. პალგრევი. მისი ცნობით, ლივანის ხეობის სოფლებში ამზადებდნენ დიდი რაოდენობით სელის ქსოვილებს საუკეთესო ხარისხისას. ამ ცნობას ადასტურებს დ. ბაქრაძე. ადგილობრივი მოსახლეობა სელ-კანაფის ნართისაგან (კედი) ქსოვდნენ ტილოს, რომლისაგანაც იკერებოდა მამაკაცის და ქალის ჩასაცმელები – პერანგი, საცვლები, ჩუბუნი (მამაკაცის ზედა ჩასაცმელი), შარვალი, ფორკა (კაბა) და სხვა (იქვე, გვ. 123). სოფელ მარადიდს სახელი მიუღია სიტყვა „მერესაგან”, რაც მდინარისპირა ვაკეს ნიშნავს (სადაც მდებარეობს ქვედა მარადიდი). როგორც აღინიშნა, იქვეა „ქუთურეთი” – უბანი, „ქუთ” ძირის მქონე ტერმინი. „ქუთურეთში” „ქუთ” ძირია, „ურ” და „ეთ” კი სუფიქსები. „ქუთ“- ძირიანი ტოპონიმები საქართველოში სხვაგანაც გვხვდება, მაგალითად, ჭოროხის ხეობაში – კვიტაურა, კვიტაური, კვიტამერე, კვიტიეთი და სხვა (იქვე, გვ. 132).
მდ. ჭოროხის სიგრძე 400 კილომეტრზე მეტია, მისი ხეობა მოიცავს სპერს, ტაოს, კლარჯეთს, ლივანასა და აჭარას, მოედინება 439 კმ-ის მანძილზე და ადლიასა და გონიოს შორის ზღვას უერთდება (იქვე, გვ. 134). ჭოროხი ბერძნულ-რომაულ წყაროებში მოიხსენიება სხვადასხვა სახელწოდებით – ფასისი, ჰარპასოსი, აფსაროსი, აკამფსისი, ფსარე და სხვა. ქართულ წყაროებში მას სპერისწყალი და ჭოროხი ეწოდება. ვახუშტის აზრით, სიტყვებს ჭოროხსა და ჭორომს ერთი ფუძე აქვთ – რაც ერთად შეკრებილ ანდა მრავალქვიანობას ან რიყიანობას უნდა აღნიშნავდეს. თ. სახოკია, ჯ. პალგრევი, ფრანსუა გამბა, ტომაშეკი და სხვანი ამ სახელს უკავშირებენ – „ჭოროხის სწრაფ დინებას”. თურქებს მისთვის „დელი”, ე.ი. გიჟი (ძალზე ჩქარი) მდინარე უწოდებიათ (იქვე, გვ. 135). ნ. მარის ვარაუდით, კოლხები ჭოროხის ხეობაში ცხოვრობდნენ და თავიანთი სახელი უწოდეს მდინარეს, რადგანაც კოლხებს ადგილობრივად „კოროხები” ერქვათ (იქვე, გვ. 135). ე. გაბელიანისა და თ. მიბჩუანის თვალსაზრისით – „ტერმინი ჭოროხი სვანური წარმოშობისაა, იგი ერთ-ერთი ხეობის სახელად სვანეთშიც გვხვდება” (იქვე, გვ. 136). ო. დიდმანიძის აზრით, საერთოდ, ჭოროხის ხეობაში სვანური ტომი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ტოპონიმს ასე განმარტავს – „ლესპარა – როგორც ჩანს, იგი ჭოროხის ხეობის დასახლებული პუნქტის „სპერი” და ამ მიდამოებში მოსახლე უძველესი ქართულ-სვანური ტომის სასპერის პროტოტიპია. მასში გამოიყოფა თავსართი „ლე” და ფუძე „სპერ”-ი. ამგვარი ტოპონიმი (ლესპარა) სვანეთშიც დასტურდება” (იქვე, გვ. 142).
აღსანიშნავია, რომ ტოპონიმი ონაგირა გვხვდება აჭარის ხეობაში, კერძოდ, ს. მარადიდში.
ასევე, ონაგირა – უნაგირა – არის ქედის სახელი ნოქალაქევთან. ამან უბიძგა ს. ყაუხჩიშვილს ეფიქრა, რომ პროკოფი კესარიელის მიერ ნახსენები „ონაგურ” – ონაგურების თურქულმა ტომმა, რომელიც ლაზიკაში მოქმედებდა, სახელი მისცა უნაგირას მთას. მაგრამ ეს ტოპონიმი აღმოჩნდა მარადიდშიც. ამ ტოპონიმის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილს ნოქალაქევი არქეოპოლისად მიაჩნდა. ამ სვლაგეზით ჩვენც ალბათ შეგვიძლია არქეოპოლისი ვეძიოთ მდ. ჭოროხის ზღვისპირეთში შესართავთან, რადგან ეს სახელი ამ ხეობაშიც დადასტურდა. პროკოფისეულ მდ. რეონს, როგორც აღინიშნა, ჩვენ ვაკუთვნებთ მდ. „ღრემშიღელეს”, „ღრემის ღელე”. მისი ძირია „ღრემი”- ჩანს, აქედან „ღრეონი” (სუფიქსები ომი-უმი-ემი და ონი – იდენტურია). ღრემშიღელეს ერთვის მდ. ჩილდირიღელე ქუთურეთის უბანში (იქვე, გვ. 156).
ჭოროხის ხეობა რ. მალაყმაძის მიხედვით
(ფასისის ოქრო, იბერიის გზა, ხიდები, ნაოსნობა, სელი და კანაფი)
სტრაბონის, პროკოფი კესარიელის, სხვა ძველ ავტორთა მოსაზრებანი ფასისის ხეობასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ეთანადება ჭოროხის ხეობას, ვიდრე რიონისას.
მაგალითად, რიონის ხეობაში, ზღვის სანაპიროდან ვიდრე თითქმის რაჭამდე, ჩვენთვის უცნობია ოქროს რაიმე საბადო, მაშინ, როცა ფასისზე, ძველი ავტორების ცნობით, ოქროს მოიპოვებდნენ, ასევე ოქროს ქვიშრობები სხვადასხვა ადგილზე არსებობს მდ. ჭოროხის ხეობაში, ოქროსა და სპილენძის მდიდარი საბადოები შესართავიდან არც თუ შორს, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე მდებარეობს. რ. მალაყმაძე წერს – „ხეობა მდიდარია წიაღისეულით, აქ გვხვდება სხვადასხვა სახის მადნეული, ვერცხლი, თუთია, ოქროს ქვიშრობები (სოფელ ცხიასთან და ასევე ბერთას წყლის სანაპიროზე). რეგიონი განსაკუთრებით გამოირჩევა სპილენძის მადნების სიუხვით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჭოროხის აუზში სპილენძ-ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიული წარმოების ჩასახვა-განვითარებას” (რ. მალაყმაძე, ლიგანის ხეობა, 2008, გვ. 29).
ლიგანის ხეობა (ე.ი. ტერიტორია ერგედან – ართვინამდე) ამჟამადაც სამთამადნო წარმოების ძლიერი კერაა (იქვე, გვ. 159).
მურღულის ხეობაში (თურქეთი), სოფელ ძანსულში, განლაგებულია სპილენძის სადნობი ქარხანა (აღსანიშნავია, რომ აქ საკმაოდ ხშირია „აგრ”, „ერეგ” ძირის სახელები, მაგალითად, ძანსულის ერთ-ერთი უბანია „აგარი”, მურღულის ხეობის ერთ-ერთი სოფელია „ერეგუნა” (იქვე, გვ. 130). მურღულის ხეობაში არსებობს მთა სახელწოდებით „ეგრისუ” (იქვე, გვ. 101), ამასთანავე ისიცაა აღსანიშნავი, რომ აქვე მახლობლად ამჟამადაც არსებობს სოფელი სახელწოდებით „ქართლა” (იქვე, გვ. 107). მურღულის ხეობის (ძანსულის) სპილენძის მდიდარი საბადო „მთელ კავკასიაში იპყრობდა ყურადღებას”, ამასთანავე, სპილენძის საბადოები არსებობდა ლიგანის ხეობაში, მათ შორის ართვინის ზემოთ ხოდის, აგრეთვე სოფელ კვარცხანას საბადოები. XIX ს. ბოლოს მოპოვებული მადანი ჭოროხის ნავებით (სამდინარო გზით) ჩაჰქონდათ ერგეში მდებარე სპილენძის სადნობ ქარხანაში. მალევე აგებული იქნა ასევე ჭოროხის სანაპიროებზე სახმელეთო გზები. შემდეგ ქარხნები მოპოვების ადგილებზეც აიგო. 1910 წლისათვის ძანსულში ადნობდნენ 1200 ფუთ სპილენძის ზოდს. საბოლოოდ ისინი რუსეთის პუტილოვის ქარხანაში ჩაჰქონდათ (იქვე, გვ. 44), კვარტაანში 1000 მუშა შრომობდა.
I მსოფლიო ომის დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ბრძოლის ობიექტად იქცა ართვინის სპილენძით მდიდარი რაიონები (იქვე, გვ. 48). 1914 წელს სპილენძის სადნობ ქარხანას (ჭინკათხევ-ძანსულში) 500 თურქი მებრძოლი მიადგა. ერთხანს თურქებმა ხელში ჩაიგდეს სპილენძის წარმოება და ბათუმ-ართვინ-არტაან-ყარსის დამაკავშირებელი საერთაშორისო გზა (იქვე, გვ. 48). საბოლოოდ, 1915 წელს რუსებმა ქ. ართვინი უკან დაიბრუნეს. შემდეგში ეს ქარხნები თურქეთის ხელში აღმოჩნდა. 1972 წლისათვის ძანსულის სპილენძის ქარხანა თვეში ამუშავებდა 280 ტონა მადანს (იქვე, გვ. 54).
ართვინი ზღვიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, მისი სპილენძით მდიდარი საბადოები მიუთითებს, თუ ისტორიული ფასისი რატომ იზიდავდა უცხოელ დამპყრობლებს, რომელნიც მადნისა და საერთაშორისო გზების ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ.
იაზონის ეპოქაში სპილენძისჩლიქებიანი ხარის ამბავს მოგვაგონებს ლიგანის ხეობაში დღესაც არსებული გადმოცემა „წყლის ხარების” შესახებ. „გადმოცემის მიხედვით ხარი ხშირად წყლიდან ამოდიოდა, შინაურ ბუღებს ეჭიდავებოდა, ძროხებს ანაყოფიერებდა და ისევ ტბაში ბრუნდებოდა” (იქვე, გვ. 138).
სპილენძის მადნიდან, როგორც ცნობილია, ოქროს მცირე რაოდენობასაც მოიპოვებდნენ. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ჭოროხის ანუ ფასისის ხეობაში სპილენძთან ერთად ოქროც მოიპოვებოდა, რაზედაც მიუთითებს სტრაბონი. არქეოლოგიური მასალით ჭოროხის აუზში ჩაეყარა საფუძველი სპილენძ-ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიას (იქვე, გვ. 106).
რუსეთსა და ოსმალეთ-თურქეთს შორის განსაკუთრებით სადავო ყოფილა საერთაშორისო გზა, რომელიც, როგორც ითქვა, ბათუმს აკავშირებდა ყარსთან და შესაბამისად, აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ესაა ართვინ-არტაანის გზა. ამ გზის უძველესობის შესახებ მიუთითებს ძველი ქვისთაღიანი ხიდების საოცარი სიმრავლე – „ისინი ძირითადად განლაგებულია ხატილას, მურღულის, ჩხალას, ბეღლევანის, დევსქელის, ქლასქურის, ჭოროხის მდინარეებზე და მათზე გამავალ სამიმოსვლო-საქარავნო გზებზე. ამგვარი ხიდებითაა მოფენილი აჭარისწყლისა და მაჭახელას ხეობები. ლიგანის ხეობაში 18 ძველი ქვისთაღიანი ხიდია დაფიქსირებული. მათი ნაწილი დანგრეულია, ნაწილიც კარგადაა შემონახული. ამათგან აღსანიშნავია ბანაკნას, სანათისის, ტაიახროს, მერეს (მდინარე ოთონგოსწყალი), ხატილას, გევლის, მურღულის, დუზქოის, ქლასკურის, ქვემო ქლასკურის, ბეღლევანის, მირვეთის. ართვინის ხიდი 1893 წელს აუფეთქებიათ რუსებს… ქვისთაღიანი ხიდების მშენებლობის ტექნიკა ერთნაირია, აგებულია თლილი და რიყის ქვებით, ისინი ძირითადად განკუთვნილი იყო ქვეითი და ცხენოსანი მგზავრებისათვის. ქვისთაღიანი ხიდების ასეთი სიმრავლე განაპირობა ხეობის სავაჭრო-ეკონომიკურმა და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. ხიდები ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ გზებს. სოფელ მირვეთთან დღემდე შემორჩენილია ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზის ნაშთები” (იქვე, გვ. 125).
სოფელ მირვეთთან დღემდე შემორჩენილი ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გამავალი საქარავნო გზის ნაშთების არსებობა ჩვენ გვახსენებს პროკოფი კესარიელის ცნობას, რომ VI საუკუნეში სპარსი სარდალი სწორედ ფასისის მარცხენა სანაპიროს გზით მივიდა პეტრაში, ეს გზა დღემდეა შემორჩენილი!
არტეფაქტები აშკარად მიუთითებს ჭოროხის ხეობაში საერთაშორისო გზის არსებობის შესახებ, რასაც წყაროებიც ადასტურებს. სპარსეთ-პეტრას დამაკავშირებელი გზა ჭოროხის ხეობაში გადიოდა და არა სურამის უღელტეხილზე.
რ. მალაყმაძის კვლევით, ლიგანის ხეობა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთ დაწინაურებულ რეგიონს წარმოადგენდა (იქვე, გვ. 125).
სტრაბონის მიერ ნახსენები ფასისის 120 ხიდის ნაშთები დღესაც არსებობს, ისინი ჭოროხის ხეობაშია.
ჭოროხის ხეობის ძველ მკვლევართა მიერ დასტურდება სტრაბონის ცნობა, რომ ეს მდინარე (ჭოროხი ანუ ფასისი) ნამდვილად იყო სანაოსნო რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე.
ახალი მკვლევარნიც იმავეს ადასტურებენ – „ლიგანის ხეობა წარმოადგენდა ერთ-ერთ ძირითად სამდინარო ცენტრს საქართველოში, ნაოსნობა ხორციელდებოდა მდინარე ჭოროხის მეშვეობით, ჭოროხი იყო ისტორიული ტაო-კლარჯეთის შავი ზღვისპირეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი სამდინარო გზა. მდ. ჭოროხი ნაოსნობისათვის თითქმის წელიწადის ყველა დროს გამოიყენებოდა, გარდა გაზაფხულისა, როცა დინების სიჩქარე და წყლის დონე მატულობდა. ამ დროს ჭოროხის სიღრმე 15-20 ფუტს აღემატებოდა, სიგანე 10-12 საჟენს. ნაოსნობა და ნავთმშენებლობა ლიგანის ხეობის სოფლების მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს შეადგენდა. ნავთმშენებლობის ცენტრები იყვნენ ბორჩხა, მარადიდი და ხება. ამათგან მაინც ქვედა მარადიდი გამოირჩეოდა. ცნობების მიხედვით XIX ს. ბოლოსათვის მარადიდში 14 ნავსაშენი სახელოსნო ყოფილა. ნავები გრძელი და ბრტყელძირიანი კეთდებოდა. სამგზავრო ნავების სიგრძე 2-5 საჟენს აღწევდა, თუმცა არსებობდა უფრო დიდებიც. ნაოსნობა ართვინის ხიდიდან ბათუმამდე შეუფერხებლად გრძელდებოდა. ღელვის დროს ნავები სოფელ კაპანდიბთან ჩერდებოდნენ. წყალუხვობის დროს ართვინიდან ბათუმამდე ნავი მანძილს ფარავდა 5-6 საათში, წყალმცირობის დროს 8-15 საათში. მდინარის საპირისპირო მიმართულებით ნავი მანძილს ბათუმიდან ართვინამდე 2-3 დღეში ფარავდა. სხვა შემთხვევაში კი 4-5 დღე სჭირდებოდა, ზამთრის პერიოდსა და უამინდობაში კი 6-7, ხშირად 8 დღე” (რ. მალაყმაძე, ლიგანის ხეობა, 2008, გვ. 116).
ჟან მურიეს, ნ. წერეთლის, გ. ყაზბეგის, დ. ბაქრაძისა და სხვათა მონაცემებით XIX ს. შუა პერიოდში ჭოროხზე 80 ნავი დაცურავდა. სხვა მონაცემით – 200, რომელთაც 300-მდე მენავე ემსახურებოდა და მათი რიცხვი XIX ს. ბოლოსათვის კიდევ უფრო იზრდებოდა. არსებობდა მენავეთა ამხანაგობები, რომელნიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს. ტვირთის გადაზიდვა ამ პერიოდისათვის გაძვირდა – მენავე 1 ბათმან ტვირთზე 5 კაპიკს იღებდა, მაგრამ მდინარის საპირისპიროდ კი 5-6 შაურს ახდევინებდნენ (იქვე, გვ. 117). ჭოროხზე ნაოსნობა შეწყდა 1921 წლის შემდეგ სსრკ-თურქეთის საზღვრის გადაკეტვის გამო. მენავეობის ინტენსივობაზე იმოქმედა ასევე, 1899 წელს, ბათუმ-ართვინ-არტაან-ყარსის მიმართულებით გზის ამოქმედებამ.
ვფიქრობთ, სპარსეთ-პეტრას დამაკავშირებელი, ანუ სპარსელი შაჰებისა და სარდლების ჯარების და მათი პროვიანტის გადაადგილების გზის ძიებისათვის საინტერესოა რ. მალაყმაძის დასკვნა ჭოროხის ხეობის საერთაშორისო გზის შესახებ: „მდინარე ჭოროხზე ნაოსნობამ უდიდესი როლი შეასრულა ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და შავი ზღვისპირეთის პროვინციების დაკავშირების, ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის განვითარებაში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სანაოსნო გზა, რომლის საშუალებითაც ყარსის, არტაანის, შავშეთ-იმერხევის და ართვინის სოფლებიდან ჩამოჰქონდათ გასაყიდად ადგილობრივი წარმოების სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ნაწარმი, რაც დიდი მოწონებით სარგებლობდა უცხოურ ბაზარზე” (იქვე, გვ. 118).
მით უმეტეს, რომ ამ მშვენიერ სამდინარო-სავაჭრო გზას გვერდით მიუყვებოდა სახმელეთო გზა, რომელიც ერგე-ლიგან-ართვინს აკავშირებდა არტაან-ყარსთან. რატომ დაგვჭირდა ჩვენ მრავალი ნარკვევი მიგვეძღვნა მტკიცებისათვის იმისა, რომ ჭოროხზე ნამდვილად არსებობდა სანაოსნო გზა? საქმე ისაა, რომ XX ს. ქართველი ისტორიკოსების უმეტესობა საერთოდ იგნორირებას უკეთებს მის არსებობას. ვთქვათ ისეთი უდიდესი მკვლევარი ქართული არქეოლოგიისა და კოლხეთმცოდნეობისა, როგორიცაა ოთარ ლორთქიფანიძე, პირდაპირ დაბეჯითებით წერდა: ჭოროხი არ იყო სანაოსნო მდინარე, რადგან „ჭოროხი მიუწვდომელი იყო ზღვიდან ნავის შესაცურებლად” (ო. ლორთქიფანიძე,არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, 1986, გვ.46), ამიტომაც ის არ შეიძლებაო იყოს ფასისი.
პროკოფი კესარიელი მრავალგზის აღნიშნავს, რომ ლაზიკა არის კლდოვანი, ნაკლებმოსავლიანი ქვეყანა, მიწამცირე, მხოლოდ ერთი მისი რეგიონი მოხორისია ნაყოფიერი. ასევე, თითქმის ამავე სიტყვებით აფასებენ ვახუშტი და ივანე ჯავახიშვილი ტაო-კლარჯეთ-ერგეს. შავშეთ-კლარჯეთთან, და საერთოდ აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერდა – „ასეთ რთულ გეოგრაფიულ პირობებში ადამიანს ხელი უნდა აეღო ისეთ სამეურნეო დარგებზე, როგორიცაა მემტილეობა ანდა რაიმე ეღონა, რომ ბუნებრივი პირობების წყალობით შექმნილი დაბრკოლება გადაელახა და დაეძლია, რასაც ქართველმა კაცმა მიაღწია დაქანებულ ფერდობებზე ხელოვნური ნიადაგის შექმნით, ქვა-ყორისაგან პატარ-პატარა მანძილის ამოშენებით. ბაღ-ვენახებისათვის ამნაირად ხარისხებრ მოვაკებული ადგილი კეთდებოდა” (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. V, 1986, გვ. 147).
პროკოფის ლაზიკის კლდეთა და ივ. ჯავახიშვილის კლარჯეთის „დაქა¬ნებულ ფერდობთა” აღწერა მსგავსია. ასეთ კლდოვან ნიადაგს ესაჭიროებოდა საგანგებოდ დამზადებული იარაღები, ასეთები ყოფილან – „წვერა თოხი, ჩაფა ანუ ვიწრო თოხი, საფხეკი (საჩერკნავი) თოხი, სპეციალური ცულ-ნაჯახები და სხვა (რ. მალაყმაძე, იქვე, გვ. 77).
ვახუშტის დახასიათებით ლიგანის ხეობაში მიწის სიმცირე საგრძნობი ყოფილა, რაც იწვევდა მეურნეობის ამა თუ იმ დარგის შევიწროებას (იქვე, გვ. 83). მიუხედავად ამისა ლიგანის ხეობაში მოჰყავდათ შესანიშნავი ხილი, მათ შორის ზეთისხილიც. მაგრამ ერგე – თავისი ნაყოფიერებით ნამდვილად წააგავს პროკოფის მიერ დახასიათებულ მოხორისს. აქ არის შესანიშნავი მიწაც და კლიმატიც.
ერგე-ლიგანის აღწერილობა დღესაც კი მსგავსია სტრაბონის მიერ აღწერილი კოლხეთისა. კერძოდ, სტრაბონის ცნობით, კოლხეთში მოჰყავდათ კარგი სელი ქსოვილებისათვის. „დ. ბაქრაძის დახასიათებით ლივანაში მოჰყავდათ საუკეთესო სელი, რომელიც ლივანური სელის სახელწოდებით იყო ცნობილი” (იქვე, გვ. 110). ჯ. პალგრევის ცნობითაც სელის ქსოვილები დიდი რაოდენობით მზადდებოდა ქ. ლივანაში (ართვინი). სელისა და კანაფის ნართისაგან, რომელსაც კედი (აქედან ოქრომკედი) ეწოდებოდა, ქსოვდნენ მამაკაცისა და ქალის ჩაცმულობას, ტილოს, ჯვალოს ტომრებს, თოკებსა და სხვა ნაწარმს (იქვე, გვ. 111).
სტრაბონის აღწერილობას სხვა მხრივაც ეთანადება ლივან-კლარჯეთის მხარე. კერძოდ, სტრაბონის აღწერით ისტორიული მესხეთი სამ ნაწილად იყო გაყოფილი იბერიელებს, ლაზებსა და არმენიელებს შორის. ამჟამინდელი ენობრივი ვითარება ჭოროხის ხეობაში გვაფიქრებინებს, რომ მესხეთის ის ნაწილი, რომელიც იყო ლაზების ხელქვეით, იყო ჭოროხის მარჯვენა სანაპირო, თავისი ქალაქ არტანუჯით, ვიდრე არსიანის ქედამდე, ანუ ის ტერიტორია, რომელსაც ახლა კლარჯეთს ვუწოდებთ. კერძოდ, ენობრივი თვალსაზრისით, ამჟამინდელ ლიგანში ჭოროხის მარცხენა სანაპირო დასახლებულია ლაზურენოვანი ხალხით, ხოლო მარჯვენა სანაპირო მესხურ (ქართულ) ენოვნით.
მკვლევარი წერს: „ქართული ენის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობა ლიგანის საზღვარგარეთულ ნაწილში, კერძოდ, ბორჩხის, მურღულისა და ართვინის რაიონებში, შემდეგ სურათს გვაძლევს: მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ჩხალისა და ბეღლევანის ხეობების ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს ძირითადად ლაზურ ენაზე მოლაპარაკენი შეადგენენ (თუმცა მათმა გარკვეულმა ნაწილმა იცის ქართული ენაც), ხოლო მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე (ქ. ბორჩხა, დევსქელი, ქლასქური, ზემო მარადიდი) მცხოვრებთა შორის ყველაზე კარგადაა დაცული ქართული ენა. ისინი ოჯახებში უმთავრესად ქართულ ენაზე ლაპარაკობენ” (იქვე, გვ. 52).
სტრაბონის დროს მესხეთი (ჩვენი აზრით, სამცხე, შავშეთი, არტაანი, კოლა, ტაო და კლარჯეთი) სამ ნაწილად იყო გაყოფილი. როგორც აღვნიშნეთ, იბერიაში შედიოდა სამცხე, შავშეთი, არტაან-კოლა, არმენიაში ტაო-ბასიანი, ხოლო ლაზიკაში კლარჯეთი ან შეიძლება შავშეთიც. ამ შემთხვევაში კლარჯეთია მესხეთის ის მესამედი, რომელიც კოლხეთის ხელში იყო, ანუ ეს იყო ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს ქვეყანა თავისი მთავარი ცენტრით არტანუჯით ვიდრე არსიანის ქედამდე: ის ყოფილა მესხების (ანუ მესხური ტომით დასახლებული) მხარე სტრაბონის დროს, ხოლო ლაზური ტომით დასახლებული იქნებოდა ვრცელი ტერიტორია ზღვისპირეთიდან ვიდრე ჭოროხის მარცხენა სანაპირომდე. ე.ი. ჭოროხის მარცხენა სანაპიროდან – ზღვისპირეთის ჩათვლით ითვლებოდა ლაზების ქვეყანად, რომელთა ხელშიც იმჟამად ყოფილა ასევე კლარჯეთიც. ორივენი კი ბიზანტიის მიერ იყვნენ მიტაცებულნი.
ასე რომ, არა იმერეთი იყო მესხებით დასახლებული, როგორც წარმოუდგენია თანამედროვე საბჭოურ ისტორიოგრაფიას, არამედ ლიგანის ხეობის ახლოს მდებარე კლარჯეთი. აქ გამავალი საერთაშორისო გზის შესახებ წერს რ. მალაყმაძე – „ლიგანის ხეობა მდებარეობს მდ. ჭოროხის ქვემო დინებაში. აქ გადიოდა სახმელეთო და სამდინარო გზები, რომლითაც ანტიკურ ხანაში და უფრო ადრე ისტორიულ შავშეთ-ტაო-კლარჯეთის მხარეები შავი ზღვისპირა რაიონებს უკავშირდებოდა” (იქვე, გვ. 20), ამ გზით უვლია ანდრია მოციქულს – „აჭარისა და ნიგალის გავლით კლარჯეთსა და არტაან-კოლაში გადავიდა. „ანდრია შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, ნიგლას, კლარჯეთსა და არტაან კოლას, სადა დაყო ჟამი მრავალი” (ქ.ც. I, 1955, გვ. 38).
ექსპედიცია ჭოროხზე, 2009 წლის 27 ივლისს
ჩვენი მიზანი იყო ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავის ნახვა. ჭოროხს, ჩვენი აზრით, პროკოფის ეპოქაში ერქვა ფასისი, ხოლო აჭარისწყალს დოკონისი. ამ მდინარეების შესართავში ყოფილა სამკუთხედის მსგავსი კუნძული ძველ პუნქტ ნესოსთან. ამ კუნძულზე რომაელთა (ბიზანტიელთა) და სპარსელთა ჯარები იბრძოდნენ, რომელსაც აღწერენ პროკოფის ეპოქის მწერლები. ჩვენი მიზანი იყო გვეხილა ეს კუნძული თუ ნახევარკუნძული და დაახლოებით გაგვეზომა ის, რათა შეგვედარებინა ძველ ცნობებთან. ამ ადგილს მოხვედრა შეიძლება, ხელვაჩაურის რაიონის გავლით. რაიონი არის ვაკე, უხვმოსავლიანი, კარგად გაშენებული, ეს უნდა იყოს ცნობილი მოხირისი თუ მოხურისი და არა ქუთაისის სანახები. მართლაც, ფუძე სიტყვისა შენარჩუნებულია სიტყვაში – „ხელვაჩაური” – მისი ფუძეა „ხელვაჩი-”ან „ხელვა-ხელო-ხულო” თუ გავითვალისწინებთ, რომ „ელ” ხშირად გადადის „ურ”-ში, მაშინ „ხულო”-დან შეიძლება მივიღოთ „ხურუ”. – წინსართის „მა” და „ბოლოსართის „სი”-ს დართვით ალბათ მივიღებთ მუ-ხურ-ისს. ამჟამადაც ამ რეგიონში ფიქსირდება ტოპონიმრბი – „მახო”, „მახოს ხიდი”, „მახვილაური”, „მახინჯაური” და სხვა. მათი ფუძეა – „მახო-მახვი”, აქედან ეტიმოლოგიურად სიტყვა „მოხირისის” ფუძესთან „მოხ”-თან დაკავშირება (მოხ-ირ-ისი).
აღსანიშნავია, რომ კუთხე „ერგე” ახლაც არსებობს ხელვაჩაურის რაიონში, ის აქ ჰქვია ამჟამინდელ სოფელს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავთან. ამ მდინარეთა შესართავში ნამდვილად არსებობს ქვშისაგან და რიყისაგან შექმნილი სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული. მისი საერთო ფართობი საკმარისი იქნებოდა პატარა რაზმების განლაგებისათვის, მაგრამ უფრო მთავარია ის, რომ კუნძულიდან შესაძლებელი იყო ორი სტრატეგიული გზის გაკონტოლება – ერთი ამჟამადაც მიუყვება მდ. აჭარისწყალს, მეორე კი ჭოროხს. კუნძულიდან შეიძლება მთელი მთიანი აჭარისა და ლიგან-კლარჯეთის ხეობათა სრული კონტროლი, გზათა ჩაკეტვა ან გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას XIX ს-შიც იდგა რუსის ჯარი.
