ტაოს ეკლესიური ემანსიპაცია VIII საუკუნეში

(ეთნიკურობის, იურისდიქციისა და პოლიტიკური კონსოლიდაციის საკითხისათვის)

შესავალი

ტაოს ისტორიული რეგიონის ეთნიკური და ეკლესიური კუთვნილების საკითხი დღემდე რჩება კავკასიოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემად. თანამედროვე historiography-ში ხშირად ერთმანეთს ერევა პოლიტიკური ჰეგემონია, ეკლესიური იურისდიქცია და ეთნიკური იდენტობა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტაოს შემთხვევაში. წინამდებარე ნაშრომის მიზანია აჩვენოს, რომ VIII საუკუნეში ტაოში მიმდინარე ეკლესიური პროცესები უნდა განვიხილოთ არა როგორც მცხეთის საკათალიკოსოს ავტოკეფალიის დადასტურება, არამედ როგორც ტაოს ქალკედონიტური საზოგადოების ეკლესიური ემანსიპაცია  სომხური ეკლესიის იურისდიქციისაგან, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო რეგიონის პოლიტიკურ კონსოლიდაციას.

სომხური ეკლესიის იურისდიქციისაგან გათავისუფლების შემდეგ ტაოელი ქართველობის ენობრივი და ეკლესიური შეზღუდვებისაგან გათავისუფლება საფუძვლად დაედო ტაოს „ქართველთა სამეფოს“ ჩამოყალიბებას საკუთარი საეკლესიო მმართველობით.

I. ტაო ანტიკურ და ადრექრისტიანულ ეპოქაში: პოლიტიკური სივრცე და ეთნიკური კონტინუუმი

სტრაბონის ცნობით, არმენიის მეფეებმა არტაქსიამ და ზარიადრემ იბერიისაგან მიიტაცეს ხორძენა, გოგარენა და პარეადრეს კალთები (Strabo, Geographica, XI, 14, 5). აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ ტაო ქრისტეშობამდე აღმოჩნდა სომხური პოლიტიკური სივრცის ფარგლებში. თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს რეგიონის ეთნიკურ ცვლილებას: სტრაბონისავე ტერმინოლოგიით, ეს მიწები თავდაპირველად იბერებით იყო დასახლებული. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა რომ  აქ  (ტაო-ბასიანის რეგიონში)  იბერთა ცხოვრება  საუკუნეთა მანძილზე უწყვეტი  პროცესების ერთობლიობას წარმოადგენდა.

ამგვარად, ტაოს შემთხვევაში უკვე ადრეულ ეტაპზე (ძვ. წ. მე-2 ს.-ახ.წ.მე-4  ს.) იკვეთება ფუნდამენტური დისონანსი ეთნიკურ რეალობასა (იბერი ხალხი) და პოლიტიკურ დაქვემდებარებას (არმენია) შორის — ფენომენი, რომელიც შემდგომ საუკუნეებში კიდევ უფრო გაღრმავდა.

II. გაქრისტიანების შემდგომი ვითარება: ეკლესიური იურისდიქცია და ლიტურგიული ენა (IV-VII საუკუნებში)

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ტაო, როგორც სომხური პოლიტიკური სივრცის ნაწილი, აღმოჩნდა სომხური ეკლესიის იურისდიქციაში. ეს ნიშნავდა, რომ ტაოსა და მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები იბერები (ქართველები) ეკლესიებში მონაწილეობდნენ სომხურენოვან ღვთისმსახურებაში. აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნდა დაახლოებით VIII საუკუნის შუა წლებამდე.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ აქ საქმე არ გვაქვს ეთნიკური ასიმილაციის პროცესთან, არამედ ეკლესიური ადმინისტრაციის ენობრივ პრაქტიკასთან, რაც ხშირად არ ემთხვეოდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკურ თვითშეგნებას.

III. 726 წლის მანასკერტის კრება და კრიზისი ტაოში

გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა 726 წელს მანასკერტში გამართულ სომხურ საეკლესიო კრებას, რომელმაც საბოლოოდ დაგმო ქალკედონიტობა და კანონიკურად დაამკვიდრა მიაფიზიტური ქრისტოლოგია. ამ კრების შედეგად ქალკედონიტები ანათემას გადაეცნენ.