კუნძულზე ჯარის განლაგება მიდამოს კლდიანობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ამ შესართავის ირგვლივ მთების ფერდებზე ჩანს პატარა დასახლებები და თითო-ოროლა სახლები. მივემართებით ამ სოფლებისაკენ, რათა მათი სახელები გავიგოთ. გვაინტერესებს დარჩა თუ არა ამ ადგილებში სადმე ტოპონიმი „ნესოსი”, რომელსაც ახსენებს პროკოფი. ასეთი არ იციან, არის სოფლები ჩხუტენეთი და სხვა. ნესოსს ყველაზე უფრო უახლოვდება ტოპონიმი „ნესტორი”, რომელიც აქ ერთ-ერთ ადგილს ჰქვია. მივემართებით ამავე გზით სოფელ მარადიდისაკენ, რათა ჩავიწეროთ ჭოროხის მენავეთა შესახებ შემორჩენილი ცნობები. მართლაც, მარადიდთან ახლო სოფელში ჩავიწერეთ თემურ ხასანის ძე ჯიხაძის (ძიხოღლის) ნაამბობი, რომ მამამისი, რომელიც 1970 წელს გარდაიცვალა, ახალგაზრდობის წლებში თვითონ მართავდა ჭოროხზე სატვირთო ნავს, იგი ყოფილა „რეიზი” ანუ კაპიტანი სატვირთო ნავისა. ის ასე საქმიანობდა – მას დაიქირავებდა ხოლმე რომელიმე ვაჭარი, რომელსაც უნდოდა ტვირთის გადატანა ბორჩხადან ბათუმში, ეს „რეიზი” ანუ კაპიტანი გაამზადებდა თავის ნავს, თვითონ თავის მხრივ დაიქირავებდა 2-3 თანაშემწე – მენავეს, ბორჩხაში ნავზე დადებდნენ ტვირთს (ძირითადად ეს იყო ზეთისხილი, ჩირი, კრამიტი) და მდინარით გაუყვებოდნენ გზას ბათუმისაკენ. ბათუმთან ახლოს ძირითადად კაპანდიბში ან სხვა ადგილას, ტვირთს გადმოცლიდნენ. ამ გზის გავლას ბორჩხადან ბათუმისკენ ნავით სჭირდებოდა თითქმის 12 საათი. უკან ასევე ნავით ბრუნდებოდნენ, ახლა უკვე ნავი უკან თოკებით უნდა წაეთრიათ წყალზე სრიალით, ამიტომაც სჭირდებოდათ მეტი ხალხი, ამ ხასანის სიტყვით ნავის უკან თრევას სჭირდებოდა 10-15 კაცი. ამ თემურ ხასანის ძე ჯიხაძის (ჯიხოღლის) გამოკითხვის შემდეგ, ჩვენ გვითხრეს, რომ აქვე, ამავე სოფელ მარადიდში ჯერ კიდევ ცოცხალია ნავის მთრეველი კაცი (ე.ი. ვისაც ნავი უკან მიჰყავდა), მართლაც, გავემართეთ მის სანახავად. სოფლის ვიწრო გზებით, ჭოროხის ნაპირთან ერთ-ერთ სახლთან გვითხრეს, რომ სახლის პატრონმა ჭოროხში იპოვა დიდი ზომის ღუზა, დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის, ხელით გაკეთებული (გამოჭედილი რკინა), წონით დაახლოებით 70-80 კგ. ამ ახალგაზრდა კაცმა გვითხრა, რომ ღუზა ერთი თვის წინ მიუყიდნია ბათუმის ერთ-ერთი მუზეუმისათვის. ღუზის ზომებით ნავიც დიდი ზომისა უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ჩვენ მიგვიყვანეს „ნავის მთრეველის” ეზოში. გამოგვიყვანეს მოხუცი ბრგე კაცი, რომელიც მოგვიყვა იგივეს, ოღონდ არ დაადასტურა ბოლო ცნობა, რომ ნავის უკან ბორჩხაში წასათრევად 10-15 კაცი იყო საჭირო. მისმა ცოლმა განაცხადა – მოხუცდა და ბევრი რაიმე აღარ ახსოვსო. იქვე თქვეს, რომ ნავის უკან მთრეველს ერქვა ასეთი სახელი – „მუშა” ანდა „მძღოლი”. უფრო ადრე ხასანმა გვითხრა, რომ ნავის უკან თრევა მძიმე საქმე იყო, ამიტომაც არსებობდა ნავის მუშების დასასვენებელი საგანგებო პუნქტები მდ. ჭოროხზე, კერძოდ, ნავის მთრეველები კაპანდიდიან ბორჩხას გზაზე ისვენებდნენ: 1) თანამედროვე სოფელ აჭარისწყალთან (სადაც აჭარისწყალი უერთდება ჭოროხს); 2) სოფელ მინვეთთან; 3) მარადიდთან; 4) ხებასთან; 5) იყო უკვე ბორჩხა. ალბათ, დასვენების ქვეშ იგულისხმება ღამის გათევება. უკანა გზაზე ნავი განსაკუთრებით მსუბუქად იტვირთებოდა, ძირითადად ნავთით და მარილით, ასევე ქსოვილებით. თვითონ მარადიდში იყო საქსოვები და აქვე იკერებოდა დამზადებული ტანსაცმელი. ბორჩხა-კაპანდიბის გზას მარადიდელები ემსახურებოდნენ ძირითადად. კაპანდიბში ნავები დგებოდა იქ, სადაც არის ე.წ. „მახოს ხიდი”. აქედან ბორჩხამდე ნავის უკან თრევას 2-3 დღე უნდოდა. ნავის რეიზი ანუ კაპიტანი „იდგა კიჩოზე”. აქვე მარადიდში ამზადებდნენ ნავებს, ერთ-ერთის სახლი გვაჩვენეს, ის ყოფილა ვინმე ჩერქეზიშვილი. მახოს ხიდი არის „ერგეს ქვემოთ”. ერთ დღეში, ამ მთქმელის თქმით, ჭოროხზე სულ 4 ნავი მოძრაობდა (მაგრამ ალბათ, ადრე მეტი იყო). ჭოროხის სატვირთო-სანაოსნო გზა დაიკეტა 1926 წელს მთავრობის განკარგულებით. ამის შემდეგ მენავეებს და ტვირთის გადამტანებს უწოდებდნენ „კონტრაბანდისტებს” და ისჯებოდნენ. ამიტომ ეს საქმე და ხელობა გაქრა.
ბორჩხადან – აჭარისწყლის შესართავამდე ქვეყანას ერქვა – ლივანა, აჭარისწყლის ქვემოთ – ერგე. ბორჩხაში საქონელი შედიოდა ართვინის ბაზრობიდან. ართვინში იმართებოდა ბაზრობა, სადაც, როგორც ითქვა, ვაჭრები ყიდულობდნენ საქონელს, რომელიც ბორჩხაში გადაჰქონდათ, ბორჩხადან კი უკვე მარადიდელი მენავეები აგრძელებდნენ ტვირთზიდვას მახოს ხიდამდე. მოხუცი მარადიდელის სიტყვით, ნავს უკან მიათრევდა არა 10-15 კაცი, არამედ 3-4 მუშა „ჯოხებით”. საფიქრებელია, მას სურდა ეთქვა, რომ ეს 3-4 კაცი მდინარის დინების მიყოლისას იყო ნავზე.
როგორც აღინიშნა, „მახო” უნდა იყოს ის მხარე, რომელსაც წყაროებში მოხირისი ერქვა (ხელვაჩაურ-ხულოს რეგიონი).
27.06.2009.
მდინარე რიონი და მისი ჭაობები
(შავი ზღვის გეოლოგია)
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფასისის ბერძნული სამიტროპოლიტო კათედრების ადგილმდებარეობა-ლოკალიზაცია მდ. რიონის დაბლობზე ჩვენ ძალზე საეჭვოდ მოგვაჩნია. მიზეზი ამისა უნდა ყოფილიყო დასავლეთ საქართველოს დაბლობში არსებული კლიმატური ვითარება, კერძოდ, რიონის დაბლობი I-VII საუკუნეებში წყლით იყო დაფარული შავი ზღვის დონის 1-3 მეტრით მაღლა აწევის გამო.
თუ რატომ არ შეიძლებოდა რიონის დაბლობზე სამიტროპოლიტო ცენტრის არსებობა, ეს კარგად ჩანს გეოლოგი მეცნიერის დოქტორ მაისურაძის გამოკვლევით, რომელიც უცვლელად მოგვყავს:
“დედამიწის კლიმატურ პერიოდთა შორის ბოლო არის მეოთხეული სისტემა, ის მოიცავს დროის მონაკვეთს პლიოცენის ბოლოდან ვიდრე დღემდე. მეცნიერთა აზრით დაახლოებით ის რამდენიმე ასეული ათასი წლიდან 1 მილიონ წლამდე გრძელდებოდა.
მეოთხეული სისტემა ანუ პერიოდი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: გამყინვარების ხანა და თანამედროვე ხანა.
გამყინვარების ხანას უწოდებენ პლეისტოცენს (დილუვიუმს), ხოლო თანამედროვე (გამყინვარების შემდგომ ხანას) უწოდებენ ჰოლოცენს (ალუვიუმს).
მეოთხეულ პერიოდში ცხოვრობდნენ, მაგალითად, მამონტები, ასევე, ამჟამად, ცნობილი ცხოველები. მეოთხეულის ისტორიისათვის აღსანიშნავი მოვლენა იყო გამყინვარება, რომელიც დიდ აცივებასთან ერთად დიდი სინესტითაც ხასიათდებოდა. დედამიწისათვის ზოგადად ეს იყო წვიმიანი ხანა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროების დიდი ნაწილისათვის გამყინვარება. მისი მიზეზი მეცნიერებისათვის დღესაც უცნობია, თუმცა მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ყოფილა არა ერთი, არამედ რამდენიმე გამყინვარება, ანუ დედამიწაზე აცივებისა და დათბობის ეპოქები მონაცვლეობდნენ.
მეოთხეული პერიოდის კონტინენტები და ზღვები თითქმის ისეთივე იყო, როგორც დღეს არის, მხოლოდ ზოგმა ზღვამ წინ წაიწია წყლის დონის ამაღლების გამო, ანდა უკან დაიხია დონის დაწევის გამო, რის გამოც ხმელეთზე დატოვა ტერასები და ზღვიური ლექი.
კასპიის ზღვის სამხრეთული ნაწილი მეოთხეულის დასაწყისში ხმელეთს წარმოადგენდა და მისი ჩაძირვა შემდგომ მოხდა. ჩრდილო ნაწილში კი ხდებოდა ზღვის მრავალჯერადი ტრანსგრესია და რეგრესია (აწევ-დაწევა). მაგალითად, ზღვის ტერასული ლექის მიხედვით ითვლიან, რომ კასპიის ზღვის წყლის დონე თანამედროვესთან შედარებით 200 მეტრით მაღლა იყო აწეული ერთ პერიოდში (ალ. ჯანელიძე, ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, 1963, გვ. 385). რაც შესაძლოა გამოწვეული იყო გამყინვარების პერიოდში დათბობით, რამაც ყინულის დადნობა გამოიწვია. ასევე ხდებოდა პირიქით, აცივების დროს დიდძალი წყლის დაბანდება ხდებოდა ყინულის სახით, რაც ზღვაში წყლის რაოდენობის შემცირებას იწვევდა.
მსგავსია შავი ზღვის ისტორია მეოთხეული პერიოდის განმავლობაში. პერიოდის დასაწყისში, შავი ზღვა, ტბას წარმოადგენდა. ის მოწყვეტილი იყო ხმელთაშუა ზღვას ხმელეთის დიდი ნაწილებით. კერძოდ, ეგეოსის ზღვის ადგილზე არსებობდა ხმელეთი, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულს უშუალოდ აკავშირებდა მცირე აზიასთან, ხოლო მარმარილოს ზღვა იყო ტბა. ამ ტბიდან გამოდიოდა მდინარე, რომელიც ერთვოდა ხმელთაშუა ზღვას. ამ მდინარის ხეობის ადგილზე ახლა არის დარდანელის სრუტე. ზედა მეოთხეულში მოხდა ეგეოსის ხმელეთის დაძირვა და წარმოიშვა ეგეოსის ზღვა, ამავე დროს დაიძირა შავი ზღვის სამხრეთში მდებარე ხმელეთიც, რის გამოც შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს შეუერთდნენ. შემდგომში კიდევ რამდენჯერმე შეწყდა და განახლდა ეს კავშირი. ხმელთაშუა ზღვისაგან მოწყვეტამ გამოიწვია შავი ზღვის რამდენჯერმე გამარილიანება.
მეოთხეული ეპოქების დასათარიღებლად იყენებენ ზღვიური ლექების ნაშთებს, კერძოდ, რადგანაც, საკმაოდ ხშირად ხდებოდა ზღვის დონის ცვლილება, ამ დროს წარმოიშობოდა შესაბამისი სანაპირო ტერასა (ველი, ბაქანი), მათი ნაშთების შესწავლა იძლევა მეთოდს დათარიღებისათვის. კერძოდ, ზღვის დონის დაწევის დროს წარმოიშვებოდა ახალი სანაპირო ზოლი ანუ ტერასა, შემდეგ კიდევ დაწევა ზღვის დონისა უფრო დაბალ ტერასას გვაძლევდა. მაშასადამე, ძველი ტერასა უფრო მაღლაა, ვიდრე მისი შემდგომი ახალი ტერასები. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე აჩვენებენ ოთხ ტერასას, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სიმაღლე, ყველაზე მაღალი 90-110 მეტრია, ყველაზე დაბალი 18-20 მეტრი. მაშასადამე, იყო დრო, როცა ხმელთაშუა ზღვის დონე 110 მეტრით მაღლა იყო აწეული. მსგავსადვე შავ ზღვაზე.
მეოთხეული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის გაჩენაა. ზემოთ აღნიშნულ გამყინვარების ხანას, ანუ პლეისტოცენს არქეოლოგების ქრონოლოგიური სქემით შეესაბამება – პალეოლითი, ანუ ძველი ქვის ხანა. თანამედროვე ხანას, ანუ ჰოლოცენს (ალუვიუმს) შეესაბამება არქეოლოგების – ნეოლითი (ახალი ქვის ხანა), ბრინჯაოს ხანა და რკინის ხანა.
პალეოლითის ბოლო ეტაპზე ადამიანმა ისწავლა იარაღის გაუმჯობესება და ძვლის იარაღების დამზადება, ხოლო ჰოლოცენის დასაწყისში (ე.წ. აზილურ დროს) მას უკვე შეუსწავლია თიხის კერამიკული დამუშავება, მაგრამ საქოთნე დაზგა ჯერ კიდევ არ ჰქონდა (ალ. ჯანელიძე, ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, 1963, გვ. 370-397).
მეცნიერ-გეოგრაფების მონაცემებით შავ ზღვაზე ე.წ. ფანაგორიულ რეგრესიის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე დაიწყო ზღვის ტრანსგრესია (ჯანელიძე ჭ, ფაზისის ლოკალიზაციის გეოგრაფიული ასპექტები, ფაზისისადმი მიძღვნილი სესიის თეზისები, 1973, გვ. 5-16 (Палеография Грузии вголоцене; Тб. 1980, стр.148-159).
მაშასადამე, დაახლოებით I ს-ში (ჩვენი წელთაღრიცხვით, ქრისტეშობის შემდეგ) დაიწყო ტრანსგრესია ანუ შავი ზღვის დონის აწევა. თანამედროვესთან შედარებით შავი ზღვის დონე ამაღლდა 3 მეტრით, რის გამოც ძველი ნამოსახლარები მოექცნენ ზღვის ქვეშ, კერძოდ, ამგვარი პროცესი განვითარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ შავი ზღვისპირეთში (სინოპი), სადაც ანტიკური ნაქალაქარები წყლის ქვეშ მოექცნენ (გ. გამყრელიძე, ქ. ფაზისის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, არქეოლოგიურ გამოკვლევათა კრებული, 2003, #1. „იბერია – კოლხეთი” (ანტიკური პერიოდი), გვ. 180). მსგავსადვე I საუკუნიდან ზღვის დონის 3 მეტრით ამაღლების გამო წყლითა და ჭაობით უნდა დაფარულიყო რიონის ვრცელი დაბლობი რამდენიმე საუკუნის მანძილზე, რადგანაც ზღვის დონეს დადაბლება მხოლოდ VIII-IX საუკუნეებიდან დაუწყია დროებით, შემდეგ საუკუნეებში ის კვლავ ამაღლებულა ვიდრე თითქმის XVI-XVII საუკუნეებამდე.
ასეთი ვითარების გამო I ათასწლეულის IV-VII საუკუნეებში წყლით დატბორილ რიონის დაბლობზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავის სამიტროპოლიტო ცენტრს ვერ დააარსებდა. სიტყვა მიტროპოლიტი ნიშნავს დედაქალაქის (მატერ-პოლის) მღვდელმთავარს. შეუძლებელია ასეთ ვითარებაში, ზღვის 3 მეტრით ამაღლების დროს დედაქალაქი რიონის ზღვასთან შერთვის ადგილას ყოფილიყო.
საქართველოს პლეისტოცენური ნალექები
დ. წერეთელი თავის წიგნში საქართველოს პლეისტოცენური ნალექები (1966) წერს: ჰოლოცენის ეპოქაში ადგილი ჰქონდა დედამიწის ქერქის მნიშვნელოვან მოძრაობას, კერძოდ, მაღლა აიწია კავკასიის ოლქმა და პირიქით, დაბლა დაიწია კასპიისა და შავი ზღვის ოლქებმა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის ქედის ოლქში აწევის ამპლიტუდა აღწევდა რამდენიმე ათეულ მეტრს, ხოლო შავი ზღვის დონის ქვეშ ჩასულ ველთა შესახებ უნდა ითქვას, რომ მათი ვერტიკალური მოძრაობების ამპლიტუდა არ აღემატებოდა 50-80 მეტრს.
შეიძლება ტექტონიკური ძაბვები იწვევდნენ გარღვევას და ლავების დინებას კავკასიაში. დედამიწის ამჟამადაც არსებული, არჩამქრალი პულსაციის მაჩვენებელია ხშირი და ძლიერი მიწისძვრები, რომლის ეპიცენტრები ფიქსირდება კავკასიის ფარგლებში. ყინულოვანი ეპოქის შემდგომ დაიწყო კავკასიაში ყინულების დეგრადაცია.
ზემონეოლითურ ეპოქაში დაიწყო ადამიანთა განსახლება დასავლეთ საქართველოში.
არქეოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ჰოლოცენის ეპოქაში დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში ცვალებადი იყო ფიზიკო-გეოგრაფიული პირობები, რამაც გამოიწვია სანაპირო ხაზის ცვლილებები.
ყინულოვანი ეპოქის შემდეგ გეოლოგიური და სტრატიგრაფიული მასალების მიხედვით შეიქმნა ძველი შავი ზღვის აუზი.
შავი ზღვის დონის აწევას უკავშირებენ ყინულოვანი საფარველის გაძლიერებულ დნობას და ტექტონიკურ მოძრაობებს.
დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში ბურღვითი სამუშაოების შედეგად, აღმოჩნდა სამი ტორფული ჰორიზონტი ძველი და გვიანი შავი ზღვის დროისა.
სხვადასხვა სიღმეებზე ტორფული ჰორიზონტების არსებობა მიუთითებს ზღვის სამჯერად უკან დახევაზე.
არქეოლოგიური ძეგლები საშუალებას გვაძლევს ზოგადი წარმოდგენა ვიქონიოთ პალეოგრაფიულ პირობებზე ჰოლოცენის ეპოქაში.
როგორც ითქვა, შავი ზღვის დონე მერყეობდა. ქვემო ტორფული ჰორიზონტები მდებარეობდნენ ამჟამინდელი ზღვის დონის ქვემოთ 40-39 და 18 მეტრ სიღრმეზე (ძველი და გვიანი ჰოლოცენის დროს), რაც ემთხვევა არქტიკულ, სუბარქტიკულ და ბორეალური დროის კლიმატურ მერყეობას.
18 მეტრ სიღრმეზე ტორფის ჰორიზონტის წარმოშობის შემდგომ დაიწყო შავი ზღვის ტრანსგრესია (ზღვის დონის აწევა), რასაც მიუთითებს ენეოლითისა და ახალბრინჯაოს საუკუნეთა მატერიალური კულტურის ნაშთების 8-10 მეტრ სიღრმის ქვეშ არსებობა ყულევთან, ოჩამჩირესთან და სოხუმთან. ხოლო შემდგომ, ატლანტიკურ საუკუნეში ტორფული ჰორიზონტის 10 მეტრის სიღრმეზე არსებობა მიუთითებს, რომ შავი ზღვის აუზში აღინიშნება ზღვის დონის დაწევა.
არქეოლოგმა ნ. ხოშტარიამ 1946 წელს აღმოაჩინა, ზღვის დონის ქვემოთ 6 მეტრზე, არქეოლოგიური ძეგლები IV-III ათასწლეულისა. მსგავსადვე, ოჩამჩირესთან კუფტინმა და სოლოვიოვმა თანამედროვე ზღვის დონეზე დაბლა 6 მეტრით აღმოაჩინეს სპილენძისა და ადრე ბრინჯაოს (ვიდრე ანტიკურ ეპოქამდე) ხანის კულტურის ნაშთები.
აღსანიშნავია, რომ ენეოლითური და ადრე ბრინჯაოს ფენათა შუა არის შრე, რომელიც არ შეიცავს კულტურულ ნაშთებს (ჩანს, ენეოლითის შემდეგ ზღვის დონემ აიწია და სპილენძისა და ადრე ბრინჯაოს ეპოქაში კვლავ დაიწია, და შემდგომ კი ზღვის დონე ისევ ამაღლდა).
ზღვის დონის აღნიშნულ ცვლილებას მიუთითებს სოხუმის ყურეში 9 მეტრ სიღრმეზე (თანამედროვე ზღვის დონის ქვემოთ) აღმოჩენილი ბრინჯაოს საუკუნის კერამიკული კრამიტის ნაშთები. ბ. კუფტინი ვარაუდობს, რომ თანამედროვე ზღვის დონეზე 9 მეტრით დაბლა აღმოჩენილი ნაშთები შეიცავს აგრეთვე ენეოლითური კულტურის ნიშნებს.
არქეოლოგიური მონაპოვრები შავი ზღვისპირეთისა მიუთითებს, რომ ატლანტიკური საუკუნის ბოლოსა და სუბორეალური საუკუნის დასაწყისში შავმა ზღვამ უკან დაიხია, ანუ მისი დონე დადაბლდა, რამაც თანდათან გამოაშრო ჭაობიანი ადგილები.
ტორფული ჰორიზონტის 11 მეტრ სიღრმეზე ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ასაკი არის 6000 წელი (საქართველოს პლეისტოცენური ნალექები, 1966. რუს. ენაზე. გვ. 520-525).
კოლხეთის გეოლოგიური ისტორია ჰოლოცენურ პერიოდში
ჰოლოცენი ეს დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიის ბოლო ეტაპია, რომელიც მოიცავს დროის მონაკვეთს 10.000 წლიდან დღემდე. როგორც ყველა ბუნებრივ მოვლენას, ამ ეპოქასაც ახასიათებდა პულსაციური განვითარება, რაც გამოიხატებოდა დედამიწაზე კლიმატის ცვალებადობით (დათბობა-აცივება) და, შესატყვისად, ოკეანეების მონაცვლეობით (ტრანსგრესიები და რეგრესიები). ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვეს როგორც ბუნებრივ გარემოებას, ასევე ადამიანთა მოდგმის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
ჰოლოცენი სტრატიგრაფიული ტერმინია და თავსდება გარკვეულ ქრონოლოგიურ ფარგლებში. მისი სტრატიგრაფიული სვეტი მოიცავს ქვედა (10000-დან 7000-მდე), შუა (7000-დან 3000-მდე) და ზედა (3000-დან დღემდე) ეპოქებს.
ჰოლოცენური პერიოდი დაიწყო მატერიკული გამყინვარების დეგრადაციის ფონზე, როდესაც მყინვარებმა იწყეს უკან დახევა (ფართობების შემცირება). ამ დროისათვის მსოფლიო ოკეანის დონე იმყოფებოდა თანამედროვესთან შედარებით 100-120 მეტრით დაბლა, ხოლო შავი ზღვის დონე, ბოსფორ-დარდანელის ზღურბლის გამო, -50, -60 მეტრზე. შავი ზღვის აკვატორიის შელფური ზოლის დიდი ნაწილი გაშიშვლებული იყო, ხოლო მათზე გამავალი (ან შემავალი) მდინარეები – ენგური, ფსოუ, ცხენისწყალი, რიონი, ჭოროხი და სხვანი გამოიმუშავებდნენ ღრმა ეროზიულ (გადაღრმავებულ) კანიონისმაგვარ ხეობებს.
ძვ.წ. X-VIII ათასწლეულიდან (10000-8000 წლის წინ) მყინვართა დნობის გამო იწყება შავი ზღვის დონის აწევა, ანუ ტრანსგრესია. იგი მოიცავდა პერიოდს ძვ.წ. VIII ათასწლეულიდან ძვ.წ. V ათასწლეულამდე. ამ დროს ზღვის დონემ მიაღწია მინუს -40 -50 მეტრის ნიშნულებს. მეორე ეტაპზე, მცირედი შეფერხების შემდეგ გაგრძელდა ამჯერად ახალი შავზღვიური ტრანსგრესია (ძვ.წ. V ათასწლეულიდან ძვ.წ. III ათასწლეულამდე), რომლის დროსაც ზღვის დონემ მიაღწია -10 მეტრის ნიშნულს. ტრანსგრესიის ფინალურ სტადიაზე შავი ზღვის დონე ასცდა 0-ან ნიშნულს და ავიდა +2, +4 მეტრის სიმაღლეზე (რაზედაც მეტყველებენ ახალშავზღვური ტერასები). ამ დროს კოლხეთის ცენტრალური ნაწილი ფოთიდან თითქმის 12-15 კმ-ის რადიუსით ზღვით იყო დაფარული და ზღვის უბეს წარმოადგენდა. სანაპირო ზოლში არსებულ 2-4 მეტრის სიმაღლის ზღვიურ ტერასებზე აჭარაში, გურიაში, აფხაზეთში შემორჩენილია ნეოლითური, ენეოლითური და ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები. აღნიშნულ ზღვიურ ტერასებს რიონის დეპრესიაში ასაკობრივად შეესიტყვებიან ზღვიური ნალექების (ქვიშანარევი) და ტორფის შრეების მორიგეობა, რომლებიც დაძირულნი არიან სხვადასხვა სიღრმეზე, მაგალითად, იმნათის ჭაობიდან 6 მეტრის სიღრმეზე არსებული ტორფის ასაკი 2100±150 წელია (გვიანი ჰოლოცენი): 8, 5 მეტრის სიღრმეზე არსებული ტორფის 4150±195 წელი (შუა ჰოლოცენი =ახალშავზღვიური ტრანსგრესია), ხოლო 11 მეტრის სიღრმიდან 5825±215 წელი (ჭ. ჯანელიძე, 1971), ტორფის შრეების არსებობა მიუთითებს ტრანსგრესიებისა და რეგრესიების მონაცვლეობას შუა ჰოლოცენში.
ახალშავზღვიურ ტრანსგრესიულ ფაზას მომდევნო ეტაპზე ენაცვლება ფანაგორიული (ეგრისული – დ. წერეთლის მიხედვით) რეგრესია, რომლის დროსაც შავი ზღვის დონემ დაიწია 8-10 მეტრით თანამედროვესთან შედარებით.
ეს ფაზა დაიწყო ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან (ე.ი. 3000 წლის წინ) და გრძელდებოდა ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე. პალეობოტანიკური მასალის საფუძველზე, დროის ამ მონაკვეთში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან აციებას, რამაც გამოხატულება ჰპოვა შავი ზღვის უკუქცევაში (რეგრესია). ზღვის სარკე მოშორებული იყო თანამედროვე სანაპირო ხაზს რამდენიმე ასეული მეტრიდან 1,5-2 კმ-მდე. ზღვისგან გათავისუფლებულ ხმელეთზე ბერძნების, რომაელების და ბიზანტიელების მიერ გაშენებულ იქნა ანტიკური ქალაქები – დიოსკურია, ანაკოფია, ხერსონესი, ნიმფეა, ფაზისი და სხვა მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრები. მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებიდან VIII-X სს-მდე და შემდეგ XVI საუკუნის ჩათვლით, შავ ზღვაზე დაიწყო ნიმფეური (ლაზური – დ. წერეთელი) ტრანსგრესია, რომლის მაქსიმალურ ფაზაში ზღვის დონე თანამედროვესთან შედარებით 1 მეტრამდე აიწია.
ტრანსგრესიული და რეგრესიული ბუნებრივი პროცესები შავ ზღვაზე ნარნარად მიმდინარეობდა, დროში გაწელვით, ამიტომ ადამიანებს, ბუნებრივია, შეეძლოთ რეაგირება მოეხდინათ ამ ცვლილებებზე და მიგრირება განეხორციელებინათ ხმელეთის სიღრმეში, ჰიფსომეტრიულად შედარებით მაღალ ადგილებში.
XVI ს-დან XIX ს-ის შუა რიცხვებამდე ადგილი ჰქონდა აციებას, ე.წ. „მცირე მყინვარულ ეპოქას” და ზღვის უმნიშვნელო რეგრესიას, რაც გამოიხატა კავკასიონის მყინვარების წინსვლით.
XX ს-დან მიმდინარეობს ტრანსგრესიული მოვლენების გააქტიურება.
რაც შეეხება ქ. ფაზისისა და მდ. რიონის ისტორიას, ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, ახალშავზღვიური ტრანსგრესიის დროს, როდესაც ზღვის დონე ასცდა თანამედროვეს 4-5 მეტრით, ფოთის აღმოსავლეთით, დაახლოებით 12-15 კმ-ის რადიუსით, ტერიტორია ზღვის უბეს წარმოადგენდა, მდ. რიონი ზღვას უერთდებოდა სადღაც სოფ. საბაჟოს მერიდიანზე. რამდენადაც ეროზიის ბაზისი (მდ. ინარის ზღვასთან შეერთების წერტილი) იმყოფებოდა თანამედროვესთან მაღლა 4-5 მეტრით, ამიტომ მდინარის ეროზიული მოქმედების ძალა შენელებული იყო და მდორედ მოედინებოდა. უთუოდ მდინარე შუა წელში აჩენდა მეანდრებს და აჭაობებდა არემარეს.
დაახლოებით 3000 წლის წინა პერიოდიდან შავი ზღვის ისტორიაში იწყება ფანაგორიული რეგრესიის ფაზა, რომლის პიკის დროს ზღვის დონე დაეცა 10 მეტრამდე თანამდროვესთან შედარებით. ბუნებრივია, რიონის ზღვასთან შეერთების ადგილიც (ეროზიის ბაზისი) თანდათანობით დაბლა იწევდა, კალაპოტის დახრილობა მატულობდა და დინებაც აჩქარებას იძენდა. გამოცოცხლებული მდინარე რიონი აძლიერებდა ეროზიულ მოქმედებას (ხაზოვან ჩაჭრას), გარშემო ტოვებდა ნარიონალებს და გამოიმუშავებდა არაღრმა ხეობას.
II-III საუკუნეებიდან დაწყებული ნიმფეური ტრანსგრესიისას ზღვის დონის აწევას თან სდევდა მდ. რიონის და მისი მრავალი შემდინარეების მიერ გამოტანილი ნაშალი მასალის აკუმულაცია (დაგროვება) კოლხეთის მთელ აკვატორიაში. ელინური ქალაქები ექცეოდნენ წყლის ქვეშ და თანდათანობით იმარხებოდნენ შემოტანილი მასალების ქვეშ. ბუნებრივია, ადამიანები ეძიებდნენ ახალ ხელსაყრელ ადგილებს საცხოვრებლად და განსახლდებოდნენ ხმელეთის სიღრმეში.
ამგვარად, ნიმფეური ტრანსგრესიის დროს მდინარეების მიერ შემოტანილი მყარი მასალის (ქვიშები, გრაველიტები, თიხები) ქვეშ განიმარხნენ არა მარტო ძველი ისტორიული ზღვისპირა ქალაქები, არამედ მდ. რიონის ძველი ნარიონალები და ხმელეთის სიღრმეში არსებული უძველესი კულტურის ძეგლები.
ლიტერატურა:
- Церетели Д. В., 1966, «Плеистоцен Грузии», Изд. «Мецниереба».
- Федоров П.В., 1978., Плеистоцен Понто-Каспия, Изд. «Наука». М.
- Нейштадт М.Н., 1969, Голоцен, Введение, Изд. «Наука». М.
- Церетели Д.В., Майсурадзе Г.М., 1980, К палеогеографии верхнего плейстоцена Грузии, Изд. «Наука». М.
- Майсурадзе Г.М., 2004, Оснавные черты верхнеплейстоценовой и голоценовой истории Кавказа, Тр. ГИН. АНГ. Нов. сер. 119.
- Джанелидзе Ч.П., 1971, Изменения физико-географических условии Грузии в голоцене, Автореферфт канд. Дис. Тбилиси.
- Maisuradze G., 1987. Evolution of the late Pleistocene Environment in the Caucasus. Budapest
გ. მაისურაძის შენიშვნა:
გ. მაისურაძის თვალსაზრისით, შავი ზღვის ტრანსგრესია-რეგრესიის (დონის აწევა-დაწევის) გამო წყლის დონემ მაღლა აიწია და +1 მეტრ ნიშნულთან მივიდა V-VI სს-ში, შემდეგ დონემ კვლავ დაბლა დაიწია და 0-ვანთან მივიდა IX-X სს-ში, შემდეგ კვლავ აიწია დონემ და +0.5-თან მივიდა XV-XVI სს-ში, ამის შემდეგ დონემ დაიწია და 0-თან მივიდა XIX-XX სს-ში.
მომყავს დოქტორ გ. მაისურაძის კიდევ ერთი ნაშრომი:
კოლხეთის უახლესი ისტორიიდან
(პალიასტომის ტბის წარმოშობა IX-X საუკუნეებში)
“კოლხეთის ვაკე” მოიცავს უშუალოდ „კოლხეთის დაბლობს”, მის ყველაზე დაბალ ნაწილს. ცნობილია, რომ კოლხეთის ვაკე შავი ზღვის ყოფილი უბეა, რომელიც მდინარეული და ზღვიური ნალექებითაა ამოვსებული.
არქეოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ გაუვალი ჭაობები კოლხეთის დაბლობის გულში გაჩდნენ უახლოეს ისტორიულ წარსულში, როდესაც დაიწყო ზღვის ტრანსგრესია. ამ მიზეზის გამო გაჩნდნენ ნამოსახლარები, რომლებიც ხელოვნურ მიწაყრილებზე არიან გაშენებული (იგულისხმება ბორცვები), რომლებიც დღესდღეობით დამარხულნი არიან უახლესი 4-7 მეტრის სისქის ქვიშიან-თიხიან და ტორფიან ნალექთა ქვეშ. ლ. მარუაშვილის (1964) მიხედვით ასეთი ყორღანისმაგვარი ხელოვნური ბორცვების რაოდენობა კოლხეთში 600-მდე აღწევს.
განვიხილოთ პალეოგრაფული სიტუაცია კოლხეთის დაბლობისა (რიონის შესართავის რაიონი) ქრისტეშობიდან დღემდე.
ზღვის დონის ამაღლებამდე ზღვაში შემდინარე მდინარეთათვის დამახასიათებელი იყო ჩქარი დინება და აქტიური ეროზიული მოქმედება, თუმცა წყალშემკრები აუზის სიდიდის გამო [მაგ: მდ. ფიჩირის აუზის (ფართი 406 კვმ)], მდინარეებს შემოჰქონდათ კოლხეთის ცენტრალურ ნაწილში დიდძალი ნაშალი მასალა, რითაც ათეულობით წლების მანძილზე წყალდიდობების დროს ქმნიდნენ აკუმულაციურ (ფხვიერი მასალის დალექვა) წყალგამყოფ სერებს, ბორცვებს სიმაღლით 5-8 მ. უკანასკნელი ხელს უწყობდა აგრეთვე მდინარეთა კალაპოტების ხშირ მონაცვლეობას და მეანდრირებას.
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან შავი ზღვის ისტორიაში შესანიშნავია ტრანსგრესიული ფაზა. ზღვის სარკე VI-VII საუკუნეებში როცა 1-2 მეტრით ასცდა ნულოვანი დონის ნიშნულს, ფოთის შემოგარენი ზღვის უბედ იქცა. შეფერხდა მდინარისეული და მიწისქვეშა წყლების განტვირთვა ზღვაში. ამას თუ დავუმატებთ ჭარბ ატმოსფერულ ნალექებს (1500-2000 მმ. წელიწადში), მაშინ გასაგები გახდება, თუ რა რთული ეკოლოგიური პირობები შეიქმნებოდა კოლხეთის ზღვისპირა რეგიონში. ჭაობების დიდი ფართობები, მდინარეთა მიერ შემოტანილი ფხვიერი მასალის დანაგროვი, რომელიც მდინარეთა ტოტებსა და მეანდრეებს შორის აჩენდა „კუნძულებს” და „ნახევარკუნძულებს”, გაუვალი ენდემური ტყეები და ჭაობის ბალახოვანი ველები ურთულეს პირობებს უქმნიდა იმდროინდელ მოსახლეობას (ასეთი ვითარების დროს ძნელი წარმოსადგენია ფოთთან სამიტროპოლიტო ქალაქის არსებობა).
ზღვიდან მონაბერი მუსონური ქარებით გამოწვეული ზვირთცემა (ტალღების ზემოქმედება ნაპირზე) ამუშავებდა მდინარეთა მიერ შემოტანილ ნაშალ მასალას და ქმნიდა ნაპირის გასწვრივ ქვიშის ზვინულებს სიმაღლით 2-5 მეტრი, რომლებიც გამოყოფდნენ ხმელეთზე არსებულ ბუნებრივ წყალსაცავებს ზღვისაგან. ასე მაგალითად, დაახლოებით IX-X საუკუნეებში ნულოვან ნიშნულზე დაწეულ ზღვას გამოეყო პალიასტომის ტბა.
ახლა მოკლედ ამ ტბის შესახებ.
როცა ზღვის დონე 5-7 მეტრით დაბლა მდებარეობდა, პალიასტომის ტბის ფსკერი ჩვეულებრივ ხმელეთს წარმოადგენდა. ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია თვით მდ. რიონი, ან მისი ერთ-ერთი ტოტი გაედინებოდა. აქ, როგორც გადმოცემიდან ჩანს, სოფელიც ყოფილა. როგორც ზემოთ ითქვა, VI-VII საუკუნეებში ზღვა ნიმფეური ტრანსგრესიის გამო შემოიჭრა ხმელეთზე, შეიქმნა ზღვის უბე, რომელიც IX-X საუკუნეებში 2-3 ათეული კილომეტრის სიგრძის სანაპიროს გასწვრივ ზვინულით გამოეყო ზღვას. ზვინულის სიგანე 1-2 კმ. იგი თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ადგილზე გარღვეულ იქნა მდინარეების მიერ, რითაც დარღვეულ იქნა მისი მთლიანობა. მაგალითად, 1933 წლის დეკემბერში პალიასტომის წყლებმა ღელვისას ორ ადგილას გაარღვია ბუნებრივი ჯებირი და უშუალოდ მოკლე გზით შეუერთდა ზღვას.
- პალიასტომის ტბა ახალგაზრდა ტბაა, რომელიც გაჩნდა IX-X საუკუნეების მიჯნაზე ნიმფეური ტრანსგრესიის დროს. მის შუაგულში არავითარი კუნძული არ არსებობდა. მისი ფსკერი ბრტყელძირაა და ზღვიურ-მდინარეული მასალითაა ამოვსებული.
- ლეგენდებში მოხსენიებული კუნძულები ეს ზვირთცემით და ადიდებული მდინარეების მიერ წარმოქმნილი ზვინულები და კუნძულებია.
გივი მიხეილის ძე მაისურაძე
გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეოთხეული გეოლოგიის,
გეომორფოლოგიის და პალეოგეოგრაფიის მკვლევარი.
რიონის დაბლობის ჭაობები
(I-VI საუკუნეებში შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოხაზულობა შეიცვალა)
ქართველ პალეოლოგთა შრომების თანახმად, ახალი წელთაღრიცხვის I-VI და შემდგომ საუკუნეებში შავი ზღვის დონე თანდათანობით მაღლდებოდა და ზოგიერთი გამოკვლევით თანამედროვესთან შედარებით მაღლა აიწია 3-5 მეტრით. ეს იმას ნიშნავს, რომ რიონის ვაკედ წოდებული ვრცელი მიწა-წყალი (ე.ი. მდ. რიონის დელტა და მიმდებარე სანაპიროები), რომელიც ამჟამად თითქმის ზღვის ნულოვან დონეზეა, დაიფარა ზღვის თხელი წყლით, რამაც, ალბათ, ხელი შეუწყო არა მხოლოდ პალიასტომის ტბის მსგავსი წყლის გუბეების წარმოქმნას, არამედ დიდ დაჭაობებას რიონის დელტის ნაპირებისა. უფრო მეტიც, საერთოდ ზღვის წყლით დაიფარა სანაპიროს მთელი ზოლი და წარმოიქმნა ახალი, ამჟამად არსებული სანაპირო. პალეოგრაფ ფ. ჯანელიძისა და დ. ხახუტაიშვილის შრომებში გადმოცემულია მეცნიერებაში დამკვიდრებული თვალსაზრისი, რომ, იქამდე, ანუ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე – II ათასწლეულის შუა ხანებიდან ვიდრე ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე – მსოფლიო ოკეანის დონე თანამედროვე ნიშნულთან შედარებით 3-5 მეტრით უფრო დაბლა მდებარეობდა. შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით მას უწოდებენ „ფანაგორიული რეგრესიის ხანას” (Джанелидзе Ч.П. Палеография Грузий в голоцене, ТБ. 1980. с. 21; Хахутаишвили Д. А. Природа и человек в приморской полосе Колхиды в эпоху голоцена, В. сб. – Кавказско-ближневосточный сборник, ТБ., 1984, сс. 146-152). აღნიშნულ ავტორებს იმოწმებენ არქეოლოგები და აღნიშნავენ – „იმის გამო, რომ ამ პერიოდში (ე.ი. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ვიდრე ძვ. წ. II-I სს-მდე) მსოფლიო ოკეანის დონე თანამედროვე ნიშნულიდან შედარებით 3-5 მეტრით უფრო დაბლა იყო, ზღვის სანაპირო ზოლის აკუმულაციურ დაბლობებზე სამეურნეო საქმიანობის რადიკალურად განსხვავებული პირობები არსებობდა. სწორედ ასეთ უბანს წარმოადგენდა ის ზღვისპირა დაბლობი, რომელზეც ძველი და ახალი ბათუმია განლაგებული” (ა. კახიძე, დ. ხახუტაიშვილი, მასალები ბათუმის ძველი ისტორიისთვის, წიგნში „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები”, XVIII, 1989, გვ 18).
ზღვის დონის ამაღლების გამო, აღნიშნულ ავტორთა აზრით, ბათუმის ძვ.წ. II-I ათასწლეულებში არსებული ზღვისპირა ფენა დღეს 4-5 მეტრის სისქის ქვა-ღორღის შრითაა დაფარული (იქვე, გვ. 18), ე.ი. აიწია ზღვის დონემ და მის წყალს თან წამოჰყვა ქვა-ღორღი, რომელმაც ძველი ზღვისპირა ზოლი 4-5 მეტრის სისქის ფენით გადაფარა. ბათუმის სანაპირო შედარებით კლდოვანია, რომელიც აკავებს ზღვის დინებას, მაგრამ რიონის დაბლობზე, სადაც ზღვის წყლის შემაკავებელი ბუნებრივი კლდეები არ არსებობს და რიონის ვაკე თითქმის ზღვის დონეზეა გადაშლილი – შავი ზღვის დონის მომატებას კატასტროფული შედეგები უნდა გამოეწვია. ზღვის წყლის 3-5 მეტრით აწევა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა და ის აჭაობებდა (საცხოვრებლად უვარგისად ხდიდა) დასავლეთ საქართველოს დაბლობს. საფიქრებელია, რომ რიონისპირა მცხოვრები მოსახლეობა VI-VII საუკუნეებიდან იძულებული გახდა სხვაგან გადასახლებულიყო – უფრო მთიან, დაცულ რეგიონში. ალბათ, ამას ხელს უწყობდა ბიზანტიელთა დაუნდობელი ომები ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სვანების წინააღმდეგ. ამ პროცესებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყო დიდ მიგრაციას – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
ეტიმოლოგიურად სიტყვა „პალიასტომის” ფუძე „ლია” უნდა იყოს. „ლია” ნიშნავს ტალახს, წყალგარეულ მიწას. ალბათ, იგივე ფუძისაა „პალაკაციოს ტბა” ჯავახეთში.
ზღვის დონის აწევა I-II საუკუნეებში და მისი შედეგები
არქეოლოგთა და გეოლოგთა წრეებში, როგორც აღინიშნა, არსებობს თეორია, რომ შავი ზღვის სიმაღლემ I-II საუკუნეების შემდგომ აიწია რამდენიმე მეტრით (ზოგიერთი ვარაუდით, არანაკლებ 5-6 მეტრით). რიონისპირა ვაკე ამჟამად თითქმის ზღვის დონეზეა, ამიტომაც ზღვის დონის მატება I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ამ ვრცელ ვაკეს დაფარავდა წყლის თხელი ფენით, განსაკუთრებით ძლიერი ქარების დროს, რომელნიც რიონის აუზში ქრიან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იმდენად ძლიერად, რომ მდინარის დენა ფერხდება და წყლების ნაწილი უკან ბრუნდება.
როგორც აღინიშნა, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ არა თუ რიონის დაბლობში, არამედ მისგან საკმაოდ დაშორებული ურეკის მიმდებარე ზღვისპირა ზოლიც მოსახლეობას უნდა მიეტოვებინა I-II საუკუნეების შემდგომ ზღვის დონის მნიშვნელოვანი აწევის გამო. ისინი წერენ – „სავარაუდოა, რომ როგორც რიონის ქვემოწელის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, აქაც, ძვ.წ. III-IIს. მიჯნისათვის ან IIს. დასაწყისში პოლიტიკურ კატაკლიზმებთან ერთად ცხოვრება ზღვის დონის აწევის გამო გაუსაძლისი გახდა (Рамишвили А., Раскопки приморских стянок, 1975, Микеладзе Т., Хахутаишвили Д., Древне Колхидское население, 1985). ბუნებრივია, მოსახლეობა მიატოვებდა სამემკვიდროს და დაცულ მთისწინა ზოლში დაიდებდა ბინას” (ვ. სადრაძე, ჯ. ამირანაშვილი, ურეკის არქეოლოგიური ძეგლები, 2005, გვ. 71).
საბედნიეროდ, ზღვის დონის მატებას რამდენიმე საუკუნის შემდეგ მოჰყვა ზღვის დონის კლება, რიონის დაბლობს კვლავ დაუბრუნდა მოსახლეობა. ამ საკითხს ქვემოთ ვეხებით.
ძვ.წ. III-II საუკუნეებში დაიწყო ზღვის დონის მნიშვნელოვანი აწევა, როგორც აღინიშნა, პროცესი ახ.წ. II საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა, მან დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის ბედზე, კერძოდ, უვრცელესი რეგიონის მოსახლეობა მდ. რიონიდან ურეკამდე და იქით, იძულებული გამხდარა, მიეტოვებინა საცხოვრისი და ახალი ცხოვრება დაეწყო „შედარებით დაცულ ტერიტორიებზე”, კერძოდ კი, მთისწინა ზოლში.
ზღვის დონის აწევას უკავშირებენ არქეოლოგები იმ ფაქტს, რომ მართალია, ნამოსახლარები აღნიშნულ ტერიტორიაზე (ურეკთან) ძვ.წ. V-III სს-ში არსებობდნენ (მცირე რაოდენობით), მაგრამ ისინი ძვ.წ. II და ახ.წ. I საუკუნეებში უკვე აღარ არსებობენ (იქვე, გვ. 71).
ძველი ნამოსახლარები ზღვის დონის აწევის გამო დაფარულია წყლით, შლამით და ჭაობით, როგორც არქეოლოგები უწოდებენ – „მძლავრი სტერილური ფენით” (მ. ფხაკაძე, საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, I). „ეს კანონზომიერება კოლხეთის დაბლობის მთელს ტერიტორიაზე შეინიშნება” (ვ. სადრაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 70).
ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ნასახლარები „ე.წ. ტორფქვეშა ნამოსახლარების კულტურაშია საძიებელი” (იქვე, გვ. 69).
მდ. რიონის აუზსა და ზღვისპირეთში ორი ათასზე მეტი წლის წინ არსებობდა დასახლებები, რომელნიც შემდგომ წყლით და შლამით დაიფარა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა ტორფქვეშ. ტორფის ქვეშა არქეოლოგიური კულტურა ნაკლებშესწავლილია (იქვე, გვ. 69).
მაშასადამე, სტრაბონის ეპოქაში ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. IIს. ჩათვლით და მის შემდგომ, იმდენად ამაღლდა ზღვის დონე, რომ წყლითა და ლამით, შემდეგ კი ჭაობით გადაიფარა ძველი ნამოსახლარები, ხოლო მკვიდრმა მოსახლეობამ მიატოვა რიონის აუზის საცხოვრისი და მთისწინა ზოლში გადასახლდა (ასეთივე მდგომარეობა შენარჩუნდა პროკოფი კესარიელის ეპოქაშიც).
ამ ძალზე მნიშვნელოვან მომენტთან დაკავშირებით, ალბათ, ძნელია დავეთანხმოთ მტკიცებას, რომ აქ, მდ. რიონის ვაკეზე (ქუთაისიდან ახლანდელ ფოთამდე), მდებარეობდა „ლაზიკეს სამეფოს” ცენტრალური ნაწილი, რომ მდ. რიონზე, რომელიც თითქოსდა, ფაზისად იწოდებოდა, 120 ხიდი იყო გადებული. ნუთუ შესაძლებელი იყო სტრაბონის დაჭაობების ეპოქაში დატბორილ ვაკეზე მდინარის სანაპიროზე 120 ხიდის გამართვა? როგორც ცნობილია, ჭაობებში ხიდების აგებას ერიდებიან ამჟამადაც.
დაჭაობების გამო პირველ ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ბარი საცხოვრებლად უვარგისად ითვლებოდა ციებ-ცხელების გამო. ასე იყო გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში, რომელმაც პირადად მოინახულა ეს ქვეყანა და ის უვარგისად მიიჩნია საცხოვრებლად, ასევე დავით აღმაშენებლის დროსაც. აქაური მიწები უვარგისად ითვლებოდა ცუდი ჰაერის, ანუ მალარიისა და ნესტიანობის გამო.
ჭაობი, მალარია–ხორშაკი – ქართული წყაროებით რიონის ბარი (ტერიტორია ფოთიდან სამტრედიამდე და ქუთაისამდე) საცხოვრებლად უვარგისი იყო
I ათასწლეულის დიდ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ბარში მძვინვარებდა ციებ-ცხელება, მალარია.
ივ. ჯავახიშვილი წერს: „ამგვარი ცნობები ქართველ ისტორიკოსებს ბევრი მოეპოვებათ. ზაფხულში დიდი სიცხე და ამ ქვეყნის ნოტიო ნიადაგი მეტად მავნებელი იყო მცხოვრებთათვის. აფხაზეთისა „მიწასა ზედა… სულისაგან ხორშაკისა მაკვდინებელისა” (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება). ადამიანი შეწუხებული იყო. ერთი ბერი ასე ახასიათებს აფხაზეთ-სამეგრელოს – „ქვეყანა ესე ხორშაკეული არს და უმეტესად იგი ადგილი სადა მე ვიმყოფებოდი” და ვშიშობ, „ნუ უკუე სნეულებისაგან დავეცეო” (გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება, გვ. 323). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც ჩივის, რომ „თვითოსახეთა სენთა მიერ განცდილთა და ხილვად საძნაურთა… ზრდის უმეტეს სხვათა ქვეყანათა ქვეყანა ქუთათისისა”, ყველაზე მეტად ყოველგვარი სნეულება ქუთაისის სანახებშია გავრცელებულიო. ხალხს ადგილობრივი ჰავის მავნებლობის გამაქარწყლებლად და ჯანმრთელობის დასაცავად ერთადერთ უებარ წამლად და საშუალებად თურმე ღვინო და ღვინის სმა მიაჩნდა და „ქვეყანასა ამას შინა ხორშაკსა ყოველთა ღვინოსმულთა” (გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, 328). იმედი ჰქონდათ, რომ ღვინის სმით ჰავის გავლენით გამოწვეული ავადმყოფობისაგან უზრუნველყოფილნი იყვნენ” (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, II, 1983, გვ. 53).
ჭაობში ბრძოლასა და უბრალოდ გზად გავლას რომაელებიც ერიდებოდნენ, ამიტომ სავაჭრო გზები გადიოდა არა ჭაობებზე, არამედ მის გარეთ (იხ. ქვემოთ), ასევე ყოფილა საქართველოშიც. ძველი ეგრისის ყველა მნიშვნელოვანი სოფელი და სასულიერო ცენტრი მდებარეობდა არა რიონის დაბლობის ჭაობებში, არამედ მის გარეთ მთისწინეთში – ბედია, წალენჯიხა, ჭყონდიდი, ჩხოროწყუ მდებარეობდნენ მთისწინეთში – ზღვის სანაპიროსაგან საკმაოდ დაშორებით, ის ვრცელი ვაკე, რომელიც რიონის ზღვასთან შესართავთან მდებარეობს – მეტწილად დაუსახლებელი იყო და იქ გზები არ გადიოდა.
გურიაშიც კი გზები შედიოდა არა ზღვისპირეთიდან, არამედ ზღვის მოშორებით მდებარე მთებიდან. მაგალითად, დ. ბაქრაძეს გურიაში შესაღწევად ამ მთების გზების გავლა მოუხდა.
სამაგიეროდ მრავალი დიდი გზა გადიოდა აჭარისწყლის მთიან ხეობაში და ასევე მის მიმდებარე ჭოროხის შენაკადების კლდოვან ხეობებში, შესაბამისად, აქ მდინარეებზე გადებული იყო მრავალი თაღიანი ხიდი. არცერთი ასეთი ხიდი რიონის დაბლობში, რომელიც თითქოსდა, ისტორიული ლაზიკა იყო – არ არსებობს. ლაზიკის ქვეყანაში კი, წყაროთა ცნობით, მრავალი გზა გადიოდა, რომელთაც ხიდები ესაჭიროებოდათ.
რიონის ჭაობები, ეს კი დასავლეთ საქართველოს ბარის უმეტესი ნაწილია, იყო „ხორშაკიანი”, ანუ, რაც იგივეა, მალარია – ციებ-ცხელებით დასნებოვნებული ადგილი, სადაც ცხოვრებას ყველა ერიდებოდა. მალარიას ახასიათებს პერიოდული შეტევები, შეცივება, ტემპერატურა, ოფლდენა. გავრცელებულია ჭაობიან ადგილებში. არის 3-დღიანი, 4-დღიანი, ტროპიკული, ხასიათდება ლეტალობით სუბტროპიკული ქვეყნებისთვის. სახსრების მტვრევა, კუნთებისა და თავის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა (39-40° და მეტი), პირღებინება, ბავშვებში ეპილეფსიური გულყრები (5 დღემდე), ყოველდღე, 6-10 საათის შემდეგ ძლიერი ოფლის დენა, რომელიც ტროპიკული მალარიის დროს მეორდება. 10-22 საათში ელენთა და ღვიძლი დიდება, ვითარდება ანემია, ახასიათებს სიგამხდრე, ავიტამინოზი, სისხლდენა ცხვირიდან.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში მალარიით დაავადებული იყო ყოველი მესამე ადამიანი, დაბლობ ადგილებში კი მოსახლეობის 80% – უმეტესობა ტროპიკული ფორმით. ლეტალობა – 10%. საქართველოში გვხვდება მალარიის გამავრცელებელი 5 სხვადასხვა სახეობის კოღო. „კოლხეთის დიდი ნაწილის ამოშრობისა და ათვისების შემდეგ” კოღოს გავრცელების არეალი შემცირდა (ქსე, 6, გვ. 384). მაშასადამე, რიონის დაბლობის მოსახლეობის 80 % მალარიით იყო დაავადებული.
ნარიონალები
შუა ჰოლოცენში (ჰოლოცენური ერა გრძელდება 10.000 წლიდან დღემდე) იდგა რეგრესული ფაზა – ზღვის უკანდახევა – შავი ზღვის სანაპიროზე ხმელეთი გაშიშვლდა, ე.ი. ზღვამ დაიწია დაბლა, ამჟამინდელ დონეზე დაბლა.
ზღვის უკანდახევას I საუკუნისათვის მოჰყვა ზღვის წინ წამოწევა-ნიმფეა – ტრანსგრესია. ყოველი ტრანსგრესიის დროს ხდებოდა მდინარეთა შეგუბება, ანუ ქრისტეშობიდან I-III სს-ში და მის შემდეგაც მდინარეები გუბდებოდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ მაღლა იწევდა ზღვის დონე (თითქმის 2-4 მეტრით) და ამის გამო ეს აწეული დონე აიძულებდა მდინარის წყალს დაგუბებულიყო ისეთ გაშლილ ვაკეზე, როგორიც რიონის დაბლობია, მით უმეტეს, ფოთის შემოგარენი.
მდინარეთა შეგუბების გამო ჩნდებოდა ჭაობები და ფართოვდებოდა წყლის სარკე (ამის გამო ამჟამადაც არის რიონის ბარში ჭაობები, ტორფნარი. ფოთთან არის დიდი შეგუბება). ეს დაიწყო ძირითადად I საუკუნიდან. „მდინარის კვდომა” არის გეოლოგიური ტერმინი და აღნიშნავს ეროზიის ბაზისის სტაბილურ მდგომარეობას. მდინარე რიონიც ამ კატეგორიისაა, ანუ მდორე მდინარეა. ამიტომაც აქვს „ნარიონალები”. ეს ნიშნავს, რომ მდ. რიონი ხშირად იცვლიდა კალაპოტს, იწყებდა „ხეტიალს” ზედაპირზე. ნარიონალები, ანუ მეანდრები რიონისა ჩანს კოსმიურ სურათებზეც. არის უამრავი ნარიონალის ანაბეჭდი სამტრედიიდან ფოთამდე. იმის გამო, რომ რიონი ხშირად იცვლიდა კალაპოტს მასზე შეუძლებელი იყო ხიდების აგება, მით უმეტეს 120 ხიდისა.
ნარიონალების პერიოდში მდინარე განიცდის განტოტვას, რიონი ფოთიდან 5-10 კმ მანძილზე (სამტრედიისაკენ) ქმნიდა დელტას.
თანამედროვე ფოთის პირობებში შელფური ზონა, ანუ წყალქვეშ მოქცეული ტერიტორია 2 კმ-ზე მეტიც შეგვიძლია ფეხით გადავსეროთ, ანუ რიონის მიერ შეტანილი მყარი მასალა ილექებოდა ფოთის აკვატორიაში. ჭაბურღილები, რომლებიც განლაგებულია ფოთის სანაპიროზე, აჩვენებს, რომ 4-მეტრის სიღრმიდან ქვემოთ, 15-25 მეტრის ინტერვალში (თითქმის 200 მეტრ სიღრმემდე), ზღვიურ ნალექებთან ერთად მორიგეობენ ტორფის შრეები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მეოთხეული პერიოდის განმავლობაში ჰოლოცენის ჩათვლით, ეს ტერიტორიები განიცდის სტაბილურად დაძირვას წელიწადში ამჟამადაც 6-9 მილიმეტრით.
რიონი მიედინება მთათა შუა ქვაბულის ზოლზე. მთელი ჩამორეცხილი მასალა გროვდება ამ ქვაბულში და ეს მასალა ზღვისაკენ გამოაქვს რიონს, ამის გამო ტერიტორია არის ლაბილური, ანუ მოძრავი, ანუ იძირება თანდათანობით (10 წელიწადში 6 სმ-ით, 100 წელიწადში – 60 სანტიმეტრით, 1000 წელიწადში 6 მეტრით, ანუ I საუკუნიდან დღემდე, ანუ 2000 წლის განმავლობაში დაიძირა 10-12 მეტრით). ამიტომ გვაქვს ტორფის შრე სიღრმეებში.
დასკვნა
VI-VIII საუკუნეებში კლიმატური პირობების გამო, როგორც დოქტორ მაისურაძის ნაკვლევი აჩვენებს, შეუძლებელია ფოთში ყოფილიყო რაიმე ქალაქი, მით უმეტეს, სამიტროპოლიტო ცენტრი, საერთოდაც შეუძლებელია VI-VIII საუკუნეთა გეოლოგიური შეუსაბამო ვითარების გამო რიონის დაბლობში ფოთიდან ვიდრე ქუთაისამდე ლაზიკის სახელმწიფო ცენტრები არსებულიყო.
„ტალახიანი ლაშქრობა”
აღნიშნულ ეპოქაში დასავლეთ საქართველოს ნესტიან კლიმატს აღწერენ უცხოელი ავტორებიც.
არაბი ისტორიკოსი ტაბარი მოგვითხრობს, რომ ხაზარეთში მურვან იბნ მუჰამადის 732-33 წლის ლაშქრობამ „ტალახიანის” სახელწოდება მიიღო, რადგან განუწყვეტელი წვიმებისა და ტალახიანი გზების გამო ცხენების კუდებს იმდენი ტალახი აეკრო, რომ მურვანმა გასცა ბრძანება ისინი მოეჭრათ” (იხ. Артемонов М. История Хазар, Л. 1962, стр. 218, დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, გვ. 397).
დასავლეთ საქართველოში ლაშქრობისას -”დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიხისგან ვერ ითრევდეს”, წერს ქართული წყარო მურვან ყრუს აფხაზეთში ლაშქრობის აღწერისას, რომლის მიხედვითაც ყრუმ ილაშქრა არა ხაზარეთში, არამედ დასავლეთ საქართველოს ტალახიან ადგილებში.
მაშასადამე, არაბი ისტორიკოსის მიერ დასავლეთ საქართველო (კერძოდ, კლისურას იქით აფხაზეთი) ხაზარეთად განიხილება.
მართლაც, VIII ს-ის შემდეგ კლისურას იქით დიდი იყო ხაზართა გავლენა, რასაც ქართული წყაროც მიუთითებს.
მურვან ყრუ უშუალოდ ხაზარეთში არ შესულა. ის მხოლოდ ხაზარეთის საზღვრებს მიადგა და მივიდა დარიალამდე და ანაკოფიამდე. მისი ლაშქრობის ამსახველი რუკის მიხედვით, აქ იყო ხაზარეთის გავლენის სფეროები.
აფხაზთა მთავარი ხაზარეთის პოლიტიკური ნებით „განდგა ბერძენთაგან”, რომლის ქვეყანაც მდებარეობდა მდ. კლისურას იქით, გაძლიერდა და ძველ ქართველ მეფეთა ლეგიტიმურ მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი თავი და ქართული წყაროს ცნობით, გადაეცა „ეგრისი, არგვეთი, თაკვერი და გურია”, ვითარცა თავისი მეუღლის – ქართველთა მეფის ასულ გურანდუხტის საუფლისწულო მიწა-წყალი.
იმჟამად აფხაზთა სამეფო – ხაზართა პოლიტიკურ ძალას ეყრდნობოდა, ამიტომაც, ჩანს, აფხაზეთში ლაშქრობა არაბთათვის ხაზარეთში ლაშქრობად ითვლებოდა. სინამდვილეში კი ეს იყო ლაშქრობა დასავლეთ საქართველოს წვიმებსა და ტალახებში. მაშასადამე, არაბი ისტორიკოსის ტაბარის ცნობითაც, დასავლეთ საქართველოში რიონისპირა ვაკე (კერძოდ, აბაშის შესართავთან) იმჟამად უვარგისი იყო საცხოვრებლად.
მეზღვაური ტომი – ლაზები
პირველ ათასწლეულში იმის გამო, რომ ზღვისპირა ვაკე დაფარული იყო ჭაობებით – გურულები, მეგრელები და იმერლები ვერ იყენებდნენ შავ ზღვას, ამის შედეგად მათ ვერ შეიმუშავეს ზღვისპირა ხალხებისათვის დამახასიათებელი მეზღვაურული თვისებები, ამჟამადაც კი, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მათ არ იციან მეზღვაურობა, არა აქვთ გემები და ნავები, თითქმის ვერც თევზაობენ ზღვაში, მაშინ, როცა ზღვისპირა ტომებს (ხალხებს) ეს თავისუფლად შეუძლიათ და მათ აქვთ ზღვის ფლობის უნარი. ასეთი გამონაკლისი ქართულ ტომთა შორის – ლაზებია – ამჟამადაც შესანიშნავი მეზღვაურები, ყველას აქვს ნავები, თევზაობენ და შეიძლება ითქვას, მათი საარსებო საშუალება ზღვაა.
ლაზები იმდენად არიან შეჩველები ზღვას, რომ ზოგჯერ საქორწინო წესებსაც კი ზღვაში (ნავებზე) აღასრულებენ, ლაზებისათვის ზღვა ბუნებრივად მშობლიურია.
რატომ?
საქმე ისაა, მათი საცხოვრისი მდებარეობდა და მდებარეობს ზღვისპირეთის მთაგორიან რეგიონში, რომელიც არ ჭაობდება და უშუალოდ ეკვრის ზღვას, ამიტომაც ზღვა მათი უშუალო საცხოვრებელი სივრცის ნაწილია, სადაც მუდამ, ისტორიულად ცხოვრობდნენ ლაზები, ხოლო გურულები და მეგრელები (მით უმეტეს, იმერლები) ცხოვრობდნენ არა ზღვისპირას, არამედ მთა-გორებში, მათ ზღვას აშორებდა ჭაობები, დასავლეთ საქართველოს ბარის უვრცელესი ჭაობები, გადაჭიმული ბათუმ-ქობულეთიდან ვიდრე ოჩამჩირემდე. ეს რეგიონი იყო ციებ-ცხელების ბუდე, უნაყოფო გაუდაბურებული (ტყე-ბარდით დაფარული) საცხოვრებლად გამოუყენებელი ტერიტორია – მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში გახდა შესაძლებელი ამ ჭაობების დაშრობა და მიწის ათვისება, ამის გამო იქაური მოსახლეობა მხოლოდ ამჟამად ითვისებს და იმუშავებს შესაბამის მეზღვაურულ ტრადიციებს.