ტაოს მოსახლეობისათვის, რომელიც ამ დროისათვის უკვე მყარად იდგა ქალკედონიტურ პოზიციებზე, აღნიშნული დადგენილებები მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ აქ იჩენს თავს ეკლესიური კონფლიქტი, რომელიც აღარ იყო მხოლოდ დოგმატური, არამედ იდენტობისა და ენის პრობლემად გადაიქცა.

IV. ანტიოქიური ეპიზოდი დაივერი ბერებისსაკითხი

მიქაელ სირიელის (მიქაელ ბრეკის) ცნობით, VIII საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქთან მივიდა „ივერი ბერების“ დელეგაცია, რომელიც ითხოვდა დახმარებას უცხოენოვანი ღვთისმსახურებისაგან გათავისუფლების მიზნით. პატრიარქმა ერთ-ერთ მათგანს ხელი დაასხა და დაადგინა, რომ ივერიის ეკლესია ავტოკეფალური უნდა ყოფილიყო, თუმცა მირონი გარკვეული პირობებით მიეღო ანტიოქიისაგან.

ტრადიციულად ეს ცნობა ხშირად მიეწერება მცხეთის საკათალიკოსოს ისტორიას. თუმცა წინამდებარე ნაშრომი ამტკიცებს, რომ ეს ინტერპრეტაცია პრობლემურია:

  1. VIII საუკუნეში მცხეთის ეკლესიას არ ჰქონდა უცხოენოვანი ლიტურგიის პრობლემა;
  2. მცხეთის ეკლესია უკვე ადრე იყო ავტოკეფალური;
  3. „უცხოენოვანი ღვთისმსახურების“ პრობლემა ზუსტად შეესაბამება ტაოს რეალობას, სადაც სომხურენოვანი ლიტურგია მოქმედებდა.

ამგვარად, ანტიოქიური ეპიზოდი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს ტაოს ქალკედონიტურ ეკლესიას და არა ქართლის ცენტრს.

V. ტაოს ეკლესიური ემანსიპაცია და პოლიტიკური კონსოლიდაცია

ანტიოქიის მიერ მინიჭებულმა არასრულმა ავტოკეფალიამ ტაოს ეკლესიას მისცა ინსტიტუციური საფუძველი სომხური იურისდიქციისაგან გამოსაყოფად. ეს ეკლესიური ემანსიპაცია სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ კონსოლიდაციაში: ტაოში ჩამოყალიბდა ადგილობრივი მმართველი ელიტა და ე. წ. „ქართველთა სამეფო“, რომელიც შემდგომში გაერთიანდა დანარჩენ ქართულ პოლიტიკურ სივრცესთან.

ამ პროცესში ეკლესია წინ უსწრებდა სახელმწიფოს — ჯერ ყალიბდებოდა ეკლესიური დამოუკიდებლობა, ხოლო შემდეგ პოლიტიკური სუვერენობა.

დასკვნა

ტაოს ისტორიული მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ კავკასიის სივრცეში ეთნიკურობა, პოლიტიკური ჰეგემონია და ეკლესიური იურისდიქცია ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

VIII საუკუნის ანტიოქიური ეპიზოდი არ უნდა განვიხილოთ როგორც მცხეთის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურება, არამედ როგორც ტაოს ქალკედონიტური საზოგადოების ეკლესიური ემანსიპაციის აქტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რეგიონის ქართული იდენტობის განმტკიცებასა და შემდგომ პოლიტიკურ განვითარებაში.

ეს დასკვნა ძირეულად ეწინააღმდეგება ამჟამად აღიარებულ ე. წ. ქართიზაციის თეორიას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა სომხურ ტაოში არაბობის ეპოქაში ქართლიდან ჩასახლდა ქართველობა (გრიგოლ ხანძთელის სულიერი მეთაურობით), რის გამოც ტაო გახდა ქალკედონიტური და, შესაბამისად, ქართული რეგიონი.

კვლევა კი საპირისპიროს  აჩვენებს, რომ  ტაო 726 წლის მანასკერტის კრებამდე (გრიგოლ ხანძთელამდე) უკვე იყო მტკიცე ქალკედონური რეგიონი, ამ კრების გადაწყვეტილებებმა კი იქაურ იბერებს დაანახა რეალური ენობრივი, ეკლესიური და პოლიტიკური სურათი, რაც საფუძველი გახდა ტაოს გათავისუფლებისა სომხური ეკლესიის წიაღიდან და ქართულენოვანი ღვთისმსახურების აღდგენისა.

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.