ლეგენდა დასავლეთ საქართველოს შესახებ
მიქაელ თამარაშვილი თავის 1910 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე” წერს: „ძველი დროიდან დასავლეთ საქართველო, ანუ კოლხეთი ჯერ რომაელებმა, ხოლო შემდეგ კონსტანტინოპოლის იმპერატორებმა დაიპყრეს. იმ ხანებში დასავლეთ საქართველოს „ლაზიკა” ეწოდებოდა… მაგრამ ლაზიკის მტრებმა – სპარსეთის მონარქებმა – კარგად უწყოდნენ, რომ მისი დაპყრობით ერთი ნაბიჯიღა რჩებოდათ შავი ზღვით კონსტანტინოპოლის იმპერატორთა სასახლემდე მისაღწევად… მოაწყეს აქ ხანგრძლივი ბრძოლები, განსაკუთრებით იუსტინიანეს ზეობის დროს, მაგრამ ვერ მოახერხეს გამხდარიყვნენ ლაზიკის მუდმივი მბრძანებლები და იგი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე კონსტანტინოპოლის ხელთ იმყოფებოდა. მხოლოდ X საუკუნეში შეუერთდა ლაზიკა საქართველოს და თავისი სახელის კიდევ ერთხელ შეცვლის შემდეგ „აფხაზეთი” ეწოდა” (მ. თამარაშვილი, „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე”, 1995, გვ. 115).
ასე რომ, თამარაშვილი, სხვა მრავალ XVII-XVIII სს. ავტორთა მსგავსად ფიქრობდა, რომ ლაზიკა იყო დასავლეთ საქართველო, მაშინ, როცა ქართული წყაროები საპირისპიროს ამტკიცებს, რომ დასავლეთ საქართველო მუდამ ქართლის სამეფოს, ე.ი. ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა ფარნავაზის ეპოქიდან-ქრისტეშობამდე III საუკუნიდან.
მისიონერებისა და აღნიშნულ ავტორთა დროს ჭოროხის ხეობა გამუსლიმანებული იყო – ამიტომაც მიუწვდომელი ქრისტიან და ევროპელ მკვლევართათვის და შესაბამისად, დავიწყებული.
ამ ვითარების გამო დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მისიონერთა ეპოქის მკვლევრებმა XVII-XVIII სს-ში ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობები ლაზიკის შესახებ დასავლეთ საქართველოს შეუფარდეს. მათი აზრით, ფაზისი იყო მდ. რიონი, მისი ნაპირები კი – ლაზიკა. ქართული წყაროები მათთვის უცნობი იყო, ამ გაუგებრობამ დაბადა ცრუ ცოდნა, რომელიც დღემდე ბატონობს, რომ ლაზიკა იყო შემდეგდროინდელი „აფხაზეთის” სამეფო, ანუ დასავლეთ საქართველო. ინტერნეტ რუკებზეც ეს მოსაზრებაა ასახული, ამიტომაც ჩვენ დაგვჭირდა ახალი რუკების დამზადება.
I ათასწლეულში, ქართული წყაროების თანახმად, დასავლეთ საქართველო იყო არა ბიზანტიის ხელქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ნაწილი ქართლის სამეფოსი, ამიტომაც არქეოლოგებმა აქ (დასავლეთ საქართველოში) უნდა ეძიონ არა ბიზანტიური არტეფაქტები, არამედ ქართული.
აქ, XX საუკუნეში, მართლაც, დიდი მცდელობის მიუხედავად ბიზანტიურს ფაქტობრივად ვერაფერს მიაკვლიეს, ხოლო I ათასწლეულის ქართულ არტეფაქტებს ყურადღება არ მიაქციეს, რადგანაც ისინი არ შეესაბამებოდა ქართიზაციის თეორიას, რომ მხოლოდ IX-X საუკუნიდან იყო შესაძლებელ ამ რეგიონში ქართული მასალების მოპოვება.
დამალული ქართული წარწერები დასავლეთ საქართველოში
1) ფოთი-ყულევის გათხრებისას აღმოჩნდა V-VI საუკუნეების ქართული ასოების სატვიფრავი, რომლითაც გამოსაწვავ აგურსა და სხვა მასალაზე თავიანთ ნიშნებს ადებდნენ მშენებლები. ამასთანვე, აღმოჩნდა ამ სატვიფრავით დანიშნული სამშენებლო მასალები (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, გვ. 209). ამ ძალზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მასალას სათანადო ყურადღება არ მიექცა, რადგან ქართული სამეცნიერო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ფოთი იყო ქალაქი ფასისი (ბერძნული სამიტროპოლიტო ცენტრით), მაგრამ ფაქტი იმისა, რომ ფოთში /ყულევში/ აღმოჩნდა არა ბერძნული, არამედ V-VI სს. უძველესი ქართული სატვიფრავი და წარწერები(საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, გვ. 209), სათანადოდ არც გაცნობიერდა და არც მნიშვნელობა მიენიჭა.
2) ნოჯიხევში, მარტვილთან, ისტორიულ ჭყონდიდთან ახლოს აღმოჩნდა ქართული არქიტექტურისთვის იშვიათი ნაგებობა – რვააფსიდიანი ეკლესიის ნანგრევები, სინამდვილეში ესაა ტეტრაკონქის ერთ-ერთი სახეობა. ნოჯიხევის ამ რვააფსიდიანი ეკლესიის გუმბათს მიუყვებოდა ვრცელი ქართული წარწერა, ასოების სიმაღლე 10-20 სანტიმეტრია. ამ წარწერას ათარიღებენ X საუკუნით, იმ ცნობილი თეორიის გავლენით, რომ „ეგრისის ქართიზაცია X საუკუნეში დაიწყო” – ამ თეორიის გარეშე, ეს წარწერა ალბათ VI-VII საუკუნეებით დათარიღდებოდა, რადგან ტეტრაკონქებსა და მის სხვადასხვა ვარიაციებს საქართველოში აგებდნენ სწორედ VI-VII საუკუნეებში, შემდეგ მათ ჩაენაცვლა ეკლესიათა სხვა ტიპი. სავარაუდოა, რომ ნოჯიხევის, ისევე როგორც ფოთის ქართული წარწერები ე.წ. „ქართიზაციამდელ” პერიოდს ეკუთვნის და, ჩვენი აზრით, ადასტურებს მემატიანეთა აზრს, რომ იმთავითვე ეგრისი მცხეთის იურისდიქციაში იყო მოქცეული (ე.ი. IV ს-დან). ამას ადასტურებს მარტვილის „ჯვრის ტიპის” ეკლესიის არქიტექტურაც.
რიონის დაბლობზე ბერძნული უმნიშვნელო წარწერა მხოლოდ სოფ. ნოსირში აღმოჩნდა.
საფიქრებელია, რომ აღნიშნულთა გარდა არსებობს სხვა ქართული წარწერებიც დასავლეთ საქართველოდან, რომელთაც ყურადღება არ ექცევა, რადგანაც არ ეთანადებიან გაბატონებულ „ქართიზაციის” თეორიას, მაგალითად, ერთი ასეთია:
3) „საჰაკ-დუხტის ქართული წარწერა” V-VI საუკუნეებისა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთაში აღმოჩნდა, ის ფაქტობრივად დამალულია საზოგადოებისთვის, რადგანაც არ ეთანადება „ქართიზაციის” თეორიას, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ X საუკუნისთვის გავრცელდა ქართული ენა და კულტურა დასავლეთ საქართველოში.
ბორანი (“პორომი”) მდ. რიონზე
რიონის ბარში ძველ დროს მდინარეზე გადებული იყო არა ხიდები, არამედ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ხალხი გადადიოდა ბორნების საშუალებით.
ბორანი იყო ხიდის მაგიერი დამაკავშირებელი საშუალება ორ სანაპიროს შორის. მაგალითად, სოფ. ბაშსა და ვანს ერთმანეთთან აკავშირებდა ბორანი. გთავაზობთ თვითმხილველის მონათხრობს ბორანის მუშაობის შესახებ:
“ომის შემდეგ XX ს-ის 50-60-იან წლებში ბაბუაჩემი დატვირთავდა ურემს და კვირაობით (კვირა დღეს) სავაჭროდ გაჰქონდა პროდუქტი ვანის ბაზარზე ბაშიდან ბორანის (იქ „პორომს” ეძახდნენ) საშუალებით.
ბორანი დიდი ტივია, ბაშის ბორანი იქნებოდა დაახლოებით სიგრძით 5-7 მეტრი, სიგანით ოდნავ ნაკლები. მასზე ეტეოდა რამდენიმე ურემი თავისი ხარებით და ასევე ცხენები და 10-მდე ადამიანი. ბორანი გადაადგილდება ნაპირებზე გაბმული მაგარი თოკით, ბაგირით. ამ ბაგირს იკავებენ ძელები. მებორნე დიდი ნიჩბის საშუალებით ბორანს ხელს უწყობდა, რომ გადაადგილებულიყო ერთი ნაპირიდან მეორეზე. ბორანი იყო ოთხკუთხედი, ბაგირს ბორანი ეხებოდა გრძელი ბოძის საშუალებით.
ბაშსა და ვანს შუა დაახლოებით 4 კილომეტრია მდინარე რიონის კალაპოტის სიგანე. ამ ოთხ კილომეტრიან მანძილზე მოედინება სამი ნაკადი (განშტოება) მდინარე რიონისა. ამ სამი განშტოებიდან სოფ. ბაშთან ახლოს მოედინებოდა „პატარა რიონი”, პატარა რიონის შემდეგ იყო „ჭალა”, ჭალის შემდეგ მოედინებოდა რიონის I შენაკადი – „შუა ანუ დიდი რიონი” – აქ იყო ბორანი.
ბორანის ცენტრში დამაგრებული იყო სქელი ბოძი დაახლოებით ორ მეტრიანი, რომელიც მისრიალებდა ბაგირზე სასურველი მიმართულებით. ბაგირი (თოკი) ამ ძელზე თამაშობდა – ძელზე ადიოდა და ჩადიოდა. როგორც ითქვა, ბორანზე მისასვლელად ჯერ ხარ-ურემი გადალახავდა პატარა რიონს (ანუ ერთ-ერთ შენაკადს სოფ. ბაშთან ახლოს).
ბაშიდან წამსვლელი ჯერ პატარა რიონის გაივლიდა, შევიდოდა ე.წ. „ჭალაში”, ჭალა იქნებოდა დაახლოებით 300-500 მეტრი, მას გაივლიდა და დატვირთული ურემი მიადგებოდა ხის ფიცარნაგს დიდი რიონის სანაპიროზე. ამ ფიცარნაგს მოადგებოდა ბორანი, ამის შემდეგ ფიცარნაგის საშუალებით ხალხი და ხარ-ურემი შედიოდა ბორანზე. ბორანი გაივლიდა ე.წ. „დიდ რიონს”, მისი სიგანე იქნებოდა 40-60 მეტრი. მისი გადაცურვის შემდეგ ბორანი მიადგებოდა მეორე სანაპიროს. იქიდან იწყებოდა მდინარის რიყე. ამ რიყეს იქით იყო კიდევ ერთი „რიონი” და ამის სანაპიროზე იყო ვანი და სხვა სოფლები. იქვე იყო რიონის მეორე მხარეს სოფელი ჭყვიში, ქალაქი ვანი და სხვა სოფლები.
ხალხი ბორნის საშუალებით ბაშიდან ვანში საკმაოდ ჩქარა მოძრაობდა. მაგალითად, ერთ დღეში ბაშელ ადამიანს ადვილად შეეძლო ბაშიდან ვანში მისვლა, საქმის მოთავება და უკან დაბრუნება. ამას დასჭირდებოდა ალბათ ნახევარი დღე.
დაახლოებით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლას 1,5-2 საათი დასჭირდებოდა.
სოფლები ბაში, იანეთი, ფარცხანაყანები, საყულია და სხვა სოფლები სამტრედიის აქეთ ამ ბორნით უკავშირდებოდა ვანის სოფლებს. მთავარი ბაზარი იყო ვანში და ამიტომ ამ ბაზრობაზე კვირადღეს ბორნით მიმოდიოდა ხალხი”.
მთხრობელი თამაზ ნაცვლიშვილი
28.07.2008
ქ. წყალტუბო
ე.ი. ბაშსა და ვანს შუა რიონი სამ ტოტად იყო გაყოფილი. ერთი ტოტი სოფელ ბაშთან უფრო პატარა იყო, მეორე – შუა მდინარის მთავარი ძარღვი იყო, მესამე კი – ვანთან „იქეთა რიონი” იყო ბაშელებისთვის. შუა ტოტზე გადებული იყო ბორანი. ვანი და ბაში ერთმანეთს ამ გზით უკავშირდებოდა.
პალიასტომის ტბის „ლეგენდა”
აფხაზეთის კათალიკოსს ზაქარია ქვარიანს დაუდასტურებია რუსეთის ელჩებისათვის 1651 წელს, რომ ძველ წიგნებში მოთხრობილი ყოფილა, თუ როგორ ჩაიძირა ციხე-ქალაქი პალიასტომის ტბის ადგილზე და როგორი სასწაულთქმედებით ინება პალიასტომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა გადასვენება ახალ ადგილას. ამ ამბავს ჰყვებოდა ხატის მცველი პატივცემული მღვდელ-მონაზონი, რომლის საგვარეულო მოვალეობა საუკუნეთა მანძილზე ყოფილა ამ წმიდა ხატის თანხლება და მსახურება. ისინი პალიასტომიდან გადმოჰყოლიან ქუთაისში ხატს. 1651 წელს რუსეთის ელჩებმა იევლიევმა და ტოლოჩანოვმა მოილოცეს ბაგრატის ტაძარი. იევლიევი წერს აქ დაცულ პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის შესახებ. „ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს: წინათ ეს ხატი გურიაში იმყოფებოდა და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იდგა. საყდრის მთავარ- ხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა (სილიბისტრო გაბრიელ ხუცეს-მონაზონის შორეული წინაპარი იყო), თითქოს სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, შესულიყო საკრებულო ტაძარში, მისი ყოვლადწმიდა ხატი აეღო და ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარ-ხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარ-ხუცესს ორჯერ გამოეცხადა და იგივე აუწყა, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო. მთავარ-ხუცესმა არც ამჯერად დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. ეს მთავარ-ხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა სხვა საყდრის მახლობლად. ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე-ქალაქზე და იგი ხალხითურთ ჩაიძირა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ღვთის ბრძანებით, ამ წარღვნისგან დაცულ იქნა – თავისთავად, უხილავად, ღვთის განგებით, ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდა – და როცა მათმა ამ წინაპარმა მთავარ-ხუცესმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულებრივი ხატის წინაშე და ცრემლით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლად და როცა მიუახლოვდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენა. კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი მთავარ-ხუცესს და მისი გამოსახულების ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მართლაც, ამ მთავარ-ხუცესმა ხატი ქუთაისში მიასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსა. იმ დროიდან მოყოლებული აქამდე, იმ ყოვლადწმიდა ღვთისშმობლის მახლობლად, მუდამ ცხოვრობს სილიბისტროს მოდგმა. ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი ქუთაისის ციხე- ქალაქში გიორგი მეფის დროს არისო მიტანილი. დავით მეფის შვილიშვილის დროსო”, ჩანს იგულისხმება მეფე გიორგი ბრწყინვალე.
ა. იევლიევის 1650-1652 წლების იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოცემული ი. ცინცაძის მიერ 1968 წ. გვ. 139.
როგორც ამ ამბიდან ჩანს, პალიასტომის ციხე-ქალაქში ყოფილა მრავალი ეკლესია. ერთ-ერთი, შედარებით პატარა ეკლესიის წინ ცხოვრობდა თურმე მთავარი ანუ საკრებულოს ხუცესი სილიბისტრო. როგორც ჩანს, სხვა ეკლესიებიდანაც გაუტანიათ წმიდა ხატები. მაგალითად, ხალხური გადმოცემებით ერთ-ერთმა დიაკვანმა პალიასტომის ეკლესიიდან მთავარანგელოზის ხატი გადაასვენა ჯუმათის მთაზე. ეს ამბავი ჩაუწერია 1891 წელს ეგნატე ნინოშვილს: „ახლა რომ პალიასტომის ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი ყოფილა, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაიფარა. იქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაიხრჩო, ხოლო ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია-მონასტერი დღესაც არსებობს. ხალხი გვარად დარჩია დღესაც ცხოვრობს სოფელ ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა”.
პალიასტომის ტბის ამბავს გადმოგვცემს ვახუშტი ბატონიშვილი. იგი წერს… „ამას იტყვიან ნაქალაქევსა და შემდგომად მოცულსა წყლისაგან” (ქართ. ცხოვრება,IV, გვ. 790).
პალიასტომის ტბის გაჩენის ამბავი აღუწერიათ მე-17 საუკუნეში, 1651 წელს, მე-18 საუკუნის 20-იან წლებში და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. პალიასტომის ეს ამბავი ჩაწერილი ყოფილა კიდევ უფრო ძველ წიგნებში. მაგალითად, 1651 წელს აფხაზეთის პატრიარქმა ზაქარია ქვარიანმა განაცხადა, რომ ეს ამბავი ძველ წიგნებში ჭეშმარიტად ასე არის მოთხრობილი. (მ. ნიკოლეიშვილი, ქუთაისის და პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, ქუთაისის მუზეუმის შრომები, კრებული მე-15. 2006 წელი). მაშასადამე, ძველი ქართული ისტორიოგრაფის ამ ცნობებით პალიასტომის ტბა წარმოიშვა შუა საუკუნეებში და ის არ არის სტრაბონის მიერ აღწერილი ტბა ქალაქ ფასისის გვერდით. მე-19 საუკუნის რუსი და ევროპელი მოგზაურების ცნობით, საკმაო სიდიდის ტბები იყო და ახლაც არის მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მის ზღვასთან შესართავის ახლოს, ამიტომაც საბჭოთა ეპოქის მეცნიერთა მტკიცება, რომ თითქოსდა, სტრაბონი აღწერს პალიასტომის ტბის არსებობას ფოთის გვერდით უსაფუძვლოა.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პალიასტომის ფსკერის წყალქვეშა არქეოლოგიური შესწავლა ადასტურებს ხალხის მიერ შემონახული ამბის სიმართლეს. პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ მონათხრობები დასტურდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (იქვე, გვ. 29). არქეოლოგების მიერ პალიასტომის ტბაში აღმოჩნდა შუა საუკუნის სოფლის ნაშთები და ეკლესიის კედლებიც კი. ამიტომაც გვაკვირვებს ჩვენი თანამედროვე მეცნიერის მსჯელობა, რომ თითქოსდა, გულუბრყვილობა არის ზემოთ ხსენებულ ხატებთან პალიასტომის ტბის წარმოშობის დაკავშირება, რომ ამ ხატის შემქმნელებს სურდათ ხატისათვის რაღაც განსაკუთრებული ძალა მიენიჭებინათ მისი დაკავშირებით უცნაურ ამბებთან და ლეგენდებთან. კერძოდ, მკვლეარის ფიქრით – „ხატს თავისთავად არავითარი ძალა არ აქვს, მაგრამ თუ რაიმე ამბავს შეუთხზავენ, ის ავტორიტეტული გახდებოდა”. თითქოსდა, ასე მოიპოვა ავტორიტეტი პალიასტომის სახელის მინიჭებით ქუთაისის ბაგრატის ღვთისმშობლის ხატმა. ვფიქრობთ, პირიქით, საბჭოური ეპოქის მეცნიერთა აღნიშნული მოსაზრება არის სრულყოფილი კვლევისათვის თავის არიდება, რათა ნაკლები შრომით აკვიატებული აზრები განამტკიცონ და უეჭველად მიიჩნიონ თვალსაზრისი, რომ ფოთში უთუოდ მხოლოდ და მხოლოდ ბერძნული ფასისის სამიტროპოლიტო იყო, ყოვლად დაუშვებლად მიაჩნიათ ძველი ეკლესიის იერარქებისა და ხალხის მიერ დაბეჯითებით გადმოცემული თვალსაზრისი, რომ ფოთთან ქართული ციხე-ქალაქი არსებობდა, რომელიც გაქრისტიანების შემდეგ დაიტბორა და წყალში ჩაიძირა. ხოლო მორწმუნე მრევლი არ მიატოვა პალიასტომის წმიდა ხატებმა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისამ და მთავარანგელოზისამ.
ეს ძველი ამბები, როგორც ითქვა, ძველ წიგნებში ყოფილა ჩაწერილი, მაგრამ რამდენმა ქმნილებამ არ მოაღწია ჩვენამდე? პალიასტომის ხატის თავდაპირველ მოჭედილობაში იქნებოდა მინიშნება მის წმიდა ამბავზე, მაგრამ მეორედ მოჭედვის დროს ალბათ ადგილის სიმცირის გამო ოქრომქანდაკებელმა აღნიშნული ამბავი ვერ ამოტვიფრა ვიწრო არშიაზე. ამ ხატს ამჟამად მუზეუმის მუშაკები უწოდებენ არა „პალიასტომის ხატს”, არამედ „ქუთაისის ხატს”, ათარიღებენ XVI საუკუნით. მართლაც, ხატზეა წარწერა – „შენ ცათა მობაძავს დედა ქალაქისა ქუთაისისა ღვთისმშობელო ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა… პირველმოჭედილი დაძველებულიყო და ჩვენ მეორე განვაახლეთ” (ქუთაისის მუზეუმის შრომები, კრებული XIII, 2001, გვ. 34).
მაშასადამე, პალიასტომის ხატის ადრინდელი მოჭედილობა დაძველდა, ახლით მოჭედეს XVI ს-ში. ეს ხატი თავის სასწაულთმოქმედებების გამო ქუთაისის მფარველი სიამაყე იყო, რაც აისახა ახალ მოჭედილობაში.ჩვენი დროის მკვლევრების თვალსაზრისით, პალიასტომის ხატის სასწაუქმედებითი ამბავი არის შეთხზული ლეგენდა. კერძოდ, თითქოსდა, ხატს ასეთი სახელწოდება საგანგებოდ დაარქვეს, რათა ხალხს მის შესახებ შექმნოდა შეხედულება, რომ ის არის სასწაულთმოქმედი. ერთი სიტყვით, თითქოსდა, თვითონ ხატს არავითარი ძალა არ ჰქონდა, მისი შემქმნელები კი ცდილობდნენ ისეთი ლეგენდა მოეგონებინათ მისთვის, რომ ხალხს დაეჯერებინა მისი ძლიერება. მკვლევარი წერს: „ასეთი სახელწოდების შემქმნელებს აინტერესებდათ ხატისთვის განსაკუთრებული სიძლიერე, სასწაულთმოქმედების ძალა მიენიჭებინათ, რომ მას მეტი დარწმუნების ძალა ჰქონოდა. ცხადია, იმ დროისათვის სავსებით შესაძლებელი იყო ხალხს ასეთი ძალა დაენახა ხატში. პალიასტომის დაქცევისა და ხატის სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი, რომლის ნამდვილი მიზეზი მაშინ არავინ იცოდა, ცხადია, ყველაზე გამოსადეგი იყო ღვთისმშობლის ხსენებული ხატის საეკლესიო ცხოვრებაში ჩასაყენებლად… პალიასტომის ტბასთან დაკავშირებული თავგადასავალი შთამაგონებელ ძალას ანიჭებდა მორწმუნეთა აზრით მათ სალოცავ ხატს” (მ. ნიკოლეიშვილი, ქუთაისისა და პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი”, ქუთაისის მუზეუმის შრომები, კრებული XV, 2006, გვ. 24).
როცა ასეთი წინასწარგანზრახული მოსაზრებით იხილავს მკვლევარი ხატის ისტორიასა და მის წარწერებს, ვფიქრობთ, შესაბამისად, არასწორ დასკვნებსაც აკეთებს. ხატების სასწაულთქმედებათა შესახებ ალბათ უფრო მეტი პატივისცემის გამოხატვაა საჭირო. ივერიის (პორტაიტისას) ღვთისმშობლის ხატის სასწაულთქმედება საფუძვლად დაედო ივერიის მონასტერს და სასწაულთმოქმედი ხატები მრავლად იყო და არის ეკლესიაში.
ტბა ფასისის შესართავთან
პალიასტომის ტბა მიიჩნევა ერთ-ერთ დადასტურებად იმისა, რომ ფასისი იყო რიონი, რადგანაც ძველი ავტორების ცნობით, იქ, სადაც ფაზისი ერთვის ზღვას, იყო ტბა.
აღმოჩნდა, რომ ტბა ჭოროხის შესართავთანაც არსებობს და გეოლოგიური შეფასებით ძველ დროსაც არსებობდა. ამის შესახებ წერს ცნობილი მკვლევარი და მეცნიერი ე. ვეიდენბაუმი.
“ბათუმი მდებარეობს უმნიშვნელო, მაგრამ შესანიშნავი უბის დასავლეთ მხარეს. უბესთან სიმაღლეები უკან იხევს ნაპირიდან, ქმნის ბრტყელ სანაპირო ზოლს, რომლის ნაწილიც ბათუმს უკავია… ბათუმის უბე წარმოქმნილია, ალბათ ჭოროხისა და დასავლეთის ქარების თანამოქმედების შედეგად. მეჩეჩი, რომელიც უბეს ზღუდავს დასავლეთის მხრიდან და მთელ სივრცესაც ჭოროხსა და უბეს შორის, შედგება ნაყარისაგან, ე.ი. შლამის, ქვიშისა და მდინარის კენჭებისაგან… აღმოსავლეთის ქარების დროს ჭოროხის დინება ზღვაში მიემართება აღმოსავლეთისაკენ და ეჯახება იმ მეჩეჩს, რომელზედაც ვსაუბრობდით. აქ ტოვებს მის მიერ ჩამოზიდული მასალის ნაწილს, რომელიც იწვევს მეჩეჩის დაგრძელებას… ჩამდინარე წყლებს არა აქვთ ზღვაში თავისუფალი ჩასადენი და გროვდებიან ძირთან, სადაც ქმნიან დიდ ჭაობს. თავისუფალი ჩადინება შეუძლებელია ზღვიდან ზვირთცემის გამო, რაც ნაპირთან წარმოქმნის ერთგვარ მიწაყრილს. ქალაქის დასავლეთით მდინარე ჭოროხის დელტა დაფარულია ჭაობით და ჭაობიანი ტბებით, რომლის გარშემო ბუჩქნარია. ამგვარად, ქალაქი სამი მხრიდან გარშემორტყმულია ჭაობებით (მხედველობაში არა გვაქვს ხელოვნური ჭაობები ბრინჯის ველის მოსარწყავად). ამჟამად, ჭაობის დაშრობის მიზნით, მიმდინარეობს ქალაქის შემოგარენის ნიველირება” (ე. ვეიდენბაუმი, ართვინიდან ბათუმამდე, 2005, გვ. 41).
აღწერილიდან ჩანს, რომ ტბა ბუნებრივად იდგა ჭოროხის შესართავთან და იქ არა ერთი, არამედ ტბები და ჭაობებიც ბუნებრივი იყო.
პალიასტომის ტბა
ხალხური გადმოცემით, რომელიც ძალზე მტკიცედ იყო დაცული და გავრცელებული დასავლეთ საქართველოში XIX და XX საუკუნეებშიც, პალიასტომის ტბა გაჩნდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, როცა ხალხმა გაითავისა ქრიატიანული ადათ-წესებისა და საეკლესიო მოთხოვნები. „ამ გადმოცემის მიხედვით, პალიასტომის ტბა გაჩნდა ხარების დღესასწაულის დღეებში, ანუ გაზაფხულზე. კერძოდ, ამ ტბის ადგილას ყოფილა სოფელი თავისი ეკლესიით. ერთ-ერთ პატარძალს ხარება დღეს აუღია ხელსაქმე და აკვნის წინ მუშაობდა. ამ დროს მისთვის შეუხსენებიათ, რომ უქმე დღეს მუშაობა არ შეიძლება. მით უმეტეს, ხარება დღესო. მას უთქვამს: „ხარება და ხარხარება, ჩემს ქმარ-შვილსა გახარება”. ამის შემდეგ სოფელი დაძირულა წყალში ისე, რომ ჩანს აკვანი და ეკლესიაო. „ფოთში მიწა ჩავარდა”. ეს იყო შიშის მომგვრელი ამბავი, რომელსაც XX საუკუნის შუა წლებშიც კი ბებიები გვიყვებოდნენ შვილიშვილებს. „აქაც მიწა არ ჩაირღვესო” – შეშინებულები იტყოდნენ ისინი. ასე რომ, პალიასტომის ტბის ამბავი ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ახსოვდათ წინაპრებს. მაშასადამე, ეს ტბა გაჩნდა არა უხსოვარ დროს, არამედ მას შემდეგ, რაც ხალხში ქრისტიანული წესები ღრმად დაინერგა და ეკლესიები აშენდა.
მდ. თერმოდონტი და თემისკირა არიანეს მიხედვით
მდ. თერმოდონტს ხშირად ახსენებს II საუკუნის ცნობილი ავტორი ფლავიუს არიანე თავის თხზულებაში „პერიპლუსი, ანუ მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო” (თბ, 1961). ეს ნაშრომი თარგმნა ნათელა კეჭაყმაძემ და გამოსცა 1961 წელს ს. ყაუხჩიშვილის რედაქტორობით. ის აღნიშნავს ამ მდინარის შესახებ – „თერმოდონტი – მდინარეა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ახლანდელი თერმესუ, თერმოდონტთან ამაძონები ცხოვრობდნენ” (არიანე, პერიპლუსი, 1961, გვ. 108).
არიანეს ცნობით, II ს-ში თერმოდონტის ხეობაში ხალიბები ბინადრობდნენ (იქვე, გვ. 80).
ჰეროდოტეს ცნობით, თერმოდონტთან ცხოვრობდნენ კოლხები (ჰეროდოტე, ისტორია, II, გვ. 104). ამის შესახებ წერს ნ. კეჭაყმაძეც (დასახ. ნაშ. გვ. 10). მაშასადამე, კოლხების განსახლების ქვედა საზღვარი ტრაპიზონის ქვემო მხარე ყოფილა თერმოდონტთან. თერმოდონტი მდებარეობდა ტრაპიზონიდან დაახლოებით 350 კმ-ზე თანამედროვე სამსუნთან. ქსენოფონტეს დროს კოლხების სამკვიდრებელი აღარ ყოფილა ტრაპიზონის ქვემოთ.
სტრაბონის აზრით, კოლხები ტრაპიზონის აღმოსავლეთით იყვნენ (XII, 31,17), სტრაბონის დროინდელ კოლხეთის მეფეებს ძალა აღარ აქვთ. მათ ქვეყანა სკეპტუქიებად დაყვეს (XI, 2,18) – წერს ნ. კეჭაყმაძე (დასახ. ნაშრ. გვ. 10).
მაშასადამე, კოლხების საცხოვრისი იყო არა დასავლეთი საქართველო, არამედ ტრაპეზუნტის მიმდებარე მხარეები.
არიანე წერს: „კოლხები ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით არიან, როგორც ქსენეფონტეც ამბობს” (ნ. კეჭაყმაძის თარგმანი, არიანე, „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო”,1961, გვ. 10).
აღსანიშნავია, რომ ნ. კეჭაყმაძე სხვა ადგილას ოდნავი განსხვავებით თარგმნის არიანეს ამ წინადადებას, რომლის მიხედვითაც მაინც კოლხები ტრაპეზუნტთან ცხოვრობდნენ.
არიანე წერს: „შემდეგი ტომები, ტრაპეზუნტების მოსაზღვრენი, როგორც ქსენეფონტეც ამბობს, არიან კოლხები” (იქვე, გვ. 42).
არიანეს გამოთვლით, მდ. თერმოდონტი მდებარეობდა ტრაპეზუნტის სამხრეთით, დაახლოებით 350 კმ მანძილზე. ის იყო იქამდე კოლხების ქვეყანა. არიანეს მიხედვით, მის დროს კოლხები ტრაპეზუნტის მეზობლად (მარჯვნივ) ცხოვრობდნენ.
ჰეროდოტეს ცნობით, მის წინა ხანებში, როგორც აღინიშნა, კოლხები სამხრეთით მდ. თერმოდონტამდე იყვნენ გავრცელებულნი. სვიდა ამბობს: „თერმოდონტი მდინარეა კოლხეთში”. ქსენეფონტის მიხედვით კი, (IV, 8,22-24) კოლხები ტრაპიზონთან ცხოვრობდნენ, ხოლო თერმოდონტთან ხალიბები (არიანე, მოგზაურობა, 1961, გვ. 72).
“პტოლემესთან კოლხეთის მოსახლეობაში შემავალ ტომებში კოლხები არ მოიხსენიებიან” (იქვე, გვ.72 ). „რიონის აუზის არეში კოლხების სახელის ხსენებაც კი აღარაა არიანეს და პტოლემეს დროს” – წერს ივ. ჯავახიშვილი (ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, თბ., 1950, გვ. 13). „კოლხები მოსხები არიან“ ფრ, 185, 188, კოლხი მესხია, კორაქსია, კოლაა” (იქვე, გვ. 73).
თემისკირა იყო ქალაქი და ქვეყანა თერმოდონტის (თერმე-სუ) პირდაპირ, ქალაქ ამისოსის მახლობლად, აქ კოლხებისაგან გადაუღიათ წინადაცვეთის ჩვეულება მათ მეზობელ ასურებს (სირიელებს) (ფლ. არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, კომენტარი, გვ. 80).
ივანე ჯავახიშვილი წერს: „წინათ კოლხებს თერმოდონტისა და მდ. პართენიონის სანახების მახლობლად უნდა ეცხოვრათ” (ივ. ჯავახიშვილი, ქართ. ერის ისტ. შესავალი, I, გვ. 10). თერმოდონტის მიდამოებში ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობით, კოლხების გარდა ხალიბებიც ცხოვრობდნენ (იქვე, გვ. 80).
ტრაპეზუნტი, ვითარცა სინოპელთა ახალშენი, დაარსებული იქნა „კოლხეთის ქვეყანაში” (არიანე, დასახ. ნაშრ. გვ. 63).
ჰეროდოტეს აღნიშვნით, მდ. თერმოდონტზე ბერძნებმა დაამარცხეს ამორძალები. სტეფანე ბიზანტიელის ლექსიკონში ნათქვამია, რომ მდ. თერმოდონტზე ამორძალები ცხოვრობდნენ. სტრაბონის ცნობით, იქვე ცხოვრობდა ხალხი – გარგარეები, გარგარელები. სიტყვა გარგარი ეტიმოლოგიურად ახლოა „გუგარელთან”. თეოდორე სიცილიელის თხრობით, ამორძალების მეფეს მდ. თერმოდონტთან აუშენებია დიდი ქალაქი თემისკურუ. ამორძალები დაუმარცხებია ჰერაკლეს, მათი ნაშთები კი შემდგომში ტროას მხარეზე იბრძოდნენ (ს. ჭანტურიშვილი, ეთნოლოგია, გვ. 220-224).
მაშასადამე, თერმოდონტი და თემისკირა მდებარეობდნენ კოლხების ისტორიულ ქვეყანაში ქ. ტრაპიზონიდან დასავლეთით 350 კმ მანძილზე, ზღვისპირას, თანამედროვე სამსუნთან, ძველ ამისოსთან ახლოს. იუსტინიანეს ეპოქაში შედიოდა ელენოპონტოს პროვინციაში, რომელიც შემდეგ I არმენიის დიოცეზში გააერთიანეს. ამიტომაც თერმოდონტი და თემისკირა ერთდროულად იყვნენ კოლხებისა და არმენიელების ქვეყანაში. როგორც თემისტიოსი ამბობს, აქ მდებარეობდა ფასისის რიტორიკული სკოლა, ე.წ. „ფასისის აკადემია” და არა ფოთში.
ფასისი, თემისკირა და თერმოდონტი სტრაბონის მიხედვით
ერთი ცნობით ფასისის რიტორიკული სკოლა მდებარეობდა კოლხეთში მდ. თემისკირასთან და თერმოდონტთან ახლოს. მათი მდებარეობა ცნობილია სტრაბონისა და სხვა ავტორების ცნობებით.
სტრაბონის ცნობით, თემისკირას ანუ ამაზონების დაბლობი მოიცავდა პონტოსპირეთის ოლქს, რომელსაც რწყავდა მდინარეები თერმოდონტი და ირისი (სტრაბ. I, III, 6). ამ დაბლობის ერთი ნაწილი შავი ზღვის პირას იყო, ხოლო მეორე ნაწილი ემიჯნებოდა პონტოს მთებს (XII, III, 15). ეს იყო ტრაპეზუნტის სამხრეთით.
https://meufeanania.info/tbebi/
დასკვნა
ბერძნულ-რომაული წყაროების მდინარე ფაზისის აღწერა შეესაბამება მხოლოდ ჭოროხის თვისებებს (ნაკადის სიჩქარე, ვიწრო კალაპოტი, შეფერილობა, სასმელად ვიარგისიანობა , არმენიაში სათავე და სხვა), შესაბამისად, ფაზისი ჭოროხია და არა რიონი
ამონაკრები ბატონიშვილ ვახუშტის საქართველოს გეოგრაფიიდან
(რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, 1904)
ოდიშისათჳს.
ხოლო ესე ოდიში ისახელა ორითა სახელითა: პირველად მეგრელნი, რამეთუ ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა ეგრი.
ამას სწერენ ევროპელნი კოლხიდად, სადიდამ იაზონ წარიღო ოქროს რუნი ანუ საწმისი. არამედ ჭალაკი აქი იგი არასადა მოიპოების, არცა მატიანე ჩვენი მოიხსენებს მას, გარნა რამეთუ მას ჟამსა ეგრის-წყალს იქითი – დასავლეთისა – ეპყრათ ბერძენთა, აქა არს ადგილი იგი. ამისთჳს უწოდეს მეეგრელნი.
ხოლო ოდიში: – განდგნენ რა ეგროსის მდინარისის იქითნი და მიერთნენ ბერძენთა, იტყოდიან: „ოდეში იყომე ქვეყანა იგი ჩვენი“, და ისახელნენ აწამდე ესრეთ 491).
საზღვარი ოდიშისა
ხოლო საზღვარი ოდიშისა არს ცხენის-წყალი და ხაზი ისულეთამდე, მერმე თაკვერსა და ოდიშს შორისი მთა კავკასიდამ ჩამოსული სამჴრით და კვალად თაკვერიდამვე წარსრული კავკასი ჩდილოთ ვიდრე ეგრისის სათავემდე, ოდიშსა და სვანეთ შორისი; სამჴრით – მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და კვალად ეგუროს მდინარის შესართავს დასავლეთი
შავი-ზღვა; დასავლით – ზღვაშავივე და კვალად ანაკოფიის მცირე მთა კავკასიდამ ჩამოსული სამჴრით ზღვამდე; ჩდილოთ – კავკასის მთა. ხოლო ცხენის-წყლის დასავლეთის კერძო, რო- მელი დავსწერეთ, ოდიშისა არს. და ცხენის წყლის დასავლით არს მუნვე ბანძა და ციხე კეთილ ნაშენი). ბანძას ზეით და ცხენის-წყლის დასავლით და მისი მჭვრეტი, მაღალს ადგილზედ არს ჭყონდიდი, ეკლესია გუნბათიანი, დიდ-შენი, მარტვირისა. ეს აღაშენა ჱ მეფემან აფხაზთამან გიორგიმ 493) და შეამკო ყოვლითა შემკობილებითა საეკლესიოსათა. დაფლული არს მეფე ბაგრატ. ამანვე დასვა მუნ ეპისკოპოზი და აწცა არს მწყემსი უნაგირის აღმოსავლეთისა ცხენისწყლამდე.
ამათთა დასავლით დის მდინარე აბაშა, პირველ სხვის სახელით წოდებული. შემდგომად მოიქცა რა ანაკოფიიდამ მურვან ყრუ, აქ დაბანაკებულთა მოაშთო ამან აბაში და მიერითგან იწოდა აბაშა. ამაზედ არს სახარია, ციხე და სასახლე დადიანისა. ესე სიგრძით არს ტეხურის შესართავამდე. გამოსდის კავკასს ოდიშსა და სვანეთს შორით, და დის ჩდილოდამ სამჴრით. არა არს მას შინა თევზი, თჳნიერ კალმახისა. ამის დასავლით დის მდინარე ტეხური. იწოდა ჩქარად დინებისაგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რაის, გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩდილოდამ რიონს. ხოლო ტეხურისა და აბაშას შესართავს ზეით, უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლის კიდეზედ, არს შხეთს ციხე დიდ-ნაშენი და სასახლე დადიანისა. ამას ზეით, კიდევ ტეხურისა კიდეზედ, არს სენაკს ეკლესია გუნბათანი, კეთილ-შენი, საყოფელი აფხაზთა კათალიკოზისა. აწ სენაკს ზეით, უნაგირას ძირში, არს ნაქალაქევი, ციხე-გოჯად წოდებული. ეს აღაშენა მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე, და ამისი საერისთოვე იყო სულიად რიონის დასავლეთი სვანეთით. შემუსრა ყრუმ, არამედ იყო კვალად ქალაქი, და შემდგომად მოოჴრდა ქალაქი. აწ არს ციხე კვალად და სასახლე დადიანისა, ხოლო ტეხურის დასავლის კიდურსა რიონიდამ წარმოსდევს მცირე მთა კავკასამდე, ტყიან და ნადირიან. ამას უწოდებენ უნაგირას.
ამ მთას მზღვრიდნენ ოდესმე იმერთა და ოდიშთა საზღვრად. და არს ჭყონდიდიდან უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო.
არიან ამ ადგილთა შინა მოსახლენი მთავარნი და აზნაურნი. და არს ქვეყანა ესე მგზავსი ვაკისა და უმეტეს ნაყოფიერი და ტყიანი. ხოლო ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქვეით, სადაცა ერთვის რიონი ზღვას, აქა არს ფოთი . და ამ ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღვას ხორგის-წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან ზღვის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა. გამოსდის მასვე წინჴსენებულს კავკასს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამავ წყალზედ, მთის ძირში, უნაგირას ჩდილოთ, არს ციხე ჭა-ქვითა და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ წყლის ჩდილოთ, მთის ძირს, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა. ამის ჩდილოთ დის ჭანის-წყალი, წოდებული ჭელენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლიდან დასავლეთად და მიერთვის ზღვას ხოფს. ამ მდინარის ჩდილოთ კერძოთ, ზღვის კიდეზედ არს ხოფი. აქა არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი და შემკული. აქ ეკლესიასა შინა მსვენარებს პერანგი ყოვლად-წმიდის ღუთის-მშობლისა, სასწაულთმოქმედი.
ცაიშის კათედრა
ამ წყალზედ, ჩდილოს კიდესა ზედა და ხოფს ზეით, არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუნბათიანი, კეთილ-შენი და შემკული. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ამ წყლის სამჴრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა-ზღვამდე, ამავ მდინარის ჩდილოთ კერძოთ დიდს ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდ-შენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდლიანი. ამ ზუგდიდის აღმოსავლით მთის ძირზედ არს ჭელენჯიხი, ეკლესია გუნბათიანი, დიდ-შენობა, შვენიერი, კეთილს ადგილს. ზის ეპისკოპოზი მწყემსი ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორისის ადგილთა, კავკასიდამ ზღვამდე ამის ჩდილოთ დის მდინარე ეგური, წოდებული დაბის გამო. გამოსდის მასვე სვანეთსა და ოდიშს შორისს კავკასსა, მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მიერთვის ზღვას ანაკრიას.
ანაკრიას აღაშენეს ოსმალთა ციხე ქორონიკონსა ჩღგ, ქართულსა ტჟა, აწცა უპყრავთ მათვე. ანაკრიის აღმოსავლით ამ მდინარეზედ არს რუხს ციხე დიდ-შენი, შიგ წყარო გამომდინარე. აღაშენა ლევან დადიანმან ქორონიკონსა ჩქმზ, ქართულსა ტლე, შემდგომად შემუსრეს ოსმალთა წელსა ჩღკე, ქართულსა უიგ, და ამის ქვით აღაშენეს ანაკრია უმტკიცესად. რუხს ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კეთილი და მრავალი 505). რუხს ზეით, ამ წყალზედ, მთასა შინა არს სააფაციო სათავიდამ.
ეგრისის-წყალი
კვალად ამ ეგურის ჩდილოთ დის დადის-წყალი, წოდებული დადის დაბის გამო. გამოსდის მასვე აღმოსავლეთის კავკასსა და მოდის დასავლეთად და მიერთვის ზღვას.
ამ დადისწყლის ჩდილოთ დის ეგრისის-წყალი, წოდებული ეგროსის თარგამოსის ძის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა, დის დასავლეთად და მიერთვის ზღვას ილორს.
ხოლო ზღვის კიდეზედ, ამ წყლის დასავლითს კიდეზედ, არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლით – ეგრისი, დასავლით – მდინარე მოქვისა. და უძეს: სამჴრით – ზღვა და ჩდილოთ – ველი. არს ეკლესია უგუნბათო მცირე, მდიდარი და შემკული. არამედ სილოვანობის გამო, რათა არა შეირყეს ეკლესია, მოუღიათ ქვა, დიდ-ფრიადი, ფიქალი, და მას ზედა შენი არს სულიად ეკლესია. აქ მოიყვანს ჴარს ყოველ წლივ ი ნოემბერს, რომელსა დაჰკულენ და განიყოფენ მეფე დიდებულებითურთ. განა არს ფრიად სასწაულთ-მოქმედი ჭეშმარიტსა ზედაცა. არამედ მოსწვეს ოსმალთა ეკლესია ილორისა ქორონიკონსა ჩღლგ, ქართულსა უკა 506), ხოლო ამ ეგრისის მდინარესა ზედა,
ბედიას კათედრა
მთასა შინა არს ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს, ძე თარგამოსისა, და აქა აღაშენა ქალაქი და დაიპყრა საზღვარი თჳსი. არამედ ამის შემდგომად უწოდეს ბედია, რომელი დასვა ა მეფემან ფარნაოზ ქუჯი ერისთავად რიონის დასავლეთისა, ვინადგან ჰპოვა ბედი.
მერმე აფხაზთა მეფის ლევანისაგან განიყო და ცხომის ერისთავი სხვა, ბედიისა სხვა, აფხაზთა სხვა. თამარ მეფემდე ესრეთ. შემდგომად რუსუდანისა, ოდიშისა დადიანი და ბედიელი მას აქეთისა, არღარა ცხომისა.
აქავ ბედიას აღაშენა ნდ მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდ-შვენიერ-გუნბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. ამისთჳს წერილ არს: „ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ ნდ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“).
დასვა ეპისკოპოზი ოდიშისა და აწცა ზის და მწყემსი არს აწ დადის-წყლისა და მოქვის-წყლის შუათისა ადგილთა. აქავ მოიღო იგივე მეფე ბაგრატ ზვიადა ერისთავმან და დაფლა 507).
მოქვის კათედრა
ხოლო ამ ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე, ჩდილოდამ სამჴრით. გამოსდის კავკასს და მიერთვის ილორს ზღვას. ამ მდინარესა ზედა, მთაში, არს მოქჳს ეკლესია გუნბათიანი, დიდ-ნაგები. აღაშენა თ მეფემან აფხაზთამან ლეონ შემკობითა დიდითა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქვის მდინარის შორისის ადგილისა . არამედ ეს მდინარე მოქვის დის მოქვამდე აღმოსავლიდამ დასავლეთად,
დრანდის კათედრა
ხოლო მოქვის მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუნბათიანი, შვენიერი, დიდ-შენი. ზის ეპისკოპოზი მწყემსი კოდორისა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა .
არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი.
განა მდინარე კოდორი დრანდამდის დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, გამომდინარე კავკასიდამ, და დრანდიდამ ზღვამდე დის ჩრდილოდამ სამჴრით. მოიგო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელი არს დრანდას ზეით, ამ წყალზედ, მთაში.
ხოლო ამ კოდორის დასავლეთად დის მდინარე ცხომისა, გამომდინარე კავკასისა და მოერთვის ზღვას ჩდილოდამ. ამ წყალზედ მთაში არს ცხომი, და ისახელების მდინარე ესე ამისგან. იყო ცხომი ქალაქ და საერისთო და აწ დაბა 510).
ამ ცხომის დასავლით არს ანაკოფია და მდინარე მისი მცირე, გამომდინარე კავკასისა და მომრთველი ზღვისა ეგრეთვე ჩდილოდამ. ამ მდინარის აღმოსავლით და ზღვის კიდეზედ არს ქალაქი ანაკოფია. ეს აღაშენეს ბერძენთა. აქავ ერეკლეოს კეისარმან დასვა ერისთავი აფხაზთა, ეგრისის მდინარის დასავლეთისა ზღვადმდე.
იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული. და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან. არამედ აწ ოჴერ არს 511).
საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა,
(ანაკოფია)
(ე.წ. აფხაზეთის დიდი კედელი)
ამ ანაკოფიის აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე, შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათვს. განა აწ უქმად არს.
ხოლო სიგრძე ოდიშისა არს კავკასის თხემიდამ ზღვამდე და ცხენის-წყლიდამ ზღვადმდევე და მეორე – ეგრისის წყლიდამ ანაკოფიამდე. და განი მისი რიონის მდინარიდამ ეგრისის მდინარემდე, და მეორე ზღვიდამ კავკასის თხემამდე. და არს ჰავითა ოდიში ესე მშვენი. ზაფხულს ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი. მთის კერძონი გრილნი, აგარაკოვანნი, კეთილნი. ზამთარ თბილი. არამედ ზაფხულცა სველი და ნამიანი და ნოტიო, განა უწყინარ, უვნო, უქარო და უყივნო, დიდ-თოვლიანი. მოსავალნი მარცვალთა ფრიად ნაყოფიერნი მრავლად, რამეთუ ბრინჯი ნაყოფიერებს ურწყავად. ნარინჯი, თურინჯი, ზეთისხილი, ბროწეული ადგილადგილს და სხვანი ხილნი მრავალნი. ვენახნი მაღლარნი, ღვინო მსუბუქი და კარგი. აქა არს ღვინო ზარდაგი, ფერისათჳს
ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა. აქ ჰყოფენ აბრეშუმს უმეტეს მრავლად იმერეთისაგან. პირუტყვნი, ცხოვარნი მცირედ და სხვანი მრავლად. რამეთუ უვისთ ჯოგად, მროწლედ და თხა, ცხოვარი და ღორი ერთარვედ. რამეთუ არა უხმსთ მწყემსი და მძოვარ არიან ზამთარ ზაფხულს ბალახთა. ფრინველნი მრავალნი, ფუტკართაგან თაფლი და ცვილნი მრავალნი, ვინათგან ტყეთა შინა მრავლად არიან ნადირნი წვრილნი და დიდნი ურიცხვნი, თჳნიერ ქურციკისა. და სანადირო მრავალნი და კეთილნი. თევზნი მთის კერძოდ, კალმახნი მრავლად. ხოლო ვაკეთა სხვანი თევზნი და კირჩხიბნი ურიცხვნი. ზღვასა შინა იპყრობის ანდაკია და სხვანი ზღვის თევზნი. მდინარეთ შემდინარეთა ზღვათა შინა უწოდებენ მას ადგილს თვალსა და არიან ნავსადგურნი. მოდგებიან ნავნი და ვაჭრობენ. ხოლო არიან კვალად ამავ ადგილებთა შინა ჴევნი და მცირე მდინარენი და წყარონი კეთილ-გემოიანნი, რომელნი სიგრძისათჳს დავიდუმეთ. არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, არამედ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ჴორციანნი და მწითურნი, გულ-მწყრალნი მყისად და მსწრაფლნი, ბრძოლათა შინა იმერთაებრ ვერ ქებულნი, ბრძოლიდამ გაბრუნებით ქებულნი. სარწმუნოებითა, რჯულითა და წესითა და ქცევითა იმერთათა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი.
ენით არიან: – დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქუსთ თჳსიცა ენა, განა წამხდარი ქართულივე, ვითარცა ღმერთი ღორი, ჩემი ჩქიმი, და აქუსთ წიგნი ქართულნივე და არა სხვა.
ხოლო აწ ეგრისის მდინარემდე უპყრავსთ აფხაზთა და მას ზეითი სამჴრის კერძო დადიანსა.
კვალად ქვეყანა ესე არს ფრიად ტყიანი მთით ბარამდე, და მცირე-ველოვანი. მდინარეთა კიდენი ძალოვანნი და ვაკეთა აყრილნი ეწერნი, ბარდოვან-ტალახ-ჭანჭრობიანი და ფრიად წვიმიანი. ამისგან არს ფრიადი ნოტიობა, გარნა უვნებელი.
აფხაზეთისათჳს.
ხოლო ანაკოფიის დასავლეთი არს აფხაზეთი, პირველად წოდებული ეგრეთვე ეგრისი: რამეთუ ვინათგან წილი ეგროსისა არს ზღვამდე, მის გამო ეწოდა ეგრეთვე.
არამედ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა ბერძენთა, მათ უწოდეს აბასა, ხოლო ქართველთა – აფხაზეთი.
გარნა უმეტეს საგონებელი არს ძეთაგან ანუ ძის ძეთაგან ეგროსისათა ეწოდა სახელი ესე 513).
ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს: აღმოსავლით, ანაკოფიის დასავლეთით მცირე მთა კავკასიდამ ჩამოსოლი ზღვამდე; დასავლით – ზღვა და კაპპეტის მდინარე. არამედ სხვანი მზღვრიან ჯიქეთის დასავლეთის ზღვამდე; ჩდილოთ მზღვრის მთა კავკასი, სამჴრით – ზღვა შავი.
(ამის ბიჭვინტის დასავლით დის კაპპეტის მდინარე, დიდი და ჩქარად მდინარე, გამოდის ესე რაჭის მთას, კავკასსა, გამოვალის სვანეთს, ალანს და მას ქვემოთა) .
სიგრძე ამისი არს ანაკოფიიდამ კაპპეტის მდინარემდე ანუ ზღვამდე, განი – ზღვიდამ კავკასის თხემამდე.
ხოლო ანაკოფიის დასავლით დის აღაცოს-წყალი. გამოსდის კავკასს და მიერთვის ზღვას ჩდილოდამ. ამ აღაცოს-წყლის დასავლით დის ზუფუს მდინარე, გამოსდის კავკასს, დის სამჴრით, მიერთვის ჩდილოდამ ზღვას. არს ზუფუ მცირე ქალაქისაებრი, სახლი და საყოფელი შარვაშიძისა, რომელი მპყრობელობს აფხაზთა, არავის მორჩილებასა შინა მყოფი 514). ამ ზუფუს დასავლით დის მუწის-წყალი. გამოსდის კავკასსავე, მოერთვის ჩდილოდამ ზღვას.
ბიჭვინტა
(აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა)
ამ მუწის-წყლის დასავლით არს ბიჭვინტას ეკლესია დიდი, დიდ-შენი, კეთილ ფრიად, გუნბათიანი, ზღვის კიდესა ზედა. ეს აღაშენა იუსტინიანე კეისარმან შემკობითა დიდითა (ბარონია სწერს: „კეისარმან იუსტინიანემ აღაშენა ეკლესია აფხაზეთს წელსა ქრისტესსა 529“. ეს არს ბიჭვინტაღუთის მშობლისა, რომელი იქმნა განყოფასა ხოსროვანთასა, რაჟამს ფარსმან ერჩდა სპარსთა და ძენი მირდატისნი – ბერძენთა. ამით ჩანს, ვინადგან მირდატის ძეთა აღარ ეპყრათ, ფარსმანს მიუღეს კვალად ეგრისის მდინარის იქითი ბერძენთა).
პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ, და აწ არს საყდარი აფხაზთა კათალიკოზისა, არამედ აწ ხუცის-ამარად, ვინადგან აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა (ამას ვგონებ ნიკოფსoად და ეკლესიასაცა მასზედ აღშენებულსა მისთვის, ვინადგან ნიკოფსიას დაფლულ არს მოციქული სვიმონ კანანელი 515). ამის
ბიჭვინტის დასავლით დის კაპპეტის მდინარე, დიდი და ჩქარად მდინარე. გამოსდის ესე რაჭის მთას კავკასსა, გამოვლის სვანეთს, ალანსა და მას ქვეითთა ორს კავკასს შორისთა, და
ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი. წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი, ზღვათა შინა მავალნი ოლეჭკანდარებითა, რომელთა შინა შთასხდებიან რ – ს და ტ, დაუხდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა. არამედ არიან ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ-მიმდრეკნი, ზღვასა შინა მაგარნი და ძლიერნი. სარწმუნოებით არიან ქრისტეანენი, არამედ არღარა რისა მეცნიერნი, და ირიცხვიან ვითარცა კერპნი. ვინათგან არა დაჰფლვენ მკუდართა თჳსთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსლითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესდგმენ ხეთა ზედა და უკჱთუ შტვენს მკუდარი იგი ეშმაკისა მიერ, სწამთ განსვენებულად მერმესა მას 516). განა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხვა, აქუსთ
სასოება მღვდელთა ფრიად. არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება: რამეთუ დასწვენ შემცოდეთა. უყვართ სტუმარი და პატივსა უყოფენ და შეიწყნარებენ ფრიად.
ენა საკუთარი თჳსი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული 517).
სხდებიან სკამთა ზედა და სჭამენ ტაბლასა ზედა. და არიან ერთგულნი ფრიად თჳსთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი.
ჯიქეთისათჳს
ხოლო ამ აფხაზეთს იქით, კაპპეტის-წყლის დასავლეთს, ბაგრატიონთ ჟამს აქეთ აქამომდე უწოდებენ ჯიქეთს, არამედ გორგასლის ცხორება უწოდებს ჯიქეთს ამ ჯიქეთის ჩდილოთ კერძოს, კავკასის მთის იქითს კერძს ზღვამდე. და ამ აწინდელს ჯიქეთს მზღვრის: აღმოსავლით კაპპეტის-წყალი; დასავლით – შავი-ზღვა, სამჴრით იგივე ზღვა, ჩდილოთ – კავკასი. და არს ადგილი ესე ყოვლითურთ აფხაზეთისა მოსავლით და ცხოელით, წესით და ქცევითაცა. არამედ კაცნი უმეტეს მჴეცთ მგზავსნი. ყოფილან პირველად ქრისტეანენი, არამედ აწ უცნობელნი მისნი. განა იუწყე აფხაზთა და ჯიქთა სამოსელნი და იარაღნი და საჭურველნი ვითარცა ჩერქეზთანი, რომელთა ზნეთა ჟამად იმერნიცა ხმარობენ 518).
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკთესისები -ნოტიციების რუკები და ტექსტები
ნოტიციათა რუკები VI-X სს.
(ნოტიციები ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხები)
ნოტიციების გამოწვლილვითი ანალიზი აჩვენებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოები განლაგებულნი იყო არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპეზუნტის რეგიონში, ხოლო დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, რასაც აღნიშნავს კიდეც რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, როცა წერს, რომ ქართული ეკლესიის დამაარსებლებმა სრულიად საქართველოსა და მთელი ქართველი ერის მომცველი ეკლესია დააფუძნეს და არა მისი რომელიმე ნაწილისა _ წმ. ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა `ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა~, ხოლო წმიდა ნინომ მოაქცია `ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა~.
noticia I
(გეორგიკა IV, ნაწ. II, 1952, გვ. 126)
მიტროპოლიტები
11. ეპარქია II არმენიისა _ სებასტიის მიტროპოლიტი
12. ეპარქია ჰელენოპონტისა _ ამასიის მიტროპოლიტი
13. ეპარქია I არმენიისა _ მელიტინის მიტროპოლიტი
17. ეპარქია პოლემონის პონტოსი _ ნეოკესარიის მიტროპოლიტი
27. ეპარქია ლაზიკისა _ ფასიდის მიტროპოლიტი
ავტოკეფალიები
ეპარქია ჯიქეთისა _ ქერსონის ავტოკეფალია
ეპარქია ჯიქეთისა _ ბოსპორის ავტოკეფალია
ეპარქია ჯიქეთისა _ ნიკოფსიის ავტოკეფალია (Niksofeos) ნიქსოფეოს
ეპარქია II არმენიისა _ ჰერაკლულოპის ანუ ფილაქთეოს ავტოკეფალია
ეპარქია აბასგიისა _ სებასტუპოლის ავტოკეფალია
10. ეპარქია II არმენიისა _ სებასტიის მიტროპოლიტი (იხ. გვ. 130)
1. სებასტუპოლის ეპისკოპოსი
2. ნიკოპოლისის ეპისკოპოსი
3. სატალას ეპისკოპოსი
4. კოლონიის ეპისკოპოსი
5. ბერისის ეპისკოპოსი
ორჯერ მეორდება იხ. 27
26. ეპარქია ლაზიკისა _ ფასიდის მიტროპოლიტი
1. როდოპოლისის ეპისკოპოსი
2. აბისსენთა (აბისსენის) ეპისკოპოსი
3. პეტრათა (პეტრონის) ეპისკოპოსი
4. ზიგანევთა (ზიგნეინ) ეპისკოპოსი

noticia II
კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ ეკლესიათა კათედრების `სამიტროპოლიტო ქალაქები…
1. კესარია… 11. სებასტია; 12. ამასია; 13. მელეტინე… 33. ტრაპეზუნტი… 55. კელძენე; 56. კოლონია~ (გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 131).

=
noticia III
კონსტანტინოპოლის საყდრისადმი დაქვემდებარებულ მიტროპოლიტთა და მათი ხელქვეითი ეპისკოპოსების კათედრათა ნუსხა.
I. პირველი საყდარი ექვემდებარება კესარიის მიტროპოლიტს კაბადოკიაში.
XI. მეთერთმეტე საყდარი ექვემდებარება არმენიის სებასტიის მიტროპოლიტს (1. სებასტუპოლის ეპისკოპოსი; 2. ნიკოპოლის ეპისკოპოსი; 3. სატალას ეპისკოპოსი; 4. კოლონიას ეპისკოპოსი; 5. ბერისის ეპისკოპოსი).
XII. მეთორმეტე საყდარი ექვემდებარება ამასიის მიტროპოლიტს ჰელენოპონტოში (1. ამინსის ეპისკოპოსი; 2. სინოპის ეპისკოპოსი; 3. იბორის ეპისკოპოსი; 4. ანდრაპის ეპისკოპოსი; 5. ზილხის ანუ ლეონტოპოლისის ეპისკოპოსი; 6. ზელის ეპისკოპოსი).
XIII. მეცამეტე საყდარი ექვემდებარება მელიტენის მიტროპოლიტს II არმენიაში (…).
XVIII. მეთვრამეტე საყდარი ექვემდებარება ნეოკესარიის მიტროპოლიტს პოლემონის პონტოში (1. კერასუნტის ეპისკოპოსი; 2. პოლემონიონის ეპისკოპოსი; 3. კომანის ეპისკოპოსი; 4. ალიის ეპისკოპოსი; 5. რიზეს ეპისკოპოსი (რიზე II); 6. კოკის ეპისკოპოსი; 7. ევნიკის ეპისკოპოსი; 8. არდასის ეპისკოპოსი; 9. მარტიროპოლის ეპისკოპოსი; 10. იფსელის ეპისკოპოსი… 26. როდიაპოლის (როდოპოლისის) ეპისკოპოსი.
XXXIII. ოცდამეცამეტე საყდარი ექვემდებარება ტრაპეზუნტის მიტროპოლიტს ლაზიკაში (1. ხერიანის ეპისკოპოსი; 2. სამუჩურის ეპისკოპოსი; 3. ხალევის ეპისკოპოსი; 4. პაიპერის ეპისკოპოსი; 5. კერამევის ეპისკოპოსი; 6. ლერის ეპისკოპოსი; 7. ბიზანის ეპისკოპოსი; 8. საკაბის ეპისკოპოსი; 9. ტოხარძიძის ეპისკოპოსი; 10. ტოხანტიერძის ეპისკოპოსი; 11. სილნუტის ეპისკოპოსი; 12. ფასიანის ეპისკოპოსი; 13. სერმაძის ეპისკოპოსი; 14. ანდაქტის ეპისკოპოსი; 15. ზარიმანის ეპისკოპოსი).
XLVI ორმოცდამეექვსე საყდარი ექვემდებარება კამახის მიტროპოლიტს არმენიაში: 1. კელძენეს ეპისკოპოსი… ექვემდებარება კელძენეს, კორძენეს და ტარონის მიტროპოლიტს~ (გეორგიკა, IV, ნაწ. II, გვ. 134).
შენიშვნა: `5. რიზეს ეპისკოპოსის~ კათედრის ქვეშ უნდა იგულისხმებოდეს რიზე II ანუ თანამედროვე ორდუ.

noticia IV
(გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 135, 136, 137).
`მოსაყდრე მიტროპოლიტთა სიის შესახებ ზოგიერთი მათგანი იწოდებიან ექსარხოსებად და უპატიოსნებად, ზოგიერთნი კი მხოლოდ უპატიოსნესებად _
I. კაპადოკიის კესარიის მიტროპოლიტი … მთელი აღმოსავლეთის ექსარხოსი;
VIII. სებასტიის მიტროპოლიტი მთელი არმენიისა;
IX. ამასიის მიტროპოლიტი ევქსინის პონტოსი;
X. მელიტენის მიტროპოლიტი მეორე არმენიისა;
XXX. მიტროპოლიტი ტრაპეზუნტისა, მთელი ლაზიკისა, მას ახლა კესარიის ადგილი უჭირავს.
აქამდე ჩამოთვლილნი იყვნენ ეპარქიის მქონენი, ყველა დანარჩენი მხოლოდ უპატიოსნესად იწოდებიან… არქიეპისკოპოსთაგან გახდნენ [მიტროპოლიტებად] შემდეგნი:
10. მეტრახის, რომელიც აგრეთვე ჯიქეთისად (Zixias) იწოდება;
15. ნეოკესარიის [არქიეპისკოპოსთაგან], კესარუნტისა და რიზეს [მიტროპოლიტი];
25. კამახის [არქიეპისკოპოსთაგან] კელძენეს [მიტროპოლიტი].

noticia V
(გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 137, 138).
`…საპატრიარქო საყდარი კონსტანტინოპოლისა… რომელშიც შედის ევროპა და აზია ვიდრე დასავლეთის სიცილიამდე, კიკლიდეში ვიდრე პონტომდე და ხერსონამდე, აბაზგიამდე და ქალდიამდე და ხაზარეთამდე და კაპადოკიამდე შეიცავს ჩრდილოეთის ყველა მიდამოს…
საპატრიარქო საყდარი ანტიოქიისა… ვიდრე იბერიამდე და აბასგიამდე და არმენიამდე და შიდაუდაბნოებამდე… შეიცავს მიდამოებს აღმოსავლეთისას, სადაც მზე ამოდის.
noticia VI
(გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 139).
`მოსაყდრე მიტროპოლიტთა ნუსხა…
11. ეპარქია I არმენიისა _ სებასტიის მიტროპოლიტი;
12. ეპარქია ჰელენოპონტისა _ ამასიის მიტროპოლიტი;
13. ეპარქია I არმენიისა _ მელიტენის მიტროპოლიტი;
28. ეპარქია ლაზიკისა _ ფასიდის მიტროპოლიტი.
ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსთა ნუსხა
25. ეპარქია ჯიქეთისა (Zixias) _ ქერსონის არქიეპისკოპოსი;
26. ეპარქია ჯიქეთისა _ ბოსფორის არქიეპისკოპოსი;
27. ეპარქია ჯიქეთისა _ ნიკოფსიის (Niksofeos) არქიეპისკოპოსი;
34. ეპარქია არმენიისა _ ჰერაკლიუპოლის ანუ პედახთის არქიეპისკოპოსი;
35. ეპარქია ამასიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი;
37. ეპარქია პოლემონის პონტოსი _ ტრაპეზუნტთა არქიეპისკოპოსი.

noticia VII
(გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 140).
`ეპიფანე კვიპროსელ არქიეპისკოპოსის მიერ შედგენილი ეკთესისი პირველწოდებულ პატრიარქთა და მიტროპოლიტთა
მიტროპოლიტთა დასახელება:11. მეორე არმენიის ეპარქიისა _ სებასტიის მიტროპოლიტი;12. ჰელენოპონტოს ეპარქიისა _ ამასიის მიტროპოლიტი;13. პირველი არმენიის ეპარქიისა _ მელიტენის მიტროპოლიტი; 27. ლაზიკის ეპარქიისა _ ფასიდის მიტროპოლიტი.
ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსთა შესახებ
24. ჯიქეთის (Zixias) ეპარქიისა _ ხერსონესის არქიეპისკოპოსი;
25. ჯიქეთის ეპარქიისა _ ბოსფორის არქიეპისკოპოსი;
26. ჯიქეთის ეპარქიისა _ ნიკოპსიის (Niksofeos) არქიეპისკოპოსი;
33. II არმენიის ეპარქიისა _ ჰერაკლიუპოლის არქიეპისკოპოსი;
34. აბაზგიის ეპარქიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი.
(აშკარა შეცდომაა, უნდა იყოს ამასიის ეპარქიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი, როგორც ეს არის VI და VIII ნოტიციებში [Eparchia Amasias – Sebastopoleos].
შემდეგ დაკონკრეტებულია სამიტროპოლიტოებში შემავალი საეპისკოპოსოები _ `ეპარქია ლაზიკისა, ფასიდის [Fasidos] მიტროპოლიტი, მას ექვემდებარება ოთხი ქალაქი, ე.ი. ოთხი ეპისკოპოსი: როდოპოლისის ეპისკოპოსი; საისინთა [Saesinon] ეპისკოპოსი; პეტრას [Petron] ეპისკოპოსი; ზიგანევთა [Zeganeon] ეპისკოპოსი.

noticia VIII
(გეორგიკა, IV, ნაწ. II, 1952, გვ. 141).
`მოსაყდრე მიტროპოლიტთა ნუსხა:
11. ეპარქია არმენიისა _ სებასტიის მიტროპოლიტი;
12. ეპარქია ჰელენოპონტისა _ ამასიის მიტროპოლიტი;
13. ეპარქია I არმენიისა _ მელიტენის მიტროპოლიტი;
27. ეპარქია ლაზიკისა _ ფასიდის მიტროპოლიტი.
ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსთა ნუსხა:
ეპარქია ჯიქეთისა (Zichias) _ ხერსონის არქიეპისკოპოსი;
ეპარქია ჯიქეთისა _ ბოსფორის არქიეპისკოპოსი;
ეპარქია ჯიქეთისა _ ნიკოფსიის არქიეპისკოპოსი (Niksofeos);
ეპარქია I არმენიისა _ ჰერაკლიუპოლის არქიეპისკოპოსი;
ეპარქია ამასიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი;
ეპარქია პოლემონის პონტოსი _ ტარპეზუნტის არქიეპისკოპოსი.
11. II არმენიის ეპარქიის სებასტიის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან: ა) სებასტუპოლის ეპისკოპოსი; ბ) ნიკოპოლის ეპისკოპოსი; გ) სატტალის ეპისკოპოსი; დ) კოლონიის ეპისკოპოსი; ე) ბირისის ეპისკოპოსი.
12. ჰელენოპონტის ეპარქიის ამისიის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან: ა) ამასიის; ბ) იბორის; გ) სინოპის; დ) ანდრაპის; ბალიხის (ლეონტოპოლის) ეპისკოპოსები.
13. I არმენიის მელიტინის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან: ა) არკის; ბ) კუკუსის; გ) არაბისის; დ) არიბრათის; ე) კომანის ეპისკოპოსები.
17. პოლემონის პონტოს ეპარქიის ნეოკესარიის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან ა) ტრაპეზუნტის; ბ) კერასუნის; გ) პოლემონიონის; დ) კომანის ეპისკოპოსები.
27. ლაზიკის ეპარქიის ფასიდის [მიტროპოლიტს] ექვემდებარებიან: ა) როდოპოლისის; ბ) საისინის; გ) პეტრას; დ) ზიგანევთა (Ziganeos) ეპისკოპოსები.
ამ ნუსხაში წერია: `ეპარქია ამასიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი~, ს. ყაუხჩიშვილმა მიიჩნია, რომ აქ სიტყვა `ამასიის~ ნაცვლად უნდა დაიწეროს სიტყვა `აბასგია~.
ამ თავის მოსაზრების შესაბამისად, მან შემდგომ, იმავე წიგნის ცხრილში, მართლაც, სიტყვა `ამასიის~ ნაცვლად ჩაწერა სიტყვა `აბასგია~, ოღონდ ბერძნული შრიფტით, ამან კი მკითხველს შეუქმნა შთაბეჭდილება თითქოსდა, დედანში ეწერა `ეპარქია აბასგიისა _ სებასტუპოლის არქიეპისკოპოსი~. ის, როგორც ითქვა, სიტყვა `ამასიას~ ურთავს ასეთ შენიშვნას _ `უნდა იყოს აბასგიას, იხ. გვ. 139~, ხოლო ამავე წიგნის 139-ე გვერდზე შენიშვნაზე წერს _ `ამასია _ აშკარა შეცდომაა, უნდა იყოს აბასგიას~ (გეორგიკა, IV, ნაწ. II, გვ. 139, 141) და ცხრილი გვ. 192-ის შემდეგ).

Fasidi – Φάδισα
ფასიდი _ არის ან პაზარი (ათინა), შავი ზღვის პირზე, თანამედროვე პაზარი (ოფ-რიზესთან) _ იგი ძველად პიტიუნტად იწოდებოდა (პიტიუსა), ანდა ძველი ქალაქი-პოლემენიონი, ამ ჟამინდელი ფატსა თურქეთში. იგივე – Φάδισα.
პიტიუსა-პიტიუნტიდან იყო I მსოფლიო კრებაში მონაწილე ეპისკოპოსი, ტერიტორიულად ის იყო ლაზიკის ქვეყანაში მდებარე. აქ იდგა არმენიის დუკას (Dux) ჯარის ნაწილი. ბიზანტიის იმპერიამ თავის მიერ ხელდებულ არმენიაში ბიზანტიური ჯარების ხელმძღვანელად დანიშნა სამხედრო მოხელე, რომელსაც `არმენიის დუკა~ ეწოდებოდა. ერთ პერიოდში მისი ხელძღვანელობის ქვეშ მოექცა პონტოში განლაგებული ბიზანტიური ჯარების მმართველობაც. არმენიის დუკას, ზიგანას, მოხორას, სებასტოპოლის, როდოპოლისსა და პიტიუნტში, როგორც ითქვა, ჰყავდა თავისი ჯარის ნაწილები. ამასთან დაკავშირებით ნ. ადონცი წერს, რომ არმენიის დუკას განმგებლობა არ ვრცელდებოდა აფხაზეთის მიწა-წყალზე, არამედ ის იყო ე.წ. I არმენიისა და პონტოს სამხედრო გამგებელი, ამიტომაც მისი ჯარი იდგა არა აფხაზეთის ბიჭვინთაში, არამედ პონტოს პიტიუსაში, ე.ი. ლაზიკაში.
გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობით, წმ. ნინომ იქადაგა ლაზეთშიც (მოაქცია იბერები და ლაზები); XVII ს-ის ლაზიკის მიტროპოლიტ გერმანეს ცნობით, ჰოფში ნინომ დააარსა კათედრა, ეს უნდა იყოს ძველი პიტიუნტი, შესაძლოა VII-IX სს-ში ერქვა `ფასიდი~ (ახლაც აქ გავრცელებული ტოპონიმები და პუნქტები `ფაზ~, `ფას~, `პაზ~ ფუძე-ძირის მქონე, მაგალითად, `პაზარი~, `ესკიპაზარი~, `დერნეპაზარი~, `პაზარიოლუ~ და სხვა. ესენია `ფას~-`პაზ~ ფუძე-ძირის მქონე ტოპონიმები და დასახლებული პუნქტები), ანდა პოლემენიონ-ფატსას.Город также назывался Фабда[2] (Φάβδα, Φαδισάνη, Φάδισα) и Фаца (Φάτσα). Friedrich Heinrich Theodor Bischoff. Vergleichendes Wörterbuch der alten, mittleren und neuen Geographie. — 1829. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B0%D1%82%D1%81%D0%B0#cite_note-7.
noticia IX
(გეორგიკა, IV, ნაწ. II, 1952, გვ. 143)
მიტროპოლიტთა ნუსხა (როგორც ის აღწერილია კარტოფილაკიონში) და ნუსხა მიტროპოლიტებზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებისა _
11. ეპარქია არმენიისა _ სებასტიის [მიტროპოლიტი] (სებასტუპოლის ეპისკოპოსი, ნიკოპოლის, სატალის, კოლონიის, ბირესის ეპისკოპოსები);
12. ეპარქია ჰელენოპონტისა _ ამასიის [მიტროპოლიტი] (ამასიის, იბორის, სინოპის, ანდრაპის, ზილახის ანუ ლეონტოპოლის ეპისკოპოსები);
13. ეპარქია არმენიისა _ მელიტენის [მიტროპოლიტი] (არკის, კუკუსის, არაბისის, არიარათის, კომანის ეპისკოპოსები);
17. ეპარქია პონტოპოლემონიაკისა _ ნეოკესარიის [მიტროპოლიტი] (ტრაპეზუნტის, კერასუნტის, პოლემონიონის, კომანის ეპისკოპოსები);
27. ეპარქია ლაზიკისა _ ფასიდის (Fasidos) [მიტროპოლიტი] (როდოპოლისის, საისენთა (აბესანთა), პეტრის, ზიგანევთა (ზიგანეთა _ Ziganeon) ეპისკოპოსი.

noticia X
(გეორგიკა, IV, ნაწ. II, 1952, გვ. 144-145)
სამიტროპოლიტოთა, საარქიეპისკოპოსთა და მიტროპოლიებისადმი დაქვემდებარებულ საეპისკოპოსოთა ნუსხა
11. სებასტიის სამიტროპოლიტო (არმენიის სებასტიას ექვემდებარება სებასტუპოლის, ნიკოპოლისის, სატალიონის, მერისის კათედრები);
12. ამასიის სამიტროპოლიტო (ჰელენოპონტის ამასიას ექვემდებარება ამინსის, სინოპის, ივორთა, ანდრაპის, ზალიხის (ლეონტოპოლის) კათედრები;
13. მელიტენის სამიტროპოლიტო;
33. ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო (ლაზიკის ტრაპეზუნტს ექვემდებარება _ ხერიანთა, ხამაჩურისა, ხალხევისა, პაიპერტისა, კერამევისა, ლერიონისა, ვიზანტისა, საკავისა, სავიძიტისა, ხანძიორძისა, ოლნუტისა, ფასიანისა, ტოსერმანძისა, ანდაკისა, ზაარნიკისა _ სულ 15 კათედრა);
55. კელძენეს სამიტროპოლიტო;
61. ალანიის სამიტროპოლიტო;
89. რიზეს სამიტროპოლიტო.
მთარგმნელს გამორჩენია და მერე შეუვსია _
`… 18. პოლემონის პონტოს ნეოკესარიას ექვემდებარება [კათედრები] კერასუნტისა, პოლემონიონისა, კომანისა, ალიისა, რიზესი, კოკისა, ევნიკისა. ესენი არიან არადისა, მარტიროპოლისა, იფსელისა. სულ 10 კათედრა~.
ნოტიცია _ XI-XII საუკუნეების ვითარებას ასახავს.

noticia X (a)
(გეორგიკა IV, ნაწ. II, 1952, გვ. 147-172)
I. სიაში _ კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ 85 მიტროპოლიტთა შორის დასახლებულია:
11. არმენიის _ სებასტიის მიტროპოლიტი;
12. ჰელენოპონტის ამასიის მიტროპოლიტი;
13. არმენიის _ მელიტენის მიტროპოლიტი;
18. ნეოკესარიის მიტროპოლიტი;
33. ტრაპეზუნტის მიტროპოლიტი;
45. კამახის მიტროპოლიტი;
65. კერასუნტის მიტროპოლიტი.
II. სიაში _ კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ 31 არქიეპისკოპოსთა შორისაა … 20. მისთიის [სოტერიოპულის საარქიეპისკოპოსო].
III. სიაში _ სამიტროპოლიტოებში შემავალ საეპისკოპოსო საყდართა შორის დასახელებულია:
11. არმენიაში სებასტიის სამიტროპოლიტოში _ 1. სებასტუპოლის; 2. ნიკოპოლის; 3. სატალის; 4. კოლონიის; 5. ბერისის ეპისკოპოსები;
12. ჰელენუპოლისში _ ამასიის სამიტროპოლიტოში _ 1. ამინსის; 2. სინოპის; 3. იბორის; 4. ანტრაპოდის; 5. ზალიხის; 6. ზელის ეპისკოპოსები;
19. პოლემონის პონტოს _ ნეოკესარიის სამიტროპოლიტოში _ 1. კერასუნტის; 2. პოლემონიონის; 3. კომანის (ჰალიის); 4. ორიზის (კოკის, ევნიკის, არადასის, მარტირუპოლის, ჰიფსელის) ეპისკოპოსები;
34. [ლაზიკეში] _ ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოში _ 1. ხერიანის; 2. ხამაზურის; 3. ხაიონის; 4. პაიპერტის; 5. კერამევის; 6. ლერიონის; 7. ბიზანის [საკაბის; ხაბიძიტის; ხანძიორზის; ოლნუტის; ფასიანის; ტოსერმანძისა; ანდაკის; ზარინაკის] ეპისკოპოსები;
47. არმენიის კამახის სამიტროპოლიტოში _ 1. კელძინის (ხორძენას ?) ეპისკოპოსი … სულ 8;
55. [კელძენეს სამიტროპოლიტოს…]. კორძენის ეპისკოპოსი.

noticia X (b)
(გეორგიკა IV, ნაწ. II, 1952, გვ. 172-176)
კონსტანტინოპოლის სამიტროპოლიტოთა სიაში 11, 12 და 33-ე ნომრად დასახელებული სებასტია, ამასია და ტრაპეზუნტი.
საარქიეპისკოპოსთა შორის `47. სებასტოპოლი~.
11. არმენიაში _ სებასტიის სამიტროპოლიტოს: 1. სებასტოპულის; 2. ნიკოპოლის; 3. სატალას; 4. ბერისის ეპისკოპოსები;
12. ჰელენოპონტოში _ ამასიის სამიტროპოლიტოსი: 1. ამასიის; 2. სინოპის; 3. იბორის (ანუ პიმოლისის); 4. ანდრაპის; 5. ზალიხის (ანუ ლეონტოპოლის) ეპისკოპოსები;
33. ლაზიკეში _ ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს : 1. ხერიანის; 2. ხამაძურის; 3. ხახეის; 4. პაიპერის; 5. კერამევის; 6. ლერიონის; 7. ბიზანის ეპისკოპოსები;
46. კამახის სამიტროპოლიტოს: 1. კელძენეს ეპისკოპოსი.

noticia X (g)
(გეორგიკა IV, ნაწ. II, 1952, გვ. 177-178)
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამიტროპოლიტოთა სიაში არიან ამასიას, ნეოკესარიასა და ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოები, ხოლო საარქიეპისკოპოსოთა შორის ერთ-ერთია _ სოტერიოპოლისის არქიეპისკოპოსი;
12. ჰელენოპონტში ამასიის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან _ 1. ამისიის; 2. სინოპის; 3. იბორის; 4. ანდრაპის; 5. ზალიას ეპისკოპოსები;
13. პოლემონიკონში ნეოკესარიის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან _ 1. კერასუნის; 2. პოლემონის; 3. კომანას ეპისკოპოსები;
33. ლაზიკაში ტრაპეზუნტის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან _ 1. ხერიანას; 2. ხანატოძურის; 3. ხალის; 4. პაიპერის; 5. კერამევის; 6. ლერიონის; 7. ბიზანას.
noticia X (d)
(გეორგიკა IV, ნაწ. II, 1952, გვ. 179)
1. კაპადოკიის ეპარქია _ კესარიის მიტროპოლიტი;
13. არმენიის ეპარქია _ მელიტენის მიტროპოლიტი;
18. პოლემონის პონტოს ეპარქია _ ნეოკესარიის მიტროპოლიტი;
33. ლაზიკის ეპარქია _ ტარპეზუნტის მიტროპოლიტი.
საარქიეპისკოპოსო _ ჯიქეთის ეპარქიაში _ ხერსონისა, ბოსფორისა და მატრახისა.
I. ეკთესისები მოთავსებულია სხვადასხვა კრებულებში;
II. ეს ხელნაწერები ეკუთვნიან XVII-XVIII სს-ს.
მაგრამ მიიჩნევა, რომ:
ა) I, VI, VII, VIII და IX ეკთესისები დაწერილია ლეონ VI-ის მეფობამდე (886-911 წლებში).
ბ) II, III, IV, X, Xა, Xბ, Xგ, Xდ ეკთესისები დაწერილია ლეონ VI-ის მეფობის (886-911) შემდეგ.
ს. ყაუხჩიშვილმა შეცდომით მიიჩნია, რომ
ა) როდოპოლისის, საისინის, პეტრასა და ზიგანას საეპისკოპოსოები მდებარეობდნენ დასავლეთ საქართველოში;
ბ) ასევე, მან თავისი შეხედულებით, VI და VIII ნოტიციებში სიტყვა `ამასია~ შეცვალა სიტყვა `აბასგიით~ ამიტომაც ამის შედეგად შეცდომით `ამასიის სებასტოპოლისის~ მაგიერ დაწერა `აბასგიის სებასტოპოლისი~, რითაც დაასკვნა, თითქოსდა, აფხაზეთში არსებობდა სებასტოპოლის ავტოკეფალური არქიეპისკოპოსი.
სებასტოპოლისი ნოტიციებში სულ მოხსენიებულია 4-ჯერ. ის იყო სადავო კათედრა ჰელენოპონტის ამასიის სამიტროპოლიტოსა და I არმენიის სებასტიის სამიტროპოლიტოს შორის. მიზეზი ამისა იყო ის, რომ ქალაქი სებასტოპოლისი თითქმის თანაბრად იყო დაშორებული ამასიასა და სებასტიას, ის მათ შორის მდებარეობდა. ამიტომაც ხან ამასიას სამიტროპოლიტოში შედიოდა და ხანაც სებასტიაში.
მაგალითად _ VI და VIII ნოტიციებში სებასტოპოლისი შედის ამასიის სამიტროპოლიტოში.
III, IV, იმავე VIII, IX, X, Xა, Xბ ნოტიციებში სებასტოპოლისი II არმენიის სებასტიის სამიტროპოლიტოში შედის.
აღსანიშნავია, რომ შეცდომით I და VII ნოტიციებში ამასიის სამიტროპოლიტოს ნაცვლად ნოტიციებში წერია `აბასგიის ეპარქია~, ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ XV-XVII საუკუნეებში, ამ ნუსხების გადაწერის დროს ამასია დამცრობილი, ხოლო აბაზგია _ დიდი ქრისტიანული სახელმწიფო იყო.
ნოტიციებში იხსენიება `ეპარქია ზიქიისა~. იყო თუ არა ის ქართული ჯიქეთი _ საკვლევია, საქმე ისაა, რომ ზიქიის ეპარქიაში შედიოდნენ ისეთი ცნობილი ქალაქები ყირიმის ნახევარკუნძულზე, როგორც იყო ხერსონესი და ბოსფორი, მათგან ქართული ნიკოფსია ძლიერ იყო დაშორებული, ამიტომაც ზიქიის ეპარქიაში შემავალ ნოტიციებში _ ხერსონესთან და ბოსფორთან ერთად ნახსენები მესამე ქალაქი _ (Niksofeos) ნიკსოფეოს იყო არა ნიკოფსია, არამედ სწორედ ის როგორც იწერებოდა _ ნიკსოფეა, ეს ქალაქი _ ნიკსოფეა უნდა ყოფილიყო ხერსონესთან _ ბოსფორის ახლოს, ხოლო ქართული ნიკოფსია სხვა მხარეს მდებარეობდა.
`ნიკსოფეოს~ არის არა ნიკოფსია, არამედ ხერსიონეს _ ბოსფორის რეგიონში მდებარე რომელიღაც პუნქტი. ამ რეგიონს (ხერსონეს-ბოსფორის) ერქვა Zixias-ZixXias და არა ჯიქეთი.
ბრძოლა რიზესათვის მიმდინარეობდა ნეოკესარიის ამასიის სამიტროპოლიტოსა და ლაზიკის ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს შორის.
ერთ პერიოდში რიზემ მიიღო ორივესაგან დამოუკიდებელმა და ჩამოყალიბდა ცალკე სამიტროპოლიტოდ, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს ეპარქიად გადაიქცა.
ორ-სამ ნოტიციაში აშკარა შეცდომით I არმენიას ეწოდება II არმენია, ხოლო სებასტოპოლი I ნოტიციით, ასევე შეცდომით, მიეკუთვნება როგორც სებასტიის სამიტროპოლიტოს (გეორგიკა, IV, ნაწ. II, 1952, გვ. 130) ისე `აბაზგიის სებატუპოლის ავტოკეფალიას~.
V საუკუნის სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობათა (Notitia Dignitaum)-ის რუკა
არმენიის დუქსი და ზიგანა
(მოხორა, ისუპორტი, კენეპარამბოლე, პიტია, სებასტოპოლისი)
“К востоку от Зиганы, по сие время стоит древняя Мохора, стоянка римской когорты – chaszanenica равносильно Gizeninic peut. и может быть сопоставлена с нынешней Хадзано, древней у реки Деирмендере.
Usiportus – Issau Limen Appuaha, позднее Сусарния, ныне Сюрмене, гавань на Черном море вправо от Трапезунта.
Gaena parambola – kene parembole, новый лагерь-
Phitia u sebastopolis – некоторыми признаются за лазские укрепления Питиунт и Себастополь; на это справедливо возражают, что при составлении Not. dign., названные города еще не были подчинены римляном, и власть дука не могла заходить так далеко „ (ნ. ადონცი, არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, რუს. ენაზე, 1908, გვ. 100-101).
ე.ი. არმენიის დუკას საგამგებლოში შედიოდა 1) ზიგანა; 2) მოხორა; 3) ისსუპორტი (სურმენე); 4) კენეპარამბოლე; 5) პიტია; 6) სებასტოპოლისი.
თუ დავუჯერებთ ს. ყაუხჩიშვილს (მისი აზრი კი მთელმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ მიიღო XX ს-ში), მაშინ მუხურისი, ბიჭვინთა და სოხუმი არმენიის დუკას გამგებლობაში შედიოდა, რაც ასე არ იყო. არმენიის დუკას ხელისუფლება ასე შორს არ ვრცელდებოდა. ნ. ადონცის აზრით, ეს პუნქტები მდებარეობდა ხუფათამდე, ანუ `საქართველო-საბერძნეთის საზღვრამდე~, რაც სწორია.
ს. ყაუხჩიშვილის აზრით, `მოხორა~ არის ისტორიული მუხურისი, პიტია – ბიჭვინთა, სებასტოპოლისი _ კი სოხუმი. ნ. ადონცით კი _ მოხორა ზიგანასთან მდებარეობდა, სებასტოპოლისი კი _ ამასიასთან.

რუკა: არმენიის დუქსის განსაგებელი – ტრაპეზუნტის ოლქი და ლაზიკა (პიტიუნტ- ოფ-რიზეს რეგიონი)
დასავლეთ საქართველო – „ქვემო ივერიად“ ანუ „ქვემო მამულად“ წოდებული ოლქი
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ XVII ს-ის უცხოელი საეკლესიო მოღვაწეები დასავლეთ საქართველოს პატრიარქს „უპირატესად“ მიიჩნევდნენ ზემო ივერიის (აღმოსავლეთ საქართველოს) პატრიარქთან შედარებით. ისინი ქვემო იბერიის, ანუ დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსს პირდაპირ უწოდებდნენ „უფროსს კათალიკოსს“, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმაღლეს ხელისუფალს უწოდებდნენ „მთელი იბერიის მეფეთა მეფეს“. რა იყო ამის მიზეზი?
ამჟამად საყოველთაოდ არის გავრცელებული თვალსაზრისი, რომ მცხეთელი კათალიკოსი უპირატესი იყო აფხაზეთის კათალიკოსზე. „ერთს უხუცესი, ხოლო მეორეს უმრწმესი ეწოდებოდა“. ეს მართლაც, ძირითადად ასე იყო, მაგრამ XVII ს-სა და XVIII ს-ის დასაწყისში, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველო მაჰმადიანთა ხელში აღმოჩნდა, საერთაშორისო საეკლესიო წრეებში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ სწორედ ქვემო იბერიის, ანუ დასავლეთ საქართველოს მეთაური არის უპირატესი, სრულიად ივერიის საეკლესიო ხელისუფალი.
მართლაც, XVII ს-ის იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი წერს:
„იბერიაში ორი ავტოკეფალიური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველები უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთს და ლაზიკას უწოდებდნენ, აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში… ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე… იბერები ქვემო იბერიის კათალიკოსს მიიჩნევენ უფროს კათალიკოსად, რადგანაც მეფე, ე.ი. იმერეთის თავი, მათთან იწოდება მთელი იბერიის მეფეთა მეფედ“. (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტომი II, 1998, გვ. 90).
XVII ს-ის მეორე იერუსალიმელი პატრიარქი ქრისანთი (ხრისანფი) იმავეს წერს:
„საქართველოში, რომელსაც ადრე იბერია ერქვა, იყო ორი ავტოკეფალიური არქიეპისკოპოსი, რომელთაც ჩვეულების თანახმად უწოდებენ კათალიკოსებს… არქიეპისკოპოსი ქვემო იბერიისა იწოდება იმერეთის, ოსეთის, გურიის და სრულიად ქვემო იბერიის უნეტარესს კათალიკოსად, ანუ მარტივად სრულიად იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, როგორც უფროსი ზემო იბერიის კათალიკოსზე, ხოლო მეორე, ე.ი. ზემო იბერიისა იწოდება ქართლის, კახეთის, ალვანეთის და სრულიად ზემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად“ (იქვე, გვ. 94).
აქედან კარგად ჩანს, რომ XVII ს-ის საერთაშორისო წრეები, რუსეთის ხელმწიფის კარი და ბერძნული საპატრიარქოები აღიარებენ, რომ დასავლეთ საქართველო, ანუ ქვემო იბერია, იმჟამად წარმოადგენდა საქართველოს სუვერენიტეტის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ცენტრს. მართლაც, ბიჭვინთელ კათალიკოსს, ოდიშის მთავრის მსგავსად, სრულიად საქართველოს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლად მიაჩნდა თავისი თავი. მაგალითად, ბიჭვინთელი კათალიკოსი გრიგოლი საქმიან საბუთებსა და სიგელ-გუჯრებს ადასტურებდა ბეჭდით, რომელსაც ჰქონდა შემდეგი წარწერა: „გრიგოლ მწყემსი ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოსი“ („ქართული სამართლის ძეგლები“, III, 1970, გვ. 675). ასე რომ, არ არის სწორი ამჟამინდელი თვალსაზრისი, თითქოსდა, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო ქართლის ეკლესიას გამოეყო. პირიქით, თავისი თავი აფხაზეთის კათალიკოსს სრულიად საქართველოს მწყემსად მიაჩნდა და ქრისტეს მიერ დადგენილად «ყოვლისა საქართველოისა“ მამამთავრად. მის ამ უზენაესობას, როგორც ვთქვით, იმჟამინდელი საერთაშორისო წრეებიც ადასტურებდნენ. ამ ფონზე და აი ამ მნიშვნელობით არის სახელდებული ლევან II დადიანი ყოველი ივერიის ხელმწიფედ. უამრავი დოკუმენტიდან და სიგელგუჯრიდან ნათლად ჩანს, რომ ბიჭვინთის ღვთისმშობლის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს სამწყსოს, ქართველები შეადგენდნენ, ანუ იმჟამინდელ მეგრელებს, გურულებს, სვანებს, იმერლებს და სხვებს განვითარებული ჰქონდათ არა ვიწრო კუთხური ტომობრივი თვითშემეცნება, არამედ ერთიანეროვნული. შესაბამისი დოკუმენტის დამოწმებამდე, უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული კუთხეების მოსახლეობას ვიწრო ადგილობრივი ეთნიკურ-ტომობრივი თვითშემეცნება განუვითარდათ XIX და XX სს-ში, რუსულ-კომუნისტურ-ათეისტური მმართველობის დროს.
ზემოთ აღნიშნულის დასამოწმებლად მოვიყვანთ ამონაწერს აფხაზეთის კათალიკოსის 1733 წლის სიგელიდან, რომელშიც კერძოდ, ნათქვამია: „პირველწოდებულსა ანდრიას მიეცა ჩრდილოეთისა ქუეყანა მოქცევად, ჩვენებითა წმიდისა ღვთისმშობელისათა, რამეთუ ჩვენ ქართველნი მისი წილხვდომილნი ვართ“ (იქვე. გვ. 727).
აფხაზეთის კათალიკოსი, პატრიარქად წოდებული აღნიშნული გრიგოლ ლორთქიფანიძე (1696–1742) კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, თავის სამწყსოს, ანუ აფხაზეთის, სამეგრელს, გურიის, იმერეთის, სვანეთისა და დასავლეთ საქართველოს მთელ მოსახლეობას „ჩვენ ქართველებს“ უწოდებს.
ბიჭვინთის ღვთისმშობლის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს მრევლი, წმიდა ანდრიას მიერ მოქცეული, მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური ქართველებია ამ დოკუმენტის თანახმად. ეს არის უეჭველი მოსაზრება იმ დროისათვის, ამიტომაც იყო ამ ხალხის სახელმწიფო, კულტურისა და საეკლესიო ენა მხოლოდ და მხოლოდ ქართული (უძველესი ხანიდანვე). სწორედ ამ ქართველობის გამო განდევნეს აფსუა-ჩერქეზებმა თავისი კათედრებიდან ჯერ ბიჭვინთის კათალიკოსი, შემდეგ კი დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპისკოპოსები. მათი მრევლი კი, ისტორიული სამეგრელოს მოსახლეობა, ტყვეებად დაიტაცეს.
XIX ს-მდე ქართული ისტორიოგრაფია დაბეჯითებით ავითარებდა აღნიშნულ თვალსაზრისს. ეროვნული საისტორიო სკოლის ბოლო წარმომადგენელი თეიმურაზ ბატონიშვილი ამიტომაც წერდა, რომ „აფხაზეთი ნაწილია ივერიის ქვეყნისა – ქვემოსა შინა ივერიასა, რომელსაცა ეგრისი სახელ სძევს… მეგრელთა სამთავრო ქვემოისა ივერიისა არს ნაწილი. გურიის სამთავრო ქვემოისავე ივერიისა შავიზღვისპირია. სვანნი, ჯიქეთი, ქვემოის ივერიისავე არიან ნაწილნი. ქართლი ივერიისა არს ერთი ნაწილთაგანი, რომლისაცა სამთავრო არს სამცხე–საათაბაგო… ალვანია ანუ კახეთი ივერიისა არს ერთი ნაწილთაგანი, რომლისაცა სამთავრონი არიან შაქისი და შირვანი, ვიდრე ზღვრამდე კასპიისა“ (თეიმურაზ ბაგრატიონი. „საქართველოს ისტორია“, 1858 წ).
ძველი ქართული საეკლესიო და საერო ისტორიოგრაფიის თანახმად, ივერია, ანუ ქართლი, ორ გეოგრაფიულ ნაწილად იყოფოდა. ერთს ერქვა ქვემო ქართლი, ანუ ქვემო ივერია, მეორეს კი – ზემო ქართლი, ანუ ზემო ივერია.
მაშასადამე, ქვემო ქართლი ისტორიულ ეპოქაში ეწოდებოდა არა თბილისის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალს, თანამედროვე ბოლნისისა და დმანისის რაიონებს, არამედ დასავლეთ საქართველოს. ხოლო ზემო ქართლი, ანუ ზემო ივერია ეწოდებოდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს.
უძველესი საბუთები მოწმობენ თვალსაზრისს, რომ იბერია, ანუ საქართველო, ორ გეოგრაფიულ ნაწილად, ზემო და ქვემო ქვეყნებად იყოფოდა. 1790 წელს შედგენილ „ერთობის“ ტრაქტატში, რომელსაც საქართველოს ყველა ნაწილის წარმომადგენელი აწერდა ხელს, „ქვემო ივერია“ ეწოდება დასავლეთ საქართველოს, – „საიმერეთოსა მეფესა, მთავარსა ოდიშისა, მთავარს გურიისა და ერთობით თავადთა აზნაურთა და ერთა ქვემოისა ივერიისა“ („ქართული სამართლის ძეგლები“, ტ.II, 1965, გვ. 502). ამ ერთობის ტრაქტატიდან ჩანს, რომ იმ არეალს, რომელსაც ამჟამად ვუწოდებთ დასავლეთ საქართველოს, ძველად უწოდებდნენ ქვემო ივერიას. იქვე აღნიშნულია, რომ ზემო ივერია არის ქართლ-კახეთი მესხეთთან ერთად. ეს მოსაზრება, თავისთავად იგულისხმება ყველა ძველ საბუთში. მაგალითად: XI ს-ში, დაახლოებით 1058 წელს, გამოცემულ ბაგრატ IV ს-ის სიგელში ოპიზარ და მიჯნაძორელ მამებისადმი, ამავე თვალსაზრისით არის ნახმარი ტერმინი „ყოველთა ხევთა ზემოთა და ქვემოთა“. კერძოდ, ამ საბუთში ნაბრძანებია, რომ ერთი საეკლესიო საბუთის განსახილველად ბაგრატ მეფის დარბაზის კარზე შეიკრიბნენ „მღვდელ-მოძღვარნი, ერისთავნი და ყოველთა ხევთა ზემოთა და ქვემოთა აზნაურნი და მეცნიერნი“ („ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი“, 1984, გვ. 33).
იმჟამად, XI ს-ში, საქართველო შედგებოდა ორი ნაწილისაგან, ეს იყო ყოფილი აფხაზთა სამეფო და ქართველთა სამეფო. ერთი მოიცავდა დასავლეთ საქართველოს, მეორე კი – აღმოსავლეთის დიდ ნაწილს. სიადვილისათვის დოკუმენტების შედგენის დროს ერთს უწოდებდნენ „ქვემო მამულს“, მეორეს კი – „ზემო მამულს.“
ბაგრატ III დროსაც, ქუთაისის ეკლესიის კურთხევის დროს შეიკრიბა „ყოველნი დიდებულნი, ზემონი და ქვემონი მამულისა და სამეფოსა მისსა მყოფნი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ.I, გვ. 28).
სხვა საბუთებიდანაც ჩანს, რომ ქვემო ქვეყანა, ქვემო საქართველო ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს. მაგალითად, როდესაც ქვეყნის მტრებისაგან გაძლიერებული ლიპარიტ ბაღვაში შეებრძოლა საქართველოს მეფეს, მას აუღია ზემო ქვეყნის ყველა უმთავრესი ციხე – არტანუჯი, ყველი, უფლისციხე, ბირთვისი და კლდეკარი. ამით, ფაქტობრივად, ლიპარიტი გადაიქცა აღმოსავლეთ საქართველოს მფლობელად. ამიტომაც წერდა მემატიანე – „მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქვეყანასა და აღიხუნა ციხენი“ („ქართლის ცხოვრება“, I, გვ.303), „ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუფლებად“ (იქვე, გვ.304), თუ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ „ზემო ქვეყანას“ დაეუფლა ლიპარიტი, რაღა დარჩა მეფეს? მემატიანე პასუხობს: – „ხოლო ბაგრატ აქუნდა ქვემოთი დაწყობით“ (იქვე).
მაშასადამე, ლიხს ქვემოთა ქვეყანა, ანუ „ქვემო საქართველო“ მეფეს დარჩა იმჟამად, მაგრამ შემდგომ ლიპარიტი დამარცხდა, ამიტომაც ბაგრატ IV „ეუფლა ზემოსა და ქვემოსა თავის მამულსა“ (იქვე, გვ. 296), ამიტომაც, როდესაც ბაგრატ IV ოპიზისა და მიჯნაძორის მონასტერთა შორის დავის გადაჭრის შესახებ წერს – „შევკრიბენ ყოველთა ხევთა ზემოთა და ქვემოთა აზნაურნი“, აქ „ზემოს“ ქვეშ, როგორც აღინიშნა, აღმოსავლეთ საქართველო იგულისხმება, ხოლო „ქვემოთას“ ქვეშ _ დასავლეთ საქართველო. ასეთივე თვალსაზრისი არის გატარებული დავით აღმაშენებლის ანდერძშიც: მას თავის შვილისათვის, დემეტრესათვის, გადაუცია ორივე ქვეყნის საგანძურნი, კერძოდ კი – „მივეც საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი“ („ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი“, 1984, გვ. 62). ე.ი. მეფეს ორი საჭურჭლე, ანუ საგანძური ჰქონია, ერთი ზემო ანუ აღმოსავლეთ საქართველოში, მეორე კი ქვემო, ანუ დასავლეთ საქართველოში.
ზემო და ქვემო, იმერი და ამერი მრავალ დოკუმენტში გვხვდება. ეს ეკლესიის ისტორიისათვის იმითაა საინტერესო, რომ, როგორც ითქვა, დასავლეთ საქართველოს ეკლესიას, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს, უცხოელები „ქვემო ივერიის საარქიეპისკოპოსოს“ უწოდებდნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს „ზემო ივერიის საარქიეპისკოპოსოს“ (ა. ჯაფარიძე. „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტ.II, გვ. 89-96). აღნიშნული თვალსაზრისი საეკლესიო საბუთებშიც არის ასახული. მაგალითად, ანტონ კათალიკოსი თავის თავს „ზემოისა საქართველოს პატრიარქს“ უწოდებდა. („ქართული სამართლის ძეგლები“, ტ.III, 1970, გვ. 965).
საქართველოს ნაწილებს ზემო და ქვემო უნდა დარქმეოდა არა X-XI ს-ის გაერთიანების ეპოქაში, არამედ უძველეს დროსვე. მაგალითად, ნ. ბერძენიშვილი ქართლის ცხოვრებაში დაცულ VII ს-ის შესაბამისი ცნობის – „შეითქვეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი ზემონი და ქვემონი („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 217), წერს: „გვაქვს საბუთი ვიფიქროთ „ზემონი“-ში იგულისხმებოდა ქართლის ერისთავები, „ქვემონი“-ში ეგრისის, არგვეთის და ეგრისწყალის ქვემოთი“ (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, მასალები ისტორიული გეოგრაფიისათვის, 1990, გვ. 632).
ამ საბუთში „შეითქვნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი ზემონი და ქვემონი“ ნათლად ჩანს, რომ ყოველი ქართლი იყოფა ორ გეოგრაფიულ ზემო და ქვემო ნაწილებად. ქვემო ქართლი ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს, ხოლო ზემო ქართლი – აღმოსავლეთ საქართველოს. ეს თვალსაზრისი ჩვენს მატიანეებში გვხვდება წინა საუკუნეთა აღწერის დროსაც. მაგალითად, ფარსმან ქველის შვილიშვილმა ამაზასპმა ჩრდილოკავკასიელებთან ომის დროს მოუხმო ქვეყნის ორივე ნაწილის ერისთავებს – „მოვიდეს ერისთავნი აღმოსავალისანი, ერისთავი კახეთისა, ხუნანისა, სამშვილდისა, და ვიდრე მოსვლამდე დასავლეთისა ერისთავებისა მოვიდეს ოვსნი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ.I, გვ.55). დასავლეთის ერისთავების ქვეშ რომ ნამდვილად იგულისხმება ეგრისისა და მიმდებარე ქვეყნების ერისთავები, ამის შესახებ იქვე გვამცნობს მემატიანე. ამაზასპი, რადგანაც მან მრავალი წარჩინებული ამოწყვიტა, „ამისთვის მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან“ (იქვე, გვ. 57). ამ მიზეზის გამო მას თურმე განუდგნენ დასავლეთის ერისთავები. მემატიანე წერს: „განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა“ (იქვე). კარგად ჩანს, რომ ქართლი I-II სს-შიც მოიცავდა აღმოსავლეთთან ერთად დასავლეთ საქართველოს, და ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, იმჟამად დასავლეთის ერისთავები იყვნენ ეგრისის, ოძრხისა, კლარჯეთისა და წუნდის ერისთავები. კერძოდ კი, ეგრისში ყოფილა ორი ერისთავი, ხოლო ეგრისის მოსახლეობა „ქართლის ერია“ სხვა კუთხეთა მცხოვრებლებთან ერთად.
ჩვენი მატიანეების მიხედვით, ეგრისი თვითონ იყო შემქმნელი ზოგადეროვნული ქართული სახელმწიფოებრიობისა, კერძოდ, ჩამომყალიბებელი ყოველი ქართლის სახელმწიფოსი, ქრისტეს შობამდე IV-III სს-ში მეფეების აზონისა და ფარნავაზის დროს. ჩვენი ყველა მატიანე, „ქართლის ცხოვრება“ თუ „მოქცევა ქართლისა“, ასევე ყველა სხვა საბუთი და წერილობითი ძეგლი დაბეჯითებით ღაღადებს, რომ ფარნავაზი ვერ შექმნიდა ყოველი ქართლის სამეფოს ეგრისის ერისთავის, ქუჯის მონაწილეობის გარაშე.
ფარნავაზის მიერ შექმნილ ქართლის სამეფოში შედიოდა დასავლეთი საქართველო ვიდრე მდინარე ეგრისწყლამდე. მდინარე ეგრისწყალი ყოფილა იმჟამინდელი ქართლის სამეფოსა და საბერძნეთის სახელმწიფოს შორის საზღვარი. მდინარე ეგრისწყლის (სავარაუდოდ, ეს არის მდინარე ღალიძგა) იქეთ მცხოვრები ქართველობა ვიდრე მდინარე ყუბანამდე (მდინარე მცირისა ხაზარეთისა) თავის სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოუქცევია „საბერძნეთს“. ამიტომაც ამ მხარის მოსახლეობა ვერ შესულა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ხოლო მდინარე ეგრისწყლის აქეთ ფარნავაზ მეფეს დაუარსებია ადმინისტრაციული ერთეულები – ეგრისის საერისთავო და არგვეთის საერისთავო.
ფარნავაზამდე, „მოქცევაი ქართლისაის“ სიტყვით, ალექსანდრე მაკედონელის დახმარებით ჩამოყალიბებულ ქართლის სამეფოში შედიოდა ეგრისი ვიდრე მდინარე ეგრისწყლამდე. „მოქცევა ქართლისას“ შატბერდისეული რედაქცია წერს: „თანა ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა ძე არიან ქართლისა მეფისა და მას მიუბოძა მცხეთაი საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხითი და მთა ცროლისა“ („ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, წიგნი I, 1964, გვ.81).
მაშასადამე, უძველესი ქართული მატიანის თანახმად (რომელსაც ხმარობდნენ და კითხულობდნენ სინას მთაზე მლოცველი ბერები VII-VIII-IX საუკუნეებში და იყენებდნენ მას საეკლესიო საკითხავად, რადგანაც წიგნს ერქვა „მოქცევაი ქართლისაი“), ეგრისი, ანუ დასავლეთი საქართველო იმთავითვე შედიოდა პირველი ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც ქართლის სამეფო ერქვა. ამასვე ადასტურებს „ქართლის ცხოვრებაც“. აზონს ქვეყნის ორივე კუთხეში დაუმყარებია სასტიკი მმართველობა, ამიტომაც ქუჯი წერდა ფარნავაზს „გამოვჩდეთ მტრად აზონისა, მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა, აწყუედილთა მისგან“ (ქ. ც. I, გვ.22). ამ «ყოველთა ქართველთა“ ქვეშ იგულისხმება ეგრისის მოსახლეობაც, რადგან აზონს თავისი სისასტიკე ქვეყნის ორივე მხარეში გამოუმჟღავნებია. «ყოველთა ქართველთა“ ქვეშ ეგრისის მოსახლეობაც იგულისხმებოდა და ეროვნული მთლიანობის განცდა იმჟამადაც ჩამოყალიბებული რომ იყო, ეს კარგად ჩანს ქუჯი ერისთავის სიტყვიდან ფარნავაზის მიმართ – „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი. აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“ (ქ. ც. ტ. I, გვ.22).
ქუჯიმ მოუწოდა ფარნავაზს, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩამოეყალიბებინათ ჯარი, სპა. იქვე, ეგრისშივე, შეკრიბეს ურიცხვი მხედრობა – „ეგრისით შეკრბეს ურიცხვნი სპანი“, ამ სპას ეწოდება მხედარნი ქართლისანი „ფარნავაზს განემრავლნეს მხედარნი ქართლისანი“ (იქვე, გვ. 23). ერთიან ქვეყანას, როგორც ითქვა, ერქვა ქართლის სამეფო, ანუ „ყოველი ქართლი“. სატახტო ქალაქ არმაზიდან ფარნავაზ მეფე ხშირად სტუმრობდა ქვემო ივერიას, ქვემო ქართლს, ე.ი. ეგრისს და კლარჯეთს – „ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე“ (ქ.ც. I, გვ. 25). ამ ერთიან სახელმწიფოში ფარნავაზმა ბერძენთა დამარცხების შემდეგ „განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და მან შექმნა მწიგნობრობაი ქართული“ (იქვე,გვ.26). აქედან ჩანს, რომ ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეებში საერთო ქართველური, ანუ ფუძე ქართული ენა ჯერ კიდევ მთლიანი იყო და მისგან არ იყო გამოყოფილი მეგრული და სვანური დიალექტები. ამიტომაც შეძლო მეფე ფარნავაზმა ამ ფუძე ქართული ენის ფიქსირება და მისი გამოცხადება სახელმწიფო ენად. ენობრივადაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა იდენტური რომ იყო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან, მიგვითითებს სტრაბონის ცნობა. სტრაბონი საუბრობს სვანების ტომის შესახებ, რომლებიც დიოსკურიასთან ცხოვრობდნენ და წერს, რომ ეს სვანები დიდი ხალხია, მრავალრიცხოვანი, შეუძლიათ ორასი ათასი მებრძოლის გამოყვანა და მათ „ზოგიერთები უწოდებენ აგრეთვე იბერიელებს“ (სტრაბონი, XI, II, 18), ცხადია, იმ „ზოგიერთების“ ქვეშ, რომლებიც სვანებს იბერიელებს უწოდებდნენ, მოიაზრება არა შემთხვევითი ადამიანები, არამედ სტრაბონისათვის ავტორიტეტული გეოგრაფოსები, ისტორიკოსები, ასევე სვანების ტომის თვითმხილველები. მათი განცხადება, რომ სვანები იგივე იბერები არიან, იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ საერთო ქართველური ენა ამ 2000 წლის წინ, სტრაბონის ეპოქაში, ცხადია, ნაკლებ დიფერენცირებული იყო და ჯერ კიდევ საერთო იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის. როგორც ვთქვით, ამით უნდა ყოფილიყო გამოწვეული სტრაბონამდე სამასი წლით ადრე მცხოვრები მეფე ფარნავაზის მიერ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ სტრაბონი სიტყვა იბერიას ახსენებს სწორედ დასავლეთ საქართველოს აღწერის დროს. კერძოდ, ის წერს, რომ სვანების ტომის ქვეყანაში მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქროს მარცვლები, რომელთაც აგროვებენ ტყავგადაკრული ფაცერებით. მსგავსადვე აგროვებენ ოქროს მარცვლებს უფრო ძველ იბერიაში, ნამდვილ იბერიაში, რომელიც ევროპის დასავლეთითაა (იგულისხმება ესპანეთი) და რადგანაც იქაც და სვანების ქვეყანაშიც ოქროს მსგავსი, ერთნაირი წესით აგროვებდნენ, ამიტომაც აღმოსავლეთის ამ ქვეყანასაც, დასავლეთის მსგავსად, იბერია ეწოდა. მაშასადამე, სტრაბონისათვის სვანების ქვეყანა, ანუ ოქროს მარცვლის ჩამომტანი მდინარეების მხარე იბერიაა და აღმოსავლეთ საქართველოსაც იბერია ეწოდება. ასე რომ, სტრაბონისთვისაც დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთთან ერთად გარკვეულ მთლიანობას შეადგენს. სტრაბონის რუსულ თარგმანში ნათქვამია: «В их стране, как передают, горные потоки приносят золото, а варвары ловят его решетами и косматыми шкурами. Отсюда, говорят возник миф о золотом руне. Некоторые называют их также иберийцами одинакого с западными – от золотых россыпей, находящихся в обеих странах. Соани применяют для наконечников стрел яд» (სტრაბონი, XI, II, 19).
აქედან ჩანს, რომ ოქროს საწმისის ქვეყანა სტაბონისათვის იბერიაა, ხოლო მოსახლეობა იბერებად იწოდება.
მაშასადამე, კოლხეთი, ანუ დასავლეთ საქართველო ნამდვილად უძველესი დროიდანვე იბერიად, ანუ ქვემო იბერიად, იწოდებოდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სტრაბონის აღწერით, კოლხეთში მრავალი ტომი ცხოვრობს, მათ შორის მესხებიც. ცენტრალურ კოლხეთს სტრაბონი პირდაპირ უწოდებს მოსხების ქვეყანას, სადაც კოლხების ყველაზე უმთავრესი სამლოცველო იმყოფებოდა. – Страна мосхов, в которой находится святилище. (სტრაბონი, XI, II, 18).
საერთოდ, სტრაბონის სიტყვით, მის დროს კოლხიდის დიდი ნაწილი ზღვის პირზე იყო განლაგებული (სტრაბონი, XI, II, 17). ის წერს, რომ კავკასიის სხვადასხვა ტომებს უჭირავთ კავკასიის ძალზე უმნიშვნელო მიწა, ხოლო ალბანელებსა და იბერიელებს – უმეტესი. «Прочие народы, живушие около кавказа, занимаютъ скудные и незначительные пространства земли, напротив Албанийских и иберийских племен, которые как раз занимают большую часть» (სტრაბონი, XI, II, 19).
სტრაბონამდე კიდევ უფრო ადრე, ალბათ ფარნავაზის დროს, ქართლის სამეფოში, ანუ იბერიაში, შედიოდა პარიადრეს, ხორძენესა და გოგარენეს პროვინციები. რომელნიც სტრაბონის სიტყვით, სომხებს წაურთმევიათ იბერიელებისათვის. სტრაბონისავე ცნობით, ამ მხარეებში მცხოვრები ხალხები ივიწყებდნენ მშობლიურ (ქართულ ენას) და იწყებოდა მათი არმენიზაცია, გასომხება. სტრაბონი წერდა: «Поэтому все эти народности теперь говорят на одном языке» (სტრაბონი XIV, II, 5). მაშასადამე, სტრაბონის ცნობით, იბერიელები კავკასიის უდიდესი ხალხი იყო. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა ტომებიც.
სტრაბონის ეს ცნობა ჩვენ გვეხმარება გავიგოთ ფარნავაზის მიმართ ნათქვამი ქუჯი ერისთავის სიტყვები: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი… შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“ („ქართლის ცხოვრება“, I, 22). თუ არა ეთნიკური მთლიანობა, სხვაგვარად შეუძლებელი არის გაგება იმისა, თუ რატომ უნდა ეწოდებინა დასავლეთ საქართველოს ფაქტობრივ ლიდერს, რომელსაც უნარი შესწევდა თავის ქვეყანაში სპის შეკრებისა, ერთი მცხეთელი ჭაბუკისათვის, რომელმაც შემთხვევით განძი იპოვა – „უფალი“. ქუჯის შეეძლო განძი წაერთმია კიდეც ფარნავაზისათვის და დაეპატიმრებინა, მაგრამ ჩვენი აზრით, სტრაბონი გვიხსნის ქუჯისა და ფარნავაზის ურთიერთობის აღნიშნულ მიზეზს. კერძოდ, სტრაბონი წერს, რომ იბერთა ქვეყანაში ხალხი დაყოფილია ოთხ ფენად. ერთ უმთავრეს ხარისხს შეადგენს ყველაზე უფროსები, ანუ ძველი ქართულით რომ ვთქვათ „უფლები“, „უფალნი“. მათი რიგებიდან, სტრაბონისავე ცნობით, ირჩევდნენ მეფეებს ნათესაობისა და ასაკის უფროსობის მიხედვით. ამასთანავე, ამავე უფალთაგან ირჩევდნენ მეფის შემდგომ მეორე პირს, რომელიც იყო უმაღლესი მსაჯული და მხედართმთავარი. მეორე ფენის, ანუ ხარისხის ადამიანებისაგან ირჩევდნენ ქურუმებს, რომელთაც ამასთანავე ევალებოდათ მეზობელთა შორის ურთიერთობების მოგვარებაც (სტრაბონი, XI, III, 6.).
ქართლის ცხოვრებიდან ჩანს, რომ ფარნავაზი იყო არა უბრალო ჭაბუკი, არამედ სტრაბონისეული უფალთა ფენის გამორჩეული წევრი, რომელთაგანაც ირჩევდნენ მეფეებს ნათესაობის ხარისხისა და ასაკის მიხედვით. ქუჯიც, ჩანს, იბერიელთა ამ უფალთა ფენის წევრია. ე.ი. ქუჯი და ფარნავაზი ერთი წრის, ანუ ერთი სამეფო დინასტიის უმაღლესი წევრები არიან. მათ შორის უფროსი უნდა გაირკვეს შესაბამისი არსებული წესის მიხედვით. კერძოდ, მათ შორის უპირატესი იქნება ის, რომელიც უფროსი არის ნათესაობის ხარისხისა და ასაკის მიხედვით. როგორც ჩანს, ქუჯისა და ფარნავაზს შორის ნათესაობის ხარისხის მიხედვით და, შესაძლოა ასაკითაც, ფარნავაზი უპირატესი იყო, ამიტომაც უთხრა მას ქუჯიმ – „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა (ე.ი. უფალთა წრის წევრი), შენ გმართებს უფლობა ჩემი (ე.ი. ნათესაობის ხარისხით უმეტესობის გამო), შენ ხარ უფალი ჩუენი (ე.ი. სამეფო ტახტი შენ გეკუთვნის ამ წესების შესაბამისად) და მე ვარ მონა შენი (ანუ მე უფრო დაბალ საფეხურზე ვდგავარ „უფალთა წრეში“ შენთან შედარებით). სტრაბონი გვიხსნის პირველი ერთიანი საქართველოს „ივერიის“ სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურათს.
კოლხეთსა და იბერიაში, რომ ნამდვილად ერთი სამეფო დინასტია მეფობდა, ამის შესახებ ტაციტუსიც (50-117) გვაძლევს შესაბამის ცნობას – პართელებთან იბერების ბრძოლის აღწერისას ტაციტუსი საუბრობს მეფე ფარსმანის შესახებ. ეხება იბერიის სამეფო დინასტიისა და იბერების წარმოშობის საკითხს. ტაციტუსისათვის იბერების სამეფო დინასტია კოლხებშია ჩამოყალიბებული და ამიტომ კოლხეთი იბერიის დინასტიური მთავრობის ქვეშ იმყოფება. საერთოდ კი, მისი აზრით, იბერები კოლხებისაგან წარმოიქმნენ კოლხებში იასონის გამეფების შემდეგ.
ძველი ბერძენი ავტორების დიდი ნაწილის თვალსაზრისით, კოლხები, იბერები და საერთოდ კავკასიის მოსახლეობა ერთგვარი, მონათესავე ბალკანურ-თესალიური წარმოშობის ხალხია და შთამომავლები არიან არგონავტებისა. ტაციტუსი კერძოდ წერს: „იბერები და ალბანელები ამბობენ, რომ თესალიელებისაგან არიან წარმოშობილნი იმ დროს, როცა იასონი მედეას წაყვანის შემდეგ უკან დაბრუნდა აიეტის ცარიელ სასახლესა და თავისუფალ კოლხებში“ (ტაციტუსი, ანალები, 6, 34). მისი აზრით, კოლხები არგონავტების შთამომავლები არიან, იბერები და ალბანელები მათგან წარმოიშვნენ. ერთი სიტყვით, ტაციტუსისთვის იბერები და კოლხები ერთი ეთნოსია და იბერები კოლხებს ეწოდათ შემდგომ საუკუნეებში. მისი აზრით, იბერების წარმოშობისა და მათი ეთნოგრაფიული ჩვევების წყარო კოლხებია.
აღსანიშნავია, რომ ტაციტუსის ეს მოსაზრება თითქმის ეთანადება ძველი ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაზრის, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთი ეთნოსია და შთამომავალი არის „არიან-ქართველებისა“. მაგალითად, „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, სამხრეთში მდებარეობდა ქვეყანა არიან-ქართლი, რომლიდანაც მეფის ძე აზონის მიერ გამოყვანილი მოსახლეობა თანაბრად დასახლდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ამიტომაც აზონის მიერ შექმნილი სახელმწიფოს საზღვარი გადიოდა მდინარე ეგრისწყალზე (ძეგლ. I, 1964, გვ. 81). როგორც ვიცით, მდინარე ეგრისწყალი ამჟამად გაედინება აფხაზეთში. მაშასადამე, აზონის მიერ შექმნილ სახელმწიფოში, ქრისტეშობამდე IV-III სს-ში, აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად შედიოდა დასავლეთ საქართველოს უმეტესი ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ქართველი საეკლესიო მამების თვალსაზრისით, კერძოდ კი დავით აღმაშენებლის მოძღვრის არსენ ბერის სიტყვით, ამ სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის, ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხალხის ენა იყო ერთი „არიან-ქართველთა“ ენა. არსენ ბერი წერდა: „ჩვენ შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსულთანი და ენაი მათი ვუწყით“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ.III, გვ. 47). აქედან ჩანს, რომ ძველ ქართველ ავტორთა თანახმადაც, ქართველთა ეროვნულ-ეთნიკური ცნობიერება ჩამოყალიბებული იყო უკვე სამხრეთით მდებარე ქვეყანაში არიან-ქართლში და ამ ხალხის ენა, ანუ არიან-ქართველთა ენა შემდგომ გადაიქცა ქართლის სამეფოს ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის სახელმწიფო კულტურისა და საეკლესიო ენად.
სად მდებარეობდა ქვეყანა არიან-ქართლი? სხვადასხვა მოსაზრება არის გამოთქმული ამ საკითხის შესახებ. ტაციტუსისა და სხვა ბერძენ-რომაელი მწერლების ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენ ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ „არიან-ქართლი“ მდებარეობდა ისტორიულ კოლხეთში, რომელსაც შემდგომ ლაზიკასაც უწოდებდნენ, კერძოდ კი, თანამედროვე ტრაპიზონის ოლქში. როგორც ვიცით, ამ ვრცელ ქვეყანას ძველი ქართული წყაროები უწოდებდნენ ასევე „სოფელი მეგრელთა“.
მოსაზრება ტრაპიზონის მიმდებარე ქვეყანაში (ანუ ისტორიულ ქალდეაში) რომ მდებარეობდა „არიან-ქართლი“, მიგვითითებს ის ფაქტი, რომ პონტოს სამეფოს მითრიდატების დინასტიის დამფუძნებელი სპარსეთის მეფის დარიოს III-ის სატრაპი მითრიდატე, რომელიც ამ აღნიშნულ მხარეებს, ანუ ისტორიულ ქალდეას განაგებდა, იწოდებოდა „კიოსისა და არინას“ მეფედ (ნარკვ. I, 1970, გვ.442).
ისტორიული გეოგრაფიის უდიდესი მცოდნის ნ. ადონცის ცნობით, არიანა მდებარეობდა ტრაპიზონის ოლქში, კერძოდ, ის წერს, რომ თანამედროვე სიურმენას, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისპირზე ტრაპეზუნტის მარჯვნივ, უფრო ადრე ერქვა სუსარმია, ხოლო თავდაპირველი მისი სახელი არის „არიანა“ (გეორგიკა, I, 1961, გვ. 177). მაშასადამე, არიანა ტრაპეზუნტის ოლქშია.
მითრიდატების სამფლობელო სწორედ ამ მხარეებში იყო. ძველი სომხური ისტორიოგრაფიის თანახმად, ამ დინასტიას მიეკუთვნებოდა ძველი ქართული სამეფო დინასტიაც. მაგალითად: მოვსეს ხორენაცი წერს: „ქართველთა დიდი პიტიახში ნაშიერი იყო დარეჰის ნახარარის მიჰრდატისა, რომელიც ალექსანდრემ ვერიელთა ქვეყნიდან მოყვანილი ხალხის ხელისუფლად დაადგინა“ (მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 111).
ხორენაცის თანახმადაც, ქართველთა თავდაპირველი ქვეყანა იყო „ვერია“ ანუ ივერია. ის მდებარეობდა პონტოს ზღვისპირეთის სამხრეთით, მისი მეფე იყო მითრიდატების დინასტიიდან და მას ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში ივერიელი, ანუ ქართველი ხალხის ნაწილი წამოუყვანია ჩრდილოეთით და კვლავ პონტოსპირეთში, ანუ დასავლეთ საქართველოში დაუსახლებია. ეს ხალხი დასავლეთ საქართველოში გამრავლებულა ხორენაცის სიტყვით და გამრავლების შედეგად, თანდათანობით, დასახლებულა სომხეთამდე და ალბანეთამდე.
„არიანა“ რომ ეწოდებოდა ტრაპიზონის მიმდებარე მხარეებს, კერძოდ კი, მცირე კაბადოკიას, ამის შესახებ ჩვენ ცნობას გვაძლევს კონსტანტინე პორფიროგენეტი. მისი ცნობით, რომაელების გაძლიერებამდე პონტო-კაპადოკიას მეფე იყო არიარათე. მისი სახელი ასევე ეწოდა ტბას და ამ ტბას წინათ ბარბაროსები თავიანთ ენაზე უწოდებდნენ „კარატიას“. კარატია, ანუ არიარათეს ქვეყანა, რომელიც მცირე კაბადოკიის თემად გამოცხადებულა X ს-ში, კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით, იულიუს კეისრის ეპოქაში დასახლებული იყო კაბადოკიელთა პირველ წინაპარ მოსოხისაგან (გეორგიკა, IV, 2, 1952, გვ. 299).
მაშასადამე, როგორც ბერძენი, ლათინი, სომეხი, ასევე ძველი ქართველი მეისტორიენი ერთხმად გადმოგვცემენ: ქართველთა ეროვნულ-ეთნიკური ერთობა უკვე ჩამოყალიბებული იყო ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე. მათ სამხრეთშიც ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფო, ისტორიული ქალდეას, ანუ ლაზიკის ქვეყანაში, საიდანაც მათი ერთი ნაწილი, უფრო კი სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრები წანაცვლებულა უფრო ჩრდილოეთით, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მათ სახელმწიფო მკვიდრ ადგილობრივ ქართველობასთან ერთად დაუარსებიათ, რომელსაც ძველი ქვეყნის მსგავსად ქართლი, ანუ იბერია ეწოდა.
არიან-ქართველთა მეფეს იარედოსი ერქვა ძველი ქართული წყაროს მიხედვით. შესაძლოა, სიტყვა იარედოსი იყოს ნაშთი სიტყვისა მითრიდატე. ორივე სიტყვაში ჩვენ გვხვდება ფუძისეული „რედ“ და „რიდ“. როგორც ითქვა, მითრიდატე ყოფილა პირველი წინაპარი ძვ. ქართველი დინასტიის მითრიდატიანების (შესაძლოა, სიტყვა მითრიდატეს ნაშთად ძველ გაცრეცილ ხელნაწერებში დარჩა „ითრიდ“. რადგანაც ასომთავრული „თ“ და „ა“ ერთმანეთს ემსგავსება, ხელნაწერის დაძველების შემდგომ, ალბათ, „ითრიდ“ წაიკითხეს „იარედ“ და მისგან მიიღეს სიტყვა „იარედოსი“, აზონის მამის სახელი („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 18). ქართველთა სამეფო დინასტიას მითრიდატიანებად მიიჩნევდა სომხური ისტორიოგრაფია, მითრიდატიანები პონტო-კაპადოკიის მეფეები იყვნენ,
ქუჯი ერისთავი, ისევე როგორც ფარნავაზი, ამავე დინასტიის, ძველი ქართულით „უფალთა“ წრის წევრი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის მზადაა დაექვემდებაროს თავის დინასტიურ „უფალს“ – ფარნავაზს, კოლხურ-ქალდეური (ე.ი. არიან-ქართული) უფალთა წრიდან უნდა ამოზრდილიყო შემდეგში ფარნავაზის მრავალი უფლებრივი უპირატესობა.
იოანე ოქროპირის რეალური კომანა და პიტიუნტი პონტოში
მე-19 საუკუნის ბოლოს რუსები ითვისებდნენ იმპერიის ახალ მიწა-წყალს, ეს იყო აფხაზეთი – მათთვის სრულებით უცნობი თვალწარმტაცი და ლეგენდებით მოცული ქვეყანა, კოლონისტები ხედავდნენ იქაურ უპატრონოდ მიტოვებულ დიდებულ ტაძრებს, არქიტექტურის შედევრებს, მათ ნანგრევებს ჩაფლულს მარადმწვანე ტროპიკულ მცენარეებში.
ამ ადგილების იმჟამინდელმა მკიდრმა მოსახლეობამ ანუ აფსუა-ადიღებმა არაფერი იცოდნენ ამ ეკლესიათა შეასახებ, თანაც ისინი იმდენად პრიმიტიულ ყოფაში იმყოფებოდნენ, პირველყოფილთა რელიგიური წარმოდგენებით, რომ შეუძლებელი იყო მათთვის მიეკუთვნებინათ ეს საეკლესიო სიდიადე. ქართვლებზე კი ნაწყენები იყვნენ, განსაკუთრებით რუსი სასულიერო პირები, მათ სეპარატისტებად მიიჩნევდნენ, რომელთაც გაბედეს და ითხოვდნენ თავიანთი ქართული ენის დაცვას და უფრო მეტი, ქართული ეკლესიის თავისთავადობას (ავტოკეფალიას), ამიტომ არც მათთვის ეთმობოდათ შესანიშნავი საეკლესიო არქიტექტურა აფხაზეთისა.
იმჟამინდელი რუსი კოლონისტები ასე თუ ისე იცნობდნენ ბიზანტიურ წყაროებს. მათ ცნობებს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შესახებ, ამიტომაც საეკლესიო ნანგრევები ბიზანტიას მიაკუთვნეს და, ამასთანავე, წყაროებში ნახსენები ტერმინები აფხაზეთში უცვლელად გადმოიტანეს.
კოლონისტებმა აფხაზეთში უცვლელად გადმოიტანეს ბიზანტიური წიგნებიდან აღებული ადგილების სახელებიც კი, მაგალითად, წიგნებში ნახეს, რომ შავი ზღვისპირეთის პუნქტ კომანაში აწამეს წმიდა ვასილისკო და იქვე გარდაიცვალა იოანე ოქროპირი.
აფხაზეთში სიამოვნებით დაეყრდნენ რომელიღაც ავტორიტეტის მტკიცებას, რომ ბიზანტიურ წყაროთა ცნობილი კომანა და მასთან წმ. იოანე ოქროპირის მეშვეობით სარწმუნოებრივად დაკავშირებული პიტიუნტი უეჭველად იყვნენ პუნქტები სოხუმის ოლქში.
მორწმუნეთა სამყაროს დიდებისა და ვარსკვლავის წმ. მოწამე ვასილისკოს სახელი ასე დაუკავშირეს ამ ადგილს, დაარქვეს მას სახელი კომანა, ბიჭვინთას კი პიტიუნტი.
ამ მოსაზრების რეალიზების შემდეგ, საბოლოოდ, იქაურმა კოლონისტებმა სიხარულით აღმოაჩინეს, რომ წმიდა იოანე ოქროპირს თურმე კავშირი ჰქონია კომანასთან, ანუ უკვე რუსეთის ნაწილ აფხაზეთთან.
ასე შემთხვევით, აფხაზეთში ერთ-ერთ შესაფერის ადგილს სოხუმთან 15-იოდე კილომეტრში უწოდეს ახალი სახელი კომანა, დაუკავშირეს მას იოანე ოქროპირი.
მორწმუნეთა თაობებისთვის აფხაზეთის კომანა წმიდა ადგილად იქცა.
ამ პუნქტს ამჟამად კამანი ჰქვია და ჭეშმარიტად წმიდა ადგილია ყველა მართლმადიდებლისათვის, რადგანაც აქ მე-20 ს-ში დაითხა ქრისტეს დიდმოწამეთა სისხლი, ღვაწლით შეიმოსა წმიდა მღველმოწამე ანდრია ყურაშვილი, როცა მის მონასტერსა და სოფელში და საერთოდ მთელ აფხაზეთში უმოწყალოდ დახოცეს ათეულათასი ქრისტეს მორწმუნე 1993 წელს.
წყაროებში კომანა პიტიუნტთან იყო დაკავშირებული, მე-19 ს-ში დაიწყეს ძიება აფხაზეთის კომანასთან ახლოს პიტიუნტისა, როგორც ითქვა, ასეთად მიჩნეული იქნა ბიჭვინთა.
იმის კითხვა, სად მდებარეობდა რეალური კომანა?
მსოფლიოსთვის ცნობილია, მაგრამ ჩვენთვის, საბჭოთა ეპოქის ადამიანებისათვის, სიახლეა, რომ რეალური კომანა არა აფხაზეთში, არამედ პოლემონის პონტოში, ამჟამინდელ თურქეთში მდებრეობდა, ტრაპეზუნტის რეგიონის მახლობლად.
ქალაქი კომანა, ანუ, პონტოს კომანა, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნეოკესარიასთან და ქალაქ ამასიასთან ახლოს მდებარეობდა. ახლოა სამსუნთან. ცხადია, ძალზე შორსაა აფხაზეთთან, მაგრამ უფრო ახლოა ძველ პიტიუნტთან, ანუ ლაზიკის ოფ-რიზეს რეგიონთან, სადაც (ოფ-რიზე პიტიუნტში) უპირებდნენ გადასახლებას კომანაში მისულ წმიდა იოანე ოქროპირს.
ოდესღაც კომანას მდინარეების, ირისისა და ყიზილ-ირმაკის (ღალისას) ხეობები ქართული ტომებით იყო დასახლებული, შემდეგში მოხდა მათი ელინიზაცია ანდა არმენიზაცია.
მდინარე ირისის ხეობაში, რომელსაც ძველად კელკიტი ერქვა, ცხოვრობდნენ ქალდები, აქვე მდებარეობდა პარიადრეს მთიანეთი, რომელიც სტრაბონის ცნობით, იბერებისა იყო და ძვ. წ. მე-2 საუკუნეში იბერებისაგან მიიტაცეს არმენიის მეფეებმა არტაქსიამ და ზარიადრემ,
აქ ახლოს იწყებოდა კოლხების საცხოვრისი, მის რეგიონში მდებარეობდა გუმუშხანე, სადაც იმპერატორმა იუსტინიანემ ჭანიკის დაპყრობის შემდეგ დააარსა ზიგანას (ზიგანევის) საეპისკოპოსო კათედრა (შესაბამისად, ზიგანას ბერძნული კათედრა დაარსებული იქნა არა აფხაზეთის გუდაყვაში (როგორც ამჟამად არასწორად მიიჩნევა), არამედ ძველ არგიოპოლისთან, ამჟამინდელ გუმუშხანესთან – ლაზების ქვეყანაში. ასევე ლაზების ქვეყანაში მდებარეობდა ის პიტიუნტი, სადაც უნდა ჩასულიყო წმ. იოანე ოქროპირი გადასახლების ადგილზე).
მდ. ირისის ხეობაში მდებარეობდა ამასიის ცნობილი საეკლესიო ცენტრი და ასევე პოლემონიონი, ამჟამინდელი ფატსა, ასევე უდიდესი ქრისტიანული ცენტრი, რომლის იურისდიქციაც აქ ვრცელდებოდა, აქვე მდებარეობდა სებასტოპოლისის საეპიკოპოსო ავტოკეფალიური ეპარქია (და არა სოხუმთან).

რუკა – მდ. ირისის ანუ კელკიტის ხეობა პარიადრესთან
მაშასადამე, წმ. იოანე ოქროპირს გადასახლებას უპირებდნენ არა ბიჭვინთაში, არამედ ლაზიკის პიტიუნტში, ანუ ოფ-რიზესთან ახლოს.
როგორც ითქვა, კომანა სახლგანთქმულია იმით, რომ მასთან ახლოს (მისგან დაახლოებით 7 კმ. დაშორებით) გარდაიცვალა წმ. იოანე ოქროპირი გზაზე, რომელიც ქალაქ კუკუზას აერთებდა ამჟამინდელ ზღვისპირა ნავსადგურ ფატსასთან, ძველ პოლემონთან, აქედან გემით მას გადაიყვანდნენ პიტიუნტში, ანუ რიზეში. საბოლოო ადგილი იყო პიტიუნტი, ანუ ოფ-რიზეს რეგიონი. ფატსა რიზედან დაშორებულია 300 კილომეტრით, რაც ზღვით დიდი მანძილია.
404 წელს იმპერატორმა „მეორე არმენიის“ ქალაქი კუკუსი (კუკუზა, ამჟამად ქ.გეკსუნი თურქეთში) დაადგინა იოანე ოქროპირის გადასახლების ადგილად, მაგრამ 407 წელს გადასახლების ადგილი შეცვალეს და დაადგინეს პიტიუნტი, რომელიც ლაზიკაში მდებარეობდა, ამჟამინდელ ოფ-რიზესთან. ქალაქ კუკუზადან ძალზე შორს, ათასი კილომეტრით გაცილებით დიდ მანძილზე.
რადგანაც ქ.გეკსინი (გიოკსუნი, ყოფილი კუკუზა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ადანასთან ახლოს), თითქმის ხმელთაშუაზღვისპირზეა, ხოლო რიზე (პიტიუნტი) შავ ზღვასთანაა. ამიტომაც გზა სამი თვით გახანგრძლივდებოდა.
ცნობის მიხედვით, 407 წლის 12 სექტემბერს პონტოს კომანაში მივიდა წმიდა იოანე ოქროპირი. აქ მისმა ესკორტმა (ამალამ) გადალახა მდ. ირისი, გაიარა 16 კილომეტრი და დაბანაკდა წმიდა მოწამე ვასილისკოს მარტირიუმთან, ამჟამინდელ სოფელ აკბელენთან (ბიზერი, თურქეთში).
დილით ამალა დაიძრა, მისი მიზანი იყო მისვლა პოლემონის ნავსადგურთან (ამჟამინდელი ფატსა), აქედან იოანე ოქროპირი ზღვით უნდა გამგზავრებულიყო პიტიუნტში, ანუ რიზეში.
მაგრამ ამალა იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგანაც იოანე ოქროპირი ცუდად შეიქმნა. ის 14 სექტემბერს გარდაიცვალა და დაკრძალეს მარტირიუმში, წმიდა ვასილისკოს საფლავის გვერდით,
მასასადამე, იოანე ოქროპირი გარდაიცვალა და დაკრძალეს არა აფხაზეთში, არამედ იბერების უძველეს ქვეყანაში, პარიადრეს მთიანეთის ზღვისპირა პონტოს კომანაში (Κόμανα Ποντική, Comana Pontica) წმ. ვასილისკოს მარტირიუმში 407 წლის 14 სექტემბერს, აქედანვე 438 წელს გადაასვენეს კონსტანტინოპოლში ზღვით.
სად მდებარეობდა რეალური პიტიუნტი?
წყაროთა ცნობით, პიტიუნტი იყო არა აბასგების, არამედ ლაზების ქვეყანაში, მაშასადამე, წყაროთა ცნობით, პიტიუნტი ოფ-რიზეს რეგიონში მდებარეოდა, რასაც მიუთითებდა პ.ინგოროყვა და ნ. ადონცი.
ოდესღაც, პლინიუსის დროს, პიტიუნტი მდიდარი ქალაქი ყოფილა, მაგრამ შემდეგში ის დაეცა და ბარბაროსებით დასახლებულად მიიჩნეოდა (ლაზები და სხვა ქართული ტომები ბერძნებისათვის ბარბაროსები იყვნენ), ამიტომაც აქ, ანუ ბარბაროსულ ადგილზე განუსაზღვრეს წმიდა იოანე ოქროპირს გადასახლება.
პროკოფის ცნობით, პიტიუნტი რომაელებს (ბიზანტიელებს) თვითონვე დაუნგრევიათ, როცა ხმა გავრცელდა, რომ სპარსეთის შაჰი ხოსრო თავისი დიდი არმიით შესავლას აპირებდა პიტიუნტში (ლაზიკისათვის ბიზანტია-სპარსეთის ომის დროს).
ნ. ადონცის კვლევით, ხოსრო შევიდა ლაზიკაში (ჭოროხის ხეობაში), მაგრამ არასოდეს შესულა აფხაზეთში.
არსებობს სხვა ცნობებიც, რომ სპარსეთის შაჰს ხოსროს თავისი ჯარის შეყვანა ნამდვილად სურდა პიტიუნტში.
ყველა ამ ცნობას თავის წიგნში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, 1908“ იხილავს ამ მხარეთა უდიდესი მცოდნე პროფ. ნ. ადონცი და იმეორებს, რომ ხოსროს არასოდეს არაფერი აკავშირებდა აფხაზეთთან და მაშასადამე, ხოსროსათვის სასურველი პიტიუნტი მდებარეობდა რიზე-ოფის რეგიონში.
ამდენად, ცნობილი პიტია-პიტიუნტი, კათედრა 325 წლის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილე ეპისკოპოს სტრატოფილესი, მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ლაზიკაში, კერძოდ კი, ოფ-რიზეს რეგიონთნ, როგორც გაარკვიეს ნ. ადონციმ და პ.ინგოროყვამ.
მით უფრო, რომ წყაროებით პიტიუნტის ეპარქია ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა კესარია-კაპადოკიის არქიეპისკოპოსს, კესარია-კაბადოკია კი არასოდეს მოიცავდა აფხაზეთს, რაც ასევე ნ. ადონციმ გაარკვია.
კესარია -კაპადოკიის საზღვარი აღწევდა მდ. ფაზისამდე (ჭოროხამდე), მაშასადამე, შეუძლებელია ბიჭვინთა მისი დაქვემდებარების ქვეშ ყოფილიყო, თუნდაც თუ ჩავთვლით, რომ ფაზისი რიონია.
სხვაა ბიჭვინთის ადგილმდებარეობა და სხვაა პიტიუნტისა.
აფხაზეთის ბიჭვინთას დიდი და სრულებით განსხვავებული წარსული ჰქონდა, მუდამ დაკავშირებული ქართულ სამყაროსთან.
ხოლო პიტი-პიტიუნტს_ ასევე დიდი, მაგარამ განსხვავებული ისტორია.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, აფხაზეთის ბიჭვინთა ჯერ კიდევ წარმართობის დროს ქართველთა უმთავრესი ღვთაების „ბოჩის“ კერპის ადგილსამყოფელი ყოფილა (სახელ – ბიჭვინთას აკავშირებს სახელ „ბოჩთან“), ის ითვლებოდა ქართველთა უმთავრეს სალოცავ ადგილად წარმართობისას და გაქრისტიანების შემდეგაც, ამიტომაც აქ ქართველებმა (და არა იუსტინიანემ) აღმართეს მცხეთის ჯვრის ტაძრის ტიპის ეკლესია მე-10 საუკუნეში და, ძველებური წესის შესაბამისად, აქციეს ქართველთა ერთ-ერთ უმთავრეს სარწმუნოებრივ ცენტრად, ამ ადგილის ტრადიციის შესაბამისად, ბიჭვინთა გახდა ქართულენოვანი, აფხაზეთის ქართული საკათალიკოსო ცენტრი. ანუ აქ გაგრძელდა უძველესი სარწმუნოებრივი ტრადიცია.
ხოლო პიტიუნტი, ანუ ოფ-რიზეს რეგიონი, მისგან სრულებით დაშორებით, ლაზიკაში მდებარეობდა. ის იყო უძველესი საქრისტიანო ცენტრი, ლაზეთის მიტროპოლიტ გერმანეს ცნობით, აქ, რიზესთან დააარსა წმიდა ნინომ საეპისკოპოსო კათედრა, აქაური ანუ პიტიუნტელი ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა 1 -ელ მსოფლიო-საეკლესიო კრებაში.
გელასი კესარიელისა და სხვათა ცნობებით, წმიდა ნინომ „მოაქცია ლაზები და ასევე იბერები“.
ლაზიკის ქრისტიანობა მე-4-ს. ბერძნულ-ლათინური ცნობებით, წმიდა ნინოს უკავშირდება, ეს გაიხსენა მე-17 ს-ში, 1651 წელს რუსეთის მეფის კარზე ჩასულმა ლაზიკის მიტროპოლიტმა გერმანემ და აღნიშნა, რომ ოფის კათდრა წმიდა ნინოს მიერ იყო დაარსებული.
ბიჭვინთის გაიგივება პიტიუსთან, მორიგი გაუგებრობაა, რომელზეც დგას აფსუური საეკლესიო სიყალბე. აფსუური სეპარატისტული პროპაგანდა აპელირებს, რომ აფხაზეთში უფრო ადრე არსებობდა ეს საეპიკოპოსო კათედრა, ბიჭვინთაში, ვიდრე მცხეთაში. თითქოსდა, ამიტომაც არ შეიძლება აფხაზეთი შედიოდეს მცხეთის იურისდიქციაში.
მათი მტკიცებით, ბიჭვინთა-პიტიუნტი მე-4 საუკუნეში, უკვე 325 წელს, სახელოვანი იყო, რადაგანაც მისი ეპოსკოპოსი მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, მაშინ, როც საქართელოს ეკლესია არც კი იყო დაარსებული, რადგანაც ამ თარიღს 326 წლიდან აითვლიან. შესაბამისად, არა აფხაზეთი უნდა დაექვემდებაროს მცხეთას, არამედ პირიქით.
საერთოდ კი, ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების პუნქტების სახელების არასწორი ლოკალიზაცია აფხაზეთსა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში დაიწყო ჯერ კიდევ კათოლიკე მისიონერებამდე და დაგვირგვინდა მათ დროს,
ძველი საისტორიო წიგნების მოყვარულ კათოლიკე „მისიონერთა“ გონებაში შთამბეჭდავად იყო ასახული არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, ეძებდნენ მას და მისი ადგილი მოძებნეს ქრისტიანულ საქართველოში. მაგრამ ყურადღება აღარ მიაქციეს საქართველოს სამხრეთ, ოსმალთა მიერ დაპყრობილ ნაწილს, მის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, რომელსაც წარსულში უფრო მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან, ამ მხრის ისტორია ახლაც დავიწყებულია, მაგრამ მას უფრო მეტი შეხება ჰქონდა ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან, უფრო მას ეხება უცხოური წყაროებში დაფიქსირებული ცნობები.
ისედაც, მისიონერთთვის უკვე ოსმალთა მიერ დაპყრობილი საქართველო მიუწვდომელი იყო, მათ შორის პირველად არქანჯელო ლამბერტიმ უწოდა სამეგრელოს კოლხეთი, რიონს ფაზისი და ა.შ.
ასევე არასწორად უწოდეს სოხუმს დიოსკურია ანდა სებასტოპოლისი.

რუკა : სებასტოპოლის ავტოკეფალური საეპისკოპოსო მდ. ირისთან ამასიის, ნეოკესარიისა და სებასტიის სამიტროპოლიტოთა შორის, უშუალოდ ექვემდებარებოდა პატრიარქს.
სებასტოპოლის ეპარქია არ მდებარეობდა სოხუმთან, აფხაზეთში, არამედ ამასიასა და სებასტიას შუა.
მსგავსადვე, ასეთი არასწორი ლოკალიზაციის თვალსაჩინო ნიმუშია კომანა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ტრაპეზუნტი, დააარსებული ლაზების ანუ კოლხების მიწაზე ბერძენი კოლონისტების მიერ, გაქრისტიანების შემდეგ პერიოდში შეიყვანეს პოლემონის პონტოს ოლქში, ის ნეოკესარიასთან ახლოს მდებარეობდა, ხოლო მე-13 საუკუნიდან, თამარ მეფის წყალობით გადაიქცა ტრაპეზუნტის იმპერატორების ქალაქად, კომნენთა საგვარეულოდან, მათ წარმოშობას აკავშირებენ პონტოს კომანასთან, სადაც გარდაიცვალა წმ. იოანე ოქროპირი და აწამეს წმ. ვასილისკო.
მაშასადამე, აფხაზეთის სოფელი კომანა არაა კავშირში იოანე ოქროპირთან და არც წმ. მოწამე ვასილისკოსთან, თუმცა კი აფხაზეთის კომანა (კამანი) ნამდვილად წმიდა მოწამეთა ადგილად გადაიქცა მე-20 ს. ბოლოს. და ის წმიდა ადგილია იქ დაღვრილი წმიდა მოწამეთა სისიხლისა, აქ მართლამადიდებელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო.
აფხაზთის კამანი, სოხუმთან ახლოს, მე-20 ს. ბოლოს, ძირითადად სვანებით იყო დასხლებული. აქ იდგა ქართველთა მიერ აგებული ტაძარი წმიდა გიორგისა და ქალთა მონასტერი.
1993 წელს აფსუების მებრძოლმა რაზმებმა, რომელნიც უფრო მათი მოკავშირეებისაგან შედგებოდნენ, 5-9 ივლისს შეუტიეს კამანს (კომანას), უთანასწორო ბრძოლაში ქართველი დამცველები დამარცხდნენ და მტერი შეესია დაუცველ სოფელსა და მონასტერს.
საიტი წერს – „სოფელში აფსუების ლაშქარმა მოაწყოო მშვიდობიანი მცხოვრებლების მასობრივი სასაკლაო.
ორი დღის მანძილზე ქალები, ბავშვები და მოხუცები აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს.
კამანის ეკლესია და ქალთა მონასტერი სისხლისღვრის ადგილად გადაიქცა, მონაზვნები გააუპატიურეს, შემდეგ კი დახოცეს. მონაზვნების დახოცვის შემდეგ ღვთისმსახურები გაიყვანეს ეკლესიიდან, დააჩოქეს და დაკითხეს.
„Вскоре после этого абхазы и их союзники устроили массовое убийство мирного населения. В течение двух дней женщины, дети и пожилые люди были замучены, изнасилованы и уничтожены[2]. Церковь и женский монастырь в Камани стали местом кровопролития[2]. Монахини были изнасилованы и позже убиты перед иподиаконом-абхазом Юрием (Гиорги) Ануа и иеромонахом-грузином Андриа Курашвили. После наблюдения резни монахинь священнослужители были выведены из церкви и допрошены, стоя на коленях“ –
Массовое убийство в Камани (1993)
მამა ანდრიას შეეკითხნენ, თუ ვის ეკუთვნოდა აფხაზეთის მიწა, მან არ უპასუხა, კიდევ შეეკითხნენ, და ბოლოს მან თქვა „აფხაზეთი და მთელი სამყარო ღმერთს ეკუთვნის“, ამის შემდეგ ის დახვრიტეს. იქვე ასევე წამებით მოკლეს იური ანუა, პატრიარქ ილია მე-2-ის ღვაწლითა და შეწევნით, ამ ეკლესიის მეორედ მაშენებელი.
Они спросили отца Андриа про принадлежность земли в Абхазии. Он отказался ответить. Они спросили ещё раз и наконец он сдался и сказал: «Абхазия, как остальная часть мира принадлежит Богу». После этого они его застрелили. Перед этим они пытались вынудить молодого абхазского церковнослужителя убить его. Он не согласился и был убит около грузинского священника. Они оставили трупы около церкви и уехали[3].
После взятия этой стратегической области абхазы и их союзники начали крупномасштабное наступление на Сухуми, который к тому времени был уже окружён.
ერთი საიტი წერს – „მაშინ, კომანში, სოფელი რომ დაეცა, მამა ანდრიამ უკანასკნელად ჩაიბარა აღსარება ტაძარში შეკრებილი მრევლისგან და უკანასკნელად აზიარა ისინი, იური კი იპოდიაკვნის სტიქარით შემოსა. მერე ეკლესიის ეზოში შემოიჭრა მტერი. გარს შემოერტყნენ ტაძარს, ითხოვდნენ, კარი გაგვიღეთო. და იურიმაც (იპოდიაკვანმა გიორგიმ), მოძღვრის კურთხევით გააღო. მოძალადეებმა ხელი სტაცეს და გარეთ გაათრიეს. წმინდა ვასილისკოს წყაროსთან აიყვანეს -24 საათის განმავლობაში საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს. ამ ამბის შემსწრე ერთ-ერთი რუსი რეზიდენტი, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, დაკითხვისას ამბობდა -მთელი ომის განმავლობაში ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო. ამ დროს, თვითონვე ჰყვებოდნენ, ვინ იყო ეს კაცი და რამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული და აშენებულიო.
თვითმხილველი წერს- „1993 წლის 5 ივლისს დილის 5 საათზე, ზ/ეშერის მხრიდან კამანზე შემოტევა განახორციელა გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონმა, მათ შეუერთდა ეშერის ბატალიონი, მტერს წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი, მცირერიცხოვანი მებრძოლთა ჯგუფი, რომლებმაც სიცოცხლის ბოლომდე გმირულად იბრძოლეს. მტერი კამანის დაპყრობის შემდეგ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას მოედო. მათ ტაძრისან გაიყვანეს მამა ანდრია და იური (გიორგი) ანუა“.
https://mematiane.ge/product-details.php?id=6483&lang=ge
მართლამადიდებელი და ღვთის მადიდებელი მოსახლეობის სატიკი ამოხოცვის შემდეგ, ჯერ კიდევ სისხლშუმშრალი მონასტერი აფსუა სეპარატისტმა მოქმედ მონასტრად გამოაცხადეს , უწოდეს მას Монасты́рь святи́теля Иоа́нна Златоу́стого და გადააქციეს შემოსავლიან ადგილად, აღირიცხება, რომ მას ყოველდღიურად 50 000 მომლოცველი სტუმრობს,
მომლოცველ ტურისტებს იზიდავენ და მათგან თანხებს იღებენ სიცრუით, თითქოსდა, აქ გარადაიცვალა წმიდა იოანე ოქროპირი და აქ აწამეს წმიდა ვასილისკო, აბანავებენ მათ იმ ტბაში, რომელიც მათაგან დახვრეტილმა იური ანუამ მამა ანდრიასთან ერთად აღადგინა, მაგარამ არაფერს ჰყვებიან მათი მოწამეობის შესახებ. აჩეენებენ იოანე ოქროპირის ყალბ სარკოფაგს, რადგანაც რეალური პონტოს კომანაშია. უამბობენ, რომ ეკლესია 1980-იან წლებში აღდგა, მაგარმ არ ეუბნებიან, რომ ის ქართველთა ნაშრომია,
ხელში ჩაგდების შემდეგ მონასტერი შეიყვანეს არაკანონიკური, ე.წ. „აფხაზეთის მართლამადიდებელი ეკლესიის“ შემადგენლობაში. წინამძღავრად დაუნიშნეს სეპარატიზმმის იდეოლოგი иеромонах Дорофей (Дбар).
მოწმეთა თქმით, ეს ურწმუნო წმ. ანდრია ყურაშვილის სისხლში დააბოტებდა კომანის ეკლესიასა და ეზოში.
წმიდა იოანე ოქროპირს შეურაცხოფენ, როცა მის ცრუ სარკოფაგს აკოცნინებენ მორწმუნეებს და მათ, წმიდა ვასილისკოსას ცრუ წყროში განბანენ, რადგანაც ნამდვილი საფლავი და სარკოფაგი იოანე ოქროპირისა არა აფხაზეთის კომანაში, არამედ პონტოს კომანაში იყო, საიდანაც გადაასვენეს კონსტანტინოპოლში,
არასოდეს ყოფილან წმ. ვასილისკო და წმ. იოანე ოქროპირი აფხაზეთში ამის თქმა საჭიროა, რათა მორწმუნეებმა ტურისტების მისაზიდად შექმნილ ცრუ ლეგენდებს არ დაუჯერონ და სარწმუნოების ჭეშმარიტება არ შეურაცხყონ.
05.02.2025